შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას 153-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ

2

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად 153-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებს სპეციალურად შექმნილი, შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკა კენჭაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი რუსუდან კვაჭანტირაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლი“-ს ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია  „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს იურისტი მანანა ფურცხვანიძე კამპანიის შესახებ  ესაუბრნენ.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კლიპის და სოციალური რგოლების ჩვენება გაიმართა, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.  ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.