ქართული ვიკიპედია ვანდალების და დაუმსახურებელი კრიტიკის შემოტევას განიცდის

10937862_10205005741678648_732159387_n

ბოლო დროს გახშირდა ქართული ვიკიპედიის ხელმძღვანელების მიმართ კრიტიკული შენიშვნები. მათ ხშირად ბრალს სდებენ ინფორმაციის არასრულფასოვნად განთავსებაში. „ბრალდებულები“ კი მიიჩნევენ, რომ ძირითადად მათ მიმართ კრიტიკის ნიაღვარი იმ ხალხისგან მოედინება, ვისაც „კომპიუტერთან მთლად დაძმაკაცებულ-ჩახუტებული ურთიერთობა არ აქვს“ და არც

„ვიკიპედიის“ არსი, მისი პრინციპები ესმის. კრიტიკოს მკითხველთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქართული „ვიკიპედია“ არა ფაქტების ზოგადი კონსტატაცია ან მიმოხილვა უნდა იყოს, არამედ უკიდურესად ეროვნული იდეოლოგიით გაჟღენთილი და პროპაგანდული ხასიათის.

„ვიკიპედია“ არ არის ქართული პროექტი _ ეს ენციკლოპედია დაფუძნებულია ამერიკელი ჯიმი უელსის მიერ, როგორც თავისუფალი და ღია პროექტი, რომელიც მოხალისეთა მიერ მხოლოდ ენთუზიაზმით, უანგაროდ იქმნება. „ვიკიპედიაში“ სტატიების დაწერა, აგრეთვე უკვე დაწერილის რედაქტირება, ნებისმიერს შეუძლია, თუმცა ვალდებული არავინაა და თუკი მორალურ ვალდებულებაზე მიდგა საქმე, ვიკიპედიის ნებისმიერი მკითხველი ისევეა ვალდებული და პასუხისმგებელი სტატიათა ხარისხზე, როგორც ჩვენ, ქართული „ვიკიპედიის“ აქტიური რედაქტორები. ნებისმიერ თქვენგანს, ვინც კი მოინდომებს, შეუძლია ქართული ვიკიპედიის სტატიათა სრულყოფა, გაუმჯობესება, კორექტურული ხარვეზების შესწორება, ახალი სტატიის დაწერა _ ეს ჩვენი, თქვენი, ყველას საქმეა, თუმცა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ერთ დროს ჩვენც რიგითი მკითხველები ვიყავით, რომელთაც რაღაც არ მოეწონათ, შეცვალეს, გამოასწორეს და პირველი რედაქტირების შემდეგ გაუჩნდათ სურვილი, რომ თავიანთი ენთუზიაზმით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ცუდად თუ კარგად, ემსახურონ ქართულენოვან მკითხველს. რა თქმა უნდა, შეცდომები ბევრია! შეცდომებს დიდ აკადემიურ გამოცემებშიც ვერ ასცდებით. გვერწმუნეთ, ძალიან რთულია, ყოველდღიურად გაუმკლავდე უამრავ ვანდალურ შემოტევას _ სტატიებში მიზანმიმართულად თუ უნებლიეთ მცდარი ინფორმაციის ჩამატებას, არაენციკლოპედიურ ტექსტებს, სტატიების განადგურებას… ეს უარყოფითი მხარეა „ვიკიპედიის“ იმ პრინციპისა, რომელიც რედაქტირების უფლებას ნებისმიერს აძლევს. მეორე მხრივ კი სწორედ ეს პრინციპია „ვიკიპედიის“ მაცოცხლებელი _ სწორედ ის გვაძლევს და გაძლევთ უფლებას, სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ მცდარი ინფორმაციის აღმოჩენისას სტატიაში, შევასწოროთ იგი. არაერთი ჩვენგანი ენერგიას არ ზოგავს ქართული „ვიკიპედიის“ სტატიებში განხორციელებული თითოეული რედაქტირების კონტროლისთვის, თუმცა ყველაფრის გაკონტროლება, უბრალოდ, შეუძლებელია და ვერც ვერავის მოვთხოვთ, ვინაიდან ამას ყველანი ანაზღაურების გარეშე, უანგაროდ ვაკეთებთ. ჩვენ გვყავს არაერთი რედაქტორი, რომელთაც წლების განმავლობაში ათასობით სტატია აქვთ თარგმნილი თუ თავიანთი ცოდნით დაწერილი დაწერილი უანგაროდ… ათასობით მცდარი ინფორმაცია აქვთ აღმოჩენილი და შესწორებული… რუსულ, ინგლისურ გერმანულ თუ სხვაენოვან `ვიკიპედიებშიც~ ჩვენნაირი ხალხი მუშაობს, თუმცა იქ შემოქმედებაში მკითხველებიც არიან ჩართულები და პასუხისმგებლობას ისინიც გრძნობენ. განსხვავებით უცხოური სამაგალითო „ვიკიპედიებისაგან“, სადაც აქტიურ რედაქტორთა რაოდენობა ათასობითაა, ქართულ „ვიკიპედიაში“ ასეთები თითზე ჩამოსათვლელნი არიან.

საჭიროა იმის აღნიშვნაც, რომ ჩვენ გვსურს მიუკერძოებელი, უნივერსალური ქართულენოვანი ენციკლოპედიის შექმნა და არა ქართული ეროვნული გრძნობებით განმსჭვალული სტატიების კრებულის შედგენა (რა თქმა უნდა, ასეთი მიზანიც, თავის მხრივ, დასაფასებელი იქნებოდა). ამიტომაც, ქართულ ვიკიპედიაში ჭაბუა ამირეჯიბს, ილიას, აკაკისა და სხვებს თავიანთი მნიშვნელობით არასდროს დავუპირისპირებთ ჰიუგოს, ჰემინგუეის, დიუმას, გოეთეს… ქართულ „ვიკიპედიაში“ ყველა მათგანი თანასწორია, ხოლო რომელი რომელს აღემატება _ ეს მკითხველმა გადაწყვიტოს.

დაბოლოს, „ვიკიპედიის“ მასალებს რომ არ უნდა დაეყრდნოთ, ამას თავად „ვიკიპედიაში“ ამოიკითხავთ: ჩვენ, ზემოთქმულის გათვალისწინებით, არავის ვაძლევთ ჩვენი მასალების ჭეშმარიტების გარანტიას. ამ გაფრთხილებას ვიკიპედიის ყოველი სტატიის ბოლოში ამოიკითხავთ, ასე რომ,  ამ მხრივ ბრალდებას არ ვიმსახურებთ“, _ ნათქვამია „ვიკიპედიის“ დირექტორების საერთო წერილში, რომელიც ამავე საიტზე განათავსეს.

„ქრონიკა+“ შეეცადა ქართული „ვიკიპედიის“ სატკივარის დეტალურად გარკვევას, რისთვისაც ერთ-ერთ დირექტორს _ დავით მაისურაძეს ესაუბრა: 

_ ქართული „ვიკიპედია“ 2004 წლიდან არსებობს და ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე არასდროს გვყოლია აქტიურ რედაქტორთა დიდი ჯგუფი. იმ რედაქტორთა რაოდენობა, რომლებიც ხანგრძლივად აქტიურობენ, მაქსიმუმ, 20-25-ია (თუმცა ამდენის ჩამოთვლაც გამიჭირდება). რომ შევადაროთ უცხოურ ვიკიპედიებს (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პოლონური, რუსული), იქ აქტიურ რედაქტორთა რიცხვი ათასობითაა. რა თქმა უნდა, ქართულენოვანი საზოგადოების სიმცირის გამო არც გვაქვს ამბიცია, რომ რაოდენობით დასახელებულებს ვაჯობოთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მასშტაბების გათვალისწინებითაც საკმაოდ ცოტანი ვართ. ამის უმთავრესი მიზეზი კი, ვფიქრობთ, არის ის, რომ „ვიკიპედიის“ შესახებ საზოგადოებამ ნაკლებად იცის: დიდმა ნაწილმა არ იცის, რა სახის პროექტია ეს, ვინ მუშაობს, ვის აქვს უფლება სტატიის წერის და ა. შ. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა რეგიონებში, ამიტომაც ვგეგმავთ, რომ რეგიონებში ჩავატაროთ რამდენიმე პროექტი, რათა ხალხმა გაიცნოს „ვიკიპედია“.

_ რით გამოიხატება მკითხველის მხრიდან ვიკიპედიის არსის უცოდინარობა?

_ ეს ფაქტორი იწვევს არაერთ გაუგებრობას. ზოგიერთი სახალისოც კია. შემიძლია გავიხსენო შემთხვევა, როცა „ვიკიპედიის“ ანონიმური მომხმარებელი გვთხოვდა საქართველოს პირველ ლედისთან შუამავლობას… ხშირად წერილობით გვისვამენ ისეთ კითხვებს, რომლებზე პასუხიც, ალბათ, ცნობათა ბიუროში ან ცხელ ხაზზე უნდა იქნას მოძიებული. როცა ჩვენგან დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ იღებენ, ბრაზდებიან: „აბა, რას მიკეთებთ?!“ ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, დიდად არ გვიშლის ხელს მუშაობაში, მაგრამ მაინც საწყენია, რომ ყველაზე დიდი ქართულენოვანი ენციკლოპედია (ბოლო მონაცემებით ჩვენ გვაქვს 87 000-ზე მეტი სტატია და ამ მონაცემით ვუსწრებთ ყველაზე დიდ ქართულენოვან ბეჭდურ ენციკლოპედიას _ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიას) საზოგადოების დიდ ნაწილს ცნობათა ბიურო ჰგონია.

_ თქვენ ამბობთ, რომ ცოტანი ხართ, რაც, გარკვეულწილად, ქმნის პრობლემებს. რისი ბრალია ეს სიმცირე, „ვიკიპედიაში“ უანგაროდ, ენთუზიაზმით მუშაობის მსრუველნი არ არიან, ახალგაზრდებს არ უჩნდებათ სურვილი, ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელებაში თავისი წვლილი შეიტანონ?

_ ამ სიმცირესთან შედარებით რთული სიტუაცია მაშინაა, როდესაც ახალბედა რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული რედაქტორები შეიტყობენ „ვიკიპედიაში“ ახალი სტატიის შექმნის შესაძლებლობას, მაგრამ ამ უფლებას იყენებენ პირადი მიზნებისთვის. არის შემთხვევები, როცა საკუთარ თავზე წერენ სტატიას. ზოგჯერ, არცთუ იშვიათად, „ვიკიპედიაში“ რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები წერენ სარეკლამო ტიპის სტატიებს, რაც ჩვენთან სასტიკად იკრძალება. ასეთი სტატიები, რა თქმა უნდა, მალევე იშლება, მათ ავტორებთან ურთიერთობისას კი ხშირად ვარკვევთ, რომ ეს სტატიები დირექტორის ან „შეფის“ შეკვეთითაა დაწერილი. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი ასეთი სტატიის ავტორი გვთხოვდა (პირადად მე მთხოვდა), არ წაგვეშალა სარეკლამო სტატია, რადგანაც ეს დირექტორმა დაავალა და წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამსახურიდან გაათავისუფლებდა…

_ ძირითადად, რას გიწუნებთ საიტის მომხმარებელი?

_ „ვიკიპედიის“ არსის უცოდინრობა იწვევს, აგრეთვე, ვფიქრობ, უაზრო უკმაყოფილებას საზოგადოებაში ქართული „ვიკიპედიით“. სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდებით განცხადებებს, რომლებშიც ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს ჩვენი სტატიების სიმწირისა და უხარისხობის გამო. ამავე დროს საუბრობენ „ვიკიპედიის“ რედაქტორთა ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე. ყველაზე მეტად კი საწყენია, როდესაც ამას ჩვენივე კოლეგები, ინტერნეტ-გამოცემების რედაქტორები აკეთებენ, საჯაროდ აცხადებენ და აქვეყნებენ ჩვენს დამამცირებელ სტატიებს. ასეთი შემთხვევებიც არცთუ ისე იშვიათია. ეს საკითხი ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი: დაუფასებლობა და შეურაცხყოფა. ჩვენ უანგაროდ, მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმით შევქმენით 80 000 სტატია, არავის დაუვალებია და არავის აუნაზღაურებია ჩვენი შრომა. რა თქმა უნდა, ამას არც ვითხოვთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ და დაფასებას თუ არა, იმას მაინც ვიმსახურებთ, რომ საჯაროდ არ გვლანძღონ; მით უმეტეს პროფესიონალმა ჟურნალისტებმა, რომლებსაც ობიექტურობას პროფესიული ეთიკა ავალდებულებს. ამ საკითხზე უსასრულოდ შემიძლია საუბარი.

_ „ვიკიპედიაზე“ გამოქვეყნებულ დირექტორთა წერილში ნათქვამია, რომ ქართული „ვიკიპედიის“ ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა არის ვანდალიზმი, რა იგულისხმება?

_ მოგეხსენებათ, „ვიკიპედიაში“ სტატიების წერა, ანდა უკვე დაწერილში რედაქტირების შეტანა აბსოლუტურად თავისუფალია. ეს შეუძლია გააკეთოს არა მხოლოდ რეგისტრირებულმა, არამედ არარეგისტრირებულმა ანონიმურმა მომხმარებელმაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერი მკითხველი პოტენციური რედაქტორია. ყველას ვთხოვთ: თუ სტატიის კითხვისას იპოვით რამე ხარვეზს, შეასწორეთ! თუმცა ამ უფლებას ყველა სათანადოდ არ იყენებს. ქართული „ვიკიპედია“ ერთ-ერთი იმ „ვიკიპედიათაგანია“, რომელიც ვანდალთა შემოტევებს ყველაზე მეტად განიცდის. სხვა „ვიკიპედიებშიც“, რა თქმა უნდა, ხდება ვანდალიზმის ფაქტები, მაგრამ პროცენტულად ჩვენ ძალიან ბევრი ვანდალი გვყავს. არის შემთხვევები, როდესაც დღეში 20-30 ვანდალური ფაქტი ხდება. ძირითადად ამას ანონიმური მომხმარებლები აკეთებენ, თუმცა ზოგჯერ რეგისტრირებულებიც: შლიან სტატიების შიგთავსებს, წერენ უაზრო შინაარსის ახალ სტატიებს, ანდა უკვე არსებულ სტატიებში ამატებენ უაზრო სიტყვებს. განსაკუთრებით გვაღიზიანებს უცენზურო სიტყვების გამოყენება სტატიებში _ ასეთი შემთხვევები უამრავია. არის ვანდალიზმის კიდევ ერთი სახე, რომელსაც „ვერაგულ ვანდალიზმს“ ვუწოდებთ: წერენ, ერთი შეხედვით, გამართულ, ენციკლოპედიური სტილის სტატიას, ანდა უკვე არსებულ სტატიაში შეაქვთ ასეთი ტიპის დამატებები, სინამდვილეში კი გამიზნულად წერენ ტყუილს! მოგეხსენებათ, „ვიკიპედიაში“ ყველა სფეროს სპეციალისტი არ მუშაობს, ესეც რომ არ იყოს, რთულია, ყველა ასეთი სტატიის გადამოწმება. ამიტომ ასეთი ვანდალიზმის გამოვლენა განსაკუთრებით რთულია (თუმცა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამასაც ვახერხებთ!). „ვიკიპედიაში“ სტატიაში შეტანილი ნებისმიერი რედაქტირება ინახება, არ იკარგება. შესაძლებელია აგრეთვე სტატიის წინა ვერსიაზე დაბრუნება. გვაქვს კონტროლის ძალიან ეფექტური საშუალება _ „ვიკიპედიის“ სტატიებში ნებისმიერი ცვლილება აღირიცხება და მას აქტიური `ვიკიპედიელები~ უწყვეტ რეჟიმში ვადევნებთ თვალს. ასე რომ, ვანდალიზმის აშკარა ფაქტები სწრაფად გამოვლინდება ხოლმე და, როგორც წესი, ვანდალებს ვაფრთხილებთ. განმეორების შემთხვევაში კი ვართმევთ რედაქტირების უფლებას გარკვეული დროით, ანდა სამუდამოდ.

_ ვინ არიან ვანდალები, რა კატეგორიის მომხმარებელია?

_ ვანდალთა დიდი ნაწილი სკოლის მოსწავლეა. მათ, უბრალოდ, არ იციან, როგორ შეიძლება გამოიყენონ სწორად ცოდნის ისეთი დიდი რესურსი, როგორიც ვიკიპედიაა. რაც ყველაზე სამწუხაროა, მოსწავლეთა ვანდალიზმს სკოლის მასწავლებლებიც უწყობენ ხელს, ისევ და ისევ, „ვიკიპედიის“ პრინციპების უცოდინრობის გამო. ხშირად ხდება, რომ ვანდალებთან ურთიერთობისას ვარკვევთ, რომ მათ სტატიის „ვიკიპედიაზე“ დაწერა სკოლის მასწავლებელმა დაავალა. ეს დავალებები, როგორც წესი, არ გულისხმობს ენციკლოპედიური მასალის ატვირთვას ვიკიპედიაზე (ამას მივესალმებოდით!) _ დავალებები ხშირად არის მხატვრული ჩანახატები, ესეები, მოსწავლეთა კონფერენციების მოხსენებები და ა. შ. ასეთი დავალების შესრულების შემდეგ კი ბევრ მოსწავლეს, უბრალოდ, ფანტაზია არ ჰყოფნის და გვთავაზობს საკუთარ თავზე, თანაკლასელებზე სკოლაზე და ა. შ. ყოვლად უსარგებლო ინფორმაციას. სამწუხაროდ, იძულებული ვართ, ასეთი მოსწავლეები დავბლოკოთ, მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ თუ არა ისინი თავიანთ ვანდალიზმს.

_ თქვენ თქვით, რომ სპეციალისტების ნაკლებობა გაქვთ…

_ პრობლემა არის აგრეთვე სპეციალისტების მიერ გამოვლენილი ნიჰილიზმი. ეს მაშინ, როცა ჩვენ მათი დახმარება (არ ვგულისხმობ მხოლოდ უშუალოდ „ვიკიპედიაში“ სტატიების წერას) ძალიან გვჭირდება სტატიების ხარიხის ასამაღლებლად. დახმარება შეიძლება გამოიხატოს, თუნდაც, მასალის მოწოდებაში, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ სტატიებს შევქმნით, შევასწორებთ… ძალიან ცოტანი, მაგრამ მაინც არიან ისეთნი, რომლებიც სტატიებში გაპარულ შეცდომებს აღმოჩენისთანავე გვატყობინებენ და შესაბამის წყაროსაც გვაძლევენ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. ამას მივესალმებით!

_ პოზიტიური რა ხდება?

_ ბოლო პერიოდში, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც შეინიშნება „ვიკიპედიის“ ქართველ რედაქტორთა რაოდენობის მატება. ძირითადად ახალგაზრდები გვიერთდებიან. აგრეთვე, საბედნიეროდ, არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც გვეხმარებიან ვიკიპედიის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობისთვის (კონკურსებით, ტრენინგებით, სტატიებით, სხვა პროექტებით).

შარშან 87 000 სტატიას მივაღწიეთ, რითაც გავხდით ყველაზე მოცულობითი უნივერსალური ენციკლოპედია ქართულ ენაზე, რაც კი აქამდე შექმნილა. წელს  ვაპირებთ და დიდი შანსია, რომ 100 000 სტატიას გადავაბიჯოთ, რითაც ქართული ვიკიპედია გახდება დიდი ვიკიპედიების, ე. წ. 100000-იანელთა ლიგის წევრი (ამ ლიგის ზემოთ კი, ჯერჯერობით, მხოლოდ მილიონიანელთა ლიგაა უდიდესი ვიკიპედიებით)!

 

ელენე იმერლიშვილი