ივანიშვილი კობახიძეს აღარ ენდობა

ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პოლიტიკურად ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება წინ. მართალია, ოპოზიციამ ბრძოლაზე უარი განაცხადა, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ ისეთი ამბები მიდის, დიდი და სერიოზული სკანდალების მომსწრენი გავხდებით. სკანდალები და ინტრიგები ოპოზიციურ ფლანგზეც მრავლად იქნება. პურის გარეშე დარჩენილ ჩვენს საზოგადოებას სანახაობა გარანტირებული აქვს.

„ოცნების“ შიდა ომები

მმართველ პარტიაში სერიოზული განხეთქილებაა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ისე აურია ყველაფერი, რომ ამის დალაგებას სამი შარლ მიშელიც კი ვეღარ შეძლებს. ისე გაერთო კობახიძე ინტრიგების ხლართვით, რომ თავადაც შარში გაყო თავი და არაა გამორიცხული, ბიძინა ივანიშვილმა მას პარტიის თავმჯდომარეობა ჩამოართვას.
„ოცნების“ დიდი ნაწილი ოლიგარქისგან უკვე ღიად ითხოვს, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პარტიას ჩამოაშოროს. „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ თავმჯდომარის პოსტი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა დაიკავოს. აქამდე ივანიშვილი კობახიძეს უპირობო მხარდაჭერას უცხადებდა, თუმცა ამ უკანასკნელის ამერიკულმა ვოიაჟმა ბევრი რამე შეცვალა.
ირაკლი კობახიძე ამერიკაში კახა კუჭავასთან და ირაკლი ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა. საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში სენატორებთან და კონგრესმენებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. კობახიძემ შეცდომა ერთ-ერთ შეხვედრაზე დაუშვა. იმ პერიოდისთვის ოპოზიცია, ჯერ კიდევ, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა, პარლამენტში შესვლაზე ხელებს ასავსავებდა და „ოცნების“ მომავალი მთლად იმედიანად არ გამოიყურებოდა. მართალია, ივანიშვილი პარტიიდან წავიდა, მაგრამ ამერიკაში მშვენივრად უწყიან, რომ ყველაფერს ისევ ის განაგებს. ამიტომ შეხვედრებზე, ძირითადად, ამ ადამიანზე იყო საუბარი. ერთ-ერთ შეხვედრაზე კობახიძემ ამერიკელებს ჟესტებით მიანიშნა, რომ ივანიშვილი მთლად დალაგებული არ არის და საჭიროების შემთხვევაში ის მას განუდგებოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამერიკელებს ისიც უთხრა, რომ ის მათი ერთგული იყო და გააკეთებდა ყველაფერს, რასაც ვაშინგტონი მოითხოვდა.
ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილის ყურამდეც მივიდა. ვერ გეტყვით, ოლიგარქს ამის შესახებ კობახიძესთან ერთად მყოფებმა უამბეს, თუ იქ სხვა მსტოვრებიც ჰყავდა. „ოცნების“ კულუარებში გვითხრეს, რომ ამის გამო ოლიგარქი ძალიან გაბრაზებულია. ის ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძეს, ფაქტობრივად, ბრმად ენდობოდა, სჯეროდა მისი მიტანილი ამბების. კობახიძის ინტრიგების გამო წავიდა „ოცნებიდან“ გიორგი გახარია. კობახიძის გამო გაუშვეს „ოცნებიდან“ ლაშა ნაცვლიშვილი. კობახიძის გამო წავიდა ვასიკო მაღლაფერიძე, რომელიც ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარეს მეთვალყურედ დაუნიშნა.
კობახიძის ინტრიგებისა და „დანოსების“ გამო შეექმნა კალაძეს პრობლემები და, ფაქტობრივად, ისიც წასული იყო. ივანიშვილი მის სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობდა. შუამავლების მეშვეობითაც კი აღარ ეკონტაქტებოდა. კობახიძის გამო წავიდა პარლამენტიდან ირაკლი სესიაშვილი. როგორც პარტიაში ამბობენ, თავმჯდომარე დედის გავლენის ქვეშაა და მისი მითითებით ამოიჩემებს ხოლმე თანაპარტიელებს.
ამერიკული იაღლიშის შემდეგ ივანიშვილის კარზე კობახიძის გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა. როგორც ამბობენ, „ოცნების“ შემქმნელი მას ისევ უსმენს, მაგრამ აღარ ენდობა და გაფრთხილებაც მისცა. ეს გაფრთხილება არჩილ თალაკვაძის ჩამოლაბორანტება იყო. ერთ მშვენიერ დღეს ივანიშვილმა პარლამენტის სპიკერს გადადგომა მოსთხოვა. ისიც ადგა და მორჩილად გადადგა.
თალაკვაძის თანამდებობა ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებებმა შეიწირა. ეს უკანასკნელი სისხლიანი ცხრა წლის განმავლობაში მგზნებარე „ნაციონალი“ იყო. მას დღემდე აქვს კავშირები „ნაციონალებთან“. მოლაპარაკებების დროს მან „ნაციონალებს“ რაღაც დაპირებები მისცა. ეს იმ ბრძენი კაცის ყურამდე მივიდა და განაჩენიც უმალ გამოიტანეს.
კობახიძისთვის მეორე გაფრთხილება „ოცნების“ შემქმნელის კარზე კახა კალაძის დაბრუნება იყო. ბოლო პერიოდში დედაქალაქის მერს ივანიშვილი იმდენად აიგნორებდა, რომ კალაძე ქვეყნიდან წასვლასაც კი აპირებდა. საგამოძიებო უწყებებმა მისი საქმიანობის შესწავლაც დაიწყეს. ერთმანეთის მიყოლებით დაიჭირეს მისი გუნდის რამდენიმე წევრი. გამგეობების თანამშრომლებზეა საუბარი. ამით მერი გააფრთხილეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მასაც მიადგებოდნენ. კალაძის გვარი არაერთ კორუფციულ გარიგებასა და სკანდალს უკავშირდება. სწორედ ამის გამო დუმდა ის. პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ვინ ჩივის, ეკრანებზეც კი აღარ ჩნდებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მილანში აპირებდა გადაბარგებას. ერთ დღეს მას უხმეს და უთხრეს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავ ის იქნება თბილისის მერობის კანდიდატი. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ივანიშვილმა მიიღო. როგორც პარტიის კულუარებში გვითხრეს, მთავარმა მეოცნებემ განაცხადა, რომ კალაძეს კიდევ ერთი შანსი უნდა მისცენ. კობახიძის გეგმა, რომელიც თბილისის მერის ჩამოშორებას ისახავდა მიზნად, ჩაფლავდა.
კალაძესთან დაკავშირებით მართალია, პარტიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, მაგრამ დედაქალაქის მერი პოლიტიკური შეფასებებისგან კვლავ თავს იკავებს. არადა, მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ეკუთვნის. ის პარტიის გენერალური მდივანიცაა.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ბოლომდე არ სჯერა, რომ მისი კანდიდატურა დასახელდება. ივანიშვილს გადამწყვეტ მომენტებში გადაწყვეტილების შეცვლა ახასიათებს. ისიც თვალში საცემია, რომ დედაქალაქის მერს აღარც ოპოზიცია აკრიტიკებს. არადა, რამდენიმე თვის წინ კალაძე და ოპოზიცია ერთმანეთს აქტიურად ლანძღავდნენ.
საარჩევნო სიების შედგენა ყველა პარტიაში აჩენს დაძაბულობას. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები მმართველ პარტიაში არსებულ უთანხმოებას კიდევ უფრო გააღრმავებს. სერიოზული ვნებათაღელვაა თბილისის საკრებულოს სიის დაკომპლექტებაზე. მერობის კანდიდატების შერჩევასაც მოჰყვება სკანდალები. აღსანიშნავია, რომ მერობის კანდიდატების შერჩევაში ირაკლი კობახიძის მამაც ჩაერთო. როგორც პარტიის კულუარებში ამბობენ, ის მერობის რამდენიმე კანდიდატს ლობირებს.

რაინდის მისია

ნააღდგომევს პოლიტიკურ ველზე რაინდი ლევან ვასაძე გამოჩნდა. პოლიტიკაში მისი შემოსვლა არავის გაჰკვირვებია. ხმები პოლიტიკაში ვასაძის შემოსვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გავრცელდა. ამაზე აქტიურად მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ირმა ინაშვილმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძე ირმა ინაშვილს ვერ იტანს და მას სამაგიეროს გადახდით დაემუქრა. პარტიის ოფისის ფოიეში სახალხოდ დაიგინა, რომ ინაშვილს ამომრჩეველს დააკარგვინებდა.
„პატრიოტთა ალიანსსა“ და ლევან ვასაძეს, დაახლოებით, ერთი სტილის ამომრჩეველი ჰყავს. ჰოდა, როგორც „ქართული ოცნების“ კულუარებში ამბობენ, სწორედ „პატრიოტების“ ხმების წასაღებად გამოიყვანეს სცენაზე ვასაძე. ირაკლი კობახიძე კულუარულ საუბრებში ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ალიანსის ამომრჩეველი ვასაძის მხარეს წავიდეს.
ვასაძე პოლიტიკაში მხოლოდ კობახიძის მიწვევით არ შემოვიდოდა და არც ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას დასთანხმდებოდა. მას ამ ნაბიჯის გადადგმა მოსკოვმა მოსთხოვა. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ კრემლის მითითებით გააქტიურდა ლევან ვასაძე, რომელიც პარალელურად სიამოვნებით შეასრულებს კობახიძის მოთხოვნას და „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩევლების გადაბირებას შეეცდება.
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ვასაძეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც შეუძლია ხმების წართმევა. ოპოზიციაში ისეთი ამბებია, რომ მათ ხმებს ვასაძე კი არა, „უცნობი“, იგივე გია გაჩეჩილაძეც კი წაართმევს, ისიც ამის გამო გამოიყვანეს სცენაზე. ამ უკანასკნელმა 9 აპრილს გამართა აქცია. ხალხს იმისთვის უხმო, 9 აპრილი გავიხსენოთო. იმ დროს ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტის რეჟიმში იყო. ხელისუფლებას ეგონა, რომ „უცნობი“ ბევრ ხალხს გამოიყვანდა და ამით ოპოზიციას ჭკუას ასწავლიდა. როგორც ამბობენ, იმ დღეს პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვების ქალაქის დარბევაც იგეგმებოდა, მაგრამ გია გაჩეჩილაძის დაძახილზე ბევრი ხალხი არ გამოვიდა. კარვების დარბევა და ოპოზიციისთვის ჭკუის სწავლებაც გადაიდო.
ხელისუფლებამ ჭკუის სწავლება გიორგი გახარიასთვისაც გადაწყვიტა. როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს დღემდე ვერ მოუნელებია, რომ მან პრემიერის თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა და გუნდი ამით სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა. გახარია ამაოდ ცდილობს ივანიშვილთან კომუნიკაციას და ამ კომუნიკაციამდე პარტიის დაფუძნებისგან თავს იკავებს.
ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით გაუგებრობაში იყო „ქართული ოცნებაც“. მათ არ იცოდნენ, რას ფიქრობდა მთავარი მეოცნებე და ამიტომ ყოფილ პრემიერზე არ საუბრობდნენ. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ გახარია ივანიშვილის დავალებით წავიდა თანადებობიდან და ახალი ტრიუკის ჩატარება ჰქონდა გადაწყვეტილი.
ბოლო დღეებში „ოცნებამ“ მასზე შტურმი მიიტანა. ეს ივანიშვილის კურთხევის გარეშე არ გაკეთდებოდა. ამაში დიდ როლს შეიტანდა ირაკლი კობახიძე, რომელიც დასანახად ვერ იტანს ექსპრემიერს.
საყოველთაო გმობის პარალელურად თანამდებობებიდან ათავისუფლებენ გახარიას კადრებს. ამაზე ამაოდ მოსთქვამენ ალექსანდრე მოწერელია და შალვა კერესელიძე. ახლო წარსულში ისინი გუბერნატორები იყვნენ. ახლა პარლამენტში არიან და ყოფილი პრემიერის გუნდის სხვა წევრებთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. გუბერნატორობის დროს კერესელიძეცა და მოწერელიაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს სამსახურებიდან უშვებდნენ, მაგრამ ამაში მაშინ ცუდს ვერაფერს ხედავდნენ. სამაგიეროდ, ახლა არიან აღშფოთებულები.
თავისი კადრების განთავისუფლება არც გახარიას უნდა გაუკვირდეს. შს მინისტრად რომ დანიშნეს, მან უწყებაში არნახული წმენდა მოაწყო: სამსახურიდან გაუშვა თითქმის ყველა დეპარტამენტის უფროსი, შეცვალა სამმართველოსა და სამხარეოს უფროსები. ამ ცვლილებებს ის კახა საბანაძის რჩევით აკეთებდა. საბანაძემ შსს-ში, ძირითადად, თავისი ხალხი მოიყვანა და ნამდვილი გორული კლანი ჩამოაყალიბა.
ყოფილი პრემიერისთვის მხარდამჭერების წართმევა ლევან ვასაძეს უნდა გაუჭირდეს. მართალია, ორივე რუსეთუმედ მიიჩნევა, მაგრამ გახარია საპატრიარქოსა და ტრადიციების დამცველად არ მოიაზრება. მეტიც: მასზე მეუფე იაკობმა თქვა, რომ ის პატრიარქის შეცვლას აპირებდა. ამ განცხადების შემდეგ ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვდა, მაგრამ პროკურატურამ წაუყრუა. ახლა ეს საქმე შეიძლება გააცოცხლონ და ამით ყოფილ პრემიერს სერიოზული შავი პიარი აუგორონ. 20 ივნისის სისხლიანმა ღამემ მას დიდად ვერაფერი დააკლო.
ისევ ლევან ვასაძეს დავუბრუნდეთ. ივანიშვილმა რმდენჯერმე სცადა პოლიტიკაში მისი შემოყვანა. ხელისუფლებაში მოსვლიდან ცოტა ხანში „ქართული ოცნების“ ლიდერმა პრემიერის პოსტის დატოვება და ჩრდილში გადასვლა მოისურვა. მან მემკვიდრის ძებნა დაიწყო. ის ლევან ვასაძეს შეხვდა და პრემიერობა შესთავაზა. ამაზე ვასაძე არ დასთანხმდა.
როგორც ამბობენ, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც აპირებდა მონაწილეობის მიღებას. 2018 წლის ზაფხულში დიდი საერო და საეკლესიო თავყრილობის ჩატარება დააანონსეს. სავარაუდოდ, იქ უნდა მომხდარიყო მისი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება. მაგრამ საპატრიარქომ ამ თავყრილობის წინააღმდეგ გაილაშქრა და რაინდიც სადღაც გაქრა.
მერე იყო 2019 წელი და სკანდალური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“. ვასაძე და მისი მომხრეები კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ ეს ფილმი კონოთეატრებში არ გასულიყო. ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ შეასრულა. მაშინ დაიმუქრა ვასაძე პოლიტიკაში მოსვლით და თან ივანიშვილი ჩაუშვა, თუ როგორ სთავაზობდა მას თანამდებობას.
ვასაძეს ჯერ პოლიტიკური პარტია არ ჩამოუყალიბებია, მხოლოდ მოძრაობა დააფუძნა. პოლიტიკაში მოსვლა თუ მართლა რეალურად აქვს გადაწყვეტილი, მაშინ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას… და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სერიოზული შედეგის დადება შეუძლია. დედაქალაქშიც და რეგიონებშიც მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ხელისუფლებისგან და ოპოზიციისგან გადაღლილი საზოგადოების ნაწილი მზადაა, „ტრადიციების სადარაჯოზე“ მყოფს ანდოს ქვეყნის ბედი.

ოპოზიციის ვნებები

ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება მოუთმენლად ელოდა მაისის დადგომას. ოპოზიცია დიდი ზარზეიმით დაგვპირდა, რომ 15 მაისს თბილისში გრანდიოზულ საპროტესტო აქციას მოაწყობდა. ამ გრანდიოზული აქციის მოწყობას ისინი ნიკა მელიას დაკავების დღიდან აპირებდნენ, მაგრამ ისე გამოვიდა ნიკა მელია გარეთ, რომ მცირე მასშტაბის აქციაც კი არ გაუმართავთ. იგივე ბედი ეწია 15 მაისის აქციასაც. ოპოზიციამ ხალხს ხეირიანად ისიც კი არ განუმარტა, თუ რატომ გაუქმდა აქცია, სადაც ვადამდელი არჩევნები უნდა მოეთხოვათ.
ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს თუ გადავხედავთ, მათ განმარტებების თავი ნამდვილად არ აქვთ. მიდის ერთმანეთის დაჭმა. ამან ახლა მიიღო ღია სახე, თორემ დიდი ხანია, ამ რეჟიმში არიან. გასაკვირი ისაა, აქამდე როგორ შეძლეს ერთ მაგიდასთან სხდომა.
პარლამენტში შესვლას ზოგიერთი
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით ამართლებს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ისინი ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერ კიდევ თებერვალში აპირებდნენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავდაჯერებული აცხადებდა, რომ თებერვალში პარლამენტში, სულ მცირე, 20 ოპოზიციონერი მაინც შევიდოდა. ამას ოპოზიცია ბოდვას უწოდებდა, მაგრამ მერე ინფორმაციამ გამოჟონა, რომ დიდი შესვლა იგეგმებოდა. ამაზე მედიამ ატეხა ამბავი, საზოგადოებაც აღშფოთდა და საყოველთაო შესვლაც გადაიდო. „ოცნებამ“ ოპოზიციონერებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყო.
ერთ-ერთი პირველი გრიგოლ ვაშაძე გადაიბირეს, რომელიც გასული წლის დეკემბრამდე „ნაციონალური მოძრაობ“ის თავმჯდომარე გახლდათ. დეკემბერში გაურკვეველი მიზეზით დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი და როგორც ამბობენ, უკვე იმ დროს ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ პარლამენტში შევიდოდა და ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ეძებდა.
„ოცნება“ და გრიგოლ ვაშაძე რომ მორიგებულები იყვნენ, ეს ნინო ანანიაშვილის სკანდალმაც დაამტკიცა. მიმდინარე წლის დასაწყისში პრიმა ბალერინამ თავად თქვა, რომ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასთან გააფორმა ხელშეკრულება და იქ აპირებდა სამუშაოდ წასვლას. ამის გამო „ოცნებას“ პროტესტიც კი არ გამოუხატავს. არც ის მოუთხოვია ვინმეს, თბილისის ოპერის თეატრიდან წასულიყო. გრიგოლ ვაშაძის მეუღლე ორივე თეატრში იმუშავებდა, რუსებს რომ არ ჩაეშალათ კონტრაქტი. აღმოჩნდა, რომ ანანიაშვილმა კონტრაქტის დეტალები თეატრის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად გააჟღერა. თეატრის ხელმძღვანელობამ ეს დასის უპატივცემულობად მიიჩნია და ვაშაძის მეუღლეს კონტრაქტი შეუწყვიტა.
ამავე პერიოდში ძალიან საინტერესო დეტალები გახდა ცნობილი: იმ დროს, როცა გრიგოლ ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებდნენ, ანანიაშვილი რუსებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამ მოლაპარაკებებს ესწრებოდა ვაშაძეც. იმისთვის, რომ ანანიაშვილს რუსული საბალეტო დასისთვის ეხელმძღვანელა, ის უნდა გამხდარიყო რუსი ბალერინა. ამას ანანიაშვილიც დასთანხმდა და მისი ქმარიც, რომელიც „ოცნებას“ პრორუსულობის გამო გმობდა.
როგორც უკვე ვთქვით, ხელისუფლებას ამაზე რეაქცია არ ჰქონია. არც ტროლ-ბოტები დასევიან ვაშაძე-ანანიაშვილის წყვილს. არადა, საპრეზიდენტო არჩევნების გამო სიტყვა „შტაბკვარწირ“ა ამოადინეს ყელში ვაშაძეს. ამ შემთხვევაში იმიტომ დადუმდნენ, რომ ეს ადამიანი უკვე ჯიბეში ჰყავდათ.
ვაშაძე „ოცნებას“ რომ გაურიგდა, ეს ნიკა მელიას მიმართ მისი დამოკიდებულებიდანაც გამოჩნდა. ნიკა მელიას დაკავება ლამის მთელმა მსოფლიომ დაგმო. ამის გამო გადადგა პრემიერობიდან გიორგი გახარია. გრიგიოლ ვაშაძემ კი ერთი განცხადებაც არ გააკეთა. სამაგიეროდ, ხელსაყრელი მომენტი რომ დადგა, პირველმა მოაწერა ხელი მემორანდუმს და პარლამენტში შევარდა. ისე შევარდა, განმარტებებიც არ გაუკეთებია.
„ოცნებასთან“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც, რომელიც იქით ემესიჯებოდა ბიძინა ივანიშვილს. სადღაც თებერვალში ბაქრაძემ ივანიშვილს მესიჯი მისწერა, რომ მზად იყო, დაეტოვებინა პარტია და მის მხარეს გადასულიყო. ეს მესიჯი მთელ „ოცნებას“ აქვს წაკითხული.
გრიგოლ ვაშაძის არ იყოს, პარტიის თავმჯდომარის პოსტი დავით ბაქრაძემაც დატოვა. მერე მემორანდუმსაც მოაწერა ხელი და ახლა ბედნიერი ზის პარლამენტში. მისი გადაბირება ივანიშვილმა 2013 წელს სცადა. იმ დროისთვის ბაქრაძე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი იყო. მათ შორის დიალოგი სტრასბურგში შედგა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს რომ არ გაესაჯაროებინა, შესაძლოა, დავით ბაქრაძე უკვე დიდი სტაჟის მქონე „ქოცი“ ყოფილიყო.
გადაგდება მისთვის უცხო ნამდვილად არ არის. 2004 წელს ის ნინო ბურჯანაძის კვოტით მოხვდა პარლამენტში, ისევე როგორც სალომე სამადაშვილი , 2008 წელს, როცა ბურჯანაძე პროტესტის ნიშნად წავიდა, უკან არც ერთი არ გაჰყოლია. ამით ყველაზე კარგად დავით ბაქრაძემ ისარგებლა. ის „ნაციონალებმა“ პარლამენტის სპიკერად გაამწესეს.
„ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შესვლას რომ აპირებდნენ, ეს თავიდანვე ჩანდა. ამის გასაკეთებლად ისინიც ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ. როცა ეს მომენტი დადგა, შევიდნენ.
დიდი ალბათობით, პარლამენტში შევა „ნაციონალური მოძრაობაც“. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვები მიდის. პარტიის ნაწილი შესვლის წინააღმდეგია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბოიკოტმა აზრი დაკარგა და პარლამენტში თუ არ შევლენ, პარტია ძალიან დაზარალდება.
აქამდე „ოცნებისთვის“ „ნაციონალების“ შესვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა მათთვის სულერთია, შევლენ თუ არა „ნაცები“ პარლამენტში. მათი მთავარი მიზანი მიღწეულია, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტშია. და აწი ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს.
ახლა „ქართულ ოცნებას“ შედარებით მშვიდად შეუძლია, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს. სამზადისს შეუდგება ოპოზიციაც. წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა მომავალ წელს საქართველოში ვადამდელი არჩევნები.

შორენა მარსაგიშვილი