მსხვერპლით დასრულებული სპეცოპერაცია: მოკლეს თუ თავი მოიკლა სერგო ბექაურმა?!

33

რამდენიმე დღის წინათ შს სამინისტრომ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:
„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებს განზრახ მკვლელობისთვის ძებნილმა ს. ბ.-მ დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა. წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის სამჯერ, მათ შორის, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლებმა, 1983 წელს დაბადებულმა ს. ბ.-მ 2014 წელს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ დრეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ს. ბ. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ 2014 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. დაკავებისას ს. ბ.-მ თეთრი წყაროს რაიონში სამართალდამცველებს „აკაესის“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის გამოყენებით შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ძებნილი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას დაეყარა იარაღი და ჩაბარებოდა. ს. ბ.-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა იძიებს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა _ დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი, ნატალია ხოხიაშვილი, „ქრონიკა+“-თან სპეცოპერაციის სრულიად სხვა დეტალებზე საუბრობს და აცხადებს: ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ძებნილმა თავი კი არ მოიკლა, სპეცრაზმელებმა მოკლეს, შემდეგ კი ყველაფერი თვითმკვლელობით შენიღბესო.

ნატალია ხოხიაშვილი:

_ ბრძნული ნათქვამია: „ჭკვიანი სწავლობს სხვის შეცდომებზე, ნაკლებად ჭკვიანი თავის შეცდომებზე და სულელი საერთოდ ვერაფერს სწავლობსო“. ჩვენი ხელისუფლება ამ სამიდან ბოლო პოზიციას უნდა მივაკუთვნოთ, რადგან წინა ხელისუფლების შეცდომებისგან ამათ რაღაც მაინც უნდა ესწავლათ, გაეთვალისწინებინათ და მიმხვდარიყვნენ, რომ ბევრი რამ იყო გამოსასწორებელი. სამწუხაროდ, მანაც ის შეცდომები გადმოიღო წარმატებით და პრაქტიკაშიც დანერგა, რომელსაც წინა ხელისუფლება უშვებდა.
თეთრი წყაროს რაიონის სოფელ დრეში, 2015 წლის 23 სექტემბერს, სპეცოპერაცია ჩაატარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა. ოპერაციის შემდეგ სამინისტრომ საინფორმაციო საშუალებებით გაავრცელა 40-წამიანი ვიდეომასალა, სადაც საუბრობენ, რომ სპეცოპერაციის შედეგად, სამჯერ ნასამართლები და მკვლელობისთვის ძებნილი სერგო ბექაურის დაკავებისთვის დაიგეგმა სპეცოპერაცია, მაგრამ ორმხრივი სროლის დროს ძებნილმა თავი მოიკლა. დავიწყებ იმით, რომ ბექაური სამჯერ ნასამართლები არ იყო და ეს სიცრუეა. ყველაზე მთავარი ტყუილი კი მაინც ის გახლავთ, თითქოს მან თავი მოიკლა.
_ აბა, რა მოხდა, როგორ გარდაიცვალა ეს ადამიანი? ან სიმართლე თქვენ საიდან იცით?
_ თავად ჩავედი სოფელ დრეში და შევხვდი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. სპეცოპერაციის თვითმხილველებიც არაერთი ადამიანია და ისინი სრულიად სხვა ამბავს ჰყვებიან. სერგო ბექაური იძებნებოდა 2013 წელს სოფელ დრეში მომხდარი მკვლელობისთვის, თუმცა ის ამ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა და ამიტომაც იმალებოდა. მისმა ახლობლებმა მითხრეს, რომ დარწმუნებული იყო, ამ საქმის სასამართლო პროცესებზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს, სიმართლე გაირკვეოდაო. ახალგაზრდებს ჩხუბი მოუვიდათ, რომელიც მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილი იყო  წიკლაური. ჩხუბის დროს იქ ბექაურიც იმყოფებოდა. უფრო სწორად, შელაპარაკება და მკვლელობა მოხდა ბექაურის სახლთან ახლოს, სიბნელეში და მოწმეებიც არ არიან, სინამდვილეში ვინ მოკლა წიკლაური. ცხადია, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და სასამართლოში უკვე იმართება კიდევაც მოსმენები. წელიწადნახევრის განმავლობაში ბექაური მიმალვაში იმყოფებოდა, მაგრამ მისი სანათესავოსთვის, ახლობლებისთვის ის არ მიიჩნეოდა მიმალულად, რადგან საქართველოში, თავისი რაიონისა და სოფლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. სამწუხაროდ, იმ მკვლელობის საქმეს, რომელშიც სერგოა ბრალდებული, მამამისი შეეწირა. ის ნერვიულობით გარდაიცვალა.
ექვსი თვის წინათაც ჩატარდა სერგო ბექაურის ასაყვანად სპეცოპერაცია, მაგრამ სამართალდამცველებს ის დაუსხლტა და გაქცევა მოახერხა. როგორც ჩანს, ამის შემდეგ მასზე თვალთვალი დაიწყეს. ამ სოფლის გამყიდველი გოგონა ყვება, რომ 6 თვის განმავლობაში, მაღაზიაში შედიოდა უცნობი, წვეროსანი მამაკაცი, რომელიც მოძრაობდა შავი ჯიპით. ერთხელ, როცა ვკითხე, ვინ ბრძანდებოდა, მიპასუხა, მეთევზე ვარ და ვთევზაობო. სპეცოპერაციის დღეს, 23 სექტემბერს, ვითომ მეთევზე კვლავ მოვიდა მაღაზიაში, სუფთად ჩაცმული, წვერგაპარსული იყო და მითხრა, _ მე ის ვარ, მეთევზე რომ გეგონე, სხვა საქმეზე დავდიოდიო. სავარაუდოდ, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სერგო ბექაურს უთვალთვალებდა და მის გადაადგილებას აკონტროლებდა.
_ ძებნილის დაკავებაში, მის თვალთვალში გასაკვირს რას ხედავთ?
_ გასაკვირი არაფერია, მაგრამ სპეცოპერაციის ჩატარების დროს კი  აშკარად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. შს სამინისტროს ასეთი მასშტაბური სპეცოპერაციის გარეშეც შეეძლო ბექაურის დაკავება, მაგრამ ესეც სხვა დროს სალაპარაკო თემაა. ახლა მხოლოდ 23 სექტემბრის ოპერაციაზე გეტყვით.
ადგილობრივებმა მითხრეს, რომ სპეცოპერაცია შუაღამეს, 3 საათსა და 30 წუთზე დაიწყეს. სერგო ბექაურის ბიძა ძაღლების საშინელმა ყეფამ გამოაღვიძა, ამიტომ, სავარაუდოდ, ამ დროს მივიდა იქ სპეცრაზმი. პირველი სროლა დილის 6 საათზე გაისმა. ბიძამისი გარეთ გამოვიდა, მაგრამ ნიღბიანებმა გააჩერეს და თავად შევიდნენ სახლში. ოჯახი ვარაუდობს, რომ ეს ერთი გასროლა მოხდა სპეცრაზმელების მხრიდან, რომელმაც შეიწირა სერგო. თუმცა შს სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მან ორმხრივი სროლის დროს თავი მოიკლა.
_ იქაურები ამბობენ, რომ ორმხრივი სროლა არ ყოფილა?
_ პირველი გასროლიდან, დაახლოებით, 40-45 წუთის შემდეგ დაიწყო ინტენსიური სროლები, რითაც, სავარაუდოდ, შექმნეს იმის ილუზია, რომ სერგო ბექაური მათ ესროდა, რაც ტყუილია. ოჯახისა და ადგილობრივების ეს ვერსია ჭეშმარიტებას მოკლებული არ უნდა იყოს. ერთი გასროლა იმდენი ხნით ადრე მოხდა, რომ იქ, სადმე, ცოცხალი სერგო ბექაური რომ ყოფილიყო, ალბათ, აუცილებლად გაიქცეოდა და კვლავ მოახერხებდა მიმალვას. აბა, 40 წუთი ხომ არ დაელოდებოდა, იქ მობილიზებული სამართალდამცველები როდის დაუშენდნენ ავტომატის ტყვიებს? წესით და რიგით, სპეცოპერაცია ტარდება ჩუმად, მიიპარებიან და ეუბნებიან, დაყარე იარაღი, ჩაგვბარდიო. რასაც იქაურები ყვებიან, მართლაც აჩენს სხვაგვარ ეჭვებს.
_ კიდევ რას ჰყვებიან?
_ სერგო ბექაურს ტყვია მოხვედრილი აქვს კისრის მარჯვენა მხარეს, ყბის ქვემოთ და ასულია თავის მიდამოში. ბექაური იყო ცაცია და მარჯვენა მხრიდან თვითდაზიანებას ვერ მიიყენებდა. ექსპერტმა ვიზუალური დათვალიერების შემდგომ თქვა, რომ ტყვია არ არის მიბჯენით ნასროლი. ეს არის რამდენიმე მეტრის დაცილებიდან ნასროლი ტყვიის შედეგიო. ბექაური, თურმე, იმალებოდა ორსართულიანი, დანგრეული სახლის სხვენში, ამიტომ ყველა ფიქრობს, რომ მას მიეპარნენ და მოკლეს, შემდეგ კი გაითამაშეს სპექტაკლი, თითქოს სპეცრაზმს სროლა აუტეხა და ბოლოს საკუთარი თავი დაიზიანა. დამოუკიდებელი ექსპერტიზა დაადგენს, რა დროს დაფიქსირდა პირველი გასროლა და სიკვდილიც რა დროს დადგა. გვამს ექსპერტიზა სამხარაულის ცენტრშიც ჩაუტარდა.
_ კი მაგრამ, თუ სპეცრაზმს მისი მოკვლა უნდოდა, მაყუჩიან იარაღს ვერ გამოიყენებდა? ასე ხომ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა? ამაზე არ გიფიქრიათ?
_ მე არ ვამბობ, რომ ვინმეს წინასწარ გათვლილი ჰქონდა მისი მოკვლა, შეიძლება ინსტინქტურად გაისროლა რომელიმე სპეცრაზმელმა, ან სხვა რამ მოხდა. შეცდომისგან, მით უფრო, სპეცოპერაციის დროს, არავინ არის დაზღვეული. წინა ხელისუფლების დანაშაული იყო ის, რომ როცა ასეთი რამ ხდებოდა, რეალობას ხელისუფლებაც და შს სამინისტროც ყველანაირად ჩქმალავდა. ცდილობდნენ, გაემართლებინათ აღნიშნული პროცესები, შს სამინისტროს დანაშაული ლამაზად შეეფუთა და ისე ეჩვენებინა საზოგადოებისთვის. ამ შემთხვევაში უნდა გამოსულიყვნენ და ჩვეულებრივად ეთქვათ, რომ ოპერაციის დროს დაიღუპა ძებნილი და არ უნდა დაებრალებინათ გარდაცვლილისთვის თვითმკვლელობა. საგანგაშო და საშინელება ის არის, რომ მოკლულ ადამიანს იქით აბრალებენ თავის მოკვლას.
საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პირის  თვითმკვლელობამდე მიყვანას. ანუ რა გამოდის? _ შს სამინისტროს სპეცრაზმმა სერგო ბექაური თვითმკვლელობამდე მიიყვანა?! სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილს აღმოაჩნდა `აკაესის~ ავტომატური და  `მაკაროვის~ სისტემის იარაღი, თუმცა ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მას მხოლოდ სანადირო თოფი ჰქონდა. მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ უნდა გაგრძელდეს გამოძიება და გაირკვეს, რამდენად კანონიერად მოქმედებდა სპეცრაზმი ოპერაციის ჩატარების დროს?
_ კიდევ რა იცით ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით?
_ როგორც ჩანს, სპეცოპერაცია დაიგეგმა ისეთ დროს, როცა ფიქრობდნენ, რომ ძებნილის დედა და უფროსი ძმა სახლში არ იქნებოდნენ, თუმცა მათთან ამ დროს მაინც იმყოფებოდა ბიძაშვილი და კიდევ ორი ნათესავი. როცა სპეცრაზმი სახლში შევიდა, ისინი სახლიდან გამოათრიეს და როგორც თავად ყვებიან, სცემეს და აწამეს. მათ ჩვენი მისვლის დროსაც აღებეჭდებოდათ სახეზე ცემის კვალი. სცემდნენ იმიტომ, რომ ეღიარებინათ სერგოს ადგილსამყოფელი, არადა,  სავარაუდოდ, ის უკვე მოკლული იყო. მათი წამება კი, როგორც ჩანს, სპექტაკლის ნაწილი გახლდათ. ყველას უნდა დაეჯერებინა, რომ ბექაურმა ორმხრივი სროლის დროს მოიკლა თავი. მისი ძმა ყვება, რომ ის დააწვინეს და სხეულის ირგვლივ ავტომატის ჯერი შემოატარეს, რათა ეღიარებინა, სად იყო სერგო ამ დროს. სპეცოპერაციის შემდგომ სპეცრაზმმა ბექაურების სახლის მიმდებარედ მდგომი ყველა სახლი გაჩხრიკა და გადააქოთა იმ აგარაკების ჩათვლით, რომელთა მეპატრონეებიც თბილისში ცხოვრობენ და იქ მხოლოდ ზაფხულობით მიდიან.
როცა სოფელ დრეში ჩხრეკის დეტალებს ყვებოდნენ, გამახსენდა აფრასიძეების სახლში ჩატარებული სპეცოპერაცია. დღევანდელ ხელისუფლებას, ანუ მაშინდელ ოპოზიციას სულ სალაპარაკო ჰქონდა ეს ამბავი და დღემდეც იხსენებენ. ამბობენ, შს საქმეთა მინისტრი კუბდარს ჭამდა, როცა მიცვალებულები ესვენათ აფრასიძეებს სახლშიო. რამდენიმე დღის წინათ კი დრეშიც იგივე სიტუაცია იყო. როცა დაღუპული სერგო ბექაური ჯერ კიდევ ეზოში ესვენა, სპეცრაზმის თანამშრომლებმა სარდაფიდან ამოიტანეს მწნილი, მურაბები და კომპოტები, გახსნეს და იქვე მიირთვესო. თან, თურმე, ოჯახს დასცინოდნენ, _ აბა, რა გეგონათ, ვერ მივაგნებდითო?
ბექაურების ოჯახი სოფლის მეურნეობას მისდევს _ აქვთ საკუთარი ტრაქტორები, ჰყავთ საქონელი. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, ტრაქტორები გაქირავებული ჰქონიათ: წინა დღეს 5 ათასი მოგვიტანეს ქირის ფული, აქედან 2100 ლარი ცემენტსა და ქვიშაში უნდა გადაგვეხადა, მეუღლის საფლავი რომ გაგვეკეთებინა, ამიტომ ეს თანხა ჩემთვის დავიტოვე და ლეიბის ქვეშ ამოვდე, 3900 ლარი კი წინა დღეს მივეცი სერგოს, რომელიც მას ჯიბეში ჰქონდა. ვერც ერთი ფული ვერ ვიპოვეთო. ისე იყო სახლი აქოთებული, ჯერ კიდევ ვერ ვერკვევი სხვა დანაკარგებში. სპეცრაზმელები ისე ცინიკურად იქცეოდნენ, ვერაფრით ვიჯერებ, რომ ისინი ჩემი შვილის დასაპატიმრებლად იყვნენ მოსულები, მათი მიზანი იყო სერგოს მოკვლა, რაც წარმატებულ სპეცოპერაციაში ჩაეთვლებოდათო.
ოჯახი ასევე აცხადებს, რომ 33 წლის სერგო ბექაური არ იყოს ის ადამიანი, რომელსაც შეიძლებოდა თავი მოეკლა. მას ცოლი და ორი შვილი ჰყავს. ძებნილობის დროს კი ქვეყანა, სოფელი იმიტომ არ დატოვა, რომ არ უნდოდა, მეუღლე ორი პატარა ბავშვით მარტო დაეტოვებინა. ასეთი პიროვნება თვითმკვლელობას როგორ ჩაიდენდა? სასამართლოს დასრულებამდე არ ბარდებოდა სამართალდამცველ ორგანოებს, რადგან მათ არ ენდობოდა და ფიქრობდა, რომ შემდგომ სასამართლო პროცესი სამართლიანად აღარ წარიმართებოდა. ცდილობდა, გარეთ დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მერე რას მოიმოქმედებდა, ეს არავინ იცისო. ცხადია, მე არ განვიხილავ მისი ქცევის სამართლიანობას, თუმცა შს სამინისტროს ქმედება რომ არ არის სწორი, ფაქტია.
_ გარდაცვლილის ოჯახი რას მოითხოვს?
_ სერგო ბექაური კვირას დაკრძალეს. ოჯახი გაჩერებას არ აპირებს. ისინი ითხოვენ: სიმართლე გაცხადდეს და დამტკიცდეს, რომ მას თავი არ მოუკლავს და სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მის მკვლელობაში კი დამნაშავენი არიან შს სამინისტრო და ის ადამიანები, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, რადგან სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ჯერ მოეკლათ, მერე კი შეეფუთათ ეს საქმე და თვითმკვლელობად გაესაღებინათო. ისინი კონკრეტული პირების დასჯას მოითხოვენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მთხოვეს, ამ საქმეში მეც ჩავერთო. სპეცოპერაცია დასრულდა მსხვერპლით და იმის ნაცვლად, რომ დანაშაულზე პასუხი ეგოთ, გარდაცვლილს აბრალებენ, რომ თავი მოიკლა. მისი ოჯახის წევრების მიმართაც ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას, თუმცა, ჯერჯერობით, დაველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, შემდგომ კი მივმართავთ შს სამინისტროს, გენერალურ ინსპექციას და მოვითხოვთ ამ საკითხების შესწავლას. ოჯახი ყველა ღონეს მიმართავს, რომ სიმართლე დადგინდეს და დამნაშავენი დაისაჯონ. ისინი არც აქციების მოწყობაზე დაიხევენ უკან და პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართავენ. დედა იმასაც ამბობს, რომ როცა პირველი მკვლელობის სასამართლო დასრულდება, ანუ რომლის გამოც სერგო ძებნილი გახდა, აუცილებლად გაირკვევა, რომ ჩემი შვილი დამნაშავე არ იყო და სულ ტყუილად გამოასალმეს სიცოცხლესო.
ეს საქმე იქნება ტესტი ახალი შს მინისტრისთვის, თუ როგორ იცავს ეს უწყება საქართველოს მოქალაქეებს.

ნელი ვარდიაშვილი