რა საფრთხეს შეიცავს „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედება საქართველოსთვის?

wewew

საერთაშორისო კოალიციამ სირია-ერაყის საზღვარზე მოქმედ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“, ჯერჯერობით, ვერაფერი მოუხერხა. ტერორისტების პოზიციების პერმანენტული საჰაერო დაბომბვა გრძელდება, მაგრამ ამ გზით საფრთხესთან ბოლომდე გამკლავება ვერ ხერხდება. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საერთაშორისო სამართლის გარეთ მოქმედი დაჯგუფების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. მით უმეტეს, ამ დღეებში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა კოალიციის წევრი კანადელი სამხედროები ისლამისტებთან უშუალო სამხედრო დაპირისპირებაში ჩაებნენ.

სამწუხაროდ, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოდან წასული ადამიანებიც იბრძვიან. პანკისის ხეობის გარდა, მათ შორის, სხვა რეგიონების წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. მეტიც, თუ აქამდე კავკასიელი მებრძოლების მუქარის ძირითადი ადრესატი პუტინის ხელისუფლება იყო, ახლა აჭარელი „მოჯაჰედი“ მშობლიურ საქართველოსაც გადმოსწვდა და ამისთვის მუქარანარევ ვიდეორგოლებს არ იშურებს.

„ქრონიკა+“ „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე ტერორიზმის საფრთხეებსა და რეაგირების გზებზე ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს, სამხედრო მიმომხილველ ირაკლი ალადაშვილს ესაუბრება:

_ ე. წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერებს არაერთხელ განუცხადებიათ, თუ საით მიდის მათი ინტერესები და შემდგომი სამიზნეები. ერთ-ერთი მიმართულება, რასაკვირველია, ჩვენკენ, სამხრეთ კავკასიისკენაც არის მიმართული. თუ შემდგომი გაძლიერება და გაფართოება სურთ, ბუნებრივია, მოუნდებათ იგივე წესრიგი და კანონები დაამყარონ სხვაგანაც, რასაც ახლა სირიასა და ერაყის საზღვარზე ამყარებენ. ეს ჩანაფიქრი აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოსთვის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

მეორე მხრივ, საქმე ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი (მართალია, ძალიან მცირე, მაგრამ მაინც) დღეს იმყოფება, ან იმყოფებოდა, ან შეიძლება გაემგზავროს სირია-ერაყის საზღვარზე და ისლამური სახელმწიფოს შემადგენლობაში იბრძოლოს და შემდგომ საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდეს. მათ, ჯერ ერთი, რომ ეს საბრძოლო გამოცდილება ექნებათ, მეორეც, ამ ისლამური სახელმწიფოს იდეებით აღჭურვილი იქნებიან. ამას გარდა, ექნებათ ის დიდი კავშირები, რაც ისლამური სახელმწიფოს შიგნით სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის არსებობს. შეიძლება შემდგომში ეს ხალხი გახდეს ერთგვარი პატარა საფუძველი, ბაზა, პლაცდარმი საქართველოს შიგნით გარკვეული არეულობის გამოწვევისთვის, ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიის მიმართულებით.

_ ამ პერსპექტივას რა უნდა დაუპირისპიროს სახელმწიფომ?

_ უპირველესად, ეს არის პრევენცია, ქვეყნის სპეცსამსახურების ეფექტური მუშაობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ტერიტორიის გარეთ. ყველა იქ მყოფი პიროვნების (ან ვინც უკვე იმყოფებოდა) აღწერა, კოორდინატების დადგენა, ასევე მათი ნათესავების, ახლობლების, კავშირების დადგენა, სრულ კონტროლზე აყვანა, თუ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდებიან. ასევე, ვისთან აქვთ სატელეფონო ან სხვანაირი, ინტერნეტკავშირი საქართველოში მცხოვრებ მეგობრებთან, ნათესავებთან და ა. შ., ამის კონტროლქვეშ აყვანა აუცილებლობას წარმოადგენს.

ამასთან, საჭიროა ყველა იმ პოტენციური ადამიანის გამოვლენა, ვისაც შეიძლება იქ საბრძოლველად წასვლა მოუნდეს; ვინც უკვე დღეს აღნიშნული იდეებით არის გამსჭვალული _ იქნება ეს პანკისის ხეობა, აჭარა, თუ ქვემო ქართლი, ან სულაც თბილისი, კონკრეტულად ეს არ ჩამოითვლება, ასეთი პოტენციურად წამსვლელი ადამიანი ან ადამიანები ყველგან შეიძლება მოიძებნოს.

_ თქვენი დაკვირვებით, ამ აუცილებელ პრევენციულ ნაბიჯებს საქართველო დგამს თუ არა?

_ კანონი რომ შემოდის და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე წასვლა დაისჯება, ეს უცილებელი ნაბიჯია და რეალურად აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა და რასაკვირველია, მეტი კონტროლის განხორციელების საჭიროებაა.

თუმცა ამ „მეტი კონტროლის“ საბაბით, თავის დროზე, 2011 წლის ნიუ-იორკის ტერაქტების შემდეგ, აშშ-ს სპეცსამსახურებმა უდიდესი გავლენა მოიპოვეს. მათ თითქმის ყველას თვალთვალი, მოსმენა დაიწყეს და ეს მართლაც უკვე ანტიდემოკრატიულ ქმედებებში გადაიზარდა. მათ შორის საუბარია დაკითხვებზე, ბრალის წაყენებაზე და ა. შ. რა თქმა უნდა, ეს ზღვარი დაცული უნდა იყოს. თუმცა ასეთი ზღვარის დაცვა ისეთ ქვეყნებშიც კი ჭირს, როგორიც შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთია. საქართველოშიც ეს ადვილი პროცესი არ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ სპეცსამსახურებმა ამ მიმართულებით უფრო მეტი და ეფექტურად უნდა იმუშაონ.

_ მაშინ ის ვთქვათ, რა იწვევს საქართველოდან ისლამური სახელმწიფოს რიგებში ადამიანების გადინებას?

_ პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ეს ისლამური იდეებით მოტივირებაა. რაც შეეხება ფინანსურ დაინტერესებას, ეს, მგონი, დიდი და შთამბეჭდავი არ უნდა იყოს. შეიძლება აქ რაღაც ელემენტარულ თანხებზეა საუბარი, რომ ადამიანი მშიერი არ მოკვდეს და რაღაც შეიძინოს, მაგრამ ის, რომ იქ მათ თითქოს ვიღაც დიდ ფულს უხდის, ძნელად სარწმუნოა, ანუ, ძირითადად, იდეური მოსაზრებები უდევს ამ გადაადგილებას.

_ ბათუმელი მებრძოლის ინტერნეტმუქარები რა ფენომენია?

_ ეს, წესით, საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, როგორც მისი გამოსვლა და ინტერნეტში განთავსება. სისხლის სამართლის კანონმდებლობით რეგულირდება მსგავსი ფაქტი. აღნიშნული ქმედების წინააღმდეგ მას შეიძლება სპეციალური მუხლები წარუდგინონ.

_ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ერთგვარი პროგნოზი რომ გავაკეთოთ, რა ელის ამ „ისლამურ სახელმწიფოს?“

_ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის ბრძოლა ეფექტური არ არის, რადგან მარტო საჰაერო დაბომბვებით ომი ჯერ არავის მოუგია და გაუნადგურებია მოწინააღმდგე. უცილებელია სახმელეთო ოპერაციის ჩატარება. კარგი იქნებოდა, რომ სახმელეთო ოპერაცია თავად ერაყელებისა და ქურთების ხელითაც განხორციელებულიყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სიტუაცია შეიცვლება, თუ ამერიკელებმა ერაყში თავისი ჯარი დააბრუნეს, რაც ძალიან არ უნდა ქვეყნის დღევანდელ პრეზიდენტ ობამას, მაგრამ იძულებულია, მცირე რაოდენობით მაინც თავისი სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნოს.

უშუალოდ სახმელეთო ოპერაციის გარეშე ამ საშიშ ფენომენს, რასაც ისლამური სახელმწიფო ჰქვია, არ მოევლება.

_ რამდენად შესაძლებელია, ქართულ მხარეს რამე ფორმით ამ საერთაშორისო კონფლიქტში ჩართვა მოუწიოს?

_ მიმაჩნია, რომ ჩვენ აქ არ უნდა ჩავერთოთ. შეგვიძლია ამ კოალიციას მხარი დავუჭიროთ მორალურად, დიპლომატიურ-პოლიტიკურად. ჯერ ერთი, სანამ საჰაერო ოპერაციაა, ჩვენ ვერაფრით ჩავერევით; ძალიანაც რომ გვინდოდეს, ამის ტექნიკური საშუალება არ გაგვაჩნია. და თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწო ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, მიმაჩნია, რომ არ უნდა ჩავერიოთ, რადგან გვეყო, რაც ჩავერიეთ ერაყში, ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკაში, მანამდე კოსოვში და სხვაგან. მგონი, უკვე საკმარისია, მილიონი პრობლემა გვაქვს საკუთარ ქვეყანაში.

 

გელა მამულაშვილი