გიორგი გუგავა: „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე „პერედოზი“ მოუვიდა“

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ოპოზიციის პარლამენტში შეტყუებას ვერ მოახერხებს. მისი აზრით, ვინც ახლა ოპოზიციიდან პარლამენტში შევა, მის შუბლზე გაჩნდება წარწერა, რომ ივანიშვილმა იგი თხასავით იყიდა. გუგავა ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ „ქართულ ოცნებასთან“ უკვე დამარცხდა და მალე ხალხთან დამარცხებასაც აღიარებს.

როგორ დამარცხდა „ოცნება“ „ოცნებასთან“? რა დაამტკიცა არჩევნების მეორე ტურმა? დათანხმდება თუ არა ოპოზიცია დასავლელი პარტნიორების მოთხოვნას? რა სჭირდებათ დაუყოვნებლივ „ქართული ოცნების“ წევრებს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს გიორგი გუგავა ესაუბრება:

_ მთელი საქართველო ცდილობს, შესატყვისი შეფასება მოუძებნოს არჩევნების მეორე ტურს, რომელშიც მხოლოდ „ქართული ოცნება“ მონაწილეობდა. ლეიბორისტებს ხატოვანი გამოთქმები გახასიათებთ და, თქვენი აზრით, რა იყო ეს?
_ იმას, რაც 21 ნოემბერს მეორე ტურში ვიხილეთ, ხატოვანი გამოთქმა არ მოუხდება. 2020 წლის 21 ნოემბერი ბოლო 30 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე იყო. ჩვენ დიდი სისხლისღვრის ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და მის შესანარჩუნებლად დღემდე ვიღებთ მსხვერპლს. ივანიშვილი კი ადგა და ერთი ხელის მოსმით დააბრუნა ქვეყანა საბჭოთა კავშირში.
საბჭოთა კავშირი ვიღაცას შეიძლება, ზედმეტად მოეჩვენოს, მაგრამ ზუსტად რომ საბჭოეთში დავბრუნდით. იქ ტარდებოდა ერთპარტიული არჩევნები, მაჟორიტარადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრიდა ხოლმე კენჭს. საბჭოთა კავშირთან ერთად ბოლშევიზმიც დაგვიბრუნეს. და როგორც მაშინ იყო _ კიროვის, ლენინის, ორჯონიკიძის, 26 კომისრების რაიონებმა აირჩიეს სტახანოველი დელეგატები.
_ სტახანოველებს ამათზე ნამდვილად ვერ იტყვის კაცი. ის საწყალი სტახანოველები შრომით იკლავდნენ თავს. ამათზე ვერავინ იტყვის, რომ მშრომელები არიან.
_ ისე, მართალია, სტახანოველები მშრომელი ხალხი იყო და რას ვერჩი. დღევანდელმა საბჭოთა საქართველომ მუქთახორა დელეგატები აირჩია საქართველოს პარლამენტში.
_ თქვენი და სხვა ოპოზიციონერების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ დიდად არ გწყინთ, „ოცნებამ“ მეორე ტური რომ მოიგო.
_ რა უნდა გვეწყინოს? საწყენად და ცუდად ივანიშვილს აქვს საქმე. მეორე ტურზე ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა, „ქართულმა ოცნებამ“ 21 ნოემბერს დაამარცხა „ქართული ოცნება“.
_ „ოცნებამ“ „ოცნება“ როგორ დაამარცხა?
_ ძალიან მარტივად და თან ისე, რომ მთელმა ქვეყანამ დაინახა ივანიშვილის პარტიის მარცხი. მეორე ტურში მისული ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით კარგად გამოჩნდა, რომ ამ პარტიას საქართველოში მხარდამჭერები, უბრალოდ, აღარ ჰყავს.
_ მხარდამჭერები როგორ არ ჰყავს? ვიღაცები ხომ მაინც მივიდნენ არჩევნებზე?
_ მათი უმეტესობა საკუთარი სურვილით არ მისულა. „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების სრული მობილიზაცია გამოაცხადა და მაინც სასაცილო შედეგი დაიდო. ამას დაუმატეთ ბრიფინგები, რომელსაც ირაკლი კობახიძე ნახევარ საათში ერთხელ ატარებდა. ის ისტერიული ხმით ამცნობდა „ოცნების“ მომხრეებს, ოპოზიციის მხარდამჭერები მოდიან უბნებზე და თქვენც სასწრაფოდ მოდით არჩევნებზეო.
_ ოპოზიციამ ხომ ოფიციალურად გამოუცხადეთ ბოიკოტი მეორე ტურს? ვინ დაიჯერებდა, რომ ოპოზიციის მომხრეები უბნებზე მივიდნენ ხმის მისაცემად?
_ კობახიძეს სურდა, რომ ხალხს ეს დაეჯერებინა. ის ისტერიული ხმით და სერიოზული სახით ამცნობდა „ოცნების“ მომხრეებს, _ არიქა, მოდით, თორემ, ოპოზიცია ფარულად მონაწილეობს არჩევნებშიო.
_ არჩევნებში ფარულად როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა მონაწილეობა?
_ ეს ვერც მე გავიგე. ფარულად ქურდობა გამიგია, სექსიც გამიგია ფარულად, მაგრამ არჩევნებში ფარულად მონაწილეობა რაღაც ნოვაციაა. ამაზე იმიტომ გაჰკიოდნენ, რომ მომხრეების სრული მობილიზება მოეხდინათ. ამ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მათ არჩევნებზე მხოლოდ 26% გამოიყვანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუს ოლიგარქსა და მის პარტიას საქართველოში მხარდაჭერა აღარ აქვთ. აი, ასე დაამარცხეს მეორე ტურში საკუთარი თავი.
_ ისე, არჩევნებში ფარულად მონაწილეობის მიღების თემამ დამაინტერესა. ნეტავ, „ქართული ოცნების“ მომხრეებმა თუ დაიჯერეს, რომ ოპოზიცია არჩევნებში ფარულად მონაწილეობდა?
_ დიდი იმედი მაქვს, რომ არ დაიჯერეს. თუ დაიჯერეს და ძალიან ცუდად ყოფილა მათი საქმე. ამ განცხადებებს რომ ვიხსენებ, მეცინება. არჩევნებში ფარულად მონაწილეობაზე ნორმალურად როგორ უნდა ვისაუბრო? ეს „ქართული ოცნების“ სიგიჟის ახალი დონეა აშკარად.
ვინც ამ განცხადებას გულწრფელად აკეთებდა და სჯერა, რომ ოპოზიციამ ფარულად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, სასწრაფოდ აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყნა სჭირდება. ირაკლი კობახიძეს რომ ვუყურებ, უკვე სერიოზული შიშები მიპყრობს. მისი გულშემატკივარი რომ ვიყო, დიდი ხნის წინ წავიყვანდი ფსიქიატრთან. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ.
_ ეს ადამიანი ოპონენტების მიმართ ზიზღს ვერ მალავს და საშინელი აგრესიით გამოირჩევა. რატომ ალაპარაკებენ სულ ირაკლი კობახიძეს? სხვა არ კადრულობს იმას, რასაც იგი? ხალხი არ ჰყავთ „ქართულ ოცებაში“ თუ რამე სხვა აქვს ივანიშვილს ჩაფიქრებული?
_ ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძეს განცხადებებს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მითითებით აკეთებინებენ. მიმაჩნია, რომ ამ ყმაწვილის მდგომარეობა სრულად შეესაბამება ივანიშვილის ფსიქიკურ მდგომარეობას. თქვენ რუსი ოლიგარქი დალაგებული გგონიათ? თუ იმას ფიქრობთ, რომ ირაკლი კობახიძეზე ნაკლებად აფრენს?
ადამიანზე ვერანაირად ვიტყვი, ჯანმრთელიაო, რომელიც მზადაა, მთელი ქვეყანა და ხალხი გაწიროს, ოღონდაც ძალაუფლება შეინარჩუნოს. ნორმალური ადამიანი ქვეყანას არც ბოლშევიზმში დააბრუნებს და არც ხალხს წაართმევს არჩევანის უფლებას. თავისუფალი ქვეყნისთვის და თავისუფალი არჩევანის უფლების მოსაპოვებლად ვიბრძოდით მრავალი წელი. ამის მოსაპოვებლად დაიღუპნენ 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე. დავიჯერო, 9 აპრილს დაღვრილი სისხლი საერთოდ არ ახსოვთ? ეს შეუძლებელია.
_ 9 აპრილი შეიძლება ახსოვთ, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ. ეს განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს ეხება, რომელიც 9 აპრილის ერთ-ერთი ჯალათის, გენერალ ლებედის დამფინანსებელი იყო.
_ ბიძინა ივანიშვილი გენერალ ლებედის გარდა სხვა რუსს გენერლებსაც აფინანსებდა. მისთვის მართლა არაფერია 9 აპრილი, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრებისთვის. მათთვის 1989 წლის 9 აპრილი რამეს რომ ნიშნავდეს, არც ბოლშევიზმში დაგვაბრუნებდნენ და არც ქართველ ხალხს წაართმევდნენ არჩევანის უფლებას.
ბიძინას წარსული რომ გავიხსენეთ, იქ არც ირაკლი კობახიძის საქმეები უნდა დავივიწყოთ _ ამ ყმაწვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, როცა რუს კომუნისტ გავრილოვს დაუხვდა. კაცს, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ჰქონდა დანაშაული ჩადენილი, მან აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა, ლამის ფიანდაზად გაეგო. მისთვის არც საქართველო ნიშნავს რამეს და არც _ თავისუფალი არჩევნები.
თქვენს მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ ამ აგრესიული „ქოცის“ მამა პუტჩის ერთ-ერთი ავტორი იყო. იმ პუტჩისა, რომელმაც საქართველოს კანონიერი ხელისუფლება დაამხო. სამხედრო გადატრიალებამდე რამდენიმე თვით ადრე ეს გია კობახიძე მოსკოვში საქართველოს საელჩოს კიბეებზე ჩამოჯდა და მოთხოვნები წამოაყენა.
_ რა მოთხოვნები წამოაყენა?
_ მოსკოვში ითხოვდა, საქართველოში დიქტატურა უნდა დასრულდესო. დიქტატორად ზვიად გამსახურდიას მოიხსენიებდა.
_ პუტჩისტებს რომ თანაუგრძნობდა, ვიცოდი, მაგრამ მოსკოვში კიბეებზე თუ იყო ჩამომჯდარი, ეს ნამდვილად სიახლეა.
_ ეს ცნობილი ამბავია. სხვებთან ერთად იჯდა საქართველოს საელჩოს კიბეებზე და ითხოვდა, საქართველოში დიქტატურა უნდა დასრულდესო. მალე აქ სამხედრო გადატრიალება მოხდა და კანონიერი ხელისუფლება დაამხეს. გია კობახიძე ხელისუფლებაში მოგვევლინა. ამის გაზრდილი შვილისგან რა გასაკვირია, რომ ბოლშევიკური მიდრეკილებები ჰქონდეს. მიდრეკილებებს თავი დაანებეთ, ადამიანი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ღია მტერია. ასეთი მტრებით არის სავსე „ქართული ოცნება“.
ჩვენ, ოპოზიცია, ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს ხალხი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. ამ ბრძოლაში მჯერა, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ძალიან ბევრი ხალხი გვიჭერს მხარს. არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ ხვდებიან, რა ხდება. მათ გასაგონად მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის ბრძოლა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის _ ეს არის დაპირისპირება თავისუფლებისმოყვარე ხალხსა და უზურპატორს შორის. ნუ დავითვლით, ვინ რამდენი მანდატი მიიღო ამ არჩევნებზე, ამას ახლა არანაირი აზრი არ აქვს.
_ რატომ არ აქვს მანდატების დათვლას აზრი?
_ იმიტომ, რომ უზურპატორმა მთელ ქვეყანას წაართვა არჩევანის უფლება. ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ, მოქალაქეებს წაგვართვეს უმთავრესი უფლება. მანამდე წაგვართვეს ჯანდაცვის უფლება, განათლების უფლება. არსებობობის უფლებაც წაგვართვეს და გადაადგილებისაც. მათ ჭკუაზე ვართ, როცა უნდათ, გვიკრძალავენ გადაადგილებას, როცა უნდათ, ამ აკრძალვებს აუქმებენ.
_ გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას კორონის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებად ასაღებენ.
_ რა კორონის წინააღმდეგ ბრძოლა? კორონასთან ბრძოლა რომ სდომოდათ, სულ სხვანაირად მოიქცეოდნენ. ყველა სხვა უფლების წართმევის შემდეგ უკვე არჩევანის უფლებაც წაგვართვეს. არჩევანის უფლება არის ის, რითაც გამოიხატება მოქალაქის თავისუფლება. ბიძინა ივანიშვილმა ღიად გვითხრა, რომ ჩვენ ვართ მისი მონები. სამწუხაროდ, ასეც არის.
_ მისი მონები რანაირად ვართ?
_ მონებს ყველა უფლება წართმეული ჰქონდათ. ამანაც ნელ-ნელა წაგვართვა უფლებები და გვითხრა, თქვენ ხართ მონები და მე ვარ თქვენი სუვერენი, ბატონიო. და როგორც მე გადავწყვეტ, ყველაფერი ისე იქნება ამ ქვეყანაშიო. ჩვენ მის ამ თამაშის წესებს ან შევეგუებით, ან დავამტკიცებთ, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას ვიმსახურებთ.
_ თქვენი აზრით, ეს ბრძოლა როგორ დასრულდება? მივიღებთ ივანიშვილის თამაშის წესებს, თუ დავამტკიცებთ, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ?
_ მე მწამს, რომ ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. მაგრამ დღეს მოცემულობა ასეთია _ ყველა უფლება წართმეული გვაქვს. და როცა ვინმე ხელისუფლებასთან ჩვენს დაპირისპირებაზე ისაუბრებს, ძალიან ვთხოვ, ამ მოცემულობიდან გამოვიდეს.
ვხედავ, რომ საზოგადოება უკვე რეალურად აფასებს შექმნილ ვითარებას და უარს ამბობს მონობაზე. მეორე ტურისთვის ბოიკოტის გამოცხადებით ქართველმა ხალხმა ივანიშვილს უთხრა, რომ ქვეყანა მისი თამაშის წესებით არ ითამაშებს. მოსახლეობამ პირიქით _ იქით გამოუცხადა ლოქდაუნი ივანიშვილს.
_ ამ კვირაში ხელისუფლება გამოაცხადებს ლოქდაუნს.
_ გამოაცხადებს და საკადრისსაც მიიღებს. ქვეყანა თავზე დაემხობათ. ლოქდაუნის გამოცხადებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ რაღაც ზომებს მიმართავ. ამათ რა გააკეთეს, თავისი უმოქმედობითა და კორუმპირებულობით ხელი შეუწყვეს ვირუსის გავრცელებას.
ასე რომ, ამათ არანაირი ლოქდაუნი აღარ გადაარჩენს. ივანიშვილს ქართველმა ხალხმა ღიად უთხრა, _ არა! მეორე ტურში ეს უფრო ნათლად გამოჩნდა.
_ ამით „ქართული ოცნება“ სულ არ არის შეცბუნებული. მართალია, მეორე ტურში ძალიან დაბალი იყო აქტივობა, მაგრამ ხელისუფლებამ გამარჯვება დიდი ზარზეიმით აღნიშნა.
_ გეუბნებით, რომ ნორმალურები არ არიან. ასეთ პირობებში გადარეულის გარდა ვინ გაბედავდა, გამარჯვება ეზეიმა? არის ასეთი ქართული გამოთქმა: გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასა. ესენიც მიშვებულები არიან და დღეს თუ ხვალ წაიტეხენ კისერს. როგორ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას და როგორ გამოვლენ გამარჯვებულები, მაგასაც ვნახავთ.
_ რატომ გგონიათ, რომ ვერ გამოვლენ გამარჯვებულები?
_ იმიტომ, რომ ისინი ქართველი ხალხის ნებას ეთამაშებიან. ქართველი ხალხის ნების წინაშე არავის გაუმარჯვია. ვინ მიგდია ეს ნახევრად შეშლილი ხროვა, რომ ქართველ ხალხს ბრძოლა მოუგოს? უამრავი მოძალადე გაგვისტუმრებია, ამათაც გავისტუმრებთ.
_ ხელისუფლების დასამარცხებლად ოპოზიცია ბოიკოტს იყენებს. არ შედიხართ პარლამენტში, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გეუბნებიან, რომ შედითო. ამ შემთხვევაში როგორ იქნება საქმე? ოპოზიცია იმედოვნებდით, რომ ევროპა და ამერიკა არჩევნების შედეგებს არ ცნობდა.
_ ვინ თქვა, რომ დასავლეთმა ცნო არჩევნების შედეგები? რა დამოკიდებულებაც აქვს დასავლეთს ამ არჩევნების მიმართ, ეს მაიკ პომპეოს ვიზიტმაც გამოაჩინა. ამხელა რანგის კაცი ჩამოვიდა და ერთი პრესკონფერენციაც კი არ გაუმართავს. პრესკონფერენციას ვინ ჩივის, მისგან განცხადებაც ვერ მოვისმინეთ. მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება, სადაც წერია, რომ პირველადი შეფასებით ვერ დავინახეთ ის ფატალური ფაქტები, რაც ამ არჩევნებს თან ახლდაო. პირდაპირ წერია, რომ საზოგადოება არ ენდობა სასამართლოს და საარჩევნო ადმინისტრაციას.
მართლა საოცრებები ჩაიდინა ივანიშვილის ხალხმა. ახლა ჩვენ კი ვადარებთ ამათ კომუნისტებს, მაგრამ მათთან ახლოსაც კი ვერ მივლენ.
_ რა კუთხით ვერ მივლენ მათთან ახლოს?
_ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების კუთხით. საქართველოში ერთხელ ჩატარდა მხოლოდ გაუყალბებელი არჩევნები. ეს მოხდა 1990 წლის 28 ოქტომბერს. ერთი შეხედვით, უცნაურია, მაგრამ ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოში კომუნისტებმა ჩაატარეს.
_ ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ იმაზე რას გვეტყვით, დასავლეთი პარლამენტში შესვლისკენ რომ მოგიწოდებთ?
_ ეგენი არიან დიპლომატები. როდის იყო, დიპლომატები ვინმეს ეუბნებოდნენ, რევოლუციის გზით წადითო? ისინი მეგობრულად გვირჩევენ, პარლამენტში შედით და იქ გააგრძელეთ ბრძოლაო. თუმცა მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა ამ არჩევნებს ლეგიტიმურად. ქართველმა ხალხმა მეორე ტურში, 21 ნოემბერს, აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებასა და მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს სიცოცხლეს ვერ გააგრძელებს. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ხალხს პირდაპირი მნიშვნელობით შია და სცივა. პანდემია საერთოდ გაექცათ ხელიდან. კორონასთან საბრძოლველად ნასესხები 7 მილიარდი შეჭამეს. თან რა ბედი გვაქვს, ამ პანდემიის დროს ვინ დანიშნეს ჯანდაცვის მინისტრად?! რობოტი პეპერი რომ ჰყავდათ, ის მაინც დაენიშნათ ამ თანამდებობაზე. ქვეყანაში კორონა მძვინვარებს, ქალბატონი ტიკარაძე მხოლოდ იმიტომ დგება კამერების წინ, რომ ახალი ვარცხნილობა და პიჯაკები აჩვენოს ხალხს. სისტემა ჩამოქცეულია და ხალხი სიკვდილისთვის გაწირეს.
_ გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ გეგმური ოპერაციები მომავალი წლის მარტისთვის გადაიდოო.
_ ეს ადამიანებიც სიკვდილისთვის არიან განწირულები. ჯანდაცვის სისტემა აღარ გვაქვს. კორონით დაავადებულთა რაოდენობით მილიარდიან ჩინეთსაც კი გავასწარით, საიდანაც ეს ვირუსი წამოვიდა. ამაზე საშინელება რაღა უნდა გააკეთონ? ერთი ისღა დარჩენიათ, რომ აიღონ ავტომატი და დაგვხვრიტონ.
ამ საშინელ რეალობასთან შეგუებას არავინ აპირებს. საოცრად მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა ოპოზიციამ, როცა გამყალბებლებს პარლამენტში შესვლაზე უარი უთხრა.
_ ჯერჯერობით უთხრა უარი.
_ ჯერჯერობით რატომ? პარლამენტში არავინ შევა.
_ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ვიღაცების დათანხმებას მოახერხებს.
_ არა მგონია, პარლამენტში შესვლა რომელიმე ოპოზიციონერმა გაბედოს. ეს იქნება ჩვეულებრივი პოლიტიკური თვითმკვლელობა. ის, ვინც ახლა პარლამენტში შევა, მას ამ ქვეყანაში გაჩერება ძალიან გაუჭირდება. ნებისმიერ ასეთ ადამიანს შუბლზე მიწერილი ექნება, რომ ბიძინამ თხასავით იყიდა. მე ჩვენს ოპოზიციაზე საკმაოდ მაღალი წარმოდგენისა ვარ და ვერ დავიჯერებ, მას ვინმე მიეყიდოს. ვიღაცას ძალიანაც რომ მოუნდეს პარლამენტში შესვლა ოპოზიციიდან და კობახიძე დაინახოს, უკან გამოიქცევა
_ უკან რატომ გამოიქცევა?
_ კობახიძე ის პერსონაა, რომელიც როცა დაგიძახებს, აქეთ წამოდიო, საპირისპირო მხარეს უნდა გაიქცე.
_ ისე, ძველებური რიხით ვეღარ გელაპარაკებათ ვერც კობახიძე და ვერც „ოცნების“ სხვა ლიდერები.
_ მაგათი შეცვლილი ტონალობა არ გაიშვა. ხვდებიან, რა შავ დღეშიც ჩაიგდეს თავი და ახლა გამოსავალს ეძებენ. ზოგიერთი მხეცი ზედმეტს შეჭამს ხოლმე და ამით კვდება.
_ ჟარგონით რომ ვთქვათ, „პერედოზით“.
_ ჩვეულებრივი „პერედოზია“. „ქართულ ოცნებასაც“ „პერედოზი“ მოუვიდა ამ არჩევნებზე და ახლა ამის მონელებას ცდილობს. ეს იმ შემთხვევაში გამოუვათ, თუკი ჩვენ პარლამენტში შევალთ, რასაც არ გავაკეთებთ.

შორენა მარსაგიშვილი