მთავარი პოლიტიკა გახმაურებული სპორტული სკანდალის გაუხმაურებელი დეტალები

გახმაურებული სპორტული სკანდალის გაუხმაურებელი დეტალები

2540
0
გაზიარება

lukio

რა დოკუმენტები მოიპოვა „ქრონიკა+“-მა

 პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის დაპირისპირება ლევან ყიფიანთან განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარლამენტარ სპორტსმენთა რიგებს ლუკა კურტანიძე შეემატა. უფრო ადრე მინისტრისადმი პრეტენზიები კიდევ ერთმა დეპუტატმა, სოსო ჯაჭვლიანმა გამოთქვა. საქმეში ჩახედული ადამიანები ლუკა კურტანიძის გააქტიურებას მისი ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებასა და მინისტრზე შურისძიებას უკავშირებენ. არადა, ლევან ყიფიანი ბოლო მომენტამდე ლუკა კურტანიძის გადაყენების წინააღმდეგი იყო.

რა მოხდა რეალურად ჭიდაობის ფედერაციაში, რა ბრალდებები ისმოდა ლუკა კურტანიძის მისამართით და რატომ დაუპირისპირდნენ მას ვეტერანი მოჭიდავეები?

„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად რამდენიმე დოკუმენტი მოიპოვა.

ჭიდაობის ფედერაციაში ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ ბრალდებები სულ 40 პუნქტად ჩამოყალიბდა და მან დოკუმენტის სახეც მიიღო, რაც, საბოლოოდ, სამეთვალყურეო საბჭოს განსჯის საგანიც გახდა.

რა პრეტენზიებს უყენებდნენ მოჭიდავეები ლუკა კურტანიძეს?

დოკუმენტის მიხედვით, ისინი მიიჩნევდნენ, რომ:

ლუკა კურტანიძე უხეშად ერეოდა საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრებებისა და შეჯიბრებების პროცესში, მწვრთნელებს ავალდებულებდა, შეკრება ჩაეტარებინათ იქ, სადაც მას მიაჩნდა მიზანშეწონილად, ვარჯიშებს ატარებდა თვითონ, ან აიძულებდა მწვრთნელებს, ვარჯიშები ჩაეტარებინათ მისი შეხედულებისამებრ; უხეშად ერეოდა შეჯიბრებებზე გუნდების დაკომპლექტების საქმეში, საერთოდ მიატოვა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდი და ეს მისი ცუდი ფეხით ახსნა(!!!); ფედერაციის საქმიანობაში აქტიურად ჩართო მისი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე და ფედერაციის მართვის ძირითადი ბერკეტები, მათ შორის, ორგანიზაციული და ფინანსური საკითხები, მას ჩააბარა; წილში ჩაუჯდა თავისუფალ ჭიდაობაში ნაკრები გუნდის მწვრთნელებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ პრემიულ თანხებში და მათთვის გაცემული პრემიიდან 25%-ს იღებდა; ასევე წილში ჩაუსვა ნაკრების მწვრთნელებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ პრემიულ თანხებში საკუთარი მეუღლე და თითოეული გაცემული პრემიიდან ართმევდა დამატებით 5%-ს მის მიერ გაწეული მენეჯერობისათვის, თუმცა ამისთვის ხელფასს ცალკე უხდიდა; პრეზიდენტის პოსტზე მოსვლიდან 21 თვის განმავლობაში, მიუხედავად ფედერაციის ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატიდან შესული თავისუფალი თანხებისა, 2013 წლის გაზაფხულზე არანაირი ღონისძიება არ გაუტარებია, ნაკრები გუნდის წევრებისათვის ელემენტარული სავარჯიშო პირობების შესაქმნელად; განსხვავებული მოსაზრების გამო ფიზიკურად გაუსწორდა ყრილობის მიერ არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს, ვეტერან მოჭიდავეს, მსოფლიო ჩემპიონს, მასზე ასაკით ბევრად უფროს თემურ ყაზარაშვილს, ჩამოაშორა ის თანამდებობას და მისი ფუნქიცები სხვას გადააბარა; სამუშაოდ აუტანელი პირობები შეუქმნა ყრილობაზე არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს თავისუფალ ჭიდაობაში, დიმიტრი გელაშვილს, რის გამოც ამ უკანასკნელმა კატეგორიული უარი განაცხადა ფედერაციაში მუშაობაზე; ყრილობის მიერ არჩეულ გენერალურ მდივანს, გიორგი ლომიძეს, ჩამოართვა ბანკში საფინანსო ოპერაციებზე ხელმოწერის უფლება და შექმნა მართვის სრულიად ერთპიროვნული გარემო; შეჯიბრებებზე მწვრთნელთა, სპორტსმენთა და ექიმის ნაცვლად სისტემატურად დაჰყავდა საკუთარი მუეღლე; ითვისებდა მოჭიდავეებისათვის განკუთვნილი პრემიული თანხების ნაწილს, მიითვისა საპრემიო თანხებიდან მწვრთნელების მიერ გადახდილი 10%-ის დიდი ნაწილი, მიითვისა ფალავანთა კლუბის სარდაფიდან ამოზიდული ჯართის თანხა, არამიზნობრივად განკარგავდა ფედერაციაში არსებული თანხების ნაწილს, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საპრემიო თანხებით ჩაანაცვლა ფედერაციის თანამშრომლებზე გასაცემი ორი თვის ხელფასი; მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების _ დავით პოღოსიანისა და რამდენიმე სხვა პირის დასჯის მიზნით გააგზავნა წერილი აშშ-ს საელჩოში, რომ აღნიშნულმა თანამშრომლებმა დაკარგეს ფედერაციის ნდობა, ამის გამო მოითხოვა, საელჩოს გაეუქმებინა მათთვის მრავალწლიანი ვიზები; სპორტსმენთა და მწვრთნელთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ლუკა კურტანიძეს გეგმაში ჰქონდა ფალავანთა კლუბის საკუთრების უფლების ხელში ჩაგდება, მისი დანგრევა და მის ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის აშენება, _ ასე გამოიყურება ლუკა კურტანიძის მისამართით გამოთქმული ბრალდებების არასრული ნუსხა.

„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ჭიდაობის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე, სადაც იგი თბილისის მერს, დავით ნარმანიას მიმართავს, ფალავანთა კლუბის შენობა იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, ამიტომ სასწავლო პროცესის ჩატარების უზრუნველსაყოფად ქალაქის რომელიმე ცენტრალურ უბანში სხვა ფართი გამოგვიყავითო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ფალავანთა კლუბის შენობის ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ნამდვილად იგეგმებოდა და ტერიტორიის ხელში ჩაგდება ვალერი გელაშვილს უნდოდა. სწორედ ამიტომაც ლუკა კურტანიძის გადაყენების შემდეგ დღის წესრიგში იდგა ვალერი გელაშვილის ფედერაციის თავმჯდომარის პოსტზე არჩევა, რაც, საბოლოო ჯამში, არ გამოვიდა. იყო მცდელობა, ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ზეგავლენისთვის ბიძინა ივანიშვილის სახელი გამოეყენებინათ. რომან რურუას ივანიშვილი შეხვედრით შეხვდა, მაგრამ მისგან კანდიდატურის მოხსნა და ვალერი გელაშვილის მხარდაჭერა არ მოუთხოვია. სამაგიეროდ, ვეტერან სპორტსმენებს პრემიერ ღარიბაშვილის სახელით მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვდა და მათ გელაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა კატეგორიულად მოსთხოვა, მაგრამ მოჭიდავეებმა ჭიკაიძისა და ღარიბაშვილის მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარის პოსტზე, ვალერი გელაშვილის ნაცვლად, მანუჩარ კვირკველია აირჩიეს!!!

რაც შეეხება კიდევ ერთ საინტერესო დოკუმენტს, რომელიც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა, ეს არის სესხის შელშეკრულება _ 0808-1, რომელიც 2014 წლის 8 აგვისტოსაა გაფორმებული. ხელშეკრულების თანახმად, ჭიდაობის ფედერაცია მისი პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის წარმომადგენლობის კერძო კომპანიას, შპს „ჯეო ოილ თრეიდინგს“, სესხად გადასცემს ერთი წლის ვადით ჭიდაობის ფედერაციის კუთვნილ თანხას _ 350 000 ლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთით 09%(!!!). ჭიდაობის ფედერაციაში, ჯერჯერობით, არ იციან, რა ფორმით და ვის ურიცხავდა მსესხებელი გამსესხებელს გასესხებული თანხის 9%-ს, რაც 30 000 ლარზე მეტია. სამაგიეროდ, ამბობენ, რომ კომპანია, რომელმაც ჭიდაობის ფედერაციისგან სოლიდური თანხა ისესხა, ზაზა სიორიძის საკუთრებაა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ჯეო ოილ თრეიდინგის” დამფუძნებლები არიან: ზაზა სიორიძე 50%, ზურაბ მუჯირი 25%, გოჩა ამბროლაძე 10%, ლაშა ლომიძე 15%. კომპანიის დირექტორი ვალერიან სიორიძეა, ხოლო ჭიდაობის ფედერაციასთან გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას კი ხელს, რატომღაც შპს „ჯეო ოილ თრეიდინგის” ფინანსური მენეჯერი ლევან გოდელაშვილი აწერს.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარედ ვალერი გელაშვილის გაყვანა სწორედ ამ ფინანსური დარღვევების ჩაფარცხვას ემსახურებოდა. რაკი გეგმის პირველი ნაწილი რეალურად ჩავარდა და ამ ეტაპზე არც ფალავანთა კლუბის ტერიტორიის გასხვისებაა შესაძლებელი, აღნიშნულმა ჯგუფმა სამიზნედ აირჩია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ყიფიანს თანამდებობიდან გადააყენებენ და მინისტრის სავარძელს მათთვის სასურველი პირი დაიჭერს, სამშენებლო კომპლექსის მშენებლობის გეგმის განხორციელება შესაძლებელი გახდება.

P.S. „ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას. სურვილის შემთხვევაში, ლუკა კურტანიძეს საშუალება ექნება საკუთარი პოზიცია გაზეთის მომდევნო ნომერში დააფიქსიროს.

lukk

luck

 

დატოვეთ კომენტარი