„ნარმანია ისეთ სიტუაციას ქმნის, მოგვენატრება ძველი მერი!“

tbc

აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე კორპუსის მოსახლეობა იმ სახლის მშენებლობას აპროტესტებს, რომელიც მათ მეზობლად, N87-ში უნდა დაიწყოს. სახლის მშენებლობაზე ყოფილმა მერმა ნებართვა პოსტის დატოვებამდე ორი დღით ადრე გასცა. ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიაში ჩართული დავით ნარმანია მოსახლეობას უკანონო მშენებლობის შეჩერებას დაჰპირდა, მაგრამ მერის პოსტი ჩაიბარა თუ არა, დანაპირები დაივიწყა.

85-ე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, დარეჯან ხიდირბეგიშვილი, „ქრონიკა+“-თან საუბრისას აცხადებს, რომ დავით ნარმანია საქმის აბსოლუტურ უცოდინარობას ამჟღავნებს და აშკარაა, რომ იგი მშენებლებთან კორუფციულ გარიგებაშია შესული.

დარეჯან ხიდირბეგიშვილი:

_ სახლი, რომელიც უნდა აშენდეს, მდებარეობს აბაშიძის ქ. N87-ში, სადაც ამჟამად დგას ორსართულიანი შენობა. აქ მცხოვრებმა ოჯახებმა ისე გადაწყვიტეს ამ მისამართზე მრავალსართულიანი სახლის აშენება, რომ არც ერთი მეზობელი საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ. პროექტი რომ დაამტკიცეს, მაშინ გავიგეთ შემთხვევით. იმ კორპუსების მცხოვრებლებმა, ვისაც ამ სახლის მშენებლობა საფრთხეს გვიქმნის (აბაშიძის ქ. #85 და #89, ფალიაშვილის ქ. #118, მუხაძის ქ. #24 და #24ა) საქმის კურსში ჩავაყენეთ მერია. ავუხსენით, რომ იგეგმება 15-სართულიანი სახლის მშენებლობა 2-სართულიანი პარკინგით, ხიმინჯებით ძალიან დიდ სიღრმეზე, რომელიც გამოიწვევს ირგვლივ მდებარე სახლების ნგრევას. დაახლოებით 10 თვეა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვიბრძვით. 2014 წლის 4 აპრილს დამტკიცდა პროექტი, რომელიც გავსებულია სიყალბეებით.

_ მაგალითად?

_ აშენებენ 15-სართულიან სახლს, სადაც აუცილებლად უნდა იყოს  გათვალისწინებული 2 ლიფტი, ამათ ჩასმული ჰქონდათ ერთი; მეორე სიყალბე აგერ, ნახაზებზე ჩანს, ორ სართულზე განლაგებული ავტოპარკინგი, რომელიც უნდა იტევდეს იმდენ მანქანას, რამდენი ბინაც არის სახლში, _ ეს აუცილებელი მოთხოვნაა. ეს ავტოპარკინგი ჩახატულია კოლონების გარეშე, ეს არის ნახატი და არა ნახაზი! ამაზეც დავწერეთ საჩივარი, 3-4-ჯერ გადააკეთეს, მაგრამ მაინც არ ეტევა, აბსურდული ნახატები წარმოადგინეს. თვალის მოსატყუებლად გაკეთებული პროექტია. ამ სისულელეებს და გაყალბებებს იღებს მერია, ამტკიცებს და მშენებლობის ნებართვას იძლევა. იწყება მშენებლობა და არ არის დამუშავებული არც გეოლოგია, არც კონსტრუქციული ნაწილი… ასევე დაიწყეს აბაშიძის ქ. #59-ში სახლის მშენებლობა, ჩამოინგრა, გარდაიცვალა ქალბატონი და მშენებელი ჩასვეს ციხეში. იგივე იქნება აქაც! კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება დღემდე არ ჩაუტარებიათ და სავარაუდო გადაწყვეტილებები, რომელიც აქვს ჩვენს კონსტრუქტორს, მაგათი კონსტრუქტორისას ეწინააღმდეგება. ჩვენი კონსტრუქტორი ამბობს, რომ აქ, ამ მიწაზე, ამხელა სახლის მშენებლობა შეუძლებელია. ახლა სხვა, უფრო სერიოზულ კონსტრუქტორს ვაკეთებინებთ ანგარიშს _ გაუძლებს თუ არა ეს მიწა ამხელა სახლის მშენებლობას. 21 მეტრის სიღრმეში, ამ მანძილზე არ არის გრუნტი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო და ამის გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ. გაყალბებებით და მერიასთან კორუფციული გარიგებებით ნარმანიაც თავიანთ ჭკუაზე გადაიყვანეს. რომ გვეგონა, ნარმანია გააჩერებდა უკანონო მშენებლობებს, როგორც გვპირდებოდა წინასაარჩევნოდ, გაიძვერა კაცი აღმოჩნდა, რომელიც მოვიდა ტყუილებით! ვაკის პარკში შეხვედრაზე მეც ვიყავი, რას არ დაგვპირდა, მერიაში რომ მოვიდა, აღარაფერს უყურებს! აბსოლუტურად უცოდინარია! როცა ვუთხარით, ძირს რომ უთხრით სახლს, ამას ძალიან სერიოზული გამაგრება სჭირდება და ამას რომ გაამაგრებ, მერე `გარაჟებს~ ვერ გააკეთებ-მეთქი, ასე გვიპასუხა, _ თუ სახლი დაიბზარება, კონტროლის ქვეშ ავიყვანთ და დავშპაკლავთო. მერის სალაპარაკოა ეს? ან დაშპაკვლა უშველის? ამ სისულელეებს ლაპარაკობს ქალაქის მერი, რომელიც არის აბსოლუტურად უცოდინარი! თუ შემხვდება, პირშიც ვეტყვი!

ჯერ ავტოსადგომის ამბავი ვერ მოაგვარეს, მერე K2 სამჯერ არის გაზრდილი. ამ უბანში ნორმაა 2,5 და მიცემულია 7,8 აბსოლუტურად გაყალბებული საბუთების საფუძველზე. ეს საბუთები და მოსაზრებები ყველაფერი წარვუდგინეთ, მაგრამ საერთოდ არ განიხილეს! სულ სხვა სახლია გადაღებული და კომისიაზე გატანილია სულ სხვა, როდესაც K2-ს ამტკიცებდნენ! გაყალბებულია ასევე კომისიაზე გატანილი ფოტომონტაჟი, სადაც გვერდზე მდგომი სახლი, 10-სართულიანთან შედარებით, დაბალია. კომისია შეცდომაშია შეყვანილი! ჩვენ გავაკეთებინეთ ახალი, რეალური ნახაზი და საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება. გვეუბნებიან _ სასამართლოში წადითო. როგორ, ქალაქის მერი ხარ, შენთან, მერიაში არის გაყალბებით მიღწეული K2, ამას არ უნდა განიხილავდე? ახალი დროებითი კომისია რომ დანიშნეს, რომელიც უნდა იხილავდეს ზუსტად ასეთ დარღვევებს, საწინააღმდეგოდ მუშაობენ! არც არაფერს იხილავენ, არც არაფერს წყვეტენ და არც არაფერი ვიცითო _ პირდაპირ აცხადებენ. ამ ყველაფრის გარდა, ფოტომონტაჟზე ჩანს, თავიდან სახლებს შორის მანძილია დაჭერილი და ამ სახლებს გვერდიდან თავისი კომუნიკაციები აქვს, ეს თავიდან გაითვალისწინეს, მერე შეხედეს, რომ აქ რაღაც ფართს კარგავდნენ და ახლა ასე დააპროექტეს _ სახლი პირდაპირ მიდგმულია მეორეზე. არც ამას აქცევენ ყურადღებას! დავწერეთ წერილი, რომ ფოტომონტაჟი და რეალობა მოეყვანათ შესაბამისობაში, ახლა მოგვწერეს, საერთოდ არაფერს აღარ ვიხილავთო. ამ ფოტომონტაჟით მიიღეს გადაწყვეტილება და სინამდვილეში, სხვას აპროექტებენ. ეს არის უდიდესი დარღვევა! სხდომაზე, რომელზეც გაიტანეს K2-ის საკითხი, ერთი ადამიანი მსჯელობს, იგივეა კომისიის წევრი, იგივე ადამიანია განმცხადებელიც და დამპროექტებელიც. დავით მახარობლიშვილია კომისიის წევრი, დავით გოგიჩაიშვილი კი დამპროექტებელი, რომელიც არის მახარობლიშვილის ალალი ბიძა, დედის ძმა. მშენებელი ფირმაა `ჰაუს არტ ლუქსი~. წესით და კანონით, კომისიის წევრს არ აქვს უფლება, თვითონ იყოს განმცხადებელი თავის კომისიაზე. აქ აშკარაა კორუფციული გარიგება _ 7 კაცი ზის კომისიაში, ამ 7-დან 3 უარყოფით ხმას აძლევს, 4 _ დადებითს, რომელთა შორისაა მახარობლიშვილი და რომელიც, რა თქმა უნდა, დადებით ხმას აძლევს.

_ კორუფციული გარიგებები ახსენეთ

_ დიახ! აგიხსენით, როგორი სქემით მოქმედებენ _ რომ არ აქვთ არც გეოლოგიური და არც კონსტრუქციული ექსპერტიზა, მშენებლობას იწყებენ ისე, რომ არანაირი საბუთი არ გააჩნიათ. მოდის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც წერს ჯარიმას. ჯარიმა კაპიკებია იმასთან შედარებით, რა მოგებაც ამ სახლის მშენებლობით რჩებათ. ჯარიმას იხდიან, მშენებლობა გრძელდება. ნებისმიერ მშენებელს რომ ჰკითხოთ, შეუძლებელია სახლის მშენებლობის დაწყება გეოლოგიის, კონსტრუქციული ნაწილისა და მისი ექსპერტიზის გარეშე. კონსტრუქციულმა ნაწილმა უნდა გაიაროს ექსპერტიზა, წინა მთავრობის სქემას აგრძელებენ, იძლევიან მშენებლობის ნებართვას, არაფერი საბუთი არ აქვთ ფარატინა ნახატების გარდა, ეს არ არის მუშა პროექტი, არადა, ეს საბუთები უნდა ჰქონდეთ უკვე. მოდის ზედამხედველობა და აჯარიმებს 5000 ლარით. ეს თანხა მაგათთვის კაპიკია, 1 კვ.მ-ს ყიდიან 2000 დოლარად,  მშენებლებიც კმაყოფილები არიან.

K2 ხომ გააყალბეს, არქიტექტორთა საჭოს დასკვნაც გვაქვს, რომ აქ ამხელა სახლის მშენებლობა შეუძლებელია, ექსპერტების დასკვნაც გვაქვს, რომ შეუძლებელია 2,5-ის მაგივრად, კოეფიციენტი 7,8 მისცე. მიღებაზე ვიყავით სევდია უგრეხელიძესთან, მან მოაწერა ხელი. როცა ნახა, გაუკვირდა, ასეთ დარღვევას ხელს არ მოვაწერდიო! _ რა ვქნა, მეც მიშენებენ წინ სახლს, მაგრამ ვერ გავხდი ვერაფერსო! აი, ეს ხდება კომისიის სხდომაზე, რომელზეც დაამტკიცეს K2 _ 7,8, სადაც კომისიის წევრია დავით მახარობლიშვილი, საკითხის გამტანია დავით მახარობლიშვილი, განმცხადებელია დავით მახარობლიშვილი, კომისიის გადაწყვეტილებაზე ხელს აწერს და ხმას აძლევს დავით მახარობლიშვილი და მასთან ერთად, მისი ძმაკაცები, ვინც იქ არიან. კორუმპირებული გუნდი იყო და ერთმანეთს ფულს აძლევდნენ! ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით! მერე მერიის მისაღებში იდგა ეს ხალხი და ფულს აგროვებდა _ ჩაგიწყობთ და გაგიკეთებთ ყველაფერსო! ერთი ქალბატონი დაიჭირეს კიდეც მაგათთვის ფულების მიმცემი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხმის მიცემის დროს არავის აზრი არ არის გამოხატული და არც ვიცით, ვინ მისცა დადებითი და ვინ უარყოფითი ხმა. ფარულად რომ ხდება ხმის მიცემა, ყველაზე დიდი დარღვევა ეს არის! ამის შემდეგ უარესი იქნება! ნარმანია ისეთ სიტუაციას ქმნის, მოგვენატრება ძველი მერი! მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, _ ისეთ დარღვევებს აკეთებს, მოვა დრო, ძალიან მკაცრად მოეკითხებაო! არადა, როგორი იმედი გქონდა… ახლაც ჩაფლულია კორუფციაში! რამდენიმე დღის წინ ჩემს ამხანაგს 20 000 დოლარი მოსთხოვეს სართულის დაშენებაში. უღირს და აძლევს, ამბობს, _ მანამდე ვერ ვიღებდი ნებართვასო. ჩანს ნათლად, რომ კორუმპირებულია, მაგრამ შენი თვალით უნდა დაინახო, რომ დაამტკიცო!

K2-ის მიხედვით, ამ მიწაზე შესაძლებელია 250 კვ.მ. სახლის აშენება, ამათი გათვლით, შეგიძლია ააშენო 780 კვ.მ. წარმოიდგინეთ, 100 კვ.მ.-ზე ააშენო 780 კვ.მ. სახლი. მერე ეს ორი სახლი მიტყუპებულად რომ შენდება, სხვადასხვა ფუნდამენტი აქვს, სხვადასხვა რყევა, დაეჯახებიან ერთმანეთს და დაანგრევენ. მაგათიც დაინგრევა, მარტო ჩვენი კი არა! არქიტექტორებს არ ადარდებთ იმიტომ, რომ ამტკიცებენ პროეტს, რაშიც ფული აქვთ აღებული და აწერენ ხელს. ბრძანებებზე, რომელიც გამოსცეს, არსად, არავინ, არაფერზე ხელს არ აწერს პიროვნულად. ვბრძანებ! _ წერია და ვინ ბრძანებს _ არავის ხელმოწერა არ არსებობს! ასეთი სქემა აქვთ დამუშავებული! საშინელი მდგომარეობაა…

_ საუბარში აღნიშნეთ, რომ მშენებლობა რამდენიმე თვის მანძილზე იყო შეჩერებული, მშენებლობის გაგრძელების მიზეზი რა გახდა?

_ დღეს მივიღეთ წერილი, რომ ყველაფერი წესრიგშია და ისევ ვაძლევთ მშენებლობის გაგრძელების უფლებასო. ოთხ კორპუსში მცხოვრებთა საჩივრები რაც იყო დაწერილი, ყველა უგულებელყოფილია. ჩვენი არ დააზიანონ, კანონის ფარგლებში ააშენონ და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ ის სახლი, რომელსაც თავიდან აპირებდნენ მეზობლები. მაქსიმუმ 6-სართულიანი სახლი გამოდიოდა, ნორმების დაცვით რომ აშენებულიყო. მერე გამოჩნდნენ გაიძვერა გოგიჩაიშვილი, მახარობლიშვილი და უთხრეს, _ 15-სართულიან სახლს ავაშენებთ და ოთხ სართულს მოგცემთო. ესენი სიხარულით გაგიჟდნენ, ორი ოჯახი ცხოვრობს სულ ამ ბინაში და 2-2 სართულს აძლევენ, 4-4 ბინას, ოღონდ მისცენ ნებართვა. უკვე გითხარით, ბინა ჩამოინგრა ჩვენი ქუჩის #59-ში სამი დღის წინ ონიაშვილის ქუჩაზე, ტაბიძის ქუჩაზეა კიდევ ასეთი მდგომარეობა… ვაკის პარკთან რომ სახლებია, თუ ამ 15-სართულიანს ააშენებენ, აბსოლუტურად უბნელდებათ ფანჯრები, აგერ არის დასკვნა. მერია გვპასუხობს, _ ამ სრულ დაბნელებაზე კანონი გვაქვს მიღებული, საერთოდ არ ვიხილავთ და არ გვეხება, ინსოლაცია გაუქმებულიაო. დასკვნა მივიტანეთ, არც კი განიხილეს.

_ სასამართლოს ან პროკურატურას არ მიმართეთ?

_ 4 თვის წინ მივმართეთ სასამართლოს K2-ის გაყალბების საკითხზე. ერთი მოსამზადებელი სხდომა ჩაატარეს და ვერა და ვერ განიხილეს. პროცესი არ ინიშნება, 3 თვის შემდეგ დანიშნეს პირველი განხილვა, დეკემბრის დასაწყისში იყო მეორე სხდომა და თებერვალში ჩავნიშნავთო. ჯერ კიდევ არ ჩაუნიშნავთ. არქიტექტორთა კავშირის დასკვნა, კონსტრუქციული ექსპერტიზის დასკვნა, _ მერიაში არც ერთ საბუთს არაფრად გვითვლიან! ამტკიცებენ, რასაც უნდათ, შენ გინდ დოკუმენტი მიიტანე, გინდ ექსპერტის დასკვნა! ყურადღებას არავინ გვაქცევს, უნდათ და აშენებენ, შენ ვინ ხარ?! რაც გინდა, ის დაგემართოს, არაფერი ადარდებთ! ასეთი სასწაული თუ შეიძლებოდა მომხდარიყო, არ ვიცი! სახლთან ცალკე ნაკვეთია, რომელიც ჩვენს სახლს ეკუთვნოდა. როცა ეს სახლი ვიყიდეთ, კორპუსის თავმჯდომარემ ნაკვეთი მეზობლისგან იყიდა და გააერთიანა. ყველა მეზობელია ამის მოწმე, მაგრამ იურიდიული საბუთი არ არის, რადგან ეს ქალბატონი გარდაიცვალა და ვერ ვპოულობთ. მეზობელმა, რომელმაც მიწა გაყიდა, ჩუმად, სასამართლოს გზით, უკან დაიბრუნა. ახლა ჩვენმა მეზობლებმა იჩივლეს და ისევ დაიბრუნეს. ამ მიწას ადევს ყადაღა. ამის მიუხედევად, მაინც აძლევენ მშენებლობის ნებართვას! მიწა რომ ყადაღადადებულია, ორი კვირის წინ მივწერეთ მერიას, დღეს კიდევ გვიგზავნის ბრძანებას, ნებართვა მშენებლობაზე გაცემულია და თქვენი ყველა საბუთი ბათილად ცნობილიაო. მერი ამბობს, საბუთები არაფერში მჭირდება, ეს ყველაფერი სანაგვეში უნდა გადავაგდოთ და არც მეზობლების აზრები გვაინტერესებსო…

პროკურატურასაც მივმართეთ, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია. თუ სისხლის სამართლის დანაშაულია, დაიჭერენ კაცს და ამას არ იხილავენ. ყალბი საბუთები შემოიტანა თუ არა, ეს იმათთვის წვრილმანია… თუ მოკვდი, შეიძლება მოგაქციონ ყურადღება და თუ ცოცხალი ხარ და სიკვდილი გელის, მთავარია, ჯერ ხომ არ მომკვდარხარ…

შეუძლებელია ამ სახლის აშენება სხვების დაზიანების გარეშე! ნუთუ, სასწაულს ვამბობთ და ვითხოვთ?! მერი რომ იმას გეტყვის, დაიბზარება და `დავაპაჩინკებ~ მერეო, ეს რა არის, იცით? ამას არ იტყვის ყრუ სოფელში გაზრდილი ადამიანი! საღორე ხომ არ არის, ამხელა სახლებია და ამდენი ხალხი ცხოვრობს! ერთი თბილისელი კაცი ვერ ეღირსა ამ ქალაქს მერად, რომელსაც გული შესტკივა ქალაქზე! ეს რა პატრიოტია?! ეს არის გაიძვერა! ხალხმა იმიტომ მისცა ხმა, რომ ნახევარი თბილისი ჩვენს მდგომარეობაშია, დაგვპირდა, შევაჩერებ უკანონო მშენებლობებსო… ალეკო ელისაშვილიც ეუბნება, _ შეაჩერეთ დროებით, განიხილეთ, ვიღაცას მიეცემა გაგრძელების უფლება, ვიღაცას _ არა, მაგრამ სანამ ეს გადაწყდება, რომელია კანონიერი და რომელი არა, შეაჩერეთო! ვინ უსმენს?! მატერიალურად ხომ ვზარალდებით, მაგრამ მორალურად ვართ შეურაცხყოფილნი. გარანტიას, რომ ჩვენს სახლს არაფერი დაემართება, საკუთარ თავზე არავინ იღებს, თუ დაინგრევა, დაიჭერენ მშენებელს, თუ დაიბზარება, დავშპაკლავთო… ეს ყველაფერი დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და ნებართვა ნარმანიას დანიშნვამდე 2 დღით ადრე გასცეს, 4 აგვისტოს იმის შიშით, რომ ნარმანია დაალაგებდა და მოაწესრიგებდა. სინამდვილეში, ნარმანია აღმოჩნდა უფრო მეტი გამყალბებელი და აფერისტი, ვიდრე ისინი! მშენებლობა რომ შეაჩერეს, 4-ჯერ გადააკეთეს პროექტი, ვიფიქრეთ, მოვიდა კაცი, კანონიერებას დაიცავს და თეთრსა და შავს გაარჩევსო, მაგრამ… ვუთხარი, ბატონო დავით, ნახეთ დოკუმენტები, იქნებ, ტყუილს გეუბნებით-მეთქი, ზედ არ უყურებდა, ისე ფურცლავდა, აბსოლუტურად არ აინტერესებდა! დროებით კომისიაში, რომელიც  ორი კვირის წინათ შეიქმნა, ჩვენც დაგვიძახეს, გაგვეხარდა, დიდი იმედით მივედით. კომისიაში იყო დავით ნარმანია, მისი მოადგილე ნინა ხატისკაცი, არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, იურიდიული სამსახურის უფროსი გურანდა რომანაძე, ჩვენი არქიტექტორი და ადვოკატი რომ ლაპარაკობდნენ, საერთოდ არ უსმენდნენ! იქ უკვე მივხვდი, რომ ჩვენს ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და გადაწყვეტილი იყო ყველაფერი!

„ქრონიკა+“ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარზე უარი იმ მიზეზით მიიღო, რომ არასამუშაო დღეებში კითხვებზე პასუხს ვერ გასცემდნენ.

 

                                                                                               თამარ ბატიაშვილი

1

2

3

4

5

6