რატომ შეაქო ოლიგარქმა მერაბიშვილი?

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ოცნებობს, რომ ხელისუფლებაც მის დაქვემდებარებაში იყოს და _ ოპოზიციაც. გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ სურს, „ოცნება“ გამჭრიახმა ძალამ ჩაანაცვლოს. გამჭრიახი ძალა, მისი ჭკუით, მომავალში უნდა შეიქმნას. არსებულ ოპოზიციას ის ქარაქუცა პარტიებად მოიხსენიებს. არადა, აწ უკვე უარყოფილი „ოცნება“ ქარაქუცა ოპოზიციიდან წამოყვანილი ხალხით ჰყავს გაძეძგილი. მრავალი წლის მანძილზე თავად იყო ამ ქარაქუცა ძალების დამფინანსებელი.

ივანიშვილს მრავალი წელი უყვარდა „ნაციონალები“. მათგან გამორჩეულად ესიმპათიურებოდა ვანო მერაბიშვილი და მას პატივს სცემდა. როგორც ამბობენ, მას ყოველთვის „ჩემი ვანოთი“ მოიხსენიებდა. ამის მიუხედავად, ექსფავორიტს 7 წელი გაატარებინა სამარტოო საკანში. გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში კი გვითხრა, რომ მერაბიშვილი მაგარი კაციაო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ფრაზას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. „ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები სულ ვანოს ძაგებაში იყვნენ, მაგრამ ამჯერად ხმის ამოღებაც კი ვერ გაბედეს. ივანიშვილმა ისინი მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაადუმა. თუ მეოცნებეთა განცხადებებს გადავხედავთ, ისინი ყოფილ შს მინისტრს იშვიათად ახსენებენ.

„ქართული ოცნების“ შემქმნელს მერაბიშვილი კი ესიმპათიურება, მაგრამ ახლა შემთხვევით არ შეაქებდა მას. აშკარაა, რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ეს რაღაც „ნაციონალების“ შემადგენლობაში არეულობის შეტანაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ვანო მერაბიშვილთან არ ითანამშრომლებს. არჩევნების წინ ნიკა მელია პარტიის დატოვებით დაიმუქრა, თუკი პარტია ახალციხეში მერაბიშვილის კანდიდატურას დააყენებდა მაჟორიტარად.

„ოცნებასთან“ დაახლოებული წყაროს ცნობით, ივანიშვილი მერაბიშვილზე გასვლას და მისი მეშვეობით  „ნაციონალებთან“ რაღაცების მოგვარებას აპირებდა. ამ შემთხვევაში პარტია უნდა დაერწმუნებინა, რომ პარლამენტში შესულიყო. პარლამენტში შესვლა „ნაციონალებიდან“ რამდენიმე კაცს, მათ შორის, ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს სურდა.

მერაბიშვილს „ნაციონალებზე“ სერიოზული გავლენა აქვს და მიშას კარზეც ეთქმის სიტყვა. ივანიშვილმა ის შეიძლება იმიტომაც შეაქო, რომ ყოფილი შს მინისტრისა და მისი გუნდის დევნა დაიწყოს ყოფილ ხელისუფლებაში. არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიაში ფულიანი ტიპები: ცეზარ ჩოჩელი, რამაზ ნიკოლაიშვილი და კახა ოქრიაშვილი მერაბიშვილმა შემოაბრუნა.

პარტიაში ვანოსთან დაკავშირებით ისედაც არის კითხვები. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ 2012 წელს ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლაში მერაბიშვილი დაეხმარა. ამ ვერსიას ახალაიას ჯგუფიც იზიარებს. ივანიშვილის ქების მერე ეს ვერსია კიდევ უფრო გამყარდა.

განიკვეთება თუ არა მერაბიშვილი „ნაციონალებიდან“, მალე ვნახავთ. ვნახავთ იმასაც, ვინ გაბედავს „ოცნებიდან“ ყოფილი შს მინისტრის ქების გამო ივანიშვილის დაგმობას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სიის პირველი ათეულიდან ამოიღეს და პარტიიდან წყევლა-კრულვით გააგდეს დათო კოღუაშვილი, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბიშვილზე რაღაც დადებითი თქვა.

შორენა მარსაგიშვილი