ხათუნა კობახიძე: „დროა, ფართო საზოგადოებამ გაიცნოს „ხათკო“ და გამიცნოს მე“

მიუხედავად იმისა, რომ მოდა მუდმივად იცვლება, შავი და თეთრი ტანსაცმელი ყოველთვის აქტუალურია ყველაზე ქალური ბრენდის კოლექციებში: Versace, Gucci, Carolina Herrera და ა. შ. დიზაინერები სრულ პატივს მიაგებენ 50-70-იანი წლების ტენდენციას, როდესაც ეს კომბინაცია ჰიტი იყო.

ნათელი ფერების ფონზე, რომელსაც წელს თითქმის ყველა მოდის სახლი გვთავაზობს, შეიძლება შავი და თეთრი მოსაწყენად გამოიყურებოდეს. მაგრამ ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონზე მთავარი აქცენტი გაკეთებულია, შავ-თეთრის კლასიკა კვლავ ბევრ კოლექციაშია.
მაგალითად, ხათუნა კობახიძე სხვა დიზაინერებისგან სწორედ განსხვავებული სტილით, არაორდინალურობითა და ორი ფერით გამოირჩევა. მისი შავ-თეთრი, ტყავით გაწყობილი სამოსი კი შეუმჩნეველი ნამდვილად არ დაგრჩებათ. რაც ყველაზე მთავარია, „ხათკოს“ ხელწერას ყველასგან და ყველაფრისგან გამოარჩევთ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბრენდი „ხათკო“ ბაზარზე უკვე ოთხი წელია, არსებობს, ის წამყვანი ბრენდების გვერდით მოწინავე პოზიციებს იკავებს და ყოველწლიურად ფართოვდება.
სოციალურ ქსელს თუ თვალს გადავავლებთ, მიხვდებით, რომ „ხათკოს“ სამოსი თითქმის ყველა ცნობილი ქართველი სელებრითის გარდერობშია, რომლის ოფიციალური სახეც მსახიობი მაკა შალიკაშვილი გახლავთ.

ხათუნა კობახიძე, დიზაინერი:
_ მაღაზია „მალსში“ ვმუშაობდი მენეჯერად, როდესაც პატარ-პატარა ნივთების გაკეთება დავიწყე. დღისით თუ სამსახურში ვიყავი, საღამოს სახლში მივდიოდი და აქსესუარებს ვაკეთებდი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემი ნამუშევრები სოციალურ ქსელში ამეტვირთა, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და ბევრს მოსწონდა იგი. ამის მერე დავიწყე ჩანთებზე მუშაობა. ზუსტად 6 თვეში გადავწყვიტე საკუთარი მაღაზიის გახსნა. პეკინზე ავიღე ფართი და პირველივე დღეს ძალიან კარგი შედეგი მქონდა. ნელ-ნელა დავიხვეწე, მაღაზიას სხვადასხვა ნივთი შევმატე და გავაკეთე ის, რაც ყოველთვის მინდოდა.
_ პირად საუბრებში მითხარით, რომ სამოსს არ ვხატავო. საინტერესოა, როგორ იქმნება „ხათკო“?
_ ნამდვილად არ ვხატავ. არაფერს ვგეგმავ. მივდივარ, შევხედავ, მომწონს და ვქმნი მოდელებს. თარგს არ ვაკეთებ, პირდაპირ ვჭრი და ვკერავ კოსტიუმს.
_ ინსპირაცია ამ შემთხვევაში ვინ ან რა არის?
_ ინსპირაცია ისევ საკუთარი თავია. ვქმნი და ვაკეთებ იმას, რასაც მე ჩავიცვამ. ისეთ სამოსს ვთავაზობ მომხმარებელს, რაშიც პირადად მე ვგრძნობ თავს კომფორტულად. არასდროს ვუყურებ სხვას, ვინ რას აკეთებს. მე მაქვს ჩემი საქმე, ჩემი სტილი და მხოლოდ ამას ვუშვებ.
_ გაამართლა ამ პრინციპმა?
_ რა თქმა უნდა, ძალიან გაამართლა. დღეს უკვე ბრენდ „ხათკოს“ ხუთი მაღაზიაა და კმაყოფილი ვარ. ქუთაისში ვაპირებ მაღაზიის გახსნას, რადგან იქაც ძალიან დიდი მოთხოვნაა.
_ თქვენს გარდერობს თუ გადავხედავთ, ძირითადად, შავ-თეთრი სამოსი დომინირებს. რატომ შავი, იმიტომ ხომ არა რომ ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს ეს ფერი, თუ პირადად თქვენ გრძნობთ ამ ფერში თავს კომფორტულად?
_ შავი და თეთრი ჩემი საყვარელი ფერებია, თუმცა სხვა ფერის სამოსსაც ვაკეთებ. ძირითადად კი ნამდვილად შავი ფერის სამოსია.
_ და ყველა სამოსს აქვს ტყავის დეტალი, რატომ? რაიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ამას თქვენთვის?
_ ამასთან დაკავშირებით პატარა ისტორიას მოგიყვებით: როცა ეს საქმე დავიწყე, კერვა არ ვიცოდი და სამოსის დაბოლოებას ვერ ვაკეთებდი, ისე როგორც საჭირო იყო, ამიტომ გადავწყვიტე, ტყავის დეტალებით შემეფუთა ეს ყველაფერი. მას შემდეგ ნებისმიერ ჩემს სამოსს ტყავის დეტალი უნდა ჰქონდეს, რამაც ძალიან გაამართლა. მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება ხარისხზე.
_ რა მასალაზე მუშაობთ?
_ სპორტულ მასალაზე ვმუშაობ _ ჩემი უფრო ქეჟუალი სტილია.
_ პირველი თქვენი კოლექცია ამერიკაში წავიდა. როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი?
_ პირველი წარმატება ამერიკას უკავშირდება: საქართველოში ორი ამერიკელი წყვილი იყო ჩამოსული, რომელიც ჩემს შოურუმში იმყოფებოდა. მათ თავიანთთვის შეიძინეს სამოსი, ცოტა ხანში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დიდი შეკვეთის გაკეთება სურდათ, რაზედაც სიამოვნებით დავთანხმდი. ასე მოხვდა ჩემი სამოსი ამერიკაში და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული, რადგან სრულიად მარტო ვმუშაობდი. დღემდე არის გამოწერები, ძალიან აქტიურად გადის ჩემი სამოსი ბაქოში.
_ დიდი კონკურენციაა მოდის სფეროში. ბევრი ნიჭიერი დიზაინერი ქმნის სამოსს, უამრავი ახერხებს რეალიზებას, ბევრიც _ ვერა. როდესაც ამ საქმეს იწყებდით, არ შეგეშინდათ კონკურენციის?
_ ზოგადად, არაფრის მეშინია. ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და ზუსტად ვიცი, რა დროს როგორ და რანაირად უნდა მოვიქცე. პანდემიის დროს რადიკალურად შევცვალე მიდგომები, ფასები გავანახევრე, ონლაინ გამოწერებზე გადავედით და მომხმარებელი არ დამიკარგავს. აქედან გამომდინარე, სიახლეების არასდროს მეშინია. ჩემი რადიკალურად განსხვავებული სტილია და კონკურენტად არავის მივიჩნევ.
_ რით განსხვავდება დღეს „ხათკო“ სხვა დიზაინერებისგან?
_ ბევრი რამით: ჩემი ხაზით, სტილითა და ინდივიდუალიზმით.
_ ელოდებოდით ასეთ მოკლე პერიოდში წარმატებას?
_ იმდენად დიდ შრომას ვდებ ამ საქმეში, რომ ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად წავა. ალბათ, ველოდებოდი, რადგან ყოველთვის იმას ვეუბნები საკუთარ თავს, რომ წინ უნდა წავიდე და ჯერ კიდევ ბევრი კარგი რამ მაქვს გასაკეთებელი.
_ რა არის ის, რის გამოც გახდით წარმატებული დიზაინერი? ოთხი წელი ბაზარზე ხართ და ამ მცირე დროის მონაკვეთში თქვენი სამოსით უამრავი ცნობილი ადამიანი იმოსება.
_ ალბათ, იმიტომ რომ განსხვავებულს ვქმნი. გარდა ამისა, აქამდე დიდად არ მიყვარდა სხვადასხვა ადგილებში სიარული, პრეზენტაციებსა და ა. შ. ახლა ვთქვი, _ რატომაც არა? უამრავი მეგობარი დამიდგა გვერდით. ჩემი ბრენდის სახეა უნიჭიერესი მსახიობი და ჩემი მეგობარი მაკა შალიკაშვილი, ეკა მგალობლიშვილი, ასევე სოფო ბოჭორიძე, რომელიც ყველაფერში გვერდით მიდგას. ისინი მეუბნებოდნენ, რომ უნდა გამოჩნდე, საზოგადოებამ უნდა გაგიცნოსო. ვფიქრობ, რომ დროა, ფართო საზოგადოებამ გაიცნოს „ხათკო“ და გამიცნოს მე. აქამდე, სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს თავს ვარიდებდი, არ ვაძლევდი ინტერვიუებს, არ ვჩანდი, მხოლოდ ჩემთვის ვიყავი და მშვიდად ვაკეთებდი საქმეს.
_ მართალია, მშვიდი ცხოვრება თქვენთვის პრიორიტეტი იყო, მაგრამ ეს სიმშვიდე ნამდვილად აღარ გექნებათ ჟურნალისტებისა და სხვა ცნობილი ადამიანების ხელში. ეს ხუმრობით, მაგრამ ახლა უფრო სხვა პასუხისმგებლობას გრძნობთ?
_ რა თქმა უნდა. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, გინდა-არ გინდა სულ ყურადღების ცენტრში ხარ და სულ ფორმაში უნდა იყო.
_ პანდემიის პერიოდმა რამდენად უარყოფითი გავლენა მოახდინა ბიზნესზე?
_ ვერ გეტყვით, რომ უარყოფითად იმოქმედა, რადგან ამ პერიოდში ონლაინ შეკვეთები ძალიან გააქტიურდა. ყველა ჩემი თანამშრომელი მუშაობდა სახლიდან, ვაძლევდი შეკვეთებს, ისინი კერავდნენ და შემდეგ მომხმარებლამდე მიდიოდა.
_ პერსონალური ჩვენების გაკეთებას აპირებთ?
_ რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, რაღაცებს სიურპრიზად დავტოვებ.

გიორგი საკარული