ლევან სამუშია: „ივანიშვილს წინასაარჩევნოდ ორი ადამიანის თავისუფლება შესწირეს!“

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. წარმატებას ვუსურვებ მათ! სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად“.
„თავისუფალი დემოკრატების“ დატოვების შემდეგ ლევან სამუშია „ლელოს“ შეურთდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატია დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.

რატომ გააკეთა არჩევანი „ლელოზე“? რას ჰპირდება ამომრჩეველს და რა უპირატესობა აქვს სხვა კანდიდატებთან შედარებით? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიმდინარე პოლიტიკური თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს დიდუბე-ჩუღურეთში, ლევან სამუშიას ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, სანამ მიმდინარე პოლიტიკური თემების შესახებ გკითხავთ, მანამდე რა იყო „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თქვენი წამოსვლის მიზეზი?
_ ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ.
_ რატომ შეაჩერეთ არჩევანი „ლელოზე“?
_ „ლელო“ არის ახალი ძალა, იგი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია, უმწიკვლო წარსულითა და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო.
_ აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, დაკავება მთავარი თემაა, რასაც უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება ამ შეთითხნილი საქმით ოპოზიციის დემონიზებას ცდილობს. თქვენი შეფასებით, რას ემსახურება და რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას მათი დაკავება?
_ ეს არის წინასაარჩევნოდ კერპთაყვანისმცემლების მიერ მსხვერპლშეწირვა, _ მათ „კერპ ივანიშვილს“ ორი ადამიანის თავისუფლება შესწირეს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის წინასაარჩევნო, პოლიტიკური დაკავება. მსგავსი საქმეები „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანია.
_ როგორც იურისტი, რას იტყვით, სამართლებრივად გამართულია ეს საქმე? არსებობს თუ არა ბრალდების რეალური საფუძველი?
_ რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მართალია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ ვუსმენ ბრალდებისა და დაცვის მხარესაც. ზოგადად, რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის სამართლებრივი აბსურდი, ქვეყნისთვის ძალიან ხიფათის მომტანი და საზიანო ქმედება. რა თქმა უნდა, დავითგარეჯა საქართველოა, ქართული მიწაა და სულიერების ქართული საუნჯეა, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სტრატეგიულ პარტნიორთან ფრთხილი მიტანა, მოლაპარაკება და არა ისეთი საუბარი, როგორსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს. სამართლებრივად რომ ვთქვათ, მართლაც წარმოუდგენელი რამ ხდება. ლაპარაკია განზრახ დანაშაულზე, თუმცა განზრახი დანაშაული მოტივისა და მიზნის გარეშე არ არსებობს. რა და ვის სასარგებლოდ განიზრახეს ამ შემთხვევაში ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, ამას ვერ განმარტავენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ თუ რამე განიზრახეს, მხოლოდ საქართველოს საზიანოდო. თუ საქართველოს საზიანოდ განიზრახეს, ე. ი. ვიღაცას უნდა არგონ თავიანთი ქმედებით. მათი ლოგიკიდან გამომდინარე, მეზობელი სახელმწიფოს სასარგებლოდ განუზრახავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დანაშაული არ იარსებებს. ბრალი ჯერ არ არის დადასტურებული. იმას არ გვეუბნებიან, რომ კონკრეტული ადამიანები ვინმეს სასარგებლოდ მუშაობდნენ. თუ ეს ადამიანები ვინმეს სასარგებლოდ არ მუშაობდნენ, ე. ი. ისინი უნდა შეამოწმონ, არიან თუ არა შეურაცხადები, რაც, რა თქმა უნდა, ისედაც ნათელია, რომ ეს ადამიანები შეურაცხადები არ არიან. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ეს არის ბინძურად ნაწარმოები პოლიტიკური საქმე. ბატონი მელაშვილის მდგომარეობამ ძალიან დამთრგუნა. დავინახე, თუ სანამდე შეიძლება დაეცეს ხელისუფლება და როგორ გაანადგუროს ადამიანი. ბრალდებაცაა და ბრალდებაც. ბრალდებასაც ხომ გააჩნია, უმძიმეს ბრალდებას ასე ხელაღებით უყენებენ. იმ სასულიერო პირის ჩვენების საფუძველზე თუ არიან ეს ადამიანები დაჭერილი, ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში არ ხდება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის მსხვერპლშეწირვა ივანიშვილის საამებლად. რატომ რისკავს ასე ხელისუფლება?
_ ეს ყველაფერი ხდება საარჩევნოდ, ეს მსხვერპლშეწირვაც ამიტომ გააკეთეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იცის, რომ მისი მარცხი გარდაუვალია, ამიტომაც საზოგადოების თვალში ამ საქმეებით პლუსის ჩაწერას ცდილობს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ვერანაირ პლუსს ვერ ჩაიწერს, პირიქით, საქართველოს მოქალაქეებმა ყველაფერი კარგად იციან, თუ რისი გამკეთებლები და შემოქმედები არიან, რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია, ეს უკვე ცალსახაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 31 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო ურნებთან „არას!“ ეტყვიან. ეს კარგად იცის მმართველმა გუნდმა. ისინი ამას გრძნობენ, აქედან გამომდინარე, ისტერიკასა და ეიფორიაშია არიან, წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ.
_ თქვენ აცხადებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ამომრჩეველი „არას!“ ეტყვის, მაგრამ კვლევების მიხედვით სწორედ მმართველი გუნდი დგას პირველ ადგილზე, ამ ეტაპზე მას შანსი აქვს, რომ თუ უმრავლესობით არა, კოალიციით მაინც დარჩეს ხელისუფლებაში. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას შეინარჩუნებს?
_ ამომრჩეველს უკვე უარი გადაწყვეტილი აქვს. მოგეხსენებათ, დიდუბე-ჩუღურეთში ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი, შესაბამისად, ასობით ადამიანს ვხვდები ყოველდღე და წარმოუდგენლად ელოდებიან 31 ოქტომბრის მოსვლას, რომ „ქართულ ოცნებას“ უარი უთხრან. დამერწმუნეთ, ეს ნამდვილად ასეა. რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, იგი აუცილებლად შედგება, მაგრამ კოალიციურ მთავრობას შექმნიან პროდასავლური ოპოზიციური ძალები, „ლელო“ იქნება ამის ფლაგმანი. „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში რამე ფორმით დარჩენის შანსი არ გააჩნია. ეს არჩევანი ამომრჩეველმა უკვე გააკეთა.
_ წინასაარჩევნო პერიოდში მუდმივად გვიწევს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან პოლიტიკური კინკლაობის ყურება. დავუშვათ, რომ არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგა პროდასავლური ოპოზიციური ძალების მიერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საკითხი. დღევანდელი მოცემულობით, რამდენად დიდია შანსი, რომ კოალიცია შედგეს?
_ „ლელო“ არავისთან არის პოლიტიკურ კინკლაობაში, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენთვის მთავარია ამომრჩეველთან შეხვედრა და მისთვის ჭაობიდან ამოყვანის პროგრამის, _ „მარშალის გეგმის“ გაცნობა. ასევე გვექნება სასამართლო სისტემის რეფორმის პრეზენტაცია, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის ხედვისგან. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით ყველა დარგსა და სფეროში. ჯერ წინასაარჩევნო პერიოდია, ვნახოთ, რა იქნება შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა პირადად ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: საქართველოს მოქალაქეების ნებით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვერ იქნება.
_ მთავარ ოპოზიციურ ძალად დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება. რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ მთავარი ფლაგმანი, პროდასავლური ოპოზიციური ძალების მიერ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, სწორედ „ლელო“ იქნება?
_ ამომრჩეველს მივანდოთ ამის გადაწყვეტა. „ლელოს“ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს და იგი ყოველდღიურად იზრდება. თუნდაც ის კვლევები, თქვენ რაზედაც საუბრობთ, აჩვენებს იმას, თუ როგორ იზრდება „ლელოს“ მხარდაჭერა. დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებს მივანდოთ. „ლელო“ იქნება წამყვანი ძალა კოალიციურ მთავრობაში. ამას ვამბობ ჩვენი კვლევებისა და ამომრჩევლებთან ყოველდღიური შეხვედრებისას მათი მხრიდან წამოსული განწყობების საფუძველზე.
_ თქვენ ახსენეთ „მარშალის გეგმა“, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა აღიქვა, როგორც არარეალური და პიარზე მორგებული. მკითხველს რომ განვუმარტოთ, რამდენად არის დათვლილი და გათვლილი ის თანხები, რაც ამ გეგმის შესრულებას სჭირდება?
_ ვინც „მარშალის გეგმას“ წაიკითხავს ნახავს, რომ იქ არ არის ლოზუნგები. „მარშალის გეგმაში“ დეტალურადაა განხილული, რა, როგორ და საიდან უნდა გაკეთდეს. ასევე დეტალურად არის წარმოდგენილი, საიდან შეიძლება თანხების მოზიდვა და როგორ დაიწყება ეკონომიკის წინსვლა. ყველაფერი არის აღწერილი. „მარშალის გეგმამ“ ისეთი ექსპერტების მოწონება დაიმსახურა, რომლებიც, ზოგადად, კრიტიკითა და ობიექტურობით გამოირჩევიან, ასევე არავითარი კავშირი აქვთ „ლელოსთან“. ამ გეგმაზე კარგმა სპეციალისტებმა იმუშავეს, აქედან გამომდინარე, ყველაფერი აწონ-დაწონილია.
_ მმართველ გუნდს, ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, გაცილებით დიდი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი აქვს. ეს ორი ფაქტორი, დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია. ამჯერად რამდენად ეფექტიანი იქნება ეს რესურსები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ?
_ სატყუარები, რომლის გამოყენებასაც „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ცდილობდა და ცდილობს, არ იმუშავებს. დარწმუნებული ვარ, ვერც ფულადი და ვერც ადმინისტრაციული რესურსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არჩევნებზე ვერ უშველის, ვინაიდან თვითონ ადმინისტრაციულ რესურსშიც კი უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ უნდა დარჩეს ძალაუფლება და რომ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა შეიცვალოს.
_ მთავარი თემა, რომელსაც ასევე სახელისუფლებო ტროლებისა და ბოტების ქარხანა იყენებს „ლელოს“ წინააღმდეგ, ეს არის პარტიის ლიდერების საქმიანობა, რომ ისინი ბიზნესმენები არიან და მხოლოდ თავიანთი ინტერესებისთვის, საკუთარი ბიზნესის დასაცავად მოდიან პოლიტიკაში. დღევანდელი მოცემულობით ეს ნარატივი რამდენად გაქარწყლებულია?
_ პირველ რიგში, „ლელოს“ ლიდერები დიდი ხანია, ბიზნესიდან წამოვიდნენ. ის, რომ ამ თემის შესახებ ტროლები და ბოტები აქტიურობენ, გეთანხმებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება შეწუხებულია „ლელოს“ მზარდი რეიტინგით. „ლელოს“ ლიდერებმა თავიანთი საქმიანობით შექმნეს 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდკომპანიები. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ წარსულს, ბატონი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერია, ის ეროვნულ მოძრაობაში მაშინ იყო, როცა ბევრს საერთოდ საჯაროდ კომუნისტებისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის ეშინოდა. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს თავიანთი ძალიან საინტერესო და მდიდარი წარსული აქვთ. ამავდროულად, დიდ გამოცდილებას ფლობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ თავიანთი საქმიანობის განმავლობაში მათ არანაირი მაქინაციები და ხელისუფლებასთან კავშირი არ ჰქონიათ, სუფთა ბიზნესით, თავიანთი ნიჭითა და შრომით შექმნეს ყველაფერი. საზოგადოება ყველაფერს შესანიშნავად აკონტროლებს და კარგად მოეხსენება, რაც ხდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ტროლებისა და ბოტების აქტიურობა ამ კუთხით განპირობებულია იმით, რომ მმართველი გუნდი „ლელოს“ რეიტინგის გამო ძალიან შეწუხებულია.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ყოველდღიურად ასობით ადამიანს ხვდებით. რა პრობლემების წინაშე დგას თქვენი ოლქის, დიდუბე-ჩუღურეთის, მოსახლეობა და როგორია მათი წინასაარჩევნო განწყობა?
_ ისეთივე პრობლემებია დიდუბე-ჩუღურეთში, როგორც _ მთელ საქართველოში: უკიდურესი სიდუხჭირე, უმუშევრობა. შეხვედრებზე ყველა მეუბნება იმ პრობლემაზე, რასაც ნარკომანია ჰქვია, ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობთ. ასევე სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებია: მაგალითად, ჩუღურეთში სახლები კატასტროფულ მდგომარეობაშია და ინგრევა. ოქროს კოშკებს არავის ვპირდები, ისეთ დაპირებებს არ გავცემ, რისი შესრულებაც შეუძლებელია, მაგრამ ჩემს სიტყვას ყოველთვის ჰქონდა ფასი და ასეც იქნება. მე შემიძლია ამომრჩეველს ვუთხრა, რომ მისი წარმომადგენელი, დამცველი ვიქნები პარლამენტში. თუნდაც იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაზე ვისაც აქვს უფლებამოსილება და არ აკეთებს, სწორედ მათი ზედამხედველი ვიქნები და კანონის შესაბამისად უმკაცრესად მოვთხოვ პასუხს მათ. ყველამ კარგად ვიცით, რა კორუფცია და ნეპოტიზმია, შესაბამისად, ამას სჭირდება მკაცრი კონტროლი და მონიტორინგი. ეს ნამდვილად არ მეშლება.
_ სხვა კანდიდატებთან შედარებით რა უპირატესობა გაქვთ?
_ საკუთარ თავზე არ მინდა საუბარი. უბრალოდ, ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ამომრჩევლისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრნობ. ამ მხარდაჭერიდან გამომდინარე, არც კი ვიღლები. ამომრჩევლის მხრიდან ჩემ მიმართ წარმოუდგენლად დადებითი მუხტი მოდის. დილიდან საღამომდე მათთან კარდაკარ შეხვედრაზე ვარ, უკვე ათასობით ადამიანს შევხვდი და 31 ოქტომბრამდე ამ შეხვედრებს ვაგრძელებ, ვისმენ მათ პრობლემებს, ასევე ვუზიარებ ჩვენს ხედვებს და მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩევლებს, რომლებიც ასე თბილად მხვდებიან.
_ რა არის „ლელოს“ მთავარი კოზირი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
_ პირველ რიგში, ეს არის ის, რომ „ლელო“ ახალი ძალაა. „ლელოში“ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სუფთა წარსული, არიან პროფესიონალები და ყველამ თავიანთ სფეროში წარმატებას მიაღწია. „ლელო“ პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანების გუნდია.

ნენე ინჯგია