ნიკა მელია: „დილემაცაა და დილემაც, შესვლაც ერთი უბედურებაა და არშესვლაც“

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, ევროკავშირის გირაოს გადახდის შემდეგ თავისუფალია. ის პოლიტიკურ პროცესებს დაუბრუნდა და ახლა მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი _ უნდა შევიდეს თუ არა ენმ პარლამენტში? ამომრჩევლის ნებას გაუწიოს ანგარიში, თუ დასავლელი პარტნიორების?
როგორი იყო ციხის საკანში გატარებული დღეები? რაზე ისაუბრა ბადრი ჯაფარიძესთან და რატომ არ ადარებს ერთმანეთს გრიგოლ ვაშაძესა და სალომე სამადაშვილს? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ ნიკა მელია „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურა ესაუბრა:

_ ნიკა, გილოცავ თავისუფლებას! დაკავებისა და ციხის პირველი დღე გაიხსენე.
_ არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით, რომ ვიყავი ძალიან გაბრაზებული, შეიძლება ითქვას, განრისხებული. რა თქმა უნდა, პირველი ორი დღე ციხეში ჩემი ყოფნისა იყო უმძიმესი, მათ შორის, ემოციურადაც. როცა იმ გარემოსგან განსხვავებული გხვდება, რასაც შეჩვეული ხარ და რაშიც ცხოვრობ, ეს მოითხოვს აკლიმატიზაციას ოთხ ცარიელ კედელში, სადაც ადამიანიც კი არ გყავს, რომ გაესაუბრო, _ არა ტელევიზორი, არა გაზეთი და რადიო, არაფერი! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მმატებდა მრისხანებას. თუმცა რამდენიმე დღეში დავიწყე ადაპტაცია და საკმაოდ სწრაფად გავიარე ეს შეგუების პროცესი _ მოვერგე იქაურობას და ვეცადე, მაქსიმალური წამომეღო ციხეში ყოფნით. როცა მეგობრებმა წიგნები შემომიგზავნეს, ასევე გაზეთები და ტელევიზორი შევიძინე, მეტ-ნაკლებად, უკვე გავხდი ინფორმირებული, აღარ ვიყავი საზოგადოებას მოწყვეტილი, ინფორმაციის წყარო მქონდა მუდმივი. თუმცა ბოლო დღემდე, ასევე გულწრფელად გეტყვით, არ მტოვებდა აზრთა გაორება. თან მესმოდა, რომ ეს რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, არ გააკეთა ძლიერი ხელისუფლების პოზიციიდან, სუსტი რომ იყო, იმიტომ დამიჭირა, მაგრამ, მეორე მხრივ, განცდის გაორებაში იმას ვგულისხმობ, რომ სანამ ციხეში ვიჯექი, ბრაზი არ გამნელებია ბოლომდე და არც ახლა გამნელებია, ამას არც ვმალავ. საკუთარ თავთან მუშაობა მჭირდება, რომ ვიყო მაქსიმალურად რაციონალური და ეს წყენა და ბრაზი რეჟიმის მიმართ, რაც მაქვს, გადავიტანო სხვადასხვა პლანზე, რომ უბრალოდ არ იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი.
ადამიანურად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ, ვინც ორჯერ იმუნიტეტი მომიხსნა, ვინც ორჯერ გამომაგდო პარლამენტიდან და მეორედ დამიჭირა, რა თქმა უნდა, ვარ უზომოდ გაბრაზებული, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც უსამართლოდ იჩაგრება და დაიჩაგრა. სინამდვილეში, მე დიდი ხანია, გააზრებული მაქვს, რომ რეჟიმს თუ ებრძვი, ებრძვი უკომპრომისოდ და ხარ შეუვალი, მზად უნდა იყო ციხის საკნისთვის.
_ როცა სამაჯური მოიხსენი, ხომ ფიქრობდი, რომ დაგიჭერდნენ და ეს შეგნებულად გააკეთე.
_ დიახ, ერთი მხრივ, იდგე რუსთაველის გამზირზე, იყო ავანგარდში საპროტესტო აქციების და აპროტესტებდე გაყალბებულ არჩევნებს, მაშასადამე უსამართლობას, მეორე მხრივ, იყო შებმული ივანიშვილის რაღაც ბიჟუტერიით, სამაჯურით, იყო უკიდურესად დამამცირებელი და არაგულწრფელი ვიყავი საზოგადოების წინაშე. ერთი მხრივ, მიღებული მქონდა ბიძინა ივანიშვილის უკანონო სასჯელი და, მეორე მხრივ, საზოგადოებას ვეუბნებოდი, რომ მოდით, ერთად ვიბრძოლოთ. ამიტომ ეს იყო ბოლო წვეთი გაყალბების შემდეგ და საზოგადოებამ იცის, რომ ეს სამაჯური მოვისროლე… მაგრამ თავის დროზე რატომ დავთანხმდი? თავის დროზე იმიტომ დავთანხმდი, მართლაც მეგონა, რომ იმ ეტაპისთვის დიდ მიზანს მივაღწიეთ, ანუ პროპორციული საარჩევნო სისტემა როდესაც გამოვსტაცეთ ბიძინა ივანიშვილს. ეს მისთვის იყო დიდი მარცხი და ვფიქრობდი, რომ იყო გამარჯვება, არ ღირდა მაშინ დიდი მასშტაბით გაპროტესტება, მივიღე ის უსამართლო გირაოც და ის უსამართლო სამაჯურიც. მაგრამ როდესაც ხლა საარჩევნო პროპორციული სისტემა უკან წაიღო, თან საარჩევნო დღეს, 31 ოქტომბერს, მე პირადად გლდანში, სხვებს რომ თავი დავანებოთ, თავზე დამალეწა საარჩევნო ურნები, შეიარაღებული ადამიანები არბენინა, თავად პირადად მოვიდა გლდანში, მანამდე არც ერთხელ არ ყოფილა…
_ ერთადერთი უბანი იყო, სადაც ივანიშვილი წინასაარჩევნოდ გამოჩნდა…
_ დიახ, მოვიდა ბატონი ორი დღით ადრე, ეს უკვე იყო ბოლომდე მისაღები გამოწვევა ჩემთვის: ან უნდა დავნებებულიყავი რეჟიმს და თავი დამეხარა, ან ბოლომდე უნდა შევსულიყავი ბრძოლაში და შევედი კიდეც, საიდანაც არც ვაპირებ გამოსვლას საზოგადოების უჯანსაღეს ნაწილთან ერთად გამარჯვებამდე. არ ვაპირებ იმიტომ, რომ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკვე ღირსების საკითხია. თან სიმართლე შენს მხარეს იყოს, თან ობიექტურობა შენს მხარეს იყოს, ხალხი შენს მხარეს იყოს, ანუ სიმართლის მხარეს და ვერ იმარჯვებდე, ასეთი რამე არ ხდება. დროში იწელება, მაგრამ არ უნდა დავიღალოთ. ზოგჯერ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ და სულ ცოტა გვაშორებს, ბევრი იღლება და ტყდება. ეს რომ არ მემუქრება, ზუსტად ვიცი, რადგან თხემით ტერფამდე მჯერა გამარჯვების.
_ ნიკა, ციხეში წახვედი იდეისთვის და ციხეში წახვედი იმისთვის, რომ იყავი შედეგზე ორიენტირებული. რა განცდა დაგეუფლა, როცა შენი თანამებრძოლები ნახე პრეზიდენტის სასახლეში დოკუმენტზე ხელმოწერისას, რა იფიქრე პირველი?
_ მძიმე იყო, არ დავმალავ, უმძიმესი დღე მქონდა თითქმის სამი დღის განმავლობაში. მეტსაც გეტყვით გულახდილად: ყველანი ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ჩვენი სისუსტე. ერთადერთხელ სამი თვის განმავლობაში, იცით, თქვენ ციხეში არსებობს სამედიცინო ნაწილი და იმ ერთადერთხელ ვითხოვე თავის ტკივილის წამალი. მღელვარებისგან და ემოციებისგან, ვაღიარებ, თავი ამტკივდა, ძალიან განვიცადე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმის კურსში არ ვიყავი და ვიხილე ის, რაც ვიხილე, უბრალოდ ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი, რაც ტელეეკრანზე იყო ოპოზიციისა და საზოგადოების ძალიან საღი ნაწილის, ვინც დღეს უმრავლესობაშია, მათთვის ეს არ არის მომგებიანი. იმ კადრს, რომელსაც ვუყურებდი, პარალელურად ვგრძნობდი, რომ სიტუაციურად ვმარცხდებით, ეს რაც ხდება, სწორი არ არის. ეს იყო, რაც განვიცადე. თან ვერავის უზიარებ შენს შთაბეჭდილებას და ემოციას, ვერაფერს შვრები, ვერც რეკომენდაციას აძლევ, არც ტელეფონი გაქვს, რომელიც ძალიან მენატრებოდა. არ დავმალავ, სამი თვის განმავლობაში თუ რამე მიჭირდა, ეს იყო საკომუნიკაციო საშუალებების არარსებობა. ვიღაცასთან მინდოდა დარეკვა ან მიწერა. პრაქტიკულად, ჯოჯოხეთი იყო ის ერთი დღე, მაგრამ რეალობა ისეთი შეიქმნა, როგორიც შეიქმნა. ჩემი აზრით, წუწუნს აზრი აღარ აქვს და ამ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ, ვიპოვოთ საუკეთესო, ოპტიმალური გამოსავალი და გამარჯვებისკენ სვლა გავაგრძელოთ.
_ ხელმოწერის შემდეგ შენთან საკანში ბადრი ჯაფარიძე შემოვიდა. რაზე ისაუბრეთ? როგორ აგიხსნა თავისი პოზიცია? რატომ მოაწერა ხელი შეთანხმების დოკუმენტს, მაგალითად, „ლელომ“?
_ როდესაც პატიმარი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს, უსამართლოდ ხარ პატიმარი თუ სამართლიანად იხდი სასჯელს, _ როდესაც ნებისმიერი ადამიანისგან გრძნობ სოლიდარობას, შეუძლებელია, რაიმე სახით საყვედური აკადრო, ასე არ ხდება. ბუნებრივია, ვგრძნობდი, რომ ბადრი ჯაფარიძე წუხდა, პირველივე დღიდან ვგრძნობდი ამას. სიმართლე უნდა ითქვას, განსაკუთრებით წუხდა მას შემდეგ, რაც, როგორც ჩანს, ის იყო საქმის კურსში, რომ მე იმ გადაწყვეტილებას, რომელზედაც ხელი უნდა მოეწერათ, მაინცდამაინც აღტაცებით არ შევხვდი. ბევრ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, ალბათ დეტალებზე საუბარი უხერხული იქნება, პრივატული საუბარი იყო, თუმცა რამდენად პრივატული იყო, ეს სხვა საკითხია, როცა ორი სათვალთვალო ვიდეოკამერა გიყურებს და, ალბათ, ჩაყენებული მოსასმენი აპარატებიც შეხვედრის ოთახში, თუმცა მქონდა ნორმალური პარტნიორული საუბარი და ვისაუბრეთ, თუ რატომ მივედით ამ ვითარებამდე. მეტ დეტალზე საუბარს, სწორად გამიგეთ, მოვერიდებოდი, თორემ სიამოვნებით.
_ ნიკა, უნდა ჩაგეკითხო სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით. სალომე სამადაშვილი იყო მთავარი მომლაპარაკებელი იმ პარტიიდან, რომლის თავმჯდომარეც ციხეში იჯდა. როდესაც საკანში მოვიდა, როგორ ახსნა მისი პოზიცია და, მათ შორის, უკვე პარტიიდან წასვლის დასაბუთებაზე? ამაზე გქონდათ საუბარი?
_ პარტიიდან წასვლაზე განგებ არ ვისაუბრეთ, განგებ არ შევეხე ამ საკითხს. მას ჰქონდა თავისი პოზიცია, მითხრა ის, რაც პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე დაუფიქსირებია ჩემი იქ ყოფნის დროს. რა თქმა უნდა, დღემდე არის ამ პოზიციაზე და მას ჰგონია, სწორი პოზიცია იყო, რაც გააკეთა… მესმის სალომესიც, პარტია რთული ორგანიზაციაა, სამართლებრივი ფორმაა და როდესაც პარტია გქვია, იქ უნდა იყო ბევრად მოქნილი, შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ თუ უმრავლესობა საკითხს ეთანხმება, შენც უნდა დაეთანხმო. სალომემ ჩათვალა, რომ მისი ადგილი აღარ არის პარტიაში, ზოგადად. მე მას, როგორც მეგობარს, ვურჩევდი, რომ იყოს დამოუკიდებელი დეპუტატი, რადგან ვიცი მისი ხასიათი. არ ვიტყვი, რომ ყველა პარტიაში მას პრობლემები შეექმნება, მაგრამ ყველა პარტიაში შესაძლებელია, მას არ ჰქონდეს ის კომფორტი, რასაც ეძებს. ჩემი აზრით, დამოუკიდებელ დეპუტატად უნდა დარჩეს, რადგან თუკი „ლელოში“ შევა, არ გამოვრიცხავ, რიგი საკითხების გარშემო, უმცირესობაში აღმოჩნდეს. მაგრამ გრიგოლ ვაშაძისგან განსხვავებით, სალომე სამადაშვილმა თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა პარტიაშიც, პოლიტიკური საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას და სხვადასხვა ფორმატში და გრიგოლ ვაშაძეს მსგავსი რამ არ უთქვამს.
_ გრიგოლ ვაშაძე საერთოდ კომიკურად მივიდა, ხელი მოაწერა და გამოიპარა…
_ ამ ვითარებაში ნამდვილად არ ვაკადრებ, სალომე შევადარო გრიგოლ ვაშაძეს. მე მას წარმატებას ვუსურვებ, სწორი ღირებულებებისა და ფასეულობების, პროდასავლური ორიენტაციის ადამიანია, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. იცით, ელისო, რატომ ვფრთხილობ? ორი წლის წინათ რომ ვხოცავდით ერთმანეთს „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და თუნდაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, დღეს ნაწილ მათგანთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ერთად ვართ ბრძოლის მორევში. ცხოვრებამ მასწავლა, რომ შესაძლებელია, გზები ისევ გადაიკვეთოს, ბრძოლის ავანგარდში შეიძლება კვლავ ერთად აღმოვჩნდეთ და ვცდილობ, ხიდები არ დავაწვევინო ადამიანებს, არც მე დავწვა, ვისშიც ჯერ კიდევ ვხედავ რესურსს.
_ ნიკა, ძალიან დიდი დილემის წინაშე დგას დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ _ შევიდეს პარლამენტში თუ არ შევიდეს? როდის და რა ფორმატით იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული? ვიცი, რომ აზრთა სხვადასხვაობაა პარტიის ლიდერშიპში.
_ დილემაცაა და დილემაც, შესვლაც ერთი უბედურებაა და არშესვლაც… ასეთ შეფასებას მივცემდი _ ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, იქნება უბედურება და მეორე გადაწყვეტილებას მიიღებს _ იქნება ტრაგედია. აი, დაახლოებით ასეთი დილემა დამხვდა, სამწუხაროდ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ. არსებობს უამრავი არგუმენტი შესვლისა და არშესვლის სასარგებლოდ. უბრალოდ, ჩემი პარტიის თავმჯდომარეობის პერიოდში არ მინდა, ისტორიას შემოვრჩე როგორც თავმჯდომარე, რომლის დროსაც პარტია აღმოჩნდა საერთაშორისო იზოლაციაში. ეს ფაქტორიც მნიშვნელოვნად უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ჩვენი ამომრჩევლების, ქართული საზოგადოების, მაგრამ არავინ ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ _ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები. მართლაც ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც ხმალამოღებული იბრძოდნენ, სანამ მე ციხეში ვიყავი და სანამ ეს პროცესი ბუყბუყებდა, არ ჩამოვთვლი სახელებსა და გვარებს, მათთან კომუნიკაციაც მაქვს ყოველდღიური, მათგანაც ვიღებ რეკომენდაციებს, ამიტომ საცალფეხო ბილიკზე დავდივართ და არ უნდა გადავვარდეთ. სამწუხაროდ, სწორი არჩევანის წინაშე პარტია არ დგას ამ ეტაპზე, მაგრამ პარტიაც იმიტომ არის, რომ გადალახოს და დაძლიოს სირთულე და მერე წელში გაიმართოს. გულახდილად გეტყვით, რასაც მე ვაკვირდები, მაინცდამაინც ბოლომდე დანაკარგის გარეშე ამ ნემსის ყუნწში ვერ გავძვრებით.
_ თუ ამომრჩეველი იტყვის, არ შეხვიდეთ პარლამენტშიო, ასეთ დროს რა ხდება, უჯერებთ ამომრჩეველს, თუ დასავლელ მეგობრებს?
_ იცით, რა არის? დასავლეთი ერთ-ერთი ფაქტორია. არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ დასავლეთი არის უმნიშვნელოვანესი და ამომრჩეველი _ არა, მაგრამ პრაქტიკა რას მაჩვენებს? როდესაც მე ყოველდღიურად ვესაუბრები ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფს და ვხვდები პარტიის ოფისში, ვმსჯელობთ, პოზიციას ძალიან ბევრი ადამიანი იცვლის სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ მინდა, ბევრი დრო მქონდეს მაქსიმალურად, რომ ყველასთან მივიტანო სიმართლე, მერე ეს სიმართლე დაიდოს მაგიდაზე და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება. ბევრმა ამომრჩეველმა არ იცის, მაგალითად, რა პრობლემები უძღვის ამ საკითხებს, მათ შორის, პოტენციური. ტელევიზიით ამაზე ვერ საუბრობ, ხომ? ვცდილობ, მაქსიმალურად ვისაუბრო, მაგრამ ვერ ვსაუბრობ, არის საკითხები, რაზედაც არ უნდა ისაუბრო. როცა კულუარულად ვესაუბრებით ერთმანეთს, იქ უკვე სხვა ფიქრები იშლება, თუმცა ამომრჩეველი არის მთავარი, პარტია ამომრჩევლის გარეშე გინდ იყოს და გინდ არა, მაგრამ, სამწუხაროდ, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე იმ სახელმწიფოში, რომელზედაც ასაკობრივად უფროსი ვარ, ვიდრე სახელმწიფო არის დამოუკიდებელი, წარმოიდგინეთ, რა რთულია დემოკრატიული ყოფა და პროცესები ქვეყანაში და მათ გარეშე, უბრალოდ, ჩვენ გაგვიჭირდება წარმატების მიღწევა, ანუ ოქროს შუალედია მოსაძებნი. როგორ მოკავშირეებს ვგულისხმობ. იცით? მაგალითად, ჟიგიმანტას პავილიონისი არის ადამიანი, რომელმაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. როგორც ჩანს, კარგი გაგებით ნორმიდან ამოვარდნილი ადამიანია, თორემ ვერ გაბედავდა ამას, ჩამოფრინდა და ტყვეობაში მყოფი ადამიანი, შენობაში ალყაში მყოფი ადამიანი მოინახულა და ოფიციალური შეხვედრა გამართა. ახლა მე ამ ბატონ ჟიგიმანტა პავილიონისს რომ ვესაუბრები და მის რეკომენდაციებს ვისმენ, როგორც მეგობრის, საფუძველი მეძლევა ფიქრისთვის, რომ რაღაც ისეთი არ გავაკეთოთ, რაც ჟიგიმანტა პავილიონისსაც კი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს და ისიც კი ვერ დაიცავს შენს პოზიციას.
_ ეს პოზიცია გასაგებია, მაგრამ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ: ვისი იდეა იყო საპროტესტო აქციის 15 მაისამდე გადაწევა, როდესაც დაიგეგმა, თუ გახსოვთ?
_ რა გითხრათ, არ ვიცი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. რაც იყო, იყო. არ ღირს, ალბათ, ამაზე ბევრი საუბარი, მაგრამ ერთს ვიტყვი და სწორად გამიგებენ ჩემი მეგობრები: ზოგადად, პოლიტიკაში დგება მომენტუმი, შეიძლება ორდღიანი, შეიძლება სამდღიანი, როდესაც გრდემლზე დევს ცხელი ლითონი და სანამ ცხელია, უნდა დაარტყა. ვფიქრობ, 23, 24, 25 და 26 თებერვალი, სანამ მთელი საერთაშორისო საზოგადოება, პრაქტიკულად, პოლიტიკურად ხვრეტდა „ქართულ ოცნებას“, ჩვენ საკმარისად ვერ ვიაქტიურეთ. იმ სასურველი შედეგის მიღება, რომელსაც დღეს ვნატრობთ, შესაძლებელი იყო იმ ოთხ დღეში მიგვეღო, იმიტომ, რომ აბსოლუტურად გაოგნებული იყვნენ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის წარმომადგენლები, ვგულისხმობ, როდესაც კვამლი წამოვიდა. თუკი სადმე უნდა ყოფილიყო პროტესტი და თუკი სადმე უნდა ყოფილიყო ქუჩის პროტესტი, იმ დღეებში უნდა ყოფილიყო. მე ახლაც არ ვმალავ ამას, მეგობრებს ვესაუბრები და გულახდილად ვუზიარებ, რეტროსპექტივაში ასეც ჩანს, იქაც ასე ვხედავდი, რომ გავიგე, რა ხდებოდა მსოფლიოს მხრიდან და რა რეაქცია იყო. „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდებოდა წინააღმდეგობის გაწევა, ნებისმიერი დამატებითი ადამიანის დაკავება 24 თებერვალს ქუჩის აქციის გამო, ნებისმიერი დამატებითი 20-30 ადამიანის დაკავება, მათთვის იქნებოდა სუიციდი, ამას ვერ შეძლებდნენ. არ ვამბობ, სადმე უნდა შევარდნილიყო ხალხი, უბრალოდ, თუკი სადმე უნდა გამართულიყო 15 მაისის მსგავსი აქცია, საჭირო იყო 23, 24 და 25 თებერვალს უწყვეტად. ეს უნდა მომხდარიყო 3-4 დღეში და შესაძლებელია, მე ერთ კვირაში ვყოფილიყავი გარეთ, 10 დღეშიც ვყოფილიყავი გარეთ და არც ეს საგიჟეთი ამნისტიის კანონპროექტი არ შემუშავდებოდა. მეც მოლაპარაკების მაგიდასთან ვიჯდებოდი და ჩემითაც ვერ ივაჭრებდა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ამაში არავის ვადანაშაულებ, ეს ხდება, ხვალ და ზეგ კვლავ გვექნება ასეთი მომენტუმი. მთავარია, ვიყოთ შეტევაზე პროაქტიულები და გამოვიყენოთ გამოცდილება. იმედია, მსგავსს შეცდომას აღარ დავუშვებთ.
_ ნიკა, სად გაქრა ვანო მერაბიშვილი და ერევა თუ არა ახლა იგი პარტიის საქმიანობაში?
_ არა, არავითარ შემთხვევაში… სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, არანაირი კონტაქტი და ურთიერთობა მასთან არ მაქვს და არც მექნება არასოდეს. პირდაპირ გეუბნებით, არც ვაკრიტიკებ, მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზი. ჩემი არჩევანია, ცალკეულ აღებულ ნებისმიერ ადამიანთან მქონდეს რაიმე სახის, თუნდაც ადამიანური ურთიერთობა თუ არ მქონდეს. კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს ყველაფერი არ უკავშირდება წინა ცხოვრებას, მაშინ არც ვიცნობდით ერთმანეთს. ამ დასკვნამდე მივედი, რაც უახლოეს წარსულს უკავშირდება, მაგალითად, შარშანდელ პერიოდს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ ჩათვალოს, რომ ვაკრიტიკებ, ამის დრო არ არის, რადგან სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ პარტიის საქმიანობაში ჩარევა არის გამორიცხული, სანამ მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, არათუ ეს ბატონი, არამედ არაფორმალურად გამორიცხულია ვიღაცამ პარტიაში რაღაცა მართოს…
_ და კიდევ, როგორია მიშა სააკაშვილის პოზიცია მიმდინარე პროცესებზე და არის თუ არა დაპირისპირება თქვენსა და სააკაშვილს შორის? ხშირად საუბრობენ ამაზე, რომ სააკაშვილი ნიკა მელიას კონკურენტად განიხილავს.
_ არა, რა თქმა უნდა, მე ხომ ვგრძნობ, ბევრი არის დაინტერესებული ამით და არა მხოლოდ ახლა, ბოლო წლებია, უნდათ, ურთიერთობა გაფუჭდეს ჩვენ შორის, დაიძაბოს, ამას მეც და მიშაც ვგრძნობთ, რომ ბევრი ადამიანი ამაზე მუშაობს. ამის შესაძლებლობას არ ვაძლევთ და არც მივცემთ, რადგან სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ხალხო. არავის ემახსოვრება წლების შემდეგ, თუ ამ ყოფას ვერ შევცვლით, ვინ ვის აკრიტიკებდა და ვის შორის არ იყო ჰარმონიული ურთიერთობა. მაგალითად, მე მიშა ორწელიწად-ნახევარია, არ მინახავს, ფიზიკურად არ მქონია შესაძლებლობა, ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მქონდა, არც პასპორტი მქონდა, 20 ივნისის საქმეზე ჩამომართვეს, მანამდე, ექვსი თვით ადრე, 20 ივნისამდეც ნანახი არ მყავდა. ახლა, უახლოეს დღეებში, ვაპირებ მის მონახულებას, ჯერ ადამიანურად, თითქმის 3 წელიწადია, ნანახი არ მყავს და რა თქმა უნდა, მაინტერესებს ბევრი საკითხი. მასთან ერთად მინდა ვისაუბრო და ვფიქრობ, მტერს არასოდეს არ გავახარებთ. ასეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანზე, მიხეილ სააკაშვილის სახით, საუბრები ადვილია. უბრალოდ, ჩვენ შორის უნდა იყოს აბსოლუტურად 100-პროცენტიანი ნდობა და დარწმუნებული ვარ, შედეგიც არ დაახანებს. ამიტომ ვერ დავპირდები ვერავის, რომ მე და მიშას შორის იქნება კონფლიქტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხზე გვექნება ერთი აზრი, არც გვქონია არასოდეს, პირდაპირ გეტყვით, მაგრამ არის საკითხები, სადაც, უბრალოდ, ერთი აზრის არქონა დანაშაულიც კი არის.
_ და როგორ ფიქრობთ, შემოდგომაზე მართლა ჩამოვა საქართველოში და დაეხმარება თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობაზე მისი ჩამოსვლა პროცესს?
_ ამასთან დაკავშირებითაც ვაპირებ მასთან საუბარს. არ დაგიმალავთ და ჩემა მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პოზიციას გავაცნობ. პირადად მიმაჩნია, რომ აქ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ და ამის შემდეგ მიეცეს შესაძლებლობა მას ჩამოსვლის, რომელიც უკანონოდ შეზღუდულია და გეტყვით, რატომ: ჩვენ პროვოკაციის მოწყობის ალბათობა კი არ უნდა გავზარდოთ ჩვენ წინააღმდეგ, არამედ უნდა შევამციროთ. მაგალითად, სანამ მე დამიჭერდნენ, იმაზე ვდარდობდი, სანამ ოფისში ვიყავი, ვინმე პროვოკატორი არ შემოეგზავნათ და ცეცხლი არ გაეხსნათ შიგნიდან გარეთ, სპეცრაზმელი არ მოეკლათ და სპეცრაზმელი არ დაეჭირათ, რომ მერე მსოფლიო ალაპარაკდებოდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის შედეგად, რომ შეიარაღებული ხალხი ჰყავდა იქ მელიასო. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს საქართველოში გმირად არ შემოუშვებს, სამი-ოთხი ადამიანის სიცოცხლის გამოსალმებაც კი მისთვის არაფერია იმისთვის, რომ მერე ჩვენ დაგვაბრალოს, ვითომ შეიარაღებული შეტაკება მოვაწყვეთ. წარმოიდგინეთ, ყველაფერი ცუდი იხარშება ბიძინა ივანიშვილის თავში, ამას გააკეთებს აუცილებლად ისე, რომ დაგვაპირისპიროს კვლავ საერთაშორისო საზოგადოებასთან. ამიტომ, მე მგონია, რომ ჩვენ ჭკუაშიც უნდა ვაჯობოთ მნიშვნელოვნად „ქართულ ოცნებას“, რომელიც დღეს არის ძალიან სუსტი, რეჟიმია, მაგრამ სუსტია, ამიტომაც, როცა დარწმუნდა „ქართული ოცნება“, რომ არის სუსტი, ახლა აქცენტებს აკეთებს ოპოზიციურ ველზე, იქნებ, აქ არ იდოს მაქსიმალურად პოლიტიკური ცხოვრება და კარტები, რადგან იქ თვითონ „ქართულ ოცნებაში“ ვეღარ ლაგდება კარტები და ვეღარც დალაგდება, რომ ჩვენ არ ვიყოთ შეტევაზე გადასულები. თუ ოპოზიცია იქნება შეტევაზე გადასული და ეს შეტევა მწყობრი იქნება, „ქართული ოცნება“ ვერ გაძლებს. ვგრძნობ, რომ ახლა უამრავი ხაფანგია დაგებული ოპოზიციურ ველზე, დანაღმულიც არის, ვიღაც ოცნებობს, რომ მე და მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობა გაფუჭდეს, ვიღაც ოცნებობს, როგორ დააშავოს დამატებით „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილსა და მელიას პროვოკაცია მოუწყონ, ამიტომ ბევრ რაღაცაზე უნდა ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ. მსჯელობას, ფიქრსა და ხმამაღალ საუბარს ვაპირებთ უახლოეს დღეებში მე და მიხეილ სააკაშვილი, როცა შევხვდებით და ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო იქნება.

ელისო კილაძე