როგორ აფასებენ ოპოზიციის ლიდერები აჭარაში ბიძინა ივანიშვილის წასვლას?

ქრონიკა+“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ აჭარის ოპოზიციის ლიდერებს ესაუბრა

ირაკლი კუპრაძე _ „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი:

„სინამდვილეში, ივანიშვილის წასვლა ჩვენთვის არანაირ ფაქტორს არ წარმოადგენს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყველა ძირითად შეცდომაზე (რამაც გამოიწვია ეკონომიკის ჩამოშლა, ანაკლიის პორტის გაჩერება, სიღარიბე, განათლების ხარისხის დავარდნა და ა. შ.)., პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ ბიძინა ივანიშვილს.

შესაბამისად, ივანიშვილი იქნება თუ არა ფორმალურად ხელისუფლების ან საკუთარი პარტიის რაიმე წარმომადგენლობით ნაწილში, ჩვენთვის ეს უმნიშვნელოა.

გვაქვს ასევე გონივრული ეჭვი, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და უნდა, რომ ჩრდილოვანი და არაფორმალური მმართველობით შემოიფარგლოს. ცალსახაა, რომ ივანიშვილი მშიშარა პოლიტიკოსია და ის საკუთარი უსაფრთხოების გარანტიას არ ჩააბარებს ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს. მისთვის მთავარი გარანტორი არის, ისევ და ისევ, საკუთარი თავი და პირადი კაპიტალი, რომ შეძლოს როგორც ფინანსური, ასევე ფიზიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის, ოპოზიციისგან.

ვფიქრობ, ეს უსაფუძვლო შიშია, მაგრამ მას ნამდვილად ეშინია.

წინა წასვლისგან და მეორედ მოსვლისგან განსხვავებით, ეს შემთხვევა მგონია, რომ უფრო სხვა ვერსიაა: ივანიშვილი თავადაც არის უკვე იმედგაცრუებული საკუთარი გუნდით, თანამებრძოლებით, რომლებმაც, ძირითადად, თავი გამოავლინეს მხოლოდ და მხოლოდ კორუფციაში, ფულის სიყვარულში, ძარცვასა და ა. შ.,

მათ შორის, ივანიშვილის ძარცვაში… არა მხოლოდ სახელმწიფოს ძარცვაში. შესაბამისად, ივანიშვილი საკმაოდ იმედგაცრუებულია. მისი გაპასიურება პოლიტიკურ ასპარეზზე შეიძლება სწორედ ამას უკავშირდებოდეს.

პირადად განსხვავებულად აღარ ვუყურებ ივანიშვილის აქტივობას. ჩემი აზრით, მას რეალურად უნდა წასვლა, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ რეჟიმში, რომ „ქართული ოცნება“ ისევ გააკონტროლოს.

იგი იშვიათად ჩაერევა პოლიტიკური პროცესების მართვაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი.

რაც შეეხება მის ეკონომიკურ წარმატებებს, სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი მეგაპროექტი, რომელიც დაიწყო ივანიშვილის პერიოდში და დასრულდა, არ მახსენდება.

მახსენდება მხოლოდ მისი ფსევდო საქველმოქმედო პროექტები: ბლექსი არენა, რომლის აშენებაშიც უზარმაზარი თანხა გადაიხადა და სახელმწიფოს გადასცა, არადა, დღეს იგი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი და წამგებიანია, რადგან მისი შენახვა-შენარჩუნება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მოგებაა ამ საკონცერტო დარბაზიდან.

მაგალითად, ზუგდიდის თეატრი, რომელიც გაარემონტა და უზარმაზარი სახსრები იხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მის შესანახად, რაც ყოველდღიური თავსატეხია ზუგდიდისთვის.

ან ქუთაისის ვითომ მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელსაც რამდენიმე ათასი სტუდენტი უნდა მიეღო და ამჟამად 300 სტუდენტი სწავლობს უზარმაზარ სივრცეებში, რომლის შენახვაც ასევე ძალიან რთული იქნება და ამ ყველაფრის გადაცემაზეც არის საუბარი სახელმწიფოსთვის.

რეალურად, ივანიშვილი ყოველთვის წამგებიან პროექტებს აკეთებს.

იგივე პანორამა თბილისი, რომლის გადაცემასაც აპირებს სახელმწიფოსთვის. ეს პროექტები დამაზარალებელია ქართული სახელმწიფოსთვის, პირველ რიგში, ბიუჯეტისთვის.

ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას, ბიუჯეტში თანხები შეგვაქვს ჩვენი საშემოსავლო გადასახადებიდან და ვხედავთ, რომ იგი მიედინება სხვადასხვა მიმართულებით წამგებიან პროექტებში, რომელიც, ძირითადად, ივანიშვილს სათავისოდ უნდოდა, მაგრამ შემდეგ თითქოსდა აქცია ფსევდოქველმოქმედებად“.

ელგუჯა ბაგრატიონი _ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი:

„თუკი რეალურად მიდის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის ძალიან კარგია, რადგან 8 წლის განმვალობაში ამ ადამიანმა უკიდურესად გააღარიბა ქვეყანა, 20 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი დაუტოვა მომავალ თაობას და რამდენი დღითაც დარჩება ბიძინა ივანიშვილი, კიდევ უფრო მეტად გაუჭირვებს ჩვენს ქვეყანას. თუმცა ერთხელ გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა დააანონსა, მაგრამ შემდეგ „აღმდგარი“ ვნახეთ. ამიტომ ახლა რა ტრიუკი ან რა აფერა ჩაიფიქრა, არავინ იცის, თუმცა ნამდვილად კარგი იქნება, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ განთავისუფლდება იმ რუსი ოლიგარქის პატრონაჟისგან, რომელიც კვებავდა მას და მარიონეტებივით ათამაშებდა. ისინი თავს დაიხსნიან ივანიშვილის წნეხისგან და ყურად იღებენ ხალხის მოთხოვნებსა და პროტესტს 2020 წლის 31 ოქტომბერს მოპარული არჩევნების შესახებ: „ოცნება“ მიღეებს გადაწყვეტილებას და ამ არჩევანს დაუბრუნებს ხალხს და ჩაატარებს რიგგარეშე არჩევნებს. პრაქტიკაში გვქონდა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა და ისევ მოვიდა, მაგრამ ახლა ნაკლებად მიმაჩნია სავარაუდოდ, რომ ქართველი ხალხი ამ აფერის მძევალი გახდეს. ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა ზეწოლას ვერ გაუძლო. რეალურად, ივანიშვილმა ყველა რესურსი ამოწურა“.

ხვიჩა მამულაძე