მთავარი ექსკლუზივი გია გეგუჩაძე: „საქართველოში მხოლოდ პირველობა დაგვაკმაყოფილებს“

გია გეგუჩაძე: „საქართველოში მხოლოდ პირველობა დაგვაკმაყოფილებს“

1914
0
გაზიარება

10487004_321765771321887_2001564192_n

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ პირველ ეტაპზეა, ამ კვირაში გაირკვევა, თუ რომელი გუნდები გააგრძელებენ ბრძოლას ტიტულისთვის. განვლილმა მატჩებმა რამდენიმე საყურადღებო ტენდენცია დაგვანახვეს და ცხადია, საინტერესოა სპეციალისტის აზრი ამ ყველაფერზე.

„ქრონიკა+“-ის რესპონდნტია გია გეგუჩაძე, რომელიც ახლა „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელია. გეგუჩაძეს უმუშავია „დინამო თბილისში“, ქუთაისის „ტორპედოში“ და სხვა გუნდებშიც. ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და საინტერესო მწვრთნელად სახელდება საქართველოში:

_ რა დაგანახათ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველმა მატჩებმა? ჩანს უკვე გარკვეული ტენდენციები?

_ ჩემპიონატი, ასე ვთქვათ, ჯერ არ გახურებულა და, შესაბამისად, დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა უკვე არის ბევრი საინტერესო, განსახილველი თემა, მაგალითად ის, რომ ესპანეთის ნაკრებმა პირველი ორი თამაში წააგო, რასაც, ალბათ, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. დიდი წარმატებების შემდეგ ჩავარდნა ხდება ხოლმე, თუმცა ასეთ ფიასკოს ნამდვილად არ ველოდი. ბრაზილიის ნაკრებმა პირველი ორი მატჩი არცთუ დამაჯერებლად ითამაშა. ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა არგენტინამ პირველი მატჩები კი მოიგო, მაგრამ დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. გერმანიის ნაკრებმა მეორე შეხვედრაში განასთან ფრეს მიაღწია, პირველ მატჩში კი პორტუგალიას 4:0 მოუგო და მიუხედევად იმისა, რომ პორტუგალია ათი კაცით დარჩა, ეს გერმანიის კარგ თამაშს ვერ დააკნინებს იმ შეხვედრაში. მოკლედ, ტურნირის მომდევნო ეტაპზე ყველაფერი უფრო ნათლად გამოჩნდება, ტენდენციებზე საუბარს უფრო მეტი დაკვირვება სჭირდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მექსიკის ნაკრების ხარისხიანი თამაში, რასაც არ ველოდი. კოსტა-რიკას ასეთი წარმატებული სტარტიც მოულოდნელობა იყო.

_ მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, რაღაც-რაღაცები უკვე გამოიკვეთა, მაგალითად ის, რომ გუნდების უმეტესობა უარს ამბობს დაცვით სტილზე და შეტევაზეა ორიენტირებული. გამოჩნდა ისიც, რომ რამდენიმე გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია ცალკეული ფეხბურთელების მაღალი ოსტატობა, არგენტინაში ასეთი ლეო მესია, ჰოლანდიაში _ არიენ რობენი…

_ სულ უფრო და უფრო მეტად იკვეთება ის, რომ ფეხბურთი არის გუნდური თამაში. შეიძლება გუნდს არ ჰყავდეს ისეთი მაღალი დონის ოსტატები, როგორებიც თქვენ ჩამოთვალეთ, მაგრამ იყოს კარგად ორგანიზებული და ეტყობოდეს მწვრთნელის ხელი. ასეთი ტენდენცია ამ ჩემპიონატზე უკვე იკვეთება.

_ ჰოლანდიის ნაკრებზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

_ ლუის ვან გაალმა ბრაზილიაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი წაიყვანა, რის გამოც გააკრიტიკეს, თუმცა ფაქტია, თუ როგორაა მისი გუნდი მოტივირებული. ვან გაალის მაგალითი კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მწვრთნელის ფაქტორი.

_ სიურპრიზი შემოგვათვაზა ურუგვაის ნაკრებმა, რომელმაც ინგლისის დამარცხება შეძლო და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა…

_ კოსტა-რიკასთან მარცხის შემდეგ ურუგვაიმ ინგლისთან სულ სხვა თამაში გვიჩვენა, საოცრად მებრძოლ, მაღალი სულისკვეთების გუნდად წარმოგვიდგა. ლუის სუარესმა ერთი თვის წინათ გაიეკეთა მუხლის ოპერაცია და ჩინებულად ითამაშა ინგლისთან _ ეს ყველაფერი სამაგალითოა.  ურუგვაიმაც განამტკიცა ის ტენდენცია, რომ გუნდებს არ სურთ ჩაკეტილი, დაცვითი ფეხბურთი.

_ მწვრთნელის ფაქტორზე ჩაგეძიებით: პეპ გვარდიოლამ მიუნხენის „ბაიერნში“ ფილიპ ლამს ამპლუა შეუცვალა _ დაცვის ფლანგიდან საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა, ამის შემდეგ გერმანიის ნაკრების თავკაცმა, იოახიმ ლიოვმაც ლამი საყრდენ ნახევარმცველად გადაიყვანა. ამაზე რას გვეტყოდით? ფაქტია, რომ ლამის ასეთი გადაადგილებით გერმანიის ნაკრებს ფლანგზე აგრესია მოაკლდა…

_ მეც მისესხებია რაღაც-რაღაცები სხვა მწვრთნელებისგან და ამაში განსაკუთრებული არაფერია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გერმანია ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და ასეთ დროს მწვრთნელი წინ იხედება ხოლმე. ფავორიტები, მეტწილად, ისე ანაწილებენ ძალებს, რომ ფორმის პიკს ტურნირის ბოლოსკენ მიაღწიონ.

_ „ზესტაფონზეც“ ვთქვათ: დამდეგი სეზონის წინ საკმაოდ ბევრი თავდამსხმელი დაიმატეთ და შეიძლება იმის თქმა, რომ გუნდი, ფაქტობრივად, უკვე დაკომპლექტებულია 2014-15 წლების სეზონისთვის?

_ სელექცია დასრულებული არ არის, ნაწილი ფეხბურთელებისა მოგვიანებით შემოგვიერთდა და ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან. სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოში იხურება და შესაძლოა, კიდევ დავიმატოთ ფეხბურთელები. ევროპა ლიგაზე იმას ვგეგმავთ, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ, საქართველოს ჩემპიონატში კი მხოლოდ პირველი ადგილი იქნება ჩვენთვის მისაღები.

_ 16 გუნდი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში _ ამ იდეას უმეტესი კლუბები ემხრობიან, „ზესტაფონს“ კი განსხვავებული პოზიცია აქვს…

_ ამ ეტაპზე უმაღლეს ლიგაში გუნდების 16-მდე გაზრდა მიუღებლად მიმაჩნია. მასობრიობის გაზრდით ფეხბურთის ხარისხი ვერ აიწევს, ხარისხის გაზრდა თუ გვინდა, უნდა მოხდეს რესურსის კონცენტრირება იმ გუნდებში, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავის შენახვა და მაღალ დონეზე ფუნქციონირება.

_ ამ დროისთვის ასეთი გუნდი საქართველოში მხოლოდ ორია: „დინამო თბილისი“ და „ზესტაფონი“… უმაღლესი ლიგის 16 გუნდამდე გაზრდის იდეა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ და იმედი მიეცათ, რომ სახელმწიფო კონცეპტუალურად დაეხმარება საკლუბო ფეხბურთს…

_ ჯერ მივიღოთ მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, მოვაწესრიგოთ სტადიონები, ინფრასტრუქტურა და მერე დავფიქრდეთ გუნდების გაზრდაზე.

_ ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ფაქტია, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარაული, ასათიანი, ზაზა ჯანაშია _ ასეთი ფეხბურთელები ხავერდოვან მოედნებზე არ გაზრდილან…

_ ინერციით მოვდიოდით, ახლა კი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აუცილებელია. დავუშვათ, დაეხმარა სახელმწიფო კლუბებს, მერე? ეს წყალში გადაყრილი ფული იქნება და როცა ეს ფული გამოილევა, მერე ისევ სახელმწიფოს დავუწყებთ ხვეწნას კლუბების დასაფინანსებლად.

_ აბა, გამოსავალს სად ხედავთ?

_ ქართულ ფეხბურთში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო უნდა შეიქმნას და სახელმწიფო ამ მიმართულებით უნდა დაეხმაროს ფეხბურთს. სახელმწიფოს შეუძლია თავის ხარჯზე აიღოს ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ხარჯები და მასობრივი ფეხბურთი.

_ ეს ისეთი რამეა, უცბად ნამდვილად ვერ მოხდება, ამასობაში კი ქართული კლუბების უმეტესობას ძალიან უჭირს, გუნდებმა არ იციან, რა ბიუჯეტი ექნებათ და ექნებათ კი საერთოდ დაფინანსება? შარშანდელ სეზონს გაგახსენებთ, როცა სახელმწიფოსგან დაფინანსებულმა კლუბმა, გორის „დილამ“, სამ კვირაში მოახერხა შეკოწიწება და მერე დანიური და ხორვატული გუნდების დამარცხება ევროსარბიელზე…

_ კარგი ფეხბურთელების თავმოყრა მოხდა მაშინ „დილაში“ და ეს შედეგშიც აისახა. ახლა კი ბევრ ქართულ გუნდს უჭირს საკლუბო ლიცენზირების პირობების დაკმაყოფილება…

 

                                                                                                       დავით თავართქილაძე

დატოვეთ კომენტარი