პრემიერისა და მისი ცოლის ნათესავების „ნაციონალური“ „ოცნება“

s322

„მერე რა, რომ „ნაციონალები“ არიან, სამაგიეროდ, მუშაობა მაგათ იციან“, _ ეს სიტყვები, არც მეტი _ არც ნაკლები, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. პრემიერმა ეს ფრაზა გუბერნატორების შეკრებაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ, პრეტენზიები დააყენა, _ ადგილებზე რეგიონებში განუკითხაობაა და თანამდებობებზე „ოცნების“ წევრების ნაცვლად „ნაციონალები“ ინიშნებიანო.

ის, რომ 2012 წლის არჩევნები სააკაშვილის რეჟიმის სიძულვილმა, ბიძინა ივანიშვილის პირადმა ავტორიტეტმა და ციხის სკანდალურმა კადრებმა მოიგო, ამაზე არავინ დაობს. საპრეზიდენტო არჩევნებიც ივანიშვილის პირად დამსახურებაშია, ადგილობრივ არჩევნებზე კი ნათლად გამოჩნდა, _ კოალიცია მყიფეა, „ქართულ ოცნებას“ პარტიული სტრუქტურები, ფაქტობრივად, არ გააჩნია და პრემიერ ღარიბაშვილის ტაქტიკამ, _ საარჩევნო შტაბები ძალოვან უწყებას დაეკომპლექტებინა და გაეკონტროლებინა, _ არ გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ კალაძე შტაბის უფროსი იყო, არჩევნების თემებს შს მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზედელაშვილი ალაგებდა. არასწორად დაგეგმილ მენეჯმენტს მოყვა მეორე ტური 14 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, ქვეყნის დედაქალაქშიც. დედაქალაქის მეორე ტურში არჩეულმა მერმა კი პარტიის გენერალური მდივანი მკვახე უარით გაისტუმრა, _ მერიაში თანამშრომლებს პროფესიული ნიშნით ვარჩევ და არა პარტიული კუთვნილების მიხედვითო. „პროფესიული“ ნიშნით შერჩეულმა ნარმანიას კადრებმა თბილისის მერია სრულ ბანკროტამდე რომ მიიყვანა, მერიაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადყო. მართალია, ნარმანიამ ჯოკია ბოდოკიასთან ნაცნობობაც კი უარყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის არჩეული მერი მაინც დაინდეს _ ჯოკია ბოდოკია მანამდე დააკავეს, სანამ ის ნარმანიას ძმას შეხვდებოდა!!!

პარტიიდან ზვიად ჯანყარაშვილის წასვლის შემდეგ კახი კალაძემ პარტიული წმენდა დაიწყო და „სუსის“ მიერ რეკომენდებული კადრები ნელ-ნელა პარტიიდან გაყარა, მაგრამ, კულუარული ინფორმაციით, ამ პროცესში კალაძეც შეცდომას უშვებს _ მან პარტიული წმენდა სააკაშვილის დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ წევრს, ვინმე ბენაშვილს დაავალა. რამდენად ობიექტური იქნება ბენაშვილი მეოცნებეების მიმართ, ეს ცალკე საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა, მის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, პარტიულ საკითხებში, ფაქტობრივად, არ ერევა, მაგრამ არც უფუნქციოდ დარჩენა სურს, ამიტომ ცდილობს, საკუთარი გავლენები, რომელსაც ის, ჯერ კიდევ, ინარჩუნებს გუბერნატორებისა და ჩხენკელების მიერ რეკომენდებული გამგებლების სახით, როგორმე საჭირო გახადოს და ივანიშვილის კარზე საკუთარი პერსონის  აუცილებლობის დემონსტრირებაც მოახდინოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში პრემიერის ორი შეხვედრა გუბერნატორებთან და გამგებლებთან. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებით კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები აქტიურობდნენ, რაც შეეხება იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორებს, ისინი ბიძინა ივანიშვილის პირადი მეგობრები არიან, ამდენად, ღარიბაშვილის დაგეგმილ სცენარში, ცხადია, მონაწილეობას არ მიიღებენ. გამგებლების დიდი ნაწილი პრემიერის რეგიონული სამსახურის ყოფილი უფროსის, აკაკი ჩხენკელის მიერ არის რეკომენდებული და ბოლო მომენტში ღარიბაშვილის მხარეს დაიჭირენ თუ „ნაცების“ ბანაკში ამოყოფენ თავს, ეს კიდევ ცალკე თემაა. შეხვედრაზე გუბერნატორებს პრეტენზიები გამოუთქვამთ, _ „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციები ჩვენთან კოორდინაციაში არ მოდიან, საარჩევნო შტაბები ადგილებზე ჩვენ უნდა გავაკონტროლოთო, რასაც კახი კალაძის გაღიზიანება მოჰყოლია, _ ყველგან „ნაცები“ გყავთ დანიშნული, რომელ საარჩევნო კოორდინაციაზე გველაპარაკებითო? სწორედ ამ დროს უთქვამს პრემიერ ღარიბაშვილს ის ფრაზები, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, _ მერე რა, რომ „ნაცები“ არიან, სამაგიეროდ, მუშაობა სწორედ მაგათ იციანო.

მუშაობა რომ იციან და მერე რა, რომ „ნაცები“ არიან, _ პრემიერის ეს პოზიცია დიდი ხანია, ამ ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. სწორედ მისი და მისი ცოლის ნათესავების ხელშეწყობით მოხვდნენ მაღალ თანამდებობებზე ის პირები, რომლებიც არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ, არამედ პირადად მონაწილეობდნენ იმ დანაშაულებრივ ქმედებებში, რომელთა გამოძიებასაც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ჰპირდებოდა. ამის ნათელი დასტურია პრემიერ ღარიბაშვილის კარზე ძმები ჩხენკელების გამოჩენა. აკაკი, რომან და ლაშა ჩხენკელები წინა ხელისუფლების დროს ზურაბ ადეიშვილის ახლო გარემოცვას წარმოადგენდნენ. ღარიბაშვილის კარზე, სახელმწიფო კანცელარიაში 2013 წელს პირველი აკაკი ჩხენკელი რეგიონებისა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე გამოჩნდა, იმავე წლის გაზაფხულზე მეორე ძმა, რომანი, აჭარაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2014 წელს პრემიერის ეკონომიკურ მრჩევლად დაინიშნა, უმცროსი ძმა ლაშა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის მოადგილეა. კანცელარიაში გადმოსვლამდე აკაკი ჩხენკელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის მოადგილე იყო, რომან ჩხენკელი ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელად მიიჩნეოდა, იგი ეროვნული აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ბანკ „ქართუს“ გაკოტრების სქემის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ. 2013 წლის 20 იანვარს რომან ჩხენკელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა და პატიმრობას თავი სწორედ ამ გზით დააღწია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყოფილ პრემიერს მოქმედი რამდენჯერმე გაუფრთხილებია, _ ჩხენკელები არ გამოგადგება და ნათესავების პრობლემაც მწვავედ დაგიდგებაო… მაგრამ მოქმედმა პრემიერმა ყოფილი სახლში წასულად, საკუთარი ცოლის ნათესავებისა და „ნაცების“ მეგობრობა კი აუცილებელ პირობად მიიჩნია. ძმებ ჩხენკელებთან დაკავშირებით ექსპერტები ამბობდნენ, რომ ისინი რეალურად ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ, რომ ისინი დავალებებს აძლევდნენ მინისტრებს და ყველა მათგანს მსხვილი გადარიცხვები და ტენდერების თემა სწორედ ჩხენკელებთან უნდა შეეთანხმებინათ.

კიდევ ერთი გავლენიანი პირი, რომელიც ასევე ადეიშვილის გარემოცვად  მიიჩნეოდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილია. ზედელაშვილის დედის კუთვნილი კომპანია „სერპანტინი“ ადეიშვილის დროს წარმატებით იგებდა ტენდერებს და ასე გაგრძელდა ახალი ხელისუფლების პირობებშიც. ჯანყარაშვილს არც ისეთ ოდიოზურ პირებთან ურთიერთობაზე უთქვამს უარი, როგორიც გია უდესიანია. თბილისის საკრებულოში მომხდარი ცვლილებები და საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნა სწორედ უდესიანთან გარიგების შედეგად მოხდა (ამის შესახებ „ქრონიკა+“ თავის დროზე წერდა). გიორგი უდესიანის არა მხოლოდ ბიზნესები, ე. წ. ზონდერებიც ხელშეუხებლები დარჩნენ. სხვათა შორის, ირაკლი შიხიაშვილი „ქრონიკა+“-მა იმ პირების სიაშიც აღმოაჩინა, რომლებიც უკრაინაში დაჰყავდა ახალაიას უწყებას საპრეზიდენტო არჩევნების დროს. დღეს, პრემიერ ღარიბაშვილის წყალობით, ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანთა დეპარტამენტის შეფია, რომელსაც ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური დაფინანსება აქვს. იგეგმებოდა ამ უწყების სამინისტროდ გადაკეთებაც, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ირაკლი ღარიბაშვილმა ამდენი ვეღარ გაქაჩა.

ღარიბაშვილის გაპრემიერების მერე შინაგან საქმეთა სამინისტრო პრემიერის სიმამრის უშუალო გავლენების სფეროდ იქცა. ალექსანდრე ჭიკაიძე აღნიშნულ პოსტზე მხოლოდ ამ სტატუსით იყო დანიშნული _ უსიტყვოდ შეესრულებინა პრემიერის სიმამრის დავალებები. ისიც ასრულებდა მანამ, სანამ შვილის საფლავზე მხეცურად არ ააფეთქეს იური ვაზაგაშვილი და ჭიკაიძეს პოსტის დატოვება არ მოუხდა. ვაზაგაშვილის მკვლელობას შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა, ამ ფაქტს ქვეყანაში სრული დესტაბილიზაცია უნდა გამოეწვია, მაგრამ პროკურატურამ იმარჯვა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა, დამკვეთზე გასვლა კი მხოლოდ დროის ამბავია.

თამაზაშვილის გავლენებს რომ დავუბრუნდეთ _ სწორედ მის ცნობილ მარანში დაინიშნენ თანამდებობებზე ის პირები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სხვადასხვა მძიმე დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილები. ამის დასტურად, თუნდაც, „ქრონიკა+“-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალაც კმარა. პირი, რომელიც 1-ლი ოქტომბრის არჩევნების წინ კახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას ხელმძღვანელობდა (გამოქვეყნებულ კადრში კარგად ჩანს, რომ ლევან ცუკოშვილი მეგაფონში გაიძახის, _ ძირს ბიძინა, დამთავრდა ბიძინაობაო!), არჩევნების მერე ჯერ ყვარლის პოლიციის უფროსად დაინიშნა, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსად. თუმცა ის ერთადერთი პირი არ არის, რომელიც სამინისტროში „ნაცმოძრაობის“ გავლენებით დაინიშნა; ზვიად ჯანყარაშვილმა პოსტიდან წასვლის მერე გენერალური ინსპექციის უფროსად ირაკლი სამყურაშვილი დატოვა, რომელიც მერაბიშვილისა და ახალაიას დროს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, ასევე იყო დავით ნამგალაურის მოადგილე.  გავრცელებული ინფორმაციით, ამ დანიშვნების უკან, როგორც წესი, სოლიდური ანაზღაურება იდგა, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მაღალ პოზიციაზე დანიშვნა მხოლოდ მატერიალური საზღაურის ფასად არ ხდებოდა, ამის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, ის კომპრომატები იყო, რომელიც ყოფილმა ძალოვნებმა პრემიერის სიმამრზე ციხეში ყოფნისას მოიპოვეს.

რაც შეეხება სხვა სამინისტროებს:

ზურაბ ადეიშვილის „ლუბიმჩიკი“ და ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორი დავით შავლიაშვილი ამ დრომდე ინარჩუნებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შავლიაშვილს ფულიც ძალიან უყვარს და „კაზინოში“ სიარულიც. Uმეტესად, ესპანეთის „კაზინოებს“ ეტანება. თანამდებობის დატოვება მოუწია შავლიაშვილის პირველ მოადგილეს, ზურაბ კოპაძეს და მის ადგილას ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. ზურაბ კოპაძე წინა ხელისუფლების დროს ცეზარ ჩოჩელის ბიზნესპარტნიორი და შპს „ნატახტარის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. მგონი, დიდი მტკიცება არ არის საჭირო იმის დასტურად, რომ აღნიშნული კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო. ამ საკადრო ცვლილების ოფიციალურ მიზეზად ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის განკუთვნილი თანხების ეფექტური მართვის აუცილებლობა სახელდება. ჯავახიშვილმა დანიშვნისთანავე გააკეთა განცხადება, რომ მან ერთადერთი დავალება მიიღო, _ შესყიდების პროცესი უნდა დაიხვეწოს. ამ განცხადებამ მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ დიდი სამთავრობო ცვლილებები სწორედ ტენდერების არასწორ განაწილებას, კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებს უკავშირდებოდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ თამაზაშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი აკონტროლებდნენ.

შავლიაშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დანიშვნის მერე საგზაო დეპარტამენტის უფროსი ხდება ადეიშვილის კიდევ ერთი კადრი, ვაჟა ფანჩულიძე, რომელიც 2006-2010 წლებში თბილისის პროკურატურაში მუშაობდა. რაც შეეხება ტენდერებს, სწორედ ამ პერიოდში, მოგებული ტენდერების რაოდენობით და მოცულობით, გიორგი ზედელაშვილის დედის კუთვნილი კომპანია „სერპანტინი“ ლიდერობს. ნოდარ ჯავახიშვილის ბოლო განცხადება, _ ტენდერებზე ფული ტყდება, _ პირდაპირი მინიშნებაა, რომ „თავები დაგორდება“.

პრემიერისა და მისი ცოლის ნათესავების _ „ნაციონალური“ „ოცნების“ კიდევ ერთი დასტური „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ისტორიაა. კომპანიის მთავარი ბუღალტერი, თამარ ფხოველიშვილი, მეუღლესთან ერთად დაკავებულია და „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობასა და იმ პირების დასახელებას აპირებს, რომლებიც ფინანსურ მაქინაციებში იყვნენ გარეულები. საინტერესოა, თავად პრემიერ ღარიბაშვილის „მზრუნველი“ დამოკიდებულება ამ კომპანიისადმი. პრემიერმა 2014 წლის 19 თებერვალს გამოსცა საქართველოს მთავრობის დადგენილება #178, „სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭის შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, საბჭოს შემადგენლობაში კი  შეიყვანა: ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და კომპანიის მაშინდელი დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, ასევე პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი რომან ჩხენკელი. რა სტრატეგიული დანიშნულების იყო ეს დარგი, რომ პრემიერის ესოდენ მაღალი ყურადღება დაიმსახურა, ცოტა რთული სათქმელია, რადგან საკოორდინაციო საბჭო სამუშაო რეჟიმში მხოლოდ ერთხელ, ისიც შექმნის მომენტში შეიკრიბა, ხოლო არჩილ ცაბუტაშვილის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილედ გადაყვანის შემდეგ წყალმომარაგების კომპანიის  დირექტორის თანამდებობა ვლადიმერ ლაზარიშვილმა დაიკავა, რომელსაც ისევ ზვიად ჯანყარაშვილმა გაუწია რეკომენდაცია. ვლადიმერ ლაზარიშვილის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, საინტერესო დეტალებს წავაწყდებით: 2004-2007 წლებში ის მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, 2007-2010 წლებში ამავე სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 2010-2012 წლებში კი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტმანეტში. ფაქტია, რომ პრემიერის სანთელი მისი ცოლის ნათესავების რეკომენდაციით, რატომღაც, მხოლოდ „ნაციონალურ“ კადრებს პოულობს. წყალმომარაგების კომპანიაში გამოძიება  დაწყებულია, ბუღალტერი გამოძიებასთან უკვე თანამშრომლობს, ამიტომ გამორიცხული არ არის, კვალმა გამოძიება სწორედ პრემიერის ცოლის მამიდაშვილთან, ზვიად ჯანყარაშვილთან მიიყვანოს.

ზემოთ პრემიერის სანთელი და კვალიფიციური კადრები ვახსენეთ. ურიგო არ იქნება, თუ პირადად ღარიბაშვილის მიერ რეკომენდებული მინისტრების სიას და მათ „ნაციონალურ“ წარსულსაც  გადავხედავთ. უპრიანია, ალბათ, თავდაცვის მინისტრით დავიწყოთ _ ამ პოსტამდე მინდია ჯანელიძეს ირაკლი ღარიბაშვილმა რეკომენდაცია გაუწია 2012 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე, 2014 წელს კი თავდაცვის მინისტრად გადაიყვანა; კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოჩენამდე, პირველი ოქტომბრის „ქართული ოცნების“ გამარჯვებას მინდია ჯანელიძე საგარეო დაზვერვაში ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსის პოსტზე შეხვდა, უფრო ადრე, 2004-2007 წლებში, საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში ოპერატიული სამსახურის განყოფილების უფროსი იყო. მკითხველისთვის უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, პრემიერის სანთელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე გელა ბეჟუაშვილის კადრი იპოვა, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ძმებ ბეჟუაშვილებთან მინდია ჯანელიძეს რეკომენდაცია საკუთარმა სიმამრმა ვასილ კენკებაშვილმა გაუწია, რომელიც თეთრი წყაროს საკრებულოს დეპუტატია. 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის პოსტზე პრემიერის სანთელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფინანსებლის, გიორგი რამიშვილის, „ზარალას“ კადრი, ოთარ დანელია იპოვა. ცხადია, აქაც ზვიად ჯანყარაშვილის რეკომენდაციამ გაჭრა, დანელია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას „სილქნეთის“ დირექტორთა საბჭოს წევრისა და მონიტორინგისა და სტანდარტიზაციის უფროსის პოსტზე შეხვდა, დღეს „ზარალას“ გამოზრდილი კადრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრია.

ამავე გზით მოხვდა 2013 წელს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე გიორგი მღებრიშვილი. მის ბიოგრაფიაშია: 2004-2007 წლებში ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის გამომძიებლის, 2007-2008 წლებში თბილისის საერთაშორისო სეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსის, 2008-2010 წლებში რუსთავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის, 2010-1011 წლებში ფოთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის, 2012 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, 2012 წელს კი საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პოსტები. სწორედ ასეთ „ერთგულ“ და „პროფესიონალ“ კადრს თუ ჩააბარებდი იმ უწყებას, რომელშიც ყოველ წუთს მოსალოდნელია პროვოკაციები და სიტუაციის არევა, საიდანაც ასე ჟონავს ინფორმაციები და არა მხოლოდ ინფორმაციები, ციხის შიდა საუბრების ჩანაწერებიც კი.

პრემიერის კიდევ ერთმა რჩეულმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა, ის ცხრა წელი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში გაატარა, სააკაშვილის რეჟიმის სამსახურს შეალია _ 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ მერე, ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტით დაიწყო და 2012 წელს ამავე მინისტრის მოადგილის პოსტზე დაასრულა. ცხადია, მის არნახულ „პროფესიონალიზმს“ სანდრა რულოვსთან მისი მეუღლის, რემა ღვამიჩავას მეგობრობა და ბიზნესპარტნიორობაც  წაეხმარა.

„ნაციონალური სკოლა“ აქვთ გავლილი ორივე სახელმწიფო მინისტრს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დოლიაძე 2005 წლამდე საქართველოს საელჩოში მუშაობდა აზერბაიჯანში, 2005-2007 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო, 2007-2009 წლებში საქართველოს საელჩოში მსახურობდა რუსეთის ფედერაციაში, 2009 წლიდან 2013 წლამდე კი უკრაინაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის პოსტი ეჭირა.

დავით ბაქრაძე 2006-2008 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული სამმართველოს უფროსი, 2008-2012 წლებში ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი იყო.

ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლა დიპლომატებისა და სპეცსამსახურის მაღალჩნოსნების ცვლას არ გულისხმობს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა ხელისუფლების პირობებში თანამდებობებზე ადამიანებს არა პროფესიონალიზმის, არამედ პარტიული ერთგულების ნიშნით არჩევდნენ, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებზე და პრემიერის ცოლის ნათესავების „ნაციონალურ“ სიმპათიებზე კითხვები, ცხადია, არსებობს.

ბოლო დროინდელმა საკადრო ცვლილებებმა, რომლის უკან პირადად ყოფილი პრემიერი მოიაზრება, არა მხოლოდ პრემიერი ღარიბაშვილი, არამედ „ნაციონალური მოძრაობაც“ შეაშფოთა. მათი თავდასხმის ობიექტი უკვე გახდა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილი და ძმები მჭედლიშვილები, რომელთაგან ერთი „სუსის“ უფროსია, მეორე _ თბილისის საკრებულოს დეპუტატი. სამაგიეროდ, ოპონენტების გამოსვლებში სულ უფრო ნაკლებად ისმის პრემიერ ღარიბაშვილის გვარი. როგორც ჩანს, სცენარი, რომლითაც პრემიერის ცოლის ნათესავები და „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის არჩევნებზე პარალელურ რეჟიმში  მისვლას აპირებდნენ, ივანიშვილის ჩარევის მერე მნიშვნელოვნად შეიცვალა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორი მენეჯმენტის არჩევნები იქნება, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ რეალურად განხეთქილებაა. ამის დასტურად თერჯოლის საკრებულოს მაგალითიც კმარა _ მიუხედავად შეთანხმებისა, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას „რესპებმა“ მხარი არ დაუჭირეს, ზოგადად კი ადგილობივ თვითმმართველობებში დომინანტი ძალა სწორედ „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ არიან. მათი გაერთიანების შემთხვევაში რეგიონებში პარტია „ქართული ოცნება“ უმცირესობაში აღმოჩნდება. ამ პროცესს ვერც ღარიბაშვილის გუბერნატორები შეაჩერებენ და ვერც ჩხენკელის მიერ დანიშნული და არჩეული გამგებლები. ამას დავუმატოთ, ჯერჯერობით, გაუხმაურებელი დაპირისპირება პრემიერსა და ვიცე-პრემიერს შორის, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, სწორი მენეჯმენტის დალაგება ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების გარეშე მოხერხდეს, პარტიაში და პარტიის გარეთ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტეტია, არც კალაძეს და არც ღარიბაშვილს მოტყუებული და გადაგდებული აქტივისტები აღარ ენდობიან. შეიძლება, საქმე იქამდეც კი მივიდეს, რომ საარჩევნო შტაბების დაკომპლექტება გახდეს პრობლემა.

დაბრუნდება ბიძინა ივანიშვილი თუ არ დაბრუნდება? გაზაფხულზე, როგორც ჩანს, ამ კითხვაზე რეალური პასუხი უკვე გვეცოდინება, მანამდე კი ტენდერებისა და წყალმომარაგების კომპანიის ხმაურიანი სკანდალი გველოდება.

დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ?

აი, კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ პრემიერის ცოლის ნათესავებს. დანარჩენი, ჯერჯერობით, მათთვის  მხოლოდ ლირიკაა.

 

P.S. გაზეთი დასაბეჭდად მზად იყო, როცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სუსის“ უფროსის მოადგილედ დანიშნული ნიკა შარაძე მუხროვანის ბაზაზე იმ ცნობილ ვიდეოკადრებში ფიგურირებს, სადაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს.

 

ელისო კილაძე