„კასრების საქმის“ გაუხმაურებელი დეტალები

ის ერთ-ერთია, რომლის დაკავებაც ჟენევის დისკუსიის ფარგლებში აფხაზურმა მხარემ ღიად მოითხოვა. ბრალად დასდეს საქართველოს სპეცსამსახურების ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე (მოხსენების სრულ ვერსიას „ქრონიკა+“-ის დღევანდელ ნომერში გთავაზობთ).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მესამე სამმართველოს უფროსის, მაიორ კობა თოდუას სახელი ასევე დაუკავშირდა „კასრების საქმეს“, მხოლოდ იმიტომ, რომ ის დავით ნარმანიას დედის ძმისშვილი იყო და ირაკლი ღარიბაშვილის კლანმა ამ გზით ნარმანია პრემიერ-მინისტრის პოსტისკენ მიმავალ გზაზე ჩამოიცილა.
კობა თოდუამ არ მისცა ცრუ ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, არ გააფორმა საპროცესო გარიგება, ბოლომდე მოიხადა სასჯელი, გაუძლო არაერთ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას და ბრალის ერთ ეპიზოდში სრულად გამართლდა.
„კასრების საქმის“ დღემდე გაუხმაურებელ დეტალებზე კობა თოდუა „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად უყვება:

_ კობა, გილოცავთ თავისუფლებას…
_ როცა მეხუთე კოლონამ საქართველოში შეკერილი საქმით დამაკავა, მაშინ ვხელმძღვანელობდი ერთ-ერთ სადაზვერვო უწყებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. ციხიდან გამოვედი, თუმცა გულწრფელად მინდა გითხრათ, _ დღეს, როდესაც ვაფასებ ვითარებას, ვფიქრობ, ჩემთვის მოსალოცი ის უფრო არის, რომ დღევანდელი საქართველოს სამარცხვინო და ერის მოღალატე მთავარსარდლის, სალომე ზურაბიშვილისა და ბიუჯეტის ვირთხობისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ასევე სამარცხვინოდ გაგდებული თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში არ მომიწია იმ თანამდებობაზე მუშაობა, რომელიც მე წინა ხელისუფლების დროს მეკავა, რადგან ვფიქრობ, ჩემს ბიოგრაფიაში ეს იქნებოდა ყველაზე უფრო დიდი შავი ლაქა, რომლის ახსნაც ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის გამიჭირდებოდა. რაც შეეხება ციხეში ჩემი ყოფნის პერიოდსა და მიზეზს, ამას ავხსნი, რადგან პუტინის ემისარმა საქართველოში ივანიშვილმა, ციხეზე გამიშვა შეკერილი საქმით, ხაზს ვუსვამ _ შეკერილი საქმით _ ჩემი სამშობლოს უზომო სიყვარულისთვის…
რაც შეეხება თანამდებობას, უწყებას, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი იმ რესურსებით და საშუალებებით, რომელიც მას მაშინ ჰქონდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არა მარტო, ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებსა და შეიარაღებულ ძალებს ეჯდა მთავარ არტერიაზე, სისხლს უშრობდა მათ, აყენებდა მნიშვნელოვან წერტილოვან დარტყმებს იმ დანაყოფებს, რომლებიც შემჩნეული იყვნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არაერთ უმძიმესს დანაშაულში, რაზედაც მე და ჩემი უწყების არაერთ ღირსეულ ოფიცერს მიგვიღია მრავალი სამხედრო ჯილდო, მათ შორის, ღირსების ორდენი, რადგან მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჩემს სამშობლოს ვემსახურე ღირსეულად.
რაც შეეხება მიზეზს, თუ რა ამოძრავებდათ ამ რუსეთის ყმებს, როდესაც საქმეს მიკერავდნენ, მაქვს პირდაპირი მტკიცებულება, სადაც რუსული სპეცსამსახურები 2012 წლის 11 ოქტომბრიდან მოყოლებული, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გენერალ-მაიორ გრიგოლ კარასინისა და აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მეშვეობით ითხოვდნენ ჩვენი მოღალატე ხელისუფლებისგან ჩემს განეიტრალებას, ანუ დაპატიმრებას. დოკუმენტში დეტალურად აქვთ აღწერილი, თუ რა ზიანს ვაყენებდი რუსულ სპეცსამსახურებს და აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკას, რაზედაც, თურმე, სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავი. მტკიცებულება, რომელზედაც ახლა თქვენ გესაუბრებით, დევს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; სასამართლოში და მისი სრული ვერსია მაქვს მე.
როდესაც ჩემი დაკავების დავალება მისცეს რუსეთის ფსბ-ს ფილიალის ხელმძღვანელს საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილს, მან და მისმა ე. წ. კახურმა კრიმინალურმა კლანმა გადაწყვიტა, მათთვის ორი მნიშვნელოვანი ამოცანა გადაეჭრათ იმ დროისთვის… თქვენ გახსოვთ, რომ ბაჩო ახალაიას მიმართ დადგა 13 გამამართლებელი განაჩენი, რის შემდეგაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ის და ჩვენ, ვინც შევდიოდით დასაკავებელ პირთა სიაში, გავესამართლებინეთ 1937 წლის მეთოდებით, ე. წ. ტროიკის მეთოდით. მაშინ სამეული ხელს აწერდა დოკუმენტს, რის საფუძველზეც ადამიანებს ხვრეტდნენ ან აციმბირებდნენ. „ქოცების“ ხელისუფლების პირობებში ორი ან, მაქსიმუმ, სამი ცრუ მოწმე საკმარისი იყო ჩვენი სასამართლოებისთვის, რათა მათ დაეყენებინათ გამამტყუნებელი განაჩენი, თუ ეს შედიოდა ხელისუფლებისა და პროკურატურის ინტერესებში.
_ ჩაგეკითხებით: რა იყო ის ამაზრზენი კადრები, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ, ადამიანების გაუპატიურების სცენა. როდინდელია ეს და ვინ იყო ის პერსონა, ვის მიმართაც მსგავსი ტიპის ძალადობა განხორციელდა? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
_ ამ ფაქტის შესახებ სასამართლოში გავიგე, ეს პიროვნება არის ზვიად არქანია, იგი იძებნებოდა ჩვენი შს სამინისტროს მიერ, მან დააყაჩაღა ზუგდიდში პროკურორის სახლი, რის შემდეგაც ის გადავიდა აფხაზეთში და ის იყო ძებნაში გარკვეული პერიოდი, რის შემდეგაც, როგორც ჩემთვის გახდა სასამართლოში ცნობილი, მისი დაკავება განხორციელდა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, ის გადმოიყვანეს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, სადაც მისი წამება მიმდინარეობდა, როგორც ის აღწერს სასამართლოში ჩვენებით, ორი დღის განმავლობაში განმუხურის ტერიტორიაზე, ორი დღის შემდეგ კი ის გადაჰყავთ ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშის მიმართულებით ე. წ. კოტეჯში, სადაც კიდევ ორი დღე გრძელდება მისი წამება.
_ თქვენ, როგორც სამხედრო დაზვერვის ოფიცერს, გქონდათ თუ არა ინფორმაცია იმ პერიოდში, როდესაც მუშაობდით ამ თანამდებობაზე, რომ მსგავსი ტიპის ზეწოლები ხორციელდებოდა ადამიანებზე და ასეთი სამალავები იყო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში?
_ ის ვიცოდი, რომ გარკვეულ საქმეზე მომზადება მიდიოდა. დავუშვათ, გარკვეული ქმედებებისას შემოდიოდა ოკუპანტი ქვეყანა ზუგდიდის ტერიტორიაზე, გარკვეული სახის ინფრასტრუქტურა იქ უნდა ყოფილიყო მოწყობილი, თუმცა უშუალოდ ჩვენს სამსახურს აღნიშნულ სამუშაოებში მონაწილეობა არ მიუღია. ჩემი ფუნქცია და მოვალეობა სულ სხვა რაღაცას კარნახობდა, ჩემი ამოცანა იყო სულ სხვა, ამიტომ ჩვენ არ ვეძებდით ძებნილებს, ჩვენ არ ვმუშაობდით ტერორისტების წინააღმდეგ, ამისთვის სპეციალური დანაყოფი ჰყავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც კვალიფიციური კადრები მუშაობდნენ და მათი ამოცანა იყო, თუ რაღაც ინფორმაციას გავიგებდი, ვალდებული ვიყავი მომეხსენებინა ხელმძღვანელისთვის და წერილობით მერე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენ ვაცნობებდით ამას.
_ როდის დაგაკავეს?
_ 2013 წლის 19 ივნისს, როდესაც სახლიდან სამსახურის მიმართულებით სამსახურის ავტომანქანით გადავადგილდებოდი. დაკავების შემდეგ გადამიყვანეს „მოდულის“ შენობაში, სადაც 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემ წინააღმდეგ წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, ცრუ ბრალდებაზე ხელი მომეწერა და ცრუ ჩვენება მიმეცა ახალაიას წინააღმდეგ.
_ ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც ამ ზეწოლას ახორციელებდნენ?
_ ამ ზეწოლას ახორციელებდნენ მაშინდელი ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მალხაზ ჩიკვილაძე, ქალაქის ანტიკორუფციული სააგენტოს მთავარი სამმართველოს უფროსი დიმიტრი დარბაისელი, ასევე საგამოძიებოს უფროსი, რომლის სახელსა და გვარს ვერ ვიხსენებ და გამომძიებელი კოპალიანი, რომლის მამაც დღეს მუშაობს სასამართლოში მოსამართლედ. მისი შვილი ჩემი დაკავების ოქმს აწერს ხელს და ის ახორციელებდა ჩემზე ზეწოლას.
_ რას ითხოვდნენ?
_ ისინი ჩემგან ითხოვდნენ ცრუ ჩვენებას. აღნიშნულ საქმეზე ცრუ აღიარება სჭირდებოდათ ჩემგან, რის შემდეგაც ხელი უნდა დამედო, თითქოსდა ამ საქმეს მავალებდა ბაჩანა ახალაია და თავდაცვის სამინიტროს გენშტაბის უფროსი, რაზედაც კატეგორიული უარი ვუთხარი.
_ გენშტაბის უფროსი გიგი კალანდაძე იყო?
_ დიახ, მაშინ გენშტაბის უფროსი გიგი კალანდაძე იყო. ამას განსაკუთრებით ითხოვდა დარბაისელი და ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მალხაზ ჩიკვილაძე. 13 საათის შემდეგ მომცეს ვადა 10 წუთი გადაწყვეტილების მისაღებად. თუ ამ 10 წუთში გადავწყვეტდი და ხელს მოვაწერდი ცრუ ბრალდებას, ამ შემთხვევაში გარკვეულ შეღავათს გამიწევდნენ სასჯელის კუთხით, უარის შემთხვევაში დიდი ხნით ვერ ვნახავდი ოჯახს. 10 წუთის შემდეგ ჩემთან შემოდის მალხაზ ჩიკვილაძე. როგორც ჩვენ ვიცით, ის არის იგორ გიორგაძის კადრი საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში, რომელიც ჩემგან ითხოვდა პასუხს _ „კის“ ან „არას“. მან მიიღო უარი, რის შემდეგაც დავიხურე ქუდი და წავედი ციხეზე.
_ და რატომ „კასრების საქმე“?
_ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ჯგუფი დაინტერესებული იყვნენ მოსულიყვნენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მათ მიზანმიმართულად შეარჩიეს ყველაზე უფრო მძიმე მუხლები (სსკ 143-ე და 144-ე), რითაც პოზიციების გამყარება უნდოდათ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
_ რატომ?
_ თქვენ გახსოვთ, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მან გარკვეული პერიოდის შემდეგ განცხადება გააკეთა, რომ ის გადადგებოდა თანამდებობიდან და მისი მონებისგან შემდგარი მინისტრთა კაბინეტიდან შეარჩევდა ერთ-ერთს, ვინც უხელმძღვანელებდა მინისტრთა კაბინეტს, რის შემდეგაც კლანებმა დაიწყეს ცოცვით სიარული პრემიერ-მინისტრის კაბინეტისკენ და აი, ამ მცოცავებში ყველაზე უფრო აქტიური გახლდათ მაშინ ღარიბაშვილის კლანი. ჩემი გადამოწმებული ინფორმაციით, მაშინ ივანიშვილს მინისტრთა კაბინეტიდან გამოკვეთილი ჰყავდა სამი პიროვნება, რომელთა შორის ერთ-ერთზე უნდა დაედო ფსონი, ესენი გახლდნენ: სოზარ სუბარი, დავით ნარმანია და ირაკლი ღარიბაშვილი. სოზარ სუბარი მომენტალურად ჩაახსნევინეს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ სოზარ სუბარის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში საქართველო დაემსგავსებოდა ელცინის რუსეთს. მან ეს გაიზიარა, რის შემდეგაც მას უკვე არჩევანი ჰქონდა გასაკეთებელი ღარიბაშვილსა და ნარმანიას შორის.
თქვენ გახსოვთ, 2013 წელს შს სამინისტრო და უშიშროება იყო გაერთიანებული და ამ უწყების მინისტრის სკამზე მაშინ ღარიბაშვილი წარმოადგენდა საკვანძო თანამდებობას _ ივანიშვილს ამ თანამდებობაზე სჭირდებოდა განსაკუთრებული მონობით გამორჩეული ადამიანი, როგორიც არის ღარიბაშვილი, ხოლო პრემიერ-მინისტრის პოსტი მაშინაც და დღესაც მისთვის გახლავთ ნომინალური თანამდებობა, რომლის ფუნქციებშიც მას შეჰყავს უბრალოდ ეკონომიკური მიმართულების კონტროლი. აქედან გამომდინარე, ივანიშვილს, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ჰქონდა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მისი წასვლის შემდეგ აღნიშნულ თანამდებობაზე დაენიშნათ ნარმანია… მეტსაც გეტყვით: სახელმწიფო სამთავრობო დაცვის ოპერატიულ დანაყოფს დაწყებული ჰქონდა უკვე მარშრუტის შესწავლა ნარმანიას სახლიდან კანცელარიამდე, რის შემდეგაც ღარიბაშვილი და მისი კლანი სწრაფ რეაგირებას იწყებს.
_ ნარმანია თქვენი ნათესავია…
_ დიახ, ნარმანია არის ჩემი მამიდაშვილი… ღარიბაშვილის კლანმა ამოწია ე. წ. კასრების საქმე, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გარკვეული სარგოს სანაცვლოდ გადასცა (არ უპოვიათ, _ გადასცა)…
_ ვინ იყო ეს პიროვნება?
_ ამაზე ვმუშაობთ და ამის შესახებ მოგვიანებით გაიგებთ… მან ეს კადრები გარკვეული სარგოს სანაცვლოდ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს შს მინისტრობის დროს. იგი მისცეს ერთ-ერთ ახოვან მაღალჩინოსან დარბაისელს, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდნენ. ჩემი წყაროს ინფორმაციით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდოდათ გამოყენება, თუმცა როცა ნახეს, რომ ისინი კარგავდნენ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, 2013 წლის გაგანია ზაფხულში ამოწიეს ეს საქმე, ამკიდეს მე, საქმე შემიკერეს, რითაც დარტყმა განახორციელეს ნარმანიაზე, რის შემდეგაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, ნარმანია გადმოეწია თბილისის მერის თანამდებობაზე, სადაც ის მოიაზრებდა ირაკლი ალასანიას კანდიდატურას, ხოლო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა ღარიბაშვილი.
ახლა მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მას ვუთხრა:
მთავარი არ არის, როგორ დაიწყებ, მთავარია, როგორ დაამთავრებ. მე მას ვპირდები, რომ ცუდად დამთავრებს. მას არ ვემუქრები, მასსავით ლაჩრულად უკნიდან არ მივეპარები, თვალებში უნდა ვუყურო და შევახსენო ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მას აღუძრა მისმა პატრონმა, როდესაც ის და მისი ბანდის წევრები გაყარეს თანამდებობიდან, იმიტომ კი არა, რომ ვინმე ჩემზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ მათ კუდი არ მოექნიათ და როცა დარწმუნდა მისი პატრონი, რომ მათ კუდის მოქნევის „ობსილა“ არ ჰქონდათ, ნაძარცვის გარკვეული ნაწილი მოატანინა უკან, ოღონდ არა ბიუჯეტში, არამედ შავ ყულაბაში და მან აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე პროკურატურას თაროზე შემოადებინა. მინდა, გარანტია მივცე და შევპირდე, რომ დადგება დრო, რომ ამ საქმეს თაროდან ჩამოვიღებთ, წავა სასამართლოში, ხოლო ის და მისი ბანდის წევრები, ვინც ჩემი საქმის შეკერვაში მონაწილეობდნენ, შევლენ იქ, საიდანაც მე 2020 წელს გამოვედი.
_ გრძელდებოდა თუ არა თქვენზე ზეწოლა ციხეში?
_ ციხეში ჩემზე ზეწოლა გრძელდებოდა იმის შემდეგ, რაც მე უარი განვაცხადე, არ ვაღიარე და ცრუ ჩვენებაზე უარი ვთქვი. ამ დროს სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა დარბაისელი. ის ამ საქმის მთავარი აქტორი იყო და მას წინ რომ არ დახვედროდა ეს საქმე, შემდგომში სჭირდებოდა ჩემგან აღიარებითი ჩვენება. ამაზე კატეგორიული უარი ვთქვი, რის შედეგადაც ზეწოლის შემდეგი ფაზა მოიფიქრეს _ გადამიყვანეს „მატროსოვიდან“ გლდანის ციხეში, სადაც ორი წელი გავატარე. იქ იყო შემთხვევა, როდესაც, პრაქტიკულად, გიჟებთან მსვამდნენ, რომლებიც დაავადებული იყვნენ „ცე ჰეპატიტით“. 6 კაცი ვისხდედით საკანში და ექვსიდან ხუთი იყო მწეველი, მე ვარ არამწეველი, ანუ ცდილობდნენ, ფსიქოლოგიურად გავენადგურებინეთ და ამ მეთოდით მოეხდინათ ჩემზე ზეგავლენა ცრუ ბრალდებაზე, რომ ცრუ ჩვენებაზე ხელი მომეწერა და ცრუ ჩვენება მიმეცა ახალაიას წინააღმდეგ. ორი წლის შემდეგ დარბაისელი დეპარტამენტიდან სკანდალით გაუშვეს. ეს თქვენ გახსოვთ, რის შემდეგაც გადამიყვანეს, რადგანაც რამდენიმე დღე ვიშიმშილე, ჩავრთე სახალხო დამცველის აპარატი, მოვითხოვე მიზეზები, თუ რატომ გადამიყვანეს „მატროსოვიდან“ გლდანის ციხეზე, რის შემდეგაც უკვე კახიშვილი იყო მაშინ მინისტრი და მისი ბრძანებით დამაბრუნეს ისევ „მატროსოვზე“. ამის შემდეგ იქ მოვიხადე სასჯელი.
_ საქმეში რა დარღვევები იყო ისეთი, რომელმაც სასამართლო აიძულა, რომ რაღაც ნაწილში თქვენი ბრალი არ დადასტურებულიყო?
_ მე მომისაჯეს 9 წელიწადი, ბრალი მედებოდა 2 ეპიზოდზე: ეს იყო ძაძუას ეპიზოდი. ძაძუას ეპიზოდი ხდება 2011 წლის 29 მაისს, როდესაც საქმე შემიკერა პროკურატურამ. მათ გააკეთეს შემდეგი რაღაც: მან ცრუ ჩვენება მიაცემინა მარლეს ხვიტიას, რომელსაც ორივე ეპიზოდზე ედება წამების ბრალი და ბაჩანა ბალოიანს ჩემ წინააღმდეგ, რის შემდეგაც მას სჭირდებოდა ტექნიკური მტკიცებულება, რაც მათ ჩვენებას გაამყარებდა. ორივე არის შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. ბაჩანა ბალოიანი საერთოდ პასუხისგებაში არ მისცეს, ის მხოლოდ მოწმის სახით არის დაკითხული, ორივე ეპიზოდში აღიარებს წამების ფაქტს (არქანიასა და ძაძუას ეპიზოდში), თუმცა დღევანდელმა ხელისუფლებამ მას პასუხისმგებლობა არ დააკისრა.
_ დავაზუსტოთ _ არიან თუ არა ეს პიროვნებები, რომლებიც ჩანან იმ შემზარავ ვიდეოში?
_ იმ ვიდეოში ცალსახად ჩანს მარლეს ხვიტია და ისმის ბაჩანა ბალოიანის ხმა, თუმცა ექსპერტიზა მას არ ჩაუტარდა, რადგან პროკურატურა იძულებული იქნებოდა, შემდეგ მასზე ემუშავა, საქმე აღეძრა და დაეკავებინა, ეს მას არ აწყობდა, ხოლო მარლეს ხვიტიას, რომელიც კადრებშიც ჩანს, მოახდევინეს 2 წელი და 6 თვე, ის გამოუშვეს პირობითით, რადგანაც ცრუ ჩვენება მისცა ჩემ წინააღმდეგ. ხელისუფლება და პროკურატურა დაინტერესებული იყო ჩემი დაკავებით და ჩემი გასამართლებით, ამიტომ ეძებდნენ ინსტრუმენტს, რითაც გამასამართლებდნენ და ასეთებად იპოვეს ხვიტია მარლესი და ბალოიანი ბაჩანა. ასევე მათი ცრუ ჩვენების გასამყარებლად დარბაისელმა და ჩიკვილაძემ გამოიყენეს შემდეგი ყალბი ტექნიკური მტკიცებულება: გამიყალბეს ანძების დეტალური ამონაწერი, 2011 წლის 29-30 მაისს მათ ჩაუმატეს 39 ზარი და მიუთითეს, თითქოსდა ეს ანძები უჩვენებდა ზუგდიდს, სამეგრელოს რეგიონს, რათა ამ ფორმით მათ გაემყარებინათ ამ პირების მიერ მიცემული ცრუ ჩვენება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემი უშუალო მუშაობის შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ შპს „მაგთიდან“ დეტალური ინფორმაცია, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ჩამატებული არის 39 ნომერი, მათ გაყალბებული აქვთ ანძების დეტალური ამონაწერი და მითითებული აქვთ ზუგდიდის რეგიონი. აღნიშნულთან დაკავშირებით დამკითხა თბილისის პროკურატურამ. საქმე აღძრულია, თუმცა თაროზე დევს, რადგანაც მათ არ აწყობთ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ამ შემთხვევაში დასაკავებელი იქნება ჩიკვილაძე, დარბაისელი, გამომძიებელი ბაჩუკი ლაგვილავა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ანძების გაყალბების საქმეში.
_ რომელ ეპიზოდში არ დაგიდასტურდათ ბრალდება?
_ სააპელაციო სასამართლომ ძაძუას ეპიზოდში გამამართლა და თქვა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და პროკურატურამ, არის აცდენა და სასამართლომ დაადგინა, რომ მე დანაშაულის პერიოდში ვიმყოფებოდი თბილისში, ჩემს სამსახურში, კაბინეტში. ეს დადგინდა თითის ანაბეჭდით და ანძებით. ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საქმის შესახებ გამამართლებელი განაჩენი გამომიტანა, რაც ძალაში დატოვა საკასაციო სასამართლომ. როდესაც საკასაციო სასამართლომ ნახა, რომ ორიდან ერთში გამართლებული ვარ, მან წელიწად-ნახევარი მომაკლო და საბოლოოდ, მოვიხადე 7-წელიწად-ნახევარი.
რაც შეეხება არქანიას თემას _ აქ წარმოუდგენელი ფაქტია გაკეთებული: პროკურატურამ, საგამოძიებო ორგანომ ბაჩანა ბალოიანს, რომელიც აღიარებს ადამიანის წამებაში მონაწილეობას, ჩემ წინააღმდეგ მიაცემინეს ცრუ ჩვენება 2011 წლის 2, 3 და 4 აგვისტოს, თითქოსდა მე ვიმყოფებოდი ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდებოდა ჩვენების მიღების მიზნით არქანიას წამება და ბალოიანი ესწრებოდა წამებას, თითქოსდა მან მნახა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ჩვენი მუშაობის შედეგად დავადგინეთ, რომ ბალოიანი იძლეოდა ცრუ ჩვენებას, ეს ცნობილი იყო პროკურატურისთვის, თუმცა ის მტკიცებულებები, რომელიც აბათილებდა მის ჩვენებას და ჩანდა, რომ ცრუ ჩვენებას იძლეოდა, სასამართლოს დაუმალა პროკურატურამ, რომელიც მოგვიანებით მოვიპოვეთ. ახლა რა ხდება? _ ბაჩანა ბალოიანი ოფიციალურად 2011 წლის 29 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით იმყოფება აჭარის რეგიონში, ოფიციალური ბრძანებით, რომელსაც ხელს აწერს სამეგრელო-ზემო სვანეთის შს სამინისტროს სამხარეო პოლიციის უფროსი გუნავა და ის მივლინებული იყო აჭარის რეგიონში, კერძოდ, გონიოში. მისი ტელეფონის ანძები 2, 3, 4, 5, 6 და 7 აგვისტოს უწყვეტლივ უჩვენებს აჭარის რეგიონს, კერძოდ, გონიოს დასახლებას. ბრძანება და ეს მტკიცებულება, რომელიც არსებობს, არის მყარი მტკიცებულება, ჩვენებაზე უფრო დიდი ძალა აქვს ამას, ეს მტკიცებულებები არ წარუდგინა სასამართლოს პროკურატურამ და სუსმა, რადგან მისი ჩვენება უნდა ყოფილიყო ჩემ წინააღმდეგ გამოყენებული. მოგვიანებით ეს მტკიცებულებები მოვიპოვეთ. აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ საკასაციო სასამართლოს, სადაც გასაჩივრებული გვქონდა ამ ეპიზოდზეც, თუმცა საკასაციომაც არ განიხილა ეს თემა და დატოვა აღნიშნული ბრალი არქანიას ნაწილში _ გამამტყუნებელი განაჩენი. რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ გენპროკურატურას. აღნიშნული საქმე გენპროკურატურამ გადაამისამართა ქალაქის პროკურატურაში. დგინდება, რომ ბალოიანი იძლევა ცრუ ჩვენებას, თუმცა პროკურატურამ აღნიშნული საქმე, როგორც ანძების საქმეც, თაროზე შემოდო.
_ ახლა როგორ აპირებთ სამართლებრივი პროცედურების გაგრძელებას?
_ ჩვენ ვიბრძოლებთ სტრასბურგის სასამართლოშიც, სადაც საჩივარი შევიტანეთ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსაც მივმართეთ, იქაც პროცესი გაიმართა, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ, რომ არაკონსტიტუციურად ცნოს სს კოდექსის ერთი ნორმა.
ჩვენ როდესაც მოვიპოვეთ მტკიცებულება, რომ ბალოიანი არ იმყოფებოდა სამეგრელოს რეგიონში, ახალი გარემოებით შევედით სააპელაციო სასამართლოში, რათა მას განეხილა ეს საქმე და ხელახლა გამოეკვლია და გამოეძია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობით, სააპელაციო სასამართლოს კანონი არ ავალდებულებს, რომ ზეპირი მოსმენა განახორციელოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ ახალ გარემოებასთან დაკავშირებით. ის არ უსმენს მხარეებს და თვითონ მიწოდებული დოკუმენტებით მსჯელობს და თუ მიიჩნევს, რომ ეს არ არის მისთვის საკმარისი, ან უნდა, რომ იყოს საკმარისი, მაშინ იტყვის, რომ არ ღებულობს ამას და ეს გასაჩივრებული მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პარლამენტის წინააღმდეგ გვაქვს სარჩელი შეტანილი და ვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლოში ახალი გარემოებებით შედის ადამიანი, რათა მოსამართლე ვალდებული იყოს, მოუსმინოს მხარეებს, მტკიცებულებებს, რადგან მტკიცებულებებს მაშინ აქვს ძალა, როცა შენ აღნიშნული მტკიცებულებების ავთენტიკურობა დადგენილი გაქვს. ამიტომ ამის საშუალება დღეს საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
_ დათო ნარმანიამ თუ იცის თქვენი დაკავების მოტივი და სხვა დეტალები? როგორც ცნობილია, მისი ძმა იყო თქვენი ადვოკატი.
_ დათო ნარმანიას ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის დინების საწინააღმდეგოდ ვერ წავიდა. მე მთავაზობდნენ საპროცესო გარიგებას, 2 წელი უნდა ვმჯდარიყავი და პროკურატურა მზად იყო, ჩემთვის გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება, რაზედაც კატეგორიული წინააღმდეგი წავედი. სამუდამო რომ მოესაჯათ, მზად ვიყავი, ბოლომდე მებრძოლა და ჩემი სიმართლე დამედგინა. მზად ვარ, ვიბრძოლო ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, ჩემს სიმართლეს დავადგენ და ის პირები, რომლებიც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის შეკერვით იყვნენ დაკავებულები, დღეს თუ არა ხვალ, პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე.

ელისო კილაძე