მთავარი სიახლეები ბერდია სიჭინავა: „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასასვლელად არის განწირული“

ბერდია სიჭინავა: „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასასვლელად არის განწირული“

0
0
გაზიარება

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წინა წლებში ჩატარებული ყველა სხვა არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ერთგვარი რეფერენდუმია , რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის ირჩევს რეალურად ხალხი და როგორია „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღეს, _ გუნდის, რომელსაც მოსახლეობამ ნდობა უკვე მესამედ გამოუცხადა, როგორც თავად ამბობენ. სხვა წლებისგან განსხვავებით ამ არჩევნებს ძალიან საინტერესო ელფერს სძენს ის ფაქტიც, რომ მასში „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც მონაწილეობს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევებსაც თუ გავითვალისწინებთ, მას არც ისე მცირე შანსი აქვს, რომ ამ ეტაპზე, სულ მცირე, მესამე ძალად მოიაზრებოდეს.

როგორია გახარიას გუნდის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი დამოკიდებულება? როგორ აფასებენ ისინი ქვეყანაში მიმდინარე პანდემიურ თუ პოლიტიკურ პროცესებს?

„ქრონიკა+“ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელ მდივან ბერდია სიჭინავას ესაუბრა:

_ ბატონო ბერდია, „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა საკუთარი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ისინი საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში დამაჯერებლად იგებენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. როგორია თქვენი შეფასება „ოცნების“ რეიტინგის მიმართ? შეძლებენ ისინი კვლავ მოიპოვონ მოსახლეობის ნდობა?

_ სიმართლე გითხრათ, ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას თავისებურად ესმის მათემატიკა და სოციოლოგია; ვხედავთ, რომ ეს კვლევები, ძირითადად, მათ ინტერესებზე არის მორგებული. მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და ბუნებრივია, კვლევებიც ზუსტი უნდა იყოს, თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ კვლევების ასეთი ინტენსივობით გამოქვეყნება, მათ შორის, რეგიონული მიმართულებითაც, მაგალითად, ქუთაისის კვლევა, ასევე სხვა მუნიციპალიტეტების, ერთ რამეზე მიანიშნებს: არც ერთი წინასაარჩევნო პერიოდის დროს ასეთი ინტენსივობით არ უწარმოებიათ მათ კამპანია, თითქოს კვლევები აქვთ ჩატარებული. ეს ერთ რამეზე მიუთითებს: საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობენ, რომ ისინი დამაჯერებლად იმარჯვებენ მუნიციპალურ არჩევნებზე, თუმცა ამასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და მხარდასაჭერი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თავიანთი ელექტორატის დაჭერას ცდილობენ. რეალურად, ყველამ კარგად იცის, რომ ნდობა, რაც „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს საზოგადოებამ მისცა, დღეს იმისი ნახევარიც კი შეიძლება არ ჰქონდეს და, ბუნებრივია, ეს კვლევა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ საზოგადოებრივი განწყობა შექმნან, თითქოს ამ არჩევნებს იგებენ. თუმცა ასეთი კვლევები ჩვენ ბევრი გვინახავს და დარწმუნებული ვარ, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა ამ კითხვასა და სპეკულაციას გაეცემა პასუხი. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტია დამაჯერებლად აიღებს ხმებს, რაც შეეხება „ოცნებას“, არა მგონია, რომ 35%-ს გასცდნენ.

_ სანამ რეგიონებზე გადავალთ, თქვენს პარტიას ამ დრომდე არ დაუსახელებია თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, თავად გიორგი გახარიაც, გვარწმუნებენ, რომ აუცილებლად გეყოლებათ კანდიდატი, რომელიც იქნება წონიანი და შეძლებს, სეროზული კონკურენცია გაუწიოს, როგორც კახა კალაძეს, ასევე ნიკა მელიას. იქნებ, ექსკლუზიურად გვითხრათ, ვინ იქნება ეს კანდიდატი? ადასტურებთ თუ არა იმ ინფორმაციას, რომ არჩილ არველაძეს წარადგენთ? რამდენადაც ვიცი, მასთან მოლაპარაკებები გაქვთ.

_ არჩილ არველაძეზე არ არის საუბარი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, მოგეხსენებათ, კანონმდებლობით გვაქვს ვადები, რომ დავასახელოთ თბილისის მერობის კანდიდატი. ეს ვადა იწურება 2 სექტემბერს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შესაბამისი ღონისძიება, სადაც კანდიდატებს წარვადგენთ, ეს მოხდება რამდენიმე დღეში, თუმცა იმაში შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ნამდვილად ღირსეული კანდიდატი გვეყოლება.

_ მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პრემირ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, „ქართული ოცნებიდან“ არ წყდება ადამიანების გადინება, მათ შორის, ისეთი სახეების, რომლებსაც თავიანთ რეგიონებში საკმაოდ დიდი პოლიტიკური წონა აქვთ. როგორ აისახება ეს ყველაფერი „ოცნების“ საარჩევნო რეიტინგებზე?

_ რეალურად რომ გითხრათ, „ოცნების“ საარჩევნო რეიტინგი დღეს კრიტიკულ მდგომარეობაშია _ ყველა ის ღირებულება და იდეა, რომელსაც „ქართული ოცნება“2012 წელს ეფუძნებოდა, დღეს არის მინავლებული, მიქარწყლებული და უარყოფილი. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანების უმეტესობა, რომელიც მათ მხარს უჭერდა, განაწყენებულია. დღეს აღარ არსებობს ის ფუნდამენტები, რომელზედაც „ოცნება“ იდგა: რომ დავფიქრდეთ, არც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით გვაქვს წინსვლა, აქაც გამოუსწორებელი პრობლემებია; კორუფციული მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული რისკებია, ასევე ნეპოტიზმის მხრივ, რაც მოსახლეობაში ნიჰილიზმსა და იმედგაცრუებას ნერგავს, მათ შორის, იმ გუნდშიც, რომელიც ამ ღირებულებებით მოვიდა, რომ უნდა დაემარცხებინა ელიტური კორუფცია, სახელმწიფო ინსტიტუტები გაეძლიერებინა, ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. ვადასტურებ, რომ წინსვლა რაღაც ეტაპზე გვქონდა, თუმცა როგორც გიორგი გახარია მუდმივად აღნიშნავს, ჩვენ არასდროს უნდა შევედაროთ წარსულს, ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს მომავალზე სწორება და 9 წლის წინანდელ, 10 წლის წინანდელ მოვლენებს რომ ვადარებთ დღევანდელობას, სწორედ ეს იწვევს ჩვენი ქვეყნის უკუსვლას. აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ „ოცნებიდან“ კადრების გადინება მოასწავებს შემდეგს: „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასასვლელად არის განწირული. მას არანაირი ელექტორალური რესურსი არ შერჩა, რომ მართოს ქვეყანა. ყოველთვის, როდესაც კრიზისი შეიქმნება, კარგად ვხედავთ, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა უდგებათ. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობა დაბალია, მაშინ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ „ოცნება“ ნაბიჯებს ვერ დგამს. ბუნებრივია, ისინი ხელისუფლებაში ვერ წარმომიდგენია.

_ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია: „ოცნების“ განაწყენებული მომხრეები, თუ წამყვანი ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებიც გიმაგრებენ ზურგს?

_ ხშირი დისკუსია მიდის ამასთან დაკავშირებით, თუმცა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამომრჩევლებს ფერების მიხედვით არ ვყოფთ. ჩვენი სამიზნე აუდიტორია, რა თქმა უნდა, იქნება „ქართული ოცნების“ ის ამომრჩეველი, რომელიც დღეს განაწყენებულია მასზე, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც იმედი გაუცრუეს ოპოზიციურმა პარტიებმა და ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ნიჰილისტურად არის განწყობილი და საერთოდ არ მიდის არჩევნებზე. შესაბამისად, ჩვენი გუნდის სლოგანი, როდესაც პარტია დავაფუძნეთ, იყო „ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ“, შესაბამისად, ვერთიანდებით ყველასთვის და ყველა ადამიანის მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ელექტორატი არის ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენს ფასეულობებს იზიარებს და თუ ის თანხვედრაშია ჩვენს ხედვებთან, ასეთი ელექტორატის იმედი გვაქვს. ასე რომ, ჩვენ არავის ვყოფთ მომხრეებად, გათვლას არ ვაპირებთ კონკრეტული პატიის ელექტორატზე, გათვლას ვაკეთებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაღლილები არიან ამ ცხოვრებით და პოლიტიკური ნიჰილიზმით, უნდათ წინსვლა და სიახლე საქართველოსთვის.

_ როგორი მდგომარეობაა რეგიონებში? როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებში ყველაზე დიდი წნეხია ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობასა და სახელმწიფო ადმინისტრაციებში დასაქმებულ პირებზე. ამ მხრივ გაქვთ თუ არა რამე სახის ინფორმაცია?

_ ჩვენ პერიოდულად ვაწარმოებთ მონიტორინგს რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, ვზომავთ იმ პოლიტიკურ რეიტინგებს, რაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო IღI-ს კვლევითაც დადასტურდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგი და ირკვევა, რომ ყველაზე მზარდი პოლიტიკური პარტია ვართ რეიტინგით. ჩვენი არჩევანი პირველ არჩევნად დასახელებული აქვს 9%-ს, ხოლო მეორე არჩევნად დასახელებული ვყავართ ასევე მეორე 9%-ს და სხვა პარტიების ფონზე, რომლებსაც კლებადი რეიტინგი აქვთ, ბუნებრივია, ჩვენი რეიტინგი იზრდება. პარტიის რეიტინგის ზრდის პარალელურად, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით. დღეს ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მას თავად უწოდებენ, მთავარი ოპოზოციური ძალა, ყველაზე დიდი თავის ტკივილი დღეს „ქართული ოცნებისთვის“ არის გიორგი გახარიას გუნდი და ეს მაგალითებშიც აისახება, თუ როგორ ექცევიან ჩვენს თანამშრომლებს და ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ გიორგი გახარიას გვერდს ან მხოლოდ მის პოსტს იწონებენ, პოლიტიკური ნიშნით დევნიან მათ, ზეწოლას ახორციელებენ, ხალხს აყენებენ მორალური დილემის წინაშე, რომ თუ გიორგი გახარიას გუნდს დაუჭერ მხარს, შენი მეზობელი, ნათესავი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს, დარჩება ულუკმაპუროდ. ბუნებრივია, ეს ყველაზე კარგად შეიმჩნევა რეგიონებში, სადაც ადამიანების მიმართ განსაკუთრებით გააქტიურებულია სახელმწიფო ინსტიტუტები დაშინების, მუქარის, შანტაჟის მცდელობით. ბოლო შემთხვევასაც გაგახსენებთ: ჩვენი გუნდის აქტიური მხარდამჭერი, ჩვენი პარტიის წევრს აკაკი ბართაია 16 აგვისტოს გააჩერეს სამართალდამცველებმა თბილისის შესასვლელთან და იარაღი ჩაუდეს. ეს მეთოდები ყველასთვის კარგად არის ცნობილი. სამართლებრივ ბრძოლას ვაპირებთ ამ მიმართულებით. ჩვენი მხარდამჭერების იმედი გვაქვს, საქმის კურსში ვაყენებთ ასევე ამის შესახებ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები აუცილებლად დასრულდება ჩვენი პოლიტიკური გუნდისა და ქართველი ხალხის გამარჯვებით.

_ ასევე მინდა გკითხოთ ფოტოს შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში: კარტოფილი, კომბოსტო, ფქვილი, კონსერვები და ა. შ. _ შეეცდება მმართველი პარტია მოსახლეობის მოსყიდვას?

_ ორად გავყოფდი ამ შეკითხვას. მანამდე რა ხდებოდა, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, აქტიურად არც ვიყავი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და გიორგი გახარია იყო ადამიანი, რომლისთვისაც მსგავსი მეთოდები, ადამიანების შანტაჟი, მუქარა, მოსყიდვა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არ მგონია, რამე ასეთი ფაქტი სისტემურად მომხდარიყო და ჩვენ ეს ინფორმაციები არ მიგვეღო. დღეს იმ მოცემულობის წინაშე დგას „ქართული ოცნება“, რომ ხელისუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე უდგას, რომელიც მას შეუქმნა გიორგი გახარიას გუნდმა. ჩვენ ყველაფრის მოლოდინი გვაქვს, არ არის გამორიცხული, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვაზე გადავიდნენ. რამდენიმე დღის წინ ჩვენი აჭარის ფრთის წარმომადგენელმა ირაკლი მიქელაძემ ბრიფინგი ჩაატარა, რომლის თანახმად, ჩვენს მხარდამჭერებზე, მათ შორის, იმ პირებზე, რომლებიც პროპორციულ სიებში არიან წარმოდგენილნი და ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები ბრძანდებიან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ ფული შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ მათ უარი ეთქვათ ჩვენს პარტიასთან თანამშრომლობაზე და გამიჯნოდნენ მას. როდესაც ასეთი მაგალითები გვაქვს, სრულიად ლუსტრირებული პროცესი მიმდინარეობს პოლიტიკური დევნის, ბუნებრივია, იმის მოლოდინიც უნდა გვქონდეს, რომ ხელისუფლება ამომრჩევლების მოსყიდვის მეთოდებს აუცილებლად გამოიყენებს. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და ასეთი ფაქტები არ დავუშვათ, რადგან ამომრჩევლის კეთილდღეობაზე დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მომავალი.

_ შარლ მიშელის დოკუმენტს მინდა შევეხოთ: თუ „ოცნებამ“ ვერ მოახერხა 43%-იანი ბარიერის დაძლევა, რომელიც მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პოლიტიკაში მოვიდა, საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, წავა თუ არა მმართველი გუნდი დათმობაზე და დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

_ რამდენიმე ასპექტს გავუსვათ ხაზი. პირველი: ეს არის უმძიმესი ფაქტი, როდესაც შარლ მიშელის მედიაციით დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად წყდება მმართველი გუნდის მხრიდან, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე, რამაც უნდა უზრუნველყოს პოლარიზაციის შემცირება. მმართველი გუნდი, იმის შიშით, რომ არ დაკარგოს ხელისუფლება, მისი საერთაშორისო პარტნიორის წინაშე აღებულ ვალდებულებაზე ამბობს უარს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება გადასულია ძალაუფლების შენარჩუნების ყველა მეთოდის გამოყენებაზე. ჩვენი გუნდის მოსაზრებაა, რომ ცალმხრივად „ქართული ოცნების“ მიერ იმის თქმა, თითქოს ანულირებულად აცხადებენ მიშელის შეთანხმებას და გადიან ამ ხელშეკრულებიდან, საერთოდ არ ნიშნავს არაფერს. გვინდა თუ არ გვინდა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ 43,44 ან 45%-იც რომც აიღოს არჩევნებზე, იმდენად პოლიტიკური კრიზისია და პოლიტიკური გარემო იმდენად პოლარიზებულია, სახელმწიფო ინსტიტუტები და მმართველი ძალა ისე დელეგიტიმიზებულია, რომ ყველა შემთხვევაში „ოცნებას“ მოუწევს უკან დახევა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ეს გარდაუვალია, ეს ერთდერთი გზაა, რომ ქვეყანაში არსებული ყველანაირი კრიზისი განიმუხტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველივე პოლიტიკური წინააღმდეგობის წარმოშობისას, „ოცნება“ ამას ვერ გაუძლებს და დაიმსხვრევა.

_ ბოლო პერიოდში აქტიურად ისმის არჩევნების გადადების შესახებ შეკითხვები და ამ საკითხის ირგვლივ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია. როგორია თქვენი პოზიცია, უნდა გადაიდოს თუ არა პანდემიიდან გამომდინარე არჩევნები?

_ პანდემიას ჩვენი გუნდი ზეპარტიულ საკითხად განვიხილავთ, რადგან ვსაუბრობთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ბოლო პერიოდში ყველამ დავინახეთ, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო არათანმიმდევრული, პოპულისტური გადაწყვეტილებები, ასევე აღსრულებაზე კონტროლი შესუსტდა, რამაც, ბუნებრივია, ქვეყანა მოცემულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობამდე მიიყვენა. შესაბამისად, დღეს, როდესაც ოპოზიციის რაღაც ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც ყველაზე მეტად დღეს, ვისაც არჩევნების გადადება შეიძლება აწყობდეს, ეს არის ხელისუფლება, რადგან კარგად ვხედავთ, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური გუნდი ყოველდღიურად კარგავს რეიტინგს და, შესაბამისად, 2 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები თუ მოგვიანებით, მერწმუნეთ, იგივე შედეგით დასრულება, რა შედეგსაც ვნახავდით 2 ოქტომბერს. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების გადადებას არ ემხრობა ერთადერთი მიზეზის გამო: ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, როგორც ეპიდემიის მართვაზე და, მეორე მხრივ, კონსტიტუციურ ვადებში უნდა ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ანუ: მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურება და კონსტიტუციურ ვადებში ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

_ ვინაიდან პანდემიას შევეხეთ, როგორ შეაფასებთ ჯანდაცვის სისტემის მუშაობას? ამირან გამყრელიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გაკეთებული განცხადების მიხედვით, წინა წლის საპარლამენტო არჩევნების გამო, საკურორტო ზონა, კონკრეტულად კი ბათუმი, არ ჩაიკეტა, ხოლო მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ დაიწყო არჩევნების შედეგების გაპროტესტება, ჯერ გადაადგილების შეზღუდვა დაწესდა, შემდეგ კი საერთოდ ლოკდაუნი. ახლაც იგივე სცენარი ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ასეთ დროს მოსახლეობა ნაკლებად აქტიურია და თავიანთი ელექტორატის მობილიზებით, ისინი მოახერხებენ სასურველი შედეგის დადებას მოქალაქეების სიცოცხლის ხარჯზე?

_ მე პირადად უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარმოვადგენდი მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით და ვმართავდით პანდემიას. მერწმუნეთ, ყველა ზომას ვიღებდით, რათა, ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურებულიყო და, მეორე მხრივ, საარჩევნო პროცესს ქვეყანაში ხელი არ შეშლოდა. მაშინ ჩვენ ვნახეთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ეპიდემიოლოგიურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, რეგულაციების სრული დაცვით და ამომრჩევლის ნების გამოხატულება მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი _ დაახლოებით 2 მილონი ადამიანი მივიდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ხელისუფლების ინტერესში არის ერთი რამ: მაქსიმალურად მცირე ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბნებზე და მათი ელექტორატის მობილიზება მოახდინონ არჩევნებზე. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იყოს ქვეყანაში სტაბილური, ამომრჩევლის ნების გამოხატვის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის გაჩერებული და ამის პარალელურად საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს პოლიტიკური პროცესისთვის არის შემაფერხებელი. შესაბამისად, როგორ წარმოგვიდგენია, რომ ადამიანებმა სრულფასოვნად შეძლონ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა?

_ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს რომ შევეხოთ (მიშელის დოკუმენტზე, 5 ივლისზე), ხომ არ გგონიათ, რომ ზურაბიშვილი ე.წ. მარგველაშვილიზაციის გზაზეა?

_ ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ: ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, მათ შორის, 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ, ასევე შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ სწორი, სახელმწიფოებრივად გამართული პოზიციები იყო. ქალბატონი სალომეს განცხადებები იყო დროული, ადეკვატური და მე ვიზიარებ მის პათოსს.

_ ვინაიდან 5 ივლისს შევეხეთ, უნდა გადამდგარიყო თუ არა პრემიერი ან შსს მინისტრი ამ მოვლენების გამო? ჩვენ გვახსოვს გიორგი გახარიას მიერ აღებული პასუხისმგებლობა 20 ივნისზე.

_ მესმის, მაგრამ 2019 წლის 20 ივნისისა და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების შედარება არ შეიძლება, რადგან ჩვენ 20 ივნისს კარგად დავინახეთ ადამიანების გულწრფელი პროტესტი, რომელიც ეხებოდა გავრილოვის ქვეყანაში ჩამოსვლას და შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მის ჩაჯდომას. ეს პროტესტი დაახლოებით 22:00 საათამდე იყო მშვიდობიანი, ამის შემდგომ კი პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რომ პროტესტმა მიიღო კანონსაწინააღმდეგო, ძალადობრივი სახე, შესაბამისად, სახელმწიფომ იმ დროს თავისი ვალდებულება შეასრულა და დაიცვა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ძალადობრივი შტურმისგან. რაც შეეხება 5 ივლისს, ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ სახელმწიფო საერთოდ არ მოქმედებდა და ადამიანები, რომლებიც უნდა დაეცვა, იყვნენ დაუცველები. არ იყო ეფექტიანად გამოყენებული საპოლიციო ძალები და მინიმალურად იყვნენ წარმოდგენილი იმ საპროტესტო აქციის დროს. ეს ყველაფერი ახალისებდა ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს და მათ პროფესიულ საქმიანობას უშლიდნენ ხელს.

_ სწორედ აქედან გამომდინარე დაგისვით პრემიერისა და შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე კითხვა, ბატონო ბერდია.

_ რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, სიმართლე გითხრათ, პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი დატოვებდა თუ არა თანამდებობას, ამით პოლიტიკური მოცემულობა ქვეყანაში არ შეიცვლებოდა, დაინიშნებოდა ახალი პრემიერი, დაინიშნებოდა ახალი შს მინისტრი. ჩვენ საუბარი გვაქვს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა? _ ეს ნიშნავს იმას, რომ გუნდმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ პირებზე, ეს სიტუაციას არ ცვლის და ვერც გამოასწორებს მას. შესაბამისად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ხდება არჩევნებზე, რა დროსაც პოლიტიკურ ადგილს საქართველოს მოსახლეობა მიუჩენს ხოლმე პოლიტიკურ პარტიას. ყველამ კარგად დავინახეთ, რომ პარლამენტში დაბარებული შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი საერთოდ არ გამოცხადდნენ და კითხვებსაც კი არ გასცეს პასუხი, კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში მწვავედ ისმებოდა და ჰქონდათ პარლამენტის წევრებსაც.

_ მაშინ, როდესაც ოკუპაციის კანონის დამრღვევი ადამიანების გამო გამართულ შეკრებაზე ადამიანებს თვალები დათხრეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, იყო თუ არა პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე ჩამოხეული ევროკავშირის დროშა და საკანონმდებლო ორგანოსთვის ნასროლი კვერცხები და ბოთლები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ამ მხრივ უნდა დაწყებულიყო თუ არა გამოძიება?

_ ეს შეფასება სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ. ბუნებრივია, რთულია კონკრეტული სამართლებრივი შეფასება მისცე ამა თუ იმ ფაქტს, თუმცა 2021 წლის 5 ივლისს რა აქტებიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტზე, ევროკავშირის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დროშის დახევა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩართულია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, როგორც პირდაპირ ისე ირიბად და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უმთავრესი გარანტორი არის, აი, ამ ორგანიზაციის დროშის ჩამოხევა კონკრეტულ გზავნილს ატარებს. შესაბამისად, ეს არის ქვეყნის უსაფთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, როდესაც სახელმწიფო უშვებს, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დროშა ჩამოხიონ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან. საუბარი იმაზე, რომ დროშის შებღალვის თაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რაღაც X თანხის ჯარიმიდან გაიზარდა, Y თანხამდე, ეს მოცემულობას არ ცვლის. სახელმწიფომ ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ მსგავსი ფაქტები არ ხდებოდეს და თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდა, იგი უმწვავესად უნდა შეაფასოს ხელისუფლებამ.

გიგა გელხვიიძე

დატოვეთ კომენტარი