ხელისუფლების მიერ ნაქები ეკონომიკა დღეს სულს ღაფავს!

Capture111

ცოტა ხნის წინათ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთგვარი ანგარიში წარმოგვიდგინა, რომლის მიხედვითაც ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკაში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა. ღმერთმა ქნას, საქართველო ფუფუნებასა და კეთილდღეობაში ჩაძირული გვენახოს, მაგრამ საკითხავია, რამდენად არის რეალობასთან ახლოს ღარიბაშვილის ეს განცხადება?

ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. მოგეხსენებათ, რეალობას ერთი ასეთი თვისება აქვს: როგორც არ უნდა შეალამაზო, მაინც რეალობად რჩება. აქედან გამომდინარე, დღეს სრულიად სხვა სურათი გვაქვს სახეზე და  რამდენიც არ უნდა იძახოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობაა, სამწუხაროდ, ასე არ არის. რეალობა სხვანაირია _ სინამდვილეში აღმავლობა კი არა,  ქართული ეკონომიკა სერიოზულად არის ავად. ჩვენი ხელისუფლების მიერ ნამეტნავად ნაქებ ეკონომიკას კრიზისის პერიოდი უდგას და ამ კრიზისის მოგვარებას არავინ აპირებს.

თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ეკონომიკური რეალობა და კრიზისი რამ გამოიწვია, ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე:

_ მშვიდობიან პერიოდში, როდესაც ხელისუფლება მოძრაობის რაღაც საშუალებას იძლევა, ადამიანებიც აქტიურობენ და მოძრაობენ. მართალია, მოძრაობენ ასე თუ ისე დაბალი ტემპებით, მაგრამ ქართული ეკონომიკა მაინც ვითარდება. რომ არ ვითარდებოდეს, ე. ი. ჩვენ უსიცოცხლო ხალხი ვიქნებოდით. ჯერჯერობით ასე არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, დღევანდელი განვითარება ბოლო ორი წლის განმავლობაში და მანამდელი, არ არის ის განვითარება, რომელიც მოქმედებს სოციალურ და ეკონომიკურ გარემოზე და არც ადამიანის კეთილდღეობა ხდება უკეთესი. საკუთარი შრომით უკეთ გახდომაზეა საუბარი, თორემ ვერც ერთი ხელისუფლება ვერაფერს ჩამოარიგებს, ეს შეუძლებელია და ქვეყანაში იმდენი სიმდიდრე არ არსებობს, რომ იგი ხალხს დაურიგო. მაგრამ სტიმული რომ მისცე ხალხს თავისი შრომის მაქსიმუმის გამოსავლენად, ეს უკვე ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა.

_ სტიმულის მიცემის ამოცანა არსებობს ხელისუფლებაში?

_ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ყველაზე მთავარი საკითხი, რაც არის საქართველოში _ რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებს, _ ეს არის ეკონომიკური ზრდის პრობლემა და სამუშაო ადგილები. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ორი წლის თავზე ჩვენ ვნახეთ, რომ სამუშაო ადგილები, პრაქტიკულად, ვერ შეიქმნა. ადამიანების დასაქმება კვლავ რჩება ნომერ პირველ ამოცანად. უცხოეთიდან ქვეყანაში შემომავალი ფულის ნაკადი იკლებს, იმიტომ რომ პრობლემებმა იმ ქვეყნებშიც იმატა. თუმცა რომ არა ეს თანხები, მაშინ საერთოდ მძიმე მდგომარეობა იქნებოდა. ასეთ ვითარებაში ხელისუფლების შეფასებისას უნდა გამოვიდეთ იმ კრიტერიუმიდან, რომ ამ მთავარი მიმართულებით მოხდა თუ არა გარღვევები? ის, რომ ხელისუფლებამ საყოველთაო დაზღვევის სისტემა შემოიღო, განა ცუდია? თუნდაც ის, რომ რაღაც რაოდენობით პენსია გაიზარდა? თუმცა საარსებო მინიმუმამდე ჯერ კიდევ შორს არის.

_ საყოველთაო დაზღვევაც, პენსიის გაზრდაც, თუ სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების დარიგება მაინც სოციალური აქტია. ამას ეკონომიკის აღმავლობასთან რამე საერთო აქვს?

_ დიახ, ეს არ არის ის გამრღვევი პოლიტიკა, რომელიც შეცვლის სიტუაციას. ქვეყანაში ეკონომიკა არსებობს, მაგრამ უსაშველოდ მწირი. რაც შეეხება საწარმოების თემას _ 69 თუ 79 სააწარმოს გახსნეზე რომ საუბრობს ხელისუფლება, არ მომწონს საწარმოების თვლა _ სახელმწიფო პროგრამები ბიზნესის ხელშეწყობისკენ უნდა იყოს მიმართული და პირველ რიგში ხალხში არსებული სამეწარმეო უნარის განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. ფული უნდა იყოს ხელმისაწვდომი გონიერად და ფინანსურად დასაბუთებული პროექტებისთვის, ფული კი საქართველოში ხელმიუწვდომელია. ეკონომიკას, ფაქტობრივად, მონოპოლური ჯგუფები განაგებენ, რისი წყალობითაც იმპორტზეა ჩამოკიდებული ქვეყანა. იმპორტიორები კი ძლიერი ჯგუფებია ასევე ძლიერი ლობებით. ისინი არ დაუშვებენ ადგილობრივი წარმოების განვითარებას!

_ ადგილობრივი წარმოების განვითარების შანსიც არ არსებობს?

_ შანსიც არ არსებობს. საქართველოში მახინჯი საბანკო სისტემაა და ეს სისტემა უვარგისი კანონმდებლობის გამო თვითონ არის ბიზნესში ჩართული. ბანკი ფლობს სადაზღვევო სექტორს, სამედიცინო დაწესებულებებს, სამშენებლო სფეროს, რესტორნების ქსელს… სადაც კი ფულია, ყველგან ბანკები არიან. ბუნებრივია, ეს ბანკები არ დააფინანსებენ თავიანთ კონკურენტებს. ამიტომ ბანკმა დაკარგა ის ფუნქცია, რომელიც მას საბაზრო ეკონომიკაში აქვს. იგი შუამავალი უნდა იყოს ფულის აკუმულაციისა და შემდგომ მისი ეკონომიკაში  გადანაცვლებისთვის. მათ უნდა აეკრძალოს ყველანაირი ბიზნესსაქმიანობა, გარდა კლასიკური საბანკო საქმიანობისა. თუ კანონით იქნება დაშვებული საინვესტიციო ბანკები, სრულიად სხვა საქმეა.

_ ეს ვინ უნდა გააკეთოს?

_ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პარლამენტში უნდა შევიდეს საბანკო კანონმდებლობის ცვლილების მთელი რიგი პაკეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკას არ უწერია უკეთესობისკენ ოდნავ მაინც ზრდა. როდესაც ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა, როდესაც ქვეყანაში ფულის საშინელი დეფიციტია, რა ზრდაზე შეიძლება ვისაუბროთ? რატომ არის ასე, იცით? _ ამ დროს ლარის კურსი ძალიან მაღალ ნიშნულზე ხელოვნურადაა დაჭერილი, რადგან ფულის მიწოდება ხელოვნურად არის შეზღუდული. წელს თუ გვექნება ხუთპროცენტიანი ზრდა, გვექნება თექვსმეტ მილიარდ დოლარზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი. ანუ ჩვენი ეკონომიკის მოცულობა ასეთი მწირია. არ იკითხავთ, როგორ ხდება ფულის გადაფარვა? ოთხჯერ ნაკლები ფული ემსახურება ამ ეკონომიკას.

_ ოთხი მილიარდი?

_ დაახლოებით ოთხ მილიარდ დოლარზე ცოტა მეტი. მთელ მსოფლიოში _ გინდ ამერიკა აიღეთ, გინდ ევროპული ქვეყნები და ასე შემდეგ, დაახლოებით იმდენია ფული, რამდენიც არის ეკონომიკა. სხვანაირად ვერ მოემსახურები ამ ეკონომიკას, იმიტომ რომ ფულის სიჩქარე  ნორმალური უნდა იყოს.  ეკონომიკაზე ოთხჯერ ნაკლები ფული ვერაფრით ვერ იბრუნებს ქვეყანაში. ეს არის ხელოვნურად სუნთქვაგადაკეტილი ეკონომიკა, რომელსაც განვითარების არანაირი შანსი არ აქვს. მთავრობის წარმოდგენილი 2015-18 წლების პროგნოზები სრულ უიმედობას  იძლევა ამ თვალსაზრისით. კარგად ვიცი კითხვა და წავიკითხე: 2018 წლის ბოლოს ეკონომიკის ფულით გადაფარვა იქნება დაახლოებით ოთხჯერ ცოტა ნაკლები. ე. ი. ეკონომიკის ზრდა გათვლილია ხუთ-ხუთი, ხუთნახევარი პროცენტით მომდევნო სამი წლის მანძილზე. მაგრამ ასევე ხუთ-ხუთი პროცენტით ზრდიან ფულის მასას, ანუ საბოლოოდ ფულის მასისა და ეკონომიკის მიმართება მაინც არ იცვლება, რაც ნიშნავს, რომ ფული როგორც დღეს არ არის, ისევე არ იქნება. როცა სახელმწიფოში ფული არ არის და ტოტალური უმუშევრობაა, როცა დამოუკიდებელი ადამიანების ეკონომიკური პროექტების რეალიზაცია ვერ ხერხდება, თუ მთავრობაში ლობისტი და ნათესავი არ ჰყავს, რის ხარჯზე უნდა განვითარდეს ეკონომიკა? ამიტომაც დღეს ეკონომიკა სულს ღაფავს და ზუსტად იმ გზით ვითარდება, რა გზითაც იგი „იზრდებოდა“ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ვგულისხმობ სახელმწიფოს აქტიურობას ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც ავიწროებს კერძო სექტორს. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია: როდესაც ეკონომიკაში აქტიურობს ხელისუფლება, ფასები იზრდება და როდესაც ხელისუფლება მძიმე კრიზისულ სიტუაციებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკეთებს და უნდა აკათებდეს კიდეც, სანამ კრიზისი დაძლეული იქნება, მაგრამ, ამავდროულად, იგი კერძო სექტორს უნდა აყენებდეს ნელ-ნელა ფეხზე _ ხვალ და ზეგ მთავარი დატვირთვა კერძო სექტორმა უნდა აიღოს თავის თავზე. სამწუხაროდ, საქართველოში, ფაქტობრივად, უპატრონოდ არის მიგდებული მცირე და საშუალო ბიზნესი. ერთადერთი სექტორი, სადაც დასაქმებაა უზრუნველყოფილი, საქართველოში თითქმის არ არსებობს. არადა, მთელ მსოფლიოში მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს ხალხს _ ყოველი ათი სამუშაო ადგილიდან რვა მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის.

_ რაც ჩვენთან ძალიან სუსტად არის განვითარებული და სწორედ ამიტომაა უმუშევრობის მაღალი დონე?

_ საქართველოში დომინირებენ მონოპოლური ჯგუფები, ისინი, ფაქტობრივად, 80 პროცენტზე მეტს ქმნიან, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გაცილებით მაღალია. დიდი ბიზნესები ეკონომიკის ლოკომოტივებია, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესი არის დამსაქმებელი და ინოვაციური გარღვევების სტიმულატორი.

_ სახელმწიფო რატომ არ ერევა ბიზნესის ამ ფორმების განვითარებაში?

_ ამის მთავარი მიზეზია სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა! „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს საკითხი იგნორირებული ჰქონდა, რადგან იგი აშენებდა კორპორაციულ, ანუ ფირმა-სახელმწიფოს. „ნაციონალების“ სახელმწიფო სინამდვილეში იყო შპს, რომელსაც ჰყავდა მოწილეები და ეს  გახლდათ „ნაცმოძრაობის“ უმაღლესი ეშელონი. მათ დიდი სტრუქტურები სეგმენტებად გაანაწილეს და იმპორტზე დაკიდეს ეკონომიკა. ადგილობრივი წარმოება მათთვის არ არსებობდა, ამიტომ შეძლებული ფენის გაჩენა არაფერში აწყობდათ. როცა ღარიბია, ასე უფრო იოლი სამართავია ხალხი. ამიტომ არის ეს თემა მთლიანად იგნორირებული „ნაციონალების“ შემდეგ ორი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ხედვები არსებობს და ძალიან კარგადაც არის ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, მთავრობამ ვერ მოიცალა ამ ფუნდამენტური გარღვევისთვის!

_ ვერ მოიცალა, თუ არ მოიცალა?!

_ არაკომპლექსურმა ხედვებმა, აქცენტის გადატანამ ცალკეულ ღონისძიებებზე და არასისტემურმა ცვლილებებმა, რამაც უნდა შეცვალოს სამეწარმეო გარემო, გამოიწვია ასეთი ვითარება.

_ როცა „ოცნება“  ხელისუფლებაში მოდიოდა,  ხალხისთვის ისიც იყო იმედის მიმცემი, რომ ივანიშვილი სერიოზული ფინანსისტია და კარგად ერკვევა ეკონომიკაში. თუმცა ახლა ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლებას ამის სურვილიც არ გააჩნია. ამ ყველაფერს ვერ ხედავს ბიძინა?

_ შეიძლება ხედავს, შეიძლება ვერ ხედავს. არც ის ვიცი, რამდენად არის ინფორმირებული. წელიწადნახევარზე მეტია, მასთან არ მისაუბრია. ინფორმირებულობულობაში იმას კი არ ვგულისხმობ, მისი გარემოცვა რასაც ეუბნება, რეალურ ინფორმაციას ვგულისხმობ, რომელიც შეიძლება არც მიდიოდეს მასთან, რადგან ეს ინფორმაცია ძალიან უსიამოვნო იყოს.

_ როცა გამოდის პრემიერ-მინისტრი, ან ხელისუფლების რომელიმე სხვა წევრი, თუნდაც ბიძინა ივანიშვილიც და ამბობს, რომ რასაც დავპირდით ხალხს, ყველაფერი შევასრულეთო, ესეც რეალური ინფორმაციის არარსებობის გამოა?

_ ასეთი განცხადება დიდ ნეგატიურ განწყობას ქმნის _ ხალხის ნდობა უზარმაზარი იყო და ამ ნდობას აყენებს ზიანს. ვერ შესრულდა ყველა დანაპირები და მეტსაც გეტყვით _ სწორედ არაკომპლექსური ხედვის გამო, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ისიც კი ვერ გაკეთდა. ეს იმის ბრალი კი არ არის, რომ ვინმემ შეგნებულად არ გააკეთა. როდესაც ქვეყანაში გაქვს  სისტემური კრიზისი, არ ფუნქციონირებენ ინსტიტუტები და მართვა ხდება ინსტიტუტებს გარეთ, აღმავლობაზე ვერ ვისაუბრებთ. ასე მართავდა  სააკაშვილი და ხუთი-ექვსი კაცი განაგებდა ყველაფერს. ამან, რაღაც ეტაპზე, თითქოსდა, იმუშავა, მაგრამ განვითარების თვალსაზრისით სრული უპერსპექტივობა იყო. ქვეყანა მიდიოდა ე. წ. დისციპლინური საზოგადოებისკენ, სადაც ურჩების გამოსასწორებლად პენიტენციური სისტემა ჰქონდათ მზად და სისხლის სამართალი იყო დომინირებული. ეკონომიკა არ შედიოდა სააკაშვილის სქემაში. ამიტომ აცხადებდნენ, გარეთ ვიყიდით და შემოვიტანთ, რა საჭიროა აქ წარმოებაო?

ამ მიდგომას უნდა ძირფესვიანი შეცვლა! როდესაც სისტემური კრიზისია, საქმეს სჭირდება „სისტემჩიკები“, რომ ქვეყანა ამოაძვრინონ ამ კრიზისიდან. ცალკეული ღონისძიებებით, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, სისტემური კრიზისი ვერ გადაილახება. პიროვნული თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ძალიან კარგი ადამიანები არიან მთავრობაში და მათ შორის ეკონომიკურ-ფინანსურ ბლოკშიც, მაგრამ მთავრობის პოლიტიკა, რომელიც გარღვევაზე და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, ჯერჯერობით, არ ჩანს. მოქმედების ფორმები და მეთოდები შეუსაბამოა რეალობასთან. ქვეყანაში სერიოზული კრიზისია. ინვესტორებიც, ჯერჯერობით, ვერ მოდიან საქართველოში. ვგულისხმობ მსხვილ ინვესტორებს _ მსოფლიოში ცნობილ სამეწარმეო ჯგუფებს. დიდი რისკია რუსეთთან დაულაგებელი სიტუაცია. ნახეთ, როგორი ამბიციური გეგმები აქვთ იქით რუსებს, აქეთ თურქებს, ყველა თამაშობს მაქსიმალურად საკუთარ ინტერესებზე და ამ ფონზე საქართველოს პოლიტიკა გაუგებარია, იმიტომ რომ აქ მკაცრი ხაზი თითქოსდა არის დეკლარაციების დონეზე, მაგრამ ამ დროს ეს დეკლარაციები გახდა იდეა-ფიქსები, რომელთა მიღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ხელისუფლებას ჰმართებს გაიაზროს ის საშინელი რეალობა, რომელიც დღეს არსებობს: სახეზეა  საერთაშორისო დაძაბულობა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგის მოშლა. ახლა მიდის კონკურენტული ბრძოლა ხელახალი გადანაწილებისთვის. მხოლოდ ბრიყვებს მიაჩნიათ, რომ აქ იდეები ებრძვიან ერთმანეთს. ნურას უკაცრავად, აქ არის სახელმწიფო ინტერესები და ეს ინტერესები, როგორც წესი, ძალიან პრაგმატულია. ამ პრაგმატულ ინტერესებშია მოხვედრილი სამხრეთ კავკასიაც, რომელიც გახლავთ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრის შემადგენელი ნაწილი ახლო აღმოსავლეთთან და შუა აზიასთან ერთად. ეს არის ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცე, სადაც უახლოესი 40 წელი, ალბათ, პოლიტიკური ეპიცენტრი იქნება.

_ თქვენ ახსენეთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების სტარატეგიული ამოცანები. ჩვენ რა ამოცანები გვაქვს?

_ რა სტრატეგიული ამოცანები აქვს საქართველოს? ვინმე თუ ჩამომიყალიბებს მთავრობაში და ხელისუფლებაში, რა პოლიტიკა ხორციელდება ამ სტარატეგიის რეალიზაციისთვის, ხმას აღარ ამოვიღებ. მაგრამ სტრატეგია არ არის დილიდან საღამომდე პროპაგანდისტული საუბარი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ევროკავშირის ასოცირებული წევრები ვართ, სულ მალე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოც გავხდებით და ნატოშიც შევალთ. ამას მარტო ლაპარაკი კი არ უნდა, ამას უნდა დასავლური ტიპის ქვეყნის აგება საქართველოში. სიტყვა და საქმე უნდა იყოს ერთი.

_ წარმატებული ეკონომიკის შექმნაც ხომ სტრატეგიული ამოცანაა? ჩვენ კი საერთოდ არაფერს ვაწარმოებთ.

_ ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, რისი წყალობითაც ბოლო ათ წელიწადში საერთოდ გადაიკეტა ადგილობრივი წარმოება. საქართველოში საწარმოო პოტენციალი განადგურებულია, არანაირი სერიოზული პროდუქცია აქტიურად არ იწარმოება, ხოლო თუ რამე იწარმოება, თითო-ოროლა პრეცედენტზეა საუბარი და ამიტომ არის, რომ ქვეყანა დაკიდებულია იმპორტზე. საინტერესო ისიცაა, რომ ძირითადად დაკიდებულია თურქულ იმპორტზე და რამე რეგიონული კონფლიქტი რომ მოხდეს და ეს იმპორტი შეფერხდეს, ჩვენს მტერს, რაც ქვეყანაში მოხდება. ისლამიზაციის საფრთხეც არსებობს საქართველოში, რომელიც წინა ხელისუფლების დიდი მზაკვრული დამსახურებაა და ოთხ-ხუთ წელიწადში ეს თემა ძალიან მტკივნეული იქნება საქართველოსთვის. არადა, თურქეთის ამბიციები, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტი  რუსეთთან, რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება, რომელიც რა ფორმას მიიღებს უახლოეს პერიოდში ძნელი სათქმელია. მოდუნების უფლება არ გვაქვს.

_ არასასიამოვნო კითხვას დავსვამ: სულ გაჭედილები ვართ და ამის მიზეზი რა არის, რა გვაკლია ასეთი?

_ ვიმეორებ: არასწორი ხედვები სახელმწიფოსთან მიმართებით. მიმნდობი ხალხი ვართ, რომელიც არ ფიქრობს არჩევნებისას, არ შიფრავს ადამიანებს, თუ ვის ირჩევს. ბელადომანია და პატრონი-მარჩენალის სიყვარულიც არის სახელმწიფო ხედვის ნაკლებობა. ქართველი არის კარგი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უჭირს და სიღარიბეშია, მაგრამ ქართველი ჯერ მოქალაქე არ არის. ხოლო რაკი მოქალაქე არ არის, ის სახელმწიფოს ვერ აღიქვამს.

_ ეს სერიოზული პრობლემაა და ბოლოს გაცვეთილ კითხვას დაგისვამთ: რა გვეშველება?

_ პარადოქსული რამ უნდა გითხრათ: ბოლო 24 წლის განმავლობაში ჩვენ ვერც ერთი კრიზისი ბოლომდე ვერ დავასრულეთ ჩვენითვე, რომ გავწმენდილიყავით და განვახლებულიყავით. ყველა პროცესი შეწყდა. მათ შორის 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს შეწყდა უდიდესი პროცესი, როდესაც ხალხში თვითორგანიზაცია იყო დაწყებული და ეს პროცესი ისე გაწყდა, რომ ბოლომდე ვერ მივიდა. მანამდე იყო სამოქალაქო ომი. ჩვენ, ასე თუ ისე, ჩვენითვე დავლაგდებოდით, მაგრამ მაშინაც გაწყდა ყველაზე დიდი უბედურებით ბოლო 24 წლის განმავლობაში _ ეს იყო შევარდნაძის დაბრუნება საქართველოში, რამაც განახლებას წერტილი დაუსვა. შემდეგ  სწორედ შევარდნაძის რეჟიმმა შვა `ნაციონალური მოძრაობა~. ერთი სიტყვით, მუდმივი კრიზისის ქვეშ ვართ და ეს კრიზისი ვერ დავძლიეთ.

 

                                                                                                       დავით დევიძე