მთავარი ინტერვიუ „მმართველ გუნდს სულ ცოტა დრო დარჩა“, – ასტროლოგ გიორგი ლობჟანიძის პოლიტიკური პროგნოზები

„მმართველ გუნდს სულ ცოტა დრო დარჩა“, – ასტროლოგ გიორგი ლობჟანიძის პოლიტიკური პროგნოზები

4598
0
გაზიარება

როგორი იქნება 2021 წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის? – ამის შესახებ პოლიტიკისა თუ ეკონომიკის ექსპერტები მსჯელობენ, თუმცაქრონიკა+“-მა გადაწყვიტაასტროლოგისთვის ეკითხა აზრი. გიორგი ლობჟანიძესთან საუბარი მარტივი კითხვით დავიწყეთ:

გიორგი, ხარის წელი პოლიტიკისთვის კარგია თუ ცუდი?

– 2021 წელი საკმაოდ დიდ რეფორმებსა და დინამიკურ პროცესებთან იქნება ასოცირებული. საერთოდ, იანვარ-თებერვალში აღმოსავლეთში ყოველთვის დიდი ზეიმია – წლის ახალ მმართველს ეგებებიან. ამ შემთხვევაში კი  ხართან გვაქვს საქმე. ხარი მშრომელი, სიტყვაძუნწი, მეოჯახე, ერთგულების სიმბოლო, სტაბილური, მუშა, ამტანი და ბრძენი ცხოველია. შესაბამისად, წელსაც ის იქნება წარმატებული, ვინც ამ თვისებებს გამოამზეურებს.

რაც შეეხება კითხვას, პოლიტიკა საქართველოსთვის მარტივი  არასდროს ყოფილა. მაშასადამე, ეს წელიც მეტად დაძაბული იქნება.

ანუ?

– სიახლეები, განსაკუთრებით, გაზაფხულიდან დაიწყება და ამას ყველა ერთად ვნახავთ. არაა გამორიცხული, რომ ბოიკოტის ტალღამ პიკსაც კი მიაღწიოს, მაგრამ არც ის გამიკვირდება, თუკი ზოგიერთი მხარე დაზავების ან დიპლომატიური დათბობის კურსს აირჩევს.

ისე, 2021 წელი მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც სკანდალით დაიწყო: კაპიტოლიუმში ტრამპისტები შევარდნენ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ყველაფერ ამაში ვარსკვლავების და კოსმოსის ხელი ურევია?

კარგი კითხვაა… თუკი აღმოსავლური კუთხით ვიმსჯელებთ, წინა პლანზე ჯერაც ვირთხაა, მაგრამ ახლა ცის კაბადონზე მეტად რთული მდგომარეობა გვაქვს. აშშ-ის ტენდენციები სახარბიელო ნამდვილად არაა და არც ის ვიცით, ბაიდენის ხელისუფლებას ძალაუფლება როგორ გადაეცემა. მიუხედავად იმისა, რომ დონალდმა შინ წასვლის ბრძანება გასცა, ხალხი მაინც უკმაყოფილოა, ამიტომ იმის ვარაუდი, თუ რა მოხდება იანვრის ბოლომდე, რთულია, თუმცა ცალსახაა, რომ ჯოს გაპრეზიდენტებას ბევრი უარყოფითი რეფლექსი მოჰყვება და ამასაც დროსთან ერთად ვიხილავთ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობას, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ იგი ცის კაბადონით ხელმძღვანელობს.

ეს რას ნიშნავს?

– სწორედ იმ დროს წავიდა პოლიტიკიდან, როცა ამის საჭიროება იყო. ასტროლოგიაში გვაქვს პლანეტა სატურნი და მისი როლი, რაც ხშირად კოსმიური მასწავლებლის ფუნქციებს ირგებს, მაგრამ შემთხვევას გააჩნია. აი, ივანიშვილის შემთხვევაში კი სატურნის ენერგიები მერწყულის ნიშანშია მოხვედრილი და თავადაც ამ ზოდიაქოს მატარებელი მზე ჰყავს. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ მისთვის არა მარტო მომდევნო წელი, არამედ მომდევნო სამწლედი უმნიშვნელოვანესია.

კერძოდ?

– დიდ სიახლეებთან, რეფორმებსა და შეიძლება, რევოლუციურ სცენართანაც კი იყოს დაკავშირებული. ასე რომ, ხვდება – ნელ-ნელა  წასვლის დროა და სურს, ყველაფერი ეს უმტკივნეულოდ გააკეთოს.

გიორგი,  რას იტყვი „2021“ ოცნებისთვის უფრო წარმატებული იქნება თუ ოპოზიციისთვის?

– მმართველ გუნდს სულ ცოტა დრო დარჩა.

რისთვის?

– ქვეყანაში არსებული მდგომარეობა როგორმე რომ გააუმჯობესოს, მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს ამ ძალებით, თანაც  ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, შეძლოს. ამიტომ ეს პერიოდი მის წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს. არაა გამორიცხული, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ოპოზიციის ზეწოლა და წნეხი გაუსაძლისიც აღმოჩნდეს. ამიტომ, 2021-იც და ეს წლებიც ოპოზიციისთვის გაცილებით უკეთესია, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლის გზას აირჩევს და არა – დიალოგს.
რა ელის, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას? ისინი დღეისთვის აქტუალური კადრები არიან.

– როგორც აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი წლები იწყება და მისი პოლიტკარიერა და, საერთოდ, აქ მოღვაწეობაც, საბოლოოდ, წარსულს ჩაბარდება.

მიხეილ სააკაშვილი კი ყველაფერს გააკეთებს ამ ხანებში, რომ საქართველოში მეორედ დაბრუნდეს და ძალაუფლება კიდევ ერთხელ გაიმყაროს, მაგრამ ამას ხალხი ასე მარტივად ვერ შეეგუება, იქნება მისი საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებიც, მაგრამ შანსები  უკეთესი აქვს.

რაც შეეხება გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას, ორივე აქტიური, ბრძოლისუნარიანი და იდეის მატარებელია, თუმცა სჭირდებათ დიდი რეფორმები და პიროვნული გარდაქმნა, სხვანაირად სოციუმი იოლად ვერც მათ მიიღებს.

ისე, აქ კითხვა ცოტა სხვაგვარად უნდა დაისვას: რამდენადაა ხალხი მზად უწინდელი კადრების დაბრუნებისთვის?  მზად არ არის, მაგრამ სამივეს გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე – ბიძინა ივანიშვილს.
რას ამბობს კოსმოსი, წელს ვადამდელი არჩევნები იქნება?

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ვადამდელი არჩევნები თავიდან აირიდოს, მაგრამ, ვგონებ, გაუჭირდება, თუ ოპოზიცია მოეშვება დიალოგს  და თავიდან ბოლომდე კატეგორიულ მოთხოვნებს წამოაყენებს და ამას  ხალხის მხარდაჭერაც დაემატება, მაშინ გაზაფხულიდან მოყოლებული, შემოდგომით დამთავრებული, ამის შანსი გაცილებით დიდი იქნება.
რა უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ და რა ხელისუფლებამ?
– ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს და კარგად გაიგოს, რა არის მისი სამოქმედო გეგმა? ის, რომ შევიდნენ ერთხმად პარლამენტში და შეეგუონ ამ არჩევნებს თუ დადგნენ ერთიანად ბრძოლის ველზე და ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმე. „ოცნებამ“ კი უმოკლეს დროში უნდა შეძლოს ეკონომიკის ფეხზე დაყენება და როგორმე ხალხის გულის მოგება, რაც ძალიან რთული ამოცანაა და მეეჭვება, ეს შეძლოს. ჩვენ ისევ ან რევოლუციურ სცენართან ან კიდევ საპროტესტო აქციებამდე მივდივართ, რაც არ გამიკვირდება.
რუსული აგრესია ხომ არ გვემუქრება?
– ეს უკვე საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რუსეთს ჯერ არ სცალია მორიგი შეტევისთვის – ამ ეტაპზე აბსოლუტურად სხვა პრობლემები აქვს და ვფიქრობ, მოუწევს დიდი რეფორმების გატარება. ეს წლები საუკეთესოა დიპლომატიური, მშვიდობისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისთვის, მერწყულს არ უყვარს აგრესია და კამათი. ის სხვა აზროვნების ნიშანია და ორივე სოციალური პლანეტა სატურნისა და იუპიტერის სახით სწორედ მე-11 სახლის მმართველში იმოძრავებს.
მსოფლიო ახალი გადანაწილების წინაშე დგას?

– კარგი კითხვაა. ეს გადანაწილებისა და სიახლეების პროცესი ჩაირთო 2020 წლის 21 დეკემბრიდან და გაგრძელდება მომდევნო 20 წელი. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი და კოლოსალური პროექტების ეპოქა დაიწყო.
კორონა წელს დამთავრდება?

კორონა ასე მარტივად არ ამოიძირკვება და აქ მთელი რიგი საპროტესტო გამოსვლები გველოდება. ვაქცინაციის თემა ხელმეორე სოციალურ ვნებათაღელვას გამოიწვევს და ერთი კუთხით ხალხი მართალია: ჩვენ არ ვიცით, რას ვიკეთებთ, თუ ეს ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ყველანაირი სტანდარტისთვის მარგებელი და ნორმის მატარებელი იქნება, რატომაც არა?! მაგრამ სანამ საფრთხე არსებობს, იქამდე ხალხს მეტი დაფიქრებისა და თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ამას გარკვეული პერიოდები დასჭირდება, რომ ყველაფერი გამოირკვეს და ანალიზი პროფესიონალურად შემუშავდეს.  

გიორგი აბაშიძე

დატოვეთ კომენტარი