რატომ არ უნდა აშენდეს ნენსკრა ჰესი?

99

მოძრაობა „მწვანე მუშტი“ სვანეთში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის. ორგანიზაცია მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „მწვანე მუშტის“ მოწოდებაში საზოგადოების გააქტიურების აუცილებლობაზეა ყურადღება გამახვილებული.

„არ უნდა დავუშვათ ნენსკრა ჰესი, რომელიც ერთ-ერთია იმ 30 ჰესიდან, რომლის აგებასაც გეგმავენ სვანეთში და რომელიც არნახულ ზარალს აყენებს რეგიონს. ეს არ არის ახირება, ეს ჩვენი რეალობაა. გარემოს დაცვა არ ნიშნავს მხოლოდ ბუნების დაცვას, ეს არის ეკონომიკური პოტენციალის სწორი გააზრება, ეს არის სოციალური სამართლიანობის აპრიორი მოთხოვნა. მეტი ხალხი უნდა გამოვიდეს მსგავსი ზარალიანი პროექტის წინააღმეგ. გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააქტიურდეთ სანამ დროა! არა ნენსკრა ჰესს!

რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს, ის არის მარიონეტი, ცრუობს და სპეკულირებს. გიგლა აგულაშვილი, კარგად დაიმახსოვრეთ ამ ადამიანის სახელი, ის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უპრინციპო მინისტრი გარემოს დაცვის სამინისტროს ისტორიაში, გოგა ხაჩიძესთან ერთად“, _ ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

ქრონიკა+“ ამ პრობლემაზე ჯერ „მწვანეთა მოძრაობის“ ლიდერს, ნონო ჩხობაძეს ესაუბრება:

_ ნენსკრა ჰესის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, რადგან ყველაფერი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუ რა საფრთხეს წრმოადგენს და ა. შ. საუბარი, რომ ტენიანობა მცირედით მოიმატებს, რეალობას არ შეესაბამება. ტენიანობა საკმაოდ მოიმატებს ამ კუთხეში და პლუს არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან დიდი წყალსაცავი კეთდება ამ მოკლე მიკრორეგიონისთვის, რაც, რასაკვირველია, ძალიან სერიოზულ ზემოქმედებას იქონიებს იმ ფერდებზე, რომლებიც ისედაც პრობლემურია. ანუ მეწყრების მომატების საშიშროებაზე ვსაუბრობ.

გეოლოგია ბოლომდე შესწავლილი არ არის. წყლის მოდინება როგორი იქნება, არ ვიცით; ტემპერატურული სხვაობა ადგილზე, ესეც ბოლომდე პროგნოზირებული არ არის და ა. შ. ფაქტობრივად, ზედა ნაწილში, ჭუბერის თავზე კეთდება დიდი კაშხალი და, შესაბამისად, ძალიან დიდი სარკე.

_ რეგიონში ტენიანობის მატებაზე ბრძანეთ, თუნდაც ამან რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

_ ისევ და ისევ მეწყრების გააქტიურება, ღვარცოფული მოვლენების განვითარება და ა. შ.

_ თუკი ასეთი რეალობის წინაშე ვიმყოფებით, მთავრობა, გარემოს დაცვის უწყება რა მოტივაციით სარგებლობს ამ პროექტზე მუშაობის გააქტიურებისას?

_ უწყებას ეს უკვე უწერია ნაწილობრივ, რომ პროექტის დამატებითი შეფასებები უნდა მოხდეს. მე, უბრალოდ, ძალიან მიკვირს ინვესტორის, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

_ ამ სიტუაციაში გამოსავალი სად არის, რომ საკითხი სამართლიანად გადაწყდეს?

_ გამოსავალი ის არის, რომ სანამ მშენებლობას დავიწყებთ, მანამდე ბოლომდე შესწავლა გავაკეთოთ. ეს ერთი და მეორე, გამოსავალი ის არის, რომ რეალურად უნდა ვეძებოთ დენის ალტერატიული წყაროები და არა მხოლოდ ჰიდროზე ვიყოთ მომართულები. კარგი შესწავლის გარეშე ასეთი საქმე რომ არ უნდა კეთდებოდეს, ფაქტია.

_ ადგილობრივმა მოსახლეობამ შესაბამის უწყებებს რამდენჯერმე წერილობით მიმართა, უნდა იყოს თუ არა მათი პოზიცია სათანადოდ გათვალისწინებული?

_ რასაკვირველია, ეს არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს. თქვენ გახსოვთ, რომ ნენსკრა ჰესზე საუბრები დღეს არ დაწყებულა. დაახლოებით 2010-ში თუ 11-ში დაიწყო ამაზე აქცენტი და მოსახლეობა მაშინაც ძალიან დიდი საპროტესტო ტალღით გამოდიოდა.

შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოსახლეობის აზრი აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს.

 

ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ფართო შენიშვნებიდან მცირე და საგულისხმო ამონარიდი კი ასეთია:

„ცალკე უნდა აღინიშნოს ჰესის ზემოქმედების რისკი სოფელ ნაკიზე (ნაკრა). ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ჰესის ექსპლუატაციის ფაზაზე სოფელ ნაკის მოსახლეობას შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სოფლის ჩრდილოეთით გამავალმა ღვარცოფულმა მდინარე ლექვედერმა, რომელიც მდინარე ნაკრას მარჯვნიდან ერთვის. მდინარის ხეობა ძლიერ ეროზირებულია და უხვი ატმოსფერული ნალექის დროს წარმოიქმნება ღვარცოფული ნაკადები დიდი რაოდენობის მყარი ნატანით. დღეისთვის მდინარე ნაკრას ხეობაში ჩამოტანილი მყარი ნატანი ნაკრას წყლით ირეცხება და, შესაბამისად, ღვარცოფული ნაკადის სოფლის მიმართულებით გავრცელების რისკი მცირდება. იმის გამო, რომ ნაკრას ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კაშხლის ქვედა ბიეფში გატარებული იქნება მხოლოდ „ეკოლოგიური ხარჯი“, მდინარე დაკარგავს მდინარე ლექვედერის მიერ ჩამოტანილი მყარი ნატანის ტრანსპორტირების უნარს, რაც ზრდის ღვარცოფული ნაკადების სოფლის მიმართულებით გავრცელების რისკს.

მიუხედავად აღნიშნულისა, რატომღაც, ანგარიშში მსგავსი სცენარის განვითარების რისკი არ არის შეფასებული, როგორც მაღალი.

სოფელ ნაკის მოსახლეობის განცხადებით, სოფლის ჩრდილოეთით მდინარე ლექვედერის გარდა კიდევ ერთი, გაცილებით უფრო დიდი ღვარცოფული მდინარე ლექნაშერა მდებარეობს, რომელიც საერთოდ არ არის ნახსენები `გზშ~ ანგარიშში, რაც ანგარიშის სერიოზულ ნაკლოვანებას წარმოადგენს. ამასთან, ეს ფაქტი მთლიანად ეჭვქვეშ აყენებს საშიში გეოდინამიკური პროცესების შეფასების სანდოობას. ადგილობრივების განცხადებით, ორივე აღნიშნული მდინარე საკმაოდ აქტიურია და თითქმის ყოველ წელს ჩამოაქვს დიდი ოდენობის მყარი ნატანი. ბოლოს, 2010 წელს, მდ. ლექნაშერამ მთლიანად დაფარა სოფლის სასაფლაო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები; 2001 წელს კი მდინარე ლექვედერმა წაიღო ადგილობრივი მოსახლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი და ტრაქტორი, რომლის ნარჩენების პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის ფონზე სრულიად ნათელია, რომ საპროექტო არეალის დეტალური გეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებს“.

დასკვნის სახით „მწვანე ალტერნატივა“ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი:

1. არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს;

2. არ ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს;

3. არ ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების, ან თავიდან აცილების ღონისძიებებს;

4. პროექტზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის გაცემის შემთხვევაში უხეშად დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან გამოიწვევს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირებას, მათი საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესებას;

5. არ მოიცავს პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზს, შესაბამისად, არ არის შეფასებული პროექტის არც ეკონომიკურ და არც ენერგეტიკულ ფაქტორებზე (ტარიფი, მიწოდების პირობები) ზემოქმედების საკითხები. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია მოკლებულია სათანადო ანალიზს და ეფუძნება მხოლოდ ანგარიშის ავტორების ვარაუდებს;

6. პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკებსა და ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.

იმედს ვიტოვებთ, რომ სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტს მიანიჭებს წარმოდგენილი `გზშ~ ანგარიშის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მოსალოდნელი საქმიანობის ეკოსისტემებზე შესაძლო ზეგავლენის შეფასებას და, ტრადიციულად, არ გაკეთდება აქცენტი დაგეგმილი პროექტის ეკონომიკური თუ ენერგეტიკული მიზანშეწონილობის ჰიპოთეტურ საკითხებზე.

ასევე, იმედი გვაქვს, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოახერხებს გაუძლოს ზეწოლას და დაუმტკიცებს მინისტრთა კაბინეტის წევრებს, რომ ობიექტური `გზშ~ პროცესის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები მომგებიანია როგორც გარემოსდაცვითი, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც.

მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია გამოცხადდეს მორატორიუმი მანამ, სანამ ძალაში არ შევა ახალი კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რომლის მიღებაც იგეგმება ამ წლის ბოლოს“, _ აცხადებენ „მწვანე ალტერნატივაში“.

„ქრონიკა+“ ასევე წარმოგიდგენთ მესტიის რაიონის მოსახლეობის ბოლო შენიშვნებსა და მოთხოვნებს ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით:

_ მოგმართავთ მესტიის რაიონის მოსახლეობა და მოგახსენებთ, რომ ჩვენ ყურადრღებით გავეცანით ნენსკრა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტს. განსაკუთრებით დაწვრილებით გავეცანით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, სადაც განხილულია კულმინაციური ზემოქმედების შესაძლო სახეები, როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების ფაზაზე.

ჩვენი აზრით, ეს არის ძალიან შერბილებული შეფასება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება რეალობაში დადგეს; თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის სეისმურად აქტიური ზონა, რადგანაც კავკასიონი არის ალპურ-ჰიმალაური სარტყლის შემადგენელი ნაწილი, ანუ ლითოსფეროს ფილების შეჯახების საზღვარი.

ასევე შერბილებულია და საეჭვოა კლიმატის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით მოცემული შეფასებები. გამომდინარე აქედან, ნენსკრა, ხუდონი, ჯვრის წყალსატევების ზემოქმედება კლიმატის ცვლილებასა და ტრანსფორმაციაზე შესაძლოა ბევრად დიდ ტერიტორიას მოიცავდეს, ვიდრე გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშშია მოცემული. ყოფითი პირობების გაუარესება კი დაცლის საფრთხის წინაშე დააყენებს სვანეთს. ნალექის მატებას მოსავლიანობის შემცირებასთან ერთად ზვავსაშიში და მეწყერსაშიში ზონების გააქტიურება მოყვება. ასევე იკარგება ასეულობით ჰექტარი მიწა, რომლის ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრების სახით იყენებს, დანარჩენი კი ხე-ტყის დიდ ფართობებს უკავია, რომლის რაციონალურად გამოყენების პირობებში ადგილობრივ მოსახლეობას და მათ შთამომავლობას საარსებო წყაროდ გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, რისი კომპენსირებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ასევე ეჭვს იწევს დასკვნა ჰიდროლოგიური რეჟიმის ცვლილებაზე, განსაკუთრებით მყარი ნატანის ტრანსპორტირების ზემოქმედებაზე. კერძოდ, მდინარე ნაკრაზე კაშხლის ქვემოთ მთავარ მდინარეს ერთვიან ღვარცოფსაშიში მდინარეები. აღსანიშნავია, რომ ათიოდე წლის წინათ მდინარე ლექვედერის ხეობაში ჩამოსულმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე ნაკრას ხეობა და სოფელი კურხვაიში (ნაკრას თემი), ფაქტობრივად, დატბორა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მთავარმა მდინარემ შეძლო უზარმაზარი ნატანი მასალის განტვირთვა და სოფელი კურხვაიში დატბორვას გადაურჩა. ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ უამრავი მაგალითი იმისა, რაც ნატანის არგანტვირთვის შემთხვევაში შესაძლოა მომხდარიყო.

სოფელ ჭუბერსა და სოფელ ნაკრას სასაზღვრო ზოლი ყოფს რუსეთის ფედერაციასთან, კერძოდ ყაბარდო-ბალყარეთთან. გარემო და ყოფითი პირობების გაუარესების შემთხვევაში აღნიშნული სოფლები თუ მოსახლეობისგან დაიცალა, საზღვრის დაცვის პროცესიც გართულდება, რაც ასევე ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხის შემცველი იქნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საერთოდ ამ ჰესის მშენებლობა არ არის მიზანშეწონილი. დაბეჯითებით მოვითხოვთ, შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებული.

მოვითხოვთ ხელახლა საჯარო განხილვებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშიებით. წინააღმდეგ შემთხვევაში. ყველა შესაძლო კანონიერი გზებით შევეწინააღმდეგებით ამ ჰესის მშენებლობას, საჭირო შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს.

ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ჩვენს მოთხოვნებს და ხელს არ შეუწყობთ საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი კუთხის, სვანეთის მოსახლეობისგან დაცლას.

 

                                                                                        გელა მამულაშვილი