რატომ აცხადებს შიმშილობას ხაშურის „ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი?

es223

ხაშურის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი, ენგურ ნინიაშვილი, პროტესტის ნიშნად შიმშილობის აქციას იწყებს. საინტერესოა პროტესტის მიზეზი _ ნინიაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას „ოცნების“ კადრების მიზანმიმართულ დევნაში  ადანაშაულებს. „ქრონიკა+“-სთან საუბრისას ბატონი ენგური აცხადებს, რომ ხაშურს, ფაქტობრივად, „ნაციონალები“ მართავენ და „ოცნება“ მხოლოდ სახელად თუღაა შემორჩენილი. არადა, როცა ამ საკითხებზე ადრე ვწერდით, მაშინ როგორც ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი, ასევე რაიონის სხვა თავკაცობაც გვპასუხობდა, რომ ყველაფერს ჟურნალისტები ვიგონებდით. საინტერესოა, ბატონ ენგურთან ინტერვიუს გაცნობის შემდეგ ისევ ამ აზრზე დარჩებიან?

ქრონიკა+“-ენგურ ნინიაშვილი ესაუბრება:

_ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამოვდივარ მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მაგრამ განსაკუთრებული აქტიურობით 2011 წლიდან ჩაება ჩემი ოჯახი მათ წინააღმდეგ. საქმე ის არის, რომ ჩემი მეუღლე პედაგოგი იყო და რაღაც მოგონილი და თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო გაუშვეს სამსახურიდან. მთელი თერთმეტი თვე მატარეს სასამართლოებში, რათა დამემტკიცებინა, ჩემი მეუღლე უკანონოდ რომ გაუშვეს სამსახურიდან, მაგრამ ვერ მივაღწიეთ ჩვენს სიმართლეს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს. აი, ამ ფაქტორის გამო უკვე ღიად დავუპირისპირდი „ნაცებს“. მხოლოდ „ნაციონალების“ გაძევების, არჩევნების შემდეგ დააბრუნეს ჩემი მეუღლე სამსახურში.

_ თქვენ იყავით ოცნებისაქტივისტი, ხომ ასეა?

_ კი ბატონო, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ხაშურის რაიონი საარჩევნოდ ცხრა ზონად იყო დაყოფილი. მე მებარა პირველი ზონა, სადაც შედიოდა 22 სოფელი და 10 საარჩევნო უბანი. ეს იყო 1-ლ ოქტომბერს, ანუ საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. კარგად მოგეხსენებათ, რა ამბები გადავიტანეთ განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებზე, „ნაციონალებისთვის“ რომ მოგვეგო. მე სათითაოდ, კარგად შერჩეული კადრებით შევქმენი ჩემს ზონაში „ქართული ოცნების“ აქტივი, არ შევუშინდით „ნაციონალების“ რეპრესიებს და ყველაფერს მაღალ დონეზე გავართვით თავი… თუმცა აღმოჩნდა, რომ სხვისთვის ვწვალობდით და ვიბრძოდით.

_ რას გულისხმობთ?

_ დღევანდელი გადმოსახედიდან არაფერი სასიკეთო არ ჩანს. ამდენი ვიწვალე და როცა „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემი ადგილი არსად აღმოჩნდა. ალბათ, აღარ უნდათ აქტიური და მცოდნე ადამიანები. ბევრი დაგვტოვეს უმუშევარი. ამას თავი დავანებოთ, მარტო ჩემს თავზე ლაპარაკი არ მინდა. ჩვენი პრინციპი ხომ ის იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ გვერდით დავდგომოდით და მოგვეშორებინა „ნაცმოძრაობა“, ახლა ყველაფერს პირიქით აკეთებენ. უნდათ, რომ „ქართული ოცნება“ დაანგრიონ და დაშალონ ხაშურში. გვარებს რომ გადახედოთ მიხვდებით, ვინ ინიშნება.

_ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ამ დანიშვნებთან დაკავშირებით.

_ ინიშნებიან მხოლოდ დღევანდელი გამგებლის, გია გურასპაშვილისა და მისი მოადგილის, ჩხიტუნიძის ნათესავები და მეგობრები. ეს ჩხიტუნიძე ხომ საერთოდ ხაშურის რაიონის სირცხვილია! _ მარტო მკითხაობას და ჭორაობას უნდება. მხოლოდ იმის ცდაშია, თუ როგორ წაჰკიდოს ხალხი და პარტიის წევრები ერთმანეთს. თავის საძმო და სამეგობრო ჰყავს ყველგან სამსახურებში გადანაწილებული. ამ ყველაფრის გამო „ოცნების“ ჭეშმარიტ წევრებს შორის ხაშურში ნიჰილიზმია გამეფებული. ვალერი გელაშვილმა, გურასპაშვილმა და ჩხიტუნიძემ 2012 წლამდე ერთი მებრძოლი ადამიანი მაინც მაჩვენონ, ვინც დააფასეს და სადმე დანიშნეს სამსახურში. „ქართული ოცნების“ ყველა წევრი გავიდა გამოცდებზე. მართალია, თავიდან „ნაცმოძრაობის“ წევრებს ვერ ვუწევდით კონკურენციას, იმიტომ რომ მათ გამოცდილება მეტი ჰქონდათ, ჩვენზე უკეთ იყვნენ მომზადებულები და კანონები კარგად იცოდნენ, თუმცა შემდეგ მოვემზადეთ და მათ ყველაფერში ვაჯობეთ კიდეც. ამანაც არ გაჭრა. „ოცნების“ არც ერთი წევრი არსად არ დანიშნეს. რა უნდა ვქნათ, აღარ ვიცი?! „ნაცებიდან“ შემოგზავნილები არიან თვითონ და იმიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს. საბოტაჟს აწყობენ ხაშურში.

_ ვინ არის ნაციონალებისშემოგზავნილი?

_ თითქმის ყველა, ვინც დღეს რაიონს განაგებს. პირველ რიგში, ყველაზე დიდი ვირთხაა გამგებლის მოადგილე ჩხიტუნიძე. როგორც კი ხმა ამოვიღე ხაშურის რაიონში უსამართლობაზე, პირდაპირ დამემუქრა ჩემი შვილების სამსახურებიდან გამოშვებით. მას ყველგან ჰყავს ხალხი და შეუძლია ამის გაკეთება. დღეს კი, შიმშილობა რომ გამოვაცხადე, შემომთავაზეს, სადმე მუშაობას დაგაწყებინებთ, ოღონდ ჩუმად იყავიო, მაგრამ მაგათი არც სამსახური მინდა და არც არაფერი. ჩხიტუნიძე თავის კაბინეტში რომ დამემუქრა შვილებზე, ამას მოჰყვა ჩვენ შორის ხელჩართული ჩხუბი, მთელი გამგეობაა მოწმე. ეს მოხდა გამგეობაში მეოთხე სართულზე და დაცვის პოლიციამ ძლივს გაგვაშველა.

_ შიმშილობა ამ ფაქტის შემდეგ დაიწყეთ?

_ რამდენიმე დღის წინ დავიწყე შიმშილობა. მერე გავიგე, რომ კანონით არ მქონდა ადმინისტრაციულ შენობაში შიმშილობის გამოცხადების უფლება და დროებით შევწყვიტე. ეს იმიტომაც გავაკეთე, რომ 21 მარტს „ნაციონალებს“ შეკრება აქვთ და არ მინდა, მათ წისქვილზე დავასხა წყალი. ამ ეტაპზე გავჩერდი, მაგრამ 21 მარტის შემდეგ ვაპირებ, ჩავიდე ცენტრალურ ოფისში და გავაგრძელო შიმშილობა. მივმართე ვალერი გელაშვილსაც, თუ დეპუტატია და აინტერესებს რაიონის ცხოვრება, კეთილი უნდა ინებოს და ჩაერიოს ამ უსამართლობასთან ბრძოლაში. ამით დაამტკიცებს, რომ არ არის ალიანსში გურასპაშვილისა და ჩხიტუნიძის კლანთან. თუმცა ხალხს აჩვენებენ, რომ ვითომდა დაპირისპირებულები არიან.

_ მაგათ დაპირისპირებაზე თავიდანვე იყო საუბარი, როცა გურასპაშვილი პრემიერმა წარადგინა ხაშურის გამგებლად.

_ თუ მათთან ალიანსში არ არის და შეკრულები არ არიან, მაშინ ჩაერიოს, რას ელოდება? ჩემი აზრით კი არც ერევა ამ საქმეებში, რადგან გავლენის სფეროები გადაინაწილეს და ერთმანეთს ხელს არ უშლიან, თან არც ესენი რევენ ყველაფერში. ხაშურის რაიონში სიბნელეა. ეს მიზანმიმართულად კეთდება, რათა „ქართული ოცნება“ დააკნინონ და დაასუსტონ. ხომ ხართ ჟურნალისტები, გაიარეთ რაიონში და ჰკითხეთ ხალხს, თუ რა ხდება? ძალიან დაეცა „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამათ ხელში. ანადგურებენ ყველაფერს, რაც მოვიპოვეთ. ნათლად ჩანს, რომ ესენი შემოგდებულები არიან „ნაცებისგან“. ამოიღეთ ფაქტები და ნახეთ, ვინ იყო ადრე გურასპაშვილი და ვინ იყო ჩხიტუნიძე. ჩხიტუნიძე პარტიაში 2013 წლის შემოდგომაზე მოვიდა, მანამდე არ გამოჩენილა, კუდში დასდევდნენ ბაჩო ქიტიაშვილს _ „ნაცების“ დეპუტატს, „ნაცებთან“ იყვნენ ალიანსში, მაგრამ მერე მაგათ პატრონები გამოუჩნდათ.   გურასპაშვილი ამბობს, რომ მისი პატრონი ვოლსკია, ჩხიტუნიძე კი ამბობს, რომ ჩხენკელი „კრიშავს“; ჩვენ კი უპატრონოები ვართ და დაგვტოვეს ასე.

_ თქვენ პირადად გამოცდები ჩააბარეთ?

_ ჩავაბარე ერთი გამოცდა, მერე მეორეც და მესამეც, მაგრამ ვინც თვითონ უნდათ, მაინც იმას ნიშნავენ, სადაც მოესურვებათ. ნეტავ, რაღა აზრი აქვს გამოცდებზე გასვლას?!! შედით გამგეობაში და დაიწყეთ პირველი სართულიდან მეოთხემდე. ვინც იყვნენ „ნაცების“ დროს ზონდერები და კმარელები, ისევ ისინი მოიყვანეს და დასვეს ყველგან _ დაწყებული ჩხიტუნიძიდან, დამთავრებული სუხიაშვილით, რომელსაც სულ მალე გადაიყვანენ ერთ-ერთი განყოფილების უფროსად. ჯემალ გელაშვილი, „ნაცებიდან“ მოყოლებული, სულ მანდ არის და ამბობს, _ მე პატრონი მყავსო. „ნაცების“ დროს ვინც იყვნენ სამსახურის უფროსები, იგივე ხალხი მოიყვანეს. მთელი იფრასტრუქტურის სამსახური „ნაცებით“ დააკომპლექტეს, რომლებიც კორუმპირებულები და ზონდერები იყვნენ. მიდით, ნახეთ, რა ხდება გამგეობაში, ამოიღეთ ყველაფერი და მიხვდებით, რომ „ნაცები“ დააბრუნეს ყველგან და მათი ბანდა მართავს დღეს ხაშურს.

_ ხაშურის ხელისუფლება ამ ყველაფერს უარყოფს.

_ უარყოფს, მაგრამ ფაქტებს რას უშვრებიან? არჩევნების დროს სოფელ ვაყაში შეჯახება მოხდა „ნაცებსა“ და „ოცნებას“ შორის, სადაც ვალერი გელაშვილიც იყო და ეს ჩხუბი გადაღებულია. კარგად ჩანს მოჩხუბართა სახეები. ამოიღეთ კადრები და ნახავთ, რომ ის ზონდერები მოიყვანეს ხელისუფლებაში, რომლებიც „ნაციონალების“ მხარეს იბრძოდნენ და თავ-ყბას ალეწავდნენ „ოცნების“ მომხრეებს. თანაც ისეთი სისასტიკით გამოირჩეოდნენ, რომ როცა ეს შეტაკება მოხდა, ჩემს სახლში შეაფარა თავი „ოცნების“ ხალხმა, თორემ დაგვხოცავდნენ. მერე „ოცნება“ რომ მოვიდა ხელისუფლებში, ეს ზონდერები ვითომ თვალის ასახვევად მოხსნა სამსახურებიდან. ზოგი გამგეობიდან კი გაუშვეს, მაგრამ სატრაქტორო ბრიგადებში დანიშნეს, მაგალითად, მაჭარაშვილი ჯერ გამგებლის მოადგილე იყო, მერე იქ გადაიყვანეს თანამდებობაზე და ის მართავს ყველაფერს. ჩვენ კი მართლა ოცნება დაგვრჩა მარტო. მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ოცნების“ წევრი, თუნდაც ხვალვე გამრიცხონ. რაიონში მოტანილი „ქართული ოცნების“ დროშა მე მაქვს დღესაც სახლში. მე კიდევ გავალ გამოცდებზე, კიდევ ვაჯობებ მაგათ ყველას, თუმცა ეს უშედეგოდ მთავრდება.

_ დღეს რა ხდება, ხომ არ გემუქრებათ ვინმე?

_ არაფრის წინაშე უკან არ დავიხევ და ბოლომდე ვიბრძოლებ. ეგენი მუქარით ვერ შემაშინებენ. გამგებლის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე ძველი პოლიციელია, მეც იმიტომ დამემუქრა შვილებით, რომ პოლიციაში ხალხი ჰყავს. იგი არის ყველაზე ზნედაცემული ადამიანი ხაშურის რაიონში. გამგებლის მოადგილედ რომ დანიშნეს, მე და გამგებელ გურასპაშვილს მაგის გულისთვის მოგვივიდა დაპირისპირება. იგი იყო კორუმპირებული პოლიციელი, ხელს დავადებ, როცა გინდათ, ათი მანეთის გულისთვის გზაზე აცეკვებდნენ, დღეს გამგებლის მოადგილედ დაგვინიშნეს. მისმა მეუღლე ირინა ფერაძემ, რომელიც გამგეობაში მუშაობს, იაფფასიანი ფოჩიანი კანფეტებით მოსყიდულები გვეძახა „ქართულ ოცნებას“. დღეს იგი მთავარი იურისტია და, ფაქტობრივად, პარადი მიჰყავს გამგეობაში. ვიმეორებ: ჩხიტუნიძე არის მიზანმიმართულად შემოშვებული, რომ დაანგრიოს „ქართული ოცნება“! რაც შეეხება ვალერი გელაშვილს, სამართლიანობის აღდგენა ხაშურიდან უნდა დაეწყო, თუმცა ეს არ მოხდა. ჩხიტუნიძემ არჩევნების დროს ზონდერებიც კი გადამალა სურამში. რაც დღეს ხდება, ყველაფერი გელაშვილის ბრალია, არ აქცევს ყურადღებას რაიონს, საერთოდ ხმას არ იღებს არაფერზე, როცა ის გვპირდებოდა სამართლიანობის აღდგენას. რაც შეეხება ჩემს სოფელს, სადაც მე ვცხოვრობ, აქ არაფერი გაკეთებულა. შარშან „იუსაიდი“ შემოვიდა, რომელიც წყალს აკეთებდა და ნახაზები დადეს მხოლოდ.

აგრეთვე სოფელ ვაყაში არის მეწყერსაშიში ზონა _ მიწა თუ მოწყდა, ღმერთმა ნუ ქნას, ალბათ, ნახევარ სოფელს წაგვლეკავს. გამგებელი  გურასპაშვილი წინასაარჩევნოდ შეჰპირდა სოფელ ვაყას ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა მარტო „ტრუბა“ მოიტანეს, დააგდეს და მიატოვეს, ალბათ ამ „ტრუბასაც“ ჯართში ჩააბარებენ მალე. ოღონდ ხმები მიეღო გურასპაშვილს და გულკეთილი იყო წინასაარჩევნოდ, ახლა კი მოტყუებული დატოვა ხალხი. ხუთი წელიწადია, სოფლის პროგრამით კეთდება ბაგა-ბაღი, მაგრამ საშველი არ დაადგა. არჩევნების მერე არც გამგებელი და არც არავინ შემოსულა სოფელში. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროგრამებს, ხალხი საერთოდ ბაიბურში არ არის, თუ რა ხდება. სოფლის მეურნეობის წარმომადგენელი ჯემალ გელაშვილი კორუმპირებული ჩინოვნიკია, მხოლოდ ხელფასს იღებს და არაფრის მაქნისია. მარტო „ნაცმოძრაობის“ მომხრეებთან აქვს ურთიერთობა და მათ აგებინებს, თუ რა ხდება სოფლის მეურნეობის პროგრამებთან დაკავშირებით. სხვებს არაფერს ეუბნებიან. სარწყავი სისტემა გინდათ, თუ ხილის გაშენების პროგრამები, მარტო „ნაცების“ მომხრეები ჩართეს. აი, ყველა ამ საკითხში გარკვევას ვითხოვ ხელისუფლებისგან და უეჭველად მივაწვდი კიდეც ხმას, როცა 21 მარტის შემდეგ ცენტრალურ ოფისთან დავიწყებ შიმშილობას.

 

დავით დევიძე