გიორგი მშვენიერაძე: „მელაშვილი და ილიჩოვა სინდისის პატიმრები არიან!“

„კარტოგრაფების საქმე“ პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა. საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური სპექტრი ფიქრობს, რომ ამ თემას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იყენებს.
რაც შეეხება საქმის სამართლებრივ მხარეს, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დააკავეს საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი _ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა.
„არსად გაქცევას არ ვაპირებ, არც მიმალვას. ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ“, _ ეს კარტოგრაფ ივერი მელაშვილის სიტყვებია. ადამიანების ნაწილი ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ კარტოგრაფების მოღალატეებად გამოცხადება წინასაარჩევნოდ ხელისუფლების პოლიტიკური თამაშის ნაწილია.
მელაშვილის ინტერესებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) იცავს.

რა მტკიცებულებებია საქმის მასალებში? კონკრეტულად რას ედავებიან მელაშვილს? რა მოლოდინი აქვთ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივართან დაკავშირებით?
აღნიშნული თემის შესახებ „ქრონიკა+“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელ, იურისტ გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა:

_ პირველი ინსტანციის მოსამართლემ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ფორმა გამოიყენა. როგორია თქვენი პოზიცია მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით?
_ საქართველოს კონსტიტუცია ისევე, როგორც ადამიანების უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია, სასამართლო ხელისუფლებას ავალდებულებს, პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, როგორც უკიდურესი ზომა, გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, ერთი მხრივ, ცხადად არის დადგენილი, რომ სახეზეა საკმარისი მტკიცებულებები, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა, რასაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ჰქვია და, მეორე მხრივ, უნდა არსებობდეს ასევე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მოცემულობა, რომ პირი გაანადურებს მტკიცებულებებს ან ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე, მიემალება გამოძიებას ან არ გამოცხადდება სასამართლოში ან სამართალდამცველ ორგანოებში ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, _ თუ ეს საფრთხეები არსებობს საქმეზე, ამის შესახებ პროკურატურამ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს და მას სასამართლო დაეყრდნოს. მხოლოდ ის, რომ მძიმე დანაშაულია და ადამიანი მიიმალება, ეს არ არის საკმარისი. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა საკმარისი, თუ ბატონი ივერი ვიღაცაზე ახდენდა გავლენას ან ეუბნებოდა, რომ ჩვენება არ მიეცა ან ჰქონდა ამის მცდელობა ან ბილეთები იყიდა სადმე წასასველად და მიმალვას ცდილობდა ან არ ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოში, _ ასეთი კონკრეტული მტკიცებულება უნდა მოუტანოს გამოძიებამ და პროკურატურამ სასამართლოს, რათა სასამართლო დარწმუნდეს, რომ მიმალვის საფრთხე არსებობს და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს პატიმრობა, ისიც, თუკი სხვა რამე ღონისძიება ვერ აღმოფხვრიდა ამ საფრთხეს. ასეთი რამ არ არსებობს ამ საქმეში, არანაირ მტკიცებულებას არ უთითებს სასამართლო, ის მხოლოდ ბელეტრისტიკობს. ჩამოთვლის იმ მტკიცებულებებს, რაც საქმეშია, მათ შორის, ძალიან ბევრი ჩვენი გამამართლებელი მტკიცებულებაა და, საბოლოო ჯამში, ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას, რომ მიმალვის საფრთხე არსებობს. ამიტომ ეს განჩინება ცალსახად დამრღვევია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, რომელიც დაცულია, როგორც კონსტიტუციით პირადი თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლებით, ასევე ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით. ჩემთვის უცნაური იყო თავად ის, რომ სასამართლომ მტკიცებულებები, რაც ჩამოწერა და თქვა, რომ ეს საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, როგორ წაიკითხა 2-3 საათში?! ჩვენ 4 დღეა ვსხედვართ და ჯერ მხოლოდ მე-6 ტომს ვასრულებთ. ამ საქმის წაკითხვა ასე იოლი არ არის და ბევრ სპეციფიკურ დეტალში ჩაღრმავებას საჭიროებს, თუმცა სასამართლომ ეს მოახერხა, რაც, ვიმეორებ, ძალიან უცნაურია.
_ რა მტკიცებულებებია საქმის მასალებში და თქვენ ახსენეთ გამამართლებელი მტკიცებულებები. ამის შესახებაც გვითხარით, რა გამამართლებელი მტკიცებულებები დევს საქმეში?
_ მტკიცებულებების სახეობები შემიძლია გითხრათ: ეს არის, პირველ რიგში, მოწმეთა ჩვენებები, ასევე წარმოდგენილია გარკვეული კარტოგრაფიული მასალა. ძირითადად, ეს არის 1938 წლის რუკის ამონახაზი 1:500 000 მასშტაბით, ასევეა იუფიმის სისტემით გაკეთებული 1: 200 000 მასშტაბის რუკა, რომელიც, როგორც გამოძიების მასალებიდან ჩანს, ბატონმა ხიდაშელმა ჩამოუტანა ჩვენს თავდაცვის სამინისტროს. საქმის მასალებშია მომდევნო წლების რუკები, რომელიც გამოიყენებოდა საზღვრის შეთანხმების პროცესში, 1: 50 000, ხოლო მეორე 1: 100 000 მასშტაბისაა, თარიღდება 1942 წლითა და 1970-80 წლებით. საქმის მასალებშია ექსპერტიზის ორი დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ პასუხს სცემს გამოძიების მიერ დასმულ კითხვებს, რადგან რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა ვერ ხერხდება. დანარჩენი არის საპროცესო დოკუმენტები: ჩხრეკა-ამოღება, ბრძანება ინფორმაციის გამოთხოვაზე და ა. შ. რაც შეეხება გამამართლებელ მტკიცებულებებს, როდესაც ამ მასალებს გავეცანით, აღმოჩნდა, რომ ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც ცალსახად ამტკიცებს: ბატონი ივერი და ქალბატონი ნატალია უდანაშაულონი არიან. ისინი დელიმიტაცია-დემარკაციის მთელი ამ პროცესის მანძილზე, თითოეულ შეხვედრაზე მაქსიმალურად იბრძოდნენ, რომ საქართველოს მეტი ტერიტორია დარჩენოდა. ამ შეთანხმების შედეგად და მათი დამსახურებით, დაახლოებით, მინიმუმ, რამდენიმე ასეული ჰექტარი საქართველომ იხეირა.
_ კონკრეტულად რომ გვითხრათ იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობას ამტკიცებს…
_ ეს არის, ძირითადად, მოწმეთა, კომისიის მოქმედი და ყოფილი წევრების, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის ჩვენებები, რომლებიც ამ პროცესის შესახებ ჰყვებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერტიზის დასკვნებშიც კითხვები ცალმხრივადაა დასმული. მაგალითად, კომისიას ეკითხებიან, _ რამდენი ჰექტარი მიწა დაკარგა საქართველოს ხელისუფლებამ იმის გამო, რომ გამოიყენა 1938 წლის ხაზი და არ გამოიყენა 1936 წლის? რაზედაც პასუხობენ იმას, რაც დარჩა აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ჩვენს შემადგენლობაში რა დარჩა, იმას არ ეუბნებიან. აქედან გამომდინარე, გამოძიება ობიექტურ გამოძიებას კი არ ატარებს, არამედ ცდილობს წარმოაჩინოს, რა დავკარგეთ და რა მივიღეთ ამაზე აქცენტს არ აკეთებს. თან ამ ნაწილში 200-ათასიანი მასშტაბის რუკას ვერ გამოვიყენებდით და რომც გამოგვეყენებინა, როგორც ბატონი ივერი ამბობს, უფრო მეტს დავკარგავდით, ვიდრე მივიღებდით. ხაზს ვუსვამ: გამოძიებამ მხოლოდ იმაზე დასვა კითხვა, თუ რა დავკარგეთ და არ უკითხავს, თუ რა მივიღეთ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ კომისია 200-ათასიანი მასშტაბის მქონე რუკას ვერ გამოიყენებდა, რატომ?
_ ამას ისტორიული კონტექსტი აქვს. როცა ერთი სახელმწიფო მეორესთან იწყებს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მუშაობას, ადგენენ სად გადის საზღვარი და შემდეგ იქ ნიშნებს აკეთებენ. ჩვენ და აზერბაიჯანს, როგორც სახელმწიფოებს, გარკვეულ საკითხებზე წარსულშიც გვქონდა პრობლემები, რომელიც მოდის დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან, 1918 წელს ვგულისხმობ: იმ დროსაც იყო გარკვეული პრეტენზიები აზერბაიჯანის სახელმწიფოს მხრიდან წამოყენებული ჩვენს სახელმწიფოს ტერიტორიასთან მიმართებით. მაშინ მიიღეს პასუხი, რომ ჩვენ ამ პრეტენზიებს არ განვიხილავდით. თუმცა, მოგვიანებით, როცა საქართველოსა და აზერბაიჯანის ოკუპაცია განხორციელდა საბჭოთა რუსეთის მიერ, აზერბაიჯანის საბჭოთა ხელისუფლებამ მოითხოვა ამ საკითხის კვლავ გააქტიურება, რასაც დასთანხმდა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება, _ მაშინ ზაქათალის ოლქი გადაეცა აზერბაიჯანს. ასევე საუბარი იყო სხვა მიწებზეც, თუმცა საზღვრის შეთანხმება დეტალურად ვეღარ მოხერხდა. არის დავითგარეჯასთან დაკავშირებით ფილიპე მახარაძის მოხსენება, სადაც იგი ამ საკითხზე მსჯელობს, ეს საქმის მასალებში არ დევს. უბრალოდ, მინდა, რომ მკითხველმა იცოდეს. საბოლოოდ, ეს დაძაბულობა რომ აღმოფხვრილიყო, მუშაობა დაიწყეს იმისთვის, რომ ეს საზღვარი ერთხელ და სამუდამოდ, საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთს შორის, დადგენილიყო. ამ საზღვრების დადგენას საბჭოთა კონსტიტუციით ესაჭიროებოდა ქვეყნის უმაღლესი ორგანოების დადასტურება, შესაბამისად, ეს შეხვედრა გაიმართა 1938 წელს, შედგა შესაბამისი ოქმი. დოკუმენტი, დღევანდელი გაგებით რომ ვთქვათ, რატიფიცირებულია, ანუ დამტკიცებულია საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების მიერ. ამ შეხვედრაზე ასევე დამტკიცდა რუკა 1:500 000 მასშტაბით. ცხადია, მისი გარჩევადობა ძალიან ცუდია, რადგან ახლო არ არის. ამავე დოკუმენტში არის ასევე სამი პირობა:

  1. „საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრის შეუთანხმებლობა, დიდი მთის ჩრდილოეთით, საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მონაცემებით, სწორად აღმოჩნდა დატანილი. ეს დასტურდება აზერბაიჯანის სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის მონაცემებით. საზღვარი მდინარე ალაზანზე გადის“, _ ანუ საზღვარი მდინარე ალაზანზე გავიდა;
  2. „დანარჩენი მცირედი შეუთანხმებლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებში, რომლებიც დატანილია საქართველოსა და აზერბაიჯანის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების მონაცემების მიხედვით, ძირითადად 1:500 000 მასშტაბის რუკის სხვადასხვა ამონაბეჭდისთვის, განსხვავებული მსხვილმასშტაბიანი მასალის გამოყენებისას მათი არაზუსტი გრაფიკული დატანის, ასევე ამონაბეჭდების დეფორმაციის შედეგს წარმოადგენს“, _ ანუ რუკაზე ეს აცდენები იმიტომ კი არ არის, რომ მიზანმიმართულია, არამედ ეს აცდენები გამოიწვია ამობეჭდვამო;
  3. „მასალების განხილვის შედეგად თათბირზე აზერბაიჯანის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი საქართველოს დასამტკიცებლად წარუდგენს 1:500 000 მასშტაბის დამოწმებულ რუკას, საზღვრების მოხაზულობაში მასზე არსებული გრაფიკული ტექნიკური უზუსტობების აღმოფხვრის გათვალისწინებით“, _ ე. ი. რა უზუსტობებიც იყო, ის აღმოიფხვრა.
    ეს რუკა დაამტკიცეს და იგი არის ის ბოლო დოკუმენტი, რომელიც ორივე მხარის სახელმწიფო უმაღლეს ორგანოებს აქვთ დამტკიცებული. 1942 წელს იყო მცდელობა რუკაში ცვლილებების შეტანისა; 1945 წელს კვლავ გადაწყდა საზღვრების შეცვლა, ოღონდ, როგორც სახელმწიფოს, გაგვიმართლა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ 60-იან წლებში ეს კი დაამტკიცა, თუმცა აზერბაიჯანმა არ დაამტკიცა, თორემ ამ რუკით გაცილებით მეტს დავკარგავდით. ამიტომ რადგან აზერბაიჯანს, თავის დროზე, ეს რუკა დამტკიცებული არ ჰქონდა, ჩვენმა ხელისუფლებამ 1994 წელს, როცა ამ საკითხზე დაიწყო მუშაობა, ბევრი რისკი განიხილა, მოემზადა და როცა 1996 წლის ივნისში შეხვედრაზე წარდგა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეუთანხმდა, რომ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში იხელმძღვანელებდნენ 1938 წლის შეთანხმებითა და რუკით. ამას ხელი მოეწერა მინისტრების მოადგილეების დონეზე და საზღვრის დელიმიტაციაც დაიწყო ამ რუკით. მინდა, ხალხს კარგად ესმოდეს, რომ დავითგარეჯა იმ პერიოდშიც იყო სადავო. 20-იანი წლებიდან, რაც საბჭოთა კავშირმა წაიღო საქართველო, ეს საკითხი მალევე გახდა სადავო და დღემდე ასეა. 1938 წლის რუკით დავითგარეჯის მონასტერი ჩვენკენაა და დანარჩენი სადავო მონასტრები _ აზერბაიჯანის ტერიორიაზე. ეს საკითხი ასე ჩანს: 1994 წლის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული თათბირების ოქმებში ამ საკითხს ასე აღწერს საქართველოს ხელისუფლება შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც და ასე აგზავნის შიდა მიმოწერებში წერილებს. ეს საკითხი არ არის ვიღაცის მიერ მოგონილი, პირიქით _ საქართველოს ხელისუფლებები ყველა გზით ცდილობდნენ, რომ მეტი დაგვრჩენოდა, მათ შორის, დავითგარეჯასთან მიმართებით. შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებების რამდენიმე წერილია, გაცვლას სთავაზობდნენ, რომ მნიშვნელოვან სტრატეგიულ წერტილებს მისცემდნენ და მათ უნდა დაეთმოთ ეს. აზერბაიჯანის მხრიდან ყოველთვის უარი იყო. ამიტომ ის მონაკვეთები, რომლებიც ტექნიკურად ვერ თანხმდებოდა, რჩებოდა ღია.
    _ კონკრეტულად, რას ედავებიან ივერი მელაშვილს?
    _ ბატონ ივერის ედავებიან, 1938 წლის რუკით კი არ უნდა გვეხელმძღვანელა, არამედ 1938 წლის რუკის ქვევით კიდევ არსებობდა სხვა რუკები, 1932-33 წლების რუკები, რომლითაც დავითგარეჯის მონასტრის უფრო მეტი ნაწილი აღმოჩნდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და სწორედ ეს უნდა გამოგეყენებინათო. ამას ორი რამის გამო ვერ იზამდნენ: პირველი მიზეზია ის, რომ რუკა, რომელიც შედგენელია 1932-33 წლებში, არის „ნიუ ფინგის“ პროექციით გაკეთებული. ამ ტიპის რუკებს ახასიათებს დიდი ცდომილებები, მათზე არ არის კოორდინატთა სისტემა დატანილი და ამიტომ დიდი აცდენებია; 2. რადგან ის რუკა არ შეესაბამება რა 1938 წლის რუკას, მეორე მხარე განსახილველად, უბრალოდ, არ მიიღებს, _ თუკი 1938 წლის რუკა უკეთესს მდგომარეობაში აყენებს მეორე მხარეს და ამ ხელმოწერილ 1938 წლის რუკად ვიყენებთ, რატომ დასთანხმდება სხვა რუკის გამოყენებას?! აზერბაიჯანის მხარე, თავის დროზე, გვთხოვდა რუკათა განმარტების ეტაპზე გამოყენებული ყოფილიყო 1927 და 1929 წლის ოქმები. მინიმუმ, ორი ოქმია საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა ხელისუფლებების თათბირებისა საღვრებთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ უარყო ეს და თქვა, _ არ აქვს მნიშვნელობა, იქ რა იყო, 1938 წლის რუკა დამტკიცებულია და იმას ვეღარ შევცვლითო. ანუ ჩვენ, თავის დროზე, უარი ვუთხარით. თუ ახლა 1938 წელს ჩავცდებით ქვევით და მაინც დავიწყებთ რაღაცების გამოყენებაზე საუბარს, ეს ახალ შესაძლებლობებს გახსნის მეორე მხარისთვისაც, რომ კოორდინატები გამოიყენონ 1927 და 1929 წლის შეხვედრების თათბირის ოქმებიდან. ეს საკითხიც ასახულია მტკიცებულებებში. ის, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკას ვინმე მალავდა, ეს არის ტყუილი, არავინ მალავდა. 1996 წელს, როდესაც ბატონმა ივერიმ დელიმიტაციის პროცესში მუშაობა დაიწყო, მაშინ იგი კომისიის რიგითი წევრი იყო, კომისიაში შედიოდნენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის თანამშრომლები და მათ დაევალათ ყველა სახის რუკის მოძებნა და კომისიისთვის მისი წარმოდგენა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქალბატონი ნატალია ილიჩოვა, რომელიც საზღვრის დაცვის პოლიციაში მუშაობდა და მან თქვა, რომ მას აქვს 1:200 000 მასშტაბის რუკა, მან მოუტანა ეს რუკა კომისიას, კი არ დამალა, პირიქით, მოიტანა. იმსჯელეს ამ რუკაზე და შეუსაბამობებისა და უვარგისობის გამო უარი ითქვა ამ რუკის გამოყენებაზე, შედარებით ახალი რუკების დასამზადებლად. ეს რუკა დაუბრუნდა ქალბატონ ნატალიას და სამსახურში ჰქონდა შენახული. დაკითხვის დროს ქალბატონმა ნატალიამ თქვა, რომ ეს რუკა მას აქვს. წავიდა პროკურატურა, ჩაატარა ჩხრეკა და ამოიღო ეს რუკა, დამალული არაფერი ყოფილა, სახელმწიფო უწყებაში არსებობდა ეს რუკა, რომელიც არ იყო გამოსადეგი. ეს რუკა ჰქონდათ აზერბაიჯანელებსაც, უბრალოდ, თავადაც არ იყენებენ. მეტიც: ამ ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მაინც წასულიყო ამ რუკით აზერბაიჯანთან შეხვედრაზე. გაუშვეს ბატონი ხორბალაძე, რომლის თანამშრომლებიც ტელეკომპანია „იმედზე“ ამტკიცებდნენ, რომ ამ რუკით საზღვრები შეიცვლება და ქვეყანას დაუბრუნდება დავითგარეჯა, რომელიც მართლა ყველას გვინდა, რომ მოხდეს, მაგრამ შეუძლებელია ამ გზით ეს გაკეთდეს. ჩავიდნენ აღნიშნული რუკით აზერბაიჯანში და გამოუშვეს უკან, რადგან ეს რუკა არ გამოიყენება. ბატონი ივერის პოზიცია იყო ის, რომ უნდა ყოფილიყვნენ მაქსიმალურად პროფესიონალები, არგუმენტირებულები, მან საკუთარ პროფესიულ რეპუტაციასა და ღირსებას არ გადააბიჯა, არაპროფესიონალური და ბოდიში ამ სიტყვისთვის, ვირეშმაკული პოზიციით არ მისულა მეორე მხარესთან. ბატონმა ივერიმ თავისი საქმე კარგად იცოდა და ამ საქმეს აკეთებდა პატიოსნად. აი, ამიტომ დაისაჯა. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ აზერბაიჯანულ მხარეს 1:200 000 მასშტაბის რუკით ვირეშმაკულად მოატყუებენ.
    _ რა მოლოდინი გაქვთ სააპელაციოში შეტანილ საჩივართან დაკავშირებით?
    _ სააპელაციოში შევიტანეთ საჩივარი აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. გავასაჩივრეთ განჩინება, რომლითაც პატიმრობა შეეფარადა ბატონ ივერის. რატომ გავასაჩივრეთ, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ძალიან გვინდა დავიჯეროთ, რომ სასამართლო ამ არგუმენტებს გაითვალისწინებს, ეს არ არის ჩვენი ახირება, ეს არის სამართლებრივი პოზიცია. კონსტიტუცია და ევროპული კონვეცია ადამიანების უფლებების შესახებ ავალდებულებს მათ, ეს პოზიცია გაითვალისწინონ. უბრალოდ, ჩვენს სასამართლოს აქვს ფუნდამენტური პრობლემები, თქვენ ეს მოგეხსენებათ და ამ პრობლემების პირობებში, რამდენად იზამს სასამართლო ამას, არ ვიცით.
    _ ხელისუფლების წარმომადგენლები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მისამართით საჯაროდ აცხადებენ, რომ ეს ადამიანები მოღალატეები არიან. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
    _ პირველ რიგში, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საჯარო სამსახურში არიან მოხელეები, რომელთა ჩვენებებიც არის არა ამ კონიუნქტურას აყოლილი, არამედ პროფესიონალური. მათი სახელები და გვარები პროცესებთან ერთად გასაჯაროვდება. ეს ადამიანები იზიარებენ იმ პოზიციას, რომელიც ბატონ ივერსა და ქალბატონ ნატალიას ჰქონდათ. რუკის საკითხი რამდენჯერმე იყო განხილული, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით. ბატონი ივერი ყოველ ჯერზე ცდილობდა აეხსნა მათთვის, რატომ იყო შეუძლებელი ის, რასაც ისინი ამბობდნენ. ამ პროცესში ბატონ ივერის ოპონირებას უწევდნენ ზაზა ონიანი, რომელიც სასულიერო პირია და მამა კირიონი, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ამას ოპონირებას უწევდა მინდია ჯანელიძის თანამშრომელი გიორგი სვანიძე, რომელიც სისტემაში ნამუშევარი ადამიანია. ამასთანავე, ორი ადამიანი: ბატონი ხორბალაძე თავდაცვის სამინისტროდან და მისი მოადგილე. სწორედ, ეს ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ „ნიუ ფინგის“ პროექციით შედგენილი რუკები შეიძლება ყოფილიყო, თავის დროზე, 1:500 000 მასშტაბის რუკა, რაც, სერიოზულ კარტოგრაფებს რომ ჰკითხოთ, გამორიცხულია. ბატონი ხორბალაძე იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს სახელით წავიდა აზერბაიჯანთან შეხვედრაზე და რაც იხეირა, მოაგხსენეთ კიდეც. რაც შეეხება, პოლიტიკოსების განცხადებას, ჩვენთვის ნათელია, რომ ეს საქმე პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია. ბატონი ივერი და ქალბატონი ნატალია არიან სინდისის პატიმრები. კარტოგრაფების საქმეში მთავარი დანაშაული ის არის, რომ ისინი პატიოსნად ემსახურებოდნენ საკუთარ პროფესიასა და სახელმწიფოს. ხელისუფლებისთვის მთავარი სარგებელი ამ საქმით ის არის, რომ ის ხალხს ატყუებს, უჩენს ფუჭ იმედს, რომ თითქოს ვინმე გარეჯას იბრუნებს, იმ ნაწილს, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე არ არის და თურმე ამის დაბრუნებას ეს ორი ადამიანი უშლიდა ხელს წლების მანძილზე. ხელისუფლება ცდილობს, შექმნას ტყუილი ილუზია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოზიტივი მიიღოს. მეორე მხრივ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლშეწირვა.
    მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ამას პროცესზეც კარგად დაინახავენ, რომ ბატონი ივერი წლების მანძილზე, რასაც ყველა მოწმე ადასტურებს, თითოეული გოჯი ქართული მიწისთვის იბრძოდა, რომ უფრო მეტი შეგვენარჩუნებინა. სადავო ტერიტორია, დაახლოებით, 8000 ჰექტარია, რომელზედაც ვერ შევთანხმდით აზერბაიჯანთან. ამ 8000 ჰექტარიდან ბატონი ივერის ძალისხმევით ძალიან ბევრი საქართველოს მხარეს აღმოჩნდა. ასე რომ, განცდა და დამოკიდებულება, თითქოს ვიღაც ქართულ მიწებს სხვებს გადასცემდა, არის მითი, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა და დარწმუნებული ვარ, ეს მითი ძალიან მალე გაბათილდება.

ნენე ინჯგია