„სახლი მათთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“

erty

შუადღის 12 საათზე უბილავების ქუჩას მივუყვები, დანიშნულების ადგილი სოცთერაპიის სახლია. სანამ ამ სახლამდე მიხვალთ, რამდენიმე მოსახვევის გავლა მოგიწევთ და თუ გაგიმართლათ, გამვლელს ეცოდინება მისი ლოკაცია. ირგვლივ მხოლოდ გზის რეკონსტრუქციაზე მომუშავე მუშების ხმა ისმის. მტვერში თერაპიის სახლს ვერ ვხედავ… საიდანღაც სამი გოგონა მოიჩქარის და ვატყობ, რომ აშკარად იციან, სად უნდა მივიდნენ. სახლის ზუსტ მისამართს ვეკითხები. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები არიან, რომლებიც მოხალისედ მიდიან ამავე სახლში. მეც მივყვები და  „სოცთერაპიის სახლს“ ვადგებით.

ჰოლში შესვლის დროს უკვე იგრძნობა  სიმყუდროვე, რომელიც იმის შეგრძნებას გიჩენს, რომ აქ თბილად მიგიღებენ. სანამ მომსახურე პერსონალთაგან გამოვა ვინმე, ჩემთან სასაუბროდ ერთი ბენეფიციარი მოდის და მომღიმარი სახით ხელს მიწვდის: „მე ელენე მქვია“, „მე ნინო“, _ ვეუბნები და ასევე ვუღიმი. ელენესთან საუბრისას ვიღაცის ბოხი ხმა მესმის უკნიდან. ეს მენეჯერი თორნიკე აღმოჩნდა, რომელიც საკუთარ თავზე იღებს გიდობის პასუხისმგებლობას და ბენეფიციარების გაცნობას.

სახლის დათვალიერებას ვიწყებთ.

სოციალური თერაპიის სახლი 1990 წლიდან არსებობს და იგი „კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ არასამთავრებო ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. კავშირი იმ ადამიანებზე ზრუნავს, რომელთაც გონებრივი განვითარების თანდაყოლილი შეფერხება აქვთ. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი და სხვ. სახლის ერთობას კრავს 55 ბენეფიციარი და 25 მომსახურე პერსონალი, თუმცა მოხალისეები აქტიურად არიან ჩართული სოციალურ თერაპიაში. სულ რვა სახელოსნოა თავმოყრილი და თითოეულ მათგანში მაღალი ხარისხის ხელოვნების ნიმუშები თუ საყოფაცხოვრებო ნივთები იქმნება.

თორნიკე პირველი მათგანისკენ მიძღვება, მას სტამბა-საამკინძო სახელოსნოს უწოდებენ და ირგვლივ კოხტად დალაგებული თეთრი ქაღალდების, ფერადყდიანი წიგნებისა და მაგიდასთან მსხდომი რამდენიმე მოღიმარი ბენეფიციარის სურათი იშლება, ქაღალდებს ჭრიან და კინძავენ, ყველა თავის საქმეს აკეთებს და თან იღიმის. აქაც ვესალმები, ვეცნობი და რამდენიმე კითხვას ვუსვამ. მეუბნებიან, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთეს. დამშვიდობებისას ერთ-ერთი მათგანი მეძახის: „ნინო, ნახე, ესეც მე გავაკეთე“, _ წითელყდიან წიგნზე მანიშნებს. მეც ვუღიმი, გულწრფელად აღვნიშნავ, რომ შესანიშნავია მისი ნამუშევარი, ვემშვიდობები და სხვა სახელოსნოში ვინაცვლებთ.

შემდეგია სამზარეულო, სადაც სულ ქალები ფუსფუსებენ და შუადღის სადილისთვის ემზადებიან. ბაღიც აქვეა, სადაც მწვანე, მაღალ და მობიბინე მინდორში რამდენიმე სკა ჩაუდგამთ. სხვადასხვა ფერის ვარდები, მაღალი ხეები და შიგადაშიგ თეთრი ქვაფენილით მოკირწყლული ბილიკი – შთამბეჭდავი სანახავია.

_ ფუტკარს ის ადამიანი უვლის, ახლა ფიჭა რომ უჭირავს, _ აგრძელებს საუბარს თორნიკე. მისკენ ვინაცვლებთ, აქ ერთ-ერთი ბენეფიციარი მოულოდნელად მიხუტებს და მთხოვს, რომ ფოტო გადავიღოთ ერთად… თორნიკე ფოტოგრაფის ფუნქციას ითავსებს.

შემდეგი სახელოსნო, ქაღალდის მეორადი გადამუშავების ოთახია, რომელშიც შესვლისას ხელმძღვანელი, ლევანი გვეგებება და მიხსნის:

_ ეზოს ყვავილებიდან ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ჰერბარიუმს და მერე მას ვიყენებთ ქაღალდის დასამზადებლად.

აქვეა სადურგლო სახელოსნო, სადაც რამდენიმე ადამიანი გრძელ, მართკუთხა მაგიდასთან ზის და დანაწილებულ საქმეს გულმოდგინედ აკეთებს. ხის დაფას ამუშავებს ახალგაზრდა, ქერა გოგონა, რომელსაც აშკარად არაქართული გარეგნობა აქვს. ის გერმანიიდან ჩამოსული მოხალისეა, რომელიც უსასყიდლოდ ეხმარება საქართველოში „სოცთერაპიის სახლის“ თანამშრომლებს და ის გოგონებიც აქ არიან, რომლებთან ერთადაც ამ სახლში მოვედი. სახელოსნო, სადაც დეკორატიულ სანთლებს ამზადებენ, ულამაზესი და ფერადია: მარცხენა მხარეს, კედელზე, ხის კარადაში ჩალაგებული ოვალური, პირამიდის, მართკუთხა, კვადრატისა და სხვა ფორმის მქონე ფერადი სანთლების ხილვა ერთი სანახაობაა. აქვე, მრგვალ მაგიდასთან, ბენეფიციარები სხედან და როგორც დანარჩენ ყველა სახელოსნოში, ისინიც მუშაობის პროცესში არიან. გზას ვაგრძელებთ და თან მენეჯერს ვეკითხები, _ რა სახსრებით ახერხებენ ამ ყველაფრის ბენეფიციარებისთვის შეთავაზებას, ვინაა დაფინანსების წყარო?

_ ძირითადად გერმანული და ჩეხური ფონდი „დიაკონია“ გვაფინანსებს. სწორედ ამით ვახერხებთ ბენეფიციარებისთვის იმ სამსახურის შეთავაზებას. თანამშრომლობის ვადა 2016 წელს გვეწურება, ამიტომ სხვა დაფინანსების წყარო უნდა ვიპოვოთ, უარეს შემთხვევაში დავიხურებით.

_ სახელმწიფო არ გეხმარებათ?

_ სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ კომუნალურებს, ტრანსპორტირებასა და დღეში ორჯერად კვებას ჰყოფნის. 3 მიკროავტობუსი გვყავს და ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან მოჰყავს ბენეფიციარები.

საუბარში დრო მალე გადის და მომდევნო სახელოსნოს ვუახლოვდებით. ესთეტიკურობის თვალასაზრისით ეს სამყარო –განსაკუთრებულია. ჭრელი თექის, სანთლებისა და ფერადი ლენტების, ქაღალდებისგან დამზადებული კომპოზიციები, შეფუთული ბოთლები და თიხის სხვადასხვაგვარი ფიგურები. ყველაფერი ბენეფიციარების დამზადებულია.

_ ეს ნამუშევრები რეგულარულ გამოფენა-გაყიდვაზე წელიწადში ორჯერ გადის, საახალწლოდ და სააღდგომოდ. ამის გარდა ხანდახან სხვადასხვა ორგანიზაციაშიც ეწყობა ხოლმე. წელს „ბრითიშ პეტროლიუმსა“ და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გვქონდა, _ ამბობს თორნიკე.

დასასრულ შეხვედრების ოთახს ვათვალიერებთ, სადაც დღის ბოლოს ყველა ერთად იკრიბება. ოთახის ერთ კუთხეში პიანინო დგას, ორსიმიანი ფანდური კიდია და კედელზე ბენეფიციარების ფოტოებია გაკრული. ოთახის შუაგულში მცირე ზომის მრგვალი მაგიდა დგას, ზედ სანთელია, რომელსაც შეკრებისას ანთებენ, დღის მანძილზე მიღებულ გამოცდილებას, ემოციებს, შექმნილი მასალის შესახებ ინფორმაციას უზიარებენ ერთმანეთს.

16:30 საათზე სამარშრუტო ტაქსები მოაკითხავენ და სახლში მიჰყავთ. ხვალ, დილის 10 საათზე, ისევ ნახავენ ერთმანეთს, შექმნიან ნამუშევრებს, შეკრავენ წიგნებს, გააკეთებენ სანთლებს, მოუვლიან სკას, გაალამაზებენ ეზოს, დაამზადებენ ხის ნივთებს, გაცვლიან ინფორმაციას და ეს ყველაფერი 2016 წლამდე ასე იქნება, მერე კი სოციალური თერაპიის სახლის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება…

 

                                                                                                          ნინო ტაბაღუა