მურმან დუმბაძე: „ივანიშვილი „ტოჩნი ზურაბას“ კვლევების ამარა დარჩა“

უკვე დიდი ხანია, რაც მმართველი გუნდი შთაგვაგონებს, რომ არჩევნებს ისევ ის მოიგებს და პარლამენტში კვლავ უმრავლესობით შევა. ასახელებენ სხვადასხვა პროცენტს, თუ რამდენს აიღებენ. მათ მამამზეს, ბიძინა ივანიშვილს, განსაკუთრებული მადა აღმოაჩნდა და მოგვახალა, 63%-ს დავდებთო. ბევრმა მისი ეს განცხადება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ნათქვამს შეადარა. მაშინ მთავარმა მეოცნებემ გვამცნო, ჩვენი კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, 63%-ს თუ არ დადებს, პოლიტიკიდან წავალო. ეს ის დროა, ქართველების ნაწილს ბიძინა ღმერთი რომ ეგონა. ახლა სხვა სიტუაციაა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა და ქვეყანასაც ეტყობა მისი მმართველობა. ამიტომაც ვეღარ წაგვიყენებდა ულტიმატუმს _ თუ „ოცნება“ 63%-ს არ აიღებს წავალო. არაა გამორიცხული, ეს განცხადება მან ცესკოს გასაგონად გააკეთა.

რას ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ასეთი განცხადებები? ვის და რის ამარა დარჩა ოლიგარქი? როდის აღიარებს „ოცნება“ დამარცხებას? როდის ჩამოდის მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? _ ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო მურმან, გასულ კვირას ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ არჩევნებზე 63% აიღოსო. თქვენი აზრით, რას ეყრდნობა მისი ასეთი ოპტიმისტური პროგნოზი?
_ იმას, რის ამარაც დარჩა ბიძინა ივანიშვილი. ის არჩევნებს „ტოჩნი ზურაბას“ კვლევების საფუძველზე ატარებს. ეს კვლევაც „ტოჩნი ზურაბას“ ჩატარებული უნდა იყოს.
_ „ტოჩნი ზურაბა“ ზურაბ ბიგვავაა?
_ ეგ გახლავთ. ამ ადამიანს „ქართულ ოცნებაში“ სერიოზული გავლენები აქვს. რაღაც კვლევებს ატარებს. მან საპრეზიდენტო არჩვნების დროსაც ჩაატარა კვლევები. ამ კვლევების შედეგები არჩევნების დღეს ირაკლი კობახიძემ გამოგვიცხადა. კვლევების მიხედვით სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. რამდენიმე წუთში ამ კვლევების შედეგები უკან წაიღეს. გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური დაინიშნა, ბიგვავას კი „ტოჩნი ზურაბა“ შეარქვეს.
_ ისე, როგორც ამბობენ, მაგ „ტოჩნი ზურაბას“ სხვა შედეგები ეწერა, მაგრამ კობახიძის დაჟინებული მოთხოვნით დადო ის შედეგიო.
_ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ამ კაცს შერჩა „ტოჩნი ზურაბას“ სახელი და ივანიშვილი მისი კვლევების ამარაა დარჩენილი. თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილის გარშემო ბევრმა „ტოჩნი ზურაბამ“ მოიყარა თავი. ისინი აჯერებენ „ოცნების“ ლიდერს, რომ არჩევნებზე ასეთი შედეგი დადგება.
ჩემი აზრით, ციფრებით მანიპულირება, რომ არჩევნებზე ამდენ და ამდენ პროცენტს მივიღებ, პოლიტიკოსის ამოცანა არ უნდა იყოს. პოლიტიკოსის ამოცანაა, ადამიანებს იმ დაპირებების შესრულებაზე ელაპარაკოს, რასაც ხელისუფლებაში მოსვლამდე გასცემდა. პოლიტიკოსებმა ამომრჩეველს სამოქმედო გეგმაც უნდა წარუდგინონ. უკვე მეცხრე წელი დაიწყო, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. ამ რვა წლის მანძილზე მათ არაფერი გაუკეთებიათ, მხოლოდ აფუჭებდნენ. ყველა მიმართულებით აქვთ ჩავარდნები. ამისთვის ისინი 31 ოქტომბერს მიიღებენ პასუხს. ჩვენ ყველა ხელისუფლება არაუმეტეს რვაწლიანი მმართველობის შემდეგ გამოვცვალეთ. ბიძინა ივანიშვილიც არ იქნება გამონაკლისი.
_ რატომ გგონიათ, რომ არ იქნება გამონაკლისი? „ოცნებაში“ სჯერათ, რომ მესამე ვადითაც მოვლენ ხელისუფლებაში.
_ საკითხავია, მართლა სჯერათ ამისი, თუ ისე ლაპარაკობენ? ივანიშვილი კიდევ ერთი ვადით ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში. ის ყველაზე სუსტი მმართველი აღმოჩნდა, რაც კი აქამდე გვყოლია.
_ მისი სისუსტე რაში გამოიხატება?
_ იმაში, რომ ძალიან მალე წავიდა ხელისუფლებიდან.
_ პრემიერობიდან გადადგომას გულისხმობთ?
_ დიახ.
_ ზოგიერთმა ეს მის სიძლიერედ შეაფასა.
_ მართლა რომ წასულიყო ხელისუფლებიდან, სიძლიერე იქნებოდა, მაგრამ ის გადავიდა ჩრდილში და ქვეყნის არაფორმალური მმართველობა დაიწყო. ეს გააკეთა იმისთვის, რომ უფრო მეტი ფინანსური ხეირი ენახა. ამისთვის მას 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები განაჩენს გამოუტანენ. 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ რომ ხელისუფლებას ჩამოშორდება, ამაში დარწმუნებული ვარ. მომავალ პარლამენტში პარტიები როგორ გადანაწილდებიან და ვის რა პროცენტი ერგება, ეს უკვე ჩვენი ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ოპოზიცია მყარად რომ მოიგებს, ეს ეჭვებს არ იწვევს. ამ ოპოზიციაში ყველაზე მეტ ხმას ნომერი 5 აიღებს.
_ სანამ ნომერ 5-ზე გკითხავთ, ისევ ივანიშვილის გაჟღერებულ 63%-ს დავუბრუნდები. ეს ცესკოსთვის გაცემული განკარგულებაა, თუ ხალხს აგუებენ, რომ ასეთი შედეგი დაიდება?
_ მგონია, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის გაკეთებული განცხადებაა, ხელისუფლება მხარდამჭერებზე მანიპულირებას ცდილობს. 63%-ის დადება წარმოუდგენელია.
_ რატომ ფიქრობთ, რომ ეს წარმოუდგენელია?
_ იმიტომ, რომ ასეთი შედეგის დასადებად არჩევნები სერიოზულად უნდა გაყალბდეს. არჩევნების გაყალბება კი შეუძლებელია.
_ დარწმუნებული ხართ, რომ შეუძლებელია არჩევნების გაყალბება?
_ დარწმუნებული ვარ.
_ ამის თქმის საბაბს რა გაძლევთ?
_ ამის თქმის საბაბს მაძლევს ის, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა. გაიზარდნენ პოლიტიკოსები. ამიტომ მგონია, რომ ივანიშვილი გაყალბებას მოერიდება.
_ თუ არ მოერიდა?
_ თუ არ მოერიდება და ძალადობა-გაყალბების გზას დაადგება, მიიღებს იმას, რაც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში მიიღეს ადგილობრივმა მმართველებმა. არა მგონია, ივანიშვილმა არ იცოდეს, თუ რა ხდება ბელარუსში ან ყირგიზეთში. გაყალბებულ არჩევნებზე ჩვენც მწვავე რეაქციები გვაქვს ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენგან დაიწყო. 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ არჩევნების გაყალბების გამო მოხდა. რევოლუციის წინ მიხეილ სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძეს დაუჩოქა და სთხოვა, გამოექვეყნებინათ ის შედეგები, რაც რეალურად დაიდო არჩევნებზე. ედუარდ შევარდნაძემ ამის გაკეთება არ ისურვა და მიიღო „ვარდების რევოლუცია“. ივანიშილიც რევოლუციას მიიღებს, თუ გაყალბებაზე წავა.
_ ივანიშვილისგან განსხვავებით, შევარდნაძეს ამდენი ფული არ ჰქონია. დიდ ფულს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
_ ზოგჯერ ფული არაფერს ნიშნავს, მათ შორის, არც დიდი ფული. შვარდნაძეს მდენი ფული არ ჰქონდა, რამდენიც ივანიშვილს აქვს, მაგრამ ის დიდი პოლიტიკოსი იყო და ძალიან სერიოზული საერთაშორისო გავლენები ჰქონდა. ამ მხრივ ივანიშვილისა და შევარდნაძის შედარება არ შეიძლება. ამ გავლენიან პოლიტიკოსსაც მოუწია სახლში წასვლა. ასე მოუწევს „ოცნების“ ლიდერსაც. მას სხვა გზა აქვს.
_ რა გზა?
_ ისე უნდა მოიქცეს, როგორც 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოიქცა მიხეილ სააკაშვილი. მან დამარცხება აღიარა და ოპოზიციაში გადავიდა. ასე ღირსეულად უნდა მოიქცეს ივანიშვილიც. ის წლების წინათ ჩემს რჩევებს ითვალისწინებდა. მინდა, რომ ეს რჩევაც გაითვალისწინოს. „ოცნების“ ლიდერი თუ ასე მოიქცევა, პირველი მე ვიქნები, ვინც მას ხელს ჩამოართმევს. ვფიქრობ, უნდა დასრულდეს ის დრო, როცა დამარცხებული ძალის ლიდერები ქვეყნიდან გარბოდნენ. ხელისუფლების ყოფილი პირველი პირების დევნა და მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაც წარსულს უნდა ჩავაბაროთ.
_ იმათ რას უპირებთ, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი? არც მათ უნდა მოვთხოვოთ პასუხი?
_ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ოღონდ დამნაშავეა თუ არა ის, დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეძლო ამ ხნის მანძილზე დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. ოპოზიციური პარტიები შეთანხმებული ვართ, რომ მოვიწვევთ უცხოელ მოსამართლეებს. ამით ჩვენი სუვერენიტეტი ოდნავ შეილახება, ბევრად მეტი თანხის დახარჯვაც მოგვიწევს, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ ჩვენთანაც შეიძლება იყოს სამართლიანი სასამართლო.
ღრმად მჯერა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „ოცნება“ არჩევნების გაყალბებას ვერ გაბედავს. ახლა მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ომი. ივანიშვილი თავისი განცხადებებით ცდილობს მხარდამჭერების გამაგრებას. მისი გამონათქვამები ნეიტრალური ადამიანების გულის მოგებასაც ემსახურება. ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ მის განცხადებებს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მოსახლეობასთან და ყველას ავუხსნათ, რომ სამშობლო არის განსაცდელში. რვა წელი ჭაობში იდგა ქვეყანა. ამ ავგიას თავლის გასუფთავება ადვილი არ იქნება, მაგრამ მომავალ ხელისუფლებას ამის გაკეთება მოუწევს. დარწმუნებული ვარ, კოალიციური მთავრობა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ამას შეძლებს.
_ თქვენ იმაშიც დარწმუნებული ხართ, რომ კოალიციური მთავრობის მთაური სააკაშვილი იქნება?
_ რა თქმა უნდა. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ჩვენი პრემიერობის კანდიდატი. ამის შესახებ ამომრჩეველსაც ვესაუბრები. ისინი მიშას გაპრემიერების ამბავს ტაშით ეგებებიან. მათ შორის, ვინც 2012 წელს ჩემი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო. მათ, ისევე როგორც მე, სჯეროდათ, რომ ქვეყანაში ვითარება სასიკეთოდ შეიცვლებოდა. მაგრამ საქართველო ერთ ადგილზე გაჩერდა. რიგ საითხებში უკანაც წავიდა. ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. საქართველოს სჭირდება კოალიციური მთავრობა და რეფორმები.
_ ამბობთ, ხალხი ტაშით ხვდება იმას, რომ მიშა პრემიერი გახდებაო. ოპოზიცია ამ იდეას ნამდვილად არ უკრავს ტაშს.
_ ეს ნორმალურია. არც ერთი პარტიის ლიდერი არ იტყვის, რომ სხვა პარტიის ლიდერს აირჩევს პრემიერად. არც ზურაბ ჯაფარიძე და არც შალვა ნათელაშვილი იტყვიან, რომ მიშა მათი პრემიერობის კანდიდატია. იგივეს იზამენ სხვა ლიდერებიც. ყველა თავის კანდიდატს უჭერს მხარს. ეს გახლავთ პოლიტიკური კონკურენციის ანი და ბანი. ვისაც ეს არ ესმის, მათთან კამათს არ ვაპირებ. იმაში კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება, ეს ლიდერები სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
_ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებაში რას გულისხმობთ?
_ ისინი პრემიერის პოსტზე რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას კი არ დაუჭერენ მხარს, არამედ იმ გადაწყვეტილებას სცემენ პატივს, რაც ქართველმა ხალხმა მიიღო. პრემიერის გამოსავლენად ძალიან მარტივი ალგორითმი არსებობს. ჩვენ ოპოზიციური პარტიები შევდივართ კონკურენციაში. ვინც მეტ ხმას მიიღებს, ის პროპორციულად მეტად გადანაწილდება მთავრობაში. ასე ხდება ევროპის ქვეყნებში და მოხდება საქართველოშიც. ჩვენ ევროპა იმიტომ კი არ გვინდა, რომ რუკაზე მისი სახელი მოგვწონს, ევროპა გვინდა იმიტომ, რომ იქ დემოკრატიაა.
31 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ არჩევნები არაა, ეს ერთგვარი რეფერენდუმიც არის. ამ რეფერენდუმზე გადაწყდება, დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი პარტიების ლიდერები განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან სააკაშვილის პრემიერობას, მაგრამ ეს შემაშფოთებელი სულაც არ არის. გულწრფელად მჯერა, რომ როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, ისინი მიშას კანდიდატურას დაუჭერენ მხარს. არჩევნებზე თუ რომელიმე სხვა პარტია აიღებს ჩვენზე მეტ ხმას, მაშინ მათ კანდიდატს დავუჭერთ მხარს.
_ თქვენ უკვე იმაზე ფიქრობთ, ვინ დაუჭერს მხარს სააკაშვილის გაპრემიერებას. რატომ გამორიცხავთ, რომ „ოცნებამ“ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ერთად შექმნას უმრავლესობა და მან დააკომპლექტოს მომავალი მთავრობა?
_ ასეთი რამე გამორიცხულია. „ქართული ოცნება“ მარცხდება, გამარჯვება ოპოზიციას დარჩება. ოფიციალური შეთანხმება არ გაგვიფორმებია, მაგრამ ოპოზიციური პარტიები შეთანხმებულები ვართ, რომ არც ერთი ჩვენგანი მხარს არ დაუჭერს „ოცნებას“ საკოალიციოდ. ამ პირობის დარღვევა იქნება საქართველოს მოქალაქეების გადაგდება, რასაც ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ გაბედავს.
_ ასეთი დაწმუნებულიც ნუ იქნებით, ჩვენს პოლიტიკოსებს არაერთხელ გადაუგდიათ ხალხი.
_ ეს წარსულში იყო. ახლა ვითარება შეიცვალა. პოლიტიკურად ხალხიც გაიზარდა და პოლიტიკოსებიც. ამიტომ მგონია, რომ ხალხის გადაგდებას ვერავინ გაბედავს.
_ ოპოზიციურმა პარტიებმა ხომ გაბედეთ, დაგვპირდით, რომ ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები გეყოლებოდათ და ეს პირობა არ შეასრულეთ.
_ კონკურენციის მომხრე ვარ და არ ვფიქრობ, რომ ხალხი გადავაგდეთ. მეორე ტურში მთელი ოპოზიია „ქართული ოცნების“ კანდიდატის საწინააღმდეგოდ გაერთიანდება.
_ პირველივე ტურში არ შეიძლებოდა ამის გაკეთება?
_ შეიძლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ამის გამო ტრაგედიას ნუ შევქმნით. დარწმუნებული ვარ, ბევრ ოლქში ოპოზიციონერი კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ლევან ვარშალომიძე პირველივე ტურში მოიპოვებს მაჟორიტარის მანდატს. პირველივე ტურში მოიგებენ არჩევნებს გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი. სადღაც 12 ოლქში პირველივე ტურში დავამთავრებთ. 18 ოლქში ერთიანი ძალებით დავუპირისპირდებით ხელისუფლების კანდიდატს.
იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ოპოზიცია ძალიან აქტიურად მუშობს: დავდივართ კარდაკარ, ვხვდებით ამომრჩევლებს. ვუხსნით ხალხს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებდით, მაგრამ პანდემია გვიშლის ხელს. რამდენჯერმე ვთქვი, რომ პოლიტიკურად გავიზარდეთ. მაგალითად, ბათუმში ჩვენი და „ოცნების“ საარჩევნო შტაბები გვერდიგვერდ არის. ჩვენ მშვიდობიანად თანავცხოვრობთ და შევდივართ კონკურენციაში. მინდა, რომ ყველგან ასე იყოს. უმრავლესობა და ოპოზიცია მშვიდად უნდა ატარებდნენ საარჩევნო კამპანიას. ასეთი საქართველოსთვის ვიბრძვი ამდენი წელია და მგონი, დადგა ეს დრო.
დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბრის საღამოს „ქართული ოცნება“ დამარცხებას აღიარებს და ოპოზიციაში გადავა. ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია. ნომერი 5 ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ამას ხალხის განწყობიდან გამომდინარე გეუბნებით. მთელი საქართველო მოვიარე და ძალიან ბევრმა მითხრა, რომ 5 ნომერს უჭერს მხარს.
_ თქვენ რა უთხარით, _ ვინც 5 ნომერს შემოხაზავს, რამე უბედურება დაემართებაო, _ როგორც ამას 2012 წელს ამბობდით?
_ ახლა ამას აღარ ვამბობ. მაშინ 5 ნომერი უნდა გაგვეშვა. სხვანაირად არ გამოდიოდა. ახლა 41 ნომრის გაშვების დრო მოვიდა. ისინი ხელისუფლებაში თუ დარჩნენ, საქართველო რუსეთის ნაწილი გახდება. ჩვენს ახალგაზრდებს პარიზის, ლონდონის, ჰაიდელბეგის ნაცვლად ტულასა და ომსკში მოუწევთ განათლების მიღება.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პერსპექტივა არავის ხიბლავს, მათ შორის, არც „ოცნების“ მომხრეებს. ველოდები, რომ ივანიშვილი 31 ოქტომბერს ოპოზიციას გამარჯვებას მიულოცავს. ასე თუ არ მოხდა, ხალხი თავად იპოვის გამოსავალს.
_ რა გამოსავალს იპოვის ხალხი?
_ მოხდება ის, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება. კიდევ ერთხელ გამეორდება, რაც 2003 წელს იყო საქართველოში.
_ რევოლუციას გულისხმობთ?
_ ძალიან არ მინდა, ასე რომ მოხდეს, მაგრამ ხელისუფლება მარცხის აღიარებაზე უარს თუ იტყვის, სხვა გზა არ გვრჩება. რატომღაც, მჯერა, რომ ივანიშვილი მარცხს აღიარებს.
_ ეს ფრაზა ბევრჯერ გაიმეორეთ და ზედმეტად ოპტიმისტურად ხომ არ ხართ განწყობილი?
_ ჩემი ოპტიმიზმი რეალობიდან გამომდინარეობს. ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ შეუძლებელია, ოპოზიციამ არ მოიგოს არჩევნები. დღეს ოპოზიციას ის ხალხიც კი უჭერს მხარს, რომელიც, ჯერ კიდევ, ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნებს“ მომხრე იყო. ხომ დაუჯერებელია, რომ „ოცნების“ მხარდამჭერმა 5-იანი შემოხაზოს, მაგრამ ძალიან ბევრი მათგანი შემოხაზავს 5-იანს. ოპოზიციიდან ყველაზე მეტ პროცენტს „ნაციონალური მოძრაობა“ დააგროვებს. მას ყველა პარტიაზე მეტი ხმა ექნება.
_ ისევ ორპარტიულობისკენ მივდივართ: იქით _ „ოცნება“, აქეთ _ ნომერი ხუთი.
_ ვერ გეტყვით ეს სამწუხაროა თუ სასიხარულო, მაგრამ რეალობა ასეთია. სხვა ოპოზიციური პარტიები იმაზე ნაკლებ ხმას მიიღებენ, ვიდრე „ქართული ოცნება“ და ნომერი 5. ეს არის რეალობა და ჩვენ ამ რეალობიდან გამოვიდეთ.
_ ნომერი 5 „ოცნებაზე“ მეტ ხმას აიღებს?
_ ნომერი 5 ამ არჩევნებში სერიოზულ შედეგს აჩვენებს. როგორც უკვე გითხარით, მას „ოცნების“ მომხრეებიც კი აძლევენ ხმას. საქართველოს აუცილებლად ეყოლება კოალიციური მთავრობა და ამ მთავრობას მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება სათავეში.
_ მთავრობას სათავეში რომ ჩაუდგეს, ამისთვის ჯერ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს.
_ აუცილებლად დაბრუნდება.
_ როდის დაბრუნდება?
_ ეს დამოკიდებულია ამომრჩევლის მარჯვენა და მარცხენა ხელზე. მათზეა დამოკიდებული ისიც, ძლიერად დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი. თუ ძლიერად შემოხაზავენ 5 ნომერს, ძლიერად დაბრუნდება, თუ სუსტად, დაბრუნებაც სუსტი იქნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძლიერად დაბრუნდება საქართველოში. ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ის დრო, როცა ხელისუფლბიდან წასულ ადამიანებს ქვეყნიდან ვაძევებდით. ვინმეს დანაშაული თუ აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ მოქალაქეობა არავის აღარ უნდა წავართვათ.
მოქალაქეობის ჩამორთმევა ეს არის ღირსების საკითხი. ღირსების გარეშე ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ვითარდება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ღირსება. სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებით აღვიდგენთ ღირსებას.

შორენა მარსაგიშვილი