ვოლსკის ვალსი _ ცეკვა ცეკაში

ybaa

 

მე ვწერ კაცზე, რომელიც ცეკაში „ცეკვავდა“ _ ცეკას ინსტრუქტორი იყო და დღეს „ოცნების“ ინსტრუქტორია. თან რიგითი კი არა, ბობოლა _ საპარლამენტო ფრაქციის შეფია. სადღაც ამაყობდა, რომ მუდამ დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობდა, არადა, ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა და შემდეგ ჯერ კალინინის რაიკომში, მერე კი თბილისის ქალაქკომსა და მთლად შემდეგ _ ცეკაში _ სამივეგან ინტრუქტორად. როგორც ჩანს, კალინინის რაიკომში ინსტრუქტორობა დიპლომატიური კარიერაა, ალბათ კიროვის რაიონთან ამყარებდა დიპურთიერთობას…

საერთოდ, წიწმატდება, როცა ცეკას ინსტრუქტორობას უხსენებენ, ხან იმდენად წიწმატდება, რომ საერთოდ წყდება რეალობას. ასე მაგალითად, როცა გივი თარგამაძემ იგი ანტიდასავლური ძალების იდეების გამტარებლად მოიხსენია, ვოლსკი გამობრძანდა და ბრძანა, _ დიახ, მე მართლაც ვიყავი ცეკას ინსტრუქტორი, მაგრამ… „ადამიანებისთვის სული არ ამომიხდია და ხელჯოხით არავინ გამიუპატიურებია. არ ვხელმძღვანელობდი ტერორს და ისეთ საქმიანობას, რომელმაც ქვეყნის ინტერესები მნიშვნელოვნად დააზიანა“. ცოტა არ იყოს და კონსტანტინე გამსახურდიასეულ გიორგი პირველივით ხომ არ გამოგდით, გია ბატონო?

დიახ, თქვენ იმ დროს მუშაობდით ცეკაში, როცა ის თქვენი პარტია თვითონ ღაფავდა სულს, ჩაძაღლების პირას იყო და ვიღას ამოხდიდა სულს? და საერთოდ, ის კი არაა მნიშვნელოვანი, ცეკაში რომ მუშაობდით, არამედ ის, როდის მუშაობდით. დიახ, თქვენ მუშაობდით მაშინ, როცა ეგ თქვენი კომპარტია ტერორს ვეღარ ახორციელებდა, თორემ იყო დრო, როცა სისხლი ღვარად მოედინებოდა სწორედ მაგ პარტიის ხელში, როცა იხვრიტებოდა ასიათასობით ადამიანი, როცა ფიგურალურად კი არა, ბუკვალურად სულს ხდიდნენ ადამიანს. მე გასწავლოთ იმ პარტიის ისტორია, რომლის რაიკომში, ქალაქკომსა და ცეკაშიც არხეინად ინსტრუქტორობდით? დიახ, როცა თქვენ მანდ მუშაობდით, პარტიას მაგის თავი აღარ ჰქონდა, ერთი მხრივ, ეს ამსუბუქებს კიდეც თქვენს წარსულს, მაგრამ…. მაგრამ ის, რომ თქვენ ცეკაში სწორედ მაშინ მუშაობდით, როცა ხელკეტებით არ აუპატიურებდნენ, მაგრამ ორლესული ნიჩბებით ზედ რუსთაველზე ჩეხდა ხალხს საბჭოთა არმია და სულს მხუთავი გაზით ხდიდა ხალხს… დიახ, ბატონებო _ გია ვოლსკი 1989-90 წლებში მუშაობდა ცეკაში! ჩასაზუსტებელია, იგი 9 აპრილამდე გადავიდა ქალაქკომიდან ცეკაში თუ იმ ტრაგედიის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ მას არც პარტია დაუტოვებია, არც ცეკაზე უთქვამს უარი _ თუ უკვე გადასული იყო, არსად წამოსულა იქიდან და თუ გადასული არ იყო ჯერ, მშვენივრად გადავიდა იქ.

იქ იყო და ახლა გვაყვედრის კიდეც იქ ყოფნას. ერთ-ერთ ინტერვიუში გვიმტკიცებს, რომ არ ყოფილა კორუმპირებული და პატრიოტულად იყო განწყობილი. აბა, რა, პატრიოტულად იყო განწყობილი და პარტიაში შევიდა, აბა, ზვიადთან და მერაბთან რა უნდოდა ამ პატრიოტ კაცს? „პატიაშვილის პერიოდში ვმუშაობდი ცკ-ში. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ამ სტრუქტურებში რომ არ აღმოჩენილიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სწორად აზროვნებდნენ, ალბათ, რაღაც დიდ სისხლის ღვრებს ვერ ავცდებოდით“, _ გაიგე, ფიფოოოლ? _ გია ვოლსკიმ და გია ვოლსკისნაირებმა აგვაცილეს თავიდან სისხლისღვრა და უბედურება, თვალები გაახილეთ, ხალხოოო, უმადურები ნუ ხართ!

„არ ღირს წარსულის დაყვედრება. უამრავი ადამიანი ვიცი უპარტიო, რომელმაც კაცად ან ქალად არ ივარგა და ქვეყნისთვის ბოროტების მეტი არა გაუკეთებია რა. როცა ამას მაყვედრიან, მეცინება. ვიცი, თვითონაც არ ფიქრობენ ჩემზე ასე, უბრალოდ, საზოგადოების თვალში აწყობთ ამაზე აპელირება“, _ ვოლსკიმ ივარგა. რადიო 105.

ისე, ტერორსა და სულის ამოხდას რომ აძახებს „ნაცებს“, ცოტა არ იყოს, უხერხულობა მანდაცაა. 4 წელი არხეინად იყო „ნაციონალების“ ხელისუფლებაში _ გოგა ხაინდრავას მოადგილედ მუშაობდა, შემდეგ ელჩად, ვიდრე 2007 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეზერვში არ გადაისროლეს. ასე რომ, ერთი მხრივ, მისგანაა უხერხული, „ნაცებს“ რომ ლანძღავს (აჩენს იმის საფრთხეს და მოლოდინს, რომ რაღაც ეტაპიდან „ოცნების“ ლანძღვას მიჰყოს ხელი…) და, მეორე მხრივ, თვითონ „ნაცებიც“ „ასტაროჟნად“ უნდა იყვნენ მისი ლანძღვისას _ ეს კაცი გაფუებული გყავდათ ხელისუფლებაში 4 წელი… და ახლა გაგახსენდათ ცეკას ინსტრუქტორობა? მაშინ ჯეფერსონის თანამებრძოლი იყო?

მოკლედ, ვოლსკი ცეკაში მუშაობდა 1989 წელს, 1990 წელს… სხვა პარტიული ფუნქციონერებისგან განსხვავებით, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, მას არც პარტბილეთი დაუწვავს, არც პარტია დაუტოვებია საერთოდ. პარტიულ პონტში 1984 წლიდან გაიჩითა _ კალინინის რაიკომში დაიწყო მუშაობა ინსტრუქტორად. მანამდე „რთული“ გზა გამოიარა.

პროფესია თავისით არ აურჩევია. მშობლებმა გადაწყვიტეს _ მანაც ჩააბარა და დაამთავრა უნივერსიტეტში საქონელმცოდნეობისა და სამრეწველო საქონლით ვაჭრობის ორგანიზაციის ფაკულტეტი, გახდა საქონელმცოდნე, ფეხსაცმლის მაღაზიის გამგედ მიდიოდა, თურმე, მაგრამ მამიდამ დაგვღუპა. მამიდა გავლენიანი ჰყოლია, მისულა ვაჭრობის მინისტრთან და გია ვოლსკი ვაჭრობის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში მიაღებინა. 2 წლის თავზე ეკონომისტად დაიწყო მუშაობა ამავე სამინისტროში და იქ მუშაობდა 4 წელი. გულმა პარტიისკენ გაუწია. ალალად ამბობს, რომ იდეები კი არა, კარიერა იზიდავდა: „არ მახსოვს, ჩემ გვერდით ვინმე მარქსისტ-ლენინისტი ყოფილიყოს, მაგრამ რადგან სახელმწიფო სტრუქტურაში წინსვლის პერსპექტივა იყო, პარტიულ ორგანიზაციაში მოვხვდი“. მოხვდა, რა _ შევიდა პარტიაში და ბატონ ბიძინას გადაეცით, წლების შემდეგ „ოცნებაზეც“ ასე იტყვის, _ სულაც არ ვოცნებობდით, მაგრამ პერსპექტივა იყოო.

მოკლედ, დაწინაურების პერსპექტივა იყო და დაწინაურდა კიდეც, 1984 წელს კალინინის რაიონში დაიწყო ინსტრუქტორად მუშაობა. ამ თარიღს უხერხულად ემთხვევა ტრაგიკული თარიღი, რაც ერთმნიშვნელოვნად ფარავს იმ უხერხულობას, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი _ ვგულისხმობ 1989 წელს ცეკაში მუშაობას. 1984 წელს გია ვოლსკიმ რაიკომში დაიწყო მუშაობა; 1984 წელს დახვრიტეს მისი დეიდაშვილი _ გეგა კობახიძე….

ერთ-ერთ ინტერვიუში თავადაც ბრძანებს, _ შევარდნაძემ დიდი ბოროტება ჩაიდინა ჩემი ოჯახის მიმართო: „გეგა კობახიძე ჩემი დეიდაშვილი იყო და რომ არა შევარდნაძის თავგამოდება, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა…“

მიუხედავად ამისა, ის მუშაობდა შევარდნაძის ხელისუფლებაშიც…

მანამდე კი, 1986 წლიდან, ქალაქკომში გადავიდა ინსტრუქტორად, 1989 წლიდან _ ცეკაში; 1990-91 წლებში პროფსაბჭოში მუშაობდა განყოფილების გამგედ, შემდეგ სულ რამდენიმე თვე დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში _ განყოფილების გამგედ, შემდეგ იყო შევარდნაძის „მეორედ მოსვლა“ და ვოლსკი დიპასპარეზზე გაიჭრა: „შევარდნაძის დროს ვიყავი საქართველოს წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში. შემდეგ ვაშინგტონში გავხსენით საქართველოს პირველი წარმომადგენლობა“.

იგი ათი წელი მუშაობდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროსთან. იყო მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2003 წლიდან უშიშროების საბჭოში მუშაობდა. მერე იყო რევოლუცია, მაგრამ ის გადაურჩა რევოლუციას, მეტიც _ დაწინაურდა კიდეც და როგორც უკვე გითხარით, გოგა ხაინდრავას მოადგილე იყო. თურმე, ნუ იტყვით და ზურა ჟვანიას უთხოვია, რომ დარჩენილიყო სახელმწიფო სტრუქტურაში… არ უნდოდა, მაგრამ რა ქნას? სთხოვეს და ხათრი ვერ გაუტეხა… 2004-2006 წლებში ხაინდრავას მოადგილე იყო, 2006-2007 წლებში საგანგებო დავალებათა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და მხოლოდ ამის შემდეგ გადაინაცვლა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპსამსახურის რეზერვში (2007-2011 წწ.).

იგი ამტკიცებს, რომ: „არასდროს არავის კადრი ვყოფილვარ და არც ვინმეს მხარდაჭერა მქონია ოდესმე“.

დიახ, არც ჟვანიას კადრი იყო, არც მანამდე შევარდნაძის, არც პატიაშვილის. უბრალოდ, იყო ბაჯაღლო თვითნაბადი და გარს ვერ უვლიდა სამყარო საქონელმცოდნის დიპლომატიურ პროფესიონალიზმს. ხოდა, როცა გამოჩნდა ბიძინა, ვერც ბიძინამ აუარა გვერდი მას. სამაგიეროდ, გეტყვის, რომ მას ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვს, რომ „ბიძინა ივანიშვილმა უმტკივნეულოდ დაასრულა ბოროტების ეპოქა“.

იმასაც დაგიხეთქებს, რომ საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ჰყავდეს ივანიშვილი და მასთან არ ჰქონდეს ხშირი ურთიერთობა: „ბევრ საკითხზე კონსულტაციები და პოზიციების შეჯერება“ და ეს, თურმე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ქვეყანას მართავს. დიახ, ვოლსკისთვის რამის უტიფრად „გაპრავება“ ისევე იოლია, როგორც ვალსის ცეკვა… იგი წარბშეუხრელად „გაგიპრავებს“ ქორეპისკოპოს იაკობის საქციელს, როდესაც იგი გამოვიდა და ამბიონიდან აფრქვია პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიები, რომ თურმე საბჭოთა კავშირის დრო აღარაა, თორემ შეიძლებოდა ცოტა სხვანაირადაც მოქცეოდნენ „ნაცმოძრაობის“ წევრებს… ეს ის იაკობია, საჯაროდ რომ დაწყევლა სააკაშვილი და „ნაციონალები“, მაგრამ ვოლსკი გამოვა და გააპრავებს, რა მოხდა, თუკი ჭიაბერაშვილს აქვს უფლება, გამოვიდეს და დამოძღვროს საზოგადოება, მეუფეს რატომ არ აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვასო? იგი ისეთივე ადამიანია, როგორც სხვაო. ვოლსკის არ უნდა და არ იცის, რომ ქორეპისკოპოსი, რომელიც პატრიარქის მოადგილის თანამდებობაა, არა მხოლოდ საკუთარ, არამედ საქართველოს საპატრიარქოს აზრს გამოხატავს.

საერთოდ, მან ბევრი რამ არ იცის, არ იცის, მაგალითად, ის, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არის თუ არ არის, _ არ მიფიქრია მაგაზეო. ვერაფერს გეტყვითო, _ უთხრა „17 მაისს“. რა გამოდის? ვოლსკიმ არათუ ის არ იცის, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად რომ არ ითვლება, არამედ ისიც არ იცის, რომ ამის ცოდნას ფიქრი კი არა, ცოდნა სჭირდება იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა კლასიფიკაციიდან ამოიღო, ამერიკის ფსიქიატრთა ასცოციაციამ კი მენტალურ დაავადებათა სიიდან.

ეს კი არა, ვოლსკიმ ისიც არ იცის, როგორ და რა ვითარებაში მოხვდნენ მისი პოლონელი წინაპრები გურიაში. ერთ-ერთ ინტერვიუში წერს: „პირველად ბაბუაჩემის ბაბუა ჩამოვიდა საქართველოში კრაკოვიდან, თუმცა გარემოებები არავინ იცის, იმ დროს პოლონეთში არეულობა, აჯანყებები იყო. ჩამოვიდა დიდი ბაბუა და დასახლდა გურიაში“.

თვითონ არ იცის და ჰგონია, რომ არავინ იცის. არადა, ძალიან კარგადაა ცნობილი, რომ ვოლსკები რუსეთის იმპერიამ პოლონეთიდან საქართველოში, კერძოდ, გურიაში, მე-19 საუკუნის 30-იან წლებში გადმოასახლა პოლონეთში რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ჩახშობის შემდეგ. ეს სადღაც ანალებში კი არ წერია, წერია ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლის, გრიგოლ ვოლსკის ბიოგრაფიაში, რომელიც მისი დიდი ბაბუის ძმა იყო.

ისე, მეტი ბედის ირონია რა გინდა, რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული პოლონელი პატრიოტების შთამომავალი რომ იქნები, ილიას თანამებრძოლის შთამომავალი რომ იქნები, კომუნისტები 1937 წელს 23 წლით რომ გაგიციმბირებენ ბაბუას, შემდეგ დეიდაშვილს რომ დაგიხვრეტენ და მაინც კომუნისტი რომ გახდები!.. და მერე ხელისუფლებაში რომ მოხვალ და გივი თარგამაძე გამხელს, _ ზაქარეიშვილის არ იყოს, ეგეც რუსებზე მუშაობსო…

ახლა მთლად წმინდა სისხლის წითელ კომუნისტად ნუ მიიღებთ, ალაგ-ალაგ შავი ზოლებიც აქვს _ როგორც თავად ამბობს: „კატეგორიულად ვარანცოველია“ და როგორც სხვები ამბობენ, „ძველი ბიჭი“ იყო. თვითონ კი ამბობს, ეს თემა ვიღაცამ, რატომღაც, ააგორაო, არადა, ვინ რა ააგორა, როდესაც მის ყოველ გამოსვლას ადგას ძველბიჭურ-ჩაცუცქული შარავანდედი? ვოლსკის რომ ჰკითხო, ქუჩის ინსტიტუტის თემა საერთოდ „ნაციონალებს“ „ჩაუდიათ“ ჩვენთვის, საზოგადოებისთვის. „ნაცებს“ ქუჩის თემა ოპონენტების გარიყვისთვის, ჩარეცხვისთვის შემოუტანიათ და პოპულარიზაცია მოუხდენიათ. არადა, ქუჩა სულ არ ყოფილა ისეთი, როგორც „ნაცებმა“ ჩაგვიდეს, ყველაფერი „არასწორი ინტერპრეტაციის ბრალი“ ყოფილა. თურმე, ქუჩას თავისი ხიბლი ჰქონია, მისი და მამამისის თაობაც ისეთ გარემოში იზრდებოდა, როცა ქუჩა, ოჯახი, მეგობრობა სხვა კრიტერიუმებით იზომებოდა… მოჩხუბარი არასოდეს ვყოფილვარ, ძირითადად, გამშველებელი ვიყავიო მუნ… ნოსტალგიით იმასაც ყვება ყმაწვილკაცობისდროინდელ ამბებზე, 17 წლის რომ ვიყავი, მშობლები ალჟირში წავიდნენ სამუშაოდ, ბებია მზრდიდა და მამა თვეში 200 მანეთს მაძლევდა და ეს ფული იმისთვის მყოფნიდა, რომ შაბათ-კვირას მე და ჩემი მეგობრები სადმე წავსულიყავით, ბათუმში ან სოხუმშიო, ან თუნდაც ბალტიისპირეთში ჩავფრენილიყავითო. თვითმფრინავის ბილეთი სტუდენტისთვის 25 მანეთი ღირდაო, ამბობს და იქვე შაშინებული ამატებს: „დღეს ამას იტყვი თუ არა, იმწუთას მოგაძახებენ, _ აი, იმ დროს მისტირიო“. არადა, მისტირის… არადა, ბალტიისპირეთიც ალიბია, სწორედ მაგ შიშის გამო თქვა ბალტიისპირეთი და არ თქვა მოსკოვი…

ქუჩას რაც ეხება, საზოგადოების ნაწილი რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მოითხოვს, მას შეუძლია გამოვიდეს და ბრძანოს: „პომპონჩიკიანი ტიპები, რომელსაც თქვენ ხედავთ, ლიბერალური ადამიანები არიან, ლიბერალური ფასეულობებით _ ხშირ შემთხვევაში, კულტურასთან უფრო ახლოს, ვიდრე _ ქუჩასთან. ქუჩას არ იცნობენ. ქუჩა ძალიან დაუნდობელია“.

აი, თვითონ სულ არაა დაუნდობელი საქართველოს ღია მტრების მიმართ. მეტიც _ იცავს კიდეც მათ. საიდან მოვიტანე? იყო ასეთი კაცი, რაიან გრისტი, რომელიც 2008 წლამდე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ეს იყო კაცი, რომელიც ღიად გვადანაშაულებდა ქართველებს აგვისტოს ომის დაწყებაში და ღიად უჭერდა მხარს რუსეთს. მერე უკან დახევა მოუწია და იძახა, რომ

მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და მას არ უთქვამს, რომ ოსური მხრიდან ომის დაწყებამდე პროვოკაციებს ადგილი არ ჰქონია. ომის დაწყებაზე მისი განცხადებების უარყოფა ეუთოს მისიის მაშინდელ ხელმძღვანელს _ ტერი ჰაკალას მოუწია. ეს ვაჟბატონი გრისტი არ მალავდა ახლო ურთიერთობას ოს უფლებადამცველ ლირა ცხოვრებოვასთან, ამ ლირა ცხოვრებოვაზე კი დასავლური მედია ეჭვობდა, რომ კავშირი ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან… აი, ეს ვაჟბატონი გრისტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რომ დანიშნეს 2014 წელს და ქართველებმა რომ ეს ფაქტი გააპროტესტეს, გამოვიდა ბატონი ვოლსკი და რაიან გრისტს დუჟი მოსწმინდა: „რაიან გრისტი აგვისტოს ომის ვითარებაში რუსეთის პოზიციას კი არ იცავდა, არამედ აფასებდა“.

აი, რა უნდა ელაპარაკო ახლა? გრისტს დაიცავდა, აბა, რა იქნებოდა, როცა თვითონაც გრისტივით ფიქრობს და აცხადებს, _ რომ არა სააკაშვილი, ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ იქნებოდაო. მას შეუძლია, 90-იან წლებში შევარდნაძის დაკარგული ტერიტორიებიც მიშას დაკარგულად მოგვასაღოს და კონდოლიზა რაისის მემუარებიც ისე წაიკითხოს, როგორც თვითონ აწყობს.

მეტიც, თურმე, ნუ იტყვით და არ უნდა დავუკავშიროთ ევრაზიული კავშირი პუტინის პიროვნებას და არ უნდა ხდებოდეს ამ თემით სპეკულირება, რადგან, თურმე, საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეშმაკმა უწყის, რას მოგვიტანს ეს მოლაპარაკებები, მაგრამ მაინც ჭკვიანად უნდა ვიყოთ, კრინტი არ უნდა დავძრათ. ვაი, და დაგვჭირდეს მაგ ევრაზიულ კავშირში შესვლა? „უნდა დასრულდეს მართვის ისტერიული პრაქტიკა. არ შეიძლება კატეგორიული ლაპარაკი და პოლიტიკით სპეკულირება, როცა რამე გლობალური პროცესის დახასიათება გვსურს. არ შეიძლება, კატეგორიული იყო მაშინ, როდესაც შესაძლოა, ხვალ თუ არა ზეგ, ზეგ თუ არა მაზეგ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის დასჭირდეს რაღაც გარკვეული საკითხის განხილვა“, _ ბრძანებს ვოლსკი.

მაგას რომ ჰკითხო, საქართველოში ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, საქართველო რუსეთთან „ათმაგ ჩიხში იქნებოდა“. მისმა ამ ნათქვამმა ის ანეკდოტი გამახსენა, ოსს რომ მატარებელზე აგვიანდება და რომ მირბის. მივა და გაიგებს, რომ მატარებელი 2 წუთის წინ გავიდა და თავს რომ დაიმშვიდებს, _ კიდევ კარგი, ვირბინე, თორემ უფრო დამაგვიანდებოდაო.

როცა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვა დაიწყო, თედო ჯაფარიძემ ღიად მოუწოდა კოლეგებს, თავი შეეკავებინათ და აღარ მიეღოთ მონაწილეობა აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში. აი, ვოლსკიმ კი ბრძანა, _ ეს ფაქტობრივი ანექსიააო, მაგრამ მაინც დასძინა, _ რუსეთთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნიაო.

კატეგორიულ ვარანცოველს შეუძლია ასწიოს თავი, შემოგხედოს თვალებში და კატეგორიულად, დინჯად და დაბეჯითებით გიმტკიცოს, რომ უჩა მამაცაშვილი არაფერსაც არ აკონტროლებს… რომ დათო კოდუას ცემაში ყველანაირი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია… ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიას რომ კაფეში თავს დაესხმიან, ვოლსკი ყელს მოიღერებს და გეტყვის, _ ჩვენ რა შუაში ვართ, იმას იმკიან, რასაც წლობით თესავდნენო… მას შეუძლია შემოგხედოს და გიმტკიცოს, რომ „პროკურატურის ხელმძღვანელი შემადგენლობა არ არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ დევნას განახორციელებს. ეს არის განათლებული ახალგაზრდა ხალხი, რომელიც ორიენტირებულია წესრიგის დამყარებაზე ქვეყანაში“.

მას შეუძლია თამამდ გითხრას, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა „აწყობდა“ იმ ძალას, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. ეს იმავე „ოპერიდანაა“ _ რაფალიანცის მკვლელობის ღამეს რომ მღეროდა მეცოსოპრანო ბერიკაშვილი არიას „დოი, ჭოლა“, უბრალოდ, ეს ბარიტონია და თან კოლმეურნეობის თავმჯდომარეს არ ასახელებს. იგი თათუხაშვილზე ზეწოლას ადასტურებდა, ამბობდა, რომ ნამდვილად მოხდა: „თუმცა ვის მიერ, ამას გამოძიება დაადგენს. ზეწოლა, სავარაუდოდ, იმ ადამიანებმა მოახდინეს, რომელთაც არ სურდათ, რომ შალვა თათუხაშვილი ბრალდების მოწმე ყოფილიყო“.

მას შეუძლია, უტიფრად „გაგიპრავოს“ ქვეყნის დამღუპველი ნებისმიერი რამ, ასე მაგალითად, გითხრას, რომ ავარეთ-კახეთის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დადებითი მოვლენაა. რომ „ნებისმიერი გზა, ნებისმიერი მიმოსვლა, ურთიერთობა საფრთხის შემცვლელი არ არის, თავისთავად, თუ ამ გზაზე ტანკი არ გაივლის“.

კი, არც ტყვიაა საფრთხის შემცვლელი, არც ბებუთი, არც დანა, თუ ის ჩვენ გულ-ღვიძლში არ გაივლის…. და ეგ გზა რომ სწორედ მაგ ტანკების გასავლელად კეთდება?

რა უნდა ელაპარაკო მას, როცა შეუძლია რადიო თავისუფლების დღიურებში ყინჩად ბრძანოს: „სასადილოში ავდივარ. კომფორტულია. კერძების რაოდენობა _ მაღალი, ხარისხი _ დაბალი. უნებურად ოპოზიციასთან ვაკეთებ ასოცირებას: ხმა _ მაღალი, მარგი ქმედების კოეფიციენტი _ დაბალი. არ მომწონს ფიქრების ასეთი მიმდინარეობა. კოჰაბიტაციისაკენ მოვუწოდებ ჩემს თავს“.

დიახ, აი, ასე ყინჩად და უტიფრად, გეგონება, მისი ხელისუფლების მარგი ქმედების კოეფიციენტი იწევდეს წინ, წინ და არა ლარის კურსი…

მაგრამ რა დროს ესაა, როცა ჩვენ ყველას ნანახი გვაქვს ვიდეო, სადაც ივანიშვილი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, მაგრამ ვოლსკი მაინც უტიფრად გვეუბნება: „თურმე, ნუ იტყვით და, „ქართული ოცნება“ ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს. ასე თქვა ბიძინა ივანიშვილმაო. ტყუილია, რასაკვირველია. ასეთი რამ არავის უთქვამს“.

ან ეს რა მოსატანია მისი დღიურების იმ ფინალთან, შოკში ჩამგდებ ფინალთან…

„დეიდაჩემი მირეკავს, ნათელა მაჭავარიანი, მოგვიკითხა. გეგა და დუდუ მაგონდება… და კიდევ ის სულიერად ავადმყოფი კაცი „ციხის კადრებიდან“, აი, ის, გისოსებზე რომ იყო მიჯაჭვული და უაზრო ღიმილით პასუხობდა შეურაცხყოფას. სიცილი და სიყვარული არ მოუშალოს ღმერთმა ჩვენს ოჯახებს. ყველაფერი კარგად იქნება“.

რა კავშირია, თუნდაც, ასოციაციური _ გეგა კობახიძეს, დუდუ დადიანსა და იმ სულიერად ავადმყოფ კაცთან? ეს რომ სხვას ექნა და გეგა კობახიძესთან, თვითმფრინავის ბიჭების თემასთან ციხის კადრები დაეკავშირებინა, ხომ დაუნაყავდით სიფათს, ბატონო კატეგორიულად ვარანცოველო გია?

 

რეზო შატაკიშვილი