შეშინებული პრემიერი, ჯადოქარი ქეთინო და „პიარშიკი“ სიმამრი

Capturessssw34567

პრემიერი ღარიბაშვილი შეშინებულია…

მას ეშინია, რომ მალე თანამდებობას და გავლენებს დაკარგავს. როგორც ჩანს, კარგად გრძნობს, რომ მისი კარიერა დასასრულისკენ მიექანება, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას მაშველ რგოლად ამჯერადაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინა, მათ მიერ თავისუფლების მოედანზე ჩატარებულმა არცთუ შთამბეჭდავმა აქციამ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს არსებობა რამდენიმე ხნით გაუხანგრძლივა. „ნაციონალების“ მოთხოვნის ფონზე ბიძინა ივანიშვილი პრემიერს, ამ ეტაპზე, არ გადააყენებს, თუმცა „ამ ეტაპზე“ რომ დიდხანს აღარ გაგრძელდება, ეს უკვე ყველამ ისედაც იცის.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ცოლის ნათესავებთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ფეისებთან ერთად ძალაუფლებას, გავლენას, ფულს, ბიზნესს იყოფდა!!!

ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილისთვის უკვე წარსული იყო. პრემიერის გარემოცვა მთავარი პოლიტიკური მოთამაშის არენიდან ჩამოშორებას გეგმავდა!!!

ეს იყო „ნაცების“ და პრემიერის ცოლის ნათესავების ერთობლივი გეგმა!!!

ირაკლი ღარიბაშვილს ეშინია, რომ საკუთარ კაბინეტში უსმენენ და ყველას, ვინც მასთან კერძო საქმეზე მიდის, ეუბნება, რომ აქ ჩუმად ან საერთოდ არ უნდა მელაპარაკოთ, მისმენენო. მოსმენებში, ცხადია, მისივე პროგნოზით რადარებიდან გამქრალ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გულისხმობს, მას ეშინია, რომ მისივე უწყება უსმენს.

მეორე მხრივ, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ის ყველას, ვისაც ბიძინა ივანიშვილთან ხელი მიუწვდება ეუბნება, რომ მასზე ყოფილ პრემიერთან არასწორი ინფორმაციები მიაქვთ, რომ ის ხშირად საქმის კურსში არ არის, რასაც მისი ცოლის ნათესავები აკეთებენ.

კულუარებში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ყოფილმა პრემიერმა მოქმედი პრემიერი რამდენჯერმე გააფრთხილა, _ ცოლის ნათესავებს მიხედე, ხალხი ცუდ რამეებს ლაპარაკობსო. მოგვიანებით, იგივე ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ თეა სიჭინავასთან ინტერვიუშიც დაადასტურა: რამდენჯერმე ვუთხარი, ნათესავები იქნება შენი პრობლემა და დაცვაო. ჰო, დაცვას რაც შეეხება, ყოფილ პრემიერს პირადად უნახავს ქუჩაში მოქმედი პრემიერის ესკორტი, რასაც მისი უკიდურესი აღშფოთება გამოუწვევია, პირადადვე დაურეკავს ღარიბაშვილისთვის, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ანზორ ჩუბინიძის დაბრუნება მოუთხოვია და დაცვის ესკორტი ორ მანქანამდე შეუმცირებია. ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი შვილივით უყვარდა, არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავდა იმას, რომ შვილივით უყვარდა მისი ცოლის ნათესავებიც. ბოლო წვეთი, როგორც ჩანს, მისთვის აღმოჩნდა მედიაში გამოქვეყნებული მასალები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერებზე და პრემიერის ცოლის მამიდაშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორების თანამდებობებზე დანიშვნებზე. სწორედ ამას მოჰყვა წინასაახალწლო გადადგომების სერია და „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გადადგომების სერია არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ იქნება ხმაურიანი დაჭერებიც.

„თუ მართალი ხარ, თავი გაიმართლე“, _ ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს სასტუმრო „აჭარის“ მეპატრონის, თემურ უგულავასთვის მისი ცოლის ნათესავების მხრიდან ფულის შეწერის ფაქტის გახმაურების შემდეგ უთხრა. მოქმედმა პრემიერმა თავის გამართლება გამოქვეყნებული სტატიების ავტორის პირად დისკრედიტაციაში დაინახა და ელისო კილაძისა და „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ შტაბის ხელმძღვანელის ფუნქცია პრემიერის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა იკისრა. გასული ერთი კვირის განმავლობაში სამი პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი, როგორც ჟურნალისტის, გაზეთის რედაქტორისა და პიროვნების დისკრედიტაციას. დამაბრალეს და მოიგონეს ყველაფერი, რის მოგონებასაც „გაიშნიკისა“ და მისი მეგობრების ფანტაზიები ეყო, მათ შორის, უკადრებელიც იკადრეს. სამივე პუბლიკაციას თანმიმდევრობით ვუპასუხებ და მერე უკვე მკითხველმა გაარჩიოს, ვინ მტყუანია და ვინ _ მართალი?

 

For.ge  და ქეთევან ზარნაძე

For.ge -ს რომ ქეთევან ზარნაძე დაუკავშირდა და „ქრონიკა+“-ის რედაქტორზე მასალის გამოქვეყნება სთხოვა, ეს ერთი ნონსენსია. სად ერეკლე და სად შავი პურის რიგი?

For.ge -მდე იყო მცდელობები ბეჭდურ მედიაში და სიმამრის კონვერტების დაპირებები, მაგრამ უშედეგოდ. დიდი მადლობა ყველა ჩემს კოლეგას, რომლებმაც უარი თქვეს ამ ბინძურ თამაშში მონაწილეობაზე.!!!

For.ge -ს რედაქტორმა თუ დამფუძნებელმა (იურიდიული სტატუსის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, მსგავსი სახელწოდების იურიდიული პირი საჯარო რეესტრში დაფიქსირებული არ არის), გია იაკობაშვილმა, ჩემთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ქეთევან ზარნაძემ ფული გადაიხადა და ეს მასალაც ამ ეგიდით გამოქვეყნდა (თუმცა მასალას შესაბამისი აღნიშვნა არ აქვს). პასუხსაც მხოლოდ იმიტომ ვერ გამაცემინებს, რომ მაქვს საკუთარი არაჩვეულებრივი გაზეთი და ზარნაძეს შემიძლია იქ ვუპასუხო (ეს, ეტყობა, ახალი ჟურნალისტური სტანდარტია და მე არ ვიცი), ხოლო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხსენებისას გია იაკობაშვილს, უბრალოდ, ნერვები აეშალა, _ ქარტიის დედაც მო…ნო! _ შეიგინა და ტელეფონი გამითიშა.

რაკი ფორ.გე-ზე მიმოწერის უფლების გარეშე აღმოვჩნდი გაციმბირებული, სწორედ ამიტომაც პასუხი „ქრონიკა+“-ში იბეჭდება.

როდესაც „ქრონიკა+“-ის ყოფილ თანამშრომელს, დარეჯან მეფარიშვილს, დაანონსებული ბომბი ხელში აუფეთქდა, პასუხიც შესაბამისი მიიღო და „მთავარი ინფოს“ დამფუძნებლებმა მისი პასკვილი საიტიდან არა მარტო მოხსნეს, არამედ ბოდიშიც მოიხადეს, მას შემდეგ, რაც „ქრონიკა+“-ში დეტალურად გავშიფრე ის სქემა, რა სქემის მეშვეობითაც დარეჯან მეფარიშვილი ამირან მესხელის მეშვეობით იმართებოდა. მეფარიშვილის დაანონსებული სერიები აღარ შედგა, ამიტომ საჭირო გახდა ახალი სტრატეგიის მოფიქრება და თამაშში ახალი ფიგურის შემოყვანა. მიუხედავად იმისა, რომ თვით პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი დესანტი მუშაობდა ჩემს მშობლიურ ქალაქში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, ჩემი მუშაობის პერიოდში ვერ იპოვეს ვერც ერთი ტენდერი, ვერც ერთი ქონება და ბიზნესწილი, მეტიც, ვერ იპოვეს ვერც ერთი ადამიანი, რომელიც ჩემ წინააღმდეგ ინტერვიუს მისცემდა! არადა, დროში აშკარად იწვებოდნენ _ სიმამრის დავალება იყო შესასრულებელი, ამიტომაც გაჩნდა ქეთევან ზარნაძე. ზარნაძესთან „ხოდი“ პრემიერის სიმამრის მეგობარმა, მირიან ყარაულაშვილმა იპოვა. ვინც არ იცის, მათთვის  უფრო მარტივად გასაგებად: მირიან ყარაულაშვილი პრემიერის ოჯახის პირადი „პიარშიკის“, ნინო ჯღარკავას ახლო მეგობარიცაა (ორმაგი მეგობრობის „მუღამს“ ვერ დავეწიე, მაგრამ მაინც). პრინციპში, მირიან ყარაულაშვილს ქეთევან ზარნაძესთან დიდი მუშაობის გაწევა არც დასჭირდებოდა. როგორც „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო (და არა ჩიტი, ჩიტის მიერ მოტანილ სკანდალურ ამბებს ცოტა ქვემოთ შემოგთავაზებთ) უყვება, მირიან ყარაულაშვილი ქეთევან ზარნაძეს კარგა ხნის წინ კომპრომატით ჰყავს გამოჭერილი. ჩვენი წყარო მინიშნებისთვის ორ მისამართს ასახელებს: დიღომი, რესტორანი „ძველი თბილისი“ და სასტუმრო „კოპალა“, თუმცა, ჩემი მხრივ, ამ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები. ასევე საინტერესოა ამ საქმეში ქეთევან ზარნაძის კიდევ ერთი მეგობრის, ზვიად კვარაცხელიას მონაწილეობა, რომელიც შეთავსებით ზარნაძის შვილების ძიძა და, პარალელურად, დარეჯან მეფარიშვილის მეგობარი და წყაროა. ეს არის იმ პირთა წრე, რომელიც ქეთევან ზარნაძის ე. წ. სკანდალური წერილის უკან დგას. რაც შეეხება ფაქტებს, მივყვეთ თანმიმდევრობით და მკითხველი რეალურად დაინახავს, რამდენი დაუდასტურებელი ინფორმაცია მიაწოდა დარეჯან მეფარიშვილმა ქეთევან ზარნაძეს.

ქეთევან ზარნაძემ აშკარად არ იცის, რომ ჟურნალისტიკაში არა რამდენიმე წელი, არამედ 1991 წლიდან ვარ „ჩანერგილი“ და ჩემი ჟურნალისტური კარიერის წლები სწორედ მშობლიურ ქალაქში გავატარე, იმ ქალაქში, სადაც ეკა ბესელიას დესანტი სამი თვეა უშედეგოდ ეძებს ჩემზე კომპრომატებს. წერილის დასაწყისში ქ-ნ ზარნაძეს არ ავიწყდება იმის აღნიშვნა, რომ ის კოდუა-ადეიშვილის მსხვერპლია და მას დაკავებისას სახლიდან მნიშვნელოვანი დოკუმენტები მოპარეს. სამჯერ ყურადღებით წავიკითხე ზარნაძის შემოქმედება და რა აღმოვაჩინე? _ ის არც ერთხელ უარყოფით კონტექსტში არ ახსენებს არც ვანო მერაბიშვილს, არც ამირან მესხელს და არც სოსო თოფურიძეს. რატომ? საინტერესოა, როგორ ახსნის ის თავად ამ ფაქტს? რაც შეეხება დოკუმენტებს, თუ ისინი რეალურად არსებობდა, სახლში რა უნდოდა? თანამდებობის პირის მხრიდან მნიშვნელოვანი მასალების გადამალვას, შემთხვევით, სისხლის სამართლის დანაშაული ხომ არ ჰქვია? ან სახლში ვინ ინახავს სამსახურიდან მოპარულ მნიშვნელოვან დოკუმენტებს? აუდიტორია, შემთხვევით, ბრმა, ყრუ და ბრიყვი გგონიათ?

მომდევნო აბზაცში ქეთევან ზარნაძემ „წამოაყივლა“ ის, რაც ასე ძალიან აწუხებს პრემიერის სიმამრს _ გელა ხვედელიძის საქმე. როგორც ჩანს, დარეჯან მეფარიშვილი საკუთარ გაზეთს არ კითხულობდა, ან სტატიების სერია, რომელსაც ამ გახმაურებულ საქმეს მივუძღვენით, ქეთევან ზარნაძეს შეგნებულად დაუმალა _ დეტალებზე არ შევჩერდები, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ „კვერცხების საქმე“ თამაზ თამაზაშვილის მიერ შეთხზული და მისი ფავორიტების _ ლაშა ამირეჯიბისა და გიორგი ფარესიშვილის მიერ აგორებული ბინძური კამპანია იყო. ეს კამპანია მიზნად ისახავდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გელა ხვედელიძის ჩამოშორებას, იმიტომ რომ თამაზაშვილს საშუალება მისცემოდა, სრულად ეკონტროლებინა ეს უწყება და თანამდებობებზე დაენიშნა ის ზონდერები, რომლებიც, მათ შორის, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, იური ვაზაგაშვილმა, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტ დავით დევიძეს ინტერვიუში უთხრა, _ გელა ხვედელიძე სამინისტროდან მოიშორესო და თანამდებობაზე დანიშნული ზონდერების სრული სიაც გადასცა. რაც შეეხება ჩემი ოჯახის წევრების დაჭერას (ვაზუსტებ: ამ სიაში ჩემი ქმარი არ ყოფილა, იყო შვილი და ძმა), ეს ინფორმაციაც თამაზაშვილის მიერ დაგეგმილი ბინძური კამპანიის ნაწილი იყო და ჩემამდე სწორედ ლაშა ამირეჯიბის მეშვეობით მოიტანეს. ასე მარტივად გაიცემა იმ „ჩამჭრელ“ კითხვაზე პასუხი, რომელიც, მისი ჭკუით, ქ-ნმა ზარნაძემ დასვა. მე არ ვიცი, მომიწევს თუ არა გელა ხვედელიძესთან ერთად პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ დაზვერვაში მასთან ერთად მშვიდად და თავისუფლად წავალ, რადგან ბოლო ორმა წელიწადმა ცხადად და მკაფიოდ გამოაჩინა ის, რომ გელა ხვედელიძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთგულებაშიც აჯობა ირაკლი ღარიბაშვილს და მადლიერებაშიც! საბედნიეროდ, თამაზაშვილის ძალისხმევაც და დახარჯული ფულიც წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. ფული რა შუაშია? მგონი, ჩვენს მკითხველს „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული ჩანაწერიდან კარგად ახსოვს _ 20000 ლარი და ახალი მანქანა, _ ეს ლაშა ამირეჯიბის აღიარებაა, რომელსაც ოცი ათასი ლარი პრემიერის სიმამრმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღწეული შეთანხმების შემდეგ გადასცა, ხოლო ახალი მანქანის ყიდვა ლაშამ იმიტომ ვერ მოასწრო, რომ ხვედელიძის წინააღმდეგ დაწყებული ბინძური კამპანია თანამდებობიდან მისი ჩამოშორებით დაასრულა! სამაგიეროდ, მანქანა სხვა პოლიტპატიმარს და სხვა საქმეზე უყიდეს (ეს ცალკე თემაა, რომელსაც სამომავლოდ დავუბრუნდებით).

ზემოთ გითხარით, _ წყარო არ გივარგათ, ქ-ნო ქეთევან-მეთქი, რადგან კოდუა-პატარკაციშვილის ფარული ჩანაწერები ყველა გაზეთში არ გამოქვეყნებულა. ჩანაწერი 2008 წელს მე გადავეცი „ალია ჰოლდინგის“ დამფუძნებელსა და რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი ბრეგვაძეს. დიდი რისკი იყო როგორც ჩემი, ისე მისი მხრიდან ამ ჩანაწერების გასაჯაროება. კიდევ ერთხელ საჯაროდ დიდი მადლობა მას ამისათვის, იმისთვისაც, რომ ამდენი წლის განმავლობაში ორივე მხარე საიდუმლოდ ვინახავდით ამ ამბავს (დარეჯან მეფარიშვილს მსგავს საიდუმლოს არც „ალიაში“ უმხელდნენ და არც „ქრონიკა+“-ში). რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის საქმეში არსებული მესამე ბილეთის აღმოჩენის ფაქტს, თქვენმა წყარომ, დარეჯან მეფარიშვილმა, ისიც კი არ იცის, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალი საქმის მასალების გაცნობის მერე სწორედ მე აღმოვაჩინე (ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დამემოწმება), მაგრამ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ  მესამე პირი, რომელიც ლონდონში უნდა გაფრენილიყო, „ოტოს“ მაშინდელი უფროსი, კოტარია იყო, მაგრამ ბადრის სახლის ადგილმდებარეობის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კოტარია ჩაწერას გარედან ვერ განახორციელებდა და ჩაწერის სრულიად სხვა გეგმა შემუშავდა. სწორედ ამიტომ მესამე ბილეთი უკან დააბრუნეს და, შესაბამისად, ნანუკა ჟორჟოლიანი ლონდონში არ გაფრენილა. რაც შეეხება კოდუების მიმართ ჩემს სიმპათიებს _ არც ერთ კოდუას არ ვიცნობ, არც ლაურა ღაჭავას ვიცნობ, ვმეგობრობ ნანუკა ჟორჟოლიანთან და ამას არც ვმალავ. ისე, ცნობისთვის -როგორც ვიცი, შორს არ უნდა იყოს ის დრო, როცა გამჟღავნდება, ვინ შეხვდა ერეკლე კოდუას ვენაში და რა გარიგებებს სთავაზობდნენ მას „ქართული ოცნებიდან“!!! აი, ამ ფაქტების გამომზეურების შემდეგ კი ნამდვილად დაგცინებთ თქვენ და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მე მაბრალებს კოდუებთან მეგობრობას.

ერთადერთი სიმართლე ქეთევან ზარნაძის წერილში არის ის, რომ ჩემი ძმა ნამდვილად ჯართის ბიზნესით იყო დაკავებული, მაგრამ არა 1996 წლიდან, არამედ 2001 წლიდან და სიმართლეა ისიც, რომ ჩემს მეუღლეს ნამდვილად გაუგრძელეს სამუშაო ვადა, რამაც, ეტყობა, ძალიან შეაშფოთა პრემიერის სიმამრი. სხვა შემთხვევაში ქ-ნ ზარნაძეს არ ეცოდინებოდა ჩემი მეუღლის ბრძანების გაგრძელების არც თარიღი და არც ვადის დასრულების დრო (წარმოიდგინეთ, მე ეს თარიღები არ ვიცოდი). არც ის ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთ რამეს კი აუცილებლად და ხმამაღლა ვიტყვი _ ჩემი მეუღლე სამსახურიდან ვანო მერაბიშვილთან პირადი დაპირისპირების გამო წამოვიდა და მეფარიშვილის დისგან განსხვავებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნანუკა ჟორჟოლიანმა მოაწყო, ნასამართლეობის ცნობების გაცემაში 300 $-ის აღების სანაცვლოდ არ გამოუგდიათ! ეტყობა, დარეჯან მეფარიშვილს თქვენთვის „გამორჩა“ იმის თქმა, რომ დედა ჟორჟოლიანის ქალი ჰყავდა და სწორედ ამ მოტივით დაუახლოვდა, თავის დროზე, ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელსაც დის სამსახურში მოწყობაც სთხოვა (გურამ დონაძის რა დავალებებს ასრულებდა მეფარიშვილის და, მათ შორის, როგორ უმალავდა განთავისუფლების ბრძანებას ერთ ჩვენს კოლეგას, რომ მას გასაჩივრება ვერ მოესწრო, ამ დეტალებს მეეფარიშვილის მიერ  დაანონსებული სერიების მერე გზადაგზა მოგახსენებთ, ისევე როგორც ვისაუბრებთ სხვა დეტალებზე, თუ რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ბაჩანა ახალაიამ დარეჯან მეფარიშვილი. იმედია, ის მაინც იცით, რომ მეფარიშვილი წინა ცხოვრებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პიარი იყო).

ჰო, გარეწარმა კოდუამ ნაცელიტის დავალებით რომ დაგეგმა თამაზაშვილის დაკავება, დაზუსტება არ იქნებოდა ურიგო, რომ ამ საქმეში ბრძანების გამცემი პირი ვანო მერაბიშვილი იყო,  თამაზაშვილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, ხოლო „კუდისა“ და „სოდის“ კურატორი და ბრძანების მიმცემი ის ამირან მესხელი გახლდათ, რომლის დავალებებსაც წლების განმავლობაში ასე წარმატებით ასრულებდა თქვენი „ანკარა“ წყარო დარეჯან მეფარიშვილი. კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც მეფარიშვილმა შემოგაჩეჩათ _ არის ის, რომ ირაკლი ფირცხალავას ოფისთან ვერავინ შემამჩნევდა, რადგან არ ვიცი, ტერიტორიულად სად მდებარეობს. დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე ირაკლი ფირცხალავა თავად იმყოფებოდა „ქრონიკა+“-ის ოფისში და სკანდალური ინტერვიუც მომცა, როგორ გააჩუქა ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამომძიებელმა შალვა ნიქაბაძემ ნივთმტკიცება იარაღი. მომიყვა სხვა ისეთი დეტალების შესახებაც, რომელიც ამ დრომდე არსად გამოქვეყნებულა. სხვათა შორის, ეს ის „ქრონიკა+“-ის ოფისია, სადაც თვეების განმავლობაში მუშაობდა თქვენი წყარო დარეჯან მეფარიშვილი და რომელსაც, გაზეთის რედაქტორის, ზურა დათუაშვილის უცხოეთში წასვლის მერე, გაზეთის რედაქტორობა უნდოდა, ხოლო ჩემი პოლიტიკაში წასვლის თარიღსაც იმ იმედით აზუსტებდა, რომ მთავარი რედაქტორის სავარძელში მოკალათებაც ჰქონდა გეგმაში. ზოგადად კი მეფარიშვილი მუდმივად ოცნებობდა უფროსობაზე. აკი სწერდა კიდეც ოფისში მის მიერ მოყვანილ დამწყებ ჯაშუშს, _ მალე შეიქმნება ახალი რამე, სადაც მე ვიქნები უფროსიო?! მეფარიშვილის საუფროსო პოსტის შექმნას რამდენიმე თვე და ნანუკა ჟორჟოლიანის საგულდაგულო ლანძღვა დასჭირდა, შეიქმნა კიდეც საინფორმაციო სააგენტო Fრომ.გე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სააგენტოს უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალების შემდეგ, წინასაახალწლო გადადგომების გამო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობა შეიცვალა და სააგენტოს დაფინანსების გეგმაც ჩაიშალა.

დაბოლოს, ქეთევან ზარნაძის რიტორიკული შეკითხვა, _ რას ამოიჩემე, ელო, მერაბიშვილი? მგონი, თავად კითხვა უკვე შეიცავს პასუხს.

ქალბატონი „ზარნაძე და კომპანია“ გაბრაზდა, რადგან მე მერაბიშვილი ამოვიჩემე!!!

რატომ ამოვიჩემე? პასუხი მარტივია:

იმიტომ, რომ მერაბიშვილი იყო ყველა იმ უზნეობის ავტორი, რაც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანაში ხდებოდა. შეგახსნებთ თქვენ და თქვენს წყარო მეფარიშვილსაც _ რომ ვანო მერაბიშვილის ცოლის დავალებას ასრულებდნენ ის არაკაცები, რომლებმაც სანდრო გირგვლიანი მხეცურად მოკლეს; ვანო მერაბიშვილთან პირადი ანგარიშებიც მაქვს _ ჩემი პოზიციების გამო ორჯერ სრულიად უმიზეზოდ დაიჭირეს ჩემი შვილი (მესამე მცდელობა თამაზაშვილს ჰქონდა) მარიხუანას მოხმარებაზე და არა მორფინისტობაზე, როგორც ამას ეკა ბესელიას ფანკლუბი ავრცელებს. ეკა ბესელიას შვილისგან განსხვავებით, ჩემი შვილი მიხეილ სააკაშვილს არ შეუწყალებია, არც ოჯახის წევრების დასაქმება მითხოვია ვინმესთვის და არც პრინციპებზე მითქვამს უარი გარიგებების სანაცვლოდ. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვწერ: არ მეშინია!!! ბუნებაში არ არსებობს კომპრომატი, რომელსაც გამომიქვეყნებთ. სხვა შემთხვევაში, ამდენი ტყუილის მოგონება არ დაგჭირდებოდათ. სადაც ჩემი მეუღლის დანიშვნის ბრძანების თარიღები მოგაწოდეს, იქ არც ჩემი „კუდთან“ თანამშრომლობის დოკუმენტების მოცემა გაუჭირდებოდათ, რადგან ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორედ თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის კლანი მართავდა და ზუსტად ვიცი, გულდაგულ აქვთ გადაქექილი „კუდის“ არქივები. არც პრემიერის ცოლისძმას დასჭირდებოდა ქუჩა-ქუჩა სირბილი და წყაროებთან შეხვედრები ჩემზე კომპრომატების მოსაპოვებლად.

ახლა რაც შეეხება ჩემს ჩიტს და იმ ინფორმაციას, რომელიც ქეთევან ზარნაძესთან დაკავშირებით მომაწოდა:

ქეთევან ზარნაძე _ ყოფილი პოლიციელი, ჩინით პოლკოვნიკი, არა მხოლოდ ნარკორეალიზატორი, არამედ ნარკოტიკების მომხმარებელიც გახლდათ. იყო შემთხვევები, როცა ზონაში არაერთხელ უნახავთ ე.წ. „ლომკაში“. ის  საკუთარი სახლიდან ყიდდა ნარკოტიკებს და 2006 წელს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა დააკავა. დაკავება მოხდა მყარი მტკიცებულებების საფუძველზე ფაქტით, _ ლიფტსა და სადარბაზოში დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერა, რომელმაც ზარნაძის მიერ ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტი დააფიქსირა. დაკავების დროს ნარკოტიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ სამუდამო პატიმრობის ნაცვლად ზარნაძეს 12 წელი მიუსაჯეს. მიუსაჯეს იმიტომ, რომ „კუდი“ მფარველობდა. მიუხედავად იმისა, რომ ზონაზე ყოფნა ეკუთვნოდა, მაიორმა ზარნაძემ პატიმრობის წლები „მალალეტკების“ განყოფილებაში გაატარა, სადაც გაფორმებული ჰყავდათ „აბსლუგად“. ვინც ციხის კანონებს იცნობს, მგონი, კარგად მიხვდება, რა კატეგორიის პატიმრებს ჰქონდათ იქ მსგავსი პრივილეგიები. მოგვიანებით, ის ახალი ბიზნესით დაკავდა _ ტელეფონები შეჰქონდა ციხეში და ყიდდა, ისევე როგორც ადმინისტრაციის თანხმობით ეწეოდა „ბაკლოსანის“ რეალიზაციას. მისი ციხის ბიოგრაფიაში არის ასეთი ფაქტი: დაუახლოვდა რა უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომელიც იყო ბაჩანა ახალაიას ახლო მეგობარი, გაატანა მას თანხა და მეორე ჯერზე დააჭერინა კიდეც. როგორც აღმოჩნდა და, მოგეხსენებათ, ციხეში არაფერი იმალება, ქეთევან ზარნაძემ სოსო თოფურიძესთან ითანამშრომლა, სანაცვლოდ ის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა, მაგრამ ზარნაძე გადააგდეს. სამაგიეროდ შეუნარჩუნეს პრივილეგიები _ იგი მუდმივად ახალ წელს ხვდებოდა დაწესებულების დირექტორის, მედიკო ალანიას კაბინეტში, სადილობდა იქვე და ხშირად თავად ტრიალებდა ციხის დირექტორის სამზარეულოში. ეს ის მედიკო ალანიაა, რომელსაც, მოგვიანებით, ქეთევან ზარნაძე წამებაში დაადანაშაულებს.

2009 წელს მოხდა ციხის ბუნტი, ბუნტამდე ერთი კვირით ადრე ზარნაძემ „ბაკლოსანის“ დიდი პარტია შეიტანა ზონაში და ბუნტის დროს პატიმარი ქალების დიდი ნაწილი ე.წ. „კაიფში“ იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია მათი არაადეკვატური მოქმედებები. ქალთა კოლონიაში ბუნტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ქეთევან ზარნაძე ზონაში არ იმყოფებოდა, სწორედ ის იყო ბრალდების მთავარი მოწმე, მან 37 ქალს დაადო ხელი და სწორედ მისი ჩვენების შემდეგ დაუმძიმდათ მათ ბრალი. მიუხედავად ამისა, ზარნაძე ისევ გადააგდეს და არ გაათავისუფლეს. 2010 წელს, რუსთავში ქალთა დაწესებულების გადასვლის შემდეგ, ზარნაძე უკვე სამედიცინო ნაწილში ცხოვრობდა. სწორედ რუსთავში, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, ტრაბახობდა ხოლმე, _ სხვენში ისეთი ფაქტი მაქვს დამალული, გავალ და ცხოვრებას ავიწყობო. ხშირად ურეკავდა სოსო თოფურიძეს, _ დროზე ტელეფონზე თანხა ჩამირიცხეთ, ნუ მიგვიანებთო! მაშინ, როცა სხვა პატიმრებს პაემნების უფლება შეზღუდული ჰქონდათ, ზარნაძესთან ნებისმიერ დროს, დასვენების დღეებშიც კი, სისტემატურად შემოდიოდნენ მნახველები, მათ შორის, ხშირად იყვნენ „კუდის“ თანამშრომლებიც. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქეთევან ზარნაძემ ვერ „დააჩმორა“, იყო პაატა ქუთათელაძე, თუმცა მას უკვე შავი მაგიით და ჯადოებით აშინებდა ხოლმე, გაგეცინათ? სხვათა შორის, მეც, მაგრამ სწორედ  „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა დარეჯან მეფარიშვილის ინტერვიუ ქეთევან ზარნაძესთან _ ჯადოქარი ვარ, ჯადოებს ვაკეთებ, „მატროსოვზე“ „ნაციონალების“ ცვილის ფიგურები მაქვს დამარხულიო. მოკლედ და მარტივად თუ ვიტყვით _ ქეთევან ზარნაძე „კუდის“ ინფორმატორი, ანუ „ნასედკა“ იყო. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ იმ „კუდის“ ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდა და „კუდსა“ და „სოდს“ შორის უწყებრივი დაპირისპირების გამო აღმოჩნდა ციხეში. ამიტომ ვერ იტანს გამორჩეულად ერეკლე კოდუას და ამიტომაც წუხს იმის გამო, რომ მე ვანო მერაბიშვილს ვერჩი.

ქეთევან ზარნაძის პატიმრობის წლების რეალურ ისტორიას „ქრონიკა+“-ის ამავე ნომერში კონკრეტული რესპონდენტი, ყოფილი პატიმარი, მაკა შეროზია მოგიყვებათ (კონკრეტული რესპონდენტი და არა წყარო). ჩემი მხრივ კი მხოლოდ ერთს დავძენ _ ვანო მერაბიშვილისა და ამირან მესხელის აგენტურა რომ მებრძვის, დიდი ხანია ვიცი, მაგრამ თქვენ რა გესაქმებათ ამ ხალხთან, ბატონო სიმამრო? რატომ ემთხვევა თქვენი და მერაბიშვილის სიმპათია-ანტიპათიები ერთმანეთს? რატომ დანიშნეთ თანამდებობაზე ის ზონდერები, რომლებიც ვანო მერაბიშვილის დროს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში იყვნენ ეჭვმიტანილები, მათ შორის, რატომ დააწინაურეთ ორჯერ ვარციხის სპეცოპერაციის ხელმძღვანელი ლევან კახიანი? რატომ ხვდებოდა „რედისონში“ თქვენი დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი ვანო მერაბიშვილის მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს? და კიდევ ბევრი რატომ, რომელიც პრემიერის სიმამრის პოსტზე თქვენს მოღვაწეობას ეხება. ეს კითხვები არსებობს და დადგება დრო, როცა მათზე პასუხების გაცემა აუცილებლად მოგიწევთ. ქ-ნ ზარნაძეს კი მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან მისი წერილის პათოსით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილისა და ამირან მესხელის გავლენის აგენტთა წრე გაცილებით დიდია და რომ ირაკლი ღარიბაშვილი, თამაზ თამაზაშვილი, ლადო ბედუკაძე და ლადო სადღობელაშვილი ერთი წრეა! თავად მას კი ვურჩევ, ჟურნალისტობას შეეშვას და ჯადოების კეთებას მიაწვეს _ მას შემდეგ, რაც „მატროსოვზე“ „ნაციონალების“ ცვილის ფიგურები დამარხა, „ნაციონალებმა“ გაძლიერება დაიწყეს, ახალი შეტევა და ახალი ენერგია აშკარად საჭიროა. რაც შეეხება ამირან მესხელის გავლენის კიდევ ერთ აგენტს _ ფაქტია, რომ მას „ქრონიკა+“-დან ინფორმაციები აშკარად მოაკლდა. პარტიის შექმნის იდეაც ძალაშია, პარლამენტის დეპუტატობის სურვილიც, მაგრამ რა გავაკეთო ბოლო დროს მინისტრობისკენ უფრო რომ მიმიწევს გული? ეს, ცხადია, ნახევრად ხუმრობით, სრულიად სერიოზულად კი, ჯერჯერობით, არსად წასვლას არ ვაპირებ. „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტთა შეკრულ გუნდს წინ ბევრი საქმე და სერიოზული გამოწვევები ელო-დე-ბა!!!

 

ელისო კილაძე