იქნება თუ არა სოსო ჯაჭვლიანი გახარიას გუნდში

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკაში შემობრუნებას დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ ვის ვიხილავთ მის პარტიაში. „ქრონიკა+“-სთვის ცნობილი გახდა, რომ ნაპრემიერალი მოლაპარაკებებს აწარმოებს „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან. მათ შორის თამარ ჩუგოშვილთან და თამარ ხულორდავასთან.

ამ ადამიანებმა „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები 2019 წლის 14 ნოემბერს პროტესტის ნიშნად დატოვეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

ჩვენი ინფორმაციით, გახარიასთან კომუნიკაციას „ოცნებიდან“ წასული სხვა პოლიტიკოსებიც ამყარებენ. ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და არ უნდა გავიკვირვოთ, თუ მის გუდში სოსო ჯაჭვლიანსაც ვიხილავთ, რომელმაც „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ სკანდალურად დატოვა. ამ დროს გახარია ჯერ კიდევ პრემიერი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. მაშინ მან მედიასთან თქვა, რომ ჯაჭვლიანის ემოციურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებდა.

შორენა მარსაგიშვილი