შალვა ნათელაშვილი: „მსოფლიო მრეწველობას ჯერ არ გამოუგონია ისეთი ქამარი, ხადურის ღიპს რომ შეამცირებს!“

wddd

მას შემდეგ რაც საქართველოში ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურების პროცესი დაიწყო, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ბიძინა ივანიშვილსა და ქართველ მილიარდერებს მოუწოდებს, ბიუჯეტს საკუთარი სახსრებით დაეხმარონ და ქვეყანაში პროცესების გაჯანსაღებას ხელი შეუწყონ. ლარის გამყარებას ხელისუფლება „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკით ცდილობს.

რას ფიქრობს, სად ხედავს გამოსავალს შალვა ნათელაშვილი? „ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური ინტერვიუ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან:

_ როგორც ამბობენ იმედი ბოლოს კვდება. ნებით თუ არ გააკეთებენ იმას, რასაც მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილსა და ქართველ მილიონერებს, როცა ხელისუფლებაში მოვალთ, ოფიციალურად მივიღებთ კანონს და ვაიძულებთ, ასე მოიქცნენ. ამგვარად მოიქცა საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელი და პრეზიდენტი ორლანდი. აქაც დაწესდება სიმდიდრის გადასახადი და მილიონერების თანხებიდან პროცენტი გადაირიცხება ბიუჯეტში იმისთვის, რომ ლარს აღარ შეექმნას კატასტროფული საფრთხეები. ახლა ამას იწვევს ქვეყნის პოლიტიკა. ოფიციალურად გაცხადებული 130 ქართველი მილიონერი სწორედაც რომ ჩვენი პოლიტიკისა და კრიმინალის მეშვეობით გახდა მდიდარი.  ამიტომაც ლარის კრიზისის დროს მათ უფრო ეკუთვნით ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულის გადახდა და საკუთარი ქვეყნის თანადგომა, ვიდრე ფრანგ მილიარდერებს, რომელთაც კანონიერად აქვთ შეძენილი სიმდიდრე. მსოფლიოში ამ მიზნით სპეციალურად შესატანი თანხის სამი მოდელი არსებობს: ერთი მოდელია ანგლოსაქსური, რომელიც არის დაუწერელი, თუმცა დაწერილ კანონზე უკეთ სრულდება. ამ დროს სიმდიდრის 10 პროცენტი იხარჯება ქველმოქმედებაზე. ცუკენბერგმა რამდენიმე თვის წინ ნიუჯერსის შტატში ნიუარქის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესწირა 500 მილიონი დოლარი; დუტიფრიების მფლობელმა ჩარკინმა კი ქონების ნახევარი დახარჯა საქველმოქმედო მიზნებისთვის; ბილ გეიტსი თავისი მოგების ნახევარს ხარჯავს განათლებასა და უპატრონო ბავშვების დასახმარებლად;

მეორე ფორმა გულისხმობს კანონის მიხედვით სიმდიდრის გადასახადის გადახდას, რითაც ქვეყანაში მიიღწევა ფინანსური სტაბილიზაცია;

მესამე ფორმა ჩვენმა ძმებმა, ებრაელებმა მოიგონეს: ისრაელში არსებობს ისრაელის განვითარების ფონდი, რომელიც მთელ მსოფლიოში მცხოვრები ებრაელი მილიონერებისგან აგროვებს ფულს. სწორედ ამ ფონდმა გააძლებინა ისრაელის სახელმწიფოს მტრულ ისლამურ გარემოცვაში. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ამ გზას ვერც ჩვენ ავცდებით. ზოგიერთი რომ იცინოდა ჩვენს ლოზუნგზე, _ მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევო, ახლა მაინც ხომ ნახეს, რა მძიმედ დაუჯდა ეს სიცილი ქვეყანას! თვალნათელია, როგორც გამდიდრდნენ ისედაც მილიარდერი ბანკები და როგორ გადაიარა ამ პროცესებმა ღარიბებისა და საშუალო ფენის მხრებზე. იმედია, ახლა მაინც გაიგებენ ამ ლოზუნგის სისწორეს. მაშინაც მხედველობაში გვქონდა მილიონერების მიმართ სპეციალური რეჟიმის დაწესება და არა საშუალო და წვრილი ბიზნესის დაჩაგვრა, ან მათთვის რაღაცების წართმევა. ეს არის მსოფლიო განვითარების გზა და საქართველოც აუცილებლად მივა აქამდე. არ შეიძლება მოსახლეობის 98 პროცენტი შიმშილობდეს და 2 პროცენტს ჰქონდეს კომუნიზმი და სამოთხე. ცნობილი გამოთქმაც არის, მილიონერები ათეულობით ადამიანის გაღატაკების ხარჯზე ხდებიანო და ეს სინამდვილეში ასეა. ბალანსირებულია ყველაფერი: ერთი ბედნიერია და მეორე _ უბედური, ერთმა დაკარგა _ მეორემ იშოვა, ერთს წაართვეს _ მეორემ შეიძინა.

_ იმის თქმა გსურთ, რომ ქართველი მილიარდერები და მილიონერები ათეულობით ქართველის გაღატაკების ხარჯზე გახდნენ? გამდიდრების სხვა ფორმა არ არსებობს?

_ როდესაც სსრ კავშირი დაიშალა და გზაზე ეყარა ფული, ქონება, ქარხნები, ფაბრიკები, მას ეცა „მოქალაქეთა კავშირი“, „მხედრიონი“, „ავაზა“, ათას უბედურებაში გაწევრიანებული ხალხი და ეს ქონება მიითვისა. ზოგმა ეს გააკეთა ავტომატით, ზოგმაც სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით. იმ დროს წარმოიშვნენ ჩხარტიშვილები, ხაზარაძეები, ჭყონიები, ლეკიშვილები, ბურჯანაძეები. ეს იყო მაფიოზ-მილიონერთა თაობა, რომელთაც კრიმინალურ სახელმწიფოს ჩაუყარეს საფუძველი. მათი მამა და მარჩენალი იყო ედუარდ შევარდნაძე. ისინი ერიდებოდნენ პოლიტიკაში პირდაპირ ჩარევას და მას გარედან უტრიალებდნენ, თუმცა შვეს ახალი თაობა, რომლებიც არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკით გახდნენ მილიონერები და მილიარდერები. ასეთები არიან თოფაძე-ტყემლაძე, რომელთაც ყოველი არჩევნების შემდეგ, მინიმუმ, 10 მილიონამდე ქონება დაითრიეს და გადასახადები ჩამოეწერათ. ესენი არიან ტიპური პოლიტიკური ჩარჩ-ვაჭრები. მათი შემდგომი, უფრო ახალგაზრდა თაობაც არანაკლები ქორია:

გოგი ლიპარტელიანი ლენტეხში არის უცვლელი მაჟორიტარი. ჩინეთში მაო ძედუნია უცვლელი და ეს _ აქ. ის ფლობს „რომპეტროლს“. ხალხი რომ ითხოვს, ბენზინის ფასებმა დაიწიოსო, როგორ დაიწევს, როცა თვითონ ზის პარლამენტში და ის როგორ დაუშვებს კანონის მიღებას, რომელიც ხალხისთვის ბენზინის ფასს მისაღებს გახდის? მეორე ნავთობმაფიოზი არის ამბროლაურის დეპუტატი, ვინმე ენუქიძე, რომელიც ჯერ „ნაციონალებში“ იყო, მერე კი ივანიშვილმა იყიდა, რათა უმრავლესობა შეევსო და ახლა მათთან გადავიდა; ასევეა ფარმაცევტული კომპანია „პსპ“-ს მფლობელი, წამლებით და ჩვენი სიცოცხლით მოვაჭრე კახა ოქრიაშვილი, რომელიც ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატია; ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც, ჩემი ინფორმაციით, 800 მილიონი გაიტანა საქართველოდან. იგი არჩევნების წინ გამოჩნდება, გაითამაშებს პოლიტიკურ „ტრიუკს“ და ამით ფული მისდის; პოლიტიკოსობა კი მათთვის ხელშეუხებლობის გარანტია;

იგივე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ოჯახიანად პოლიტიკაში ვაჭრობს. საკუთარ მამას 30 მილიონის გადასახადი ჩამოაწერა; ზურაბ ნოღაიდელს შიმშილით სული სძვრებოდა. პარლამენტში გარკვეული პერიოდი მასთან ერთად ვმუშაობდი და კარგად მახსოვს, ქობულეთიდან ჩამოსული ბიჭის უაღრესად დიდი გაჭირვება. მასაც რომ დასჭირდება ხელშეუხებლობა, გამოხტება ხოლმე და ოპოზიციურ განცხადებებს აკეთებს, მერე კი ღრმად შეიმალება საკუთარ სოროში და აგრძელებს ძველ საქმეებს;

ძმებ გაჩეჩილაძეებზე უკვე აღარც მოგაცდენთ!

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამას ნათელაშვილი იტყვის თუ არ იტყვის, მათ, ადრე თუ გვიან, პასუხს მოსთხოვენ. თავი რომ დავანებოთ სულიერებას და იმასაც, რომ ზოგიერთმა საკუთარი ხმა ვერცხლზე გაყიდა და ახლა მწარედ ნანობს. ადამიანი არის ფიზიკური არსება და ის მოკვდება, თუ ვერაფერი ჭამა, არაფერი ექნება, ლარი დაკარგავს ძალას და სამსახურს ვერ იშოვის. ბიოლოგიური კანონები არ დაუშვებს ადამიანის ორგანიზმის კვდომას და მრისხანე პასუხს მოსთხოვენ ამათ. ამიტომ ჯობია, რომ დამიჯერონ და ნებაყოფლობით შექმნან ლარის გადარჩენის ფონდი, სადაც ყველა მილიონერი შეიტანს საკუთარი ქონების 10 პროცენტს, როგორც ეს არის ცივილიზებულ, ევრო-ამერიკულ სამყაროში, რომელი მიმართულებითაც, მათი ჭკუით, ვითარდებიან.

ესენი ვითარდებიან მხოლოდ იმ ასპექტებში, რაც მათ აწყობთ. როცა ეს წესი შემოვა დაწერილი თუ  დაუწერელი ფორმატით და, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი თავისი 7 მილიარდიდან გადაიხდის წელიწადში 700 მილიონს და თანხა დაასტაბილურებს ლარს მინიმუმ სამი წელი; ასევე გადაიხდის ოქრუაშვილი 800 მილიონიდან 80 მილიონს, გადაიხდიან თოფაძეები, ტყემალაძეები და ქვეყანა ამოისუნთქავს. ჩვენ დავთვალეთ და ჯამში, ამათ ხელში, 29 მილიარდი დოლარია. ამის 10 პროცენტით, 2 მილიარდ 900 მილიონით, ლარი მარტო კი არ გამყარდება, საქართველო შვეიცარიას გადაუსწრებს. ამით ფეხზე დადგება ქვეყნის ეკონომიკა, საგანმანათლებლო სისტემა, ჯანდაცვა, მეცნიერება, მაგრამ ამათ პატრიოტიზმის ინსტინქტები მხოლოდ სუფრასთან ჭამა- სმის დროს აქვთ, მეორე დღეს კი ავიწყდებათ. რადგან ასეა და მხოლოდ მტაცებლის ინსტინქტებით მოქმედებენ, სახელმწიფომ გარკვეული ბერკეტებით უნდა აიძულოს ამის გაკეთება.

_ ფაქტი ის არის, რომ ხელისუფლებას ლარის გასამყარებლად ეს გზა არ აურჩევია. მან „ქამრების შემოჭერის“ მეთოდს მიმართა. საქართველოსთვის ეს პოლიტიკა ნაცნობია, თუმცა მისი დიდი შედეგები რაღაც არ მახსენდება და შეიძლება ახლა სხვაგვარად მოხდეს?

_ მსოფლიო მრეწველობას ჯერ არ გამოუგონია ისეთი ქამარი, ხადურის ღიპს რომ შეამცირებს. სრული განუკითხაობაა და თუ დროულად არ მოხდა ერის შეკავშირება და კარგი, სერიოზული პასუხის გაცემა ამ მილიონერთა პარტიისთვის, ალბათ, სტამბულის ბაზარი მოგონილი იქნება, ისეთ დღეში ჩაგვყრიან. როგორც იცით, ბათუმში უმრავლესობა დაიშალა. მათი დამცველი და ადვოკატი არ ვარ, მაგრამ როგორც მითხრეს, უმრავლესობიდან ზოგიერთი იმიტომ გასულა, რომ ნავთობტერმინალში ჰქონიათ წილები და ის წილები ჩამოურთმევიათ. იმ ქვეყანას რა უნდა ეშველოს, სადაც პოლიტიკურ ორიენტაციას ადამიანები იმის მიხედვით ირჩევენ, რას ჭამენ და ჯიბეში რა უდევთ. ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე დღეები ელოდება. სამწუხაროდ, ისეთი ელიტა მოგვივიდა ხელისუფლებაში, რომელთა გაყრაც თითოეული ქართველის საპატიო მოვალეობაა.

_ ხელისუფლება ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ირაკლი ქადაგიძეს ადანაშაულებს…

_ თუ ეს იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრალი, ივანიშვილს არ უნდა განეცხადებინა, რომ ლარი ჯანსაღად იქცევა. მან ისიც თქვა, _ თუ არ გჯერათ, დაიქირავეთ ბანკირი და ის აგიხსნით, რა როგორ არისო. მან ისიც არ იცის, რომ ბანკირი კი არა, პური ვერ უყიდიათ ადამიანებს. თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო ასეთი საეჭვო ფიგურა, მათ შეეძლოთ იმპიჩმენტი გამოეცხადებინათ და თანამდებობიდან გადაეყენებინათ. ეს არის ძალიან იოლი პროცედურა, ან თავიდანვე ეთქვათ, ეს ადამიანი აწარმოებს დივერსიასო. ეს ბიჭი თავის დროზე `ნაცების~ დანიშნულია და, ალბათ, სიმპათიაც იქით აქვს, მაგრამ მთავარი მიზეზი ამ შემთხვევაში ეს კი არ არის, დაპირებების შეუსრულებლობაა, ეკონომიკის სტაგნაციაა, დაპირებული 100 ქარხნის თუ ფაბრიკის ამუშავებაა. ასევე არარენტაბელური საგადასახადო რეჟიმის შექმნა; ის, რომ არანაირი კონტროლი არ ხდება მომხვეჭელობასა და კორუფციაზე. იქ, სადაც 200 მილიონი მარტო ელიტის სასტუმროს ხარჯებისთვის არის დახარჯული, 200 მილიონი კი ჯიპებისთვის, 300 მილიონი ვიზიტებისთვის, რომელი ეროვნული ვალუტა გაძლებს?! აქ არის ფაქტორთა კომპლექსი, რამაც ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია. როცა სისხლით ვერ მარაგდება ორგანიზმი, ეს არის გულის ბრალი. გული უნდა `შერემონტდეს~. ქვეყნისთვის გული არის ეკონომიკა და ლარის სტაბილურობასაც ის უზრუნველყოფს. როცა სამუშაო ადგილები, ყიდვა-გაყიდვა, ექსპორტი და მსგავსი სფეროები ჩაკლულია, რაც არის დარჩენილი, იმასაც პარლამენტში მყოფი მაფიოზები აკონტროლებენ და აწესებენ მონოპოლიურ რეჟიმს, საშუალო ბიზნესს არ აძლევენ განვითარებას, რა თქმა უნდა, ეს აისახება ლარზეც და ადამიანების ცხოვრებაზეც.

უფრო ცუდ შედეგებს უნდა ველოდოთ, რადგან ლარის კურსის ვარდნის შეჩერებას სჭირდება ვალუტა, მაგრამ მას ჩვენი მილიონერები არ დებენ. ახლა აიღებენ პროცენტიან ვალს მსოფლიო ბანკიდან, აზიის ბანკიდან და ამ ფულსაც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გადასახდელს გახდიან. პროცენტიანი ვალებით განვითარებული ქვეყანა დედამიწაზე არავის ახსოვს და ჩვენც გამონაკლისები ვერ ვიქნებით. ავადმყოფობისა და ჭირის გადავადების სტრატეგიისა და ტაქტიკის გზით წავლენ და არა ეკონომიკის ამუშავების, გაჯანსაღების გზით. ოღონდ თვითონ გამდიდრდნენ და საერთოდ არ აღელვებთ, ჩვენს შთამომავლებს ზურგზე ვალებს რომ წამოჰკიდებენ.

_ ბოლო დროს, ბიძინა ივანიშვილი თავის ნაქებ ხელისუფლებას განუდგა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილისა და ცალკეული მინისტრების განთავისუფლებაზე და ეს მდგომარეობას გამოასწორებს?

_ როდის დააყენეს პრემიერ-მინისტრად ღარიბაშვილი, ხომ არ იცით?! ის არც დაუყენებიათ და როგორ გადააყენებენ? მეფეც და ყადაფიც არის ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილი კი არის პაიკი, რომელსაც, ალბათ, თავმოყვარეობის პრობლემა აქვს, თორემ გალანძღული, უფლებაწართმეული, თავშიჩარტყმული, სამსახურიდან ნათესავებგაყრილი ამ პოსტზე არ უნდა გაჩერებულიყო. ის, რასაც ახლა ივანიშვილი აკეთებს, არის გათვლილი პიარი, თითქოს ის ნეიტრალური არბიტრია, თავის მთავრობას აკრიტიკებს, ხალხზე ფიქრობს და ა. შ. რეალურად ის ფიქრობს მხოლოდ იმაზე, თავის მილიარდებს უფრო მეტი ფული როგორ აშოვნინოს და ქართული სიმდიდრე როგორ გადაიფორმოს. ძალიან მალე რკინიგზასაც შეიტყაპუნებენ. რაც მთავარია და ყურადღებას არავინ აქცევს, არის ის, რომ ივანიშვილი იტოვებს საფრანგეთის მოქალაქეობას და საქართველოდან მითვისებული სიმდიდრის გადასახადს ჩვენს ბიუჯეტში არ იხდის. ეს არის ეპოქის ისტორიული მარაზმი და ჩვენი ბედისწერა. კაცი, რომელიც ერის ლიდერია, ხალხის სიყვარული და ტაში დაიმსახურა, თავისი გაღატაკებული ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადსაც არ იხდის და საფრანგეთის ბიუჯეტს ამდიდრებს ევროებით. ასეთ ადამიანს რა უნდა ელაპარაკო?!!

_ „ნაციონალების“ მთელი გუნდის უკრაინაში გადაბარგების ფაქტის ანალოგი მსოფლიო ისტორიაში არსებობს?

_ ახლა მაინც უნდა მიხვდეს ხალხი, ვის ვებძოდი 9 წელიწადი და რა ძალასთან მქონდა საქმე. ისინი არჩევნებზე გაკოტრდნენ, მაგრამ ისევ  ჩააბარეს ამ ადამიანებს 50-მილიონიანი ქვეყანა. მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის დროს მახსოვს მსგავსი ფაქტები: მარშალი მალინოვსკი პოლონეთის თავდაცვის მინისტრად დანიშნეს; ასევე, როცა სსრ კავშირს მართავდნენ ქართველები და ებრაელები, 20-იან წლებში პოლიტბიუროში ერთადერთი რუსი იყო; უკრაინის ამბავი  კომუნისტური რეჟიმის 20-იან წლებს კიდევ იმიტომ მაგონებს, რომ მაშინ  ამბობდნენ, მუშებს არ აქვთ ეროვნება, ისინი ყველა ქვეყნის წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ, თუ მარქსისტულ ფილოსოფიას იზიარებენო;

გლობალიზმს ბევრი საერთო ახასიათებს. „ნაციონალებს“ რომ ეროვნება არ აქვთ,  ესეც დიდი ხნის წინ არის ცნობილი. არა მგონია, უკრაინას დიდი წარმატებები დააბედონ, მაგრამ ამჯერადაც კრიმინალ ივანიშვილის რეჟიმის ბრალია ყველაფერი. მან მისცა საშულება, რომ სააკაშვილი წასულიყო ქვეყნიდან იმპიჩმენტის გარეშე. დაიმპიჩმენტებულ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არსად აღარ მიიღებდნენ და ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. ივანიშვილმა გადააქცია „ნაცმოძრაობა“ მთავარ ოპოზიციად და მონათლა ოპოზიციურ ძალად. შესაბამისად, შეუქმნა საერთაშორისო გარემო და საფუძველი, რათა ამ ძალის რეანიმაცია მომხდარიყო. რასაც ვამბობდი, ყველაფერი ზუსტად აცხადდა და კიდევ აცხადდება, რადგან მხოლოდ ჩემს აზრებს კი არ ვახმოვანებ, ვლაპარაკობ ობიექტურ რეალობას.

_ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასაც აპირებს და ეს რა გზით შეიძლება მოხდეს, არჩევნებით თუ ისევ რევოლუციით?

_ თუ ივანიშვილმა ასეთი რეჟიმით გააგრძელა ქვეყნის მართვა და ქვეყანა ჩავარდა კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში, სავსებით შესაძლებელია, საქართველოში არეულობა და მასობრივი გამოსვლები  დაიწყოს. „ნაცმოძრობა“ და სააკაშვილიც, რა თქმა უნდა, შეეცდებიან, ამ პროცესის სათავეში მოექცნენ, რადგან ამის გამოცდილება აქვთ. გარდა ამისა, ფლობენ უზარმაზარ საერთაშორისო მხარდაჭერას და ფინანსურ რესურსს. ასე რომ, სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს.

უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა, ივანიშვილი ხალხს ჰპირდებოდა, რომ ერთ მილიარდს ჩადებდა სოფლის მეურნეობაში და 100 ქარხნის აშენებაში, ეს უნდა გააკეთოს. ეს დაძრავს ეკონომიკას და შექმნის პირობებს, რომ ლარის ვარდნა შეჩერდეს. ამის მერე უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა და დაწესდეს სიმდიდრის გადასახადი, რადგან ჩვენი რესურსი და გაძვალტყავებული ლარი ვერ გამოიყვანს ქვეყნის ფინანსებს კოლაფსიდან. ამ ფაქტორთა კომპლექსი გამოასწორებს სიტუაციას და „ნაცებისა“ თუ სააკაშვილის მოტრფიალეების საფრთხეც თავიდან იქნება აცილებული. სხვა შემთხვევაში სიტუაცია ცუდი მიმართულებით წავა.

_ 21 მარტს „ნაციონალებმა“ უკვე დააანონსეს აქცია და ისიც თქვეს, რომ პერმანენტულ აქციებს მოაწყობენ. რა შეიძლება მოჰყვეს ამ გამოსვლებს?

_ დააანონსებენ, აბა, რა იქნება?! როცა აგდია ლეში და ასდის სუნი, ეს სუნი იპყრობს მტაცებელ ფრინველთა და ნადირთა _ ტურების, აფთრების, სვავებისა _ სხვათა ყურადღებას და ყველა იქით მიემართება. ხელისუფლებას და მათ პოლიტიკას უკვე ასდის მძორის, გვამის სუნი. ისეთი მტაცებელი, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, ამას ყურადღებას მიაქცევს და მომენტს ხელიდან არ გაუშვებს.

 

ნელი ვარდიაშვილი