იური ვაზაგაშვილი: „როცა იმ ხალხს აწინაურებენ, ვინც თამაზ თამაზაშვილი აწამა, მე რაღას მიზამენ?“

egre

ეს ინტერვიუ იური ვაზაგაშვილთან ახალი წლის წინა დღეებში ჩავწერე მის „ჯაზუში“, თუმცა მალე სადღესასწაულო პერიოდი ემთხვეოდა, თანაც მითხრა, დამატებით ინფორმაციებს ველოდებიო და ამიტომ გამოქვეყნება იანვრის შუა რიცხვებამდე გადავდეთ. ინტერვიუს შემდეგ, როცა დავემშვიდობე, მითხრა, _ დღევანდელობა სააკაშვილის დროს მხოლოდ იმით სჯობია, რომ დღეს ქუჩაში ხალხს აღარ ხვრეტენო. აბა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ თვითონ მას გაუსწორდებოდნენ ძალიან ცინიკურად და წარმოუდგენელი ბოროტებით?!. ახლა მთავარია, რომ ამ ბოროტების ჩამდენები საკადრისად დაისაჯონ და საქმე სახელად _ იური ვაზაგაშვილი _ გაუხსნელ საქმეთა მორიგ მრავალტომეულად არ იქცეს. ეს პრესტიჟის საქმეა და ახლა გამოჩნდება, აინტერესებთ თუ არა ღირსება და პრესტიჟი ხელისუფლებაში?..

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს იური ვაზაგაშვილთან, რომელთან საუბარიც იმ დღეს სააკაშვილის ზონდერი პოლიციელების თემით დავიწყეთ.

იური ვაზაგაშვილი:

_ ეს საკითხი თითქმის ყველამ კარგად იცის, ვისაც კი რაღაც სახით აქვს შეხება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.  ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის შედეგი გახლავთ ის, რომ დღემდე, რამდენიმე ახალი კაცის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში ისევ ძველები მუშაობენ. კი ბატონო, იმუშაონ ძველმა კადრებმა, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, ასეთ ძალოვნებს ჩვენ არც ადრე ვებრძოდით და არც ახლა ვებრძვით, მაგრამ ის ზონდერები, საშინელებებსა და მკვლელობებს ვინც სჩადიოდა, ვისაც ღამე მიჰყავდა ნაწამები ხალხი ნოტარიუსებთან და ქონებას სხვის სახელზე აფორმებინებდა, ვინც ქუჩაში დახვრიტა არაერთი ახალგაზრდა, აი, ამათი 90% ისევ თავის ადგილზეა და ისევ მაღალ თანამდებობებს იკავებს! სხვათა შორის, არა მარტო ადგილების შენარჩუნებაზეა საუბარი, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბევრი მათგანი დაწინაურდა კიდეც. ასეთი ხალხი შემიძლია ბევრი ჩამოგითვალოთ და ისინიც ზედ დავურთო, ვინც მათ მფარველობს და ხელს აფარებს…

_ მათი ვინაობის გაგება მართლა საინტერესო იქნება, მაგრამ მოდით, ჯერ, იქნებ, ავხსნათ, რამ გამოიწვია ამ ხალხის თანამდებობებზე დატოვება და დაწინაურება?

_ ვფიქრობ, რომ „ოცნებაში“ თავიდანვე იყო ისეთი ხალხი, ვისაც „ნაციონალებთან“ ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა, დღეს კი ასეთი წარსულის გამო `ნაცებს~ ბევრი ქოცი ჰყავთ ყურებით დაჭერილი, ამიტომ ვერ შეეხენ ამ ხალხს და ვერ ხდება ვერანაირი ცვლილება.

დავიწყოთ თავიდან, იმ დროიდან, როცა შსს-ში მინისტრად მოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი: მე მას დიდ პატივს ვცემ. დღეს თუ ვინმეს იმედი დამრჩა, რომ კიდევ რამეს გამოასწორებს, ეს არის ბატონი ირაკლი. ჩემსავით ფიქრობს ბევრი სხვაც, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად მოვიდა  ძალიან გამოუცდელი. მე თუ მკითხავთ, არ უნდა დაენიშნა ბატონ ბიძინას. სამინისტროში მისულ ბატონ ირაკლის იქ დახვდა ალეკო ტაბატაძე და ის ხალხი, ვინც მის დამოუკიდებლობას, რბილად რომ ვთქვა, გასაქანს არ მისცემდა.

_ გასაგებია, მაგრამ სანამ გვარებზე გადავალთ, ჯერ ეს თემა ამოვწუროთ: თქვენ ამბობთ, რომ „ნაციონალებსა“ და ზონდერ-პოლიციელებს ბევრი ჰყავთ ყურებით დაჭერილი, ანუ კომპრომატებს ფლობენ. მაშინ, ღარიბაშვილიც ყურებით დაჭერილი ჰყოლიათ, ან ჭიკაიძეც, ამ ცვლილებებს რომ ვერ ატარებენ?

_ ამ შემთხვევაში სხვა ფაქტორები მუშაობს. ნახეთ, რა ხდება: ირაკლი რომ მოვიდა, ყველანაირად უნდა დადგომოდნენ გვერდში მოადგილეები. ესენი იყვნენ იზორია, ხვედელიძე და ტაბატაძე. ხვედელიძეს რაც მოუწყვეს და როგორ ტექნიკურადაც მოტეხეს, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ; ალეკო ტაბატაძე, კიდევ, ყველამ კარგად ვიცით, ვინც არის და „ნაციონალების“ შემსრულებელი რომ გახლავთ. ირაკლი ღარიბაშვილი ამ კაცს ენდო და ნახეთ, სამაგიეროდ რა მიიღო? _ ალეკო ტაბატაძე იყო მონოლითი ჯგუფის უფროსი „ქართულ ოცნებაში“, რომელსაც დავალება ჰქონდა, რომ უნდა გამოევლინა და იქიდან გამოეყვანა ვანო მერაბიშვილის აგენტურა, მაგრამ მან ორმაგი ითამაშა და ვანოს ყველა აგენტი „ოცნებაში“ დატოვა. აი, ასეთ კაცს ეყრდნობოდა ღარიბაშვილი;

ასევე იყო პროკურატურაშიც: ყველამ იცის, ნაცვლიშვილმა რაც გააკეთა და ეს ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ირაკლი ენდო, ხოლო მათ თავის ჭკუაზე  დაუკომპლექტეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დატოვეს ზონდერები. ბევრი მათგანი გაქცეულიც იყო და უკან დააბრუნეს თანამდებობაზე.

_ მაგალითად?

_ მაგასაც მოგახსენებთ, მაგრამ მანამდე რამდენიმე სიტყვა ახლანდელ მინისტრზეც მინდა ვთქვა: იგი დღეს მფარველობს სააკაშვილისდროინდელ ჯალათებს და ამას თავისი მიზეზები აქვს: ჭიკაიძე 2008 წელს მიიღეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში უბნის ინსპექტორად. მას არაერთხელ დაუძახა მაშინდელმა სამმართველოს უფროსმა, ჯაბა მაღლაფერიძემ, რომელიც შემდგომში ახალმა ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა და ეს მაღლაფერიძე ტექნიკურად ცდილობდა მის გადმობირებას, ვინაიდან ცნობილი იყო, რომ იგი გახლდათ თამაზ თამაზაშვილის ნათლული და შეეძლო, მათთვის ღირებული ინფორმაცია მიეწოდებინა. კულმინაცია დადგა მას შემდეგ, რაც ჭიკაიძე პოლიციის აკადემიაში გააგზავნეს სპეციალურ კურსებზე და აღმოჩნდა, რომ გამოცდებს ვერ აბარებდა. ამ დროს საქმეში ჩაერთო მაღლაფერიძე და ეს პრობლემა მოუგვარა, სამაგიეროდ მისი ნდობაც მოიპოვა. სხვათა შორის, ეს ჯაბა მაღლაფერიძე გივი თარგამაძის ახლო ნათესავია და ვანო მერაბიშვილის მეგობარი და მარჯვენა ხელი. მოკლედ, მაღლაფერიძემ შეძლო ჭიკაიძის ნდობის მოპოვება. ამას რაც გინდათ, დაარქვით და სწორედ ამ დაახლოების შემდეგ მოხდა ჭიკაიძის დაწინაურებაც _ იგი გლდანის ერთ-ერთ განყოფილებაში გაუშვეს უფროსად. ისე, 26 მაისის დარბევაშიც აქვს მიღებული აქტიური მონაწილეობა და 1200 ლარიც აიღო პრემიის სახით. ეს ყველაფერი თვითონ პოლიციელებისგან ვიცი. საბედნიეროდ, მათ რიგებში პატიოსანი ადამიანებიც არიან და მაწვდიან ინფორმაციებს. ასე რომ, მალე სხვა პოლიციელების თაობაზეც მოგაწვდით, ბატონო დავით, დოკუმენტებს.

რაც შეეხება გაქცეულ და მერე უკანდაბრუნებულ პოლიციელებს, მაგალითად, მოსკოვში იყო გაქცეული გიორგი ცააძე, ჩემი შვილის მკვლელი, რომელიც უკან დააბრუნეს. გაქცეული იყო ასევე ახლანდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ოთარ მირზოევი, რომელიც ვანოს დროსაც, ირაკლის დროსაც და ჭიკაიძის დროსაც იყო ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე. მე რომ ჭიკაიძეს ვუთხარი, ეს მკვლელია და  დამნაშავეა-მეთქი, ჭიკაიძემ ისე გაიკვირვა, თითქოს რომელიმე ანგელოზს ვდებდი მკრეხელურ ბრალს. ასევეა ქალაქის სამმართველოს უფროსი გიორგი დალაქიშვილიც, რომელზეც უშუალოდ ვამტკიცებ, რომ სხვებთან ერთად არის  მკვლელობაში მონაწილე.

_ დალაქიშვილი მაშინ რა თანამდებობაზე მუშაობდა?

_ მაშინ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში იყო ინსპექტორად.

ახლა ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გეტყვით: „ნაციონალების“ დროს გამოძიებულ მასალებში თვითონვე წერს, რომ იმ სპეცოპერაციის დროს, როცა ჩემი შვილი დაიღუპა, მანქანასთან ორ მეტრში ვიდექითო. ეს ჩვენებები ავუფრიალე ჭიკაიძეს, როცა შევხვდი და იცით, რატომ დამჭირდა მისი აფრიალება? _ ჭიკაიძე მეუბნება, _ დალაქიშვილი არ არის დამნაშავე, მანქანიდან 150 მეტრში იდგაო. ვეუბნები _ გატყუებს-მეთქი! და, _ არაო! _ მეუბნება. წარმოიდგინეთ, თვითონვე აქვს მიცემული ჩვენება დალაქიშვილს, საცობში აღმოჩნდა ობიექტი ჩვენი მანქანის უკანო. ლაპარაკი არის ჩემი შვილის მანქანაზე. ჩვენებაში ამბობს: „გადმოვედით და ბეროძე მივიდა შიშველი ხელებით, ანუ უიარაღოდ, პოლიციის კეპით და ქურთუკით და ეუბნებაო, რომ  გადმოდით მანქანიდანო…“ ანუ ვითომ თავიანთ მშვიდობიან განზრახვას უსვამენ ხაზს. ამ დროს ზურას სხეულიდან ამოღებულია ბეროძის ტყვია. თვითმხილველები ამბობენ, აგრეთვე, რომ ცააძემ იარაღმომარჯვებულმა შემოუარა მანქანას უკნიდან და მიუშვირა ზურა ვაზაგაშვილს იარაღი, აქედან ჩამწკრივდნენ დალაქიშვილი, რაზმაძე, ბეროძე და ერთდროულად დაუწყეს სროლა. აი, ეს ხალხი არის დაწინაურებული და მათ მფარველობს ჭიკაიძე. მითხარით, რა გამოძიებაზე და სამართლიანობაზეა საუბარი?!

_ ანუ ადრე ვანო მერაბიშვილი იცავდა ამ ხალხს, ახლა ჭიკაიძე იცავს?

_ კი ბატონო, სწორი კითხვა დასვით, ჭიკაიძე მარტო დალაქიშვილს კი არ იცავს, ის ბევრ სხვასაც იცავს. იმიტომ არის, რომ ჭიკაიძის სამინისტრო სავსეა კრიმინალებით და დამნაშავეებით. მე არ ვამბობ ყველაზე, ღმერთმა დაგვიფაროს, უამრავი წესიერი პოლიციელი გვყავს, მაგრამ, ისევ ვიმეორებ, რომ დამნაშავეთა 90% დღესაც მუშაობს ჭიკაიძის სამინისტროში და ჭიკაიძემ ეს კარგად იცის. ჭიკაიძე რომ დაინტერესებული არ იყოს, ჩემი შეხვედრის შემდეგ, რაც მე ეს ყველაფერი გავუშალე და მერე დამატებით მის პრესსამსახურსაც დავურეკე და საქმის კურსში ჩავაყენე, რამე ზომებს მიიღებდა. მე მაქვს კიდევ დამატებითი მასალები, რომ უშუალოდ დალაქიშვილი არის პირველი მსროლელი, საცობში მდგომ მანქანას, სადაც სამი უდანაშაულო ახალგაზრდა იჯდა, პირველმა დაუწყო სროლა და ის როგორ უნდა იყოს ქალაქის სამმართველოს უფროსი?!

_ 150 მეტრი საიდან გაჩნდა საქმეში?

_ ეს ჭიკაიძემ მოიტანა, თუმცა არ ვიცი, საიდან. როცა თვითონ დალაქიშვილი წერს, რომ აგერ ორ მეტრში ვიდექითო, ახლა მე მაქვს კითხვა, _ ქალაქის პოლიციის უფროსია და თვითონ რომ წერს, ორ მეტრში ვიდექითო, მის გვერდით რომ ჩამწკრივებულია სამოქალაქო ფორმაში სამი პიროვნება, გვითხრას, ვინ არიან ისინი? ქუჩაში გამვლელები არიან? ასი პოლიციელი იდგა იქ და ვიღაც უცნობებმა ესროლეს და წავიდნენ? ეს ხომ ზღაპარია! და ეს ხდება იმიტომ, რომ ჭიკაიძე მფარველობს.

ენა არ მიტრიალდება, მაგრამ ერთი რამ კიდევ უნდა გითხრათ, რისი თქმაც არ მინდოდა, მაგრამ, მე მგონი, დადგა ის დრო, რომ უნდა ვაღიაროთ: რაც ხდება, ყველაფერი ჩვენი _ საზოგადოების ბრალია. მოგვყავს ხელისუფლება და მერე ვამბობთ, რომ უნდა ვაცადოთ. რა უნდა ვაცადოთ, კაცო?! პირველი დღიდანვე უნდა მოსთხოვო პასუხი! ამიტომ ყველაფერს ვიტყვი და დავსვამ შეკითხვას, _ რატომ ბედავს, ამ შემთხვევაში, ჭიკაიძე, ამდენს?!

_ თქვენი აზრით, რატომ ბედავს?

_ რატომ ბედავს, იცით? _ მის უკან დგანან სხვა პატრონები. ეს პატრონები ვინც არიან, ვინც დანიშნა, ვინც დაანიშნინა, ეს ხალხი რატომ აკეთებს ამას? ხომ ყველამ იცის, ვინც დანიშნა და ვისაც ვგულისხმობ?

_ ჭიკაიძე მინისტრად ღარიბაშვილმა დანიშნა.

_ კი, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა, მაგრამ ირაკლის ვინ შესთავაზა და ვინ დაანიშნინა? ეგ არის, რა! სიმამრმა შესთავაზა, თამაზ თამაზაშვილმა, მისი ნათლიაა და აბა, სხვა ვინ შესთავაზებდა? ანუ, ახლა გამოდის, რომ ვერავინ ბედავს, ამხილოს. უამრავი თვითმხილველია პოლიციაში. ისინი გულნატკენები არიან იმით, რომ მათი უწყება სავსეა ზონდერებით და კრიმინალებით, თუმცა არ ჰყოფნით გამბედაობა, ღარიბაშვილს უთხრან, რომ ჭიკაიძე ხელს უშლის გამოძიებებს.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილი საქმის კურსში არ არის?

_ მე ვფიქრობ, ღარიბაშვილი ბევრ რამეშია საქმის კურსში, მაგრამ მაინც ენდობა ჭიკაიძეს და ეს მიმაჩნია მის შეცდომად. ბიძინაც ენდობოდა ბევრ ადამიანს, მაგრამ ყველამ ერთად დავინახეთ მერე, რა მოყვა ამ ნდობას. ამიტომ მე მივმართავ ღარიბაშვილს, რომ ცოტა მეტად ფხიზლად იყოს. არ შეიძლება ასე მოქმედება. მშვენიერი ანდაზა არსებობს: „ენდე, მაგრამ შეამოწმე“. ე. ი. ზედმეტად ენდობა, შემოწმება კი ნაკლებად ხდება. მერე რა, რომ ჭიკაიძეა და მისი სიმამრის ნათლულია დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი? _ შესამოწმებელია! რატომ ხმას არავინ იღებს?! იზორია რომ პოლიციის კანონებზე წერდა ოპოზიციაში ყოფნის დროს და პრეზენტაციაზე გვეპატიჟებოდა, მივდიოდით და გვეჩიჩინებოდა, თუ როგორი უნდა იყოს პოლიცია, ახლა რატომ აღარ საუბრობს ამ საკითხზე? რა შეიცვალა პოლიციაში ისეთი, რომ ეს საუბარი საჭირო აღარ არის? მისი წიგნები მაჩუქა, სადაც პოლიციის რეფორმებზეა საუბარი, ახლა რატომ არ ხდება ეს რეფორმა?! რახან ქუჩაში ხალხს არ ხვრეტენ, ეს არის საკმარისი და ამით უნდა დავკმაყოფილდეთ?!

_ თქვენ ხომ არ გემუქრებიან?

_ მეტი რა მუქარა უნდა იყოს? ალბათ, მოგეხსენებათ ყველას, ახლა როცა სასამართლოშია საქმე, რომ გამოვიდა და პრესკონფერენცია ჩაატარა მკვლელმა ფირცხალავამ. დალაქიშვილმა გაგზავნა ესენი კასპში _ ლევან გვაზავა, ფირცხალავა და სხვა მკვლელები. ბავშვობაში თუ მაქვს ნაჩხუბარი და რამე გაფუჭებული, ყველაფერი უნდა ამოქექონ. სირცხვილი არ არის, ეს ხალხი რომ გამოდის დღეს და ხმას იმაღლებს?! მორალზე გველაპარაკებიან!..

_ ამ ხალხმა ამოწია თქვენი „ყაჩაღური წარსულიც“?

_ მარტო „ყაჩაღური წარსული“ კი არა, პრესკონფერენცია ჩაატარეს „პრაიმ-ტაიმში“ ქადაგიძემ და ფირცხალავამ. ეს ქადაგიძე იყო მაშინ სამინისტროში კრიმინალური პოლიციის უფროსი. მოკლედ, ილაპარაკეს, რომ, თურმე, მე ვაკონტროლებ საქართველოდან გასულ „კანონიერ ქურდებს“, ასევე ვაკონტროლებ ციხეებსა და „ობშიაკებს“, ოცდაათი წელია, ვყაჩაღობ და საკუთარი ყაჩაღების ჯგუფიც მყავს, ვარ ნარკობარონი და მოკლედ, ყველაფერი მე ვარ.

_ ბოსების ბოსი ხართ, რა…

_ ეგრე გამოდის (იცინის), ესენი დალაქიშვილის ხელშეწყობით ლაპარაკობენ, ხოლო დალაქიშვილი, თავის მხრივ, ჭიკაიძის ხელშეწყობით მოქმედებს. ნახეთ, რა ხდება? _ ეს არის ორჯერ ორი: ფირცხალავამ და გვაზავამ დაგეგმეს ეს მკვლელობა. ლიკვიდაციის ბრძანება რომ გაიცა, ჯერ გაგარინზე იყვნენ ბავშვები. ამაზე ლაპარაკობენ თვითონ, რომლებიც მონაწილეობდნენ, ვინც პირველმა სროლა დაიწყო… მაგრამ ყველას თავზე ხელი გადაუსვეს. ცააძე მოსკოვიდან ჩამოიყვანეს უკან. ჭიკაიძეს დაავალეს. ამიტომ არის, რომ ყველა საქმე გამოუძიებელია. კარგი, დავუშვათ, მე, იური ვაზაგაშვილი, ჩირქს ვცხებ პოლიციას, მაშინ მაჩვენეთ ერთი საქმე, რომელიც გამოძიებულია და სამართალი ბოლომდეა მიყვანილი? ვერ მანახვებენ, იმიტომ რომ ასეთი არ მომხდარა. სამაგიეროდ, მე შემიძლია ბევრი მაგალითის მოყვანა: როგორ შეიძლება, თენგიზ ხარებავა, რომელმაც წინა რეჟიმის პერიოდში ბრალი წაუყენა ემზარ კვიციანს, დღესაც კვიციანის პროკურორი იყოს?! მოდით, მეც დაგისვამთ, ბატონო დავით, ერთ კითხვას: საერთოდ, არსებობს ადამიანი, რომელიც თავის წინააღმდეგ გამოიძიებს საქმეს? ხო არ არსებობს? ასეა შაქრო ზაალიშვილი და ასეა ფრანკ ანკოსი, მთავარ პროკურატურაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ეს სამივე ადამიანი _ ფრანკ ანკოსი, შაქრო ზაალიშვილი და თენგიზ ხარებავა მთელ ამათ შავ საქმეებს ათეთრებდნენ და ჩემი შვილის, ზურას უშუალო მკვლელობის საქმეც მაგათი „გამოძიებული“ და მაგათი გაფუჭებულია. ეს შაქრო ზაალიშვილი გაუშვეს კახეთის რეგიონში პროკურორად. რამდენჯერ მივმართე პროკურატურას, მოიცილეთ ეს კაცი-მეთქი და ასე `მოიცილეს~. ნებისმიერ ცივილიზებულ, თუნდაც ნახევრად ცივილიზებულ ქვეყანაში, დამეთანხმებით თქვენც და ყველაც, რომ როცა ადამიანის მიმართ არსებობს სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, თან მკვლელობის ბრალდებით, დროებით მაინც თუ არ გადააყენე ეს დიდი თანამდებობის პირები, ისე როგორ გამოიძიებ? გუშინ დამირეკეს თელავიდან და მითხრეს, შაქრო ზაალიშვილს ერთი ამბები დაუტრიალებია უკვე კახეთშიო.

_ ანუ მაინც ყველგან პოლიტიკური მოტივი იკვეთება.

_ დიახ, ასეა. ჩემს თვალში ეს ხელისუფლება უუნარო და უქნარა გამოდგა. ძალიან გულნატკენი და უკმაყოფილო ვარ. მარტო მე კი არა, ძალიან ბევრია უკმაყოფილო და არ შეიძლება ასე გაგრძელება.  ამ ხელისუფლებას არ გამოუვა ის, რომ ხალხისა და ამომრჩევლის ინტერესები განზე გადადოს და მარტო პირადულზე იმუშაოს. რა მაგიჟებს, იცით? ამ ხალხის 70%, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ჩვენ გვერდით იდგა და სამართლიანობას ითხოვდა. ყველა ერთად ვებრძოდით იმ არაადამიანურ რეჟიმს, ქვეყანა იყო უფსკრულში და… ისევ იმ უფსკრულში ვართ. ხოლო ხმას არავინ იღებს. ეს ორი წელი წყალში გადაყრილია! არაფერი შეცვლილა და არაფერი გაკეთებულა! წეღან ვახსენე და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რადგანაც ვინმეს ქონებას არ ართმევენ და ქუჩაში არ ცხრილავენ, ეს არ ნიშნავს, რომ ამას გვაყვედრიდნენ და არაფერს აკეთებდნენ. ნებისმიერ სფეროში ასეა და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იჩენს თავს და იფეთქებს. თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, რომ დროზე გამოიღვიძონ! რამდენი ხანია ვყვირი, რომ მკვლელი არ უნდა მუშაობდეს თბილისის პოლიციის შეფად! ხმას არავინ იღებს და ყურს არ იბერტყავს. ე. ი. ისღა დაგვრჩენია, უნდა მივიდეთ და ჩვენ თვითონვე ჩამოვიღოთ კარი! სხვა გზა არ არის! დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ, აღარ აინტერესებთ სიტუაციის გამოსწორება, თვითონ არიან კარგად და იმიტომ. არადა, ფაქტობრივად, კურიოზული სიტუაციაა: რასაც „ნაცების“ დროს ვითხოვდი, იგივეს ვითხოვ ახლაც _ მაშინ, როცა სისხლი მაქვს ჩაქცეული ამათ მოყვანაში, მაგრამ შედეგი არაფერია, მორალურად „გვაჩმორებენ“. ამათ კი თავიანთი საქმე მოიწყვეს. სუყველა მღერის და ცეკვავს ერთ მუსიკაზე. რა ხდება?! ნუთუ, ყველანი გასვრილები იყვნენ?!  თამაზაშვილმა დაგვიკომპლექტა ყველაფერი და ე. ი. რა ხდება: თამაზაშვილი მართავს ქვეყანას?! სხვათა შორის, მე ერთი კითხვაც მაქვს, რომელიც თამაზაშვილსაც დავუსვი: ბატონო თამაზ, თქვენ _ გენერალი კაცი, ვინც კამერაში გაწამა, მანამდე იარაღი ვინც ჩაგიდო, სად არის ეს ხალხი დღეს და რა უქნეს ამ გარეწრებს-მეთქი? სად და ათასლარიანი გირაოთი გაუშვეს. ეს არის გიორგი ხიზანიშვილი და კვინიკაძე, რომლებმაც გამოიძიეს ჩემი შვილის საქმე. კვინიკაძე დღეს საფრანგეთშია და ჩამოწერეს ეს საქმე. რატომ აპატიეთ ამ ხალხს, ბატონო თამაზ-მეთქი?

_ თქვენი აზრით, რატომ  აპატიეს?

_ რა ვიცი! წარმოიდგინე, ის ხალხი გაუშვეს, ვინც თვითონ თამაზაშვილს აწამებდა და ჩვენ, საცოდავებმა, აბა, რა ვქნათ?! ამ დროს მთელი ხელისუფლება თამაზაშვილის დაკომპლექტებულია. ისე, ბოლო-ბოლო, ირაკლი ღარიბაშვილის სირცხვილია! ბოლო-ბოლო, მისი სიმამრი ვინც აწამა და ციხეში შეაგდო ტყუილ-უბრალოდ, ის ხალხი გარეთ არის და დაწინაურებულიც. რა ხდება?!

ბოლოს, კიდევ ერთი ფაქტი: გიორგი დალაქიშვილმა და მიხეილ ბუზალაძემ, საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილემ, შსს-ს ორგანოებში დააბრუნეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დათხოვილი ხაშურისა და გორის ყოფილი პოლიციის უფროსი, ვალერი ქალდანი. ეს რომელი ქალდანია, იცით? იგი ცნობილია ხაშურის პოლიციის სამმართველოს შენობის კიბეებიდან გადაგდებული და მოკლული ქიმერიძის ფაქტით. ეს კაცი დააბრუნეს თანამდებობაზე. ძლივს მივაღწიეთ, რომ გადაეყენებინათ, ამათ კი დააბრუნეს. გიორგი ხიზანიშვილის, გიორგი დალაქიშვილისა და ირაკლი ფირცხალავას უახლოესი მეგობარი არის ოთარ მირზოევი. ამჟამად დაწინაურებულია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. პირადად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სადამსჯელო ოპერაციებს ოპოზიციის მიტინგებზე, ასევე პირადად ხელმძღვანელობდა 26 მაისის ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მისი უშუალო ბრძანებით დააკავეს სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე. ეს მირზოევი ახლა არის მაღალ თანამდებობაზე და რაზეა ლაპარაკი ამის შემდეგ?! ქალდანსაც მფარველობს და ბევრ სხვასაც. ქალდანი მოქმედებდა ლადო ვარძელაშვილთან შეთანხმებით და არბევდა ოპოზიციის აქციებს. სხვათა შორის, კალაძეს რომ წეროვანში დევნილებთან შეხვედრის აქცია ჩაუშალეს, მისი ორგანიზებულია. მოკლედ, დღეს მირზოევი და დალაქიშვილი წყვეტენ თბილისის მასშტაბით კადრების შერჩევა-დანიშვნას, თანამდებობებზე აწინაურებენ და მატერიალურად ახალისებენ იმ თანამშრომლებს, რომელთაც მათთან ერთად აქვთ მიღებული მონაწილეობა სადამსჯელო ოპერაციებში. ამ ხალხის სიას მალე მოგაწვდით, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებაში ეს არავის აინტერესებს.

 

დავით დევიძე