„ალტერნატივის“ წევრებმა ბათუმის მეჩეთთან საქართველოს დროშა აღმართეს

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრებმა მეჩეთთან საქართველოს დროშა აღმართეს. 

მათი თქმით, ისინი ამ ფორმით ნინო წილოსანის განცხადებას ეხმაურებიან. „ალტერნატივის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსლიმები ქართველები არიან და პარლამენტის წევრის განცხადება მიუღებელია.

„რელიგია და ეროვნება ორი სხვადასხვა ცნებაა და მისი დიფერენცირება უნდა შეძლოს ყველა რელიგიური მრწამსის ადამიანმა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ნინო წილოსანის მცდარი დეფინიცია: „მუსლიმანი და ქართველები“. არამედ მას უნდა ეთქვა: ქართველი მუსლიმები და ქართველი ქრისტიანები. და ჩვენ ოდითგანვე, საუკუნეების მანძილზე, ტოლერანტულად  თანავცხოვრობდით საქართველოში და არა მარტო ამ ორი რელიგიის წარმომადგენლები, არამედ ასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები.

დღეს ჩვენ  სიმბოლურად მოვიტანეთ დროშა მეჩეთთან  და აღვმართეთ ის, რადგან სახელმწიფოს ეს სიმბოლო აერთიანებს ყველა რელიგიის წარმომადგენელს, ეს არის ქართული სიმბოლო და არ შეიძლება რელიგიის გამო ქართველებს შორის მოხდეს დაპირისპირება, მით უმეტეს, პოლიტიკისებმა ისაუბრონ ამ კონტექსტში, რომ ვინც არ არის ქრისტიანი, მათ ვუწოდოთ არაქართველები“, – განაცხადა ხათუნა ბერიძემ.

ხვიჩა მამულაძე