ალექსანდრე ჭაჭიას შვილი საქართველოში ანტირუსულ კოალიციას ქმნის!

cncar

ალექსანდრე ჭაჭიას შვილი საქართველოში დაიბადა. მას დედის მამა, აკაკი რეხვიაშვილი ზრდიდა. გამორჩეულად შეყვარებულია საქართველოზე და თბილისზე.

მეუღლე აფხაზი ჰყავს, დედით ისიც ქართველია.

ქართულ-აფხაზურ ოჯახში მომხდარ პოლიტიკურ და ბიზნესდაპირისპირებაზე სანდრო ჭაჭია დღეს პირველად „ქრონიკა+“-ს სკანდალურ ინტერვიუს აძლევს.

_ დავიწყებ თავიდან, როგორ მოხდა ჩემი იმ ოჯახში გაწევრიანება, რომელსაც ჰქვია ოთარ (თენგიზ) არშბას ოჯახი. ვსწავლობდი მოსკოვში, სადაც ასევე სწავლობდა ჩემი მეუღლე, ინგა არშბა. მე თბილისელი ვარ, ის _ ბათუმელი. ქორწინებამდე ვიცოდი, ვინ იყო მამამისი, დედით ქართველი, მამით აფხაზი. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში წავიდა, დაამთავრა `კგბ~-ს აკადემია, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მუშაობდა „კგბ“-ში, ჩინით პოლკოვნიკია, მერე გადაინაცვლა ბიზნესში და ბიზნესიდან _ დიდ პოლიტიკაში. ოთარ არშბა ჯერ კიდევ ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში გავიცანი, დამსვა და მელაპარაკა: შენ ქართველი ხარ, მე _ აფხაზი, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები განსხვავებულია…

_ როგორი იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები?

_ იყო არა, ახლაც არის. დედა და მეუღლე ქართველი ჰყავს, შვილები ქართველობენ. ინგა აფხაზი რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში ჩვენი ქორწინება არ შედგებოდა. სიმამრმა მითხრა, _ მე წინააღმდეგი ვარ ომის, დედა ქართველი მყავს, მეუღლე, შვილები, მაგრამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეის მომხრე ვარო. მე ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია. მან მიპასუხა, _ შენ იცი ჩემი პოზიცია, მე ვიცი _ შენი, მაგრამ სიყვარული სიყვარულია!!! ამ შეხვედრიდან სამ თვეში მე და ინგა დავქორწინდით. სექტემბერში მოსკოვში დავბრუნდი, უკვე დაძაბული ლაპარაკი მქონდა სიმამრთან: გავლენიანი აფხაზი ბიზნესმენის შვილის ქორწილი იყო, მთელი ოჯახი დაგვპატიჟა. მე უარი ვთქვი წასვლაზე. ვიცოდი, სუფრაზე დამოუკიდებელი აფხაზეთის სადღეგრძელოს დალევდნენ, ამას გავაპროტესტებდი. გარდაუვალი კონფლიქტი მელოდა. სწორედ მაშინ ნათლად ავუხსენი, რომ არც ერთ აფხაზურ წვეულებაზე, სადაც ის ოჯახით იქნებოდა დაპატიჟებული, არ წავიდოდი. რომ გითხრათ, ეს მოეწონა-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირე და შევთანხმდით!!!

მეორედ კონფლიქტი მოხდა ჩემი სიმამრის 50 წლის იუბილეზე. ერთ მაგიდაზე მღვდლები ისხდნენ. ჩემს მაგიდასთან კარგად შეზარხოშებული ერთი წვერიანი მღვდელი მოვიდა და რუსულად დამელაპარაკა: „Сандро, знаешь, я патриарх Абхазии, Виссарион“. მე ვუპასუხე: „Знаете, я вас уважаю, но я знаю одного патриарха Грузии _ Илью второго“. ამ დიალოგს, ცხადია, უსიამოვნო საუბარი მოჰყვა ჯერ ამ მღვდელთან, შემდეგ ოჯახში და ამის მერე საბოლოოდ ვთქვი უარი აფხაზურ წვეულებებზე. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მე და ჩემს სიმამრს უკიდურესად დაგვეძაბა ურთიერთობა.

_ სანდრო, როგორი იყო მამათქვენის პოზიცია?

_ აფხაზურ თემას მოვრჩები და ჩემსა და საშას ურთიერთობებზე ვრცლად მოგიყვებით.

2008 წლის ომი რომ მოხდა, უცხოეთში ვიყავი, 7 აგვისტოს დავბრუნდი. 8-ში დილით გავიღვიძე და ასეთი ამბები დამხვდა. იმავე დღეს მქონდა სიმამრთან სამსაათიანი, ძალიან ემოციური საუბარი, თან ამ დროს ჩემი ქალიშვილი ბებიასთან ერთად ბათუმში იყო და ბუნებრივია, ისიც საშინლად განიცდიდა ომის ამბებს. რუსულ ტელეარხებზე დაიწყო საინფორმაციო შტურმი: ყველა ქართული არხი მქონდა სახლში, გორის ცნობილ კადრებს, დაჭრილი ქალი ქუჩაში რომ ტირის, რუსები უჩვენებდნენ, როგორც ცხინვალის კადრებს. მოსკოვში მყოფ ყველა მეგობარს დავუძახე _ რუსებს, ქართველებს. მთელი იმ დღეების განმავლობაში ჩემთან სახლში შტაბი მოვაწყვე, მათ ტელევიზიით ვაყურებინებდი სიმართლეს და ვთხოვდი, სხვებისთვისაც მოეყოლათ რეალური ამბები. ჩემი რუსი მეგობრები საღად მოაზროვნე ადამიანები არიან. საერთოდ, ახალგაზრდობას რუსეთში პუტინის იდეოლოგიის გაგონებაც არ უნდა. ეს ფაქტი სიმამრს არ მოეწონა, ისედაც ყველამ იცოდა, რომ მისი სიძე თბილისელი ქართველია, თან ძალიან ქართველობს. როცა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დაწყება შემომთავაზეს „Единная Россия“-ს წევრობის სანაცვლოდ, უარი განვაცხადე, ამიტომ სტუდენტობის მერე ბიზნესში ვარ. მამაჩემის პოზიციაც ხომ იცით, ძალიან პრორუსია, თან პუტინის მეგობარია, ჩემი სიმამრიც პუტინის ძალიან ახლობელია „კაგებეშნიკური“ „სასტავიდან“. პუტინის გარშემო დღეს ყველაზე გავლენიანი სწორედ უშიშროების შემადგენლობაა. ვერც მამამ და ვერც სიმამრმა ვერაფერი მომიხერხეს. თავიდანვე ვთქვი უარი სახელმწიფო სამსახურზე. 2010 წელს ჩემს მეუღლეს უკვე დავუყენე საკითხი: რუსეთიდან მივდივარ, ან წავიდეთ ევროპაში, ან _ საქართველოში-მეთქი. ბათუმში 2005 წელს წელიწადნახევრის განმავლობაში რამდენიმე სერიოზული ბიზნესპროექტი განვახორციელე. ჩემმა სიმამრმაც და მამაჩემმაც იცოდნენ, რომ რუსეთში გაძლება აღარ შემეძლო. იქ რომ ხარ, უფრო ცხადად ხედავ ყველაფერს, მით უფრო, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. ისეთ ხალხთან მიწევდა ურთიერთობა, რომლებიც ანტიქართულ განწყობას არ მალავდნენ. 2010 წელს ჩამოვედი თბილისში, სამი თვე ვიყავი აქ. როცა მოსკოვში დავბრუნდი, საბოლოოდ ვთხოვე მეუღლეს, რომ მამამისს დალაპარაკებოდა და საქართველოში წავსულიყავით. სიმამრი გაგიჟდა, _ ჩემი შვილი საქართველოში ვერ იცხოვრებს, ჯერ ერთი, აფხაზი ვარ, მეორეც _ „გოსდუმის“ დეპუტატი, „Единная Россия“-ს ერთ-ერთი ლიდერი, პუტინის ახლო მეგობარი _ ჩემი შვილის საქართველოში ცხოვრება გამორიცხულიაო! საბოლოო გადაწყვეტილება ჩემს მეუღლეს უნდა მიეღო. ეს პროცესი გაჯანჯლდა და ბოლოს ისტორია დასრულდა იმით, რომ 2011 წელს ვიყავი ხან აქ და ხან _ ევროპაში, 2012 წლის შემდეგ კი მოსკოვში საერთოდ აღარ ჩავსულვარ. 2013 წელს ქალიშვილთან ერთად შევხვდი ახალ წელს, 4 იანვარს გამოვფრინდი საქართველოში და მორჩა, წამოსვლისას დავჯექი სიმამრთან და ვუთხარი: რაც არის მოსკოვში ჩემი ბიზნესწილები, უძრავი ქონება, მინდა, რომ ყველაფერი ჩემს ქალიშვილს დარჩეს, სამაგიეროდ, ბიზნესპროექტები, რომელიც აჭარაში გავაკეთე, იქიდან ჩემი 50% უნდა გადმომიფორმოთ-მეთქი.

2005 წელს, როცა საქართველოში ჩამოვფრინდი, ჩემმა სიმამრმა მითხრა, _ სანდრო, უკვე მოველაპარაკე პრეზიდენტ სააკაშვილს, ახალ ბულვარში დიდ ტერიტორიას გვაძლევენ, იქ ვერავის ვენდობი, დიდ ფულზეა საუბარი, შენ უნდა უხელმძღვანელო ყველაფერსო. ასე წამოვედი ბათუმში.

_ სანდრო, საინტერესო რამეს მეუბნები, 2005 წელს მიხეილ სააკაშვილს მოლაპარაკება ჰქონდა „გოსდუმის“ დეპუტატთან, რუს ბიზნესმენთან ბათუმში სოლიდური ინვესტიციების განხორციელების თაობაზე?

_ აბა, ეს ტერიტორიები ვინ მოგვცა? ახალი ბათუმი რაც არის, მაშინ არაფერი იყო, მხოლოდ შადრევნები. უზარმაზარი ტერიტორია სააკაშვილმა სექტორებად დაჰყო. ძალიან დიდი ნაწილი ჯერ იჯარით ავიღეთ, რამდენიმე წლის შემდეგ კი შევისყიდეთ. ჩემი სიმამრის პირობა იყო, რასაც შენ ააშენებ, 30% არის შენი, 20% შეგიძლია გამოისყიდოო. მე ამ პირობაზე დავთანხმდი. წელიწადნახევარი ვიყავი ბათუმში, ავაშენე სასტუმროები, რესტორნები, დასავლეთ საქართველოში პირველი მაღალი კლასის ტურისტული ცენტრი „მარინა“ გავხსენი, 160 ათასი ლარის ფილები და 80 ათასი ლარის პალმები საჩუქრად გადავეცით ბათუმის მერიას, „ბენზეში“ ავაშენე სასტუმრო „სანაპირო“, დავიწყე მუშაობა ახალ სასტუმროზე „კოლიზეუმი“, რომელიც ახლა უნდა გაიხსნას, რამდენიმე რესტორანი და ბარი ავაშენე, ყველაფრის კეთება მარტო მომიწია. როცა კომპანია „მარი ჯგუფი“ დავაარსე, თენგომ მითხრა, _ ვინაიდან შენ ალექსანდრე ჭაჭიას შვილი ხარ და მამაშენი „ნაცებთან“ კარგად არ არის, მე ინვესტირებას ვაკეთებ, თან დეპუტატი ვარ, ამიტომ სჯობია, კომპანია, რომელსაც შენ დააარსებ, ჩემი ქალიშვილის გვარზე გაფორმდეს, ვინმემ ბიზნესის წართმევა რომ დააპიროს, დიდი სკანდალი იქნებაო. მაშინ ლოგიკურად მომეჩვენა, მგავსი რამეები ხდებოდა. _ რა პრობლემაა, ერთი ოჯახი ვართ, თუ უფრო დაცული ვიქნები, ამას რა სჯობია-მეთქი… მოკლედ, როცა დავშორდით, ჩემი წილების გადმოფორმება მოვითხოვე, რომელთა საერთო ღირებულება 20 მილიონი დოლარია. ჩემმა სიმამრმა მითხრა, ორი-სამი თვე დასჭირდება ამ პროცესსო.

ჩამოვედი თბილისში, ადგილზე უფრო მკაფიოდ ჩანს ყველაფერი. ბავშვობიდან ანტირუსული განწყობა მქონდა, თუმცა მამაჩემი სულ ცდილობდა, ეს განწყობა შემოეტრიალებინა.

_ როგორ ჩამოგიყალიბდა ეს ანტირუსული განწყობა?

_ გეტყვით: როცა დედაჩემი და მამაჩემი ერთმანეთს დაშორდნენ, ხუთი წლის ვიყავი. ბოლომდე ერთად რომ ყოფილიყვნენ, შეიძლებოდა სხვა განწყობით გავზრდილიყავი. დედაჩემის მამამ, აკაკი რეხვიაშვილმა გამზარდა. ის ისეთი ქართველი იყო, უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, ვაჟა უყვარდა, რუსთაველი. ამ იდეალებით გავიზარდე. თბილისელი ვარ. მამაჩემის პრორუსობა ჩემთვის უფრო ახსნადია _ აფხაზეთში დაიბადა, დედა რუსი ჰყავდა, ოჯახში რუსულად ლაპარაკობდნენ, რუსული სკოლა დაამთავრა, მოსკოვში წავიდა და „МГУ“-ში ჩააბარა. იქ დედაჩემი გაიცნო, რომელიც თბილისელი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ. ქართული აქ ისწავლა. თბილისში ჯერ განათლების სამინისტროში დაიწყო მუშაობა, მერე ზვიადის დროს უმუშევარი იჯდა სახლში, შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ კი მუშაობდა დემოკრატიისა და აღორძინების ფონდში სოლიკო ხაბეიშვილთან. როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, შევარდნაძესთან კონფლიქტი მოუვიდა და მოსკოვში წავიდა. ბოლო ოცი წელია, იქ ცხოვრობს.

_ თუმცა ალექსანდრე ჭაჭია საქართველოშიც ძალიან გავლენიანი ადამიანია, აფინანსებს მედიას, სააგენტოებს, არასამთავრობოებს…

_ დიახ, გაზეთიც დააარსა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა არ მაქვს. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში ჩამოდიოდა, ანუ მანამ, სანამ სააკაშვილს პუტინთან ურთიერთობა კიდევ სჭირდებოდა. მამაჩემის ბინაშიც ორჯერაა ნამყოფი, როგორც პრეზიდენტი. მამაჩემი ბოლო ოცი წელია, სულ მოსკოვშია, მეორე მეუღლე ჰყავს _ გუდაუთელი აფხაზი. იცით, ალბათ, ისინი ყველაზე ნაციონალი აფხაზები არიან. მეუღლის შვილი აფხაზურ დიასპორაში მუშაობს მოსკოვში. მისი შეხედულებები ჩემთვის რადიკალურად მიუღებელია, ამაზე ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც. მან ჩემი პოზიცია იცოდა, კონფლიქტში ვიყავით, მაგრამ, როგორღაც, იტანდა. ამას დაემატა სიმამრთან ჩემი გართულებული ურთიერთობა. 2008 წელს ეს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა _ ოთარ არშბამ ხმა მისცა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, როგორც „გოსდუმის“ დეპუტატმა და ამაზე შინაგანი პროტესტი მქონდა. თვეები ისე გადიოდა, მათთან სახლში არ მივდიოდი, ერთმანეთს მხოლოდ ახალ წელს ვხვდებოდით. ერთხელ მასთან აგარაკზე ცოლ-შვილი წავიყვანე. ჩემმა მეუღლემ მითხრა, _ ცოტა ხანში საგარეო-საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოვა ოჯახით, სადილი იქნებაო. _ მე მას ხელს არ ჩამოვართმევ-მეთქი! და საერთოდ წამოვედი. ჩემი სიმამრის უახლოესი მეგობარია თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც პუტინის მარჯვენა ხელია. იგი ორგანულად ვერ იტანს ქართველებს, ქართული გვარის გაგონებაც არ უნდა. მგონია, ეს რაღაც პირადი ბოღმაა: ან ჯარში ქართველები სცემდნენ, ან გოგო აახიეს, ან… მოკლედ, ეზიზღება ქართველები, როგორც მოსისხლე მტერს. მის დაბადების დღეზე, სადაც პუტინიც იყო და მედვედევიც, მე არ წავედი. ჩემი სკამი უხერხული სიცარიელის გამო ეგრევე აუღიათ!

როცა საქართველოში ჩამოვედი, მაშინვე დავინახე, რაც ხდებოდა გარშემო, რომ `ოცნების~ მხარდამჭერები იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ „ნაცებთან“ არ უნდათ. პრორუსულმა ძალებმა დაიწყეს ამ ხალხის ჩათრევა. ეს ეხება ბურჯანაძეს, კუკავას…

_ რა კარგად იცით ქართული პოლიტიკური სპექტრი…

_ მე ხომ ბავშვობიდან სულ ჩართული ვარ პოლიტიკაში. თბილისში ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი, რომელსაც შემოსავალიც აქვს, პოზიციებიც. „ოცნებასთან“ წავიდეს, გოიმური პონტია, „ნაცებთან“ ტეხავს, ბურჯანაძესთან არ უნდა… მეუბნებოდნენ, მოდი, რამე გააკეთე, ერთად დავდგეთო. მე ამაზე ბევრი ვიფიქრე, უამრავი შეხვედრა მქონდა. რა თქმა უნდა, პირველი იყო პროდასავლური მიმართულება, მიზანი _ პრორუსულ ძალებთან ბრძოლა, რომლებიც დღეს საქართველოში ძალიან გაძლიერდნენ, დიდი დაფინანსება მოდის მოსკოვიდან, რაც მიშას დროს ძნელი იყო, ახლა კი გაიოლდა. დიასპორები ქართულ კონცერტებს რომ მართავენ და მომღერლები ჩაჰყავთ, ვითომ მარტო კულტურას ეხება, სინამდვილეში აქედან დიდი ფული შემოდის. მაგ მიხეილ ხუბუტიას, რომელიც უკვე ღიად ჩამოდის საქართველოში, გადაცემებში პატიჟებენ, რესტორანში ქეიფობს, პუტინის სადღეგრძელოს სვამს და მერე უკვირს, რომ ვიღაცამ თავში წაუთაქა. ეს ადამიანი მე ხომ ვიცი, ვინცაა _ ქართული მხოლოდ გვარი აქვს, ქართველი არ არის, ფულზე და პუტინზე გაგიჟებული კაცია. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორ აქებს და ადიდებს მოსკოვში პუტინს: „Чем громче, тем лучше“. როგორც ევროპასა და აშში ხდება, სახელმწიფოს უფლება აქვს, ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალოს ადამიანს, რომელიც მისი სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. წესით, ხუბუტია საქართველოში არ უნდა შემოუშვან, ამის უფლება სახელმწიფოს აქვს.

_ სანდრო, ვინ არიან „სხვა ადამიანები“, რომლებიც საქართველოში რუსულ ფულს აგზავნიან?

_ ხომერიკები და დიასპორები, არაქართველები. თანხების შემოსვლა ძალიან ადვილი გახდა, გადმორიცხვაც შეიძლება და ქეშად შემოტანაც. მიშას დროს ძნელი იყო, ახლა ადვილია. თუ დააკვირდით, ხალხში ამას აგრესია აღარ ახლავს.

_ ბოლო გამოკითხვებმაც აჩვენა, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

_ მესამედი გახდა, უკვე ნორმალურია, ხუბუტიამ შეკრიბოს მომღერლები და წაიყვანოს „თბილისობაზე“, ამღეროს მოსკოვში და 10-10 ათასი დოლარი კონვერტებით ჯიბეში ჩაუდოს. რა მოხდა მერე?! _ პროტესტის გრძნობა აღარ არის. სხვათა შორის, ეს ხელისუფლების ბრალიცაა. ყველაფერი კარგად გავაცნობიერე, ბევრი ვიფიქრე და ხმამაღლაც გავახმოვანე. ეს გაიგო ჩემმა სიმამრმაც. დამიკავშირდა და მითხრა: „Сандро, ты получишь „поле чудес“. Ни одного процента ты от меня не получишь!!!“ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, _ კაცია, სახელი აქვს, პოლიტიკა რა შუაშია? ჩემი რაც იყო მოსკოვში, იმაზე უარი ხომ ვთქვი? რაც საქართველოში მეკუთვნის, არ უნდა მომცეს? მე ვუთხარი: ბატონო ოთარ, გაძლევთ ორ თვეს, თუ ჩემს წილს არ გადმომიფორმებთ, მივდივარ სასამართლოში-მეთქი. ამას მოჰყვა იქიდან ქილიკი და დაცინვა, _ საქართველოში ვინ რას წამართმევსო?! ამ პერიოდში ურთიერთობა მქონდა ჩემს მეუღლესთან და ყოფილ სიდედრთან. მათ პირდაპირ მითხრეს, _ თენგოს სიძე ჩადის საქართველოში, ანტირუსულ პარტიას აყალიბებს, ეს არის კატეგორიულად  მიუღებელი, კაპიკს არ მიიღებ, ბიზნესი ხომ შემოსავალიაო? ანტირუსული მოძრაობის ჩამოყალიბება ჩემი თანხებით მინდოდა, როცა ფული შენია, თავისუფლებაც მეტია. ორი წელია, ჩემი შემოსავალი მიდის მოსკოვში. სასამართლოში სარჩელი შევიტანე, მთელი ქონება დავაყადაღე, სააპელაციო სასამართლომ ყადაღის მოხსნაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ, მომდევნო ინსტანციის სასამართლოში საქორწინო კონტრაქტის ყალბი ასლი წარადგინეს, თითქოს მე მოვაწერე ხელი პირობას, რომ თუ ოდესმე გავშორდებოდი მეუღლეს, საერთო ქონებაზე პრეტენზიები არ მექნებოდა. ეს ხომ სრული სისულელეა? ჩვენ მოვითხოვეთ კონტრაქტის დედანი, რომლის ჩამოტანაზეც უარს აცხადებენ. ჩემი სიმამრის ადვოკატმა, ერთი თვე მჭირდებაო. ამასობაში კი მოსკოვიდან ჩამოიტანეს ხუთი დოკუმენტი ერთნაირი ხელმოწერებით. ისინი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში  მიიტანეს, სადაც დადასტურდა, რომ ყველა ხელმოწერა იდენტურია, მაგრამ არ არის ჩემი! მაგალითად, ერთ დოკუმენტში წერია, რომ მე 2003 წელს ჩემს მეუღლეს ვაძლევ უფლებას, იყიდოს ბინა მოსკოვში. ასეთი რამ არ ხდებოდა, აბსურდია. სანამ ჩემი სიმამრი პოლიტიკაში მოვიდოდა, მსოფლიოში უდიდესი კომპანიის, „ევრაზჰოლდინგის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო. თუ გახსოვთ, ამ კომპანიას ჟვანიას დროს „ჭიათურმანგანუმის“ ყიდვაც უნდოდა. როდესაც რუსეთში ბიზნესების გადანაწილება მიდიოდა და საბადოების ომი, ძალიან ხშირად ხდებოდა სასამართლოებისთვის დოკუმენტების ფალსიფიკაცია. ჩემი სიმამრი `კაგებეს~ პოლკოვნიკია, თან ის არ იყო უბრალო „კაგებეშნიკი“, ანალიტიკურ სამსახურში მუშაობდა, მერე წავიდა ბიზნესში. ძალიან ჭკვიანი კაცია. ფრაქცია „Единная Россия“-ს თავმჯდომარის მოადგილეა, უშიშროების კომიტეტშია, რეგლამენტის კომიტეტიც მაგისია, ციმბირში მედიასაშუალებების მფლობელია, შიდა პარტიულ სქემაში მას ექვემდებარება სპეცსამსახურები. წარმოგიდგენიათ, რა გავლენების ადამიანია? პუშკინის ხელმოწერას დაამზადებს, თუ უნდა. ჩვენ მოვითხოვთ ექსპერტიზას. სამხარაულში მივალ და ხელს მოვაწერ. სიმართლის დადასტურების შემთხვევაში გამოდის, რომ მან ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. თენგო არშბამ სასამართლოში ყალბი დოკუმენტები წარადგინა, ეს სკანდალია, მას ამის გახმაურება არ აწყობს. რა რჩება? რჩება მისი გავლენა. ის ბიძინა ივანიშვილის მეგობარია 90-იანი წლებიდან, მოსკოვში ბევრი საერთო მეგობარი ჰყავთ, ერთადერთი გამოსავალი მისთვის არის, რომ ძველ მეგობარს მიმართოს დახმარებისთვის. აქ გაყალბების შემთხვევაში სხვა ქვეყნებიდან მოვიწვევ ექსპერტებს, `ფბრ~-ის ლაბორატორიას ჩავრთავ, რადგან ჩემი დამარცხება მხოლოდ ჩემი დამარცხება არ არის, ე. ი. ჩვენი სისტემა დაამარცხა აფხაზმა ოლიგარქმა, რომელიც პუტინის ახლო მეგობარია.

_ სანდრო, რა პოზიცია უჭირავს ამ დროს მამათქვენს?

_ მთელმა ბათუმმა იცის, წელიწადნახევარი იქ ვიყავი, მარტო ვაკეთებდი ყველაფერს, ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ჩემი ბიზნესია. მამაჩემს ჩემს სიმამრთან საერთო პოლიტიკური ინტერესები აქვს, მამაჩემიც პუტინის მეგობარია, მაგრამ სულ სხვა წრიდან. სხვათა შორის, ნებისმიერ დროს შეუძლია მას შეხვდეს. ინტერესები ერთი აქვთ, მამაჩემს საქართველო უყვარს, მაგრამ მას განიხილავს „ველიკაია დერჟავას“ შემადგენლობაში. „ევრაზიული კავშირის“ იდეის ერთ-ერთი ავტორია. ცხადია, არ მოეწონა, როცა ანტირუსულ კოალიციაზე საუბარი დავიწყე.  ჩემმა სიმამრმა ბიზნესის წართმევის „კაგებეშნიკური“ მეთოდები რომ ჩართო, მამაჩემი გვერდზე გადგა. „ Ето ваши семейные „, _ ასეთი პოზიცია დაიჭირა. თუმცა თენგოს ემხრობა, რომ საქართველოში ანტირუსული მოძრაობის ჩამოყალიბება ჩემი მხრიდან არ შეიძლება.

ბავშვობიდან მამაჩემთან სამ რამეზე მქონდა წინააღმდეგობა: პირველი იყო ასლან აბაშიძე, მეორე იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და მესამე _ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი. არც ასლან აბაშიძის კრიტიკას მოვრიდებივარ. მახსოვს, როგორ მწვანდებოდა ამის გაგონებაზე ჯემალ გოგიტიძე. მამაჩემი ბათუმს უყურებდა ასლანის კაბინეტიდან. სულ ვეუბნებოდი, _ გადი და ხალხს შეხედე, როგორ ცხოვრობს-მეთქი. არ ვეთანხმებოდი არც მამაჩემის მოსაზრებებს აგვისტოს ომზე, რომელიც მან გამოაქვეყნა. ზღაპარია, რომ ცხინვალს ეძინა, მიშა გაგიჟდა და დაბომბა. იყო პროვოკაციები, თვეების განმავლობაში ხდებოდა მობილიზაცია და იარაღის შეტანა აფხაზეთსა და ცხინვალში, ბავშვები, ქალები და მოხუცები გაჰყავდათ და ომისთვის ემზადებოდნენ, იცოდნენ ჩვენი პრეზიდენტის ხასიათიც. ყოველდღე ხუთ მოქალაქეს რომ დაგიხვრეტენ, სახელმწიფო თუ ხარ, რაღაც უნდა გააკეთო, _ მოსკოვში ამას ყველგან ვამბობდი. ერთხელ ჩემი სიმამრის მეგობრის, ქართველი ბიზნესმენის დაბადების დღე იყო, სადაც მოვიდა „გოსდუმის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ბორის გრიზლოვი, ახლა უშიშროების საბჭოს წევრია. ნოემბერია, სამი თვეა გასული აგვისტოს ომიდან. მათ ლაპარაკი დაიწყეს ამ ომზე, მე აქედან ვუთხარი, _ იცით, ომში 600 კაცი დაიღუპა… აქ რომ ქართველობს, ბევრმა (გვარს აუცილებლად გეტყვით მომდევნო ინტერვიუში), აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღე ქართულ რესტორანში აღნიშნა. ქართველმა ბიზნესმენმა მიაქირავა მათ რესტორანი.

_ გვარი მითხარით…

_ შორს წავალთ, პირობას გაძლევთ, ამ და სხვა გვარებს მომდევნო ინტერვიუში აუცილებლად დაგისახელებთ. ეს ხომ არ არის ხუბუტია? ბიზნესმენია. ამ სუფრაზე ქართველებიც ღადაობდნენ. მე მათ ვუთხარი, _ უკაცრავად, ომში 600 ქართველი დაიღუპა-მეთქი! სიტუაცია დაძაბულ ფაზაში გადავიდა, ამიტომ ავდექი და წამოვედი, მამაჩემის გარემოცვასთან უფრო თამამად ვიყავი, ღიად ვეუბნებოდი ყველაფერს.

მამაჩემს თბილისში საკუთარი ბინა აქვს. როცა ჩამოვედი, იქ ვიყავი. მერე მითხრა, _ შეიძლება, ჩამოსვლა მომიწიოს და ცოტა ხნით სადმე ბინა მოძებნეო. უცნაური კაცია, სახლში მარტო ყოფნა უყვარს. რამდენიმე თვეში ნაქირავებში გადავედი, ათი დღით იყო ჩამოსული და წავიდა. მას მერე, როცა ანტირუსული კოალიციის შექმნის თემა ამოტივტივდა, დამირეკა, _ ბინის გასაღები დაუბრუნე დაცვასო. მივედი და მივიტანე. შარშან პუტინმა მამაჩემს ორდენი გადასცა, ერთი გადასცა 2008 წელს, ომის დაწყებას დაამთხვია და მეორე _ შარშან, თებერვალში, საქართველო-რუსეთს შორის მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის. არ მიმილოცია. ორი კვირის მერე სატელეფონო საუბარში ვუთხარი, _ საერთოდ არ უნდა აგეღო ეს ორდენი-მეთქი. მაგრად ვიჩხუბეთ!!!

სხვა უთანხმოება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გარდა, არც მამაჩემთან მომსვლია და არც სიმამრთან. წამოსვლამდე ბოლო შემოთავაზება მქონდა „პადმასკოვიეს“ გუბერნატორის, ანდრეი ვარაბიოვის მოადგილედ დანიშვნაზე. პუტინის მეგობრის, „ფსბ“-ს გენერლის შვილია, მისი კანდიდატურა მედვედევის პოსტზეც განიხილებოდა. ამ შემოთავაზებაზეც უარი ვთქვი.

რომც არ მოხერხდეს სასამართლოს მოგება, შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გავაკეთო ანტირუსული მოძრაობა! ამ კონცერტებისა და ტაშფანდურის უკან სერიოზული რამე დგას. მიხეილ ხუბუტია, როგორც სერგო ორჯონიკიძე, ისე შემოუძღვება რუსულ ჯარს თბილისში, არ ვაჭარბებ!!! ეს კაცი არც მალავს ამას!!!

 

                                                                                                     ელისო კილაძე