მთავარი ინტერვიუ პანდემიის პირველი ტალღიდან დღემდე – რა გზას გადის ევექსის ჰოსპიტალები Covid...

პანდემიის პირველი ტალღიდან დღემდე – რა გზას გადის ევექსის ჰოსპიტალები Covid 19-ის დასამარცხებლად?

442
0
გაზიარება



თანამედროვე სამყარო ებრძვის ვირუსს, რომელმაც უკვე 1 წელია, მსოფლიო მოსახლეობას სიმშვიდე დაურღვია. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. კოვიდ 19-ის გავრცელების შესაჩერებლად და სახელმწიფოს მხარდასაჭერად ერთ-ერთმა პირველმა მზაობა ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა გამოთქვა, რომელმაც, პირველ ეტაპზე, 700-მდე საწოლის მობილიზება მოახდინა და პარალელურ რეჟიმში დაიწყო სამედიცინო მედპერსონალის გადამზადება.

თანამედროვე პროტოკოლები, ე.წ. პრეტრიაჟის განახლებული სქემა, ტრენინგები და ინფრასტრუქტურული გაძლიერება – ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სამედიცინო კორპორაციამ რთული გამოწვევებით სავსე წელი გაიარა, თუმცა ვირუსთან ბრძოლის შემართება ქსელის თითოეულ თანამშრომელში კვლავ შეუცვლელი და ერთსულოვანია.

საოპერაციო პროცესებისა და ჰოსპიტალური განვითარების მიმართულებით ევექსი ჰოსპიტალების დირექტორის მოადგილის, ეკა ქავთარაძის შეფასებით, ერთობლივმა მიზანმა  ბევრი კარგი შედეგი გამოიღო, თუმცა კომპანიისთვის არანაკლები იყო გამოწვევაც:
_ დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ჩვენი ქსელის საწოლფონდის 43%-მდეა დათმობილი. პირველ ეტაპზე, კორპორაციამ 700-მდე საწოლი, პანდემიის მეორე ტალღის დროს კი დამატებით 400 საწოლი გამოყო. განხორციელდა სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაძლიერება პაციენტთა ნაკადის დარეგულირებისა და უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების შემუშავების მიზნით. ჩატარდა ტრენინგები მედპერსონალისთვის და შეიქმნა სპეციალური პროტოკოლები. ვფიქრობ, პანდემიის შედარებით უმტკივნეულო პირველი ტალღა სრული მობილიზების მხრივ მნიშვნელოვნად დაგვეხმარა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვითარება გართულდა, გამოწვევათა რაოდენობაც გაიზარდა“.
_ კონკრეტულად, რა შეიცვალა პანდემიის მეორე ტალღის შემდეგ და როგორ უმკლავდება ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოსპიტალური ქსელი ვირუსთან ბრძოლას?

_ რეკორდულად იმატა ინფიცირების შემთხვევებმა, შეიქმნა ადამიანური რესურსის დეფიციტი, საჭირო გახდა დამატებითი საწოლფონდის მობილიზება და მრავალი სხვა… სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა კომპანიამ გადაწყვეტილება, დამატებით 400 საწოლი გამოეყო. დღეს კი კომპანია კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლას 13 ჰოსპიტალში 1 100-ზე მეტი საწოლითა და  5 500 გადამზადებული სამედიცინო/ადმინისტრაციული 
პერსონალით განაგრძობს. პარალელურ რეჟიმში მუდმივად მიმდინარეობს ჩვენი მედპერსონალის გადამზადება და ტრენინგები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ პაციენტების სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და სწორად ვმართოთ ჰოსპიტალური საწოლები, ვინაიდან მათზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, კლინიკური დახმარება კი მძიმე პაციენტებს უფრო სჭირდებათ. სწორედ ამიტომ ჩვენ საწოლფონდის გაეფექტიანობის გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც ჩვენს ქსელში კიდევ 38 ინტენსიური საწოლის მომზადებას ითვალისწინებს იმ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც სუნთქვის ხელოვნური აპარატით უზრუნველყოფა ესაჭიროებათ.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლი ბინაზე გაწერილი და კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებული პაციენტების სწორად მართვისთვის.
ბინაზე მყოფი ინფიცირებულების მართვა ოჯახის ექიმის პრეროგატივაა, კლინიკურ სასტუმროებში კი ხვდებიან პაციენტები, რომელთაც არა ჰოსპიტალური მომსახურება, არამედ მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ. ეს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან რგოლს პირველად ჯანდაცვასა და ჰოსპიტალურ სექტორს შორის, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი და ჰოსპიტალური საწოლები დავუთმოთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.
_ პაციენტების ნაკადის ზრდის ფონზე კი ხშირად ისმის უკმაყოფილება მედპერსონალის დეფიციტზე. არის თუ არა ეს დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჯანდაცვაში?
_ სამედიცინო პერსონალის დეფიციტი ნამდვილად ყველაზე დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის. არსებობს შიდა მიმართულებებიც, სადაც მედპერსონალის ნაკლებობა განსაკუთრებულად იგრძნობა (ანესთეზიოლოგია, რეანიმაცია). სწორედ ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ მაქსიმალურ შედეგზე, ვგულისხმობთ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ გაძლიერებასა და ჰოსპიტალების გადაწყობას, არამედ ჩვენი ექიმების, ექთნებისა და სანიტრების მობილიზებასა და მათ გადამზადებას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დამატებითი კადრების მოძიებას და ვმუშაობთ დამატებით ბაზაზე, რათა ურგენტულ სიტუაციებში მედპერსონალის მობილიზება შევძლოთ.
_ რამდენად ხელმისაწვდომია ქსელში სამედიცინო სერვისების მიღება არაინფიცირებული პაციენტებისთვის და რამდენად უსაფრთხოა დღეს გეგმური ვიზიტი ჰოსპიტალებში?

_ იმისათვის, რომ გეგმური ვიზიტები არ გადაიდოს, ქსელის ყველა ჰოსპიტალში გამკაცრებულია პაციენტების ნაკადების მართვა, შექმნილია პრეტრიაჟის სქემა, ტარდება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები და მაქსიმალურად არის დაცული არაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობა. გარდა ამისა, მუდმივ და ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სამედიცინო პერსონალის შემოწმებაც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს კოვიდ-ადაპტირებულ ჰოსპიტალებში არაინფიცირებულ პირებს საფრთხე არ ელით და ყოველი პროტოკოლი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით არის გაწერილი. გარდა ამისა, ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონში მობილიზებულია 3 მსხვილი ჰოსპიტალი, რომელიც მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, კავკასიის მედიცინის ცენტრი და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ის მრავალპროფილური კლინიკებია, რომლებზედაც ამჟამად გეგმური ოპერაციების დიდი დატვირთვა მოდის.

მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო მედპერსონალს მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით მოვეფერო ჩვენი ქსელის თანამშრომლებს. ჩვენ მათგან ყოველდღიური გმირობის მაგალითებს ვხედავთ, რაც გვაძლევს მიზეზს, მუდმივად ვიაროთ წინ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ჩვენი ექიმების, ექთნების, სანიტრების, ქსელის თითოეული იმ თანამშრომლის დაფასებაა, რომელიც ვირუსს ფრონტის ხაზზე ებრძვის.



დატოვეთ კომენტარი