გაიზიარებს თუ არა ანქვაბი ბაღაფშის ბედს _ რა ელოდება მას მოსკოვში?..

კორონავირუსით ინფიცირებული აფხაზთა დე ფაქტო პრემიერი, ალექსანდრე ანქვაბი, სამკურნალოდ მოსკოვში გადააფრინეს. ანქვაბს კორონავირუსი გასული წლის 27 დეკემბერს დაუდასტურდა. 8 იანვრამდე ის გუდაუთის კოვიდცენტრში მკურნალობდა, სადაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ადგილობრივმა მედიკოსებმა გადაწყვიტეს, ანქვაბი მოსკოვში გადაეყვანათ. ამას პრემიერიც დასთანხმდა.

აფხაზური მედიის ცნობით, ანქვაბი მოსკოვის ფედერალურ სამედიცინო-ბიოლოგიურ ცენტრშია მოთავსებული, სადაც მას სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება. ექიმების თქმით, პაციენტს სუნთქვა უჭირს, მაგრამ ის მართვითი სუნთქვის აპარატზე არ გადაუყვანიათ. მედიკოსების განმარტებით, აფხაზთა პრემიერის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სოხუმშიც და თბილისშიც ფიქრობენ, რომ ანქვაბმა მოსკოვში წასვლით გარისკა. იქ მან შეიძლება, სერგეი ბაღაფშის ბედი გაიზიაროს, რომელიც 2011 წლის მაისში მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ: სერგეი ბაღაფში 2005 წელს აფხაზებმა რუსების ნების წინააღმდეგ აირჩიეს პრეზიდენტად. მაშინ კრემლის ფავორიტი რაულ ხაჯიმბა იყო. მოსკოვისთვის ის მიუღებელი ფიგურა გახლდათ. ბაღაფშმა კრემლის ფავორიტს 2009 წელსაც მოუგო საპრეზიდენტო არჩევნები. ამ უკანასკნელს, რატომღაც, პროქართულობაში დებდნენ ბრალს და არც ის მოსწონდათ, თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის დახმარებით ოფიციალურ ანკარასთან კავშირების დამყარებას რომ ცდილობდა.

2010 წლის ბოლოს მას ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. ის თურქეთსა ან ისრაელში გეგმავდა სამკურნალოდ წასვლას. როგორც აფხაზურ მედიაში დაიწერა, მას რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსი პატრუშევი დაუკავშირდა და ურჩია, ოპერაცია მოსკოვში გაეკეთებინა. უთხრა, რომ თავადაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა და მოსკოველმა ექიმებმა მას წარმატებით გაუკეთეს ოპერაცია.

ბაღაფშს მარჯვენა ფილტვზე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გართულდა და აფხაზთა ლიდერი გარდაიცვალა. ეს აფხაზებმა ძალიან საეჭვოდ მიიჩნიეს.

აფხაზეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. კრემლმა კვლავ თავისი ფავორიტი წარადგინა. ამჯერად ალექსანდრე ანქვაბმა მოუგო მას და პრეზიდენტი გახდა. საპრეზიდენტო ვადა მან ბოლომდე ვერ მიიყვანა. რაულ ხაჯიმბას მომხრეებმა ის 2014 წლის მაისში დაამხეს. ამის შემდეგ კრემლმა, როგორც იქნა, თავის კაცს მოაგებინა არჩევნები. ხაჯიმბამ ერთი ვადა დაასრულა და მეორე არჩევნებშიც იმაიმუნა. მისი პრეზიდენტობა კი შედგა, მაგრამ შარშან ის აფხაზებმა ჩამოაგდეს, ხოლო პრეზიდენტად ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ასლან ბჟანია აირჩიეს, რომელიც 2019 წლის არჩევნებში ხაჯიმბას რეალური კონკურენტი უნდა ყოფილიყო. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ის მოწამლეს. ბჟანია სიკვდილს ძლივს გადაურჩა. გარკვეული თვეების მანძილზე გერმანიაში მკურნალობდა. ბჟანიამ პრემიერად ანქვაბი დანიშნა. აფხაზეთსა და რუსეთშიც ყველამ იცის, რომ რეალური მმართველი ალექსანდრე ანქვაბია.

ანქვაბს პრემიერის პოსტი ბაღაფშის პრემიერობის დროსაც ეკავა; იყო ვიცე-პრეზიდენტიც. მას რამდენჯერმე მოუწყვეს ტერორისტული აქტი. ის ტერაქტს პრეზიდენტის რანგშიც გადაურჩა. სულ შვიდჯერ სცადეს მისი მოკვლა. როგორც ამბობენ, ამ ტერაქტების უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.

აქამდე აუფეთქებელ ანქვაბს სულ უმართლებდა… ვნახოთ, რა მოხდება ახლა?.. რუსების გარდა მას აფხაზების ნაწილიც ვერ იტანს. ისიც, რატომღაც, პროქართველად მიიჩნევა. ალბათ იმიტომ, რომ ომის დროს მან ათასობით მშვიდობიანი ქართველი იხსნა სიკვდილისგან. მას მაშინ შს მინისტრის პოსტი ეკავა.

შორენა მარსაგიშვილი