მანანა ჯებაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ შინაარსი შეიცვალა… მიშას ისევ გაუჩნდება სიმპათია გიორგი ვაშაძის მიმართ!“

16-17 წლის წინათ გავიცანი _ მაშინ პარლამენტარი და „ნაციონალური“ უმრავლესობის წევრი იყო. საერთოდ, ჩემი, ლამის, 30-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობისას არაერთ პოლიტიკოსს შევხვედრივარ, მაგრამ ამ ქალბატონმა ჩემი ყურადღება იმთავითვე თავისი სიდინჯითა და წესიერებით მიიპყრო… წლები გადიოდა, ერთმანეთს ხანგამოშვებით ვხვდებოდით და ბოლო წუთამდე მეგონა, რაც არ უნდა მოხდეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დატოვებს-მეთქი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მანანა ჯებაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ საპარლამენტო სიის ოცეულის წევრია. რაღა დაგიმალოთ და, გამიკვრიდა, ამიტომ მაშინვე გადავწყვიტე, შევხმიანებოდი და გამერკვია, „ძალა ერთობაშია“ „სტრატეგია აღმაშენებელს“ რატომ ამჯობინა?
ამას გარდა, მანანა ჯებაშვილს კორონავითარებაზეც ვესაუბრე _ ქალბატონი მანანა ექიმია და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებს ზედმიწევნით კარგად იცნობს.

მოკლედ, რატომ წამოვიდა „ძალა ერთობაშიადან“? რას ამბობს მიხეილ სააკაშვილზე? ელოდება თუ არა იგი ქვეყანაში პანდემიის დრამატულად განვითარებას? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს აწ უკვე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ მანანა ჯებაშვილთან:

_ ქალბატონო მანანა, საუბრის დაწყებას გაზრდილი კორონასტატისტიკით ვაპირებდი, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საპარლამენტო სიის ოცეულში გნახეთ, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეთ?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ მე კი არა, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოებამ“ გაერთიანებული ოპოზიცია _ „ძალა ერთობაშიამ“ დატოვა.
სხვათა შორის, ჩვენ შემდეგ გაერთიანება შოთა მალაშხიას პარტიამაც დატოვა და როგორც ახლა გამოჩნდა, ის გაერთიანება, რომელიც 12 პოლიტიკური სუბიექტისგან შედგებოდა და საპრეზიდენტო არჩევნებში, პრაქტიკულად, გაიმარჯვა, აღარ არსებობს.
_ დამიკონკრეტეთ, „ძალა ერთობაშია“ რატომ დატოვეთ?
_ ამის მიზეზი ღირებულებების თანხვედრის არარსებობაა.
_ კერძოდ?
_ ამ საკითხს უფრო დეტალურად არ შევეხები, ვინაიდან ახლა, ამ კარზე მომდგარი არჩევნების წინ, ოპოზიციის კრიტიკის დრო არ არის, თუმცა ერთს მაინც ვიტყვი: სანამ იურიდიულად დაფუძნდებოდა, მანამდე ვიყავი ამ პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი.
ექიმთა არასამთავრობო ორგანიზაცია _ „ჯანსაღი სახელმწიფოს პარადიგმა“, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გვერდით ღირსეულად დადგა და გამარჯვებისთვის თავდადებით იბრძოლა.
გამარჯვების შემდეგაც ჩემს თავზე მრავალმა ქარტეხილმა გადაიარა, მაგრამ შრომა და ბრძოლა ქვეყნის საკეთილდღეოდ არასოდეს შემიწყვეტია, ხან _ სახელმწიფო სტრუქტურებში, ხან _ არასამთავრობო სექტორიდან და რაც მთავარია, სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პირადი კეთილდღეობა არასოდეს დამიყენებია!
ასე რომ, ენმ-სთან კავშირის გაწყვეტა არცთუ ადვილი იყო, მაგრამ აქაც გადაწყვეტილება ღირებულებითი პრინციპის სასარგებლოდ მივიღე, ვინაიდან ამ პარტიამ შინაარსი შეიცვალა და მხოლოდ ამ ორ სიტყვას _ „ნაციონალური მოძრაობა“ _ ვერ მივეჯაჭვებოდი.
მახსოვს 2003 წელს, უძლიერესი, აქტიური, მეამბოხე, გონიერი, თავდადებული და თავგანწირული „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩემთვის რთულია, ენმ-ს ახლანდელ მდგომარეობას შევეგუო!
2003 წელს ენმ-მ დაამარცხა დრაკონი, შევარდნაძის სახით, რომელიც დასავლეთის მიერ აღიარებული იყო, როგორც დიდი პოლიტიკოსი. ამისგან განსხვავებით, 8 წელია, ვერ ვამარცხებთ ერთ ფობიებით შეპყრობილ კაცს, რომელსაც მთელი დასავლეთი უპირისპირდება.
მოკლედ, მინდა, ენმ ისეთი ვიხილო, როგორიც ის „ვარდების რევოლუცის“ დროს იყო. ამ პარტიის მიმართ ჩემი პრეტენზიები, მგონი, მეტ-ნაკლებად, გამოვთქვი.
_ როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ხართ. გიორგი ვაშაძის მიმართ კი მესამე პრეზიდენტს, რბილად რომ ვთქვათ, სიმპათია აღარ აქვს, ანუ თქვენი და სააკაშვილის გზები გაიყო?
_ მიშას მომავალში სიმპათია ისევ გაუჩნდება, როდესაც დარწმუნდება, რომ გიორგი ვაშაძესა და ვანო ჩხარტიშვილს შორის სხვა კავშირი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ იგი მისი ცოლის ბიძაა.
ისე, გიორგი ვაშაძის მუშაობას და მის დაუშრეტელ ენერგიას რომ ვუყურებ, მიშა მახსენდება. ქვეყანას ორივეს ენერგია, ენთუზიაზმი, შემართება, საქმის კეთების უნარი, ნიჭი, გონიერება და კეთილდღეობისა და განვითარებისაკენ სწრაფვა სჭირდება. დასაკარგი პატრიოტი მამულიშვილები არ გვყავს! ამიტომ ქვეყნის აღმშენებლობაში ორივეს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას.
_ ქალბატონო მანანა, კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ: „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ძალა ერთობაშიას“ რატომ ამჯობინეთ?
_ „სტრატეგია აღმაშენებელს“ ქვეყნის განვითარების მწყობრად გაწერილი გეგმა ყველა დარგში აქვს.
საერთოდ, ეს მარტივი არ იყო.
_ ანუ?
_ ამაზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები ვმუშაობდით. არც ერთი რეფორმა, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოიცავს, პირდაპირ გადმოტანილი უცხოური მოდელი არაა, ის სპეციალურად საქართველოსთვის, ყველა ქართული სპეციფიკის გათვალისწინებითაა შექმნილი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანი ხელისუფლების შეცვლა იმიტომ კი არაა, რომ ხელისუფლებაში თვითონ მოვიდეს, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა ისე შეცვალოს, სადაც ჭეშმარიტი დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანობა იქნება, სადაც არ იქნება კორუფცია და ნეპოტიზმი, სადაც ჯანსაღი ეკონომიკა თითოეული მოქალაქის ღირსეულ შემოსავალს უზრუნველყოფს, სადაც პაციენტებს უცხოეთში წასვლის გარეშე ექნებათ მაღალი ხარისხის მკურნალობის საშუალება და ა. შ.
_ ახლა კი კორონაზე გადავიდეთ. თქვენ, როგორც პროფესიონალი მედიკოსი, რას ფიქრობთ, კოვიდდადებითთა რიცხვი ნახტომისებურად რატომ იზრდება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა პირველი ტალღის დროს ხელისუფლება თავს იწონებდა კარგი კი არა, საუკეთესო მენეჯმენტით?
_ აქამდე კორონის ტალღა არ გვქონია და პირველი ტალღა ესაა.
გაზაფხულზე დაწყებუბული პანდემიის დროს ხელისუფლებამ, კარანტინისა და იზოლაციის ხარჯზე, კარგ შედეგს მიაღწია. მაგრამ 7 თვე ჯანდაცვის სისტემის გასამართად უნდა გამოეყენებინა, რათა ახლა ჯანდაცვის კოლაფსისგან დაზღვეულნი ვყოფილიყავით!
მკაცრი კარანტინის შემდეგ მოხსნილი შეზღუდვები, ბუნებრივია, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას გამოიწვევდა. ის, რაც გაზაფხულზე ევროპაში იყო, ახლა ჩვენთან დადგა.
_ ისე, ექიმების ცნობილი სამეული მინიშნებას საზოგადოებაზე აკეთებს, წესებს არ იცავსო. ეს სამართლიანი „ბრალდებაა“?
_ ბრალდების სახით არა, მაგრამ მოსახლეობას მეც მოვუწოდებ, რომ რეკომენდაციები დაიცვას და, ბოლოს და ბოლოს, სკეპტიკოსებმაც გაიგონ, რომ კოვიდი უფრო ვერაგი ვირუსია, ვიდრე _ სეზონური გრიპი.
მოსახლეობის ნაწილი, სტრესისაგან თავის დასაცავად პრობლემის უარყოფას მიმართავს. ეს ძალიან ცუდია, ვინაიდან თუ ფიქრობ, რომ პრობლემა არ არის, მაშინ თავსაც არ იცავ!
_ სხვათა შორის, პაატა იმნაძემ აჭარაში შექმნილი ვითარება იტალიისას შეადარა. თქვენი დაკვირვებით, მართლაც ასეა თუ ეს გადაჭარბებული პარალელია?
_ აჭარაში შექმნილი მდგომარეობა იტალიას უახლოვდება, ანუ თუ ასე გაგრძელდა და, სავარაუდოდ, გაგრძელდება, ნამდვილად იგივე მდგომარეობას მივიღებთ, რაც იტალიაში იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას იტალიის ჯანდაცვის სისტემაც ვერ გაუმკლავდა!
_ პანდემიამ საბოლოოდ ნათელყო, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემა სრულიად ამორფულია?
_ დავიწყოთ იმით, რომ როცა პაციენტები ცხელ ხაზზე რეკავენ და სიმპტომებს ეუბნებიან, პასუხად ღებულობენ, ეს სიმპტომები კოვიდისთვის დამახასიათებელი არ არის და ტესტი არ გჭირდებათო.
კოვიდი თავიდან სხვადასხვა სიმპტომით იწყება და ყოველთვის პირდაპირ სუნთქვის უკმარისობა არ ვითარდება, ამიტომ ამ დიაგნოზის ტელეფონით უარყოფა მიზანშეუწონლად მიმაჩნია.
გარდა ამისა, ტესტირებისთვის დამატებითი ადგილები აუცილებლად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით უნდა მოეწყოს (აქამდეც უნდა ყოფილიყო). მაგალითად, აშშ-ში პაციენტი ტეტსირებისთვის უახლოეს გამოყოფილ ადგილზე მანქანით მიდის და ტესტს მანქანიდან გადმოუსვლელად უღებენ.
ამასთან, ჩვენთან ხშირად ერთ სივრცეში არიან დაავადებული, ჯერ არდადასტურებული და კარანტინში მყოფი ადამიანები. ასევე შეფერხებულია ტესტის პასუხი, რომელსაც, ხშირად, 72 საათის შემდეგ იძლევიან.
არსებობს ლაბორატორიების რეზერვი და ვერ ვხვდები, რატომ არ იყენებენ, რომ ტესტის პასუხი დროულად იყოს? აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალი არ გადამზადებულა, რაც იმას გულისხმობს, რომ საერთაშორისო მასშტაბით მიღებული ცოდნა და გამოცდილება ყველამ _ პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან დაწყებული, რეანიმაციის ჩათვლით _ უნდა იცოდეს.
ზოგადად, საქართველოში ექთნების დეფიციტია: თუ განვითარებულ ქვეყნებში ერთ ექიმზე, მინიმუმ, 4 ექთანი მოდის, საქართველოში პირიქითაა _ ექიმი ექთანზე მეტია. პანდემიისა და ეპიდემიების დროს კი ეს პრობლება მკურნალობის პროცესს ფრიად აზარალებს.
ასევე მნიშვნელოვანია ექთნების ტრენინგები, რაც არ ტარდება. თუ კოვიდის გავრცელება ასე გაგრძელდება, შესაძლოა, საწოლების დეფიციტიც განვითარდეს, თავისი აღჭურვილობითა და ადამიანური რესურსით.
_ ზოგი იმასაც ამბობს, რომ კოვიდდადებითთა სიკვდილიანობის ზრდა სწორედ ჯანდაცვის მოუმზადებელი სისტემის ბრალია. ამ მოსაზრებას იზიარებთ, ქალბატონო მანანა?
_ ჯანდაცვა, მიუხედავად იმისა, რომ 7 თვე ჰქონდა, კოვიდინფიცირებულთა მატებას მოუმზადებელი შეხვდა, მაგრამ ეს სიკვდილიანობის ზრდას რამდენად უკავშირდება, ამის თქმა არ შემიძლია, ვინაიდან საამისოდ საკითხის კარგად შესწავლაა საჭირო.
_ გეთანხმებით, რომ ხელისუფლებას, მინიმუმ, სამი თვე ჰქონდა, რათა პანდემიის მეორე ტალღისთვის სათანადოდ მომზადებულიყო, მაგრამ, თქვენი შეფასებით, ტიკარაძის უწყებამ ეს პერიოდი რატომ არ გამოიყენა?
_ ჯანდაცვის მინისტრს მოსამზადებლად პანდემიის გამოცხადებიდან 7 თვე ჰქონდა, მაგრამ არაფერი გააკეთა, ეტყობა, იმედი ჰქონდა, რომ კორონა საქართველოში არ გავრცელდებოდა, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.
_ გრიპის სეზონის მოახლოების პარალელურად კორონასიტუაციის დაძაბვას ელოდებით?
_ ბუნებრივია, სეზონური გრიპების კორონასთან ზედდება პანდემიას დაამძიმებს, ამიტომ ხელისუფლებას სეზონური გრიპების ვაქცინები უკვე უნდა შეეძინა და აცრებიც დიდი ხნის დაწყებული უნდა ჰქონოდა.
სხვათა შორის, ევროპაში ეს პროცესი პირველი სექტემბრიდან იწყება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 130 000 ვაქცინა ძალიან ცოტაა და იმ შედეგს ვერ მოიტანს, რაც პანდემიის დროს ეფექტიანი იქნება.
_ ქალბატონო მანანა, ხომ არ გგონიათ, რომ ხელისუფლება კორონაამბებს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს და ვთქვათ, თუ არჩევნებს არ გადადებს, 31 ოქტომბრამდე ლოკალურ ლოკდაუნებს გამოაცხადებს?
_ ხელისუფლება თავის სასარგებლოდ ყველასა და ყველაფერს გამოიყენებს, მაგრამ აჭარის ცოტა ხნით ჩაკეტვა და აქედან მთელი რესურსის რეგიონში ეპიდაფეთქების ჩასაქრობად გადასროლა უმჯობესი იქნებოდა, ვინაიდან ახლა, როდესაც ვირუსი მთელ საქართველოში აჭარიდან ვრცელდება, მის შესაკავებლად რესურსი არ გვეყოფა და პროცესი ბუნებრივი გადარჩევის პრინციპით წარიმართება!
_ თუ ისე მოხდა, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყნის სათავეში კოალიციური მთავრობა მართლა მოვიდა, ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით პირველად რა ნაბიჯებს გადადგამს?
_ ეპიდემიასთან საბრძოლველად კარგი ინფრასტრუქტურა და, შესაბამისად, მომზადებული ადამიანური რესურსი, ასევე უფრო მოქნილი ქმედებების უზრუნველსაყოფად, რეგულაციების დახვეწა და მოწესრიგებაა საჭირო.
_ საერთოდ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჯანდაცვაში რა სახის რეფორმებია გასატარებელი?
_ ჩვენი ჯანდაცვის რეფორმა, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას, ასევე ჯანდაცვის ძირითად მოდელში ისეთი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე პაციენტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ხარისხი, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამის გამო პაციენტების გარკვეული ნაწილი უცხოეთის ქვეყნებში გაედინება.
ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი წამლის რეგულაციის ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნაა, რომელიც ქვეყანაში ხარისხიანი წამლის არსებობასა და მის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭიროა იმ ოლიგოპოლიების დაშლა, სადც წამლის შემომტანები, დისტრიბუტორები, აფთიაქის მფლობელები, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები და სადაზღვევოებიც ერთი და იგივე კომპანიები არიან.
ჩვენი პრიორიტეტი ონკოლოგიური დაავადებების ხარისხიანი მკურნალობა და ფინანსური უზრუნველყოფაცაა, ანუ ვგეგმავთ, რომ ამ დარგის განვითარებას მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ.
ასევე აუცილებელია ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვა და ტელემედიცინის განვითარება. მნიშვნელოვანია სამედიცინო განათლების სისტემის რეფორმირებაც, მისი უწყვეტობის პრინციპის დამკვიდრება, გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვა, სამედიცინო დარგობრივი ასოციაციების გაძლიერება და ა. შ.
_ ქალბატონო მანანა, ვთქვათ, ისე მოხდა, რომ „ოცნებამ“ დემოკრატიის ყველა წესი დაარღვია და ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა გადაწყვიტა, ასე შემთხვევაში რა მოხდება, ანუ „სტრატეგია აღმაშენებელს“ რა გეგმა აქვს?
_ „როცა უსამართლობა კანონად იქცევა, დაუმორჩილებლობა მოვალეობა ხდება“, _ თომას ჯეფერსონის ამ სიტყვებს გავიმეორებ.
_ ჯეფერსონი იქით იყოს და, ხმების დაცვას, მაინც, როგორ აპირებთ?
_ ხმების დასაცავად მთელი ოპოზიციური სპექტრია მობილიზებული. გავაკეთეთ ერთიანი ხმების დაცვის შტაბი, რომელშიც პარტიების წარმომადგენლები შედიან. უყურადღებოდ ერთი დარღვევაც არ დარჩება, ანუ ყველა შემთხვევა შტაბსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ელექტრონულად მიეწოდება. სხვათა შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა დიდი არმიაცაა მობილიზებული.
_ „სტრატეგია აღმაშენებელს“ ოპოზიციაც ესხმის თავს, შესაბამისად, მითხარით, თქვენს კონკურენტად მხოლოდ „ოცნებას“ მიიჩნევთ თუ ოპოზიციის სხვადასხვა ფრთასაც?
_ არსებული სიტუაციდან გამომდინარე, სრულიად ოპოზიციას ერთი მიზანი აქვს, რომ ერთად დაამარცხოს ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, ერთმანეთთან ბრძოლა უგუნურებაა, როგორც ამას ზოგიერთი პარტია აკეთებს და საარჩევნო კამპანიის ნაცვლად, რამდენიმე თვე გიორგი ვაშაძისთვის ტალახის სროლაში გაატარეს.
მიუხედავად ამისა, გიორგი მათთან დისკუსიაში შეგნებულად არ ჩაება და სარჩევნო კამპანია ღირსეულად გააგრძელა. შედეგიც სახეზეა _ იზრდება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამომრჩეველთა რიცხვი, ვინაიდან ხალხი გრძნობს, საქმის კეთება, საქართველოს წინსვლა და განვითარება ვის უნდა და ვის _ პირადი კეთილდღეობა _ ფული და პარლამენტის სკამი!
პოლიტიკოსი თუ ხარ, უფრო დიდი ამბიცია უნდა გქონდეს, ვიდრე პირადი კეთილდღეობაა.
_ პარლამენტარი ადრეც იყავით. საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ისევ რატომ გადაწყვიტეთ?
_ 30 წელია, ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ჩემს პროფესიასთან ერთად (პროფესიით ექიმი ვარ), ჩემი ქვეყნის მაჯაზე მიდევს ხელი. სამშობლოსთვის ბრძოლა ჩემი ახირებაა! ამ ბრძოლაში ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნები _ პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა თუ არასამთავრობო სექტორში.
როგორც გითხარით, 2003 წელს ექიმთა არასამთავრობო ორგანიზაცია _ „ჯანსაღი სახელმწიფოს პარადიგმა“ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიშას გვერდით დადგა და გამარჯვებისთვის ერთგულად და თავდადებით იბრძოლა.
ჩვენ ეროვნული მოძრაობის დროსაც ვიბრძოდით, მაგრამ პარლამენტში შესვლა არც გვიფიქრია. ამაზე არც 2003 წელს გვიოცნებია. ჩვენთვის მთავარი იყო შევარდნაძის დამარცხება და მიშას გამარჯვება, ვინაიდან ზუსტად ვიცოდით, რომ მიშა ჩვენს გაჩანაგებულ სამშობლოს სჭირდებოდა.
ჩემი პარლამენტის წევრობა მაშინაც თავისთავად მოხდა, სიტუაციამ მოიტანა და ახლაც, თუმცა თუ გამარჯვებული შედიხარ, პარლამენტში საქმის კეთების უფრო მეტი ბერკეტი გაქვს!
_ ბოლოს, ქალბატონო მანანა, რა სათქმელი გაქვთ საზოგადოებისთვის?
_ პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა ვთხოვო, რომ აუცილებლად წავიდეს არჩევნებზე და ღირსეული არჩევანი გააკეთოს.
სხვა შემთხვევაში სიდუხჭირე, სიღატაკე, გაუნათლებლობა, კორუფცია, ნეპოტიზმი, კრიმინალის ზრდა, დემოგრაფიული კრიზისი, ეკოლოგიური კატასტროფა თუ კულტურული მემკვიდრეობის განადგურება გაგრძელდება.
ამასთან, მოსახლეობას კარლ გუსტავ მანერჰაიმის სიტყვებსაც გავახსენებ: „სახელმწიფოს იდეალისტები და პატრიოტები აშენებენ, ვაჭრუკანების, მსტოვრებისა და კარიერისტების აშენებული ქვეყანა არავის უნახავს“.

გიორგი აბაშიძე