მთავარი სიახლეები დიმიტრი ბიძინაშვილი: „ჯანდაცვის მინისტრს ივანიშვილისგან ყველაფერზე მწვანე აქვს ანთებული“

დიმიტრი ბიძინაშვილი: „ჯანდაცვის მინისტრს ივანიშვილისგან ყველაფერზე მწვანე აქვს ანთებული“

0
0
გაზიარება

ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა. კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ხელისუფლება და ჯანდაცვის მინისტრი აცხადებენ, რომ ისინი პანდემიას კარგად მართავენ. მოძრაობა „შეცვალეს“ ლიდერი დიმიტრი ბიძინაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება არ შევცვალეთ, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. მისივე თქმით, ქვეყანა ამ კატასტროფამდე რომ მივიდა, ეს ხალხის ბრალიცაა.

რატომ არის საზოგადოება დამნაშავე? რატომ აუნთო ივანიშვილმა ტიკარაძეს ყველაფერზე მწვანე? რა უნდა გააცნობიეროს ხალხმა? რა არჩევანის წინაშე დგას საქართველო? რატომ არ აქვს ღარიბაშვილს სხვის კორუმპირებულობაზე საუბრის უფლება? _ ამ თემების შესახებ დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო დიმიტრი, ფოთელებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, უგულავა კორუმპირებულია და აქ რა უნდა, მერად რომ იყრის კენჭსო?! მაგ ლოგიკით, არც კახა კალაძეს „უნდა რამე“ თბილისში, მერად რომ იყრის კენჭს. მის კორუმპირებულობაზე ლეგენდები დადის.

_ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიგი უგულავას დამცველად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ ეს ადამიანი იმიტომ დააკავეს, რომ პარტიული აქტივი დაასაქმაო. საერთოდ, ღარიბაშვილი სხვის კორუმპირებულობაზე ხმას არ უნდა იღებდეს. მაგას თუ დაავიწყდა, ჩვენ გვახსოვს, პრემიერობიდან რატომ გააგდო ივანიშილმა. იმიტომ გააგდეს, რომ მისი ნათესავები ჭამდნენ ბიუჯეტს და ყველა ტენდერს ლამის ისინი იგებდნენ. ამის შემდეგ ღარიბაშვილს უფლება არ აქვს, უგულავას ნეპოტიზმსა და კორუმპირებულობაზე ისაუბროს.
პრემიერს კახა კალაძის წინამორბედის, დავით ნარმანიას განცხადებებსაც გავახსენებ. ამ კაცმა თქვა, დიახ, პარტიული აქტივიც მყავს დასაქმებული, აბა, სხვას ხომ არ ავიყვანდი სამსახურშიო?

_ არც ბიძინა ივანიშვილის განცხადება დავივიწყოთ, ისიც ამბობდა, რომ ახლობლების დასაქმება ნორმალური ამბავიაო.

_ მათთვის ნეპოტიზმი ჩვეულებრივი ამბავია. თუ ისინი ასაქმებენ ნათესავებსა და პარტიულ აქტივს, ნორმალურია. სხვას ამის გამო კორუმპირებულს ეძახიან და ციხეში უშვებენ.
ღარიბაშვილი ნიკა მელიასაც გადასწვდა და განაცხადა, მოხუცი მამა გაიყვანა ბრძოლის ველზეო. ანზორ მელია, მოგეხსენებათ, რომ ზუგდიდის მერად იყრის კენჭს. არც ამის წამოძახების უფლება აქვს პრემიერს. ეტყობა, დაავიწყდა, რომ მაგის პატრონმა ივანიშვილმა ცოლს დაარეგისტრირებინა პარტია. თავის პატარა შვილი კიდევ ბრძოლის ველზე ჰყავდა გამოყვანილი.

ეს ხალხი სხვას სინდისისკენ და ნამუსისკენ რომ მიუთითებს, ჩემთვის მიუღებელია. ისინი კანონისგან და სამართლისგან შორს არიან. მაგალითად ავიღოთ კახა კალაძე, მან თბილისის მერია კორუფციის ბუდედ აქცია. მის ცოლის ძმაზე სუსში დღემდე საქმეა აღძრული. ის მერიაში იყო დასაქმებული და ძმაკაცს „საგულაოდ“ 80.000 გადაურიცხა. თავადაც ბევრი შეჭამა. უამრავი პროექტია გაჩერებული, ამ დროს თბილისის ბიუჯეტიდან დიდი ფული გაედინება.

კახა კალაძემ განაცხადა, სირცხვილია, ვარკეთილის მეტროში ჭერი თავზე რომ დაგვემხო და დღემდე ვერ გავაკეთეთო. იგივე მდგომარეობაა გურამიშვილის მეტროსადგურში. რასაც დიღმის ჭალებს უკეთებენ, ეს საერთოდ წარმოუდგენელია. გამოკითხვით გაირკვა, რომ თბილისელების პრიორიტეტი ეკოლოგიაა. დიღმის ჭალებში, რომელიც თბილისის ფილტვებია, ეკოლოგიური კატასტროფა ხდება. იქ მდინარიდან ხრეში ამოაქვთ, ადგილზევე ამუშავებენ და ამის გამო მთელი ტყე დამარხულია. ტყე დამარხეს იმიტომ, რომ კალაძემ მილიონები იშოვოს.

კორუმპირებულმა კალაძემ თავის ნათელ-მირონ წულაიას 16 მილიონი გადაუფორმა, თითქოს „ხრუშჩოვკები“ უნდა დაენგრია და ახალი სახლები აეშენებინა. „ქოცები“ ხელისუფლებაში მოსული არიან ფულის მოსაპარად. საქმის კეთება და ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება მათ არ აინტერესებთ.

მოსახლეობის ყოფა ყოველდღიურად უარესება. ვიღაცამ შეიძლება ჩემი არ დაიჯეროს, რადგან ოპოზიციურად ვარ განწყობილი, მაგრამ საკუთარ მაცივარს შეუძლიათ დაუჯერონ.

_ ბევრს ვერც ცარიელი მაცივარი ათქმევინებს იმას, რომ „ოცნებამ“ ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა.

_ ამისაც თუ არ სჯერათ, რაღას ვიზამთ? პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანამ 3 მილიარდი დოლარის სესხი აიღო. ეს 10 მილიარდ ლარზე მეტია. ფული ჯიბეებში ჩაიდეს და კოვიდთან საბრძოლველად სათანადოდ არ მოემზადნენ. შედეგად რა მივიღეთ? _ გარდაცვალების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. კორონა საქართველოში უკონტროლოდ ვრცელდება. არადა, 3 მილიარდი ლარი კოვიდთან ბრძოლას უნდა მოხმარებოდა. თავად ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესეს, ხალხი კოვიდის პირისპირ დატოვეს.

„ქართული ოცნების“ წყალობით, სიკვდილი გახდა ჩვენი ყოველდღიურობა. ადამიანების გარდაცვალებას ხელისუფლება უკვე როგორც სტატისტიკას, ისე უყურებს. ფული, რომელიც კოვიდთან ბრძოლას უნდა მოხმარებოდა, შეჭამეს. ტრიკოტაჟის ფაბრიკაში აღებული ექიმის დიპლომით აღჭურვილმა ჯანდაცვის მინისტრმა რა უნდა გააკეთოს? ჩვენს ჯანდაცვას კარგად ეტყობა მისი ხელი. ტიკარაძე რომ მართავს პანდემიას, ამიტომ არის ასეთი ვითარება. ეს პანდემია გადაიყოლებს ამ ხელისუფლებას და ამ ქვეყანასაც. ჩვენი ეკონომიკა კიდევ ერთ ლოკდაუნს ვეღარ გადაიტანს, ამიტომაცაა, რომ ბოლომდე არ გვკეტავენ.

_ ტიკარაძე აშკარად ვერ მართავს სიტუაციას, მაგრამ მას არავინ ხსნის. მეტიც პრემიერებს იქით აკონტროლებს. ჯერ გახარიას აჯდა თავზე და ახლა _ ღარიბაშვილს. რა გახდა ასეთი ამ ქალის მოხსნა?

_ ამ ქალს ივანიშვილის ნების გარეშე ვერავინ შეეხება. იგი ოლიგარქმა ჯანდაცვის მინისტრად საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დანიშნა. ტიკარაძეს ბიძინასგან ნებისმიერ რამეზე მწვანე აქვს ანთებული. ერთადერთი, რისი უფლებაც არ აქვს ისაა, რომ ივანიშვილის გარეშე ვერაფერს გააკეთებს. ყოველდღე 70 ადამიანზე მეტი იღუპება, ეს უტიფარი კი გამოდის და ამბობს, რომ პანდემიას მართავს. საქმე აქამდე რომ მივიდა, საზოგადოების ბრალიცაა.

_ ხელისუფლებაც ასე ამბობს, რეგულაციებს არ იცავენო.

_ ამ შემთხვევაში მე სხვა ბრალეულობაზე მაქვს საუბარი. კოვიდთან საბრძოლველად ნასესხები 10 მილიარდი რომ გააქრეს, მაშინ უნდა ამოგვეღო ხმა. მაშინ რომ აგვეტეხა განგაში, ასეთ მძიმე დღეში არ ვიქნებოდით. ტიკარაძესა და კომპანიას ხალხისთვის მოუწევდა პასუხის გაცემა და არა ივანიშვილისთვის.

_ თავად თქვით, რომ ტიკარაძემ ივანიშვილის სიტყვას არ უნდა გადაუხვიოსო. ე. ი. ივანიშვილს უნდა მოეთხოვოს პასუხი და არა ტიკარაძეს. არც ოპოზიცია და არც საზოგადოება ივანიშვილს პასუხს, რატომღაც, არ სთხოვს.

_ ივანიშვილია ყველაფრის თავი და თავი. ვის სჯერა, რომ ბერას ქოლგის მატარებელი ღარიბაშვილი წყვეტს რამეს? კაცი პრემიერი იყო რომ დაიძინა, დილით გაიღვიძა და დაახვედრეს ამბავი, გადაყენებული ხარო. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ქილერი საქართველოში აკეთებს ბიზნესს. აქ ნაშოვნ ფულს მერე ისევ ჩვენ წინააღმდეგ იყენებს. ამის შემდეგ როგორ შეიძლება, ჩვენ ქვეყანა გვერქვას? აღარაა საქართველო ქვეყანა. ჩვენ გადავიქეცით რუსეთის ფილიალად.

ჩემდა სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი ამ ყველაფერს ეგუება. მეტი რაღა უნდა დაგვიშავოს რუსულმა ოცნებამ, რომ გამოვფხიზლდეთ და ხმა ამოვიღოთ? 2012 წელს მოსკოვმა პირწმინდად მოგვიგო ომი, როცა ივანიშვილი გახადა ქვეყნის მმართველი. რაც 2008 წელს ვერ შეძლო ტანკებით, ის გააკეთა 2012 წელს არჩევნებით.

საქართველო რუსი ჯაშუშებით რომ სავსეა, ამაში ეჭვი ხომ არ გეპარებათ? ამის შესახებ ცნობილია ჩვენი სპეცსამსახურებისთვის, მაგრამ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოში არც ერთი რუსი ჯაშუში არ დაუკავებიათ.

_ რუს ჯაშუშს ვინ დააკავებს? 2012 წლის ბოლოს „ოცნებამ“ გამოსცა ამნისტია და რუსეთის ჯაშუშები პოლიტპატიმრების სტატუსით გამოუშვა ციხიდან.

_ მაგიტომ ვთქვი, რომ ქვეყანა აღარ ვართ და რუსეთის ფილიალად ვიქეცით. რუსი ქილერები ბიზნესს აკეთებენ საქართველოში. გესმით, ხალხო, რა ხდება?! ხელისუფლებასთან დალაგებული თუ არ გაქვს, ისე საქართველოში ბიზნესს ვერ გააკეთებ. რუსეთუმეებსა და რუსებს აქ აკეთებინებენ ბიზნესს, ეხმარებიან, რომ აქ წარმოებული პროდუქცია ევროპასა და ამერიკაში გაიტანონ.

_ შვილებსაც დასავლეთში ასწავლიან.

_ აბა, რუსეთში ხომ არ გააგზავნიან, იქ რა უნდა ისწავლონ? ლევან ვასაძე და ალტ-ინფოს დამფუძნებლებიც ასე იქცევიან. მათ იციან, რომ ყველაფერი კარგი დასავლეთშია, მაგრამ იქ რომ მოხვდნენ, რუსებისგან უნდა აიღონ ფინანსები. ამის გამო მიათრევენ საქართველოს რუსულ ჭაობში. ხელისუფლება ამას ყველანაირად უნდა უშლიდეს ხელს, სამწუხაროდ, პირიქითაა. „ქართული ოცნება“ ახალისებს რუსეთუმეებს და ქვეყნის მტრებს.


მე გაგახსენებთ 5 ივლისის მოვლენებს, როდესაც სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული. 57 ჟურნალისტი სასტიკად სცემეს და მხოლოდ 23 კაცი არის დაკავებული. როგორ გგონიათ, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, მას არანაირი დანაშაული არ მიუძღვის? მახარაძე, ფალავანდიშვილი და მორგოშია ციხეში უნდა გაეშვათ, მაგრამ ვითომ არაფერი, დადიან თავისუფლად. აბა, მსგავსი რამე ჩვენ გაგვეკეთებინა და ჩვენს აქციაზე ვინმეს თმის ღერი მაინც ჩამოვარდნოდა, გარეთ არ გამოგვიშვებდნენ ციხიდან. ამათ აპატიეს, იმიტომ რომ რუსეთიდან იმართებიან. ვისაც რუსეთი მწვანე შუქს უნთებს, იმას „ქართული ოცნება“ ხელს ვერ მოკიდებს.

ამდენი გაჭირვება, ამდენი სიკვდილიანობა არის ბიძინა ივანიშვილის კისერზე. მის მოშორებასთან ერთად ყველაფერი შეიცვლება. ამ არჩევნებზე ეს თუ არ გავიაზრეთ და ამას თუ არ მივხვდით, მაშინ არაფერი გვეშველება. ყოველი არჩევნების წინ ვამბობ, რომ თუ ისევ „ოცნებას“ მისცემს ხალხი ხმას, არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაგვიჭირდება.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს გააყალბებს. გაყალბების გარეშე მათ მოგების შანსი არ აქვთ. ამ გაყალბებასაც თუ შევეგუებით, მაშინ ბევრად უარესად ვიცხოვრებთ, ვიდრე დღეს ვცხოვრობთ. ვერც კოვიდს მოვერევით და კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. კრიმინალთან, კორუფციასთან, კოვიდთან საბრძოლველად არჩევნების გარდა ბერკეტი არ გვაქვს. არჩევნებზე თუ არ წავალთ და „ქართულ ოცნებას“ არ გადავხაზავთ, ეს ბერკეტიც აღარ გვექნება.

ყველამ უნდა გავითავისოთ 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა. ამ დღეს ქვეყნის ბედი წყდება. ჩვენ ვირჩევთ ან თავისუფლებასა და დასავლეთს, ან რუსეთის ფილიალი გავხდებით, სადაც ცხოვრება კიდევ უფრო გაჭირდება.

_ საჯარო მოხელეებს ეს როგორ უნდა შეაგნებონოთ? ისინი ისევ „ოცნებისთვის“ აპირებენ ხმის მიცემას.

_ მათ უნდა იცოდნენ, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

_ მძიმე მდგომარეობაში რატომ აღმოჩნდებიან?

_ სესხს აღარავინ მოგვცემს, მაგის გარეშე ბიუჯეტი ვერ შეივსება. ძალიან მალე დადგება დრო, როცა ბიუჯეტს ხელფასების გაცემა გაუჭირდება. ვეღარ გასცემენ ხელფასებს, ვერც სოციალურად დაუცველები აიღებენ დახმარებას, პენსიის გაცემაც პრობლემა იქნება. როცა ბიუჯეტში გარღვევაა, ყველა მიმართულებით იქმნება პრობლემები. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს.


გაიგეთ, ხალხო, რომ შევარდნაძის დროში ვბრუნდებით. შევარდნაძის დროს ხდებოდა ბიუჯეტის სეკვესტრი და ადამიანები ხელფასს ვერ იღებდნენ. პენსიები და დახმარებები თვეობით იყო გაყინული. პოლიცია გზაზე გამოვა ისევ და ფულის აღებას დაიწყებს. კორუფციაში, ნეპოტიზმსა და კრიმინალში ჩაფლულები უკვე ვართ. დამიჯერეთ, ბევრი აღარ უკლია ამ ქვეყანას, რომ შევარდნაძის დროში დაბრუნდეს.

შუქი ჯერ ისევ გვაქვს, მაგრამ ესეც დროებითია. დენიც გრაფიკით გვექნება, გაზიც წავა. ახლა ყველაფერი ჩვენზე არის დამოკიდებული. ხალხს თუ არ აინტერესებს ცვლილება და ეგუება არსებულ ვითარებას, მაშინ კეთილდღეობაზე ნურავინ იოცნებებს. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოს განვითარება არ უწერია. ყველაფერი უკან-უკან წავა და ვიცხოვრებთ ასეთ სიღარიბეში.


_ ხალხს შეიძლება, ძალიან უნდა ცვლილებები, მაგრამ ვინ უნდა აირჩიოს? არის ისეთი ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს? მას შემდეგ, რაც ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, ხალხს მათ მიმართ ნდობა დაეკარგა.

_ ძალიან მარტივად დგას საკითხი. იგივე უნდა გაკეთდეს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა. ჩვენ ვირჩევთ ან რუსეთს, ან დასავლეთს. 2018 წელს ხალხმა დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, მაგრამ ივანიშვილმა გააყალბა შედეგები. ახლაც იგივე სიტუაციაა: ან რუსეთს ვირჩევთ, ან _ დასავლეთს. ოპოზიციის ნაწილი შეიძლება, მეც არ მომწონს და ვიღაცასთან დგომა სახარბიელოდ არ მიმაჩნდეს, მაგრამ დღეს ოპოზიციის არჩევა ქვეყანას სჭირდება. საჭიროა კოალიციური მთავრობის შექმნა. მთავრობის წევრებმა იდეებით უნდა იდავონ. ისე აღარ უნდა მოხდეს, ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელში რომ არის, სასამართლოდან დაწყებული, პოლიციით დამთავრებული.

საზოგადოება უნდა წავიდეს არჩევნებზე და „ქართული ოცნების“ გარდა ნებისმიერი პარტია შემოხაზოს. ასე მივიღებთ კოალიციურ მთავრობას, სადაც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს. ყველა ეცდება, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მის რეიტინგს გაზრდის. ეს იქნება იმის გარანტი, რომ შემდეგ არჩევნებზე კიდევ უფრო ბევრ ხმას მიიღებენ.

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის გაშვება. კოალიციური მთავრობა იმის მეასედსაც ვერ დააშავებს, რასაც ეს კაცი აკეთებს. ძალიანაც რომ მოუნდეთ, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს. რაღაც საკითხი რომ გაიტანო, დანარჩენი პარტიების დარწმუნება მოგიწევს. გადაწყვეტილებების მიღების დროს ყველა პარტია სიფრთხილეს გამოიჩენს, ხალხის გაღიზიანებას ყველა მოერიდება.

2 ოქტომბერს ჩვენ ხმას ვაძლევთ კოალიციურ მთავრობას და არა რომელიმე კონკრეტულ ძალას. მთავარია, 41 არ შემოხაზონ. თითოეულ ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ წავიდეს არჩევნებზე და დავამთავროთ ერთპარტიული მმართველობა. „ქართული ოცნება“ თუ დარჩა ხელისუფლებაში, ჩათვალეთ, რომ მსოფლიო რუკიდან გავქრებით. ამათი წყალობით საქართველო ისედაც აღარ ჩანდა, მაგრამ კოვიდის წყალობით გამოვჩნდით. გვაჩვენებენ, რომ მილიონ ადამიანზე ყველაზე მეტი გარდაცვლილი და ინფიცირებული გვყავს.

ამის გარდა, საქართველო გამოაცხადეს წითელ ზონად, სადაც ჩასვლას ყველა ერიდება. მარტო პანდემიის გამო არ ვართ წითელ ზონად გამოცხადებული. საშინელი კრიმინოგენური ვითარებაა. ადამიანებს კლავენ და ძარცვავენ. ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ საქართველოში ჩასვლას მოერიდონ. თუ ჩავლენ, ფული თან არ ატარონ, ღამე ქუჩაში არ იარონ და ა. შ. ოდესღაც უსაფრთხო ქვეყანა ვიყავით, ახლა კრიმინალური ქვეყანა ვართ. ასე იცის ძახილმა: „ხელისუფლებას ცოტაც კიდევ ვაცალოთ“.

იმ ხალხის აზრი მაინტერესებს ამ ყველაფერზე, რომელიც 2012 წელს ამბობდა, ახლა ავირჩიოთ ივანიშვილი და თუ არ გაამართლებს, გადავირჩევთო. მისი გადარჩევა, ცოტა არ იყოს, გაჭირდა. რუსი ოლიგარქი უარს აცხადებს ძალაუფლების დათმობაზე. დღეს საქართველოში ბევრი ოცნებობს მესამე ძალის გამოჩენაზე. ასეთი ძალა ჯერ არ ჩანს და რომც გამოჩნდეს, ივანიშვილი მასაც არ მოუშვებს ხელისუფლებასთან ახლოს. ამ უაზრო ლოდინს ჯობია, წავიდეთ არჩევნებზე და უარი ვუთხრათ „ქართულ ოცნებას“. ნებისმიერი პარტია უნდა ავირჩიოთ ივანიშვილის პარტიის გარდა. კოალიციური მთავრობა დღეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს.

ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა საქართველოს უნდა მოსცილდეს. კახა კალაძე არის იმის შესანიშნავი მაგალითი, თუ როგორ უნდა იშოვო გაჭირვებული ხალხის ხარჯზე მილიონები. ერთ სკვერს გააკეთებს, სამაგიეროდ, მეორე სკვერში მშენებლობის ნებართვას გასცემს. კალაძის ნებართვებზე კარგად მეტყველებს ლორთქიფანიძის ქუჩაზე ჩამოშლილი მიწა, რომელმაც ლამის კორპუსი ჩაიყოლა და მოსახლეობა შეიწირა. თაბორის მთაზე ქვის გადადებაც კი არ შეიძლება, ივანიშვილს მშენებლობის ნებართვა მისცეს. ვაზისუბანში კორპუსს მეორე კორპუსს ადგამენ და საძირკველს უთხრიან. ეს კორუფციის შედეგად გაცემული ნებართვებია.

კალაძე იმდენად კორუმპირებულია, რომ მასთან პრეტენზიები საგამოძიებო უწყებებსაც აქვთ. ნათელმირონ წულაიას მილიონობით ლარის ღირებულების მიწები ერთ ლარად გადასცა, ამ საქმეს სათანადო უწყებები სწავლობენ, გამოძიება დაწყებულია.
ბექა ოდიშარიას 200.000-იან ქონებაში მილიონის ქონება გაუცვალეს. ძალიან საინტერესოა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ისტორია. ხელისუფლებამ ფარცხალაძეს 200.000 ლარად მიჰყიდა მიწის ნაკვეთი და შემდეგ 1.200.000 ლარად გამოისყიდა.

ასეთი ფაქტები უამრავია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ეს ხალხი ბიუჯეტის ძარცვის ხარჯზე რომ მილიონებს შოულობს, ჩვენი ბრალია. ჩვენ ვაძლევთ ამის საშუალებას. ამის აღკვეთა ერთი ხელის მოსმით შეგვიძლია. უნდა წავიდეთ არჩევნებზე და „ქართული ოცნების“ გარდა ნებისმიერ პარტიას მივცეთ ხმა. მე თავს უფლებას არ მივცემ ხალხს ვუთხრა, ესა და ეს პარტია აირჩიეთო. მხოლოდ იმას გთხოვთ, 41 არ შემოხაზოთ.

სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ მახინჯ ხელისუფლებას ვერ დავასრულებთ. ღარიბაშვილს არ უნდა მივცეთ უფლება გვაძახოს, რომ რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ომი არ არის. ამათ რომ ჰკითხო, მშვიდობიანად ვცხოვრობთ. მშვიდობიან ცხოვრებას უძახიან იმას, რომ მცოცავი ოკუპაციის შედეგად რუსების ხელში აღმოჩნდა ქართული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამაზე „ოცნებას“ რეაქცია არ აქვს.

_ აგვისტოს ომში არ დაღუპულა იმდენი ადამიანი, რაც კოვიდით დაიღუპა 2021 წლის აგვისტოში.

_ ამ მიმართულებით საერთოდ კატასტროფა ხდება. ყიველდღე 70-ზე მეტი გარდაცვლილია, ხელისუფლებისთვის ეს უბრალო სტატისტიკაა. მათთვის სტატისტიკაა ასევე კრიმინალური შემთხვევებიც. აცხადებენ, დანაშაული ყველგან ხდებაო. ფეხებზე კიდიათ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანები. ეს ხალხი უკანონოდ გავლებულ მავთულხლართებთან ცხოვრობს. გარეთ გასვლა მათთვის სახიფათოა. შეიძლება, ნებისმიერ წამს მოიტაცონ რუსებმა, გადაიყვანონ ცხინვალის იზოლატორში და შემდეგ ოჯახს გამოსასყიდი მოსთხოვონ. სახელმწიფო მათზე არ ზრუნავს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებს. ამიტომ ცხოვრობენ ისინი ფუფუნებაში, ხალხი კი სიღატაკეშია. 2 ოქტომბერს ისინი სახლში თუ არ გავუშვით, კიდევ უფრო გაჭირდება. ნურც საჯარო მოხელეები დახარბდებიან იმ ხელფასებს, რასაც ახლა იღებენ. მალე ისინი ამ ხელფასს ვეღარ მიიღებენ და რაც მთავარია, ეს არჩევნები წყვეტს საქართველოს ბედს. „ოცნების“ გადარჩევით ვირჩევთ დასავლეთსა და განვითარებას. „ოცნების“ დარჩენის შემთხვევაში ვხდებით რუსეთის ნაწილი.

შორენა მარსაგიშვილი

დატოვეთ კომენტარი