მაკა შალიკაშვილი: „ჩემს სათქმელს პოეზიით გამოვხატავ“

ბოლო პერიოდის მანძილზე მსახიობი მაკა შალიკაშვილი პოეზიამ განსაკუთრებულად გაიტაცა. მართალია, ლექსების კითხვა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაცემა „პრაიმ შოუში“ მურმან ლებანიძის, ტერენტი გრანელის, რეზო ჩხარტიშვილისა და ნიკო გომელაურის ლექსები წაიკითხა, საზოგადოების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. მის ვიდეოს ერთ დღეში ათიათასობით ნახვა ჰქონდა.
გაუჩინარებისა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს არის მაკა შალიკაშვილის პირველი ინტერვიუ „ქრონიკა+“-ში.

_ მაკა, დიდი ხანია, არ მინახავს თქვენი ინტერვიუ პრესაში. ჟურნალისტებზე გაბრაზებული ხომ არ ხართ?
_ არა, ნამდვილად არ ვარ ნაწყენი. როგორ შეიძლება, ჟურნალისტებზე ნაწყენი ვიყო, როცა ჩემს ცხოვრებაში ამ ადამიანებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს. პირიქით, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა. მე მეგობრებიც მყავს თქვენს სფეროში.
_ რატომ არ ჩანდით?
_ ისეთი არაფერი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ინტერვიუები მიმეცა, ამიტომ მქონდა ყველანაირი პაუზა აღებული.
_ დღეს რას აკეთებთ, სად ხართ, როგორ ხართ და რა ხდება, ზოგადად, ახალი და კარგი?
_ უფლის წყალობით კარგად ვარ. როგორ შეიძლება, ამ სიტუაციას დადებითი ვუწოდო? მაგრამ, ზოგადად, ვცდილობ, ყველაფერში დადებითი დავინახო. პირველი შოკი მაშინ დამემართა, როდესაც სახლში გამოვიკეტეთ. სწორედ მაგ პერიოდში ჩემმა მეგობარმა, გიორგი გასვიანმა, დამირეკა და მითხრა, რომ გადაცემა „პრაიმ შოუში“ მიმეღო მონაწილეობა, რომელიც პოეზიას ეძღვნებოდა.
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, თუ როგორ ძალიან მიყვარს პოეზია, ლექსების კითხვა, მათი ადამიანებისთვის მიძღვნა და, ზოგადად, ლექსებით საუბარი. როდესაც ეს გადაცემა გამოვიდა, საოცრება მოხდა, _ იყო უამრავი დადებითი გამოხმაურება, მოდიოდა დიდი პოზიტივი, კეთილი სიტყვები, ძალიან ბევრი ნახვა აქვს თვითონ ამ გადაცემას და მივხვდი, რომ ადამიანებს ძალიან მოენატრათ ასეთი ტიპის გადაცემები. როდესაც საკუთარ სათქმელს პოულობენ გენიალური პოეტების ლექსებში, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.
პერიოდულად სოციალურ ქსელში ვაქვეყნებ ვიდეოებს, სადაც ვკითხულობ სხვადასხვა ლექსს. სულ ახლახან გამოვაქვეყნე მუხრან მაჭავარიანის ლექსი. პანდემიის პერიოდში ვიპოვე საკუთარი როლი, გმირი, თუ როგორ გამოვხატო ჩემი სათქმელი მისი უდიდებულესობა პოეზიით.
_ თქვენი მთავარი სათქმელი რა არის დღეს?
_ ჩემი მთავარი სათქმელი და მესიჯი არის ის, რომ სხვას არ მივაყენოთ ზიანი. მაგალითად, ცოლი და ქმარი ჩხუბობს, ცოლმა დაამარცხა ქმარი, რომელიც შემდეგ ზეიმობს. რა არის აქ საზეიმო? საზეიმო კი არა, ძალიან საცოდავები ვართ. ვიღაცას რცხვენია დღევანდელი სიტუაციის, მე უფრო სიბრალული მაქვს ამ ყველაფრის მიმართ.
_ რომელი ლექსით იტყოდით თქვენს სათქმელს?
_ ძალიან მიყვარს მუხრან მაჭავარიანის ეს ლექსი:
„აურაცხელი,
სანაგვეზე,
ჰყრია სინდისი,
გადის ცხოვრება,
კაცის კაცთან, სკამზე ჭიდილში…“
მეორე ლექსი კი მამა ადამ ახალაძისაა:
„ვინაც ჰკლავს, ბრალი მას _
ავაზაკს,
თორემ რა _ ბერს მოკლულს,
განაძარცვს,
ერს ჯვარცმულს, ტანჯულს ღვთის
გზასა მდგარს.
ბრალი მას _ ბრმა როა,
კაცსა ჰკლავს…
_ მაკა, რა არის თქვენი პროტესტი?
_ უბრალოდ, აღარ გვეკადრება ასე მოქცევა.
_ რას გულისხმობთ?
_ ხომ შეიძლება, ცივილიზბულად მოვიქცეთ. აქაც მოვიშვერიებ ნიკო გომელაურის ლექსს:
„აბა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!
თქვენ ჩემზე უკეთ იცით ყოველი.
ხან ქედმაღლურად თავი დავხაროთ,
ხან პირფერობას თქვენგან მოველი.
ჩემგანაც ვიცი, ალბათ რთულია _ აუტანელი, მთვრალი ფრაზები,
ზოგჯერ ბოდვები გამართულია,
ზოგჯერ უზრდელიც დავიხაზები.
თვალებ-ნაზები, ბუმბერაზები
დიდ არტისტებად მოვიაზრებით,
ხვალ დავჭირდებით ნეტავი ვის? რაში?
რა საშიშია ეს ხშირი ტაში.
აბა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!
რომ დაგამწუხროთ, რა უნდა გითხრათ?!
განსაკუთრებულ გრიმს ჩვენ არ ვხმარობთ,
ყოფნა-არყოფნა კი რჩება კითხვად.
რამდენიც სახე _ იმდენი სევდა
ჩაბუდებულა ამ ნაღრძობ ტვინში
და ნაკუწ-ნაკუწ სიწრფელეს ხევდა
ამპარტავნების შიშველი შიში
თვალებ-ნაზები, ბუმბერაზები
დიდ არტისტებად მოვიაზრებით,
ხვალ დავჭირდებით ნეტავი ვის? რაში?
მაგრამ დღეს ტაში, აბა ჰე! ტაში…“
_ მაკა, პოეზია რომ ასე ძალიან გიყვართ, ლექსების წერა ხომ არ დაიწყეთ?
_ წერა არა, უბრალოდ ვკითხულობ, ვწერ პატარა ვიდეოებს და შემდეგ სოციალურ ქსელში ვათავსებ.
_ დღევანდელ სიტუაციას თუ გადავხედავთ, გამოსავალს სად ხედავთ?
_ გამოსავალი ვნახე ლექსებში. ვიღაცას გადაცემა მიჰყავს, ვიღაცა სხვა საქმეს აკეთებს და ვიღაცა საერთოდ ვერაფერს აკეთებს, მაგრამ რა ვქნათ? _ პანდემიაა. მე ვერ ვხვდები, როცა ამბობენ, რომ დამიხურეს ტაძარი და ვეღარ ვლოცულობ, დამიხურეს თეატრი და ვერ ვითამაშებ… რა ვქნათ? არ მესმის, ყველაფერი კარგად არის და დახურეს? ცოტა ვერ ვხვდები, რატომ უნდა მქონდეს ამ შემთხვევაში პროტესტი.
ნამდვილად კატასტროფული სიტუაციაა, კოვიდი არსებობს, რომელიც კლავს არა მარტო მოხუცებს, არამედ _ ახალგაზრდებსაც და ეს არის ვირუსი, რომელიც ლოგიკაში არ ჯდება, რადგან ვიღაცა ყველაფერს იცავდა და მაინც აქვს ეს ვირუსი, ცოლს აქვს, ქმარს _ არა.
15 წლის მოსწავლე მოგვიკვდა, ქეთა კობერიძე, უსაყვარლესი, ულამაზესი, უთბილესი, ბეჯითი ბავშვი, რომელმაც ასეთი სიტყვები მომწერა: მაკა, მასწ, კოვიდი მაქვს და გაუფრთხილდით თქვენს თავს, მთავარია, თქვენ იყოთ კარგადო. როდესაც ქეთა გარდაიცვალა, გადავხედე ამ მონაწერებს და იცით, რა დამემართა? გავგიჟდი, ასეთი ბოლო სიტყვა დამიტოვა ამ საოცარმა გოგომ, რომ მთავარია, თქვენ იყოთ კარგად და არ ინერვიულოთო.
_ ეს ნამდვილად მძიმე შემთხვევაა და, ზოგადად, მართლა რთული სიტუაციაა დღეს მთელ მსოფლიოში, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას. რამდენად რთულია ამ რეალობაში ცხოვრება, ყველაფრის გაჩერება, უმოქმედოდ ყოფნა?..
_ პირდაპირ გეტყვით: ბევრი ადამიანი კოვიდამდე ყოფამ და ვიღაცებმა გაგვიყვანა თვითიზოლაციაში, _ წერტილი. პირველად ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო და სულ მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი. დღეს მწარე რეალობაში ვცხოვრობთ, თავის გადარჩენაზე ვართ, უდიდესი რამ მოხდა და ძალიან უნდა დავფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებაზე.
_ თქვენ რაზე დაგაფიქრათ ამ სიტუაციამ?
_ ყველაფერზე. შენ პასუხისმგებელი ხარ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შენს გვერდით მყოფებზე, რომ ისინი არ უნდა დაავირუსო. შენი დავირუსებით ავირუსებ სხვას. ძალიან დიდი გადაფასებები მოხდა, მაგრამ კიდევ უფრო მწარე რეალობა მივიღეთ. ფაქტობრივად, ვერაფერს საიმედოს ვერ ვიტყოდი.
_ როგორი მოლოდინი გაქვთ?
_ ზუსტად აქ არის მოქალაქეების პასუხისმგებლობა და შეგნება. შენ, როგორც პიროვნება, როგორც მსოფლიო მოქალაქე უნდა გაიზარდო, მაღალი კულტურით აღივსო, რომ გახდე ჭეშმარიტად ადამიანი.

გიორგი საკარული