ნინო ბურჯანაძე: „ივანიშვილი თავის შექმნილ პარტიას ასუსტებს“

საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული აღარ არისო, _ გვაუწყა ალეკო ელისაშვილის „ნაპარნიკმა“ ლევან იოსელიანმა, რომელმაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ვიცე სპიკერის პოსტი მიიღო. „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის სურვილი კიდევ 20 ოპოზიციონერს აქვს. იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, მალე პარლამენტში 113 დეპუტატი იქნება. „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იაგო ხვიჩიას ოპტიმიზმს არ იზიარებს. ის ამბობს, რომ ოპოზიციონერები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. მისთვის პარლამენტი კვლავ ერთპარტიულია.

რატომ არის პარლამენტი ერთპარტიული? რატომ უნდა შეწყდეს პარტიების დახარისხება? ვის აქტიურობაზეა დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების ჩატარება? რატომ არ აქვს აზრი თვითმმართველობის არჩევნებს? _ ამის შესახებ ნინო ბურჯანაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ოპოზიცია აცხადებდით, რომ გაყალბებულ არჩევნებს არ შეეგუებოდით. თავიდან იყო პროტესტი, მაგრამ მერე ყველა გაჩერდა. ამასობაში, 6 კაცი უკვე შევიდა პარლამენტში. შექმნილ ვითარებაში ოპოზიცია რამდენად ადეკვატურია?
_ ჩვენი აქტიურობა ადეკვატურია. ამ არჩევნებმა ყველაზე მეტად მე და ჩემი თანაპარტიელები დაგვაზარალა. ჩვენ არა მარტო ბარიერი გადავლახეთ, მინიმუმ ოთხი მანდატი მოვიპოვეთ, შეიძლება _ ხუთიც. ვიცი, ივანიშვილის პირდაპირი ბრძანება იყო, რომ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობა“ პარლამენტში არ უნდა მოხვედრილიყო. ერთ-ერთ ეთერში ვთქვი და გავიმეორებ, რომ პარტიების დაყოფა უნდა შევწყვიტოთ. არ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს პარტია ბარიერგადალახულია, ეს კიდევ _ გადაულახავი. მედიასაც ვთხოვ, რომ ამას ხაზი არ გაუსვას. არჩევნები გაყალბდა და არ ვიცით, რომელმა პარტიამ ზუსტად რამდენი პროცენტი აიღო. აქედან გამომდინარე, ეს დაყოფა არასწორია. როცა არ აღიარებ არჩევნებს, არ აღიარებ მის შედეგებსაც. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ოთხი მანდატი მოვიპოვეთ. ასევე ბარიერი გვქონდა გადალახული 2016 წელს, მაგრამ მაშინაც პარლამენტს მიღმა დავრჩით. ეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ნინო ბურჯანაძე არის კატეგორიულად მიუღებელი.
გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებ. ამასთან, ვერ ვიტყოდი, რომ პროტესტი არ შედგა. გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მოსახლეობაც გამოვიდა ქუჩაში.
_ მოსახლეობა კი გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ პროტესტი აღარ გაგრძელდა.
_ ამას პანდემიამ შეუშალა ხელი. ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, ვთხოვეთ მათ, აღარ გამოსულიყვნენ ქუჩაში. ვთქვით, რომ სანამ პანდემია ოდნავ მაინც არ დაცხრებოდა, აღარ გავმართავდით საპროტესტო აქციებს. სხვა მხრივ ყველაფერი გავაკეთეთ. ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს სოლიდარობა გამოვუცხადეთ და ოპოზიცია პარლამენტში არ შესულა. პროტესტი შედგა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წყალობით დღეს საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი.
_ ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ოპოზიცია იქ არის და ეს პარლამენტი აღარაა ერთპარტიული.
_ ეს პარლამენტი არის ერთპარტიული. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, იქ „ევროპელი სოციალისტები“ და ელისაშვილი-იოსელიანი რომ არიან.
_ რატომ არ აქვს ამას მნიშვნელობა?
_ იმიტომ, რომ რეალურად ეს პარლამენტი არის ერთპარტიული. მას ბოიკოტი გამოუცხადა მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა. პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნების“ სატელიტები შევიდნენ. ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს. ჩვენ შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში დავგეგმავთ აქტივობებს. მათ შორის იქნება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებიც. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოვიპოვებთ თავისუფალ და ვადამდელ არჩევნებს.
_ თქვენ ამბობთ, რომ პარლამენტი არის ერთპარტიული, რადგან იქ „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტები არიან მხოლოდ. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს გასაგებია, მაგრამ დასავლეთს როგორ უნდა ავუხსნათ, რომ პარლამენტი ერთპარტიულია, როცა იქ სამი პარტიაა?
_ პარლამენტი არის ერთპარტიული. როგორ შეიძლება, „ევროპელი სოციალისტები“ პარტიად მივიჩნიოთ? ასეთი პარტია არ არსებობს. ამას რომ თავი დავანებოთ, ეს ოთხი ადამიანი ფიზიკურად ვერ მოხვდა პარლამენტში. „პატრიოტთა ალიანსს“ სია ისე რომ ჩაეხსნა, როგორც ამას გვპირდებოდა, ეს ოთხი ადამიანი პარლამენტში ვერ შვიდოდა. როგორც ჩანს, არსებობდა რაღაც ფინანსური ვალდებულებები და ამის გამო სია სრულად ვერ ჩახსნეს. ეს ვალდებულებები რომ არსებობდა, ამას „პატრიოტები“ არც მალავენ. ასე რომ, ამ ოთხი ადამიანის შესვლა არ ნიშნავს, რომ პარლამენტში პარტია შევიდა. ესენი არიან ბიზნესმენები, რომელთა მთავარი ამოცანა საკუთარი ბიზნესის დაცვაა. შექმნეს რაღაც პარტია. ასეთივე წარმატებით „ქართულ ოცნებას“ პარალმენტში თავის რიგებიდან ათი პარტიის შექმნა შეუძლია.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მას არასდროს მივიჩნევდი ოპოზიციონერად. ის რომ ოპოზიცია არ არის, ეს მისმა ბოლო ქმედებებმაც ნათლად დაგვანახა. „მოქალაქეები“ შეიქმნა იმისთვის, რომ საჭირო დროს ოპოზიციაში განხეთქილების ვაშლის ფუნქცია შეესრულებინა. ეს საქმე ელისაშვილმა წარმატებით შეასრულა. ამ პარლამენტში ოპოზიცია არ შესულა და ის ერთპარტიულია.
_ იაგო ხვიჩია, რომელსაც ასევე სურს პარლამენტში შესვლა, ამბობს, რომ მალე საკანონმდებლო ორგანოში 113 დეპუტატი იქნება.
_ ჩემთვის უცნობია, რას ეყრდნობა იაგო ხვიჩია, როცა ამ განცხადებას აკეთებს. ოპოზიციონერები ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტზე ვართ, მათ შორის, საერთო ოპოზიციური ჩატით და არც ერთი ოპოზიციონერი არ ადასტურებს იაგო ხვიჩიას ამ ინფორმაციას. ფაქტია, რომ არჩევნები გაყალბებულია და ამის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
_ დასავლეთი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. ამაზე რას იტყვით?
_ ეს ნორმალურია. არ მიკვირს, ჩვენი დასავლელი პატნიორები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ რომ მოუწოდებენ.
_ რატომ არ გიკვირთ?
_ დასავლეთი ოპოზიციას არავითარ შემთხვევაში არ ეტყვის, _ არიქა, ქუჩაში გამოვარდით და რევოლუცია მოაწყვეთო. დასავლეთის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, რას გადაწყვეტს ქართული პოლიტიკური სპექტრი და საქართველოს მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის 52%-მა „ქართულ ოცნებას“ უარი უთხრა. შესაბამისად, სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი პარლამენტი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.
_ 52%-ის უარის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მაინც დარჩა ხელისუფლებაში.
_ ამას ჰქვია ხელისუფლების უზურპაცია. როდესაც გაყალბების გზით პარტია ხელისუფლებაში რჩება, ეს არის ძალაუფლების მიტაცება და ამას დემოკრატიასთან არაფერი საერთო არ გააჩნია.
_ ერთი თვის წინ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და პარტია თავის ხელქვეითებს გადააბარა. მისი წასვლის შემდეგ რამდენად შეძლებს „ოცნება“ ერთიანობის შენარჩუნებას? ერთი შეხედვით, ივანიშვილის გარეშე დარჩენილ მმართველ გუნდს უფრო იოლად უნდა დაათმობინოთ ვადამდელი არჩევნები.
_ გადამწყვეტი იქნება საზოგადოების აქტიურობა. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება იაქტიურებს, რადგან დღეს ქართული სახელმწიფო გაუქმების ზღვარზეა. რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არის სახელმწიფოს გაუქმება. თანდათან საქართველო ხდება ტერიტორია, რომელსაც მართავს ერთი მდიდარი კაცი. ამ კაცმა საქართველო იმისთვის იყიდა, რომ თავისი მილიარდები და ოჯახი დაიცვას. დარწმუნებული ვარ, ამას საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება. „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
რაც შეეხება იმას, რამდენად შეძლებენ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ერთიანობის შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში მათ ერთიანობაზე საუბარი ზედმეტია. „ქართული ოცნება“ არ გახლავთ მონოლითური გუნდი _ ეს ერთი კაცის ირგვლივ შექმნილი გუნდია, რომელსაც ამ ერთი კაცის ფული აკავშირებს ერთმანეთთან. მათ არც საერთო ამოცანები აქვთ და არც _ საერთო ღირებულებები. მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. დარწმუნებული ვარ, ვადამდელი არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაქრება საქართველოს პოლიტიკური რუკიდან. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ღირსების გრძნობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს.
_ თავად ივანიშვილის წასვლაზე რას ფიქრობთ _ იგი მართლა წავიდა, თუ მორიგი ტრიუკი ჩაატარა?
_ მან თავისთვის ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მოსახლეობა მისი მმართველობით უკმაყოფილოა. ეს უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომაც გადგა გვერდზე და ფარად აიფარა „ქართული ოცნება“. აქამდე თუ ისრები მისი მისამართით მიდიოდა, ახლა ეს ისრები „ოცნებისკენ“ წავა. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ივანიშვილს „ქართული ოცნების“ ბედი საერთოდ არა აინტერესებს. ეს ცოტა უცნაურია, რადგან შეუძლებელია, ადამიანს არ აინტერესებდეს იმ პარტიის ბედი, რომელიც თავად შექმნა და ხელისუფლებაში დატოვა. ივანიშვილს არც ის ადარდებს, თუკი „ოცნება“ და ოპოზიცია ერთმანეთს დაეჯახება. მოხარული იქნება თუ ამ დაპირისპირებაში ორივე მხარე დასუსტდება. მან თქვა კიდევაც, რომ ახალი პოლიტიკური ძალა უნდა მოვიდეს, რომელიც შეცვლის „ქართულ ოცნებასო“. ის შექმნის ახალ სატელიტ პარტიას და ახლა მისი მეშვეობით შეეცდება ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებას. საქართველო მან თავისი ქონების დასაცავად იყიდა. ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მდგომარეობა არ დათმოს. მას პარტია არ დაუტოვებია. აქვს ბერკეტები, რომლითაც „ოცნებას“ გააკონტროლებს და მის დასუსტებას შეეცდება.
_ მის წინააღმდეგ თუ წავა „ოცნება“?
_ ფულს მისგან იღებს და რატომ უნდა წავიდეს ივანიშვილის წინააღმდეგ? დღეს „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია იმის უნარი, შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუკი სერიოზული პროტესტი დაიწყება.
_ შეიძლება ითქვას, რომ ახლა ოპოზიციისთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდია?
_ ოპოზიციას ახლა ძალიან სერიოზული შანსი აქვს. დიდი უსუსურობა უნდა გამოვიჩინოთ, რომ ეს შანსი ხელიდან გავუშვათ. იმედი მაქვს, სისუსტეს არ ვაჩვენებთ და ძალების გაერთიანებას შევძლებთ. ამ გაერთიანებული ძალებით მივაღწევთ თავისუფალ და ვადამდელ არჩევნებს, სადაც ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში. ჩემი აზრით, ხელისუფლების სათავეში უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა, რომელიც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. მხოლოდ ეს მთავრობა გამოიყვანს ქვეყანას ამ კრიზისიდან.
_ ზემოთ რევოლუცია ახსენეთ. ამბობთ, დასავლელი პარტნიორები რევოლუციისკენ არ მოგვიწოდებენო. სიტყვა რევოლუციის ხსენებას ბევრი ოპოზიციონერი ლიდერიც ერიდება უკვე. თქვენ რას ფიქრობთ რევოლუციაზე?
_ არასდროს ვყოფილვარ რევოლუციების მოტრფიალე. 2003 წელსაც ვამბობდი, რომ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, მაგრამ არა რევოლუცია, საჭიროა ევოლუცია და განვითარება. ახლაც ამ აზრზე ვარ. თუმცა როდესაც აუცილებელია ქვეყნისთვის, მაშინ არც რევოლუციის უნდა შეგვეშინდეს.
_ ე. ი. თქვენთვის რევოლუცია მაინც მისაღებია.
_ როგორც უკვე გითხარით, რევოლუციის მოტრფიალე არ ვარ, მაგრამ როცა ქვეყანას სჭირდება, არც რევოლუციის უნდა შეგვეშინდეს. აქ ერთი რამეც არის გასათვალისწინებელი: რევოლუციას არასდროს აწყობს ოპოზიცია. ყველა ეპოქასა და ყველა ქვეყანაში რევოლუციის ავტორი არის ხელისუფლება, რომელიც ვეღარ მართავს ქვეყანას ან ისე მართავს, რომ ეს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი ხდება. ხელისუფლება ვადამდელ და თავისუფალ არჩევნებს თუ დანიშნავს, არანაირი რევოლუცია არ იქნება.
_ თუ არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, იქნება რევოლუცია?
_ „ქართული ოცნება“ თუ ძალაუფლებას ჩაებღაუჭება და გადაწყვეტს, ნებისმიერ ფასად ძალაუფლება შეინარჩუნოს, ასეთ შემთხვევაში არაა გამორიცხული, მშვიდობიანი რევოლუცია მოხდეს. დიდი იმედი მაქვს, მოვლენები ამ სცენარით არ განვითარდება და „ქართულ ოცნებას“ ვაიძულებთ, არჩევნები რევოლუციის გარეშე დანიშნოს.
_ „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს, ის ამ თემაზე არც კი საუბრობს. როგორ აპირებთ მათ იძულებას?
_ „ქართული ოცნების“ პოზიცია ჩემთვის გასაგებია. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე არ მივიდეს საქმე. ოპოზიციის მოთხოვნით ხელახალი არჩევნების დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებს წააგებს, რადგანაც გაყალბებას ვეღარ მოახერხებს. ახლა ოპოზიციის ეფექტიან ქმედებაზეა დამოკიდებული, დავათმობინებთ თუ არა ხელისუფლებას.
_ ოპოზიცია ითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და თითქმის არავის ახსოვს თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ამ შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. ისე არ აღმოჩნდეს, რომ ვადამდელ არჩევნებზე გადართული ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს სრულიად მოუმზადებელი შეხვდეს.
_ ვადამდელი არჩევნების თარიღი თუ არ მოვიპოვეთ, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების აზრს საერთოდ ვერ ვხედავ. რა აზრი აქვს თვითმმართველობის არჩევნებს, თუკი საარჩევნო გარემო არ შეიცვალა და პოლიტპატიმრები არ გაათავისუფლეს? „ქართული ოცნება“ შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს ისევე გააყალბებს, როგორც შარშან გააყალბა საპარლამენტო არჩევნები. არც მოსახლეობას ექნება მოტივაცია, რომ არჩევნებზე მოვიდეს. ვერც ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, რომ საარჩევნო უბნებზე მოვიდეს.
ჩვენ ვამბობთ, რომ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია რადიკალური ცვლილებები. ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება კოალიციური მთავრობა. პროტესტის ნიშნად არ შევდივართ პარლამენტში. ამ დროს რა უნდა ვუთხრათ მოსახლეობას, _ საკრებულოებში დაგვიჭირეთ მხარი და ასე გადავარჩენთ ქვეყანასო? ეს ძალიან არასერიოზული იქნება.
_ გინდათ თქვათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი აზრი არ აქვს?
_ ადგილობრივ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოცხადდება, შეიცვლება საარჩევნო გარემო და განთავისუფლდებიან პოლიტპატიმრები. სხვა შემთხვევაში ადგილობრივი არჩევნები აზრს კარგავს.
_ ხელისუფლება არც პოლიტპატიმრების გამოშვებას აპირებს და შეიძლება, კიდევ რამდენიმე ახალი პოლიტპატიმარიც გაჩნდეს. ოპოზიციური ლიდერების მიმართ განახლდა სასამართლო პროცესები. იმაზეც იყო საუბარი, რომ ხელისუფლებას თქვენი მეუღლის დაკავება სურდა. ვიღაცები პირდაპირ აანონსებდნენ, რომ გარეჯის საქმეზე ბადრი ბიწაძეს დაიჭერენო. ითქვა ისიც, რომ ეს საკითხი თქვენზე ზეწოლის მოსახდენად გაააქტიურეს.
_ დავითგარეჯის თემა თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია და სამარცხვინო ტყუილებით არის აღსავსე. ჩვენმა საზოგადოებამ ერთი რამე კარგად უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა ცუდი ადამიანები იყვნენ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი და ძალიანაც რომ სდომოდათ ჩვენი ტერიტორიების გასხვისება, ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებდნენ, რადგან ამის უფლებამოსილება არ ჰქონდათ. არც ისეთი თანამდებობები ეკავათ, რომ მათ გადაწყვეტილებას ასეთი შედეგი მოჰყოლოდა. ამიტომ ისინი არაფერ შუაში არიან და საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან.
ხელისუფლების მიმიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მეუღლის მიმართ რამე პოლიტიკური ზეწოლა იყო. მან ამის შესახებ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ის არც დაკითხვაზე ყოფილა. ის იქ დაიბარეს გამოკითხვაზე და დამატებითი ინფორმაციები სთხოვეს. ჩემი მეუღლე რამდენიმე წლის მანძილზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ძალიანაც რომ უნდოდეთ, ჩემს მეუღლეს ტერიტორიების გასხვისებას ვერ დააბრალებენ, რადგანაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტი არ ადგენს საზღვრებს. არც ერთ ქვეყანაში მესაზღვრეები არ წყვეტენ, თუ რა მონაკვეთზე დადგნენ. ამ გადაწყვეტილებას იღებენ ხელისუფლების უმაღლესი შტოები. მესაზღვრეები დადგენილ საზღვარს იცავენ. ასე რომ, ბადრი ბიწაძე ვერც ნახევარი მეტრით წინ და ვერც უკან ვერ დადგებოდა. ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მესაზღვრეებს საზღვრის გასხვისებას „ქართული ოცნებაც“ კი ვერ დააბრალებს. ჯერჯერობით არ ჩანს ამის ნიშნები და არც პოლიტიკური ზეწოლა ყოფილა. მე არ მიყვარს ტყუილის და მართლის ერთმანეთში არევა. ყოველთვის ვამბობ იმას, რაც სიმართლეა.
ივანიშვილს საკმარისი მექანიზმები აქვს ამოქმედებული ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია. შეიძლება, მან კიდევ ახალი რამე მოიფიქროს. თუმცა ისიც უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის გზა, რომლითაც შეიძლება, ბურჯანაძე გააჩუმონ.
ვიღაცები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს, რომ მე ბარიერგადაულახავი პარტიის ლიდერი ვარ და რაკი ასეა, ცოტა სასაცილოა მათი მხრიდან ჩემ მიმართ ამხელა ყურადღება. სახელისუფლებო მედია სულ ჩემზე მუშაობს. თუ ნულოვანი რეიტინგი მაქვს, ჩემზე ამხელა ძალას და რესურსებს რატომ ხარჯავენ? ერთ-ერთ შეკრებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, _ ბარიერი ვერ გადალახა და სხვა რა უნდა მოხდეს, რომ ეს ქალი გაჩუმდესო? არაფერიც არ უნდა მოხდეს, სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს. სამართლიანი არჩევნები თუ მაჩვენებს, რომ არ მაქვს საზოგადოების მხარდაჭრა, შეიძლება როგორც პოლიტიკოსი, გავჩუმდე. მაგრამ როცა გაყალბებული არჩევნების შედეგებს აფრიალებენ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამაჩუმებენ.
_ თქვენი საუბრიდან ჩანს, ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და გჯერათ, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება.
_ ჩვენი საზოგადოების იმედი მაქვს და ვიცი, რომ ის თავმოყვარეა _ არ დათანხმდება ქვეყნის გაუქმებას. აქედან გამომდინარე მჯერა, რომ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. სასურველია, არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩატარდეს. ეს იმიტომ კი არ მინდა, რომ მე ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიას გვეჩქარება, რაც უფრო ჩქარა შეიცვლება ხელისუფლება, მით უფრო მალე დაიწყებს ქვეეყანა კრიზისიდან გამოსვლას.

შორენა მარსაგიშვილი