ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება – მობინადრეები ,,აქსისის” სქემას შიფრავენ

2020 წლის მაისში „აქსისის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე მეჟევიძემ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე საზეიმო სიტყვა წარმოთქვა. მისი განმარტებით, ანტიკრიზისულ გეგმაში კარგად არის გათვალისწინებული კრიზისის მიერ დაზარალებული ორივე მხარის – მომხმარებლებისა და კომპანიების ინტერესები.

„ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რომ აქცენტი გაკეთდა იმ კომპანიებზეც, რომლებმაც 2008 წლის კრიზისი გადაიტანეს“.

დღესაც  „აქსისის“ მენეჯმენტი 320 ოჯახისთვის საბურთალო-ბახტრიონის ქუჩებზე „აქსისი პალასი 1-ისა“ და „პალასი 2-ის,“ ასევე საირმის ქუჩაზე „საირმის პალასის“  14 წლით დაგვიანებულ ბინებს  2008 წლის კრიზისს  მიაწერს, თუმცა მობინადრეებთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ბინები მათ დიდ ნაწილს 2008 წლის მაისში უნდა ჩაბარებოდა.

მაია მოისწრაფიშვილი, კომპანია „აქსისის“ მიერ დაზარალებული მობინადრე:                                      

– 2006 წელს სრულად შევიტანე ბინის თანხა „აქსის პალას 2“-ში მე-4 ბლოკში… დღეს მას „არაშენდას“ ეძახიან. ბინა უნდა ჩაებარებინათ 2008 წლის მაისში. მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომს დააბრალეს ყველაფერი, მაშინ, როდესაც მაისში ამ ბლოკის მხოლოდ საძირკველი იყო გაკეთებული. ომის შემდეგ რაღაც დრო დავიცადეთ და როცა მივედით, კომპანიის გაყიდვების მენეჯრმა ოთარ დიხამინჯიამ მე-2 პალასის მე- 4 ბლოკი, რომელიც ჰაერი იყო, გადამიცვალა მე-6 ბლოკში – იქ 4 სართული იყო ამოყვანილი. ოფისში მითხრეს, – მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და მალე შეხვალო. ეს იყო 2009 წელი! დღეს 2020 წლის ბოლოა და ბინა კვლავ დაუსრულებელია! ამდენი ხნის განმავლობაში ხან „ქართუს“ დაფინანსებას ელოდებიან, ხან – „თიბისის“, ხან – „საქართველოს ბანკის“. ამ წლების განმავლობაში ათასნაირი ტყუილი მოვისმინეთ. ოფისში მისულ დაზარალებულებს ეუბნებიან, რომ კიდევ ერთი წლით გადავადდა მათი ბინების ჩაბარება,  ხოლო როდესაც გადის 1 წელი, კიდევ გვივადებენ.

– სასამართლოსთვის არ მიგიმართავთ?

– დაზარალებულთა მოთხოვნაზე, რომ  სასამართლოში უჩივლებდნენ, კომპანიისგან პასუხს იღებდნენ, რომ კი ბატონო, იჩივლეთო. ვინც შეიტანა სარჩელი, მოიგეს სასამართლო დავები, მაგრამ წლებია, აღსრულება არ ხდება. თუკი რაიმე საშუალება იყო, ყველაფერი გამოვიყენეთ: აქციები, პრესკონფერენციები, საჯარო გამოსვლები…

– ანუ თქვენი აქციები და გამოსვლები უშედეგო იყო?

– არა –  როგორც კი ვიწყებდით აქტიურობას, გააგრძელებდნენ მშენებლობას. გავიდოდა რამდენიმე კვირა და ისევ გაჩერდებოდა მშენებლობა. ერთი პერიოდი, „პირველ პალასში“ რომ შემოვიდა „კარფური“, მოგვილოცეს! – შემოსული თანხით ბინებს დაგისრულებთო. მას მერე 6 წელი გავიდა. აქვე დავძენ, რომ ​„კარფური“ცალკე პრობლემაა ჩვენთვის. ხმის დამხშობი არ აქვს ამხელა ჰიპერმარკეტს. ამ ბოლო დროს გავიგეთ, რომ „აქსისს“ ჩვენთან ერთად  ჰყოლია შედარებით  ახალი დაზარალებულები, რომლებსაც 2-3 წელია, გადაუცდათ ჩაბარების ვადა. დაზარალებულთა შორის ბევრია  უცხოელი, ეს კიდევ ცალკე მტკივნეული თემაა, ამ კომპანიის გამო ზარალდება ჩვენი ქვეყნის სამშენებლო სექტორის იმიჯი!

– პირადად თქვენ ბოლოს როდის გქონდათ შეხება „აქსისთან“?

– დაახლოებით ერთი თვის წინ დამირეკა „აქსისიდან“ გოგონამ. მითხრა, რომ  მოიგეს პროექტი  და ეს მოგვცემს საშუალებას, თქვენი კორპუსები დავასრულოთო. ვკითხე, – როდის იწყება პროექტი და როდის დასრულდება-მეთქი? და ეგ არ ვიცითო. 

– როგორ-მეთქი? – როგორ და თვე-ნახევარში გამოგიგზავნით მესიჯს ჩვენი გეგმების შესახებო. იცით, ეს უკვე დაცინვაზე მეტია. 14 წლის განმავლობაში ხან რომელ პროექტში იმარჯვებენ, ხან რომელ კონკურსს იგებენ, ხან ექსკლუზიურად ფინანსდებიან… მე პირადად მხოლოდ ეს მესმის. „აქსისს“ დღემდე ჰქვია წარმატებული კომპანია. ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ თბილისს გვერდით უდგას და ბევრ პროექტში  მონაწილეობს.

– წეღან ახსენეთ, ორმაგად დაზარალებული ვარო.        

– მოკლედ, ერთი ის, რომ 14 წლის წინათ სრულად მაქვს გადახდილი თანხა „პალასი 2-ში“ და ასევე 14 წლის წინათ ვიყიდე „პალასი 1-ის“ დასრულებულ ნაწილში მეორე ბინა. ჩემ გარდა, ჩემი რჩევით ბინები იყიდეს ჩემი დისა და ბიძაშვილის ოჯახებმაც. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავყარე ეს ხალხი! როცა „აქსისზე“ ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრობლემა მარტო დაუსრულებელი ბინები არ არის, „დასრულებულ“ კორპუსებშიც გაუსაძლისია ცხოვრება, იმდენად ჩამოშლილი და გაუმართავია ყველაფერი. მე თქვენ მოგაწვდით ფოტომასალას, ამ ე. წ. დასრულებულ კორპუსებში რა ხდება! წლების წინათ გაგვიკეთეს  სადარბაზოების შემაერთებელი, ხისგან შეკოწიწებული ჰოლი, სადაც ისევე წვიმდა, როგორც გარეთ. ჯერ ჭერი ჩამოინგრა, მერე ფიცრული იატაკი ჩაინგრა. მე პირადად ფეხი ჩამივარდა და რამდენიმე დღე ვიწექი. ჰოლი მხოლოდ ორი წლის წინათ დაასრულეს და ჩემი დის სადარბაზოს წინ წვიმის დროს წყალი მაინც ჩამოდის, ასევე წყალი ჩამოდის ჩემი ბიძაშვილის ბინაში. ბოლო სართულზე არსებობს უამრავი პრობლემა, რაც რეალურად აქვთ ე. წ. დასრულებული კორპუსების მცხოვრებლებს.

– თქვენ თუ მიმართეთ სასამართლოს?

– წეღან მოგახსენეთ, რომ მობინადრეების ნაწილმა სარჩელი შეიტანა,  საქმე ბოლომდე მიიყვანა, ყველა ინსტანცია მოიგო, მაგრამ აღსრულება არ ხდება. „აქსისს“ ბევრი შვილობილი კომპანია აქვს და რომელ კომპანიაზეც შეაქვთ სარჩელი, იმაზე არანაირი ქონება არ ფიქსირდება. ამიტომ ვინც იგებს პროცესს, უნდა დააყადაღოს სხვა ადამიანის ბინა, როგორც წესი – მეზობლის. სასამართლო დავებმა ცალკე წაიღეს დრო და ფულადი სახსრები და შედეგი  ის არის, რომ  მოგებული საქმეები წლებია, მხოლოდ ქაღალდზე  რჩება, აღსრულება ვერ ხორციელდება. აი, სწორედ ამ მიზეზების გამო არ მიმიმართავს სასამართლოსთვის.

– ახლა რას აპირებთ?

– დაზარალებულებიდან რამდენიმე ისე გარდაიცვალა, რომ ვერ ეღირსა ბინას, ძალიან ბევრი დღემდე ქირით ცხოვრობს და თავად კომპანია ამ დროს ახალ-ახალი პროექტებიდან იღებს ფულს. დღეს ჩვენ, „აქსისის“ დაზარალებული ოჯახები, გავერთიანდით და საერთო ძალებით ვაგრძელებთ ბრძოლას.  ამ შემოდგომაზე ჩვენმა აქტიურობამ  მერიის ყურადღება მიიპყრო. მერის მოადგილის შუამდგომლობით და თაოსნობით გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ჩვენს სინიციატივო ჯგუფთან და „აქსისის“ წარმომადგენლებთან ერთად.

ეს „აქსისისთვის“ მიცემული ბოლო შანსია, რადგან მერიის, როგორც შუამავლის როლის  გარეშე,  შეუძლებელია ვილაპარაკოთ მათ მიმართ ნდობაზე.  2021 წლის თებერვლის დასაწყისში „აქსისი“ წარმოადგენს მშენებლობების დასრულების  დეტალურ გეგმას. მერიაში მიღწეული შეთანხმების თანახმად, განხორციელდება  ჩვენი და მერიის ყოველთვიური ერთობლივი მონიტორინგი  განახლებულ მშენებლობებზე. თუკი ვადები ოდნავ მაინც დაირღვევა, აუცილებლად შევიტანთ ჯგუფურ სარჩელს, რომელიც უკვე თითქმის მზად გვაქვს და ბევრად უფრო ძლიერი და შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ინდივიდუალური სარჩელი! ჩემს კორპუსზე („აქსის პალას 2“, მე-6 ბლოკი, 13-სართულიანი კორპუსი), სადაც ამ წუთის მდგომარეობით გადაუხურავი შავი კარკასია, ახალი დასრულების ვადად 1 წელია მითითებული და მასზე  არ არის აღებული მშენებლობის გაგრძელების ნებართვა. სექტემბერში  ჰქონდათ შეტანილი და ხარვეზი არ აღმოფხვრეს, შესაბამისად, განუხილველი დარჩა. დასკვნები თქვენთვის მომინდვია. ჩვენ ოჯახურმა კლანმა დაგვაყაჩაღა, თაღლითობას არავის ვაპატიებთ!

„ქრონიკა+“ უშედეგოდ ეცადა დაკავშირებოდა „აქსისი პალასის“ გაყიდვების მენეჯერ ოთარ დიხამინჯიას, რომელიც არც ჩვენს ზარებსა და არც მესიჯებს არ პასუხობდა. ბოლოს, დამფუძნებლის ცოლისდას, ასევე „აქსისის“ თანამშრომელ (თანამდებობრივი სტატუსი ვერ გავარკვიეთ) ეკა სადრაძეს გავესაუბრეთ.

საუბრის დასაწყისშივე მას ავუხსენით, რომ „ქრონიკა+“-დან ვიყავით და მას იმიტომ ვურეკავდით, რომ დიხამინჯია არ იღებდა ტელეფონს.  ვთხოვეთ, რომ ან პიართან დავეკავშირებინეთ, ან თავად ეპასუხა.

ეკა სადრაძემ თავად  გვიპასუხა:

– ჩვენ დაგვიკავშირდა რამდენიმე დაზარალებული, მათ შორის, 14-წლიან მოლოდინში მყოფი მაია მოისწრაფიშვილი და გვითხრა, რომ თქვენი კომპანიის წარმომადგენელმა დაურეკა და მშენებლობის განახლების შესახებ აუწყა. მხოლოდ როდის დაიწყებოდა და როდის დასრულდებოდა მშენებლობა, ეს კომპანიამ არ იცისო. როდის განახლდება მშენებლობა?

– მაია მოისწრაფიშვილი ვინ არის?

– დაზარალებულია – ორი ბინა აქვს ნაყიდი პალასში  2006 წელს.

– იცით, რა, ის კითხვა დამისვით, რაც ჩემს კომპანიას ეხება.

– თქვენ „აქსისი“ არ ხართ?

– რა თქმა უნდა.

– მერე?

– თქვენი შიდა საუბრები თქვენ ვინ დაგიკავშირდათ და რა გითხრათ, რამდენად არის ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი.

– ჩვენი შიდა საუბრები რას ნიშნავს? – დაზარალებულები რომ გვიკავშირდებიან და დახმარებას გვთხოვენ, ამას გულისხმობთ?!

– თქვენ კომპანიიდან არ დაგიკავშირდნენ?

– მე არ ვარ დაზარალებული, მე ვარ ჟურნალისტი და ეს თავშივე გითხარით, გაზეთიც დაგისახელეთ.

თქვენ მითხარით, რომ დაზარალებულებმა დაგირეკეს…

– დიახ, სწორია.

– თამარ როსტიაშვილი ვარ და…

– კლიენტი მეგონეთ.

– ჟურნალისტი ვარ. ოთარ დიხამინჯიას იმიტომ ვურეკავდი, გითხარით კიდეც

– ოთარ დიხამინჯიას უნდა დაუკავშირდეთ.

– როგორ? – არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობს.

– მაშინ, როცა ოთარი აიღებს ყურმილს, მაშინ გაგცემთ პასუხს.

– წელიც რომ დაგვისახელოთ. კარგით, თუ ნახავთ, გადაეცით, რომ ჟურნალისტი ურეკავდა.

– ასე ვერ ვნახავ. არ გვაქვს ურთიერთობა – ყველანი სახლებში ვართ გამოკეტილები…

აქ უკვე ვხვდები, რომ ქალბატონ სადრაძესთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ხომ არ ვკითხავთ, რომ  პირველი ტალღისა და „დარჩი სახლშის“ რეჟიმში თუ ცხოვრობს, ის ნახევარი წლის წინ დასრულდა. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც სხვების ჯანმრთელობას უფრთხილდები, მაგრამ ჩემთან საუბრის დასრულებისას  მობილურით დიხამინჯიას რომ დაკავშირებოდა, ეს ღრმად გამოკეტვასთან რა კავშირიშია, ვერ გავიგე.

„ქრონიკა+“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.

თამარ როსტიაშვილი