ბადრი შელია: „სააკაშვილმა საქართველოს ნეიტრალურობის პრინციპი დაარღვია!“

9 ოქტომბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში ჩავიდნენ და რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლი ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება.
„აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობითა და კონფლიქტის დარეგულირების პრინციპებზე დაყრდნობით, იწყებენ არსებით მოლაპარაკებებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“, _ აღნიშნულია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

თავისთავად კარგია, რომ ცეცხლი შეწყდება და ადამიანები აღარ დაიღუპებიან, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მშვიდობა მყიფე და ომზე რთული იქნება. ისე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლების დღიდანვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ყველაფერ ამის უკან შესაძლოა, კრემლი მდგარიყო, რასაც, პირდაპირ თუ ირიბად, ჩვენი რესპონდენტიც, „მებრძოლთა ლიგის“ დამფუძნებელი, თადარიგის ოფიცერი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი, ბადრი შელიაც იზიარებს. ამასთან, „ქრონიკა+“-სთან შელია იმ საფრთხეებისა და პროვოკაციების შესახებაც საუბრობს, რომელსაც ყარაბაღის განახლებული კონფლიქტის ფონზე საქართველო ჩრდილოეთიდან უნდა ელოდოს.

_ ბადრი, რამდენიმე დღის წინ კახეთის ორ სოფელში უპილიტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა. ამას სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული ომის გამოძახილად მიიჩნევთ?
_ დიახ, მართალს ბრძანებთ. საგარეჯოსა და ყვარლის რაიონებში უცხო ქვეყნის უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა. ეჭვგარეშეა, ფაქტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებულ საბრძოლო მოქმედებებს უკავშირდება. ჩამოვარდნილი უპილოტოები, სავარაუდოდ, გახლავთ ისრაელის წარმოების უპილოტო ე. წ. კამიკაძე საფრენი აპარატები _ Harop -ი. ცნობილია, რომ Harop -ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაშია. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმედ აჯიევმა, განაცხადა, _ იქ, სადაც სასაზღვრო ხაზი არსებობს, მსგავსი პრობლემების წარმოშობა ყოველთვის შესაძლებელიაო. ანუ არ უარყო, რომ ეს აპარატები აზერბაიჯანს ეკუთვნის. საინტერესოა, საბრძოლო მოქმედებებიდან არანაკლებ 100 კილომეტრის მოშორებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ეს აპარატები როგორ მოხვდა?!
_ ეს, წესით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ თქვენი ვერსია როგორია?
_ კონფლიქტში მონაწილე მხარეები მათი საფრენი აპარატების მიზნამდე ფარულად მიახლოების მარშრუტად საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ ან რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალური ქვედანაყოფები ჩაერია და აღნიშნული უპილოტოების მართვა ვერაგულად მიიტაცა.
ამ ორი ვერსიიდან ჩვენი ქვეყნისთვის ერთიც უაღრესად საშიშია და _ მეორეც. მოკლედ, კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა სანამ ხელისუფლებაში „ოცნებაა“, არ მგონია, საზოგადოებამ ამ საქმეზე სიმართლე შეიტყოს!
სხვათა შორის, ამ ფაქტმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის სერიოზულ ხარვეზებზე ჩემი რწმენა გაამყარა, რაც ძალიან მაშფოთებს.
_ საერთოდ, ყარაბაღის კონფლიქტის გაცოცხლებას რას უკაშირებთ, ანუ იზიარებთ ცალკეული ექსპერტის მოსაზრებას, რომ ყველაფერ ამის უკან შესაძლოა, რუსეთი იდგეს?
_ იქიდან გამომდინარე, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ასე ვთქვათ, ძალიან დახურულია, რადგან იქ საერთაშორისო სადამკვირებლო მისიები არ იმყოფებიან, უაღრესად ბუნდოვანია, რეალურად კონფლიქტი რომელმა მხარემ განაახლა, თუმცა ფაქტია, რომ აზერბაიჯანი ამ საბრძოლო მოქმედებებისთვის გაცილებით უფრო მომზადებული აღმოჩნდა, ვიდრე _ სომხეთი. აზერბაიჯანის პრეზიდენტს არაერთხელ საჯაროდ განუცახდებია, კონფლიქტის მშვიდობიანად და სამართლიანად გადასაწყვეტად მზად ვართ, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ კონფლიქტის სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვეტასაც არ გამოვრიცხავთო. აქედან გამომდინარე, ოფიციალურმა ბაქომ, ალბათ, მიიჩნია, რომ საამისოდ ახლა შესაფერისი დროა. იმ ინდიკატორებიდან, რამაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას მთიან ყარაბაღზე კონტროლის სამხედრო ძალით აღდგენის გადაწყვეტილება მიაღებინა, ერთ-ერთი აუცილებლად ის იქნებოდა, რომ ბოლო დროს აშკარა გახდა, რუსეთი ფაშინიანს არ სწყალობს, ანუ კრემლი ფაშინიანს მას მერე არ სწყალობს, რაც მან გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთისგან დამოუკიდებლად ითამაშოს. ფაშინიანის ნაბიჯები საშინაო და საგარეო პოლიტიკაში თავიდანვე სომხეთის შიდა საქმეებიდან რუსეთის „ჩახსნას“ ემსახურებოდა, რასაც აქამდე ძალიან დიპლომატიურად და ხმაურის გარეშე ახერხებდა. აქედან გამომდინარე, სომხეთის, კონკრეტულად, ფაშინიანის წინააღმდეგ რუსეთის უჩვეულო დუმილი, ჩემი აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს, პირველ რიგში, სურს, იგი დიპლომატიურად მოიშოროს. თუ აზერბაიჯანი ამ საბრძოლო მოქმედებებით მნიშვნელოვან ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენას მოახერხებს, ეს ფაშინიანისა და მისი გუნდისთვის სასიკვდილო პოლიტიკური განაჩენი იქნება და კონფლიქტის ჩაწყნარების შემდეგ სომეხი ხალხის რისხვა მას ნამდვილად არ ასცდება! ამ ფონზე კი რუსეთი შეეცდება, სომხეთში ისევ მკაცრად პრორუსული ხელისუფლება მოიყვანოს. პუტინის ოფიციალური განცხადება, რადგან საომარი მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, ამიტომ რუსეთს არ აქვს ვალდებულება, სომხეთს პირდაპირი სამხედრო დამხარება გაუწიოსო, ფაშინიანის წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს.
მიუხედევად იმისა, რომ აზერბაიჯანს თურქეთი უჭერს მხარს, რუსეთი შეეცდება, ამ კონფლიქტში თავისი წარმომადგენლობითი საჭიროების საკითხი დააყენოს, ანუ კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსება მოითხოვოს და ასე შეეცადოს, რომ თავისი სამხედრო წარმომადგენლობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც შექმნას.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება საქართველოსა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიას რა საფრთხეს უქმნის?
_ ცნობილია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტალინმა სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადასცა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ეს დაძაბულობა სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. საერთაშორისო საზოგადოება მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ აქვს აზერბაიჯანს ამ ტერიტორიაზე პრეტენზია.
1994 წლიდან დღემდე ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის არაერთი სამხედრო კონფლიქტი მომხდარა. სომხეთი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეჟიმს უჭერს მხარს და 1994 წელს, მთიან ყარაბაღამდე, აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, რის შედეგადაც მთიან ყარაბაღთან პირდაპირი ტერიტორიული შეხება აქვს.
აზერბაიჯანი ომისთვის ყველა მიმართულებით ემზადებოდა, ბოლო დროს თავისი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეორგანიზაციაც მოახდინა. ასევე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანმა რამდენიმე საარტილერიო დივიზია ერთ უზარმაზარ დაჯგუფებად გააერთიანა და მთელი ეს სიძლიერე ისე განალაგა, რომ მთიან ყარაბაღთან შეხების ხაზი მთლიანად დაფარა. ამასთან, ძალიან გააძლიერა უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობები, ავიაცია და სატანკო ქვედანაყოფები და მთელი ქვეყნის ტერიტორია საჰარეო თავდაცვითი 4-საფეხურიანი სისტემით დაფარა. პარალელურად, თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, არაერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატარა, სადაც ყველა სახეობის ჯარის ურთიერთქმედება დახვეწა.
სომხეთმა კი თავისი სამხედრო შესაძლებლობები რუსეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულებით გააძლიერა, რომლის მიხედვითაც სომხურ-რუსული ერთობლივი სამხედრო დაჯგუფება შეიქმნა. მისი პირდაპირი დანიშნულებაც სომხეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო მოქმედებების ჩატარებაა. ამ შეთანხმებითვე სომხეთი, პრაქტიკულად, პუტინის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, აზერბაიჯანი კი თავის სამხედრო შესაძლებლობებში დამოუკიდებელია და მას ნატოს წევრი თურქეთის ძალიან ძლიერი არმია უმაგრებს ზურგს.
აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანამ მობილიზაცია გამოაცხადა. საერთოდ, ქვეყნები მობილიზაციას მცირე დაპირისპირებების გამო არ აცხადებენ ხოლმე…
ყველაფერ აქედან გამოდინარე, ყარაბაღის ომის ფართო მასშტაბებში გადასვლა საქართველოსთვის საფრთხეს რამდენიმე მიმართულებით შეიცავს:

  1. რუსეთი საქართველოს, თავისი სამხედრო ძალების სომხეთში გადასაადგილებლად, აუცილებლად და კატეგორიულად მოსთხოვს დერეფანს. თუ საქართველო დასთანხმდა, ჩვენს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების დაუსრულებელი მოძრაობა დაიწყება, რაც არ უნდა დავუშვათ;
  2. ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში დევნილთა უზარმაზარი ნაკადი წამოვა როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე _ სომხეთიდან;
  3. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებზე აუცილებლად იმუშავებენ რუსული სპეცსამსახურები და ეთნიკური შუღლისა და დაპირისპირების ინიცირებას შეეცდებიან.
    არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში 230 000 ეთნიკური აზერბაიჯანელი და 170 000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობს.
    წეღანდელი თქმისა არ იყოს, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბახთან დაკავშირებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, არაერთი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება ყოფილა, თუმცა ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს პატივს სცემდნენ, ანუ მათ შორის ყარაბაღის გამო ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება არასდროს დაწყებულა.
    დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის ინტერესების ერთგულნი ბოლომდე დარჩებიან და რუსულ პროვოკაციებს არც ახლა აჰყვებიან, რომელიც კარგის მომტანი, პირველ რიგში, არც სომხეთისთვის და არც აზერბაიჯანისთვის არ იქნება!
    საერთოდ, საქართველოში მსგავსი ეთნიკური დაპირისპირება წარმოუდგენლად დიდი „საჩუქარი“ მხოლოდ ოკუპანტი რუსეთისთვის იქნება…
    მოკლედ, რუსეთი ყველანაირად შეეცდება, რომ ყარაბაღის ომის ფართო მასშტაბები საქართველოსაც მაქსიმალურად შეეხოს.
    ამიტომ ჩვენ ნეიტრალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ ორ მოძმე ერს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს.
    _ ბადრი, ეს კონფლიქტი შეიძლება, ისე განვიხილოთ, როგორც მსოფლიოს ახალი გადანაწილების შემადგენელი?
    _ დიახ, შეიძლება, ახალი გადანაწილების მცდელობად განვიხილოთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კავკასიის რეგიონზე თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, პრეტენზია აქვს რამდენიმე გეოსტრატეგიულად აქტიურ ქვეყანას. როგორც წესი, პოლიტიკური ომების უდიდესი ნაწილი სწორედ სტრატეგიული ტერიტორიების კონტროლზე ფოკუსირდება. რუსეთს თავისთავად სურს, რომ რეგიონზე ადრინდელი გავლენა სრულყოფილად აღიდგინოს. გავლენის ზრდის ამბიცია თურქეთსაც აქვს და ცდილობს, რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ წარმოჩინდეს. ასევე რეგიონში თავისი გავლენის გაზრდა ირანსაც სურს; ბოლო ათი წელია, რეგიონით განსაკუთრებით დაინტერესებულია ჩინეთიც. აშშ კი, თავისი მიზანმიმართული და დაბალანსებული პოლიტიკით, რეგიონში ყველა ზემოთ ჩამოთვლილთაგან უპირატეს მდგომარეობაშია და მთელ რეგიონზე მისი გავლენა ძალიან დიდია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის, განსაკუთრებით კი, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ყველაფერ აქედან გამომდინარე, ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს რეგიონთან განსხვავებული მიდგომები აქვთ. მათი ინტერესების სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია რეგიონში შემავალი ქვეყნების კეთილგანწყობა ან მათი სრული თუ არა ნაწილობრივი ოკუპაცია (რუსული მოდელი).
    მოკლედ, ჩვენ ამ პროცესების ქარცეცხლში ვიმყოფებით და იმისთვის, რომ ეს ქარცეცხლი წარმატებით გავიაროთ, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლური კურსის შენარჩუნება, ჩვენს სტარტეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გარდა ჩვენს ქვეყანას სხვა ხსნა არ გააჩნია! ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ, სად „გადავნაწილდეთ“. შესაბამისად, 31 ოქტომბრის არჩევნები ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია.
    _ სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა თავის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში პირდაპირ თქვა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ეს პროვოკაციული განცხადება ხომ არ იყო?
    _ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან, ჩემი აზრით, ეს უადგილო განცხადება იყო, რითაც მან ნეიტრალურობის პრინციპი დაარღვია.
    _ ისე, ბადრი, როგორ ფიქრობთ, დავითგარეჯის გარშემო გამოძიების დაწყება და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ერთმანეთს შემთხვევით დაემთხვა?
    _ ვფიქრობ, რომ დავითგარეჯის გარშემო დაწყებული ეს სრულიად გაუგებარი საქმე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს შეგნებულად დაამთხვიეს. როგორც ჩანს, ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ფიქრობს, რომ ამით აზერბაიჯანზეც გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენენ, თუმცა ყველაფერი ეს მაინც წინასაარჩევნო პოლიტიკის ნაწილი მგონია და მეტი არაფერი. ჩვენი ქვეყნისთვის ამ პროცესს მხოლოდ ნეგატიური შედეგების მოტანა შეუძლია!
    _ ე. ი. ფიქრობთ, რომ დავითგარეჯის საქმეზე გამოძიების დაწყება ხელისუფლებას არჩევნებისთვის აწყობს და ყველაფერ ამას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია?
    _ ხელისუფლებამ ეს სპექტაკლი, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ მოაწყო.
    საერთოდ, დავითგარეჯის საკითხი ჩვენი საზოგადოებისა ეკლესიისთვის ძალიან მტკივნეულია… მოინდომეს, ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები სხვებს გადააბრალონ.
    ნებისმიერი ადამიანი, ვინც სამხედრო ან, უბრალოდ, რუკებში ერკვევა (სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებაში ასეთები თითზე ჩამოსათვლელებიც არ არიან) მიხვდება, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკის მეშვეობით, რაზედაც ფანქრის წვერით ერთი წერტილის დასმა, ანუ უბრალო წერტილი, რეალურად, ადგილმდებარეობაზე 200 მეტრს ფარავს, 1 სანტიმეტრი კი ამ მასშტაბის რუკაზე 2000 მეტრის ტოლია, შეუძლებელია, ზუსტად დაადგინო, ესა თუ ის ხაზი სად გადის. ჩემთვის გაუგებარია, გამოძიებამ ამ რუკის მეშვეობით „სიმართლე“ როგორ დაადგინა?! როგორც წესი, ადგილმდებარეობის ზუსტად დასადგენად მსხვილმასშტაბიან რუკებს იყენებენ ხოლმე.
    _ ისე, დავითგარეჯის საქმის პარალელურად, საყდრისის აფეთების გამოძიებაც ხომ არ უნდა დაიწყოს?
    _ ამ ხელისუფლების დროს საყდრისის აფეთქებაზე გამოძიების დაწყებაზე საუბარიც კი ალოგიკურია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შორს არაა ის დრო, როცა ახალი ხელისუფლების დროს ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებს!
    _ არსებობს მოსაზრება, რომ დავითგარეჯის საქმეზე გამოძიების დაწყება რუსული პროვოკაციაა. თქვენც ასე ფიქრობთ?
    _ იცით, რა მაფიქრებს?
    _ რა?
    _ რუკა, რომელზედაც პროკურატურა საუბრობს და ბრალდებულები მსგავსი რუკის აქამდე არსებობას არ აღიარებენ, აშკარაა, რომ ქვეყანაში ბოლო დროსაა შემოტანილი. ყველას გვახსოვს პატრიოტების ძალიან საეჭვო ვიზიტი აფხაზეთში, სადაც ისინი ვითომ ილორის ტაძარში მოსალოცად იმყოფებოდნენ და ილორის ტაძარს ხატი უსახსოვრეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი აფხაზურმა მხარემ აღნიშნული ხატი უკან დააბრუნა, თან განაცხადა, რომ ხატი ეკლესიური წესით არ იყო შესრულებული და, უბრალოდ, ამონაბეჭდს წარმოადგენდა. ვინმემ შეამოწმა, ოკუპირებული აფხაზეთიდან ხატის საფარქვეშ რა გადმოვიდა?
    _ საერთოდ, არჩევნების მოახლოების პარალელურად, ჩრდილოეთიდან რა პროვოკაციებს ელოდებით?
    _ როცა რუსეთი დუმს, არ იმუქრება და საქართველოს არ აკრიტიკებს, ე. ი., აქ ყველაფერი კარგად მისდის. ყველაზე დიდი პროვოკაცია რუსეთმა 2012 წელს უკვე მოგვიწყო და მივიღეთ არსებული პრორუსული ხელისუფლება!
    რუსეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება, არსებულ ხელისუფლებას ხელი შეუწყოს, რომ ქვეყნის მართვის სადავეები შეინარჩუნოს.
    შესაბამისად, რუსეთიდან შესაძლო პროვოკაციების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე სახიფათო ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე ეთნიკურ უმცირესობებს შორის დაძაბულობის შექმნის მცდელობა იქნება.
    _ ბადრი, თქვენი აზრით, ქართული სახელმწიფო მზადაა, რომ ამ რუსულ ჰიბრდიულ ომსა და სხვა სახის გამოწვევებს გაუძლოს?
    _ ჰიბრიდული ომის ელემენტები რუსეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებების დროს პირველად გამოიყენა. მას შემდეგ საგრძნობლად დახვეწა და, პრაქტიკულად, ყველგან გაავრცელა, სადაც მისი ინტერესები იკვეთება.
    ჰიბრიდული ომი დასავლეთისთვისაც სიახლე იყო და მასთან გასამკლავებლად მთელი სტრუქტურულ-ორგანიზაციული ცვლილებების გატარებაც კი მოუწია, თუმცა უკვე არსებული გამოცდილებით, ყველა თანხმდება, რომ ჰიბრიდული ომის გავლენა ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები გამართულად და სრულყოფილად მუშაოებს, ძალიან სუსტია.
    ჰიბრიდულმა ომმა ჯარისკაცსა და ჩვეულებრივ სამოქალაქო პირს შორის ზღვარი წაშალა, რადგან მისი მსხვერპლი შეიძლება ერთიც გახდეს და _ მეორეც ან ამ ომში ჩართული ერთიც იყოს და _ მეორეც. ამიტომ ჰიბრიდულ ომს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ისე უნდა დაუპირისპირდეს, როგორც ერთი მთლიანი.
    მაგალითად, რუსეთთან ჰიბრიდულ ომში მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, როგორც მასთან მებრძოლი ორგანიზაციის შეტოვება, შეცდომა იქნება და შედეგს ვერ მოიტანს. ეს ე. წ. მე-4 თაობის ომია, რომელიც არსებითად განსხვავდება ისეთი სტანდარტული ომისგან, როგორიც წარმოგვიდგენია.
    ჰიბრიდული ომის საფუძვლებში, თანამედროვე სამყაროში, მინიმუმ, ყველა მაღალი თანამდებობის პირი უნდა ერკვეოდეს.
    სხვათა შორის, 2008 წლიდან დღემდე, რუსული ჰიბრიდული ომის საცეცებს ჩვენ, ჯერჯერობით, ვუმკლავდებით. ვუმკლავდებით იმიტომ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები, ასე თუ ისე, მუშაობს. იმისთვის კი, რომ რუსულმა ჰიბრიდულმა ომმა ჩვენზე გავლენა ვერ მოახდინოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, განსაკუთრებით _ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება.
    _ როგორ ფიქრობთ, იმ დროს, როცა დასავლეთსა და, მათ შორის, აშშ-ს საკუთარი პრობლემები აქვთ, საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩვენდამი ყურადღება ხომ არ მოადუნა?
    _ პირიქით, დასავლეთმა და, განსაკუთრებით, ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირე აშშ-მა ერთმნიშვნელოვნად გაუსვეს ხაზი ჩვენი ქვეყნის მიმართ უცვლელ მხარდაჭერასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში ხელშეწყობას.
    _ 31 ოქტომბრისგან რას ელოდებით?
    _ ველოდები არსებული ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებასა და პროდასავლური ძალების დიდი უპირატესობით გამარჯვებას.
    _ ბოლოს, ბადრი, რა გაქვთ სათქმელი მოქმედ სამხედროებსა და ვეტერანებთან, მით უმეტეს, რომ ვეტერანთა სამსახურის უფროსად ამ დღეებში კობა კობალაძე დაინიშნა?
    _ მე, როგორც თადარიგის ოფიცერს – ვიცე-პოლკოვნიკს, რომელმაც 23 წელზე მეტი თავდაცვის ძალების შემადგენლობაში ვიმსახურე, არაერთი სამხედრო წიგნისა და დოქტრინის ავტორსა და თანაავტორს (ყველაფერი ეს დღემდე გამოიყენება ჩვენი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საბრძოლველად მოსამზადებლად), მინდა, მათ ვუთხრა, რომ კარგად მესმის და ვიცი თითოეული მათგანის წუხილი და პრობლემა.
    დღეს მე წარმოვადგენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს და მინდა, ისინი დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმ სამწუხარო რეალობის შესაცვლელად, რაშიც ჩვენს გულად ჯარისკაცებსა და გმირ ვეტერანებს უწევთ ყოფნა!
    ისინი არიან ადამიანები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყანა და ისინი იმსახურებენ ღირსეულ პირობებს, სათანადო დაფასებასა და პატივისცემას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის სირცხვილია, ომის ვეტერანს პენსია თვეში 22 ლარი ჰქონდეთ.
    ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელზედაც 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდით და იგი ითვალისწინებს ყველა არსებული პრობლემის მოგვარებას ყველა მიმართულებით _ სამსახურებრივი, სოციალური, მატერიალურ-ტექნიკური, სტრუქტურულ-ორგანიზაციული და ა. შ.
    თითოეული მათგანი ჩვენი ქვეყნისთვის დიდი განძია, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება!

გიორგი აბაშიძე