„სვანი თუთაშხია“ და მისი შვილები: აფრასიძეების ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები

regde

ბოლო დღეებში ისევ წინ წამოიწია ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის თემა, რომლის დროსაც ევგენი და ომეხ აფრასიძეები დაიღუპნენ, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს.

სანამ სპეცოპერაციის დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: სპეცოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე აფრასიძეებთან სახლში გამოჩნდა ერთი ჟურნალისტი. მისი მიზანი ცალსახა იყო: ჰქონდა ინფორმაცია, რომ ევგენი აფრასიძის შვილის _ ომეხის წინააღმდეგ, შესაძლოა, აყვანის ოპერაცია ჩატარებულიყო, ომეხი არ დანებებულიყო და ამას კი მისი ლიკვიდაცია მოჰყოლოდა, ამიტომაც ჟურნალისტს უნდოდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ომეხ აფრასიძე დაეყოლიებინა ჩაბარებაზე.

როგორც ამ „ჟურნალისტურ-შემრიგებლური“ ვიზიტის ინიციატორი და კურატორი იხსენებს საბოლოოდ, ჟურნალისტმა აფრასიძის მრისხანე ვაჟი ჩაბარებაზე დაითანხმა. მან კურატორს დაურეკა და უთხრა, რომ მეორე დღეს ომეხ აფრასიძე ჯვარზენში (სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გამყოფი) ჩავიდოდა და მანქანაში უიარაღოდ ჩაუჯდებოდა. კურატორი თბილისიდან უნდა ჩასულიყო.

`მეორე დილით ვიპარსავ წვერს და ამ დროს რადიოში მესმის ინფორმაცია, რომ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელშიც შსს-ს დანაყოფები, ვერტმფრენები მონაწილეობდნენ, რომ დაიწვა სახლი, დაიღუპა მამა-შვილი… დარწმუნებული ვარ, ეს შერიგების პროცესი მაშინ შეგნებულად ჩაშალეს. მე ომეხის წამოყვანას პირდაპირ თბილისში ვაპირებდი, მაგრამ ეს ვიღაცამ იცოდა. ომეხი თბილისში ცოცხალი არ უნდა ჩასულიყო და, ალბათ, სპეცოპერაცია რომ არა, მანქანაში ორივეს მოგვკლავდნენ, ან ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გავხდებოდით“, _ იგონებს წლების შემდეგ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბიძინა ივანიშვილის ბანაკში აღმოჩნდა.

ახლა კი რამდენიმე სიტყვა თავად სპეცოპერაციაზე, ევგენი აფრასიძესა და მის ვაჟებზე.

ვინ იყო ევგენი აფრასიძე?

ევგენი აფრასიძე 20 წლის ასაკში გახდა ძებნილი. როგორც თავად ყვებოდა, მისმა სიძემ (დის ქმარი), რომლის შესახებაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ ცოლს შეურაცხყოფას აყენებდა, არ გაითვალისწინა ევგენის შენიშვნა და მას „ლაწირაკი“ უწოდა, რის შემდეგაც ევგენი აფრასიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა, მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისას კი დანით 17 ჭრილობა მიაყენა.

ამის შემდეგ ევგენი აფრასიძე ოფიციალურად დევნილი იყო, თუმცა სისხლის აღების მსურველ სიძის ნათესავებს უფრო ემალებოდა, ვიდრე მილიციას. ევგენი აფრასიძე ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა, საიდანაც მშობლიურ სოფელს ზოგჯერ აკითხავდა კიდეც. ძებნილობის პერიოდში ევგენი აფრასიძემ სახლის აშენებაც მოასწრო და დაოჯახებაც. სწორედ იმიტომ, რომ ძებნილი იყო, მან სახლის აშენება გორაკზე დაიწყო, რათა გარემოსთვის თვალი ზემოდან ედევნებინა.

სამეზობლო და სოფელი ევგენი აფრასიძეს თავიდანვე დაუდგა გვერდით. სწორედ სოფლის მცხოვრებთა თანადგომით შეძლო ევგენი აფრასიძემ, თავი შეენახა. იმდროინდელი შსს-ს მიერ ჩატარებული ყველა ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ევგენი აფრასიძის აყვანას, უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ, ევგენი 1989 წელს შსს-ში დაგეგმილი საგანგებო „თეატრალური“ ოპერაციით აიყვანეს: სოფელში პარიკითა და ულვაშით შეპარულმა მაშინდელმა მაღალჩინოსანმა აფრასიძესთან ნდობაში შესვლა მოახერხა, მას ცემენტის არალეგალურ გამყიდველად გაეცნო და ზუგდიდიდან ცემენტის ამოტანა შესთავაზა, რასაც ევგენი აფრასიძე დასთანხმდა და მანქანაში ჩაუჯდა. მანქანაში მყოფმა სხვა, მუშების ფორმაში გადაცმულმა შსს-ს თანამშრომლებმა ევგენი აფრასიძე დააკავეს.

ევგენი აფრასიძის შიში, რომ სიძის მკვლელობისთვის დახვრეტას მიუსჯიდნენ, არ გამართლდა. მას მხოლოდ სამი წლით ციხე მიუსაჯეს. სხვათა შორის, შსს-ს იმ მაღალჩინოსანთან, რომელმაც „თეატრალური“ გათამაშებით მისი დაკავება შეძლო, ევგენი აფრასიძე სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა, რადგან მან პატიმარ აფრასიძეს დაკავების შემდეგ თბილი ტანსაცმელი და ლეიბი შეუგზავნა.

ციხიდან გამოსვლიდან ცოტა ხანში აფრასიძემ სატვირთო მანქანის მძღოლად დაიწყო მუშაობა. სოხუმის დაცემის შემდეგ მას საკუთარი მანქანით უღელტეხილზე დევნილები გადმოჰყავდა, ხოლო უკან ისევ დევნილებისთვის პროდუქტი მიჰქონდა. ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. სოხუმიდან სხვა დევნილებთან ერთად აფრასიძის ბიძაშვილებიც გადმოვიდნენ. მათ თავიანთი „ნივის“ გადმოყვანა შეძლეს. მანქანა აფრასიძის ეზოში იდგა, თუმცა ერთ დღეს გაქრა. ევგენი აფრასიძე ქურდების კვალმა სოფელ უშხვანარში, სვანების ოჯახში მიიყვანა, სადაც მოპარული „ნივა“ აღმოაჩინა. მაშინ ძმებ უშხვანებსა და აფრასიძეს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა და ერთ-ერთი უშხვანი დაიღუპა. ამის შემდეგ აფრასიძე ისევ ძებნილი ხდება.

ევგენი აფრასიძეს მთელი 10 წლის განმავლობაში სვანეთში ჩატარებული არც ერთი ანტიკრიმინალური ოპერაცია არ შეხებია. მეტიც, მან და მისმა გარემოცვამ წინასწარ იცოდა იმის შესახებ, როდის და რა ძალებით მიდიოდა პოლიცია სვანეთში.

გარდა საკუთარი აგენტურული ქსელისა, ამის გაგებას აფრასიძე ტექნიკური მოწყობილობებითაც ახერხებდა. კერძოდ, სახლში დამონტაჟებული სპეციალური აპარატურით იგი პოლიციის რაციებსაც უსმენდა. აფრასიძის სახლამდე შეუმჩნევლად მისვლა შეუძლებელი იყო, რადგან გორაკზე ასვლამდე მთელი სოფელი უნდა გაგევლო და რადგან ადგილობრივ მოსახლეობაში აფრასიძე ავტორიტეტით სარგებლობდა, უცხო პირების გადაადგილების შესახებ მას სწრაფად ატყობინებდნენ.

აფრასიძის საკმაოდ დიდი ეზოს ოთხივე მხარეს სპეციალური კოშკურები იდგა, სადაც ოჯახის წევრები და აფრასიძეებთან შეფარებული სხვა ადამიანები 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ. აფრასიძეების ოჯახობა კი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა: ქალები ცომს ზელდნენ, სარეცხს რეცხავდნენ და ბავშვებს ზრდიდნენ, ხანდახან კი მეზობლებშიც გადადიოდნენ.

თვითონ ევგენი აფრასიძე განსაკუთრებით ფრთხილობდა. დღეში რამდენჯერმე პირადად ჩამოივლიდა საგუშაგოებს, ხოლო ღამით სპეციალური ღამის ხედვის მოწყობილობას ირგებდა, დრაგუნოვის სნაიპერულ შაშხანას აიღებდა და გარემოს ზვერავდა. მეზობლები და ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ევგენი აფრასიძეს ეს პროცესი დაერღვია, ან თავისი მთავარი პრინციპისთვის ეღალატა: არც ერთი წვეთი ალკოჰოლი! სამაგიეროდ, მამისგან განსხვავებით, ბოჰემურ ცხოვრებაზე უარს არ ამბობდნენ შვილები, განსაკუთრებით გოჩა და ომეხი. მამის შიშით მოსახლეობა ხმას არ იღებდა, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, რომ ძმები არაფრით ჰგავდნენ სვან თუთაშხიად წოდებულ მამას.

მესტიის მისადგომებამდე საავტომობილო გზას სწორედ შვილები აკონტროლებდნენ. ფაქტია, რომ ლახანში, ეცერსა და ბეჩოში მათი ნებართვის გარეშე ვერავინ გაჭაჭანდებოდა. განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით ძმებში ომეხ აფრასიძე გამოირჩეოდა. იგი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელიც იყო და მუდამ ჰქონდა წყარო, რომელიც მას ჰეროინით ამარაგებდა. ძალიან უყვარდა ოქროს სამკაულები და მათ დემონსტრირებასაც არ ერიდებოდა. ძებნილობის პერიოდში იგი ხშირად ჩნდებოდა ხალხში და ხაზს უსვამდა, რომ არავისი ეშინოდა. ცნობილია, რომ სწორედ ომეხ აფრასიძეს გადასცეს კალაძეებისგან აღებული 200.000 დოლარის ნაწილი, რათა ლევან კალაძის ადგილსამყოფელი გაეგო. არსებობდა ვერსია, რომ ლევან კალაძე სწორედ აფრასიძეებთან ჰყავდათ გადამალული, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ძმებისგან განსხვავებულ ცხოვრებას ეწეოდა შმაგი აფრასიძე, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავდა და ოჯახს შრომით არჩენდა.

სპეცოპერაცია ეცერში 2004 წლის მარტში ჩატარდა. ის უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მითითებით განხორციელდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე, ასევე ადგილზე იყო მისული ზურაბ ადეიშვილიც.

შტურმში სოფელ ეცერში წინასწარ გადმოსხმული დესანტიც მონაწილეობდა. ოფიციალური ვერსიით, აფრასიძესა და მისი გარემოცვის წევრებს რუპორით დანებება შესთავაზეს, თუმცა აფრასიძეებმა სამართალდამცველებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს.

ოპერაციის შედეგად, ოფიციალური ვერსიით, ევგენი აფრასიძის გვამი ალმოდებულ სახლში დაიწვა, ხოლო ბავშვები და ქალები არ დაზარალებულან. სხვა აყვანილებთან ერთად დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ მურავიოვი, რომელსაც რუსეთის მილიცია, ჯერ კიდევ, საბჭოთა ეპოქიდან ეძებდა.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა მძიმედ დაიჭრა, ის და მისი ძმა შმაგი დააკავეს და გაასამართლეს.

აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ყველაზე სკანდალური იყო ვერსია, რომლის მიხედვითაც ევგენი აფრასიძე და მისი შვილი ომეხი ხელებაწეული გამოვიდნენ და პოლიციას ჩაბარდნენ, მაგრამ ისინი დახვრიტეს, თუმცა ეს ვერსია თავად აფრასიძეების ახლობლებმა უარყვეს, რადგან ვინ, თუ არა მათ, იცოდნენ, რომ ევგენი აფრასიძე პოლიციას არ დანებდებოდა.

მეორე ვერსია, რომლის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას დიდხანს არ სჯეროდა, რომ ევგენი აფრასიძე დაიღუპა, იყო ის, რომ თითქოს ევგენი აფრასიძემ ალყის გარღვევა და მიმალვა მოახერხა და ცოცხალია. ამ ვერსიის აბსურდულობაში ადგილობრივები მალევე დარწმუნდნენ.

 

***

აფრასიძეების ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმის გამოძიებისას სწორედ ამ სამი პირის: სააკაშვილის, ადეიშვილისა და ბარამიძის ბრალეულობა გამოიკვეთება. არაა გამორიცხული, გიორგი ბარამიძე დააკავონ კიდეც: პროკურატურა, სავარაუდოდ, პარლამენტს მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.

2012 წლის ნოემბერში თეა წულუკიანი აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით ამბობდა:

„აფრასიძეების საქმეზე მთავარია, გაირკვეს ის, ჰქონდა თუ არა სიცოცხლისთვის საშიშ გადამეტებას ადგილი? ამის მიხედვით ფასდება ხოლმე, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება. თუ წარმოვიდგენთ, რომ აფრასიძეები საბრძოლველად გამოვიდნენ და მძიმედ შეიარაღებულ შინაგან საქმეთა მინისტრს შეიარაღებულები დაუპირისპირდნენ, მაშინ, რა თქმა უნდა, სიტუაცია სხვაგვარ შეფერილობას იძენს, მაგრამ თუ დამტკიცდა ის აზრი, რაც საყოველთაოდ მუსირებს, რომ ევგენი აფრასიძე (რომელიც, ვეთანხმები პრეზიდენტს, არ იყო ანგელოზი) შვილიშვილთან ერთად ხელებაწეული გამოვიდა და მას დაუშინეს ტყვიების ჯერი და ჩაცხრილეს, ეს დანაშაულის შემცველი ქმედებაა“.

რაც შეეხება გიორგი ბარამიძეს, მისი პოზიცია ცნობილია. ბოლო კომენტარი მან 8 თებერვალს გააკეთა და განაცხადა, რომ ოპერაციის გამო მხოლოდ ერთი ხინჯი ჩარჩა გულში _ ადამიანების დაღუპვა… თუმცა იქვე დაამატა: რომ არა ძალიან დიდი ძალა, მსხვერპლი პოლიციელების მხრიდან იქნებოდა: `მე რომ იქ 50 პოლიციელი გამეშვა, ორმოცდაათ ცხედარს ჩამოვასვენებდით, ამიტომ არა მარტო აფრასიძეების სახლის, არამედ მთლიანად სოფლისა და მიმდებარე ტერიტორიის კონტროლქვეშ აყვანა სწორი იყო. დღეს მხოლოდ ერთ შესწორებას შევიტანდი ჩემს მაშინდელ მითითებებში: ბიჭებს დავაბარებდი, უფრო ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან დღეს უკვე ვიცით, რომ ერთი ვერტმფრენი ჰაერში დაგვიზიანეს. ანუ ვერტმფრენს, რომელშიც სპეცრაზმელები ისხდნენ, ესროლეს ჯერ კიდევ დაჯდომამდე და მხოლოდ პილოტის პროფესიონალიზმმა იხსნა ბიჭები დაღუპვისგან: მან დაზიანებული ვერტმფრენის დასმა მოახერხა და დაახლოებით 20 სპეცრაზმელის სიცოცხლე იხსნა, რისთვისაც დაჯილდოვდა კიდეც~, _ ამბობს ბარამიძე.

ყოფილი შს მინისტრი და აფრასიძეების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იმასაც არ გამორიცხავს, რომ დააკავებენ და ამბობს, რომ არსად არ აპირებს დამალვას: „ქვეყნიდან წასვლას და დამალვას არ ვაპირებ, რამდენჯერაც გავალ, იმდენჯერ დავბრუნდები და თუ საჭირო გახდება, იმუნიტეტსაც მოვიხსნი და ციხეშიც ჩავჯდები ჩემს ძველ მეგობრებთან ერთად“, _ აცხადებს ის.

პროკურატურა კი, ჯერჯერობით, წინასწარ არ ამბობს, ბარამიძეს, უბრალოდ, მოწმის სახით დაკითხავენ თუ დააკავებენ, თუმცა ადასტურებს, რომ აფრასიძეების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს…

 

დოროთე გითოლენდია