გია ხუხაშვილი: „ივანიშვილი თუ რეალურად მიდის, კობახიძის პოლიტიკურ ავტორიტეტად აღქმა შეუძლებელია“

„ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ივანიშვილი ხარკს უხდის არა იმდენად ქართულ საზოგადოებას, არამედ – დასავლეთს“, – ასე შეაფასა პოლიტოლოგ გია ხუხაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა.

როგორც ხუხაშვილი „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს დასავლეთთან გარკვეული კონფიდენციალური შეთანხმება ჰქონდა.

„არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთის ლოიალური დამოკიდებულება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ განპირობებული იყო ბიძინა ივანიშვილისგან ძალაუფლებიდან ჩამოშორების გარანტიების მიღებით. შეიძლება ივანიშვილმა დასავლეთს წინასწარი გარანტიები მისცა, რომ ის ნამდვილად წავიდოდა პოლიტიკიდან და ახლა ხარკს უხდის ამ გარკვეულ კონფიდენციალურ შეთანხმებას, – ამას ვერ გამოვრიცხავ. შესაძლოა, სინამდვილეში ასე იყოს, ლოგიკას ვხედავ. უცნაური იყო დასავლეთის დამოკიდებულება არჩევნების შედეგების მიმართ და ამ უცნაურობის მიზეზი ზუსტად შეიძლება ეს ყოფილიყო“, – აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლა ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია. თუ ივანიშვილი რეალურად მიდის პოლიტიკიდან, მაშინ კობახიძის, როგორც პოლიტიკური ავტორიტეტის, აღქმა შეუძლებელია:

„არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს რეალურად ჰქონდეს ძალაუფლების დათმობის სურვილი. გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს პრობლემები კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების, არ მგონია, მან ზუსტად იცოდეს, როგორ გადაწყვეტს ამ პრობლემებს. ამათი გადაწყვეტის მთავარი ინსტრუმენტი მისთვის, დღეის მდგომარეობით, არის ძალაუფლება. რით და როგორ ჩაანაცვლებს ამას, ეს სხვა საკითხია. გარდა ამისა, ხელისუფლებიდან წასვლა და განცხადების გაკეთება ორი სხვადასხვა თემაა. წასვლა ძალიან ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია, ასე მარტივად არ ხდება. ყველა საძალაუფლებო ძაფი სწორედ ივანიშვილთან მიდის. ერთია დეკლარირება, მაგრამ მეორეა, როგორ და ვის  გადაბარდება ძალაუფლება. კობახიძისთვის გადაბარება არასერიოზულია, რადგან „ქართული ოცნების“ აქტივის ძირითადი ნაწილი მას  ვერ იტანს. რა თქმა უნდა, კობახიძეს პარტიული წესრიგის დამყარება არ შეუძლია. ამ ნაწილში პოლიტიკური ლოგიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში ლაგდება, თუ ივანიშვილი ფსევდოწასვლაზე საუბრობს, ანუ რეალურად არსად მიდის და დისტანციურ მართვაზე ცდილობს გადაყვანას ისე, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს და რეალური ძალაუფლება შეინარჩუნოს. მაგრამ თუ ის რეალურად მიდის პოლიტიკიდან, მაშინ კობახიძის, როგორც პოლიტიკური ავტორიტეტის, აღქმა შეუძლებელია, – წარმოუდგენელია, ეს ივანიშვილს არ ესმოდეს. დღეს „ქართული ოცნების“ აქტივი ჩუმადაა, რადგან მას იმედი აქვს, რომ სინამდვილეში ბიძინა არსად მიდის. თუ ეს აქტივი დარწმუნდა, რომ ბიძინა მართლა წავიდა და კობახიძე დატოვა, მაშინ ეს აქტივი კობახიძისთვის უფრო საშიშია, ვიდრე გარე ოპონენტები“, – აცხადებს ხუხაშვილი.

ნენე ინჯგია