ვინ არის „ალტერნატივის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე და რა გეგმები აქვს მას?

აჭარის რეგიონსა და არა მარტო აჭარაში თითქმის ყველა იცნობს ხათუნა ბერიძეს. ბოლო პერიოდში, ბათუმში ვერ გაიხსენებთ ისეთ აქციას, სადაც ის და მისი გუნდი „ალტერნატივა“ არ მონაწილეობდა.
ბათუმის საპროტესტო აქციებზე ის არაერთხელ დააკავეს თუ დააჯარიმეს.
ხათუნა ბერიძე, ორგანიზაცია „ალტერნატივის“ ხელმძღვანელია და ღიად უჭერს მხარს ოპოზიციას.

საიდან მოვიდა ის? რა უნდა? რისთვის ებრძვის იგი „ქართულ ოცნებას“? რა გეგმები აქვს სამომავლოდ მასსა და მის გუნდს?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ალტერნატივის“ ხელმძღვანელ ხათუნა ბერიძეს ესაუბრა:

_ ხათუნა, გვითხარით თქვენზე, საიდან მოდიხართ, ვინ არის ხათუნა ბერიძე?
_ ხათუნა ბერიძე არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ აიძულა, აქციაზე მდგარიყო. ამ პროცესებში შემთხვევით აღმოვჩნდი. არასოდეს მიფიქრია პოლიტიკაზე, უბრალოდ უსამართლობის შეგრძნებამ მომიყვანა აქამდე და შინაგანმა განცდამ.
როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, 500$ გადავიხადე და ეს დასამალიც არაა, _ რეალურად უნივერსიტეტში მაღალ თანხას, 2000$-სა და მეტს ითხოვდნენ, მაგრამ მე უარს ვამბობდი გადახდაზე. როცა ხელისუფლება შეიცვალა და უკვე უნივერსიტეტში შეიძლებოდა ჩაბარება, თანხის გარეშე მოვხვდი ინფორმატიკის ფაკულტეტზე და ორ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ერთდროულად. დილით მივდიოდი ერთ უნივერსიტეტში, შუა დღეს _ მეორე უნივერსიტეტში, ხოლო საღამოს ცეკვასა და კარატეზე. მქონდა ჩემი ჯგუფი კარატეში, ბავშვებს ვავარჯიშებდი და ძალიან დატვირთული გრაფიკით ვმუშაობდი ბავშვობიდან. სასწავლებლის დასრულების შემდეგ გავთხოვდი და დაიწყო კიდეც 2008 წლის ომი. 2 კვირის გათხოვილი ვიყავი, როცა ვფიქრობდი, თუ როგორ გავპარულიყავი და წავსულიყავი ომში. არ ვიცოდი, იქ რა გამეკეთებინა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ სამშობლოს ჩემი დახმარება სჭირდებოდა. შემდეგ დავიწყე მუშაობა პედაგოგად _ 3 წლის განმავლობაში ინგლისურს ვასწავლიდი სკოლაში. არასპეციალობის მასწავლებლად გამაფორმეს და სწორედ აქ დამეუფლა პირველი უსამართლობის განცდა. ამ დროს მივმართე მინისტრს, რომ მე ვიყავი უმაღლესი განათლების მქონე და ეს პრობლემა მოგვარებულიყო. სულ ცოტა ხანში პრობლემაც მოგვარდა. 2015 წელს ჩემს ქმარს პოლიციის აგენტმა იარაღი ჩაუდო! ყველაფერი ვიცი! აქედან დაიწყო ჩემი აქტიურობა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა.
_ რატომ გადაწყვიტეთ, ოპოზიციის მხარეს იდგეთ?
_ ოპოზიციის მიმართულებით სწორედ უსამართლობის გრძნობიდან გამომდინარე დავდექი. როცა ხარ ოპოზიციაში, ხშირად გიწევს ქუჩაში ყოფნა, ადამიანებთან შეხვედრა, საუბარი _ მათგან ისმენ პრობლემებს. ასე რომ, არასოდეს მინდა ხელისუფლებაში. ოპოზიციაში როცა ხარ, ყოველთვის განიხილები, როგორც მომავალი მთავრობა, მაგრამ ჩემი ინტერესი საერთოდ არაა ხელისუფლებით ტკბობა და იქიდან რაღაცის შეცვლა. მირჩევნია ვიყო ხელისუფლების მაკონტროლებელი და ადამიანების დამცველი ყველასგან. ზოგადად, ადამიანი და მისი უფლებები ჩემთვის პრიორიტეტია. ოპოზიციაში ყოფნით ძალიან ბევრ უსამართლოდ დაჩაგრულს ვეხმარები. ეს უმეტეს შემთხვევაში გამომდის ხოლმე.
_ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო, იქნებოდით თუ არა კრიტიკული?
_ რა თქმა უნდა, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ოპოზიციაში ყოფნა ჩემთვის თვითმიზანი არ არის და თუ იქაც შევამჩნევ უსამართლობას, გავაკრიტიკებ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ბიძაშვილი იქნება თუ მამიდაშვილი, გასაკრიტიკებელი უნდა გაკრიტიკდეს. ვალდებულად მივიჩნევ თავს, რომ უფრო მეტად გავაკრიტიკო ჯერ შიგნით და აქ დავამყარო წესრიგი. თუ შიგნით გაქვს არეულობა, გარეთ ვერაფერს დაალაგებ, ანუ „ქართულ ოცნებას“ ვერ შევებრძოლები, თუკი ჯერ შიგნით არ აღმოვფხვრი უსამართლობას, რომ ორმაგი სტანდარტით ცხოვრებამ არ მოგიწიოს.
ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, როცა რეკავენ და მხვდებიან ოპოზიიცის წევრები. ბათუმი პატარა ქალაქია, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და უამრავჯერ წამიშლია ჩვენი ოპოზიციის წევრის პოსტი. ერთადერთხელ წავშალე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის შვილის, გოგონას პოსტი. ცხოვრებაში ერთხელ გავითვალისწინე ფაქტორი და წარმოვიდგინე, თუ როგორ აბულინგებენ მას მისი თანატოლები დედამისის გამო.
_ როგორ ფიქრობთ, ქალისთვის რთული ხომ არ არის ასეთ რეჟიმში ყოფნა, როცა საქმე ეხება ძალადობას ან თუნდაც დაკავებას?
_ რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. მაგალითად, ძალიან რთულია, როცა შენი 11 წლის შვილი ტელევიზორიდან უყურებს, თუ როგორ აკავებენ დედას და ეს ფიქრები ძალიან მაწუხებს. დაკავების დროს ყოველთვის წინააღმდეგობას ვუწევ, არადა, სულ ტყუილად გვაკავებენ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა სხვა გადამირჩენია დაკავებას. აი, მაგალითად, ერთ დღეს მანქანაზე მომიწია ასვლა 2-ჯერ, რომ 4 ადამიანი გადამერჩინა დაკავებას.
პოლიციას მიზეზი არ სჭირდება დასაკავებლად, შეიძლება, ერთი პროვოკაციული რაღაც გააკეთოს და დაგაკავონ. ყველაზე კარგი შემთხვევა იყო სწორედ ის, რომ მანქანაზე ავედი და ხალხის დაკავების საშუალება არ მივეცი ან როცა პოლიციას გადაადგილებაში ხელი შევუშალეთ. დასაკავებლად პოლიციას ამაზე დიდი მიზეზი არ ექნებოდა, მაგრამ ტყუილად დაგვიჭირეს, რადგან ავედი და სტიკერის გაკვრა დავაპირე, თუმცა არ გამიკრავს, ამას აზრი არ ჰქონდა. პოლიციას მტკიცებულება არ წარმოუდგენია _ არც წინააღმდეგობის გაწევა და არც სტიკერის გაკვრა, სულ სხვა რამ მომდო შარად. მერე მოსამართლე მეუბნება, საყვირი გქონდა, ამით დარბოდი და იმიტომ დაგაკავესო. ეს მოსამართლე ყოველთვის ოპოზიციას ამტყუნებს და იცავს ხელისუფლებას. მიშას დროს ბიძინას დააკისრა და კალაძეს, ხოლო „ოცნების“ დროს _ პირიქით.
_ ყოფილა შემთხვევა, როცა გიფიქრიათ, რომ ძალები ამოგეწურათ?
_ ეგ არასოდეს ყოფილა, რადგან მებრძოლი ადამიანი ვარ და არ მიყვარს სიტყვა „არაფერი გამოვა“. ეგ სიტყვა მკლავს და ხშირად ვკამათობ, როცა ორგანიზაციაში ვინმე იტყვის. რას ნიშნავს, არ გამოვა?! არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია ან მდგომარეობა. თუ ჩვენ ვერ ვიპოვეთ გამოსავალი, ე. ი. პრობლემას სხვა გზით უნდა მივუდგეთ. მაგალითად, გვირაბში როცა შევალთ, მაგ დროს ყოველთვის იმას ვფიქრობთ, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა და ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა არის შესაძლებელი.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც მარტო დავრჩე, მარტო მაინც ვიბრძვი ჩემი უფლებების დასაცავად. მარტოს მხოლოდ მე შემიძლია სამყაროს შეცვლა. მე ასეთი ამბიციური ვარ.
_ რამდენად გრძნობთ მხარდაჭერას თანაგუნდელებისგან?
_ ჩემი გუნდი ისეთი ძლიერია, რომ ვერც ერთი ოპოზიცია ვერ დაიტრაბახებს. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რასაც სწორად ვფიქრობთ. მაგალითად, ოპოზიციამ უარი თქვა სირცხვილის დერეფანზე, მაგრამ ჩვენ მაინც გავაკეთეთ. ჩემი გუნდისგან დიდი მხარდაჭერა მაქვს და ამას ვგრძნობ. არასოდეს ვამბობთ წინასწარ, თუ სად მივდივართ, ჩვენი ჩატიც იშიფრება და ხშირად გადის ინფორმაცია. მაგალითად, ხულოს თემაზე როცა წავედით, არცერთმა მათგნამა არ იცოდა, თუ სად მივდიოდით. უბრალოდ ვთქვი, რომ დილით ამა და ამ საათზე იქნებოდნენ ადგილზე. ჩემი გუნდის წევრები ბრმად მენდობიან და მომყვებიან.
_ რა დატვირთვა აქვს თქვენს ორგანიზაციას, როდის და რატომ შეიქმენა ის?
_ „ალტერნატივა“ შეიქმნა როგორც ალტერნატიული მთავრობა. ეს თავიდანვე ლევან ვარშალომიძის პროექტი იყო. ამან არ იმუშავა და ეს ალტერნატიული მთავრობა გაუქმდა, დაიშალა. მანდ სხვადასხვა მიმართულება იყო, ჩემი ბავშვები არ დარჩნენ, შემდეგ როცა უკვე წამოვედი, ჩემმა გუნდმა, ვისთანაც მე ვმუშაობდი, გადაწყვიტა, ერთად ვყოფილიყავით. ამ ბავშვებს ოპოზიციაც კარგავდა და მეც. ბოლოს ვიფიქრეთ, რომ ცალკე ორგანიზაციად ჩამოვყალიბებულიყავით, ოღონდ ამაში რესურსი დაგვჭირდებოდა. საკუთარი ხარჯებით გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ახლა აქ არის. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, ბევრი დაპირისპირება, ბევრი ბრძოლა როგორც შიგნით, ისე გარეთ. ლევან ვარშალომიძე ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ ეს არ იყო ფინანსური დახმარება. ხშირად სხვა ოპოზიციის წევრებიც გვეხმარებიან და გვიდგანან მხარში. თუ რამე ფინანსური დახმარება იყო ჩვენს ორგანიზაციაში, ყველაფერი წავიდა ქველმოქმედებაში. აქცია-კამპანია გვქონდა „დაეხმარე“ და რაც შემოდიოდა თანხა, ყველა სურსათზე მიდიოდა.
თუ ვინმეს აინტერესებს, თუ საიდან მომაქვს თუნდაც საწვავის თანხა, დავძენ, რომ მე მაქვს ტურისტული ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობდა. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 2 წლის თანხები აქამდეც მომყვა. ყველა რესურსი, 1 ლარიც კი, ჩემს ორგანიზაციაში ჩავდე.
_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, დავტოვებ ამ ორგანიზაციას, ისე როგორც არის, ოღონდ კარგ ხელმძღვანელს გამოვზრდით, რომელიც მაკონტროლებელი იქნება ხელისუფლების, მე კი დავუბრუნდები ჩემს ბიზნესსაქმიანობას. ხელისუფლებას ან თუნდაც ოპოზიციას აუცილებლად სჭირდება მაკონტროლებელი და სწორედ „ალტერნატივა“ იქნება ეს ფაქტორი.

ხვიჩა მამულაძე