ნანი ჯოჯუა: „ღუდუშაურის კლინიკა სასაკლაოდ აქციეს“

არაკვალიფიციური კადრები, ექიმების გულგრილობა – ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში არსებულ მდგომარეობაზე „ქრონიკა+“-ს ნანი ჯოჯუა უყვება.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზებს ემსხვერპლა მისი ძმის სიცოცხლე ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში.

უფრო კონკრეტულად, რა მოხდა და რა ბრალდებები აქვს ექიმის მისამართით გარდაცვლილი მამუკა ჯოჯუას დას?

ამის შესახებ  „ქრონიკა+“ ნანი ჯოჯუას ესაუბრა:

– ჩემი ძმა, მამუკა ჯოჯუა,  2019 წლის 2 ნოემბერს ცუდად გახდა, უგონო მდგომარეობაში იყო. სასწრაფო მალევე მოვიდა და ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მისი მდგომარეობა 15 ბალით შეაფასეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ადეკვატური იყო და ცნობიერებაც ჰქონდა. როგორც გაირკვა, ჩემს ძმას ანევრიზმა გაუსკდა,  თავის ქალას მიეტრომბა და სისხლდენა შეწყდა. ექიმმა გვითხრა, რომ სასწრაფო საოპერაციო იყო, – ოპერაციას თუ არ გავუკეთებთ, მოკვდებაო. ბევრს ჰქონია მსგავსი შემთხვევა, როცა ანევრიზმა გასკდომია, მაგრამ ოპერაცია მაშინვე არ გაუკეთებიათ. ოჯახის წევრებს ოპერაციის მაშინვე გაკეთება არ გვსურდა, რადგან გვეშინოდა, თუმცა ექიმებმა დაგვარწმუნეს, რომ ოპერაცია აუცილებელი იყო. ოპერაცია ექიმმა გიორგი გეგიამ გაუკეთა. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ღუდუშაურის კლინიკა არის სასაკლაო, სადაც ექიმების პრიორიტეტი ფულის შოვნაა და არა – პაციენტის გადარჩენა.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ექიმების პრიორიტეტი ფულის შოვნაა. ამას კონკრეტულად რის საფუძველზე ამბობთ?

– ჩემს ძმას ოპერაცია გაუკეთეს კლინიკაში შეყვანიდან 2 საათში, მაშინ, როცა შეეძლოთ დალოდებოდნენ და დაკვირვებოდნენ პაციენტის მდგომარეობას, არ ეჩქარათ და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება. მით უმეტეს, ჩემს ძმას თანმხმლები დაავადება არ ჰქონია. ოპერაცია სწორედ იმიტომ მოითხოვეს, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო მათთან ავადმყოფი და მაქსიმალური ფინანსური სარგებელი მიეღოთ. მე-14 დღეს გაუკეთეს ზურგის ტვინის ლუმბარული პუნქცია, მაშინ, როცა ოპერაციის მეორე დღესვე უნდა დაეწყოთ ეს პროცედურა!  ესეც ჩემი მოთხოვნის შემდეგ გააკეთეს. ვვარაუდობ, რომ ექიმებმა იფიქრეს, ჩემი ძმა არ იყო სასიკვდილოდ განწირული და ეცადნენ, მაქსიმალურად გაეწელათ მკურნალობის პერიოდი, ფული ეშოვნათ, თუმცა პროცესი ხელიდან გაექცათ, სეფსისი განვითარდა და ვეღარ უშველეს. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვით განკუთვნილი 15 000 ლარი 12 დღეში ამოიწურა. გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ ანგარიში გაგვეხსნა და ყოველი შემთხვევისთვის ფული შეგვეტანა, თან განგვიმარტეს, – თქვენი ნებართვის გარეშე ფულს ხელს არ ვახლებთო. კლინიკაში „ტერა ბანკის“ ფილიალია  და იქ გაგვახსნევინეს, 3000 ლარი შევიტანე. ამის გარდა, ფინანსურ ნაწილში  მარტვილის მერია დაგვეხმარა, – 3000 ლარი ჩაგვირიცხეს, ასევე კახა კალაძემ თავისი საქველმოქმედო ფონდიდან 6000 ლარი გადმოგვირიცხა, ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაგვირიცხა 10 000 ლარი. 15 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით საკუთარი სახსრებით,  ყოველდღიურად, შემქონდა 900 ლარის წამლები. როცა ყველანაირი ფინანსური რესურსი ამომეწურა,  გადავწყვიტე, „ტერა ბანკიდან“ ჩემი 3000 ლარი გამომეტანა, თუმცა ბანკში მითხრეს, რომ ჩემს ანგარიშზე თანხა არ იყო. ამბის გასარკვევად მივედი ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრის კლინიკურ დირექტორ მარინა გელანტიასთან, თუმცა პასუხი ვერ მივიღე. კუთვნილი თანხა ჩემი რძლის ანგარიშზე მას შემდეგ ჩარიცხეს, რაც გაიგეს, რომ მაღალი თანამდებობის პირის ჩარევა შემეძლო იმის გასარკვევად, თუ რატომ გაქრა ჩემი ანგარიშიდან თანხა? ეს ამბავი 3 იანვარს მოხდა, მეორე დღეს დილით დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი ძმა გარდაიცვალა. ექიმები მუდმივად მეუბნებოდნენ, – სტაბილურად მძიმეა, მაგრამ ნელ-ნელა გამოვაო, არც ერთხელ უხსენებიათ, რომ მდგომარეობა გაუარესდა.გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ექიმებს ვეხვეწებოდი, რამე წამალი კიდევ დაუმატეთ-მეთქი, რაზედაც მპასუხობდნენ, – ჩვენ ევროპული პროტოკოლი გვაქვსო. რომელ პროტოკოლზეა საუბარი,  როცა ელგუჯა გოცირიძეს პროფესიონალი ექიმები არ უჩერდებიან, რადგან, ჩემი ინფორმაციით, შესაბამისს ანაზღაურებას არ უხდის, მეტიც: ზოგიერთ მათგანთან სასამართლო დავაც კი ჰქონია. რატომ აქციეს საავადმყოფო სასაკლაოდ? კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს ჩემი ძმის მსგავსად? დღეს სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ხმამაღლა, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც წლებია, გრძელდება.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა როგორც ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრს, ასევე ექიმ გიორგი გეგიას, თუმცა მათ ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნენე ინჯგია