ელისო კილაძე: „მე თქვენ, თამაზ თამაზაშვილს, ბრალს გდებთ!!!“

25

ბატონო სიმამრო, ყურადღებით გავეცანი თქვენს ღია წერილს _ დიდი მადლობა იმისათვის, რომ „ანონიმშიკობას“ მორჩით, ამირან მესხელის გავლენის აგენტების მეშვეობით აღარ მებრძვით. „საქართველოს რესპუბლიკის“ დაუდგენელი რესპონდენტ-ჟურნალისტის „უანგარო დახმარებაზე“ ამჯერად უარი თქვით და თავად გამოხვედით ასპარეზზე. შევეცდები, ვიყო კორექტული და თანმიმდევრობით გაგცეთ პასუხი:

1. „იგი (ანუ მე) ვერ დაკმაყოფილდა საკუთარი ვიწრო წრის გარემოცვით და „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება“, _ წერთ თქვენ. დარწმუნებული რომ იყოთ, ჩემი წრე ვიწროა და საზოგადოებას ჩემი არ სჯერა, ამის ხაზგასმა არც დაგჭირდებოდათ. რაც შეეხება „ასავალ-დასავალს“, ამ გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული არც ერთი ინტერვიუ ჩემი პირადი ინიციატივა არ ყოფილა, ჟურნალისტი მისვამდა კითხვებს – მე ვპასუხობდი. სწორედაც რომ ჩემმა ფართო წრემ და კონკრეტულმა ფაქტებმა შეგაშფოთათ, ამიტომაც ითხოვდა პრემიერის დავალებით, ნინო გიორგობიანი ამ გაზეთის ფურცლებზე ჩემი ინტერვიუების აკრძალვას (ჩემი განცხადების მერე „ასავალ-დასავალის“ რედაქციამ გაზეთზე ზეწოლის ფაქტი დაადასტურა);

2. ძალიან კი ცდილობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად და თანამოაზრედ გამომიყვანოთ, მაგრამ ფრიად უსუსური არგუმენტები გაქვთ _ მე, ბატონო სიმამრო, 2007 წლის ოქტომბერში საკუთარი განცხადებით დავტოვე საკმაოდ მაღალი თანამდებობა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, წავედი ოპოზიციაში გავხდი ყველაზე რადიკალური ფრთის, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის  პრესსამსახურის უფროსი, ამდენი ხნის განმავლობაში გავიარე ყველაფერი, რაც შეიძლება ერთ ადამიანს გადაეტანა, ოჯახის წევრების რეპრესიების ჩათვლით; ორჯერ მქონდა უსერიოზულესი შემოთავაზება თანამშრომლობაზე, მაგრამ ჩემს პრინციპებს არ ვუღალატე. დამავალებთ, თუ მომდევნო წერილში შემახსენებთ, სად იყავით ამ წლებში თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები? (მომკალით, და არც ერთ ფრონტზე არ მახსოვხართ!!!)

3. ბატონო სიმამრო, ვწუხვარ, რომ მხოლოდ თქვენი ოჯახის პირადი „პიარშიკის“, ნინო ჯღარკავას სტატუსებს კითხულობთ; სხვა შემთხვევაში არ დასვამდით კითხვას: „სად ვიყავით, როცა ციხეში იჯექით?“ მარტივად გიპასუხებთ _ გადაშალეთ იმ წლების გაზეთები „კვირის ქრონიკა“ და „ალია“ (მაშინ საკუთარი გაზეთი არ მქონდა) და ნახეთ, როგორ ვაპროტესტებდი თქვენს დაკავებას, ჰკითხეთ თქვენს სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, რატომ მიხდიდა მადლობებს ამ სტატიებისთვის და, ბოლო-ბოლო, ჰკითხეთ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს, რომელიც ამ ინტერვიუებს იწერდა;

4. მესმის, რომ განერვიულებთ ის რეაგირებები, რომლებიც „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ მასალებს მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. სწორედ ამიტომ წერთ, რომ მე ბიძინა ივანიშვილს ვებრძვი. კი მაგრამ, ბატონო სიმამრო, ნამუსი მართლა აღარაა? დაგავიწყდათ, როგორ გაგიცანით? შეგახსენებთ: 2013 წლის თებერვალში, შუაღამისას, ჩემთან ოფისში მოვიდა ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, რომელმაც საგანგაშო და შემაშფოთებელი ინფორმაცია მომაწოდა _ მან დამისახელა კონკრეტული პირი, ყოფილი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი (ვაზუსტებ ერთ-ერთი უწყების სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი), რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მზადდებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია და მან იცოდა კონკრეტული პირების სახელები და გვარები, (სულ 25 პირი) რომლებსაც კონკრეტულ ადგილას წვრთნიდნენ ამ საქმისთვის. სპეცრაზმის ყოფილი უფროსი თქვენთან შეხვედრას ითხოვდა, რადგან მას სახიფათოდ მიაჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლა და თქვენს სიძესთან პირისპირ საუბარი. შუაღამისას მე მივედი ჩემს უფროს მეგობართან, რომელმაც სუფრიდან აგაყენათ და პასტერის ქუჩაზე მის სახლში მოგიყვანათ. ჩვენ ერთად წამოვედით ვერაზე ჩემს ოფისში, სადაც თამაზ ელიზბარაშვილი და ყოფილი ძალოვანი გველოდებოდნენ (მიხარია, რომ ამ შეხვედრის მერე თქვენ და თამაზ ელიზბარაშვილი ფრიად ახლო მეგობრები გამხდარხართ, ეს წუხელ გავიგე „იმედის კვირაში“). სხვათა შორის, სწორედ ამ დღეს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა უფროსმა მითხრა, _ მე რას მერჩიან, პირი, რომელმაც ვალერი გელაშვილი სცემა, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანიაო.

თქვენ, ეტყობა, არც ის იცით, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების წინ, ორი დღით ადრე, სააკაშვილის ხელისუფლება თქვენზე ზემოქმედების მიზნით თქვენი შვილის, ალექსანდრე თამაზაშვილის დაკავებასაც გეგმავდა. ეს ინფორმაცია ჩემმა მეგობრებმა თავდაცვის სამინისტროდან მომაწოდეს და სწორედ ჩემი მეგობრების დახმარებით იმავე დღეს გადავეცით თქვენს სიძეს. ეტყობა, თავის დროზე უნდა შემეხსენებინა თქვენთვის, ბატონო სიმამრო, ჩემი დამსახურებების შესახებ, დივიდენდებიც მომეთხოვა, მაშინ ნამდვილად გეხსომებოდათ ეს ყველაფერი და არ დასვამდით შეკითხვას, _ მაშინ სად იყავით?

5. თქვენ, ბატონო სიმამრო, იმასაც ვერ ხვდებით, რომ მე ირაკლი ღარიბაშვილს პერსონალურად კი არ ვებრძვი, არამედ პირველი ოქტომბრის მონაპოვარს ვიცავ _ რომელიც უპირველესად სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და თქვენ, პრემიერის ცოლის ნათესავებმა, სწორედ ეს მონაპოვარი დააყენეთ საფრთხის ქვეშ.

რომელ „ნაციონალებს“ მფარველობთ?

რაკი ერთხელ ვერ გაიგეთ, შეგახსენებთ:

მე ბრალს გდებთ თქვენ, თამაზ თამაზაშვილს, იმაში, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს, თქვენი ხელის ბიჭების მეშვეობით მოუწყვეთ სრული საბოტაჟი, გაუვრცელეთ უამრავი ჭორი და არარსებული დანაშაულისთვის დააპატიმრებინეთ თქვენსავე დისშვილს, გენერალური ინსპექციის უფროსს, ზვიად ჯანყარაშვილს. სწორედ გელა ხვედელიძის თანამდებობიდან ჩამოშორების მერე შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეთ ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც თქვენი სურვილების უსიტყვო შემსრულებელი იყო. სწორედ იმ დროს, როცა თქვენ გახდით სამინისტროს არაფორმალური მმართველი, თანამდებობაზე დაინიშნენ ვანო მერაბიშვილის კადრები, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში, მათ შორის, ზურა ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძისა და სხვა ადამიანების მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები. გვარები გნებავთ? კი ბატონო, _ ჩახედეთ იური ვაზაგაშვილის სკანდალურ სიას, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილს გადასცა, სწორედ შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის მხეცურად აფეთქების მერე თანამდებობა დაატოვებინეს ალექსანდრე ჭიკაიძეს, რასაც მოყვა წმენდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ახალ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ამ მიმართულებით, წინ კიდევ ბევრი საქმე აქვს.

მე ბრალს გდებთ თქვენ, თამაზ თამაზაშვილს, იმაში, რომ ლევან ცუკოშვილი _ კაცი, რომელიც პირველი ოქტომბრის არჩევნების წინ ყვარლის რაიონში „ნაცმოძრაობის“  წინასაარჩევნო მიტინგების ორგანიზატორი იყო, ქუჩა-ქუჩა დარბოდა, _ დამთავრდა ბიძინაობა, ძირს ბიძინაო! ცუკოშვილი ჯერ ყვარლის პოლიციის უფროსად დანიშნეთ, მერე შინაგან საქმეთა სამინისტროში „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორად დააწინაურეთ!

მე ბრალს გდებთ თქვენ, თამაზ თამაზაშვილს, იმაში, რომ ვარციხის სპეცოპერაციის ხელმძღვანელი, რომლის დროსაც სამი უდანაშაულო ახალგაზრდა ჩაცხრილეს, ლევან კახიანი, ორჯერ დააწინაურეთ, ჯერ კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილედ, მერე მიგრაციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

მე ბრალს გდებთ თქვენ, თამაზ თამაზაშვილს, იმაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მოიყვანეთ აკაკი ჩხენკელი _ პირი, რომელიც ადეიშვილის მთავარი პროკურორობის დროს ბიზნესის ტერორით იყო დაკავებული. ხოლო ამ პოსტიდან თქვენი დისშვილის წასვლის შემდეგ თანამდებობაზე დანიშნეთ ირაკლი სამყურაშვილი, ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც 2012 წელს სპორტის დეპარტამენტის უფროსის, ნამგალაურის მოადგილე იყო და სპორტსმენების ზონდერ ჯგუფებს კურირებდა. ახლა არ მითხრათ, მე რა შუაში ვარ, მინისტრი ჭიკაიძე იყოო. შუაში არა, თავში ხართ, გელა ხვედელიძე სწორედ იმიტომ მოიშორეთ სამინისტროდან, რომ უწყება პირადი გავლენით და მატერიალური დაინტერესებით გემართათ. ესაა მწარე სიმართლე, რომლის მოსმენაც ასე გაღიზიანებთ!!!

განვაგრძო? სია ძალიან გრძელია და „ქრონიკა+“-ის ფართო აუდიტორია ყველა დეტალის შესახებ ინფორმირებულია.

მე ბრალს ვდებ თქვენს სიძეს იმაში, რომ თანამდებობებზე მოიყვანა „ნაციონალური მოძრაობის“ გამობრძმედილი კადრები, მათ შორის რომან ჩხენკელი, რომელიც პირადად მონაწილეობდა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში (ესეც, ეტყობა, ბიძინა ივანიშვილისადმი პატივისცემის გამოხატულებაა და მე ვერ დავეწიე მოვლენებს).

მე ბრალს ვდებ თქვენს სიძეს იმაში, რომ მინისტრების დიდი უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფრთის წარმომადგენელია. თამარ ბერუჩაშვილი იმ სანდრა რულოვსის ბიზნესპარტნიორის, რემა ღვამიჩავას ცოლია, რომელსაც წლების განმავლობაში ბრალს სდებდნენ პატიმართა ორგანოებით ვაჭრობაში, ოთარ დანელია „სილქნეტში“ იპოვეთ, გიორგი კოპაძე _ „ნატახტარში“, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე გელა ბეჟუაშვილის უწყებაში. დღეს, როცა ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი შუაგულ თბილისში მხეცურად მოკლულია – ყველა მისი მეგობარი ხელს გია უდესიანისკენ იშვერს, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თქვენი დისშვილის ბიზნესმეგობრობას გია უდესიანთან და ირაკლი შიხიაშვილის პერსონას, რომელიც უდესიანის ახლო მეგობარია. დღეს ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ამ თანამდებობაზე ის სწორედ თქვენმა სიძემ დანიშნა.

ამ ყველაფრის მერე თქვენ და თქვენი სიძე ხართ ბიძინა ივანიშვილის მოყვრები და ყველა სხვა დანარჩენი, ვინც თქვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობაზე წერს, მტრები?

არც ერთ შემთხვევაში გვერდს არ ავუვლი თქვენს „ბრალდებას“, რომ მე ნანუკა ჟორჟოლიანთან ვმეგობრობ. დიახ ეს ასეა და მათ შორის „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე არაერთგზის მითქვამს, _ არ ვიცნობ არც ერთ კოდუას, არც მათ დედას ლაურა ღაჭავას, ვმეგობრობ მხოლოდ ნანუკა ჟორჟოლიანთან და ეს მეგობრობა პერსონალურია, არაფერი მაქვს დასამალი, თქვენი ოჯახის „პიარშიკ“ ნინო ჯღარკავასგან განსხვავებით, რომელიც ერთს წერს საჯაროდ ნანუკა ჟორჟოლიანზე და მეორეს პირადად მას, მათ შორის, ცაში აჰყავს ის ერეკლე კოდუა, რომელსაც თქვენ რაღაც ბრალდებებს უყენებთ. ისე, რომ იცოდეთ, რა დამსახურება აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს სანდრო გირგვლიანის საქმეში, შეგრცხვებოდათ!!!

ბატონო სიმამრო, თქვენს წერილში ერეკლე კოდუა რომ გახსენდებათ, რატომ ერთხელ არ გაგახსენდათ ამირან მესხელი? დავიჯერო, გენერალმა კაცმა არ იცით, რომ „სოდისა“ და „კუდის“ კურატორი და ბრძანებების მიმცემი ამირან მესხელი იყო? დავიჯერო, არც ის იცით, რომ ვერც ერთი სპეცრაზმელი შალვა ჯანაშვილის ბრძანების გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამდა? შალვა ჯანაშვილი კი თქვენმა სიძემ „მატროსოვზე“ გამწესების ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დატოვა? იქნებ, იმიტომ არ გაწყობთ ამირან მესხელის ხსენება, რომ თქვენი დისშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი, მუდმივ კოორდინაციაშია მასთან და სწორედ ამ დღეებში უნდა გაიმართოს ჯანყარაშვილის კურიერის კიდევ ერთი შეხვედრა ამირან მესხელთან? ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვაზე კომპრომატების სანაცვლოდ ამირან მესხელი ვანო მერაბიშვილის თავისუფლებას ითხოვს, მადლობა ღმერთს, რომ არც თქვენ და არც თქვენს სიძეს ამის ბერკეტები უკვე აღარ გაგაჩნიათ. საზოგადოება ასევე ამ წერილიდან, ექსკლუზიურად შეიტყობს რომ ე.წ. კაბელების საქმესაც კი ადეიშვილის პირადი პროკურორები წარმართავენ: აი, მათი გვარებიც – საგამოძიებოს უფროსი მამუკა ვასაძე, მისი მოადგილე დიმიტრი ფაღავა, ზედამხედველი პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი, გამომძიებელი თამარ კუჭავა, რომელიც ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა და ქონებების წართმევაში პირადად მონაწილეობდა, გამომძიებელი ალექსანდრე ფუტკარაძე.

„ირაკლი ღარიბაშვილს და მის ნათესავებს ნამდვილად ვერ გავეჯიბრები ხელისუფლების დისკრედიტაციაში“, _ ეს სიტყვები ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ „იმედის კვირაში“ თქვა. მანვე საჯაროდ დაგდოთ ბრალი თქვენ, ზვიად ჯანყარაშვილს, გიორგი ზედელაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში. იმედია, დაჩი ცაგურიას, ირაკლი კაკაბაძესა და ირაკლი კორძაიას „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებების შესრულებაში ვერ დაადანაშაულებთ, ზვიად ჯანყარაშვილის მიერ ბიზნესის ტერორზე უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც საჯაროდ ალაპარაკდა.

პანდორას ყუთი უკვე გაიხსნა. პროცესების შეჩერება თქვენს ძალებს ნამდვილად აღემატება.

_ ერთხელ ცხრა თვით დაიჭირეს და მაჰათმა განდობა მოუნდაო, _ ესეც ირაკლი კორძაიამ თქვა თქვენზე. სიტყვამ მოიტანა და ამჯერად ორი თქვენი საიდუმლო უნდა გავამხილო, ბატონო სიმამრო!!!

გაიხსენეთ, როგორ აღიარეთ თქვენს პირველ ჩვენებაში, რომ იარაღი, რომელიც დაკავებისას მანქანიდან ამოგიღეს, თქვენ გეკუთვნოდათ!!!

გახსენეთ, ვინ ბრძანდებოდა ის ადამიანი, რომელმაც საკანში დიდი ძალისხმევის შემდეგ დაგარწმუნათ, რომ თქვენი პირველი ჩვენება მნიშვნელოვანი არ იყო და სასამართლოზე გეთქვათ, რომ იარაღი ჩაგიდეს!

გაიხსენეთ, როგორ ამბობდით საკანში, მიშას ნუ აგინებთ, შემოგვივარდებიან და საკანს დაშლიანო!

გაიხსენეთ, როგორ წუწუნებდით უპატრონო და უთვისტომო ბიჭზე, _ ამას საჭმელს რატომ ვუყოფთო? და როგორ გიხსნიდნენ პატიმრები, _ ეს მეორედ აღარ გაიმეოროთ, თქვენს საქციელს „კრისობა“ ჰქვიაო!

გაიხსენეთ, როგორ გიხაროდათ, როცა თქვენი პარტნიორი, რომელმაც საზიარო მიწა გაყიდა, თქვენს ოჯახში მივიდა და მიწის გაყიდვაში აღებული ფულის ნახევარი თქვენი ოჯახის წევრებს გადასცა!

გაიხსენეთ, როგორ „კრისულად“ მოიქეცით, როცა თქვენი თანამოსაკნეების სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდით „სვაბოდაზე“ გამოსული და არც ერთ მათგანს ხელი არ გაუმართეთ, არც ერთ მათგანს სამსახურის დასაწყებად სიტყვა არ შეაწიეთ, მათ შორის, ჩემს გარდაცვლილ მეგობარს „ყაზტრანსგაზში“ გაზის აღმრიცხველობა შესთავაზეთ!

ეს კაცი ხართ თქვენ, ბატონო სიმამრო, და იმედია, როცა პასუხის სურვილი ისევ გაგიჩნდებათ, ჩემ მიერ ჩამოთვლილ კონკრეტულ ფაქტებზე მიპასუხებთ, რადგან თქვენი აზრი ჩემზე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს.

დიახ, თქვენ წითელი ზღვარი გადაკვეთეთ!!!

დიახ, ეს ზღვარი ქვეყნის კეთილდღეობასა და თქვენს პირად კეთილდღეობას შორის გადის!!!

დიახ, თქვენ ხართ ჭორიკანა კაცი და მართლა გულწრფელად მეცოდებით, იმიტომ, რომ თქვენმა „კორექტულმა“ ღია წერილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა _ ჩემ წინააღმდეგ არც ერთი კომპრომატი არ გაქვთ ხელთ, თორემ დიდი სიამოვნებით ააფრიალებდით. არ ხართ თქვენ ის კაცი, ვინმეს ხელი დააფაროთ, მით უფრო _ მე!!!

მე კი ორ წელზე მეტია, გინახავთ საიდუმლოს _ მაშინ, როცა „ქრონიკა+“-ში „ოცნებაში“ ჩანერგილებზე მასალა გამოვაქვეყნე, `კუდის~ ხელწერილების ასლები დავბეჭდეთ, ზუსტად მივხვდი იმ პირის ვინაობას, რომელმაც თქვენი დავალებით ეს მასალები შეკრიბა. მან ამ ნაბიჯით, სავარაუდოდ, საკუთარი თავისუფლება იყიდა. სამაგიეროდ, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ნამუსს აღარ შეგინახავთ: თქვენ, ბატონო სიმამრო. მე, ელისო კილაძე, ჟურნალისტი, გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, მას შემდეგ, რაც ეს მასალები მივიღე და ინფორმაციის გადამოწმება თქვენს სიძეს, შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვე და მან თქვენთან გადმომამისამართა. მოვედი თქვენთან, კახი კალაძის ბანკში, სადაც იმხანად ოფისი გქონდათ, გადმოგეცით ხელწერილების ასლები და გაგატანეთ თქვენს სიძესთან. მახსოვს თქვენი რეპლიკაც, _ ახლა გასაგებია ყველაფერი, ირინა იმერლიშვილსა და დათო საგანელიძეს პრემიერობა უნდათ, ვნახოთ, ამ მასალების მერე, ვინ როგორ და სად იქნებაო. ჩვენს ამ შეხვედრას კიდევ ერთი მოწმე ჰყავს _ ჩემი კოლეგა, რომელიც იმ მომენტისთვის ბანკში იმყოფებოდა და რომელსაც, იმედია, ახსოვს, როგორ გამომაცილეთ საკუთარი კაბინეტიდან და როგორ მიხდიდით ათი წუთის განმავლობაში მადლობებს დარბაზში. მეორე დღეს კი შემომითვალეთ, _ ყველა ინფორმაცია ნაღდი და დადასტურებულიაო!!!

მე, ჟურნალისტი ელისო კილაძე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თქვენ და თქვენმა სიძემ წინასწარ იცოდით, რომ „ქრონიკა+“-ში „კუდის“ აგენტების ხელწერილები ქვეყნდებოდა, და მშვენივრად გამოიყენეთ ეს მომენტი ირაკლი ღარიბაშვილისთვის კონკურენტების ჩამოსაშორებლად. პროკურატურასთან კი ცალკე მაქვს კითხვები: როცა არ არსებობს ხელწერილის დედანი, არ ჩატარებულა ექსპერტიზა, როგორ ასკვნით, რომ ჩემ მიერ გამოქვეყნებული ასლი ფაბრიკაციაა? მაშინ, როცა არ დაკითხულა სამხედრო პოლიციის არც ერთი მაშინდელი მაღალჩნოსანი, როგორ ასკვნით, რომ ინფორმაცია არასწორია? ან რატომ „დასრულდა“ გამოძიება მაშინ, როცა მე ინტენსიური წერა დავიწყე პრემიერისა და მისი გარემოცვის ბიზნესინტერესებზე? რატომ იდო საქმე თაროზე წელიწადნახევრის განმავლობაში? იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და რატომ არ დგება ჩემი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?

P.S.  ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიმართლისა, რომელიც მინდოდა, რომ საზოგადოებას სცოდნოდა. რაც შეეხება მასალების მოწოდებას, ჩემი წყარო ხშირ შემთხვევაში თქვენ იყავით, ბატონო სიმამრო და არა „ნაციონალური მოძრაობა“. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, კონკრეტულ ფაქტებს შეგახსენებთ.

კიდევ ერთხელ საჯაროდ გეტყვით: თქვენი პირადი შეფასებები არ მაინტერესებს, იმიტომ რომ დიდი ხანია, თქვენდამი პატივისცემით განწყობილი აღარ ვარ. რაც შეეხება „ბარიგობის“ თემას, გპირდებით, ეს ცალკე მასალის თემაა, რომელსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად დავუბრუნდებით!!!

 

                                                                                                   ელისო კილაძე