ნინო კვირიკაძე: „მე ვარ, ის „თათარი ჟურნალისტი“ მანქანაში რომ მწვავდნენ!“

de444

2003-2004 წლის ე. წ. რევოლუციური ეიფორია მინავლდა თუ არა, თითოეულ ჩვენგანს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა, _ ვინ სად ვიდექით მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას განსაცდელის ჟამი ედგა და როცა ზოგს სტკიოდა „ფერადი რევოლუცია“ და ზოგს კი _ არა?!.. დღეს საქართველოში იმ მოვლენების საღად შემფასებლები, საბედნიეროდ, საკმაოდ ბევრია, თუმცა რამდენიმე წლის წინათ ამ თემაზე საუბარს ერთეულები თუ ბედავდნენ და მათ შორის იყო და არის ჩვენი კოლეგა აჭარიდან _ ნინო კვირიკაძე.

რევოლუციამდე, 2003 წლის ნოემბრის სახელმწიფო გადატრიალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ნინო კვირიკაძისთვის უკვე ნათელი იყო, რომ შევარდნაძის კარზე შიგნიდან განხორციელდებოდა რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება და დაწერილი სცენარის მიხედვით გადადგებოდა თუ არა ედუარდ ამბროსის ძე, პოსტებს დაიკავებდნენ ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი. ამ პოლიტიკოსთა ტანდემიდან, ქართველი ერის საუბედუროდ, არჩევანი მიშაზე შეჩერდა (თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მათგანი იქნებოდა? ყველაფერი მაინც დაწერილი სცენარით განვითარდებოდა)…

შევარდნაძე-სააკაშვილის „რევოლუციური შერკინება“ საქართველოში ბევრს ძალიან ძვირად დაუჯდა, მათ შორის, აჭარიდან ორ ტელეჟურნალისტს, _ თქვენს მონა-მორჩილს ირინა გოგოსაშვილსა და ჩემს კოლეგა ნინო კვირიკაძეს…

დღეს ქალბატონი ნინო „ქრონიკა+“-ს თავად მოუყვება, რა გადახდა თავს და რა ზიანი მიაყენა მის ოჯახსა და ჯანმრთელობას „ნაცმოძრაობის“ აჭარაში ძალისმიერმა რევოლუციურმა შტურმმა…

_ ნინო, იქნებ, მოგვიყვე, რა გადაგხდა თავს და სად იყავი ამდენ ხანს გაუჩინარებული? ამ შეკითხვაში კი მკითხველს ვაუწყებ, რომ ნინო კვირიკაძე გამუდმებით პირდაპირი ჩართვების რეჟიმში მუშაობდა როგორც 23 ნოემბრის თბილისის მოვლენების დროს, ისე ჩოლოქის ხიდთან მიმდინარე პროცესების პიკზე… მინახავს, როგორ გაგისწორდნენ არა მხოლოდ მომიტინგეები, არამედ კოლეგებიც კი და დღეს ვსარგებლობ შემთხვევით და აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ბათუმის უნივერსიტეტის კიბეებზე ლამის ეძინათ, აქედან დიდი სიბრალული შევუთვალო… სიბრალული არა მხოლოდ მათი არჩევანის გამო, არამედ სრულიად აჭარის გამო, რადგან რაც დღეს აჭარაში ხდება, დიდწილად, მსგავსი ჟურნალისტების დამსახურებაა.

_ ირინა, უპირველესად, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო შენ და ელისო კილაძეს, ჩემი ტრაგედიით რომ დაინტერესდით… როგორც აღნიშნე, მაშინ ძალიან აქტიური ჟურნალისტი ვიყავი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ყოველ საღამოს პირდაპირი ჩართვები მქონდა და ჩემს ხელთ არსებული მაშინდელი ინფორმაციით, რამდენიმე თვეში რომ სააკაშვილი აჭარაშიც შემოვიდოდა და ყველაზე წმინდას, ჩვენ ღირსებას გათელავდა, ამ გეგმებზე ღიად ვსაუბრობდი ტელევიზიით… მაგრამ მოხდა ისე, რომ სააკაშვილის უპირველესი მსხვერპლი ჯერ შენ გახდი, როდესაც დაგაპატიმრეს და სახლი დაგიწვეს, ხოლო შემდეგ მე და ჩვენი ის კოლეგები, რომლებსაც „ნაცმოძრაობისთვის“ აჭარაში ფიანდაზი არ დაგვიგია… როდესაც 2003 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის შენობაში ვარდებით ხელში შეიჭრა ფსიქიკურად აშლილი, ზომბირებული და ნარკოტიკებით გაბრუებულთა ჯგუფი, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. რასაკვირველია, ჩვენი ოპერატორები ამ ყველაფერს კიდეც იღებდნენ, მაგრამ პარლამენტიდან უკვე მოედანზე გამოსული, აჟიტირებული ხროვის დარტყმის მიზანი აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ჩართვების მანქანა თუ გახდებოდა, ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი. არასდროს დამავიწყდება თვალებგადმოცვენილი ორი `კმარელის” სახე, რომლებიც ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ: დაამწყვდიეთ ამ მანქანაში ის თათარი ჟურნალისტი, უნდა ამოვწვათო!.. ისეთ ხმაზე გაჰკიოდნენ, რომ ამ ამაზრზენ სცენას მაშინ ბევრი შეეწინააღმდეგა კიდეც, მაგრამ ზოგი შორიდან რომ უკრავდა ტაშს და „თათარი ჟურნალისტის“ მანქანაში გამოწვას რომ ეთანხმებოდა, ამან სულ გამაგიჟა… იმ საშინელ წუთებში მაშინ ზაქარია ქუცნაშვილმა გადამარჩინა, არც კი მახსოვს ყველა დეტალი, მაგრამ ვიღაც რომ ყვიროდა, _ ბიჭო, მანქანას რას ერჩი, მაგარი რამეა, „რუსთავი 2“-ს გამოადგებაო! _ მაშინვე უკან მოვიხედე და დავინახე, რომ პირდაპირი ჩართვის მანქანაში კაბელები სულ გარეთ იყო გადმოყრილი და გლეჯდნენ!.. აი, იქიდან დაიწყო დევნა, ვერ მალავდნენ ზიზღს და ღიად მოდიოდა ჩემზე საოცარი ზეწოლა, სატელეფონო ზარებზე უკვე აღარაფერს ვამბობ, იყო მუქარა არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებზე და ჩემს შვილებზეც კი… ვიდრე ვარდებით დატვირთული ვაგონი აჭარას მოადგებოდა, ბევრი სიმწარე ვიწვნიე საკუთარ თავზე. ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს მიკროფონით ხელში მოვლენების დასაფიქსირებლად მე და ჩემი რეჟისორი, ვახტანგ თოდუა, სრულ ვანდალიზმში მოვყევით: ვერც კი შევამჩნიე, აქციის ერთ-ერთმა აქტივისტმა როგორ გამომგლიჯა მიკროფონი ხელიდან და ხუთჯვრიანი დროშის ტარი როგორი გამეტებით დამიშინა ხელისა და ფეხის თითებზე. სიმწრისაგან აღარ ვიცოდი, ჩავკეცილიყავი და ბრბოს გასათელი გავმხდარიყავი, თუ როგორც შემეძლო, ისე დამეტოვებინა იქაურობა!.. ყველა სახე სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში! ვიცი, ვინც არიან ის ბიჭები და, სხვათა შორის, ერთ-ერთი ახლა ციხეშია… 2004 წლის აჭარის მოვლენები ბათუმის რკინიგზის სადგურშიც საბედისწეროდ შემოგუგუნდა… ყველას ვარდი ეჭირა ხელში, სტუმარსაც და მასპინძელსაც, გეგონებოდათ, ვარდი აჭარის სავიზიტო ბარათიაო… ირეოდნენ ქუჩებში, უფრო ცელქები და მოხერხებულები სახლის სახურავებიდანაც გადმოჰყურებდნენ გავარდისფერებულ ქალაქს და ყველგან ვარდი იყო, _ წიგნის გარეკანზე, გაზეთში, ვარდი სილაში, ვარდი ჩინოვნიკის კაბინეტში და რაღა ბევრი გავაგრძელო, 2004 წლის 6 მაისს ბათუმის სამშობიაროში რამდენი გოგოც დაიბადა, ვარდო დაარქვეს… „დემოკრატობანას“ სპექტაკლიც „ვარდობასთან“ იყო გაიგივებული და იგი აჭარაში უმალ შედგა. მთავარ როლებში ერთ მხარეს ვარდის სურნელით გაბრუებული ხალხი იდგა, მეორე მხარეს კი ძალოვნების ჯალათები და ე. წ. ხელისუფლების სალამურზე მოცეკვავე მედიის წარმომადგენლები. მათი მუქარის სიტყვები ჩემ მიმართ გველივით ამოიკლაკნებოდა ხოლმე სატელეფონო ხაზებზე, არადა, ყოველი მეორე ჩამშვები იყო, ყოველი მესამე _ ფარისეველი და მკვდრადშობილი ახალი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ასეთების გვერდით ყოფნით გაეხანგრძლივებინათ ჩემი კუთხის დასასრულის დასაწყისი… გასაკვირი იყო მათი უტიფრობა, საარაკო იყო ძარცვისადმი მათი დაუოკებელი ჟინი, საკუთარი ქვეყნის აოხრებისა და ნელი მოქმედებების ნაღმების დადების, ასევე დაუოკებელი მუხანათური ზრახვები და როდესაც ჩოლოქის ხიდის ამფეთქებლები თავად იყვნენ და მე ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ჩოლოქის ხიდის ჩართვისას ღიად დავარქვი ყველაფერს თავისი სახელი, აი, მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო და მე, ჟურნალისტი ნინო კვირიკაძე, მაშინ მომნიშნა „ნაცმოძრაობამ“ და მინდა გითხრა, რომ ჩემი მისამართით თავისი საზარელი ზრახვები განახორციელეს კიდეც. გიჟად და სამშობლოს მოღალატედ შემრაცხეს, არადა, შენც ხომ კარგად იცი, ირინა, რომ ჩოლოქის ხიდი „ნაციონალებზე“ მიმხრობილმა და დღეს კი აჭარის ხელისუფლებაში მოკალათებულმა ყოფილმა „კმარელებმა“ ააფეთქეს?!.. ეს ვანდალიზმი რომ „ნაციონალებმა“ თავად ჩაიდინეს, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მაშინ მათ რკინის კონსტრუქციის ხიდი აფეთქებამდე უკვე მზად ჰქონდათ და მაშინვე შეუდგნენ მის ტრანსპორტირებას და შემდეგ უკვე მონტაჟს!.. საბედნიეროდ, დღეს თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანაგუნდელები და სააკაშვილის იდეის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ის, რაც აჭარაში მოხდა, არის სააკაშვილის რეჟიმის ნაყოფი და იმასაც ღიად აფიქსირებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა აიკრძალოს! „ვარდების რევოლუციის“ სიკეთის მომტანი მითი აჭარაში მაშინ დაიმსხვრა, როდესაც „რევოლუციის“ ბელადმა ზღვის წყალი სახეზე შეისხა და საქვეყნოდ განაცხადა, _ აჭარა დავიბრუნეთო!.. არადა, აჭარა ახლაა დასაბრუნებელი, ყველამ ვიცით ეს, იმიტომ, რომ ქართულ სულსა და ქართულ მენტალობას დიდი საფრთხე ემუქრება და ათიათასობით თურქის აჭარაში ჩამოსახლებამ მხოლოდ მე კი არა, ძალიან ბევრ აჭარელს დაუფრთხო ძილი!.. ჩვენში მამაპაპურ ტრადიციებს ძალიან უფრთხილდებიან, უფრთხილდებიან ჩვენს სათაყვანებელ ქართულ ენას და როგორც ჩვენი მიწა-წყლის უცხოელებზე გასხვისებას ვაპროტესტებთ, ისე დღეს აჭარის ხელისუფლებაში მოკალათებული ჩვენივე აჭარლების უნიათობასაც ხშირად წინ აღვუდგებით ხოლმე…

_ ნინო, ისეთი აქტიური ჟურნალისტი იყავი, ძნელად თუ წარმოვიდგენდი, რომ ტელევიზიას ასე მალე შეელეოდი, არადა, როგორც მახსოვს, ერთ დროს სახალხო მოძრაობასაც ჩაუდექი სათავეში და იმ საქმიანობას რატომ მიანებე თავი?

_ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხალხთან ყოველთვის ახლოს ვიყავი… შენც გახსოვს და ყველას ემახსოვრება, რომ ყოველთვის მათი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი სიუჟეტები მქონდა მომზადებული აჭარის ტელევიზიისთვის. მათთან ურთიერთობის ფონზე მალე ის უფსკრულიც დავინახე, რომელიც ვარდებით მოსულმა ხელისუფლების მომხრეებმა ხელოვნურად შექმნეს ჩემსა და იმ ადამიანებს შორის, ხალხი გაორდა. იმ პერიოდში დატრიალებულმა მოვლენებმა მაგრძნობინა, რომ ჩემს თანაქალაქელებს და, ზოგადად, აჭარის მოსახლეობას შიშმა და გაორებამ სძლია… ჩემი საქმიანობა არც აჭარის ტელევიზიაში მოსწონდათ და ახლა მივადექი იმ თემას და იმ პრობლემას, რომელიც აჭარის ტელევიზიამ შემიქმნა და ეს კარი მიხეილ სააკაშვილის და მისი დამქაშების მეშვეობით სამუდამოდ ჩამირაზეს!..

რის საფუძველზე გამიშვეს მაშინ სამსახურიდან? რას ნიშნავდა 99-ე მუხლის IV პუნქტის ჩემთვის ბრალად წაყენება?!. წლების განმავლობაში ვცდილობდი და დღემდე ვარკვევ, რა იყო მიზეზი სამსახურიდან ჩემი დათხოვნისა, თუმცა ჩემთვის მიზეზი იმთავითვე ცნობილი გახლდათ. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმჟამინდელი ხელისუფლებისა და დღეს რომ აცხადებენ, პოლიტიკური ნიშნით ვიდევნებითო, ჩვენ რა, პოლიტიკური სიყვარულით გაგვისტუმრეს მაშინ პროფესიულ სასაფლაოზე?!. აქედან გამომდინარე, მე ყოფილი ტელედეპარტამენტის ხელმძღვანელს, მერაბ კარანაძეს განვუცხადე, რომ ის აუცილებლად აგებდა პასუხს სამსახურიდან ჩემ დათხოვნასთან დაკავშირებით, ოღონდ არა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას, რადგან არაერთხელ მომისმენია სააკაშვილისგან, _ რა გახდა ეს აჭარელი ჟურნალისტი, რით ვერ აჩერებთო?!.

_ მაგას მეც ბათუმელი ვეგონე, მაგრამ „ლიმონკებივით“ რომ დავულაგებდი ხოლმე მათზე გადაღებულ უამრავ ფაქტს, თურმე, ასე ამბობდა, _ კაცო, ეს ხომ თბილისელია, ჩვენ რატომ გვიპირისპირდებაო?!.

_ იცით, რომ მე ფართოდ ვაშუქებდი იმდროინდელი ოპოზიციური ძალებისა და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების დებატებს, მქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც მაშინდელი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ, სტუდიაში მომიტანა ფოტომასალები, რომლებიც ასლან აბაშიძის წინააღმდეგ როგორც კომპრომატი, ისე იყო გადაღებული. მაშინ მე ეს კადრები პირდაპირ ეთერში გავუშვი. როგორც ჟურნალისტი, მზად ვიყავი, პოლიტიკური მოვლენების ნებისმიერი შტრიხი გამეშუქებინა და ფეხდაფეხ მივყოლოდი ყველა იმ პროცესს, რომელიც მაშინ საქართველოში ვითარდებოდა. აჭარის ტელევიზიიდან ჩემი განთავისუფლების შემდეგ მუშაობა დავიწყე „ჯორჯიან თაიმსში“ აჭარის რეგიონის სპეციალური კორესპონდენტის რანგში და დეტალურად ვაშუქებდი აჭარაში მიმდინარე პროცესებს. თუმცა აქაც სერიოზული დილემის წინაშე აღმოვჩნდი მაშინ, როცა დაიბეჭდა ჩემი სტატია სათაურით: „ლევან ბლუ და მურმან ყრუ“… ამ წერილმა საშინელი რეაქცია გამოიწვია აჭარაში, რადგან მასში მოთხრობილი იყო აჭარის ხელისულფების მარიონეტულ უმოქმედობაზე, თავად სტატია კი გაჯერებული იყო ფაქტებით, სადაც ჩემი რესპონდენტები ღიად ამტკიცებდნენ და ამყარებდნენ ჩემ მიერ წარმოდგენილ ფაქტებს. აი, ამ წერილის შემდეგ დაიწყო ჩემზე, როგორც ჟურნალისტზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლაც, „კმარელების“ სახლში შემოვარდნაც, სახლთან დახვედრები, გარჩევები, მუქარები და ა. შ. მეტიც, თავად ლევან ვარშალომიძის დედამ დამირეკა და უკანასკნელი სიტყვებით დამემუქრა, ხოლო მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩინოვნიკები კი შვილების ამოხოცვით მემუქრებოდნენ! ამ ყველაფერმა ისეთი დაუცველობის შეგრძნება გამიჩინა, რომ ერთადერთ გამოსავლად არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობის წინაშე დავდექი და მაშინ ჩემი ახალდაარსებული ორგანიზაცია „სახალხო მოძრაობა _ მომავლისთვის“ სულ მალე 5000 წევრს ითვლიდა, ვაწყობდით მიტინგებს ყველა შეუსაბამო ფაქტთან დაკავშირებით და ჩვენი პროტესტი პიკსაც აღწევდა მაშინ, როდესაც აჭარაში მნიშვნელოვანი ტერიტორიების გასხვისება იწყებოდა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება: ჩვენი მიტინგების ამსახველ ფაქტებს აქა-იქ ბეჭდური მედია კი აშუქებდა, მაგრამ ჩემი კოლეგები, ვისთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი აჭარის ტელევიზიაში, არც ერთ საპროტესტო აქციას არ აშუქებდნენ და სათოფეზეც არ გვეკარებოდნენ!

2006 წლის 2 სექტემბერს ქედის რაიონის ერთ-ერთ სოფელ აბუქეთაში ავედით. იქამდე ვიცოდი, რომ სააკაშვილსა და ვარშალომიძეს ჩვენ წინააღმდეგ რაღაც პროვოკაცია ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ იმას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ტრადიციებით სავსე აჭარაში ასეთ რამეს გაბედავდნენ! კერძოდ, სადაც შევჩერდით, იმ სახლს სპეცრაზმი შემოარტყეს და აჭარის პოლიციის მაშინდელმა შეფმა ასლან შარაბიძემ და გამომძიებელმა გაბრიელ ბაჯელიძემ გამომიცხადეს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოსდა, ამ ოჯახში მყოფი სტუმრები, ანუ მე და დანარჩენები, ვაპირებდით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას!.. ვიდრე ამ ყველაფერს ვაპროტესტებდი, ყოველგვარი ოქმის გარეშე გაჩხრიკეს სახლი და ამოიღეს 80 ცალი „აკმ“ ტიპის ტყვიები. ოჯახის პატრონმა, რევაზ ბერიძემ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ვისი დადებული იყო ის ტყვიები, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და ამ ვაჟკაცური ჟესტით უკიდურესად დაძაბული სიტუაცია გაანეიტრალა… მის ამ ნაბიჯს, ალბათ, დღემდე ვერ პატიობენ აჭარელი სამართალდამცველები, რადგან მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რევაზ ბერიძეს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ჰქონდა ცნობა თავისი ჯანმრთელობის შესახებ და ამიტომ ვერ დააკავებდნენ!.. ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში და არ ვიცი, ეს გამართლება იყო თუ ბედის გაფრთხილება? ხომ შეიძლებოდა, შემდეგ უკვე ჩემს სახლში აღმოეჩინათ „აკს“ ტიპის ავტომატი და ათასგვარი ნაღმი?!. მებრძოლი კი ვარ, მაგრამ ქალი ვარ და შვილები მყავს, ამიტომ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ საქართველოდან აუცილებლად უნდა წავსულიყავით მე და ჩემი მეუღლე…

_ საზოგადოებამ, ალბათ, არ იცის, რომ შენი მეუღლე ჯემალ გოგიტიძის ალალი ძმაა…

_ არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო „აჭარა პ.ს.“-ის რედაქტორს, რომელმაც ამ ამბების შემდეგ სასწრაფოდ მოიწვია პრესკონფერენცია და დაგმო ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტზე მსგავსი ძალადობები. რამდენიმე დღეში მე და ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ გადავიპარეთ, კერძოდ, საბერძნეთის კვიპროსის კუნძულზე, სადაც მონური შრომის ფასად ლუკმა-პურის ფულს ვშოულობდით. სწორედ იქ დავკარგე ჩემი ჯანმრთელობა, აღარ მაქვს ცალი თირკმელი, დამემართა შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ემოციების ფონზე კატასტროფულ მაჩვენებელს აღწევს, გავიკეთე არაერთი ოპერაცია… ერთი სიტყვით, პირადად გავხდი სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის ჯანმრთელობადაკარგული მსხვერპლი!!! „ნაცმოძრაობა“ ყველანაირად შეეცადა და კიდეც აკეთებდა, რომ ჩემთვის, როგორც ცნობილი ჟურნალისტისთვის, აეყარა პატივი, შეელახა ჩემი თავმოყვარეობა და ღირსება, გამსწორებოდა ფიზიკურად და გავენადგურებინე მორალურად და ეს იმ დროს, როდესაც ჟურნალისტ ქალს იმ დროისთვის უკვე სამი შვილი მყავდა და არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთლიანად ჩემი ოჯახის ამოწყვეტის საშიშროება იდგა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მაშინვე დავიწყე ზრუნვა, რომ სასწრაფოდ დაწყებულიყო გამოძიება და სააკაშვილსა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს ეგოთ პასუხი ჩემი, როგორც ჟურნალისტის რეპუტაციისა და პატივის შელახვის გამო, აღედგინათ ჩემი დაკარგული უფლებები და მორალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით სახელმწიფოს გარკვეული თანხა გადაეხადა. რა სტადიაშია ახლა გამოძიება და რა ხდება დღეს, ალბათ, თქვენც გაინტერესებთ… ხდება ის, რომ პროკურატურაში წელავენ და წელავენ ჩემს საქმეს, არავინ ეკითხება ტელევიზიის იმჟამინდელ იურისტ ტუნაძეს და თავმჯდომარე კარანაძეს, რის საფუძველზე გამათავისუფლეს აჭარის ტელევიზიიდან?.. დღეს ტელევიზიის მოქმედ თანამშრომლებს ძალზე საინტერესო ჩვენებები აქვთ მიცემული გამოძიებისთვის, მაგრამ მერე რა? მე მინდა ვკითხო პროკურორ მურვანიძეს, _ თუკი არსებობენ მოწმეები, წარმოდგენილი მაქვს ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობები და თავად მე, ნინო კვირიკაძე, რომელიც ვადასტურებ და ვეუბნები, რომ თავი და თავი ჩემი განთავისუფლებისა მაშინდელი ხელისუფლებიდან მოდის, რა უნდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანას?!. ხომ ყველამ ვიცით, რომ არც არაფერი, გარდა პოლიტიკური ნებისა, რომელიც დღესდღეობით არ არსებობს?!. ნურავინ იფიქრებს, რომ იმ დანაშაულებათა ვრცელ ჩამონათვალს ვინმეს ვაპატიებ, არც იმ შეურაცხყოფის კორიანტელს, რომელიც ჩემ მიმართ განხორციელდა, ვინმეს შევარჩენ!.. ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩემმა შვილებმა უნდა ნახონ, რომ სამართალი ზეიმობს და ვინც მათ დედას განაჩენი გამოუტანა, ისინი უნდა დაისაჯონ!..

საქართველოში დაბრუნებისთანავე შევიტანე სასამართლოში სარჩელი აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ და მოვითხოვე ოფიციალური პასუხი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზების შესახებ. როდესაც საქმე მოწმეების დაკითხვამდე მივიდა, აჭარის ტელევიზიამ წარმოადგინა ე. წ. სასარჩელო განცხადება ჩემი ხელწერილით, რომელიც თარიღდებოდა 2004 წლით, თითქოს, მე ოდესმე მივმართე სასამართლოს და თურმე ეს პროცესი წამიგია. ეს ჩემთვის ისეთი შოკი იყო, რომ არა ჩემი ადვოკატი, ალბათ, უკიდურესობას მივმართავდი და მთავრობის სახლის წინ პროტესტის ნიშნად თავს დავიწვავდი, რადგან არანაირი სარჩელი მე არ დამიწერია და არც სასამართლოსთვის მიმიმართავს, ვინაიდან კარგად ვაცნობიერებდი, რომ იმ პერიოდში აზრი არ ჰქონდა ჩემს ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ!.. გასაკვირი ის არის, რომ აჭარის ტელევიზიის მიერ წარმოდგენილ „ფაქტს“, თითქოს მე სასამართლო წამიგია, თურმე მე ვაწერ ხელს! სწორედ ამიტომ მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე სასარჩელო განცხადების კალიგრაფიული ექსპერტიზა. აჭარის შსს-ს ექსპერტმა ნინო ბოლქვაძემ, როგორც მოსალოდნელი იყო, გაურკვეველი დასკვნა დადო და ამ თვითნებობის გამო იძულებული გავხდი, აღნიშნული დოკუმენტი ექსპერტიზაზე თბილისში გადმომეგზავნა. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად გაირკვა შემდეგი, რომ აღნიშნული ხელმოწერა არ მეკუთვნოდა მე, ანუ ნინო კვირიკაძეს და, ფაქტობრივად, ამით დადასტურდა ის ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ჩემი ხელწერა პირადი ზემდგომი ჩინოვნიკების მითითებით გააყალბა!!!

_ უფ, აჭარის ტელევიზიაში იმ წლებში ბევრი რამ ხდებოდა, ჩემო ნინო, ხელწერის გაყალბება იმ ყველაფერთან შედარებით უმნიშვნელო კრიმინალია…

_ მე ვარ მსხვერპლი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებისა! ვიდრე ამ საქმეს და ჩემ მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს ბოლომდე ფარდას არ ავხდი, იქამდე არ გავჩერდები! ამის იმედი ჰქონდეთ როგორც ჩვენს პროკურორებს, ასევე ყველა იმ უწყებას, რომელსაც პირდაპირ ევალება, ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ქვეყნის დემოკრატიულობაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუკი ამ ქვეყანაში ჟურნალისტს სასიკვდილოდ წირავენ და შენ კი იცი, ჩემო ირინა, რომ სიკვდილს მე რამდენჯერმე გადავურჩი! ამიტომ, ნება იბოძონ პროკურორმა მურვანიძემ და დანარჩენებმა, ჩემი საქმე ბოლომდე მიიყვანონ და სამართალს აზეიმებინონ. დიდი მადლობა თქვენს გაზეთს, რადგან არც ერთმა გაზეთმა არ გააშუქა არც მაშინ და არც ახლა ჩემი, როგორც ჟურნალისტისა და ოჯახის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები… კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და იმედი მაქვს, რომ თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუს შემდეგ მაინც მომაქცევს ყურადღებას პროკურატურა და სამართალი იზეიმებს!!!

 

ირინე გოგოსაშვილი