გაჭედილი საქართველო

ქართული ეროვნული ვალუტა ისევ შავ დღეშია. 7 წლის წინათ ეს შედარებით ახალი მოვლენა იყო, თუმცა მას დღეს უკვე ყველა მიეჩვია. დიდი მრავალფეროვნებით არც ხელისუფლების რეაქცია გამოირჩევა _ მთავრობა თავს იმით იმართლებს, რომ ეს გაუგებრობაა და ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები ისეთ კარგ მდგომარეობაშია, რომ პირდაპირ გასაკვირია _ ასე ძალიან რატომ უფასურდება ვალუტა?

შემდეგ ეროვნული ბანკის უფროსი გამოდის და ამბობს, რომ „ლარის კურსი არ შედის ეროვნული ბანკის კომპეტენციაში და ჩვენი ამოცანაა ინფლაციისა და ფასების ზრდის შეკავება“…
მერე ჩნდება ჩვენი უზენაესი მზეთამზე და რამე საშინელებას აბრეხვებს _ მაგალითად, „დღეს ლარი ისეთი მყარია, როგორც არასდროს“.
ბოლოს, ბუნებრივი ფაქტორებიდან გამომდინარე, დევალვაცია შეჩერდა და ლარმა, როგორც ფინანსისტები ამბობენ, „მცირედით გამყარება“ დაიწყო. ამას ხელისუფლების მხრიდან, როგორც წესი, დიდი ზარზეიმი მოჰყვება: „ჩვენი სწორი და მიზანმიმართული ქმედებების წყალობით, ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს უბრუნდება“.
შემდეგ ქოცების ლაქია-ექსპერტები რიგში დგებიან იმისთვის, რომ ტვ „იმედის“ ეთერში მთავრობა „ზუსტი და თანმიმდევრული ქმედებების“ გამო კიდევ ერთხელ შეაქონ.
ლარი „მცირედით გამყარდება“ და საბოლოოდ დასტაბილურდება გარკვეულ ნიშნულზე, ოღონდ ის მაინც გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე იყო დევალვაციის ტალღის დაწყებამდე. ამით ყველაფერი დასრულდება. 3-4 თვით. შემდეგ დაიწყება ახალი ტალღა და ასე უსასრულოდ…
მოსაწყენიც კი არის, როგორც ცუდი რეჟისორის შემოქმედება, რომელსაც კარგი კინოს გადასაღებად ნიჭი არ ჰყოფნის, მაგრამ ამ საქმეს ჯიუტად არ ეშვება.
ლარის მთავარი უბედურება კი ის გახლავთ, რომ არავის სურს რეალობის დანახვა და ისეთი ზომების მიღება, რომელიც ხალხში არაპოპულარული, მაგრამ მეტ-ნაკლებად ეფექტიანი იქნება.
ყველა „ფუნდამენტურ ფაქტორებზე“ ლაპარაკობს და ხშირად გაკვირვებას ვერ მალავს _ თურმე, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები ისეთ მშვენიერ მდგომარეობაშია, რომ პირდაპირ საოცარია _ ეს უგნური ლარი ასე ცუდად რატომ იქცევა?
მაგრამ გასაკვირი ამ შემთხვევაში არა ლარის საქციელი, არამედ ეს, ხშირად, გულწრფელი გაკვირვებაა. რომელ ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებზეა საუბარი სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის მეოთხედი ბაზრებზე ვაჭრობს და შემოსავლების დიდი ნაწილი უცხოურ გზავნილებსა და ტურისტულ ნაკადებზე მოდის?
საქართველოს მთავარი ეკონომიკური ფაქტორი ისაა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ არსებობს, ამიტომაც ლარის წაქცევა მცირე ნიავსაც შეუძლია _ სადღაც, რომელიღაც სექტორში ვალუტის შემოდინება ოდნავ შემცირდა _ და იწყება ახალი ტალღა…
პოლიტიკოსები და ექსპერტები გამოსავალს ეძებენ, ოღონდ, როგორც ყოველთვის, ზედაპირულად და იქ, სადაც ის რეალურად არ არსებობს.
ქვეყანა იაფფასიანმა პოპულიზმმა მოიცვა _ არჩევნების წინ ყველა ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას სტანდარტული დაპირებებით: პენსიების ზრდა, საბანკო პროცენტების შემცირება, საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია…
სადაა აქ ეკონომიკური ხედვა? რით აპირებენ პოლიტიკოსები _ ორივე ბანაკიდან _ გაყინული ეკონომიკის ამოძრავებას?
არავინ აღიარებს, რაც უნდა აღიაროს და არავინ ეუბნება ხალხს იმას, რაც უნდა უთხრას: „ხალხნო, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა და მამუხრუჭებელი ძალა თქვენ ხართ“…
არავინ გამოვა და პატიოსნად არ ეტყვის გლეხებს, რომ ისინი ამ ქვეყნის უსარგებლო ბალასტად იქცნენ და, საერთოდაც, თავად ცნება „გლეხი“ უკვე ჩამორჩენილობის ნიშანია. არც ერთ მეტ-ნაკლებად ნორმალურ ქვეყანაში არავითარი „გლეხი“ არ არსებობს _ იქ სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მსხვილ ფერმერთა პრივილეგირებულ კასტას განეკუთვნება.
ყველა ეძებს გამოსავალს დღეს არსებული სისტემის ფარგლებში. მიშა სააკაშვილი უკრაინაშია, მაგრამ მის მიერ დადგენილი განვითარების მოდელი დღესაც მუშაობს _ გავამარტივოთ კანონები, შევამციროთ ბიუროკრატია, დავწიოთ გადასახადები, ავაშენოთ ახალი სასტუმროები, განვაახლოთ ინფრასტრუქტურა და გავყიდოთ საერთაშორისო ბაზარზე მეტი ძველი მანქანა და მეტი ფეროშენადნობი.
2004 წელს ეს სტრატეგია დიდი პროგრესი იყო, რადგანაც 2004 წლამდე საერთოდ არავითარი ხედვა არ არსებობდა. ამ მიდგომამ, პირობითად, „სააკაშვილის მოდელმა“, წლების მანძილზე კარგად იმუშავა და შედეგებიც მოიტანა, მაგრამ 15 წელი გავიდა და მან თავისი თავი უკვე ამოწურა _ ვერც ახალი სასტუმროები, ვერც ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება, ვერც აზერბაიჯანში გაყიდული „პრიუსები“ და ვერც ახალი გზები და ხიდები საქმეს ვერ შველის.
საჭიროა ახალი რაკურსი, მაგრამ მისი აღმოჩენის ნიჭი არც მთავრობას გააჩნია და არც _ ოპოზიციას _ ორივე მხარე გამოსავალს იქ ეძებს, სადაც ის უკვე კარგა ხანია, არ არსებობს.
რეალობაში კი გამოსავალი სულ სხვაგანაა. დაუკვირდით: სააკაშვილის მოდელმა ზუსტად იმ დოზით იმუშავა, რა დოზითაც ქართული ეროვნული მენტალიტეტი შეიცვალა. დღეს ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელი ძალა სწორედ ტრადიციული ქართული მენტალიტეტია და მისი შეცვლის გარეშე გადასახადების შემცირება ვერაფერს გახდება.
პოლიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ არაფრის მაქნის, პარაზიტად ქცეული „მამაპაპური“ ქართველობისთვის თავზე ხელის გადასმა. ყველამ უნდა გაიგოს _ საქართველოში ეკონომიკა არ იარსებებს მანამ, სანამ არ მოისპობა ეს წურბელური ცხოვრების წესი.
შემოგთავაზებთ მხოლოდ 3 კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც ეკონომიკას თუ ვერ გააჯანსაღებს, ადგილიდან მაინც დაძრავს _ გაცილებით მეტად, ვიდრე საუბარი პენსიების ზრდაზე; ან დაფიცებები, რომ საჯარო სტრუქტურებში ნაკლებ რბილ ავეჯს იყიდიან და იშვიათად ივლიან რესტორნებში.
პირველი: უნდა შეწყდეს მუქთახორა გლეხობის აზრის გათვალისწინება და უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა ისევ დასაშვები უნდა გახდეს. ცალსახაა, რომ ქართველებს მიწაში ქექვას თბილისში ტაქსაობა ურჩევნიათ, და ასობით ათასი ჰექტარი მიწა ისევ უპატრონოდაა მიგდებული.
ქვეყანაში უცხოელებს მსხვილი ფერმების შექმნის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, მათი ტერიტორია უნდა შემოიღობოს მავთულხლართებით და მათ სახელმწიფომ შეიარაღებული დაცვა უნდა გამოუყოს _ იმისთვის, რომ ვერც ერთმა მთვრალმა გლეხმა იქ რამე ვერ აურიოს და ვერ გააფუჭოს.
მეორე: სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მსხვილი ჰესების მშენებლობა _ ეს არა მხოლოდ ათობით მილიონ დოლარს შემოიტანს, არამედ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის განვითარების კარგი სტიმული იქნება. ყოველგვარი წინააღმდეგობა ადგილობრივი პარაზიტების მხრიდან უნდა აღიკვეთოს ნებისმიერი გზით _ იქნება ეს მოსყიდვა თუ უხეში ძალა.
და მესამე: სახელმწიფომ ადგილობრივ წარმოებას ხელი უნდა შეუწყოს _ მაქსიმალურად შეისყიდოს ტენდერებში ადგილობრივი ნაწარმი _ კვების პროდუქტებით დაწყებული, საღებავებით დასრულებული.
ეს ყველაფერი არსებულ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, მომაკვდავ ეკონომიკას ვერ გააცოცხლებს და დოლარების უზარმაზარ დეფიციტს ვერ ამოავსებს, თუმცა უძრაობაში ჩაძირულ ქვეყანაში მინიმალურ დინამიკას მაინც შემოიტანს.
თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არ მოხდება _ ქართველი პოლიტიკოსები ლუმპენ-პროლეტარიატის მოფერებას გააგრძელებენ, ისევ პენსიებსა და ყურძნის ფასზე ილაპარაკებენ, ლარი კი ყოველ 3-4 თვეში ახალ წრეს დაარტყამს.
და ასე _ უსასრულოდ…

თენგიზ აბლოთია