ფატუნა ბუშიჰედი: „ბედნიერი ვარ, რომ შანელისა და დიორის გვერდით ფატუნას მოიხსენიებენ“

ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ დღეს მოდა საერთოდ არსებობს?! მოდის ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველა ერთხმად გვეტყვის, – რა თქმა უნდა, „მეფე მზე“ ლუდოვიკო მეთოთხმეტეს. იმ დროს საფრანგეთში ოქროს ხანა იყო – დიდებული ცერემონიები, ყოველდღიური ზეიმები და მეჯლისები, ფუფუნება და ზრუნვა ახალ ტანსაცმელზე. ლუდოვიკო მეთოთხმეტის დაწყებული საქმე მარია-ანტუანეტამ განაგრძო, რომელიც საფრანგეთში ავსტრიიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტა, თავისი ჩაცმულობით ყველა გაეკვირვებინა.

დედოფლისთვის ახალ-ახალ კაბებს კარის მკერავი როზა ბერტენი ქმნიდა, რომელსაც მოგვიანებით „მოდის მინისტრის“ ტიტული მიანიჭეს. სწორედ როზა ბერტენის ქმნილებაა სახელგანთქმული კრინოლინი, ასევე წარმოუდგენელი სიმაღლისა და „არქიტექტურის“ ვარცხნილობები, რომელშიც მარტო ყვავილებს კი არა, ბაფთებს, ლენტებს, ძვირფასეულობას, მინიატურულ ხომალდებსა და წისქვილსაც კი იპოვიდით. ბერტენის შემდეგ დაიწყო ის ეპოქა, როცა მკერავები უბრალოდ მკერავები კი აღარ იყვნენ, არამედ ნელ-ნელა კუტიურიეებად ყალიბდებოდნენ. მაგალითად, მადამ ბერტენის შეკერილი კაბა იმაზე ოცჯერ მეტი ღირდა, ვიდრე იმდროინდელი მკერავის წლიური შემოსავალი იყო.
წლებისა და საუკუნეების შემდეგაც კი ყველა თანხმდება, რომ მაღალი მოდა წარმოიშვა პარიზში და ეპიცენტრი სწორედ საფრანგეთია. ასე ფიქრობს და ამბობს ქართველი დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი, რომელიც მსოფლიოს 60 საუკეთესო დიზაინერს შორის დასახელდა და პარიზში მას მოიხსენიებენ, როგორც „ახალ ქარს მოდის სფეროში“. ფატუნა ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომლის სახელსაც შანელისა და დიორის გვერდით გავიგონებთ. იგი მოდის ოფიციალურ კალენდარშია შესული.
დიზაინერი ამაყია, რომ მსოფლიომ ფატუნას ბრენდი გაიცნო და საქართველოს არაერთხელ მოუტანა წარმატება. მისი განსხვავებული და მრავალფეროვანი კოლექციის ჩვენებას მსოფლიო მედიის ყურადღების გარეშე არ ჩაუვლია. ფატუნას ყველა „ფეშენი“ წამყვანი ტელევიზიების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ქართველი დიზაინერის სამოსით კი ფრანგი მსახიობები კანის კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზე იწონებდნენ თავს და პაპარაცების წინაშე პოზიორობდნენ.

„ქრონიკა+“ დიზაინერს სახელოსნოში ესტუმრა _ ჩვენ იმ ზღაპრულ სამყაროში აღმოვჩნდით, სადაც ინახება ხელით შექმნილი, ულამაზესი კოსტიუმები და იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც დიზაინერმა წლების მანძილზე დააგროვა:

_ ეს ყველაფერი ბავშვობის რეპლიკაა, ღრმა სიყრმის განცდა, რომ ვმდგარიყავი სცენაზე, მიმეღო აპლოდისმენტი, მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობა საყვარელი მაყურებლისთვის. ის, რაც შიგნით მქონდა, გარეთ გადმოვიტანე და დავიწყე სამოსის შექმნა. ვსაუბრობდი ჩემი კაბებით, ეს იყო ხიდი ჩემს შემოქმედებასა და მაყურებელს შორის.
ბავშვობიდან სცენაზე ვდგავარ, 4 წლიდან უამრავ სპექტაკლში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემი ერთ-ერთი პროფესია სტომატოლოგიაა და ხუმრობით ვამბობდი, რომ ახალ კბილს ვერ გამოვიგონებდი. ბევრი გენიოსი მხატვარი ვიცით, უამრავი ხელოვანი ადამიანი გვყავს, თარგი შექმნილია და სულ ვფიქრობდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა ისეთი განსაკუთრებული, რომ მსოფლიოს გავეცნე და ცნობილი პერსონა ვყოფილიყავი. გადავწყვიტე, საზოგადოებისთვის დამენახვებინა ის ფანტაზია, რაც ჩემში ზის, რომელიც შევკარი და 25 სამოსში გადავანაწილე. ეს არის ის ემოცია, რომელსაც ექვსი თვის განმავლობაში ვაგროვებ, რომ შემდეგ 15 წუთით გამოვიტანო პოდიუმზე. ეს არის ემოცია, რისთვისაც ყველაფერი გიღირს. ძალიან ბევრს შრომობ, თითებში გაქვს ნემსის ტკივილი, რადგან ყველაფერს ხელით აკეთებ. ქინძისთავიც კი გადამიყლაპავს, ბევრჯერ დავვარდნილვარ მაკრატელზე, პროფესიული მარცხიც მომსვლია და სხვა უამრავი რამ… ახლა კი სასაცილოდ მახსენდება ეს ისტორიები, მაგრამ მაშინ უზარმაზარი სტრესი იყო.
მივხვდი, რომ უნდა შემეძინა ქსოვილები, მათთან დამემყარებინა საერთო ენა და დამეწყო შექმნა. გადავწყვიტე, გადმომეტანა არქიტექტურული ნიმუშების ფრაგმენტები სამოსში, გამეკეთებინა მეფური საძინებლების დეტალები ტანსაცმელში. ასე მოხდა მონას სახლმუზეუმში. ის დავხატე ტილოზე, შემდეგ ჩარჩო გავუკეთე და ბროშები გავაკეთე მისგან. ასე გადმოვიტანე ჩემს სამოსში სალვადორ დალის ნამუშევრები, ლუი მეთექვსმეტის საძინებლის ფრაგმენტი, მარია-ანტუანეტას ბიბლიოთეკის ფრაგმენტი და ბახის ორანჟერიასი. ჩემს კოლექციას ყოველთვის თემატური დატვირთვა აქვს. მაინტერესებდა, როგორ მიიღებდა მსოფლიო ჩემს შინაგან სამყაროს. ბედნიერი ვარ, რომ სწორად მიიღეს და ამან უფრო გამიმძაფრა პასუხისმგებლობა. ნელ-ნელა დავიწყე სხვადასხვა თემაზე მუშაობა: ღვინის თემა, პარიზის მთვარე, სიყვარულის დეკლარაცია, სამოთხემდე ხიდი და ბევრი სხვა. თითოეული ჩემი ნამუშევარი რაღაც ისტორიას გიყვება.

ამერიკული ოცნება

_ მოღვაწეობა ამერიკაში დავიწყე. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იქ ცხოვრობს და იყო პერიოდი, როდესაც მათ ვურჩევდი, თუ რასთან რა უნდა ჩაეცვათ. ეს, რა თქმა უნდა, მათი სურვილით ხდებოდა. მოსწონდათ როგორც მე ვიმოსებოდი და მეც ჩემს აზრს ვუზიარებდი მათ. შევქმენი სამოსი, რომელიც გადავაგზავნე ერთ-ერთი მოდის კვირეულზე, სადაც ძალიან მალევე მიმიწვიეს. ამერიკული ოცნება ამიხდა! _ გამიფორმეს კონტრაქტი და ორი კვირის შემდეგ ჩვენებაც ჩაინიშნა. როგორც კი ჩვენება დასრულდა, კულისებში შემოვიდნენ, ავტოგრაფი მთხოვეს, გადაიღეს სურათები და 20 წუთში ადამიანებმა თავიანთი ემოცია გამიზიარეს. საღამოს, ზუსტად მეორე დღეს, მომდის წერილი, რომ დამპატიჟა სხვა ჩვენების ორგანიზატორმა, პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა. იქაც მივიღე მონაწილეობა და ასე გაიკვალა ჩემი გზა საზღვრებს გარეთ.
ჩემი მეუღლე იყო ის, ვინც ენდო ჩემს შემოქმედებას. მან მითხრა, რომ არ უნდა დავიხიო უკან და ჩემი საქმიანობა გავაგრძელო. დილის 5 საათზე რომ მუზა მოგივა და ადგები, რომელი ადამიანი მიიღებს ამას ნორმალურად? ჩემნაირი არაორდინალური უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი მიიღო, თუმცა მქონდა რთული პერიოდებიც, მაგრამ ყველაფერს გავუძელი.
ნებისმიერ ჩვენებაზე კიდევ ერთხელ გამაქვს საქართველოს სახელი და მუდმივად ხაზს ვუსვამ, რომ მე ვარ ქართველი, საქართველოდან, იმ ქვეყნიდან, რომელმაც შემქმნა ისეთი, როგორიც ვარ. არ შემიძლია, ისეთი მაგარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ავდგე და მივატოვო. ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, დავრჩენილიყავი ამერიკაში, თუნდაც საფრანგეთში, მაგრამ ვერასდროს წავალ საცხოვრებლად ვერსად. ეს ქვეყანა ჩემია, ეს ჰაერი ჩემია, რომელსაც იმ ადამიანებთან ერთად ვიზიარებ, ვინც ჩემს მშობლიურ ენაზე მეტყველებს. ეს ის ქვეყანაა, რომელიც მიყვარს თავისი წარსულით, მომავალით, აწყმოთი და ტკივილით. ჩვენმა ქვეყანამ იმდენი რაღაც გადაიტანა, რომ ჩვენ მასთან ერთად გავიზარდეთ, ჩამოვყალიბდით და, ალბათ, არასდროს არაფრის შეგვეშინდება. გაჭირვება, მხარში დგომა, ზურგის ქცევა, _ ყველაფერში გაგვწვრთნა. ჩემი შვილებიც კი საქართველოში სწავლობენ, ისწავლეს და აქ გავაჩინე.
საქართველოში ყველა ნიჭიერია. ვიღაცა მეტად, ვიღაცა ნაკლებად, თუმცა ყველაში არის ის მარცვალი, რომ ყური დაუგდოს და მოუსმინოს თავის შინაგან ხმას, თუმცა ზოგი ახერხებს, ზოგიც _ ვერ. ბევრს ეზარება ან არ სურს, ზოგი პირიქით, შრომობს, რათა თავისი შინაგანა განწყობა გააღვივოს ამა თუ იმ სფეროს მიმართ. ვისაც ეს არ ეზარება, ასეთ ხალხს ძალიან დიდ პატივს ვცემ. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, მათ დაფასება სჭირდებათ. თუ არადა, ერთმანეთს მაინც ამოვუდგეთ მხარში, გავამხნევოთ, ვურჩიოთ, რაც მე არასდროს მეზარება.
_ კედელზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფოტო ვნახე. წარმომიდგენია, თითოეული მათგანი რამხელა ისტორიის მატარებელია.
_ დიახ, ყველა ეს ფოტო ძალიან დიდ ისტორიას მოიცავს. რამდენიმე მათგანი გადაღებულია კანის კინოფესტივალზე, სადაც ფრანგ მსახიობებს ჩემი კოსტიუმები აცვიათ. ასევე ერთ-ერთი ფოტო მაშინაა გადაღებული, როდესაც მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა დიზაინერს შორის დამასახელეს. მედია ძალიან დიდ როლს თამაშობს, _ ამერიკის ერთ-ერთ არხზე იყო ჩემი ჩვენების პირდაპირი ტრანსლაცია; საფრანგეთში, როდესაც ჩვენება მაქვს, მას მსოფლიოს 260 მედიასაშუალება აშუქებს, რაც ძალიან მახარებს. აქტუალური არის არა მხოლოდ ფატუნა, არამედ ფატუნა საქართველოდან.
_ თქვენ მონაწილეობთ მაღალი მოდის კვირეულებზე, მაგრამ, რატომღაც, არასდროს შემიმჩნევიხართ ქართული მოდის კვირეულებზე. რატომ?
_ ქართულ მოდის კვირეულებზე არ ვმონაწილეობ, რადგან მირჩევნია, მსოფლიომ მეტად გაიცნოს ჩემი შემოქმედება და საქართველოს სახელი გავიტანო ქვეყნის გარეთ, ვიდრე აქ კონკრეტულ ჩვენებაზე გამოვიდე. თუმცა, როგორც ვიცი, აქაც უკე დაიწყეს მსოფლიო მედიის წარმომადგენლების ჩამოყვანა, რაც ძალიან მახარებს. იქ უფრო ჩემი გარემოა, რადგან ესმით და სხვანაირად აღიქვამენ, თუ რა არის ხელნაკეთი სამოსი. მოდის ეპიცენტრი მაინც პარიზშია. იქ უფრო მოთხოვნადია ჩემი კოლექცია, დიდი ინტერესით აკვირდებიან ყველაფერს და უფრო ღრმად შემოდიან ჩემს შემოქმედებაში, რაც დიდ სტიმულს მაძლევს, რომ მეტი შევქმნა.
_ შოურუმებში დიდი მოთხოვნა იქნება თქვენს კაბებზე?
_ მოთხოვნა დიდია, მაგრამ იმდენად ვგიჟდები ჩემს კაბებზე, რომ ვერ ვასხვისებ. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს სახელოსნოში დავუმკვიდრო ადგილი, რომელიც, ფაქტობრივად, ჩემთვის მუზეუმია. თითოეულ კოსტიუმს თავისი ისტორია აქვს. თუ ვინმეს მოუნდება ჩემი რომელიმე კაბით წარდგენა, თუნდაც ჟურნალის ყდაზე, კლიპსა თუ სხვა გადაღებაზე, კონკრეტულ კაბას გავანათხოვრებ, მაგრამ არ გავყიდი.
_ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს თქვენთვის ბიზნესი არ არის?
_ ნამდვილად, ეს არაა ბიზნესი, ეს ჩემი შემოქმედება და სულის ნაწილია, ჩემი შინაგანი სამყარო, რომელიც მინდა, რომ მსოფლიოს ვაჩვენო, მიიღონ და მივიღო შენიშვნაც, თუმცა ეს არ არის გასაკრიტიკებელი თემა. პოეტი ლექსს ისე დაწერს, როგორც მას სურს. შენ ვერ მისცემ მინიშნებას, რომ ამ სიტყვის მაგივრად სხვა სიტყვა უნდა ყოფილიყო, რადგან ის პოეტია, ის ასე ფიქრობს და ასე გადმოსცემს თავის სათქმელს. ასევეა მოდის ხელოვნებაც. ჩემი ერთ-ერთი კოლექცია სახელწოდებით: „ცეცხლი, მიწა, წყალი და ჰაერი“, მივუძღვენი დედამიწას, რომელსაც ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება ადამიანებისგან. დედამიწას უნდა მოვუაროთ და ისე გავაღმერთოთ, როგორც სიყვარული. დედამიწა აბსოლუტურად ყველაფერს გვაძლევს და ფეხაკრეფით უნდა ვიაროთ, ამდენ ტკივილს უკვე ვეღარ უძლებს. დღევანდელი სიტუაციაც სწორედ ერთ-ერთი პასუხია იმისა, რაც მსოფლიოს დაატყდა თავს. ერთგვარი პარალიზება მოახდინა, ხალხი უმუშევარი დარჩა, ნიღბები გაგვიკეთა, რომ აღარ ვისაუბროთ ცუდზე. მე ასე ვხედავ ამ ყველაფერს. დეზობარიერები შეიქმნა, ეს ხომ ერთგვარი მინიშნებაა. იმდენი სისხლი იღვრება მიწაზე, რომ სასაკლაოდ გადაიქცა მთელი დედამიწა. ენერგეტიკული სიმძიმე დაგროვდა და ამოხეთქა. თუ ჩვენ ამას არ მოვუვლით, ვფიქრობ, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ.
საკუთარი თავი რომ გავათავისუფლოთ ჩვენივე ეგოიზმისგან გაცილებით კარგად ვიგრძნობთ თავს. გგონიათ, მე არ მაქვს პრობლემები? _ როგორ არა, მაგრამ ამის ფილტრაციას ვაკეთებ. შენივე გონება შენ უნდა დაალაგო და დაწმინდო. ამდენი ნეგატივი ფარავს გონების ნაწილს და აგრესიული ხდები. აგრესია კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, როგორც თოვლის გუნდა, რომელიც ნელ-ნელა დიდდება, შემდეგ საიდანღაც გორდება და იშლება. ზუსტად ვიცი, რომ ადამიანზე არასდროს უნდა ვთქვა ცუდი, რადგან ეს ნეგატივი რაღაც მომენტში მე დამიბრუნდება, შეიძლება ჩემს შვილს დაუბრუნდეს. „რა ზღაპარსაც მოიქსოვ, იმ ზღაპარშიც გარდაიცვლები“, _ ეს არის გენიალური პოეტის, მწერლისა და შემოქმედის, გია ნიკოლაძის სიტყვები, რომლის პოემაც აუცილებლად უნდა მოედოს მთელ მსოფლიოს.
_ ფატუნა, პანდემიის გამო გეგმები ჩაგეშალათ?
_ რა თქმა უნდა, შვიდი ჩვენება ჩამეშალა, თუმცა რომელ ჩვენებაზეა სუბარი, როდესაც ხალხმა სამსახური დაკარგა, ამ ყველაფრის ფონზე ხმას ვერ ვიღებ.
_ ხელოვანი ადამიანისთვის ძალიან რთულია სახლში უფუნქციოდ ჯდომა. თქვენ რას აკეთებდით პანდემიის დროს?
_ მთელი პანდემიის პერიოდში ვხატავდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ საკუთარ თავთან მარტო არ ვყოფილიყავი. ვილოცებ იმისთვის, რომ ყველაფერი მალე დალაგდეს და ხალხი დაუბრუნდეს თავის ჩვეულ რიტმს. ამ პერიოდში შევქმენი კოლექციები, გავაკეთე ბავშვების ხაზი, მოვხატე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა მომეხატა: კედლები, სარკეები, კარი და ა. შ.
_ როგორც ვიცი, მაღაზიის გახსნას აპირებთ. მოგვიყევით ამის შესახებ…
_ ვაპირებ მაღაზიის გახსნას, რომელიც იქნება ჩემს ძველ და ულამაზეს უბანში, კარგარეთელის ქუჩაზე, _ მუსიკის, ხელოვნებისა და თეატრის მუზემსა და კინო აპოლოს შორის. ეს გახლავთ ადგილი, სადაც გავიზარდე და იგი ტკივილამდე მიყვარს. ძალიან მალე გავხსნი მაღაზიას, რომელსაც ჩემს ხალხს მივუძღვენი. ყოველ კვირას მექნება ჩემი ძველი კოლექციიდან კაბების გამოფენა, _ ეს არის ხელოვნება, რომელიც ხელშეუხებელია, ხოლოდ მეორე ხაზი იქნება, ძირითადად, მომხმარებელზე ორიენტირებული და გაყიდვადი.
_ ამ ეტაპზე რაზე მუშაობთ?
_ ამ ეტაპზე კოლექციასა და მაღაზიის ინტერიერზე ვმუშაობ.
_ თქვენი ინსპირაციის წყარო ვინ ან რა არის?
_ ინსპირაცია ყოველთვის იყო ძლიერი ქალი, რომლის უკანაც იმალება უზარმაზარი სიბრძნე, ქალი, რომელიც სიცოცხლეს შობს და მეორე გულისცემა ესმის.
_ ყველაზე დიდი შეფასება, რომელიც ამ წლების მანძილზე მიიღეთ? როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა თქვენს ცხოვრებაზე?
_ 2015 წელს, როდესაც პარიზში დამარქვეს „ახალი ქარი მოდის სფეროში“, _ ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი კიბე, რომელზედაც ვიდექი და პერიოდი, როდესაც შანელის, დიორის გვერდით ჩემს ბრენდს მოიხსენიებდნენ. ბედნიერი ვარ, რომ მოდის ოფიციალურ კალენდარში წერია: დიორი, ფატუნა, შანელი… ამან ძალიან დიდი სიახარული, პასუხისმგებლობა, განცდა, ემოცია, ბედნიერება ერთად მომგვარა.
_ როგორ ფიქრობთ, არსებობს მეორე ფატუნა?
_ არა.
_ ფატუნა, მოდასა და პოლიტიკაზე მინდა, გკითხოთ. თუ ადევნებთ თვალყურს ქართველ პოლიტიკოსს ქალბატონებს? რამდენად მოგწონთ მათი ჩაცმულობა და ვინ არიან ისინი?
_ ძალიან აპოლიტიკური ვარ. ზოგადად, ვიზუალური მხარის გარდა ყოველთვის ვაკვირდები, თუ როგორ მეტყველებს ადამიანი. აბსოლუტურად სხვა ენაა ჩემთვის პოლიტიკა. როდესაც ადამიანი მეტყველებს, ძალაუნებურად აქცევ მის ხმის ტემბრს ყურადღებას და ვიზუალს, შემდეგ ავტომატურად გადადიხარ იმაზე, თუ როგორ არის შემოსილი. იქ შეიძლება იყოს გაცილებით დიდი აქსესუარი, ვიდრე იმ მომენტში სჭირდება, მაგრამ ეს თუ იმას აბედნიერებს, ჩემთვის პრობლემას არ წარმოდგენს. პირიქით, უნდა და ეკეთოს. სამყარო თავისუფალია, რომელიც ყველას ეკუთვნის. ერთი პერიოდი მკლავზე ტყავის სამაჯური მეკეთა და ზედ ქორს ვისვამდი, ასე დავდიოდი, ეს მაბედნიერებდა! დედა არაფერს მეუბნებოდა, თუმცა არსებობს დრესკოდი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.
როდესაც ხარ პოლიტიკოსი ქალბატონი, მაქსიმალურად აკადემიურად უნდა გამოიყურებოდე. აქცენტი არ უნდა გადმოვიდეს შენს სამკაულზე ან დეკოლტეზე, ასევე გასათვალისწინებელია თმის ვარცხნილობა. უნდა გამოირჩეოდე სისადავით და მაქსიმალურად უნდა გააკონტროლო საუბარი. უნდა გამოიყურებოდე აკადემიურად, მიმზიდველად და არა გამაღიზიანებლად.
_ არსებობს თქვენთვის ასეთი პოლიტიკოსი, რომელიც აკადემიურადაც გამოიყურება და, ამავდროულად, მიმზიდველიც არის?
_ დიახ, რამდენიმე პოლიტიკოსი ქალბატონია, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ვინ რომელ პარტიაშია, მაგრამ მათი სტილი ძალიან მომწონს. ვიზუალურად ვგიჟდები ჩვენს პრეზიდენტზე.
_ მოგწონთ სალომე ზურაბიშვილის ჩაცმის სტილი და ვიზუალური მხარე?
_ დიახ. ჩაცმის სტილიც მომწონს და ძალიან თანამედროვეა.
_ აქვს ფრანგული გავლენა?
_ კი, ძალიან. მე ბავშვობიდან მომწონს და მხიბლავს ეს ქალბატონი, ახლა არ გამიცნია იგი. 20-21 წლის წინათ ქალბატონი სალომე მოდიოდა ჩვენს სახლში სტუმრად და ძალიან დიდი სიმპათიით ვიყავი თავიდანვე განწყობილი მის მიმართ.
_ მის გარდერობში თუ არის ფატუნას სამოსი?
_ არა.
_ შემოთავაზება რომ გქონდეთ, ჩააცმევდით სალომე ზურაბიშვილს?
_ რა თქმა უნდა. მე, ჩავაცმევ აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს, რომ ეცვას ფატუნა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სტატუსს, მთავარია, ფატუნა მოსწონდეს.
_ წლებია, მოდიხართ, ბევრ სფეროში გიმუშავიათ, საკმაოდ დიდი გზა გამოიარეთ, რომ დღემდე მოსულიყავით. როგორ ფიქრობთ, იპოვეთ საკუთარი თავი?
_ ჩემი მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიმიღწევია. ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი და შესაქმნელი. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ვაპირებ შემეცნებითი გადაცემის გაკეთებას, რომელიც მინდა, რომ ინტერნეტში გავიდეს. ეს იქნება გადაცემა ყველაფერზე პოლიტიკის გარდა: ხელოვნებაზე, კულტურაზე, თეატრზე, მოდაზე, სიმღერაზე, ასტროლოგიასა და აბსოლუტურად ყველაფერზე.

გიორგი საკარული