ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ ბარიტონ დავით ღვინიანიძესთან

დავით ღვინიანიძე – საყოველთაოდ ცნობილი ოპერის მომღერალი, ბარიტონი _ განთქმულია საზოგადოებრივი მოღვაწეობით, ქველმოქმედებითა და მეცენატობით. იგი მთელი მსოფლიოდან კრებს ნიჭიერ ბავშვებს და წარმატებით უკვალავს მათ გზას მუსიკალური ხელოვნების სამყაროში.

დავითის გზა საქართველოდან ამერიკამდე და ემიგრანტული ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, თუმცა თავისი ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და მიზანსწრაფულობით იმდენს მიაღწია, დღეს პოპულარული ადამიანია, რომელსაც უწოდებენ „მსოფლიო ოპერის ვარსკვლავსა“ და „რუსული ოპერის კარუზოს“, ხოლო ფილადელფიაში მისი სახელობის კულტურის ცენტრიც არსებობს.
დავითმა ბავშვობა ქუთაისში გაატარა – ექიმი დედის, აკადემიკოსი მამისა და უმცროსი დის გვერდით. მშობლები მის პროფესიულ არჩევანს – მომღერლობას _ სერიოზულად არ აღიქვამდნენ, რადგან შვილის საოპერო უნარების უნიკალურობაში დარწმუნებული არ იყვნენ. ამიტომ ურჩიეს და ასეც გაურიგდნენ – დავითს ძირითად პროფესიად მეღვინეობა ან ექიმობა უნდა აერჩია, სიმღერა კი გასართობად ესწავლა. მართლაც, დავითმა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩააბარა და პარალელურად კონსერვატორიაში სწავლა დაიწყო.
მომღერლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მისი ბებია, თურმე, ძალიან მუსიკალური ყოფილა, გიტარაზე უკრავდა და თავის ხუთ დედმამიშვილთან ერთად მღეროდა. მამა აკორდეონზე უკრავს. როგორც ჩანს, ოჯახის ასეთმა მუსიკალურობამაც განაპირობა დავითის არჩევანი.
მისი მუსიკალური კარიერა, შეიძლება ითქვას, ქუთაისის ჯაზ-როკანსამბლ „ალიონის“ სოლისტობით დაიწყო. ამ პერიოდში უკვე გრძნობდა, მუსიკის გარეშე რომ ვერ იარსებებდა. გადაწყვიტა, საოპერო ხელოვნებას დაუფლებოდა, რადგან ეს ყველა ჟანრის სიმღერის შესრულების საშუალებას მისცემდა.
დავითს მრავალმხრივი ხმა აღმოაჩნდა – 18 წელი ტენორი იყო, 33 წლისა კი ბარიტონი გახდა.
ვიდრე ტენორი იყო, ლენსკიდან _ ხოზემდე ყველაფერი იმღერა, ერნესტოს პარტიაც კი, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, თავს კომფორტულად ბარიტონად გრძნობს.
მართალია, დავითი მრავალი წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა საქართველო მისი საყვარელი სამშობლოა. აქედან წასვლა სიმღერის არჩევანმა განაპირობა. მან თავიდანვე იცოდა, პროფესიად ოპერის მომღერლობას თუ აირჩევდა, საქართველო მისთვის მცირე არეალი იქნებოდა. ამიტომ ჩაიფიქრა სამშობლოდან წასვლა და გახდა კიდეც ცნობილი და გავლენიანი ადამიანი, რომელიც უამრავი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის ავტორი და ორგანიზატორია აშშ-სა თუ საქართველოში.
საქართველო 2000 წელს დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ამავე წლის 13 მაისს მოსკოვის ახალ საოპერო თეატრში მოუსმინეს და 200 მომღერლიდან ერთადერთი იყო, ვინც მეორე და მესამე ტურის გარეშე ამოარჩიეს და თეატრის დასში ჩარიცხეს. 2002 წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი „მსოფლიო ტალანტები“, რომელმაც უამრავი მნიშვნელოვანი პროგრამა განახორციელა. 2016 წელს, საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლის დროს, იქაც დააარსა ეს ფონდი, რომლის ეგიდითაც საერთაშორისო საოპერო ფესტივალი მრავალ ქვეყანაში ჩატარდა. სწორედ ამავე წლის ზაფხულში შეიქმნა ეს ფონდი საქართველოში და იგი უახლოეს მომავალში მექსიკაშიც დაფუძნდება.
დავით ღვინიანიძის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტთაგან მართლაც აღსანიშნავია ფონდი „მსოფლიო ტალანტები“ და მუსიკალური პროექტი „გზა კარნეგი ჰოლისკენ“. სწორედ ამ უკანასკნელმა გაუკვალა გზა მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილს (რომლის მუსიკალური პროდიუსერი დავით ღვინიანიძეა) უკრაინული საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებისკენ და შემდეგ – ამერიკაში – ჰოლივუდური შოუებისკენ.
ამ პროექტის შესახებ უნდა ითქვას, რომ მალე იგი სატელევიზიო პროექტად შეიძლება იქცეს, მასში მონაწილეობა კი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ბავშვს შეეძლება 6-დან 18 წლამდე.
ამ კონკურსის საშუალებით ბავშვები ეჩვევიან სცენას, პუბლიკას, გამოდიან ამერიკისა და სხვა ქვეყნების სხვადასხვა ქალაქის სცენებზე და ბავშვობიდან იკვალავენ გზას წარმატებისკენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტს „გზა კარნეგი ჰოლისკენ“ გამარჯვებულებს მთლიანად აფინანსებს დავით ღვინიანიძის ფონდი და უკვე ფულად ჯილდოსაც გასცემს.
დავითი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ კონკურსს უძღვება, რომელიც 18-45 წლამდე მონაწილეებისგან შედგება. პროექტი ამერიკულმა პრესამ საუკეთესოდ აღიარა. ეს გახლავთ აკადემიური ვოკალის კონკურსი, რომელიც ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ტარდება და ფინალით ნიუ-ოირკის ოპერა „ამერიკაში“ სრულდება. გამარჯვებულები ფულად და სხვა სპეცპრიზებს იღებენ, ამასთანავე, მონაწილეობენ ფონდ „მსოფლიო ტალანტების“ საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც მსოფლიოს უპირველეს სცენაზე – კარნეგი ჰოლში – იმართება.
ცნობილია, რომ დავითს თავისი სამშობლო და საყვარელი ქალაქი არასოდეს ავიწყდება. ამას მოწმობს ის, რომ მან საქველმოქმედო ფონდ „მსოფლიო ტალანტების“ ეგიდით ქუთაისში დააარსა „ქუთაისის ოპერის საერთაშორისო ფესტივალი“, სადაც მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლები იყრიან თავს. ამ მხრივ საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის, როგორც საოპერო ქალაქის, აღორძინებას.
დავით ღვინიანიძე თავისი აქტიური და ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრებიდან გამომდინარე, ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
მან საქართველოშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მაგალითად, სკოლა და ყველა სხვა სასწავლებელი წითელ დიპლომზე დაამთავრა; მალე ის ხდება ერთ-ერთი ტოქშოუს წამყვანი ქართულ ტელევიზიაში. ყოველკვირეულად საუბრობს საკუთარ სატელევიზიო შოუპროგრამა „ტენორში“, რომელიც ისეთ ფართო თემებს ეხებოდა, როგორიცაა კლასიკური მუსიკა, ოპერის ვარსკვლავები, კომპოზიტორები, სპექტაკლები და ა. შ. შოუს იმდენად დიდი გამოხმაურება ჰქონდა, რომ რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ იგი ეროვნულ ტელევიზიასა და საერთაშორისო საკაბელო არხებზე მოხვდა.
გარდა ამისა, დავით ღვინიანიძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუზეუმში კითხულობდა ლექციებს; ასწავლიდა მუსიკალურ ათწლედში და პარალელურად მუშაობდა ორ საოპერო თეატრში – ბათუმსა და ქუთაისში;
მუსიკალური აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი მიიწვიეს ნიუპორტის (დიდი ბრიტანეთი) ოპერის თეატრში და ევროპის სხვა ოპერის თეატრებში. მან უარყო ეს წინადადებები და 2000 წელს ჩავიდა მოსკოვში, სადაც გახდა მოსკოვის „ახალი ოპერის“ თეატრის სოლისტი;
2001-2002 წლებში იგი ხდება რახმანინოვის ფესტივალ „თეთრი იასამნის“ გამარჯვებული; 2002 წელს _ რუსული რომანსების _ „რომანსიადას“ საერთაშორისო შემსრულებლების პირველი პრემიის მფლობელი; 2006 წლის ივნისში მან გაიმარჯვა ვოკალურ საერთაშორისო კონკურსში „ვალსესია-მუსიკა“ (მოსამართლეთა თავმჯდომარე _ ფიორენცა კოსოტო. მილანი, იტალია); 2003 წელს მოსკოვის „ჰელიკონ-ოპერის“ მუსიკალური თეატრის ადმინისტრაციული ორგანოს მიწვევით ის სოლისტი ხდება, ამ თეატრში 2010 წლამდე თამაშობს.
რუსეთში ყოფნის დროს დავით ღვინიანიძე მრავალი ჯილდოს მფლობელი ხდება და ისეთ ფესტივალებზე იმარჯვებს, როგორებიცაა: პუშკინის ფესტივალი „ბოლდინის შემოდგომა“ (ნიჟნი ნოვგოროდი); „ხარკოვის მუსიკალური ფესტივალი“ (ხარკოვი, უკრაინა); „მუსიკალური საღამოები არბატზე“ (მოსკოვი); „რუსული მუსიკალური ფესტივალები ველიკო ნოვგოროდსა და ფსკოვში“; საოპერო ფესტივალი „მარია ბიეშუ გიწვევთ“ (კიშინიოვი, მოლდოვა) და ა. შ.
მან, როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და „მსოფლიო ტალანტების ფონდის“ პრეზიდენტმა, 2013 წელს აღადგინა ოპერის ხელოვნების ფესტივალი ბათუმში; 2006 წელს დავით ღვინიანიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის სხდომაზე „ცივილიზაციათა დიალოგი“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება კუნძულ როდოსზე. ამ ფორუმის სესიებს ესწრებიან მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლები და რელიგიური ლიდერები.
დავით ღვინიანიძე თავისი ხავერდოვანი, დამათრობელი ლირიკულ-დრამატული ბარიტონით, გაძლიერებული ფართო ვოკალური დიაპაზონით და რომანტიკული „მაჩოს“ ლამაზი, მამაკაცური გარეგნობით, საოპერო თეატრის სცენაზე განასახიერებს როგორც გმირული, ასევე ლირიკული სტილის მრავალფეროვან პერსონაჟებს. მისი საკონცერტო რეპერტუარი ასზე მეტი არიისგან შედგება.

მსოფლიო დონის ბარიტონის ცხოვრებასა და შემოქმედებაში ბევრი სიახლეა, რომლის შესახებაც ექსკლუზიურად „ქრონიკა+“-ისთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ:
_ რა გავლენა იქონია მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ თქვენს გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზე?
_ პანდემია ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოდან, ქუთაისიდან ჩამოვფრინდი, სადაც ცნობილი მუსიკათმცოდნე ენი არსენიძისადმი მიძღვნილი დიდი ღონისძიება გავმართე. როგორც ჩანს, აეროპორტიდან აეროპორტებში გადაფრენის პროცესში შემეყარა ეს ვირუსი, რომელიც რთულად გადავიტანე. ასე დაიწყო ეს საშინელი 2020 წელი, რომელმაც დაამუხრუჭა მთელი მსოფლიო და, მათ შორის, ჩემი ყველა გეგმაც, რადგან, რაც ხელოვნებას შეეხება, ყველაფერი გააჩერა და ჩაკეტა. აქედან გამომდინარე, დღემდე არ ვიცით, იქნება თუ არა სახელოვნებო სამყარო ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო.
მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში „მეტროპოლიტენი“, „კარნეგი ჰოლი“ და სხვა დიდი საკონცერტო სივრცეები 2021 წლის შემოდგომამდე დაკეტილია. რა იქნება შემდეგ? – ვფიქრობ, ყველაფერი გაიხსნება და ძველებურ რიტმს დაუბრუნდება.
2021 წელს აშშ-ში დაარსდა ჩემი სახელობის ვოკალური აკადემია და აქ უკვე ძალიან ბევრი მოსწავლე სწავლობს. ეს აკადემია მომღერლის ხმის ფორმირებას ემსახურება. იგი გახლავთ აკადემია, რომელიც ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ოსტატობას უწყობს ხელს. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ არა მხოლოდ ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებელი მოვიდა სასწავლებლად, არამედ _ ჩემზე 10-20 წლით უფროსი კოლეგებიც.
_ როგორც ვხედავთ, პანდემიამ თქვენს გეგმებს ბევრი ვერაფერი დააკლო. როგორ გრძელდება თქვენი საქმიანობა ან რა ეტაპზეა იგი?
_ მასშტაბურ პროექტს ვგეგმავ ფილადელფიაში, მის უნიკალურ ზონაში, რომელსაც გარშემო ექნება დიდი სივრცე, დაახლოებით 12-13 აკრი, სადაც მოეწყობა ულამაზესი ბაღი და საპარკინგე ადგილი 200 მანქანისთვის. ერთი სიტყვით, ეს იქნება უნიკალური სივრცე ხელოვნებისთვის – უზარმაზარ შენობაში გაიხსნება „დავით ღვინიანიძის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი“, სადაც მოეწყობა 2000-კაციანი საკონცერტო დარბაზი. ეს იქნება ადგილი, სადაც ძალიან ბევრი მუსიკოსი შეძლებს თავისი ხელოვნების დემონსტრირებას. სხვათა შორის, ეს ცენტრი უნდა იქცეს ბოჰემური თავშეყრის ადგილად მხატვრებისთვის, მოცეკვავეებისთვის და ყველა ხელოვანისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი ცენტრი მხოლოდ ფილადელფიაში არ გაიხსნება, _ მომავალ წლებში მისი გახსნა იგეგმება ბოსტონში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკში, მაიამსა და სხვაგან. ეს გახლავთ ჩემი გლობალური და მასშტაბური გეგმა შემდეგი ათწლეულისთვის. ხელოვნების ოაზისები, რომლებიც ჩემს სახელს დაუკავშირდება, ბედნიერს მხდის. ამის საშუალებას ეს ქვეყანა მაძლევს. მოკლედ, ამ ჩაკეტილობის ჟამს სხვა არაერთი გეგმაც დაიბადა, რომელიც მალე განხორციელდება.
_ მიუღწეველ ოცნებად რა გრჩებათ?
_ ვერ წარმოვიდგენდი, ჩემი ფონდის სახელობის ფესტივალი თუ დაარსდებოდა და ფეხს მოიკიდებდა მსოფლიოს პირველ სცენაზე კარნეგი ჰოლში – ეს მიუღწეველ ზღაპრად წარმომედგინა. ამ ფაქტს მოჰყვა ჩემი მუსიკალური ცენტრების დაარსება. ვფიქრობ, ყველა მომღერლის ოცნებაა, მისი სახელობის ცენტრის გახსნა. ეს პიკია მომღერლის კარიერაში და ამით ბედნიერი ვარ.
_ გარდა ამისა, სხვა არერთი მასშტაბური გეგმა მაქვს, რომელსაც ჩვენს მკითხველს გზადაგზა გავაცნობთ.
_ რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროექტებს, რომლებიც ჩემი ფონდის დაფინანსებით პანდემიამდე ხორციელდებოდა, იგი გაგრძელდება. „ქუთაისის საოპერო ფესტივალის ჩატარებაში“ ფინანსურად ქუთაისის მერიაც დაგვეხმარა. აგრეთვე ჩემი ორგანიზაციის 100%-იანი დაფინანსებით ჩამოვიდნენ და კარნეგი ჰოლის მაყურებლის წინაშე წარდგნენ ნიჭიერი ბავშვები.
ეს ყველაფერი კი მომავალში უფრო მასშტაბურად გაგრძელდება. ვფიქრობ, უკვე შემდგარი ქართველი მუსიკოსებისთვისაც დავგეგმო ისეთი პროექტი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, თავიანთი ხელოვნება მსოფლიოს დიდ სცენებზე წარმოაჩინონ.
_ მთელი მსოფლიო ონლაინსწავლების რეჟიმზე გადავიდა. თქვენმა აკადემიამ როგორ გაართვა თავი ამ გამოწვევას?
_ რა თქმა უნდა, მოსწავლეებთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია და პანდემიის პერიოდში დისტანციურად ვამეცადინებდი მათ. ჩემი მოსწავლეები მთელი მსოფლიოდან მიკავშირდებიან და ზუმის, სკაიპის ან სხვა პლატფორმების საშუალებით ვურთიერთობთ. მომღერლისთვის „პედაგოგის ყური“ მნიშვნელოვანია და ამიტომ მე ჩემს გამოზრდილ მომღერლებს ყოველთვის ხელს ვუწყობ. რაც მთავარია, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ აღდგება ყველა ფესტივალი და კონკურსი, რომელიც ფონდ „საერთაშორისო ტალანტების“ ეგიდით იმართებოდა. როგორც იცით, მოსკოვში მრავალი წელია იმართება მასშტაბური ფესტივალი „შობის დღეები დავით ღვინიანიძესთან ერთად“ და იგეგმება მისი აღდგენაც. სხვადასხვა ქვეყანაში მალე ჩავატარებთ კონკურსებს და ახალ პროექტებსაც ჩავუყრით საფუძველს.
_ როგორია დავით ღვინიანიძე სცენაზე და მის მიღმა?
_ რა თქმა უნდა, ჩემში ორი მეა – ერთი, რომელიც ხელოვნებასა და სცენას ეკუთვნის და მეორე – რომელიც საზოგადოებაში, ხალხთან ერთად, ცხოვრობს. ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, „ცალკე აკადემიაა“. ცნობილი გამონათქვამია, რასაც დათესავ, იმას მოიმკიო, ჰოდა, ვფიქრობ, ადამიანებს შორის სიყვარულის დათესვა ჩემთვის უმთავრესია. არ მიყვარს გულგრილი დამოკიდებულება. ასეთი გარემოდან გავდივარ და ვრჩები იქ, სადაც ერთგულება, სითბო და სიყვარულია. მე ამ ელემენტებს მიმაჩვიეს დედამ და ბებიამ. სიყვარულში ვიზრდებოდი, რადგან ოჯახში დედისა და მამის მხრიდან ერთი ბიჭი ვიყავი და მანებივრებდნენ.
_ თქვენს პროფესიას ისე თუ დაუღლიხართ, რომ მის შეცვალზე გიფიქრიათ?
_ პროფესიას მართლა ძალიან ხშირად დავუღლივარ. მაგალითად მოგიყვანთ ჩემს რამდენიმეწლიან გრაფიკს: გასტროლებზე გავდოდი აგვისტოს ბოლოდან და შინ 31 დეკემბერს ვბრუნდებოდი. ამ გასტროლების თანმდევი იყო თვითმფრინავები, მანქანები, მატარებლები – იმდენად რთული იყო ეს პროფესია, ქირურგიული ჩარევაც კი დამჭირდა, რადგან ჯანმრთელობა დამიზიანა.
მართალია, ამერიკაში გადავახარისხე ჩემი პროფესიული ცხოვრება, თუმცა არასდროს მითქვამს, რომ რამეს შევცვლიდი – თავიდან რომ დავიბადო, ისევ ამ გზას ავირჩევდი.
_ რატომ?
_ რაც კი მაქვს და რისთვისაც მიმიღწევია ცხოვრებაში, პასპორტის ასაღებად მისვლა იქნებოდა, საზღვრის გადალახვის დროს კომისართან საუბარი თუ ექიმთან ვიზიტი, ყოველთვის ვგრძნობ ხალხის სიყვარულს. როცა იგებენ, რომ საოპერო მომღერალი და ცნობილი პიროვნება ვარ, მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობ, რაც ბევრჯერ დამხმარებია რთულ მომენტებში.
_ შემთხვევა, რომელსაც არ დაივიწყებთ, კარიერას უკავშირდება?
_ რა თქმა უნდა, ჩემი პირველი გამოსვლა სცენაზე დაუვიწყარი წამია. მაშინ კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. ვოკალური ხელოვნების პოსტულატების დაუფლების შემდეგ პირველად გამოვედი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ სცენაზე უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე. მახსოვს, მაშინ სცენაზე ორი ნეაპოლური სიმღრა ვიმღერე: „მითხარით, გოგონებო“ და „სო ლე მიო“ – ამ უკანასკნელში მაღალი ნოტებია ასაღები. კლასში ამ ნოტებს ისე ვირტუალურად ვერ ვეუფლებოდი, როგორც ეს სცენაზე შევძელი. მახსოვს, ისეთი განწყობით გამოვედი სცენაზე, რომ იქ მოვახერხრე პირველად ჩემი შესაძლებლობის დემონსტრირება. მივხვდი, რომ ეს იყო ღვთისგან ბოძებული პროფესია.
_ როგორც ხელოვანს, რისი უფლება არ გაქვთ?
_ იმისი, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია დაუშვას. ჩვენ განსაკუთრებული მაგალითი უნდა ვიყოთ მომავალი თაობისთვის, სხვა ასაკის ხალხისთვისაც, ვინც თვალს გვადევნებს. ჩემთვის მიუღებელია უხეშობა, ღალატი და ულამაზო საქციელის დემონსტრირება.
_ რის მიღწევაზე ოცნებობთ? რა დაგრჩათ მიუღწეველი?
_ რაც მინდოდა, ყველაფერს მივაღწიე. საოცნებოდ ის დამრჩა, ღმერთმა მომცეს ძალა, უნარი და უფლება, ყველა ჩემი დაწყებული და მიმდინარე გეგმის გაგრძელება შევძლო. განსაკუთრებულზე არაფერზე ვოცნებობ, რადგან, ვფიქრობ, ძალიან ბევრი გავაკეთე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად დედამიწაზე. ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაფერი ზღაპარი არ არის, თუმცა ჩვენი შესაძლებლობები რეალურად უნდა შევაფასოთ. იმასაც ვხვდები, რომ ჩემს ხელოვნებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ უთქმელია და მომავალში მინდა ვთქვა.
_ რა არის თქვენთვის სიყვარული და იმედი?
_ სიყვარული – ის ჰაერია, რომლის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. სიყვარულია, როცა, ვინც გიყვარს მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. ყველა სხვა შემთხვევაში ეს გრძნობა გატაცებაა. მე მყვარებია და ამით ბედნიერი ვარ. ხელოვანი ადამიანები იმედით ვართ გაჟღენთილი, ჩვენ ამით ვცხოვრობთ. ის ჩვენი ბარომეტრია.
_ როგორი ბავშვი იყავით, რით გამოარჩევდით საკუთარ თავს სხვებისგან?
_ ძალიან განსხვავებული ბავშვი ვიყავი – მიხვედრილი და გონიერი. რაც მინდოდა, ყოველთვის ვისრულებდი ხოლმე და მიყვარდა ჩემი პრინციპების გატანა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა რბილი და თბილი ხასიათი მაქვს, ბავშვობაში ძალიან მტკიცე ვიყავი. მაგალითად, საბავშვო ბაღში 3 წლის შემიყვანეს და არ მომწონდა იქ სიარული. იმდენი ვიტირე, ფილტვების ანთება დამემართა. ჩემი ასე გავიტანე და შინ დავრჩი. მეზობლები როცა მეკითხებოდნენ, რატომ არ ხარ ბაღშიო, სპეციალურად ავტეხდი ხველას და ვპასუხობდი, _ ფილტვების ანთება მაქვს-მეთქი.
ბავშვობიდან მიტაცებდა ჟურნალისტობა და წერა. მე-9 კლასში დავწერე თემა: „მე რომ კულტურის მინისტრი ვიყო“, რომელიც დღემდე საუკეთესო თემათა სიაშია. ვწერდი არაჩვეულებრივად და ეს ჩემი საავტორო გადაცემების საწინდარი გახდა. ყოველთვის ვიყავი ხელმძღვანელი, კაპიტანი, ლიდერი – ამან განსაზღვრა კიდეც ჩემი მომავალი.
_ პირად ცხოვრებაში რა ეტაპი გაქვთ – მოსალოდნელია თუ არა სიახლე?
_ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით ვეკიდები, რადგან შთამომავლობაზე ვფიქრობ. ჭრიჭინასავით ჭრიჭინის დრო წავიდა.
_ თქვენი ჰობი…
_ ბუნებასთან – ცხოველებთან ურთიერთობა მიყვარს. გაზაფხული დადგა და მიწა ყივის ჩემში. იმდენად მიყვარს მიწასთან ურთიერთობა, ვფიქრობ, რატომ არ ვცხოვრობ საკუთარ სახლში, რომელიც ბუნებასთან მეტად დამაახლოვებს, სადაც შინაური ცხოველების ყოლას შევძლებ და ბაღში ვიფუსფუსებ. თევზაობაც მიყვარს, მაგრამ ნადირობა _ არა!
„დავით ღვინიანიძის ხელოვნების ცენტრში“ ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული. თითოეული მცენარე – ხე თუ ყვავილი – საკუთარი ხელით დავრგე.
_ საქართველო და უცხოეთი – სად გაჩერდებით საბოლოოდ?
_ მე ვამაყობ ქართველობით და საზღვარგარეთ მიღწეული წარმატებით ვუბრუნებ მას დივიდენდს. ერთ ამბავს გავიხსენებ: დედაჩემი 13 წლის ასაკში გახდა ჩემპიონი ჭადრაკში. ის პეტერბურგის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და მან, ფაქტობრივად, განსაზღვრა ჩემი ცნობიერება. ერთხელ მირჩია ის, რაც არასოდეს დამავიწყდება: როცა უცხოელს ვხვდებოდი, ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, რომ მას ჩემ გარდა შეიძლებოდა სხვა ქართველი აღარც ენახა. მინდოდა, ისე ვჩვენებოდი, რომ ქართველზე კარგი შთაბეჭდილება შექმნოდაო. ეს სიტყვები ჩემთვის მეტად პრინციპულია – როცა მე ვხვდები ამერიკელს, გერმანელსა თუ ფრანგს, ანუ იმაზე მეტ უცხოელს, ვიდრე დედაჩემი ხვდებოდა, სულ ვფიქრობ, რომ ჩემი გაცნობით ის ჩემს ქვეყანას ეცნობა. ამ პასუხისმგებლობით ვცხოვრობ, თუმცა, ჯერჯერობით, საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ.

გიორგი საკარული