კოვიდინფიცირებული ორსული ანტისანიტარიას აპროტესტებს!

ნუკი აბშილავა 26 წლისაა. იგი 5 თვის ორსულია და კოვიდინფიცირებულია. ფეხმძიმე ქალი ამ დროისთვის ბათუმის სამშობიაროში სახლში იმყოფება.
ნუკი „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ საავადმყოფოში ანტისანიტარია დახვდა, სადაც მასსავით 20-მდე ფეხმძიმე კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
უფრო ვრცლად, თუ რა მდგომარეობაა ბათუმის სამშობიაროში, „ქრონიკა+“ ნუკი აბშილავას დაუკავშირდა:

_ ნუკი, როდის გაიგეთ, რომ კოვიდინფიცირებული იყავით?
_ გუშინწინ ჩავაბარე ტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩემს მეუღლესთან ერთად, თუმცა იმ დღეების განმავლობაში თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდით, რადგან ინფიცირების ალბათობა საკმაოდ დიდი იყო. გუშინ კი საბოლოოდ ორივეს დაგვიდასტურდა ვირუსი. ეს ინფორმაცია 112-დან მივიღეთ.
_ რა მოხდა შემდეგ?
_ შემდეგ დაგვირეკა ოჯახის ექიმმა, რომელმაც კითხვები დაგვისვა ჩვენი იმდროინდელი მდგომარეობის შესახებ და რამდენიმე მითითებაც მოგვცა… მერე კი ისევ 112-დან დაგვირეკეს, რომ აუცილებელი იყო ჩემი გადაყვანა. მე და გიორგიმ თავიდანვე ვიკითხეთ, თუ რატომ არ შეიძლებოდა სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება, როცა ტემპერატურა 36.4 მქონდა, ჩემს მეუღლეს კი _ 37. მათ გვითხრეს, რომ ჩემი გადაყვანა აუცილებელია, რადგან ფეხმძიმობის გამო განსაკუთრებულ ყურადღებას ვსაჭიროებ. აღარ შევკამათებივარ. ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ თუ ასეა, ბავშვზე უნდა ვიფიქროთო და მეც დავთანხმდი. საღამოს 21:00 საათზე სასწრაფოს ბრიგადამ მომაკითხა და მრავალპროფილიან სამშობიარო სახლში გადმომიყვანეს: გამიზომეს ტემპერატურა, მოისმინეს ბავშვისა და ჩემი გულისცემა და ჩემს პალატამდე მიმაცილეს. ამის შემდეგ უკვე მარტო დავრჩი.
_ ადგილზე მისულს რა მდგომარეობა დაგხვდათ?
_ შევდივარ საპირფარეშოში და საშინელი სიტუაცია მხვდება! ამასთან, რამდენიმე ინფიცირებული პაციენტი სარგებლობს ამ სააბაზანოთი, ფოტოებსაც მოგაწვდით… ამის მერე მეუღლეს დავურეკე და ეს ყველაფერი მოვუყევი, მანაც რეაგირება მოახდინა და ექიმს დაურეკა. ისედაც ემოციური ფონი მქონდა, პირველი და რთული დღე იყო. შემდეგ შემოვიდა ქალბატონი, რომელმაც მომაწოდა ხელსახოცები და თან ცოტა მისაყვედურა, _ რატომ გაანერვიულე მეუღლეო? მეც თავშეკავებით ავუხსენი, რომ ტუალეტი მოუწესრიგებელია და აბა, რა უნდა მექნა-მეთქი? მან მითხრა, რომ ღამეა და ყოველთვის მზად ვერ იქნებაო. მეც დავიძინე. რა მექნაა? _ ვიფიქრე, რომ მეორე დღეს დაველოდებოდი. მეორე დღესაც 12 საათამდე იგივე სიტუაციაა იყო, თან ისიც დაერთო, რომ გავიგე, ჩემთან პალატაში შემოჰყავდათ ინფიცირებული და ნაკეისრალი ქალბატონი. ამაზე, რა თქმა უნდა, გავცოფდი. სიტყვა „თვითიზოლაციის“ არსს ვერ ვხვდები. თუ ასე უნდა ყოფილიყო, სახლში დარჩენა და სისუფთავეში მკურნალობა მერჩივნა ჩემს ქმართან. მერე მთელი პერსონალი შემოდის და სათითაოდ მეკითხება, თუ რატომ გავლანძღე ისინი? მე კი ავუხსენი, რომ მედპერსონალს ასე პირდაპირ არ შევხებივარ; ანტისანიტარიისა და თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტს კი შევპირდი, რომ გავასაჯაროებდი. ამის შემდგომ მათ შეაკეთეს კარის სახელური და დაალაგეს სააბაზანო და პალატა. მედიკამენტი არ მოუწოდებიათ. ცხვირი მქონდა გაჭედილი და გუშინ ფიზიოლოგიური ხსნარი მოვითხოვე. მითხრეს, რომ მარაგში არ გვაქვსო. ჰიგიენა დაცული არ არის და არაჟნიან პურსა და ჩაის სახლშიც მივირთმევდი.

ხვიჩა მამულაძე