მთავარი პოლიტიკა საქართველო და ტრამპიზმი

საქართველო და ტრამპიზმი

481
0
გაზიარება

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო დღეებზე მომავალში ბევრს დაწერენ და ისაუბრებენ, თუმცა, სავარაუდოდ, ყველას ერთი მოვლენა გამორჩებატრაპმიზმად წოდებული ფენომენის ფართო გავრცელება არა მხოლოდ და არა იმდენად შტატებში, რამდენადაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

კაპიტოლიუმის შტურმში  2-3 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მათ ასობით ათასი მომხრე ქომაგობდა.

მათ შორის ძალიან ბევრი _ საქართველოშიც.

ეს ფენომენი ცალკე შესწავლის საგანია. ქართული ტრამპიზმი აბსურდის თეატრს წააგავს, სადაც ყველაფერი თავდაყირა დგას.

როდესაც კითხულობთ მათ პოსტებს და კომენტებს სოციალურ ქსელებში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საუბარია მესამე სამყაროს ქვეყანაზე და არა მსოფლიო ისტორიაში უძლიერესს სახელმწიფოზე.

თავად ამერიკაში წარმოუდგენელი რამ ხდება _ არც ერთხელ შტატების  ისტორიაში არავის დაუყენებია ეჭვის ქვეშ ჩატარებული არჩევნების სამართლიანობა. ბევრი პრეტენზია ისმის აშშ-ის საარჩევნო სისტემის მიმართ, რომელიც მართლაც ძალიან რთული და უცნაურია.

ამ სისტემით არჩევნები შეიძლება მოიგოს კანდიდატმა, რომელმაც ხმების ნაკლები რაოდენობა მიიღო _ ასე გახდა სახელმწიფოს მეთაური მეორე ვადით ჯორჯ ბუში-უმცროსი და თავად დონალდ ტრამპიც.

ამ სისტემას თავისი ლოგიკა აქვს _ აშშ ფედერაციაა, სადაც ძალაუფლების მთავარი სუბიექტი არა ცენტრი, არამედ შტატია.

ხმოსანთა სისტემა, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, მიზნად  ისახავს სხვადასხვა სიდიდის შტატების ინტერესთა ბალანსის დაცვას.

მაგალითად, კალიფორნიაში 37 მლნ. ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ვაიომინგში – 700 000. იმისთვის, რომ დიდმა შტატებმა მცირე არ დაჩაგრონ, პატარა შტატებში 100 000 ამომრჩეველზე მეტი ხმოსანი მოდის, ვიდრე _ დიდში.

შესაბამისად, პრეზიდენტობის კანდიდატმა  შეიძლება მოიპოვოს მეტი ფიზიკური ხმა, მაგრამ არჩევნები, ასე ვთქვათ, ქულებით ანუ ხმოსნების რაოდენობით წააგოს.

აზრი, რომ ეს სისტემა უკვე მოძველდა და მისი შედეგები ამომრჩეველთა ნებას ხშირად არ გამოხატავს, სულ უფრო და უფრო მკვიდრდება ამერიკის ისტებლიშმენტში, თუმცა ამ სისტემის ფარგლებში არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე აქამდე არავის ულაპარაკია.

როგორც აღმოჩნდა, ამის არც ბევრ ამერიკელს სჯერა და არც თავად ტრამპის თანაპარტიელებს, თუმცა ეს სრულიად სარწმუნოა ქართველი ტრამპისტებისთვის.

ეს მაშინ, როდესაც ამერიკაში ცნება „მმართველი პარტია“ ძალიან ფარდობითია – როგორც წესი, დემოკრატები და რესპუბლიკელები ძალაუფლების სხვადასხვა შტოს აკონტროლებენ, ამიტომაც ერთი პარტიის სრული და შეუზღუდავი ბატონობა თითქოს შეუძლებელია.

მხოლოდ ქართველ ტრამპისტს შეუძლია უპირობოდ დაიჯეროს, რომ დემოკრატებმა მთელი სახელმწიფო მანქანა, მთელი საჯარო სტრუქტურები, ყველა საარჩევნო კომისია, და საერთოდ, მთელი ქვეყანა მოისყიდეს და არჩევნები გააყალბეს.

საერთოდ არ უნდა იცოდე ამერიკა რას წარმოადგენს და რამდენად ძლიერია ამერიკული ინსტიტუტები, რომ დაიჯერო, თითქოს დემოკრატიულმა პარტიამ შტატებში მოახერხოს ის, რასაც ძლივს ახერხებს ღატაკ საქართველოში 6 მლრდ. დოლარის მფლობელი ოლიგარქი.

ქართველი ტრამპისტები საკუთარ, ილუზორულ სამყაროში ცხოვრობენ და ეს ნათლად ჩანს ტრამპის პიროვნების მათეულ შეფასებებში.

როდესაც კითხულობ მათ ნაწერს ამ თემაზე, რომ არ იცოდე ვისზეა საუბარი, იფიქრებთ, რომ დონალდ ტრამპი არის ყოვლისშემძლე გენიოსი, რომელიც მზადაა მსოფლიოს შესაცვლელად.

მისი ქართველი ფანების შეუზღუდავი წარმოსახვის  ძალით დონალდ ტრამპი (რეალურ ცხოვრებაში საშუალო დონის პოლიტიკოსი და ამერიკული საზომებით საშუალო დონის მილიარდერი), ერთგვარი, წმინდა გიორგი გახდა, რომელიც მარტოობაში იბრძვის კაცობრიობის გასაბედნიერებლად.

მას ამ დიად საქმეში ეწინააღმდეგება დანარჩენი კაცობრიობა, ჩინელებისა და რუსების მიერ ნაყიდი დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით.

ტრამპი კაცობრიობის ნამუსია, მან ყველაფერი იცის, ის გაბრწყინების უმაღლესს სტადიაში იმყოფება და თუ ამერიკელმა ხალხმა თავისი არჩევანი დაიცვა, ხვალ ჯერ ამერიკა, შემდეგ კი მთელი მსოფლიო განადგურდება.

ერთი სიტყვით, იგი გახლავთ  ჩვეულებრივი ადამიანი კი არა, არამედ ღვთაება, საბავშვო ზღაპრების სუპერგმირი.

რატომ, საიდან გამომდინარე და ტრამპის რომელი არამიწიერი მიღწევების გამო მიანიჭეს ამ ადამიანებმა ცუდად განათლებულ, უგემოვნო ეგოისტს ასეთი მაგიური თვისებები?  _ ეს, ალბათ, უფრო ფსიქოანალიტიკოსების განსჯის თემაა, ვიდე _ პოლიტოლოგების.

რეალურად კი დონალდ ტრამპი არავითარი სამყაროს შემცვლელი არ იყო და ვერ იქნებოდა – თავისი მოკრძალებული ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და ამერიკის ინსტიტუტების სიძლიერიდან გამომდინარე.

ის იყო ჩვეულებრივი, რიგითი რესპუბლიკელი პრეზიდენტი და რომ არა მისი თავხედური პოსტები ტვიტერში და კორონავირუსის პანდემია, მისი პირველი ვადა ისეთივე არაფრისმთქმელი და ნაცრისფერი იქნებოდა, როგორც, მაგალითად, ბარაკ ობამასი.

სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაში მას კიდევ ერთხელაც აირჩევდნენ, მეორე ვადაშიც  ჩვეულებრივი პრეზიდენტი იქნებოდა და რა როდოსელი კოლოსი ან წმინდა გიორგი?..

თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა! და დღეს ტრამპისტებს მთელ საქართველოში მოუწევთ იმის გააზრება, რომ ამერიკა არსად წავა, არც დაიღუპება, არც კომუნისტებს ჩაუვარდება ხელში და არც _ პუტინს.

და საერთოდ, ცოტა უხერხულია, როდესაც ის ქვეყანა, სადაც არჩევნებს 5 კილო კარტოფილით იგებენ, ჭკუას არიგებდეს ხალს, ვინც მსოფლიო ისტორიაში უძლიერესი სახელმწიფო ააშენა.

აცალეთ ამერიკელებს, თქვენ გარეშეც გაერკვევიან, რა უნდა აკეთონ და რა _ არა.

თენგიზ აბლოთია

დატოვეთ კომენტარი